26.12.2024

გაზეთში გამოქვეყნებული ერთი ინტერვიუს შესახებ (22.02.2021)

გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გადამაწყვეტინა ჩემი შეხედულების გამოთქმა ამ და აქედან გამომდინარე სხვა საკითხებზე — უყურადღებოდ დატოვებულზე, ხელისუფლების,ოპოზიციის, ექსპერტების, ჟურნალისტების მხრიდან.

ინტერვიუერი, ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძეა. მისი დაცვის ობიექტი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. ჟურნალისტი ეკა ნასყიდაშვილი და მოპასუხე ნანა კაკაბაძე აღშფოთებით საუბრობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შენიშვნაზე, რომელიც მას წულუკიანის მისამართით გაუკეთებია.

აღშფოთება კი ასეთია: „კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანს გაუბედა და აკადრა ზედმეტი, რაზეც ძალიან გავბრაზდი. … ვინ არის ჰარცელი? როგორ გაბედა? მისი პროფილია, მის მანდატში შედის დეპუტატებისთვის შენიშვნის მიცემა? რომელი საერთაშორისო ხელშეკრულების წესი და პირობა დაარღვია თეა წულუკიანმა? ვინ ჰკითხავდა ვინმე ჰარცელს ამ ამბვის გარჩევას“?

რა ამბვის? — იკითხავს მკითხველი. აი, ამ ამბვის — კარლ ჰარცელმა უსაყვედურა წულუკიანს ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება. „კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე“ — განუცხადებია ჰარცელს.

ისეთი ქარიშხალი დატრიალდა გაზეთის ფურცლებზე, თითქოს ქვეყანა დაიქცაო. მან თავისი პათოსით გადააჭარბა ჰარცელის მიერ წულუკიანის მისამართით გამოთქმულ „შეურაცხყოფას“. იმ სიტყვებისთვის, რომლითაც ჰარცელი „შეამკეს“, ჰარცელს სრული უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამცირების და შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ის თავს არ გაუყადრებს მათ.

მეგობრებო, ქვეყანა თავზე გვექცევა. ნახევარი საქართველო შიმშილის გამო გადახვეწილია ქვეყნიდან, ნახევარიც გასაქცევადაა გამზადებული. ამის მაგალითია გერმანიის საელჩოს მიერ გაჟღერებულ წინადადებაზე — მოსახლეობის უსწრაფესი რეაგირება და 60000 მსურველის გამოჩენა.

წინადადება 3-თვიან შრომას მოიცავს, სოფლის მეურნეობის დარგში. და ამ დროს ჰარცელის მიერ წულუკიანის „შეურაცხყოფა“, რომელიც, წულუკიანისვე განმარტებით, ამოწურულა მისი ჰარცელთან შეხვედრით: “შეხვედრა იყო საინტერესო და რაც მთავარია ნაყოფიერი“.

„შეურაცხყოფილის“ ეს განცხადება არასაკმარისად ჩაითვალა და რესპოდენტმა ახალი ქარიშხალი დაატრიალა ჭიქაში. როგორ გაბედა ჰარცელმა წულუკიანის შეურაცხყოფაო? ჰარცელი ევროკავშირის წარმომადგენელია, იმ კავშირის, საითკენაც საქართველო თავქუდმოგლეჯილი გარბის.

საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია, ექსპერტობა, ჟურნალისტიკა ყოველდღიურ 24-საათიან რეჟიმში ქება-დიდებით იხსენებს ამ ორგანიზაციას და საქართველოს ასოცირებულ წევრობას ამ ორგანიზაციაში; ოცნებობს გაწევრებაზე და ისე ოცნებობს, არაწევრი ქვეყანა ეროვნულ დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშასაც ფენს. როგორც ჩანს ჩვენთვის 2 დროშის გამოფენა (საქართველოს სსრ-ს და სსრკ-ს) სისხლშია გამჯდარი. ვეჭვობ ამას დავჯერდეთ და მესამე — აშშ-ს („სტრატეგიული პარტნიორის“) დროშაც არ გამოვფინოთ.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატად თვლის თავს, რასაც არ მგონია ევროკავშირი იზიარებდეს, მაგრამ რახან ის ასპირანტი ქვეყანაა და გამოცდებს გადის, ევროკავშირის წარმომადგენელს სრული უფლება აქვს მიგვითითოს შეცდომებზე.

ყველაფერთან ერთად საქართველოს პოლიტიკა, ექსპერტობა და მედია ისე თავგასაპნული ეტენება ბრიუსელს, ამ უკანასკნელისთვის მომაბეზრებელიც კი არის. მახსოვს, ჩემი აქტიური პოლიტიკოსობის დროს ნატოს შტაბ-ბინაში მაღალი რანგის მოხელესთან შეხვედრისას მისი ნათქვამი — პირდაპირი და გულწრფელი — თქვენმა კოლეგებმა თავი მოგვაბეზრეს ხვეწნით — ნატოში მიგვიღეთო.

ამ თემაზე ამერიკელმა დიპლომატებმა და ექსპერტებმაც თავიანთ სტატიებში დელიკატურად მიგვანიშნეს — დამშვიდდით, თქვენი საქმე აკეთეთ და როდესაც ნატოში შესვლის დრო დადგება არ დაგიმალავთ, შეგატყობინებთო.

სამწუხაროდ ჩვენს გამუდმებულ ზუზუნს ევროკავშირ-ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ნაკლები გამოხმაურება აქვს ქართულ მედიაში და თუ აქვს ზედაპირული და არა სიღრმისეული, მოკლებული ყოველგვარ ანალიზს, უბრალო კითხვასაც — რას ნიშნავს ნატო ან ევროკავშირი საქართველოსთვის და რას მოუტანს მას ამ ორგანიზაციებში გაწევრება, არვინ სვამს.

ასე რომ, თუ ჰარცელის შენიშვნა არ გვინდოდა „ამაყ“ ქართველობას, მაშინ „შალახოს“ გზა არ უნდა აგვერჩია. ჰარცელი ევროკავშირის ელჩია და მის პირდაპირ მოვალეობაში შედის ჩვენი აღზრდა. ჰარცელის ნათქვამი გვაღელვებს, მაგრამ არ გვაღელვებს ჩვენს მიმართ გაკეთებული ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკოსების მწარე გამონათქვამები? თუ მათზე თვალს ვხუჭავთ, ჰარცელზე რატომ ვართ თვალდაჭყეტილი, იმიტომ, რომ წულუკიანი შეურაცხყო?

თვით წულუკიანმა, რომ ჩვენი რეგიონის უდიდესი ქვეყანა — 80-მილიონიანი ირანი შეურაცხყო, ის არაფერი? მაშინ არც ერთ ჟურნალისტს ხმა არ ამოუღია, არ შეუხსენებია მინისტრ წულუკიანისთვის, რომ ნებისმიერი ქვეყნის შეურაცხყოფა დიპლომატიური სკანდალის წინაპირობაა.

სააკაშვილის ხელისუფლების შემცვლელმა „ოცნებამ“ უმალ გააუქმა ირანთან გაფორმებული სავიზო ხელშეკრულება, ხოლო მინისტრმა წულუკიანმა ირანისთვის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ასეთი სახის — ირანის მოქალაქეებს, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა, თუ მათ პასპორტში რომელიმე ბალტიისპირა რესპუბლიკის ვიზა იქნება ჩარტყმული. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კვირის განმავლობაში უნდა ელოდონ ვიზის მიღებასო.

მინისტრის დაუფიქრებელმა ნათქვამმა ირანის ელჩის მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რასაც წულუკიანმა უარესი, არადიპლომატიური პასუხი გასცა — ქალბატონმა, რომელიც სტრასბურგში მუშაობდა და თავი ევროპული კულტურისა და ყოფის მატარებლად მიაჩნია.

მე, არც ჰარცელს ვიცნობ და არც წულუკიანს, მაგრამ ვერადავერ დავწამებ ამ უკანასკნელს შემდეგს: „თეა წულუკიანის ნაირი ძნელად თუ მოიძებნება ამ ხელისუფლებაში. ის თანმიმდევრული და პრინციპულია“ — ნანა კაკაბაძე.

8 წელზე მეტია „ოცნება“ ანგრევს საქართველოს, მისი დამაარსებელი ივანიშვილი დასცინის ქვეყანას. დაცინვაა, როდესაც მშიერ გურიაში 10000-კაციან საკონცერტო დარბაზს ააშენებ და ერთ თეთრსაც არ გაიღებ მშიერი გურულების დასასაქმებლად — მეჩაიეობის ასაღორძინებლად; ვერ დაინახავ ჩაის საკრეფად თურქეთში გადახვეწილ ქართველობას და ა.შ.

დაცინვაა, როდესაც შეკვეთილში პარკს გააშენებ. ვისთვის? მშიერი ხალხისთვის?

დაცინვაა, როდესაც ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობაში მილიარდებს გადაყრი, მაშინ, როდესაც ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.

დაცინვაა, როდესაც ახალგაზრდებისგან დაცლილ ქუთაისს უნივერსიტეტს აუშენებ, მაშინ, როდესაც საქართველო მიაქვს უნივერსიტეტებს — კერძოს და სახელმწიფოს, რომელთა კურსდამთავრებულები დაუსაქმებლები დაეხეტებიან და ქვეყნიდან გასაქცევად ემზადებიან.

დაცინვაა, როდესაც აფხაზეთიდან ლტოლვილების გაუსაძლის ცხოვრებას, ვიტრინებივით გამოფენილ ყოფილ სასტუმროებსა თუ დროებით საცხოვრებელ სახლებში, თვალს აარიდებ და ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ, მეორე ოთხწლიანი მმართველობის ხელში ჩასაგდებად, ბრიყვ მოსახლეობას ვითომ სინანულით ეტყვი — გამომრჩა მათი პრობლემები, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოვასწორებო.

გამოასწორა? იმ არაფრის მომცემ უნივერსიტეტის, საკონცერტო დარბაზის ან პარკის გაშენების ნაცვლად თითო-ოროლა საცხოვრებელი სახლი რომ აეშენებინა თითქმის 30 წლის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის უმჯობესი არ იქნებოდა? მაგრამ არა. ეს კატეგორია ინტელიგენცია ხომ არ არის?

მან რაც არ უნდა საყვედური თქვას ფართო გასაქანს ვერ იპოვის. ინტელიგენცია სხვაა. მას შეუძლია ხელისუფლების კრიტიკა. ასეთი, სახიფათოა და ამიტომაც კრიტიკის გამოთქმის აპარატი ფულით ამოავსო. პირამოვსებულებს, „გადარჩენილი ქართული“ კულტურის წარმომადგენლებს, მათ შორის ლია სტურუას ჰგონიათ — „ივანიშვილმა გადაარჩინა ქართული კულტურა“.

პირში წყალჩაგუბებულ ხელოვნების და კულტურის მუშაკებს რომ პირდასახშობი ივანიშვილისეული ფული არ მიეღოთ, იქნებ ხმა ამოეღოთ, პრინციპულად მოეთხოვათ ხელისუფლების მცდარი კურსის შეცვლა, იქნებ ხმაჩაკმენდილობის ნაცვლად, ხმამაღალ სიტყვას დროულად გამოეფხიზლებინა ივანიშვილი და მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი არაპროფესიონალი ბიჭ-ბუჭები — ქვეყნის და ერის შემარცხვენლები?!

მაგრამ ფულის მიღება და პასუხისმგებლობაზე თავის არიდება არჩია ივანიშვილის ფულით დადუმებულმა კულტურამ.

ქალბატონო ლია! კინემატოგრაფია კულტურა არ არის? და ეს, რომ ასე არ იყოს, ქართველთა დიდი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დასაფასებული კაცი არ იყო? და თუ იყო, ივანიშვილმა რატომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, ე.წ. მეცენატისთვის 2 კაპიკის გასაღებად ახალი ფილმის დამთავრებისთვის? უარით გამოისტუმრა „მეცენატმა“, თან შემდეგი განმარტებით — საქართველო მცირემოსახლიანია და ფილმის ჩვენებიდან შემოსული თანხა მიზერული იქნებაო.

კულტურის მუშაკთათვის ფულის გადახდა, უფრო ძვლის გადაგდებაა, ვიდრე კულტურის გადარჩენა. ნაცვლად იმ ადამიანთა ჯიბეში ფულის ჩადებისა, უმჯობესი იქნებოდა მათი დასაქმება, ამუშავება და ამ გზით ფინანსური პრობლემების მოგვარება. მაგრამ დასაქმებული ადამიანი, სოციალურ გარემოში გააქტიურებული ხომ სახიფათო იქნებოდა ივანიშვილისთვის? ამ პიროვნებისთვის ნაცვლად ხოტბა-დიდების შესხმისა, გადარჩენილი კულტურის მუშაკებო იქნებ საკუთარი ოჯახის საზღვრები გადაგელახათ და უფრო ფართოდ გემსჯელათ ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ?

იქნებ დაგესვათ მარტივი კითხვა — რა მოუტანა ქვეყანას და ხალხს ივანიშვილის 8-წლიანმა მმართველობამ, რომელიც ცუდ ფეოდალიზმს უფრო ჰგავს, ვიდრე 21-ე საუკუნის შესაფერის მმართველობას. იქნებ 8-წლიანმა მმართველობამ წინსვლის ნაცვლად, უკან დაგვხია?

მოდით, წამით დაფიქრდით, ივანიშვილის თქვენთვის მოცემული ფულით ნუ შეაფასებთ ქვეყნის ბედ-იღბალს და თუნდაც არა საჯაროდ, თქვენსავე სამზარეულოში, გამოუტყდით თქვენს თავს სინამდვილეში.

სტურუას მიხედვით, ივანიშვილისნაირი ქველმოქმედი ქვეყანას არ ჰყოლია. რა გულმავიწყი, უმადური ხალხი ვართ! ივანიშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საქართველოში, მაშინ, როდესაც ქართველთა ყოფა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში — უპურობის, სიცივის, ძმათაკვლის, შიდა ომების პერიოდში. მაშინ აჭარაში გაჩნდა კაცი, რომელმაც ეს კუთხე იოსელიან-კიტოვან-სიგუას ბანდფორმირებების ხარბი თვალისგან ფიზიკურად გადაარჩინა. არ მისცა მათ აჭარის აოხრების საშუალება, სამოქალაქო ომისგან იხსნა ქვეყანა. ხოლო შემდეგ მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო, განსაკუთრებით ინტელიგენცია აჭარაში დაასაქმა, მაღალი ანაზღაურებით.

ჩაბნელებულ საქართველოში მხოლოდ აჭარა იყო განათებული, მორთულ-მოკაზმული, ქართული. არა ისეთი, როგორიც დღეს — თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი. ვის არ გაუმართა ხელი ამ პიროვნებამ. რა არ გააკეთა მან იმისთვის, რომ აჭარა საქართველო ყოფილიყო — თითით საჩვენებელი მოწინავე კუთხე საქართველოსი. დავუფასეთ?!

არა!!! ხან თურქეთის ფაშა ვუძახეთ, ხან რუსეთის გენერალი, ხან სეპარატისტი და ა.შ. და ისე გავაძევეთ ქვეყნიდან, როგორც ერის მოღალატე ქართველი. იხსენებს მას ვინმე დღეს? თქვენ, ქალბატონო ლია, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ივანიშვილის დაბადების 65-ე წლისთავისთვის მიძღვნილი საქებარი სტატიის ავტორო, ერთხელ მაინც გაიხსენეთ ასლან აბაშიძე, მართლაცდა გულანთებული პატრიოტი საქართველოსი? არც თქვენ და არც ასლანის მიერ დაპურებულ ინტელიგენციას გახსენებია ის. რა ჰქვია ამას, თუ არა უმადურობა?  

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. 8 წლის განმავლობაში წულუკიანს თავში აზრადაც არ მოსვლია რაიმე საკითხთან დაკავშირებით პრინციპულობა. კაკაბაძის მიხედვით, ის გამორჩეული ყოფილა. კეთილი! მაგრამ რაში გამოიხატება მისი გამორჩეულობა და რა მოუტანა ამან ქვეყანას, გარდა 12-კაციანი დაცვისა და მინისტრობაზე გაუმართლებელი პრეტენზიების გაჟღერებისა?

მედიაში ისე ლაპარაკობენ წულუკიანის „დაჩაგვრაზე“ და მინისტრად არ დანიშვნაზე, თითქოს მას მინისტრობა შთამომავლობით ერგო. თითქოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეობა მისთვის შეურაცხმყოფელია. და როდესაც შენ თვითონ აკნინებ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეობას, ჰარცელს რაღას ერჩი?

მედიაში გამუდმებული მსჯელობაა წულუკიანის მოთხოვნის (მინისტრობა) დაკმაყოფილებაზე და ამ მიზნით კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე, ანუ ახალი სამინისტროს შექმნაზე თეას ხუშტურების დაკმაყოფილებისთვის.

ქვეყანაც ამას ჰქვია!

ერთი კონკრეტული პირისთვის სამინისტროს გახსნა დანაშაულია, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაა. ამაზე მეტი დააშავა ჰარცელმა? ჰოდა, როდესაც ესოდენ მძიმე ვითარებასთან გვაქვს საქმე, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის გაუმართლებელ, ფუქსავატურ ფლანგვასთან. ნაცვლად ამაზე ლაპარაკისა და გამათრახებისა ყურადღება სხვაზე გადაგვაქვს. ამ შემთხვევაში ჰარცელის მიერ „შეურაცხყოფის“ მიყენებაზე.

წულუკიანები და მისი მსგავსი „ოცნებელ“-„ნაციონალები“, დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, პირდაპირი მნიშვნელობით, „პრინციპულად“ ძიძგნიან ქვეყანას. მედიის რეაქცია ამაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა ვიღაცამ, ვიღაცას რაღაც შეჰკადრა, მითუმეტეს, როდესაც ამ ვითომ შეურაცხყოფაში, შეურაცხყოფა არ ჩანს. შეურაცხყოფა კი ნამდვილად იქნება, როდესაც მავანს, დაუოკებელი ამბიციებით შეპყრობილს, სამინისტროს გაუხსნიან და ლანგარზე მინისტრობას მიართმევენ.

 საბიუჯეტო თანხების ყაირათიანად გამოყენება „დამოუკიდებელი“ საქართველოს ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლადაა ქცეული. ისე ვქმნით და ვაუქმებთ სამინისტროებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, თითქოს ექსპერიმენტი ფულის ხარჯვასთან არ იყოს დაკავშირებული; თითქოს ამ დაწესებულებებში უსულო თოჯინები მუშაობენ, რომლებზეც დანიშვნა-გათავისუფლება არ მოქმედებს. თითქოს უაზროდ გამრავლებული საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულს არ შთანთქავდნენ — აი სწორედ იმ ფულს, პენსიონერს რომ უნდა მიეღო.

განა სატირალი არ არის პენსიონერისთვის წლიურად 20 ლარის გადაგდება — პენსიის გაზრდის სახით, როდესაც ყოველდღიურად კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, პრიმიტიულ მომსახურეობაზე ფასები კატასტროფულად იზრდება? ხელისუფლება აცხადებს — ბიუჯეტს მეტი არ შეუძლია და პენსიებს ვერ გავადიდებთო. თუ ბიუჯეტს არ შეუძლია, მაშ როგორღა ახერხებს ისეთი საბიუჯეტო ორგანოების შენახვას, როგორებიცაა დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, მინისტრთა საბჭო, სამინისტროები. და ამას ადგილი აქვს ლამის 30 წელი. იქნებ ვინმემ დამისახელოს სხვა ქვეყნის ესოდენ მანკიერი მაგალითი?

„ნამდვილი“ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გერმანიაში ერთ-ერთი შეხვედრის დროს იქაურმა ხუმრობით მითხრა — აქ რას მოდიოდით, თბილისში არ გყავთ აფხაზეთის ხელისუფლებაო.

ეს, მანკიერი პრეცედენტი შევარდნაძემ შექმნა — აფხაზეთში შეჭრის და მარცხის გადასაფარად. მან კარგად იცოდა, რომ აფხაზეთს არვინ დაგვიბრუნებდა, მაგრამ ხალხისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად გააჩინა აფხაზეთში დაბრუნების ილუზია — თბილისში დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების და რაღაც გაუგებარი შერიგების სამინისტროს სახით, რითაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ისედაც გაჩანაგებულ ეკონომიკას და ბიუჯეტს.

შევარდნაძის ხანა აღარ არის. მას შემდეგ 2-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ ვერც ერთმა ამ თემას ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია და რატომ? იყოს — ეს პოლიტიკააო. რას ნიშნავს პოლიტიკა? ვის ვატყუებთ? აქაურ აფხაზურ მთავრობას, მთლად რომ საჩვენოდ შემობრუნდეს ვითარება, აფხაზეთში ვინ მიიღებს?

ზოგიერთი გონგამოცლილი დიპლომატი აფხაზეთის საკითხს პირდაპირ უკავშირებს ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს გახსნას. ჩემს შეკითხვაზე — რა პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ყველაში რომ საელჩო გვაქვს გახსნილი. ასე მპასუხობენ — მასპინძელ ქვეყნებს ვუხსნით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, აგრეთვე რუსეთთან დაკავშირებულ ჩვენს პრობლემებს, რომ მათ არ ცნონ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაო.

ხუმრობას ჰგავს ჩვენი ხელისუფლების საქციელი, ოღონდ ძვირად ღირებულ ხუმრობას. მართლაც ხუმრობა საქმე ხომ არ არის მსოფლიო რუკაზე მდებარე მიკროსაქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში?

გადახედეთ ჩვენს საელჩოებს უცხოეთში და დამარწმუნეთ, რომ ეკზოტიკურ ქვეყნებში, სადაც საელჩოები გვაქვს გახსნილი, აუცილებელია საქართველოსთვის. ქვეყნისთვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი მოხელეების ნათესავებისთვის ძვირფასი საჩუქარია. რა სჯობს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, სხვა ქვეყნებში ცხოვრებას?

ნათესავების და ახლობლების, აგრეთვე სახელმწიფო თანამდებობიდან დათხოვნილი მოხელეების სავანედაა ქცეული ე.წ. მარეგულირებელი კომისიები, რომლებიც თვით ინიშნავენ ზღაპრულ ხელფასებს — გაღატაკებული მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულით. აწესებენ ისეთ ტარიფებს, წელში რომ წყვეტს ხალხს. ვინმე აქცევს ამას ყურადღებას? ვინმემ, თუნდაც ისეთმა „პრინციპულმა“ წულუკიანმა ოდესმე დასვა მსგავსი საკითხი? პრინციპულობა მარტო ნაციონალების და რუსეთის ლანძღვა-გინებაშია?

ჩემს მიერ მოყვანილი თითო-ოროლა მაგალითი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც აქ აქვს ადგილი და რასაც ბიუჯეტის განიავება ჰქვია. სხვა მწვავე თემებიც უხვადაა, სადაც საჭიროა პრინციპულობის გამოვლინება, სადაც ბრძოლაა საჭირო — არსებულ მანკიერებათა გამოსასწორებლად. აი, ასეთი მებრძოლის დასაცავად მარტო კაკაბაძე კი არ გამოვა, არამედ ხალხიც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი