მსოფლიო რეიტინგებში „გამარჯვებული“ ქვეყანა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

დღე ისე არ ჩაივლის, ხელისუფლებამ მსოფლიო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წარმატება არ გვახაროს — კორუფციასთან ბრძოლაო, ბიზნესის დაწყების და კეთების საქმეში მოწინავეობაო …

აი ახლაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველომ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, 100%-იანი სკალიდან, 76.4% მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია, ერთი ადგილით გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. მან ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს გაუსწრო.

რაც შეეხება ხელისუფლების ეფექტიანობას, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაში, საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირის 6 ქვეყანამ.

ეს, მართლაცდა „სასიამოვნო“ ინფორმაცია, მაშინ იქნებოდა სასიამოვნო და საამაყო, რეალობას კარგა მანძილით რომ არ იყოს დაშორებული. ნუთუ ვინმეს სჯერა, გარდა ხელისუფლებისა, რომ მონაცემებში აღნიშნული „საჯარო სამსახურის ხარისხიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა“ სიმართლეს შეეფერება?!

საკმარისია ამ „საამური“ ამბვის მომტან ტელევიზიასა და პრესას თვალი მოაშორო — ხელში შეგრჩება უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელიც კატასტროფულად მოქმედებს მოსახლეობაზე. მსოფლიო რეიტინგებში მოპოვებული მიღწევები მაშინ ჩაითვლება წარმატებად თუ ის დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. სამწუხაროდ, ასეთ ტენდენციას ადგილი არ აქვს. პირიქით, რაც უფრო „წარმატებულები“ ვართ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მით უფრო  წარუმატებლად ვცხოვრობთ.

ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, ცხოვრება კი ერთ ადგილას დგას და ვითარების გამოსწორების ნიშანწყალი არ ჩანს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ინფლაციის საგანგაშო ციფრები დაფიქსირდა. ა.წ. სექტემბერში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. შეუძლებელია აღმოაჩინო კვების პროდუქტი, მედიკამენტი, პირველადი მოხმარების საგანი, რომელზეც ფასები არ გაზრდილა.

ექსპერტთა მიხედვით, ეს დასაწყისია, ვინაიდან ბაზარზე ჯერაც არის ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, მაგრამ როდესაც გამოილევა და იმპორტულით ჩანაცვლდება, ისედაც გაზრდილი ფასები გაორმაგდება. როგორც წინათ იტყოდნენ „ჯერ ჟურნალია, კინოს მერე ვნახავთ“.

საქართველოს — ერთ დროს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყანას, უამრავი დასახელების საქონელი გაჰქონდა საბჭოთა რესპუბლიკებში, დღეს რომ საზღვარგარეთად მოიაზრება, აგრეთვე სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებში და კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი.

დამოუკიდებლად ცხოვრების 28 წლის განმავლობაში საქართველოს საექსპერტო პროდუქცია ერთობ მოკრძალებული გახდა, რაც მთელი რიგი ნეგატიური ფაქტორებით არის განპირობებული — უპირველესად, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დაცემით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელია ე.წ. გარე ფაქტორებზე აქცენტირება, რასაც ხელისუფლება — თავის მართლების მიზნით ხშირად მიმართავს.

ნეგატიური ფაქტორების წარმოშობა პოლიტიკოსთა უხეშ, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებით რომ არის გამოწვეული — ამაზე არც ერთი ხელისუფლება არ ლაპარაკობს და თუ ლაპარაკობს არაფერს აკეთებს შეცდომების გამოსასწორებლად, დამნაშავეთა დასასჯელად, რაც თავისთავად ქმნის დაუსჯელობის განცდას წასულში თუ მოქმედ ხელისუფლებაში.

საქართველოში არ გამოჩნდა ხელისუფლება, სიღრმისეულად რომ შეესწავლა ქვეყნის შიდა ცხოვრება, გამოეტანა შესაბამისი დასკვნები და გადაედგა სწორი ნაბიჯები აღმშენებლობისკენ. ახლახანს,  „TV პირველმა“ აჩვენა აჭარაში შექმნილი გაუსაძლისი ცხოვრების ვიდეო-სიუჟეტი. ქოხმახებში მცხოვრები ბათუმელები, რომელთა შემოსავალი მხოლოდ ჰენსია და უმწეოთა დახმარებაა, იძულებული არიან, ღამის 4 საათზე თურქეთში გადავიდნენ ჩაის საკრეფად და შინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ. იქ ნაშოვნი „ორი კაპიკით“ ირჩინონ თავი.

ვინც ეს ვიდეო-კადრები იხილა უდავოდ შეძრწუნდებოდა ნანახი სიდუხჭირით — ბათუმის ახალმშენებლობების ფონზე. თუმცა არიან ადამიანები ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, წარბშეუხრელად რომ აღიქვამენ ნანახს და არავითარ სურვილს არ გამოხატავენ გაუბედურებულთა დასახმარებლად.

პოლიტიკა, რომელსაც 28 წლის განმავლობაში აწარმოებს ყველა ხელისუფლება გამოუსადეგარია. განა, არ ესმის ხელისუფლებას, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე ლაპარაკი ტყუილი დროის ხარჯვაა და მეტი არაფერი?

ამ ორგანიზაციებში გაწევრება ხელისუფლებას იმიტომ სურს, სხვამ გაგვიკეთოს ჩვენი გასაკეთებელი, სხვამ დაგვიგაოს ქუჩები, სხვამ მიხედოს ჩვენს დავრდომილებს და დასნეულებულებს, სხვამ გვაჭამოს და გვასვას, ჩაგვაცვას და დაგვახუროს — როგორც ღმერთის „წილხვედ ქვეყანას“, ხელისუფლება კი განცხრომას მიეცემა —  ყველა პრობლემებისგან გათავისუფლებული.

ხელისუფლება იმასაც ვერ ხვდება, რომ ევროპა ამას არ „ჭამს“. ევროკავშირს პოლიტიკურად ჯანსაღი, ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა სჭირდება და არა მათხოვარი. ევროპას სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელსაც მეზობლებთან არ აქვს სადავო საკითხები. ევროპას სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა მოწესრიგებული აქვს, ვინაიდან მათი წესდება სულაც არ ითვალისწინებს ახალი წევრის ტერიტორიული პრობლემების მოწესრიგებას.

წინა და დღევანდელი ხელისუფლების ნატოში შესვლის სურვილი რომ ტერიტორიული საკითხების მოგვარებაზე გადის, კარგად არის ცნობილი ბრიუსელისთვის, ამიტომაც გვთავაზობს ის დაკარგული ავტონომიების გარეშე გაწევრებას. ნატო უკვე დაუფარავად გვეუბნება — აღიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ განვიხილავთ თქვენს ნატოში მიღებასო.

ბრიუსელზე, ისე, როგორც ვაშინგტონზე არ მოქმედებს ქართველთა დაღვრილი სისხლი ერაყსა და ავღანეთში, არც ის, რომ ავღანეთში საქართველო თავისი მეომრების რაოდენობით მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ. მათი სამადლობელი სიტყვები პირიდან მოდის და არა გულიდან, ტრაფარეტულ ღიმილთან ერთად.

28-წლიანმა თავქუდმოგლეჯილმა ნატო-ევროკავშირისკენ ლტოლვამ სულ დაგვავიწყა შიდა პრობლემები და მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რაც „TV პირველმა“ დააფიქსირა.

ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე, განსაკუთრებით ნატო-ევროკავშირის სიკეთეებზე, ტურიზმზე, მსოფლიო რეიტინგებში მიღწეულ წარმატებებზე, რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე, მაგრამ არ ვლაპარაკობთ უმუშევრობაზე, აქედან გამომდინარე პრობლემებზე, სიდუხჭირეზე, მძიმე დემოგრაფიაზე, საზღვარგარეთ ლუკმა-პურის საძიებლად შრომისუნარიანი ადამიანების გადინებაზე, განქორწინებაზე.

საქსტატის მონაცემებით 2018 წელს 23202 ქორწინება აღირიცხა და 10288 — განქორწინება. ყოველ მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თავიდათავი უარყოფითი სტატისტიკისა, მძიმე სოციალური პრობლემებია. ერთი სიტყვით, ვლაპარაკობთ ყველაფერზე, მაგრამ არა ზემოჩამოთვლილ მთავარზე, ერის ყოფაზე, მის სამომავლო არსებობაზე, ერის გადარჩენაზე.

ჩვენ არ ვსვამთ მარტივ კითხვას — რაში სჭირდება ქუთაისს ან საქართველოს, სადაც ყოველ ნაბიჯზე უნივერსიტეტებია, ახალი უნივერსიტეტი; ქალაქში, სადაც ახალგაზრდათა რაოდენობა — თბილისში გადმოსვლით და უცხოეთში გადახვეწით, კატასტროფულად არის შემცირებული, ვინ უნდა ისწავლოს იმ უნივერსიტეტში — გადახვეწილმა ახალგაზრდებმა?

იქნებ უცხოელებმა, აზია-აფრიკის ქვეყნებიდან, რომელთა რაოდენობა სოკოებივით მრავლდება?!

ქუთაისს, რომელსაც სასმელი წყლის სერიოზული პრობლემები აქვს — თანამედროვე უნივერსიტეტის მშენებლობაში გადაყრილი თანხები უშველის?

ეს პროექტი, შეკვეთილში აშენებული 10000 კაციან საკონცერტო დარბაზს მაგონებს, რომელიც დიდსულოვნად სახელმწიფოს გადაეცა და რომლის შენახვა, თვეში 20000 დოლარი ჯდება. განა უმჯობესი არ იქნებოდა ამ ვირტუალური, ქვეყნისთვის, ჯერ-ჯერობით არაფრის მომტანი პროექტების ნაცვლად, შეპირებული ქარხნები და საწარმოები აგვეშენებინა, დასაქმების პრობლემა მოგვეგვარებინა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მიგვეხედა და სახელმწიფოს ყურადღების გამოჩენით, ახალგაზრდა ოჯახებისთვის სტიმული მიგვეცა?

პრობლემა, სოციალურად დაუცველი საზოგადოებისთვის (ასეთი მთელი თუ არა სამშობლოში დარჩენილი ნახევარზე მეტი მოსახლეა) ნატო-ევროკავშირში გაწევრება კი არა, ამ საკითხზე ფუჭი, გაუთავებელი ლაპარაკია.  ნაცვლად ამისა უმჯობესი იქნებოდა მეზობლების გამოცდილების გაზიარება. მაგალითად სომხეთის, რომელიც დსთ-ს, „ოდკბს“, ევრაზიული კავშირის წევრიც არის და ევროკავშირის ისეთივე ხელშეკრულების ხელისმომწერიც, როგორიც საქართველოა. რა დაკარგა ამით სომხეთმა?

არც არაფერი, პირიქით. მისი სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქცია, ყოველგვარი საბაჟო ბარიერების გარეშე შედის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ისე, როგორც მათი პროდუქცია სომხეთში. სომხეთი, თავდაცვის თვალსაზრისით მშვიდად გრძნობს თავს „ოდკბ-ში“, გარდა ამისა მისი ჯარი ბრძოლისუნარიანი და კბილებამდე შეიარაღებულია.

ახლახანს სომხეთმა უმასპინძლა „ევრაზესის“ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის პრეზიდენტები, აგრეთვე ამ ორგანიზაციასთან მოთანამშრომლე მოლდოვის პრეზიდენტი, თანამშრომლობის მოსურნე ირანის პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი. ნეტავ რით არის საქართველო მეტი ამ ქვეყნებზე — ცხვირაწეული რომ „დაჰყურებს“ მათ?

„ევრაზესის“ დიდ პერსპექტივაზე მეტყველებს თურქეთის, ისრაელის, ინდოეთის, სხვა ქვეყნების განაცხადი ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ რას ველოდებით — ევროკავშირში და ნატოში ვითომ შესვლას?

ნატო ვერ შეცვლის თავის წესდებას — პრობლემებიანი ქვეყნის მის რიგებში მიღებით. ნატო არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც კონფლიქტი აქვს მეზობელთან — ტერიტორიულ საკითხებში. ნატო არ იომებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთთან. მაშ, რისთვის ვფლანგავთ დროს, ენერგიას, რისთვის შევალიეთ 25 წელი აბსტრაქტულ ლაპარაკს, რითაც დავივიწყეთ საშინაო პრობლემები, სოციალური მდგომარეობა, ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი, მარტივი პირობების შექმნა.

შედეგი? არც ნატო, არც ევროკავშირი — ნაცვლად ისეთი სიდუხჭირე, რაც  „TV პირველის“ ეთერში ვიხილეთ. სად არიან პარლამენტში მოკალათებული გამილიონერებული პარლამენტარები, როგორ აღიქვამენ ტელევიზიით გადმოცემულ საშინელებას. სად არიან აჭარის ხელისუფალნი, ბათუმის მერია, ბიზნესმენები, სხვები და სხვები. რატომ არ ისმის მათი ხმა, უფრო მეტად მოქმედება. რომელიმე მათგანს ან კოლექტიურად ას-ასი ლარი რომ გაეღოთ, ბათუმის ან თბილისის უამრავი საავადმყოფოებიდან ერთ-ერთში სამკურნალოდ გადმოეყვანათ ლოგინს მიჯაჭვული ბავშვი, რამე დააკლდებოდა მაქინაციებით მოხვეჭილ მათ ქონებას?!

ისინი და სხვები, რომელთა თვიური ხელფასი 30/50/80 ათას ლარს ითვლის, მათი ოჯახის წევრებისაც არანაკლებს, სხაპასხუპით ლაპარაკობენ წარმატებულ საქართველოზე, ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ და თითო-ოროლა საჩვენებელი ობიექტით თვალს უბრმავებენ უცხოელებს. და თუ შემთხვევით დასავლელი სტუმარი რაიმე ნეგატიურს წააწყდა, მასპინძლებს მზა პასუხიც აქვთ — რუსეთის აგრესია, ოკუპაცია.

საინტერესოა, აფხაზეთი რომ აჭარასავით საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო — რა ვითარება იქნებოდა? დარწმუნებული ვარ ისეთი, რაც აჭარაშია — თურქული ზეგავლენა.

ცნობილია, რომ აჭარიდან ბავშვების თურქულ მედრესებში სასწავლოდ გაგზავნა სამშობლოში დუხჭირი ცხოვრებითა და უპერსპექტივობით არის განპირობებული. მშობლები იძულებული არიან გადადგან ეს ნაბიჯი. თურქეთში მედრესედამთავრებული მოზარდი თუ ვისი პატრიოტი იქნება, დიდი გამოცნობა არ სჭირდება.

კიდევ ერთი „სასიხარულო“ ამბავი გვაუწყა მედიამ — ამერიკის ბიუჯეტში საქართველოსთვის დახმარების მიზნით 132 მილიონი დოლარის გამოყოფა. რაში დაიხარჯება ეს თანხა? დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად, რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეგავლენის შესამცირებლად.

„სასიხარულო“— ბრჭყალებში იმიტომ მოვაქციე, რომ აღნიშნული თანხა მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისთვის სულაც არ არის გამიზნული. დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს ნაკლებად აინტერესებს ხალხის უკიდურესი გაჭირვება. მას ამ ხალხის მწყემსი ხელისუფლება და ოპოზიცია აინტერესებს, მათი კეთილდღეობა. სწორედ ისინი (დამფინანსებელთან ერთად) ქმნიან მონუსხულ წრეს — დამფინანსებელ-მიმღებს — ისევ დამფინანსებელს რომ აკავშირებს.

რუსული სიტყვა „ატკატები“ დამფინანსებელს რუსთა ადრე აქვს გამოგონილი. ხალხმა იცის ეს და ნაკლებ აღფრთოვანებას გამოხატავს. ის, მაშინ დაიჯერებდა ამერიკელთა ან სხვათა „გულუხვობას“, თუ ეს ფული დასაქმების საქმეს მოხმარდებოდა და მკაცრად გაკონტროლდებოდა მათ მიერ, თორემ ამ ვირტუალური საქმისთვის გამოყოფილი ფული მას რომ არ მოხმარდება, კარგად აქვს აღქმული. ანტირუსულ პროპაგანდაში დახარჯულმა ათეულ მილიონობით დოლარმა დაანახვა ეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი