15.10.2024

არის თუ არა საქართველოში რუსოფობია?

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის მოლაპარაკებები, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება, მუდამ იწვევს საქართველოს საზოგადოების, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციის ცხარე კამათს, კრიტიკულ განცხადებებს, ხელისუფლების ლანძღვა-გინებას, რუსეთის მიმართ უკვე ტრადიციად ქცეულ აღვირახსნილ გამონათქვამებს  უდავოდ შეუფერებელს დიალოგში მონაწილე მხარისთვის.

პოლიტიკურ ცხოვრებაში თუნდაც ზერელედ ჩახედული საქართველოს მოქალაქე ერთ შეხვედრასაც ვერ გაიხსენებს, რომლის დამთავრებას არ ახლდეს დიალოგში მონაწილე დიპლომატების (კარასინი მრავალი წლის განმავლობაში ფედერალური საბჭოს წევრობამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო), განსაკუთრებით კარასინის გინება, ისე, როგორც ქვეყნის, რომელსაც ის წარმოადგენს.

ავი ტრადიცია არც ბოლო შეხვედრის შემდეგ დარღვეულა, რომელიც „კოვიდ-19“-ს წყალობით ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ლანძღვა-გინების ტემპერატურა ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ბოლომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არის გამოწვეული და ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირებით, 31 ოქტომბერს რომ დაიწყო და დაუსრულებლად გრძელდება.

განსაკუთრებული სიკაპასით ოპოზიციონერი ქალთა სქესი გამოირჩევა, რომელიც გინებასთან ერთად, ისეთ „კონსტრუქციულ“ წინადადებასაც აყენებს, როგორიცაა პრაღის შეხვედრაში აბაშიძის მარტო არ გაშვება, საქართველოს „პარტნიორი ქვეყნების“ წარმომადგენლების გაყოლება, რომლებიც აბაშიძეს პირზე ხელს დააფარებენ ანტისახელმწიფოებრივის წამოროშვისთანავე და რაც მთავარია „კრავ“ აბაშიძეს დაიცავენ მზაკვარი კარასინის ტყუილებისგან.

ამას ლაპარაკობენ პოლიტიკაში „გამოცდილი“ ადამიანები არაფორმალურ შეხვედრებზე, რომელთა განხილვის თემები ეკონომიკურ-ჰუმანიტარულია და არა პოლიტიკური. „ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა“ — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება.

ვითარება დაძაბა ოფიციალურმა განცხადებამ: „რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც თითქოსდა შეხვედრის მთავარ საკითხებსა და შინაარსის დეტალებს შეიცავდა. მოსკოვი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს აქედან გარკვეული სარგებელი მიიღოს“.

მოდით დავსვათ კითხვა — რა სარგებელი უნდა მიიღოს რუსეთმა, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „მხარეებმა ორმხრივი ურთიერობის პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა მოახდინეს. მათივე ცნობით, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.“

რა არის ამაში ანტიქართული ან მიუღებელი? ის, რომ კარასინი გავრილოვის თემას და მისგან გამომდინარე თავისმომჭრელ ანტირუსულ ისტერიაზე გაამახვილებდა ყურადღებას — გასაკვირია?!

გავრილოვის სავალალო ისტორიიდან დაწყებული, დღემდე რუსული მედია სისტემატურად ახმოვანებს რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის მაღალი რანგის მოხელეების მწვავე განცხადებებს, რომლებშიც სამართლიანად არის დაგმობილი საქართველოს პარლამენტში, შემდეგ პარლამენტის წინ ნაცთა რეაქციული ანტირუსული, მე ვიტყოდი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები.

გავრილოვის საკითხს არაერთი საგაზეთო სტატია მოვაყოლე. შევეცდები მოკლედ გავიმეორო, რატომ არის რუსი პოლიტიკოსების მკაცრი რეაგირება სამართლიანი. მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტარების ასამბლეა ჩატარების ადგილის ყველასთან წინასწარი შეთანხმებით ტარდება. საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიების თბილისში გამართვის ინიციატორი იყო.

წესისდა მიხედვით, ღონისძიება იმართება მასპინძელი ქვეყნის პარალამეტის დარბაზში, რომელიც სხდომის დროს საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაშია და არა მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის. მასპინძელი ქვეყანა ესწრება ასამბლეის სხდომებს, როგორც სხდომის მონაწილე და სტუმარი.

პროტოკოლის მიხედვით სხდომას თავმჯდომარეობს ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეის პრეზიდენტი კი რუსეთის დუმის წევრი გავრილოვია, ამდენად პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს იკავებს ასამბლეის პრეზიდენტი გავრილოვი.

საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულ და გარკვეულ ადამიანებს, მითუმეტეს პოლიტიკოსებს არ ეკადრებათ ესოდენ მიუტევებელი გაუთვითცნობიერებლობა ანუ საერთაშორისო პროტოკოლის უცოდინრობა. გარდა ამისა, ასამბლეის ჩატარებისა და პროტოკოლის საკითხები წინასწარ, წერილობით იყო შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან.

გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომისთანავე დაიწყო ოპოზიციონერ პარლამენტართა პროვოკაციები, ლამის ხელჩართული ბრძოლა, რომელსაც მოჰყა ორგანიზებული  ხელკეტიანი შტურმი პარლამენტის შენობაზე, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა შეაფასეს, როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ასამბლეის თავმჯდომარე გავრილოვს, ისე, როგორც რუს პარლამენტარებს ფიზიკურ-სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოაკლეს ეგზალტირებულმა ნაცებმა და მათ მიერ წაქეზებულმა ბრბომ.

დღიდან ამ სავალალო გამოხდომისა, რუსეთის მხარე კატეგორიულად ითხოვს გავრილოვისთვის ბოდიშის მოხდას. დღიდან ამ სავალალო გამოხდომისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა, ხოლო ტურისტებს მიეცათ რეკომენდაცია თავი შეეკავებინათ საქართველოში ჩამოსვლისგან, რამაც საქართველოს ბიუჯეტს მილიარდამდე დოლარის შემოსავალი დააკარგვინა.

რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა. ანდა როგორ შეიცვლება, როდესაც პატარა, სუსტი ქვეყანა შეურაცხყოფს ბირთვულ სახელმწიფოს, გაეროს უშიშროების მუდმივ წევრს?!

წამით შევეშვათ რუსეთს და ვირტუალურად წარმოვიდგინოთ — ანალოგიური აქტის აშშ-ს წინააღმდეგ მოწყობა? შედეგი იქნებოდა მარტივი — დაუთავებული საქართველო. რა მაძლევს ამის თქმის საბაბს? თანამედროვე ისტორია და აშშ-ს მკაცრი რეაგირება დიდი თუ პატარა ანტიამერიკული გამოხდომის საპასუხოდ განხორციელებული.

2008 წლის ომი, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო ცხინვალზე სარაკეტო თავდასხმით და რუსი სამშვიდოების მუხანათური დახოცვით, ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების საკმაო დიდი ნაწილის განცხადებით რუსეთმა დაიწყო, რუსეთია აგრესორი და არა სააკაშვილი. და ამას ვიმეორებთ 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილმა აგრესორმა სააკაშვილმა ინტერვიუში თვით აღიარა რომ განკარგულება ომის დაწყებისა მან გასცა. (ომისა და მშვიდობის პრობლემების გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენლის ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუ 2019 წ. 10 აგვისტო.)

მოდით, კიდევ ერთხელ ვიფანტაზიოროთ და რუსეთის ადგილას წარმოვიდგინოთ ამერიკა — რას დაგვმართებდა ის? გაგვაუთავებდა!

 აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა გასცა განკარგულება ერაყსა და ავღანეთში ომის დაწყების თაობაზე, რომელიც დღესაც გრძელდება (ავღანეთი). ამ ომებში თუ აშშ-ს ცოცხალი ძალის დანაკარგი ასეულებსაც არ ითვლის, ერაყ-ავღანეთისა — ასეულ-ათასებს ეთამაშება. გარდა კოლოსალური ადამიანური მსხვერპლისა დაინგრა და განადგურდა ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა. აღდგენას ათეული წლებიც არ ეყოფა.

რუსეთი აგრესორია და ოკუპანტი! ეს ორი სიტყვა ისე ჩაბეტონდა ჩვენს ტვინებში, რომ მისი დაშლა-დანგრევა შეუძლებელია და რაც არ უნდა აცხადოს სააკაშვილმა ომის დაწყების განკარგულება მე გავეციო და მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან პუნქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა ორი ავტონომიის პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს შემადგენლობაში) გასარკვევად, მათთან მოლაპარაკების დაწყებას, მე ამოვიღეო, ჩვენს ტვინებში ჩაბეჭდილი რუსეთის ოკუპანტობა უცვლელი დარჩება.

აქედან გამომდინარე ვისაც რუსული პოლიტიკის დასახასიათებლად სურვილი გაუჩნდება უმალ მიადგება სიტყვებს „აგრესორი“, „ოკუპანტი“; რასაც ადგილი ჰქონდა ექსპერტების მიერ თუნდაც აბაშიძე-კარასინის ბოლო ონლაინ შეხვედრის შეფასებისას. მაგალითად, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თავის მოკლე ინტერვიუში ორჯერ აცხადებს: „რასაკვირველია, რუსეთი აგრესორია, თუმცა მეორე მხრივ … .“ „რუსეთი ბუნებრივად აგრესორია, ეს, მისი კოდი და გენია“.

კეთილი, რუსეთი მას შემდეგაც „აგრესორი“ და „ოკუპანტია“ რაც სააკაშვილმა თავის თავზე აიღო აგრესია? რაც საერთაშორისო საგამოძიებო სპეცკომისიამ დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით ომის გამჩაღებლად საქართველო მიიჩნია? რაც გაერომ საქართველო არა მარტო ომის დაწყებაში დაადანაშაულა, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „კასეტური“ ბომბების გამოყენებაში?

ახლა, რაც შეეხება რუსეთის ოკუპანტობას. ინტერვიუში სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან თვითონ ამოიღო ის პუნქტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა არაერთხელ შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას ორ ავტონომიასთან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. როგორც ჩანს, მას არ ეგონა, რომ რუსეთი ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ალღოს სიმჩატიდან გამომდინარე, რუსეთს აღარაფერი დაუტოვა, გარდა ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებისა.

2008 წლის აგვისტოს ბოლომდე ელოდა რუსეთი სააკაშვილის სამშვიდობო ნაბიჯს სოხუმ-ცხინვალის მიმართულებით, მაგრამ ვერ იხილა. რაც იხილა, იყო სააკაშვილის გამუდმებული მუქარა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების თაობაზე. რას ნიშნავდა ეს, თუ არა მუდმივ ომს? მუდმივ პროვოკაციებს სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, რასაც არაერთხელ შევესწარით ცხინვალის ომის დაწყებამდე. დღესაც თვალწინ მიდგას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად დამწვარ ავტობუსთან დუჟმორეული სააკაშვილის გაწევ-გამოწევის სცენა რუს სამშვიდობოებთან.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ ქვეყანა იხსნა სააკაშვილის თავშეუკავებელი, ავანტიურისტული, პერმანენტული გამოხდომებისგან, რასაც უდავოდ მოჰყვებოდა ის, რაზეც 2008 წლის ცხინვალის ომის მოთავების შემდეგ თბილისთან ახლოს მდგომმა რუსეთის არმიამ თავი შეიკავა ანუ თბილისში შემოსვლა.

სააკაშვილის აგრესიული რიტორიკის და ქმედებების სულისჩამდგმელი აშშ-ს პოლიტიკოსები რომ არიან, ამის შესახებ არა მარტო რუსეთში, ევროპასა და თვით ამერიკაში არაერთხელ დაიწერა და ითქვა, რაც სააკაშვილის დანაშაულს ნაწილობრივ ამსუბუქებს, მაგრამ თუ პატრიოტი პოლიტიკოსი ხარ, მითუმეტეს პრეზიდენტი, გადამთიელის მზაკვრულ გეგმებს (რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან მუდმივი ცხელი წერტილის შექმნა) კი არ უნდა აჰყვე, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გულის ყივილს.

ასედაამრიგად დავკარგეთ ტერიტორიები. ასედაამრიგად რუსეთს მივაწერეთ „აგრესორობა“ და „ოკუპანტობა“. რუსეთი დიდი და მძლავრია, როგორმე აიტანს საქართველოდან ნასროლ ტალახს, მაგრამ ვეჭვობ ამ პოლიტიკით დაკარგული დაგვიბრუნდეს, მითუმეტეს, როდესაც ნაცვლად „რეალპოლიტიკის“ გატარებისა, ქართული პოლიტიკა ისევ ავანტიურის გზას ადგას, რისი დასტურიც იყო გასული წლის გავრილოვის სავალალო თავგადასავალი, რომელიც ნაცებმა და ბევრმა სხვამ რუსეთ-ივანიშვილის მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობად მონათლა.

თურმე ის, რომ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, კრემლისთვის სიგნალი იყო საქართველოში ძალაუფლების ხელში ასაღებად. 2008 წლის აგვისტოში თბილისთან მდგომმა რუსეთის ჯარმა არ აიღო თბილისი და ერთი კინკილა გავრილოვი როგორ მოახერხებდა ძალაუფლების ხელში აღებას?!

და ამას აცხადებენ გამოცდილი პოლიტიკოსები, სანიკიძის სახით. ისინი იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტის შენობაში ეგზალტირებული ახალგაზრდების შევარდნის მცდელობაც იმით იყოო გამოწვეული, რომ საქართველო გადაერჩინათ რუსეთის დაპყრობისგან. ქართული გამოთქმა — ენას ძვალი არ აქვს — სწორედ ამაზეა ნათქვამი.

დავუბრუნდეთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას, რომელიც კომუნიკაციების და სხვა არაპოლიტიკურ, საყოფაცხოვრებო საკითხებს შეეხო. რახან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ჩამოვარდა საუბარი, უდავოა, რომ კარასინს არ ეთქვა ამ მიმოსვლის შეწყვეტის მიზეზი ანუ „გავრილოვის ამბავი“, სხვაგვარად შეუძლებელი იყო კომუნიკაციაზე ლაპარაკი.

აბაშიძე კი მალავს: „შეხვედრაზე გასული წლის მოვლენები ნახსენები არც კი ყოფილა და ეს რუსეთის მხრიდან ინტერპრეტაციაა“, — აცხადებს ის. ვიმეორებ, თუ კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, კარასინი უდავოდ ახსენებდა გავრილოვის ინციდენტს. და თუ კომუნიკაციის და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები არ განუხილავთ, მაშ რისთვის გაიმართა ან რას მიეძღვნა ონლაინ  შეხვედრა?!

აბაშიძეს რომ რაღაც აფერხებს სიმართლის თქმისგან, ფაქტია და მას შიში ჰქვია. ახლა დავსვათ კითხვა — რა ჰქვია იმ ქვეყანას, სადაც პოლიტიკოსს, დიპლომატს, ექსპერტს ეშინია თქვას სიმართლე?!

ასეთ ქვეყანას ვერ დააბრალებთ დემოკრატიას, ვერც სიტყვის თავისუფლებას დააბრალებთ. შეფარული შიში არის ყველა ჩვენგანში, რაც გვაიძულებს ვთქვათ ის, რაც ნაცებს და რუსოფობებს გაუხარდებათ. და არა მარტო მათ, არამედ გადამთიელებს — ჩვენ რომ 30 წელიწადია სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით. „სტრატეგიული პარტნიორია“ ის, ვინც სააკაშვილი წააქეზა 2008 წლის ომის გასაჩაღებლად; „სტრატეგიული პარტნიორია“ ის, ვინც „გავრილოვის ღამე“ დაგეგმა და ბრიყვი ნაცების და სხვათა ხელით განახორციელა; „სტრატეგიული პარტნიორია“ ის, ვინც კონსტიტუცია შეგვიცვალა და ახლით, შეცვლილით არჩევნები ჩაგვატარებინა, ახლა კი ოპოზიცია-ხელისუფლებას იბარებს საელჩოში და პატარა ბავშვებივით ნოტაციას უკითხავს.

„სტრატეგიული პარტნიორია“ ის, ვინც ანტირუსული პროპაგანდისთვის მსუყე თანხებს გვაძლევს; „სტრატეგიული პარტნიორია“ ის, ვინც რახანია განგვისაზღვრა ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა — ანტირუსულობა, რუსოფობია. არა ეკონომიკა, არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა, არა განათლება — მხოლოდ რუსოფობია და ჩვენც, როგორც მორჩილი კრავნი, მივსდევთ ვაშინგტონის დავალებას, თან ხმამაღლა ვყვირივართ — რა რუსოფობია, რის რუსოფობია, მსგავს ვერ ნახავთ ჩვენს ქვეყანაშიო.

„საქართველოში რუსოფობია არ არსებობს“, — აცხადებს ცინცაძე და იმავე ინტერვიუში ამბობს: „რუსეთი ბუნებრივად აგრესორია. ეს, მისი გენი და კოდია“. ი. მენაღარიშვილი — ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოში არავითარი რუსოფობიური განწყობები არ არსებობს“.

სხვათა გამონათქვამებით არ გადავღლი მკითხველის ყურადღებას, მაგრამ დავსვამ კითხვას — არის თუ არა რუსოფობია, როდესაც საქართველო-რუსეთის სპორტული შეჯიბრის შემდეგ ზნედაცემული ბრბო რუს სპორტსმენებს ასეთი გამაყრუებელი ბღავილით აცილებს — „პუტინ ხუილო“; როდესაც ტელეჟურნალისტი გაბუნია ეთერში უწმაწური გინებით იკლებს პუტინს და ამაზე ხმას არვინ იღებს, მათ შორის ხელისუფლება და საზოგადოების „ნაღები“ ნაწილი; როდესაც ლანძღვა-გინების კორიანტელში ატარებენ ქართველ მომღერლებს რუსეთში კონცერტების გამართვისთვის; როდესაც ოპერის მომღერალ ბურჭულაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს — პუტინს რატომ უმღერეო; როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც კი, რომელსაც სპორტის, განსაკუთრებით კალათბურთის არაფერი გაეგება, დაგმო კალათბურთელი შენგელიას რუსეთის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა; როდესაც ავტომანქანის მძღოლები საფარ მინაზე აწებებენ სტიკერებს წარწერით — „რუსეთი აგრესორია“; როდესაც მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის დაწყების წინ დიქტორი აცხადებს — „გახსოვდეთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია“;

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის პატივსაცემად გამართულ მიტინგზე (თავისუფლების მოედანი) თავის სიტყვაში ჩამოთვლის საქართველოს ყველა მტერს და მათ შორის ყველაზე გამოკვეთილ ადგილს რუსეთს მიაკუთვნებს; როდესაც ნებისმიერ საერთაშორისო კონფერენციაზე, გაეროს სესიაზე ან სხვა ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიმართ გაიძახიან — „აგრესორი“, „ოკუპანტი“; როდესაც კაფე-ბარების მეპატრონეები სიამაყით აცხადებენ — რუსი ტურისტები არ შემოვუშვით, რუსეთი ოკუპანტიაო; როდესაც ქართულ მედიაში, ბეჭდვითსა და ელექტრონულში ჟურნალისტები და ექსპერტები ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთის ლანძღვა-გინებასა და ქილიკში; რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

დიახ! ჯერ-ჯერობით რუს ტურისტებს ქუჩაში არ ცემენ. ისინი „კოვიდ-19“-ის წყალობით არ ჩამოდიან, მაგრამ პანდემიამდე, როდესაც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რუსი ექსპერტის მონაწილეობით, სასტუმრო „ვერეში“ კონფერენცია გამართა ე.წ. პატრიოტმა ახალგაზრდებმა ანტირუსული შეძახილებითა და აგრესიული განცხადებებით აიკლეს იქაურობა.

ასეა ნებისმიერი შეკრების დროს, თუკი მასში რუსი ექსპერტები იღებენ მონაწილეობას. გავიხსენოთ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ ჩატარებული მსგავსი ღონისძიება და ის სამარცხვინო გამოხდომა, რასაც ადგილი ჰქონდა მაშინ.

როგორც ჩანს, ჩამოთვლილი და უამრავი ჩამოუთვლელი რუსოფობიური განცხადებები და გამოხდომები იმდენად შემოეჩვია ქართველთა ყურს, გულისწყრომის გრძნობას აღარ იწვევს და არ იწვევს შეგნებულად. ამერიკულ ტალღაზე აწყობილმა პოლიტიკურმა ელიტამ ყველაფერი მოახერხა საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად, რუსეთისგან აგრესიული, ბანჯგვლიანი, ხახადაღებული დათვის პორტრეტის ქართულ ტვინებში ჩასანერგად. ასეთის, უდავოდ შეგეშინდება და არათუ ტანკსაწინააღმდეგო ამერიკულ „ჯაველინს“ იყიდი, ნატოში გაწევრებასაც ინატრებ და საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნასაც.

მიზანი — ხალხის რუსოფობობით დაბეჩავება  და გამოთაყვანება მიღწეულია.

ქართველთა, უკრაინელთა, სომეხთა, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა რუსოფობობის გეგმა აშშ-ს სპეცსამსახურებში შეიქმნა. მის განსახორციელებლად კი კონგრესმა ასეულ-ათასობით დოლარი გამოჰყო. შედეგიც სახეზეა, რასაც ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები ვერ ხედავენ. რა გამოდის, ისინი აშშ-ს ამ „შესანიშნავ“ ძალისხმევას წყალში უყრიან?  

შეშინებული და დაბეჩავებული ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დავალებას, მიღებულს ოკეანისგადაღმიდან, უყოყმანოდ შეასრულებს, მითუმეტეს რუსეთის ლანძღვას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი