19.07.2024

არის თუ არა საჭირო აფხაზეთთან დიალოგი?

აფხაზეთის თემა რახანია საქართველოს მოსახლეობის ცხოველი ინტერესის საგანია საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების მიხედვით ხან მაღლა რომ იწევს, ხან დაბლა. მიუხედავად ამისა მასზე საუბარი, კამათი, მსჯელობა მუდმივია, ისე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე — მოსახლეობის სოციალურ ყოფასა და კეთილდღეობას რომ ეხება. არ შევცდები, თუ ვიტყვი ამ ჭრილში აფხაზეთზე, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთზე ლაპარაკი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფალთ სამშობლოს ღალატის სადარი საბედისწერო შეცდომები არ დაეშვათ.

ორჯერ ჰქონდა ამას ადგილი — 1992 და 2008 წლებში. თუ პირველ „შეცდომას“ ასეთუისე თავის მართლების შემცველი რაღაც კომპონენტი შეიძლება მოეძებნოს, მეორეს ვერაფერი გაამართლებს, ვინაიდან საგანგებოდ მომზადებული აგრესიის ნაყოფია, თანაც ისეთი, რაც უნდა „ხეხო, რომ არ გათეთრდება“.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში უხვად არიან „გამთეთრებლები“, რომლებიც საკუთარ თავსაც არწმუნებენ სხვის დანაშაულში და საზოგადოებასაც. თუ საკუთარი თავის დარწმუნებას ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, საზოგადოების დარწმუნებას — განუსაზღვრელი.

2008 წლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა იმჟამინდელი ვითარების გაანალიზების და ობიექტური დასკვნების გამოტანისთვის, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოს-პოლიტოლოგის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ აგრესიის „გათეთრების“ სურვილმა და ძალისხმევამ სავალალო შედეგები მოგვიტანა — ერთი ადგილის ტკეპნა. 12 წლის განმავლობაში ვერადავერ შევთანხვდით, ვერ შევჯერდით იმაში, რაშიც ჩვენი „ისტორიული ადგილსამყოფელი“ — ევროატლანტიკური სივრცე 2008 წელსვე შეჯერდა.

„გამთეთრებელთა“ მეცადინეობით საქართველოს მოსახლეობა დაშვებულ „შეცდომაზე“ მაღლა ვერ ავიდა, ვერ გადალახა ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული შიში, ვერ ეყო ვაჟკაცობა, სულიერი სიმტკიცე, შეცდომის ასაღიარებლად, მოსანანიებლად, რაც ახალი, შეცვლილი აზროვნების, ყოფის საწინდარი უნდა გამხდარიყო. და რახან ამას ადგილი არ ჰქონია, გრძელდება ორი საწინააღმდეგო მოსაზრების ჭიდილი, სიტყვიერი ომი, არანაკლებად გამანადგურებელი, ვიდრე 2008 წლისა.

ერთ-ერთს და არა ერთადერთს ახლახანს ჰქონდა ადგილი ბეჭდური მედიის ფურცლებზე. ორმა ავტორმა საკუთარი მოსაზრებები გაგვანდო. ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, ერთმანეთი აუგად არ უხსენებიათ, უფრო მეტიც, მათ ერთმანეთის მოსაზრებაც არ წაუკითხავთ, მაგრამ მკითხველმა ხომ წაიკითხა? და რახან წაიკითხა, დასკვნაც ისეთი გამოიტანა, განვლილი 12 წლის განმავლობაში რომ გამოაქვს — ჩიხური, სამარადისოდ გადაუწყვეტელი, ორჭოფული.

ზემოთ ვახსენე „ერთმანეთს არ დაპირისპირებიან თქო“, ვინაიდან ერთმა, საკუთარი მოსაზრების მკითხველისთვის გასაცნობად, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აირჩია, მეორემ — „საქართველო და მსოფლიო“. პირველი, მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაიაა, მეორე — შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი შერვაშიძე.

ორივე რესპონდენტი ჟურნალისტთა მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. კითხვები კი ჟურნალისტებს აფხაზეთის პრეზიდენტის ბჟანიას და უშიშროების საბჭოს მდივნის შამბას განცხადებების შემდეგ დაებადათ.

ბჟანია-შამბას განცხადებებმა, ერთიმეორის მიყოლებით გაკეთებულმა, ყველა იმათი ყურადღება მიიპყრო, ვინც დიდი თუ არა, მცირედი ოპტიმიზმით მაინც არის გამსჭვალული ერთმანეთისგან მოწყვეტილი ხალხის დასაახლოებლად. ძნელია რაღაც საეჭვო, ქვეყნისთვის საზიანო მოგეჩვენოს შამბას ნათქვამში: „დიახ, იყო ომი, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ინტერვენცია. ასევე აფცაზეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია. … მსგავსი რამ სხვაგანაც ბევრი მომხდარა, თუნდაც ევროპაში, ქვეყნები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, იყო სისხლიანი ომები, მაგრამ დღეს ისინი მეგობრულად ცხოვრობენ. მუდმივად მტრობით ცხოვრება შეუძლებელია. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს ბავშვებზე. არ უნდა გავზარდოთ ახალგაზრდა თაობა სიძულვილში. ეს გაანადგურებს მათ სულებს. უნდა ვიფიქროთ მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე“.

მაგრამ მოგვეჩვენა: „ეს არის მორიგი სატყუარა ჩვენთვის, რათა განხორციელდეს რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული რეალობისადმი შეგუების პოლიტიკა. გახსოვთ, ალბათ, რომ ჯერ პუტინმა, ასევე ლავროვმა განაცხადეს, შეეგუეთ რეალობას და ესაუბრეთ მეორე მხარესო. … ნუ მოვიტყუებთ თავს, ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, შეგვაგუონ რეალობას. ამაზე დათანხმება გავრილოვშჩინაზე დათანხმებაა.“  — აცხადებს პატარაია.

კარდინალურად სხვა მოსაზრება აქვს შერვაშიძეს. აი, ისიც: „დიალოგი, ნებისმიერ შემთხვევაში რომ აუცილებელია, ყველა ვთანხმდებით. ეს არის საკითხი, რომელზეც შეუძლებელია განსხვავებული აზრი არსებობდეს. რა თქმა უნდა მისასალმებელია ნებისმიერი, თუნდაც ირიბი მინიშნება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე. … ვეთანხმები შამბას, რომ არ შეიძლება ჩვენი ახალგაზრდები სიძულვილით იზრდებოდნენ. … დიალოგი თუ არ გაიმართება, გამოდის, რომ ქართულ მხარეს არ სურს ურთიერთობა ჰქონდეს აფხაზურ მხარესთან. ჩვენ მუდმივად გავიძახით, რომ ურთიერთობა აუცილებელია, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებთ“.

პატივცემული მალხაზი არ გამინაწყენდება, თუ მის მოსაზრებას შამბასა და შერვაშიძის მოსაზრებებს ვამჯობინებ, ვინაიდან მივიჩნევ პროგრესიულად, პრაგმატულად და რაც მთავარია ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად. ვერც იმაში დავეთანხმები მას, რომ ჟენევის ფორმატი დიალოგისთვის „არაჩვეულებრივია“.

„თავისთავად, დიალოგზე უარის თქმა სისულელეა, მაგრამ ამისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი ფორმატი ჟენევაში. იქ მკაფიოდაა განსაზღვრული მხარეები — რუსეთი და საქართველო. … თუ ლაპარაკი უნდათ, ეს შესანიშნავი ფორმატია. საერთაშორისო ორაგანიზაციებიც იქვე არიან და ისინი არიან შუაში ჩვენსა და რუსეთს შორის. რუსებს უნდათ, ოკუპაციის კანონიც გავაუქმოთ, რაც აუცილებლად დამთავრდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობით. “ — აცხადებს პატარაია.

ჟენევაში საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირისპირაა, ხოლო რუსეთი, ისეა წარმოდგენილი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა ისინი, რასაც მოგვიანობით სხვათა მხრიდან აღიარება მოჰყვა.

პატივცემული მალხაზის მოსაზრება — ჟენევის ფორმატის სარგებლიანობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება საქართველოს საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, პოლიტოლოგთა დიდი ნაწილის მოსაზრებას. ისინი თვლიან, რომ ქმედითი ზომების მისაღებად სხვა ფორმატია საჭირო, რასაც არ იზიარებენ ე.წ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები, ისე, როგორც მმართველი პარტია. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ასეთი მიდგომა აქვთ ჟენევის ფორმატთან, ვინაიდან ის (ფორმატი) მოლაპარაკებებზე კონტროლის დაწესებას უზრუნველყოფს და არ იძლევა ერთი-ერთზე გულახდილი დიალოგის საშუალებას.

დასავლელი „პარტნიორები“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველო-რუსეთის დიალოგსაც, იმის შიშით, რომ არ მოვიხიბლოთ რუსეთით, არ გადაგვიბიროს მან, არ აღმოჩნდეს ვითომ პარტნიორი (პარტნიორები) თამაშგარე მდგომარეობაში. ამ შიშნარევი მოსაზრების მთავარი მიზანი არის შემდეგი — დიდხანს შენარჩუნდეს საქართველო-რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად შექმნილი ვითარება; რომ რუსეთს არ მიეცეს საქართველოზე თუნდაც სუსტი გავლენის მოპოვების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალთა, განსაკუთრებით შევარდნაძის, მეცადინეობით ქვეყნის შიდა კონფლიქტი, საერთაშორისო სარბიელზე გარჩევის საგნად იქცა, რაც პოზიტიურ მიღწევად არ შეიძლება ჩაითვალოს. აფხაზთა მხრიდან გამოვლენილ ჭინჭყლს, უკმაყოფილებას, ხშირ შემთხვევაში ობიექტურს, სერიოზული, დაფიქრებული, გაანალიზებული, მეგობრული განხილვა ესაჭიროებოდა და არა ქედმაღლური დამოკიდებულება, სადამსჯელო ოპერაციების, ვითომდა რკინიგზის დაცვის საბაბით, ჩატარება. პრობლემა ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყვეტილიყო და არა გარეთ.

1992 წელს, ცენტრის მიერ დაწყებულ ძალისმიერ მოქმედებას მოჰყვა ის, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია და ამ შემთხვევაში, ისე, როგორც 2008 წლის შემდეგ, სხვისი დადანაშაულება საკუთარი სისუსტის და არა სულიერი სიძლიერის ან ობიექტურობის გამომხატველია.

1992 წლის ომის შემდეგაც აფხაზებმა საკუთარ თავში გამონახეს ძალა, რამაც მათ მისცა საშუალება ჩვენთან სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების. ერთ-ერთში, „შლაინინგის პროცესად“ წოდებულში მეც მივიღე მონაწილეობა. ეს პროცესი ინგლისელი და გერმანელი შუამავლების ხელშეწყობით, არაერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ავსტრიასა და გერმანიაში. სხვათა შორის ერთ-ერთ რაუნდში შამბაც იღებდა მონაწილეობას.

„შლაინინგის პროცესის“ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც 2003 წლის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. მისი მიხედვით, 10 წლის განმავლობაში უნდა აღდგენილიყო საქართველო-აფხაზეთს შორის ყველა სახის ურთიერთობა, გარდა პოლიტიკურისა. ორივე მხარე დარწმუნებული ვიყავით, რომ კომუნიკაციების დაწყება, სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, სხვა სახის კავშირების აღდგენა-განვითარება დაგვაახლოვებდა ერთმანეთთან, გაგვიჩენდა ერთმანეთისადმი ინტერესს, ნდობას, რაც გზას გაკაფავდა პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრაში. და თუ დაახლოება არ მოხდებოდა, ერთმანეთთან დაშორებას ვერვინ შეაჩერებდა.

ყოველივე აღნიშნული ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ზედამხედველობით უნდა წარმართულიყო. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის და ერთმანეთთან დაახლოების საკითხი „შლაინინგის“ რამდენიმე სხდომაზე იხილებოდა. სამწუხაროდ, ამ პროექტმა არავითარი დაინტერესება არ გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთზე.

2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ კი არათუ პროექტი, არამედ საქართველოც დაასამარა. ხელისუფლებაში მოსულმა ნაცმოძრაობამ „დაკარგული“ აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მისმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. 2008 წელს კი მან ახალი მიმართულებით, ამჯერად სამხრეთ ოსეთის, მიიტანა იერიში, რაც ქვეყნისთვის საბედისწერო გამოდგა.

არც ამჯერად გვეყო ვაჟკაცობა გვეთქვა სიმართლე. ნაცვლად ამისა თითი რუსეთისკენ გავიშვირეთ — ის გამოვაცხადეთ აგრესორად. და ეს მაშინ, როდესაც ომის გამჩაღებელი აღიარებს: „მე, ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ, დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება“ — მიხეილ სააკაშვილი.

საყურადღებოა შერვაშიძის განცხადებაც: „აფხაზებთან შეხვედრა აღმოჩნდა აბსოლუტურად უშედეგო და ამის მიზეზი იყო ქართული მხარე. მეტსაც გეტყვით, როდესაც შევეცადე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ რაღაც ნაბიჯები გადადგმულიყო, პირდაპირ მითხრეს — აზრი არ აქვს არანაირ დიალოგს აფხაზებთან, რადგან მალე საომარი მოქმედებები დაიწყებაო. … ეს მიდგომები იყო წლების განმავლობაში და შედეგიც აშკარაა“.

პატივცემული გიორგის განცხადებაში არის ის რეალობაც, რასაც ბევრი იზიარებს: „დასავლეთისა და უწინარესად აშშ-ს ინტერესში არ არის, ის, რომ ჩვენ შევძლოთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, იმიტომ, რომ ეს თავისთავად გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას“.

ქართული მხარე შეეგუა დასავლელთა მიერ გამოწერილ რეცეპტს — რუსეთთან დიალოგი მიუღებელია და შეეგუა მრავალი ფაქტორის გამო. დავასახელებ ზოგიერთს — საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის არ არსებობა; საკუთარი პრობლემების სხვაზე (დასავლელ პარტნიორებზე) გადაბარება; უძრაობით გამოწვეული მშვიდი ცხოვრებით ტკბობა; ხალხის ტყუილი დაპირებებით — დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, გამოკვება; არაპროფესიონალიზმის შიშით რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე უარის თქმა …

იოლია, ვითომ პრობლემებით დაფიქრებულ-დამძიმებული სახით იმის განცხადება, რომ აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან საკითხების მოწესრიგება მარტო ჩვენი კი არა, საერთაშორისო არენაზე მოთამაშე დიდი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.

როგორც ჩანს არსებული სტატუს-კვო აწყობს ხელისუფლება-ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს, ვინაიდან ხელის მოსათბობად, რაღაც გაუგებარი პროექტების შესაქმნელად, ამ პროექტების პარტნიორებთან შეჯერების მიზნით საერთაშორისო კონფერენციების მოსაწყობად, უცხოეთში სისტემატურად სახეტიალოდ შესანიშნავი საბაბია. ვინმემ დათვალა რამდენი კონფერენცია, შეკრება, დიალოგი, ღონისძიება გაიმართა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით?

ვინმემ დათვალა რა ფული დახარჯა ქართულმა მხარემ ამ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის? ვინმემ, მაღალ დონეზე, ერთხელ მაინც იკითხა — რა მოიტანა ან მოაქვს ასეთ შეკრებებს — ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის გარდა?

როგორც ჩანს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის თემა ისეთი სახრავია, რომ არ ყოფილიყო, ალბათ გამოიგონებდნენ. ერთი წუთით დავფიქრდეთ და გულახდილად ვაღიაროთ — რომ არ ყოფილიყო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პერმანენტული საკითხი, ვინმე გაგვიხსენებდა?  შესაბამის თანხებს გამოყოფდა?

სააკაშვილი მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომ ომი საქართველომ მოიგო, ოღონდ PR-ული, მსოფლიოს თვალში ნაცრის შემყრელი, რუსეთის გასაშავებელი. მედიური ომი წარმატებით გრძელდება. ყველა საერთაშორისო ღონისძიებაზე ხელისუფლება-ოპოზიცია ომახიანად გაიძახის რუსეთის აგრესორობაზე. დასავლეთი ამ წიოკში გვეხმარება, ზურგს გვიმაგრებს, შეშფოთებას გამოხატავს. შედეგი? ნული.

ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, დაპირებების გორებს ახვავებენ და ასეც გაგრძელდება, თუ ეჭვით შევხედავთ ყველაფერს, მათ შორის პოზიტიურს — ნათქვამს, თუნდაც მტრის მხრიდან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი