09.10.2024

ამერიკის ჰეგემონიზმის დასასრული? (13.06.2021)

პუტინ-ბაიდენის შეხვედრამდე საათებია დარჩენილი, მაგრამ შეხვედრა მიმდინარეობს, რომ იტყვიან ონლაინ რეჟიმში, დაუსწრებლად. მედიასივრცეში ყოველდღე გვესმის აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში, ისე, როგორც მისი რუსი კოლეგის, აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ორივე მხარე, როგორც პირველი პირები, ისე მათი გუნდები სრული მობილიზაციით იხილავენ შეხვედრაზე სავარაუდო საკითხებს. ორივე სკეპტიკურად არის განწყობილი ისეთი შედეგების მისაღებად, ორ ქვეყანას შორის რომ სწრაფ ურთიერთგაგებას დაამყარებს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ უშედეგობაც შედეგი იქნება, ვინაიდან პრეზიდენტებს გაუჩნდებათ საშუალება ერთმანეთს უთხრან საკუთარი აზრი მთელ რიგ საკითხებზე.

ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთმანეთის მწვავე კრიტიკისგან, რაც მისასალმებელია, თუმცა კორექტულ ფორმებში ორივე, სათქმელს ახერხებს. აშშ-ს პრეზიდენტის ლექსიკა მისი რუსი კოლეგისადმი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე, როდესაც მან პუტინი მკვლელად მოიხსენია. როგორც ჩანას, ის და მისი გუნდი მიხვდა მარტივ ჭეშმარიტებას მკვლელთან მოლაპარაკებები არ იმართება.

პუტინმა მაშინ ისეთი პასუხი გასცა ბაიდენს — ანანებინა ავსიტყვაობა, მხოლოდ ორი სიტყვით — „ჯანმრთელობას გისურვებთ“.

ჯანმრთელობას უსურვებენ ყველას, მაგრამ ბაიდენის შემთხვევაში ამ ორ სიტყვას დიდი დატვირთვა აქვს. ცნობილია, რომ აშშ-ს ხანდაზმული (78 წლის) პრეზიდენტი დემენციით არის შეპყრობილი და ხშირად ავიწყდება თემა, რომელზეც საუბრობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაიდენის გუნდი რახანია ამზადებს თავის „ჯილას“ პუტინთან შესახვედრად, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, განსაკუთრებით ფიზიკურად — სხვადასხვა სახის ვარჯიშით, რათა ტელეკამერების წინ პუტინზე უკეთესად თუ არა, უარესად არ გამოიყურებოდეს.

ფიზიკურად მუდამ ფორმაში მყოფი პუტინი, რომ ამ თვალსაზრისით ჯობნის ბაიდენს, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობით, არამედ მენტალურითაც. რუსეთის პრეზიდენტი მზადაა შერკინებისთვის, ისე, როგორც ამერიკის, რაც მათი განცხადებებიდანაც ჩანს. მათ შორის გამოვყოფდი ინტერვიუს, რომელიც პუტინმა მისცა კრემლის ჟურნალისტს, არაოფიციალურ ვითარებაში, ჰოკეის თამაშის წინ, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა.

ეს, თითქოსდა სპონტანური ინტერვიუ თავისი შინაარსით და წამოჭრილი თემებით, პირდაპირობით და შეუპოვარი, მტკიცე, კატეგორიული პოზიციით 2007 წლის მიუნხენის გამოსვლას თუ არ აჭარბებს, არაფრით ჩამოუვარდება.

პუტინის გამოსვლიდან მიუნხენი, გაეროს გენერალური ასამბლეა ის გზამკვლევი იყო, რომელმაც გააშიშვლა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ-ი, მათ მიერ მსოფლიოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებში, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი რას მოიმოქმედებდა რუსეთი დასავლური ვაკხანალიის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ბოლო ინტერვიუს, პუტინმა თქვა იმ წითელი ხაზების შესახებ, რომელსაც ვაშინგტონ-ბრიუსელი უდავოდ დაარღვევენ და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, რუსეთი გადადგამს ნაბიჯს.

პუტინის ნათქვამი არ არის უბრალოდ, უნებლიედ ნასროლი სიტყვა. მისი ავტორი, როგორც ჩანს, დიდხანს ფიქრობდა ამაზე და დროც შესაბამისი შეარჩია — მაღალ დონეზე შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რითაც საკმაო შანსი დაუტოვა მოწინააღმდეგე მხარეს გასაანალიზებლად და სამიტისთვის პასუხის მოსამზადებლად.

თუ რა წითელ ხაზებზე ილაპარაკა პუტინმა, დაინტერესებული მკითხველისთვის ან მსმენელისთვის ცნობილია, ამდენად მასზე დეტალურად არ შევჩერდები, ვიტყვი მოკლედ, საკითხი უკრაინის ნატოში შესვლას ეხება. ჩვენთვის ცნობილია ნატოს წესდება, რომლის მიხედვით უკრაინა ისე, როგორც საქართველო ნატოში გაწევრებას ვერ ეღირსება, ვინაიდან მეზობლებთან არ აქვთ საზღვრები დადგენილი, თვით ქვეყანაში აქვთ კონფლიქტი რეგიონებთან; არ აქვთ მართლმსაჯულება ისეთ დონეზე, როგორსაც ითხოვს ნატო; აქვთ ეკონომიკური კრიზისი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მაგრამ …

აი, ამ „მაგრამის“ შემდგომ ვითარებას გაუსვა ხაზი პუტინმა და გაიხსენა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნატოში შეყვანის ისტორია. არც ერთი მათგანისთვის „საგამოცდო“ ვადა, ისეთი, როგორიც უკრაინა-საქართველოს დაუწესეს, არ გამოუგონებიათ ისე გააწევრიანეს ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებით, თანაც მაშინ, როდესაც დასავლეთ-რუსეთს შორის თანამშრომლობა და ურთიერთგაგება სუფევდა და არავითარ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. რას ნიშნავდა დასავლეთის ეს ნაბიჯი თუ არა საკუთარი მზაკვრული განზრახვის ასრულებას?!

მაინც რა განზრახვა ჰქონდა ვაშინგტონ-ბრიუსელს ასეთუისე მოთანამშრომლე და არა დაპირისპირებულ რუსეთთან?

ვიმეორებ, საკუთარი მიზნის ბოლომდე მიყვანა ანუ რუსეთის, თუნდაც იმჟამად მასთან კეთილგანწყობილის, ნატოს ალყაში მოქცევას. ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ნატოს ნახევარრკალი უნდა შექმნილიყო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბელორუსიის, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ჩათვლით; ანალოგიური კი ცენტრალურ აზიაში — რუსეთ-ჩინეთის საპირისპიროდ.

ნატოში შეყვანის გარდა, იგეგმებოდა აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა უკრაინაში, ისე, როგორც საქართველოში. ასე, რომ ნათელაშვილის ხმამაღალ განცხადებას, უფრო სწორად თხოვნას ვაშინგტონის მიმართ საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე, ჰქონდა საფუძველი. ამ შემთხვევაში ნათელაშვილი აშშ-ს მიზანს ასაჯაროებდა, როგორც თავისას.

ამერიკამ რახანია გახსნა სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩაკოვოში (უკრაინა)— სასწავლო ცენტრის საბურველქვეშ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურების მახვილ თვალს ძნელია გამოაპარო „სასწავლო ცენტრის“ ნამდვილი დანიშნულება. ასე რომ, თუ უკრაინას არ შეიყვანენ ნატოში, ნატოს და აშშ-ს სამხედრო ბაზებს შეიყვანენ უკრაინაში, რასაც დიდი სიხარულით შეეგებება უკრაინის ულტრანაციონალური, ფაშისტურში გადაზრდილი ხელისუფლება. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა რახანია ყელგამოწვდილი ეხვეწებიან ვაშინგტონ-ბრიუსელს ნატოში შეყვანას ან ნატო-ამეროკის სამხედრო ბაზების უკრაინაში გახსნას.

რას ნიშნავს კოლექტიური დასავლეთის სამხედრო ბაზა უკრაინაში? იქ განლაგებული რაკეტების მიერ რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვის დროის 5-7 წუთამდე დაყვანას. ევროპაში განლაგებულ ამერიკულ რაკეტებს დღეს შეუძლიათ 10-15 წუთის განმავლობაში გაანადგურონ რუსეთის ობიექტები. უკრაინაში განლაგებული კი გაცილებით შეამცირებს ფრენის დროს, რაც რუსეთისთვის საგანგაშოა და ნიშნავს წითელი ხაზის დარღვევას.

პუტინის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ისეთი კატეგორიული, როგორიც ჟურნალისტ ზარუბინთან ინტერვიუს დროს. რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ამხილა უკრაინის „ყავისფერი“ ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ და თქვა, რომ ნატოს ან აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა უკრაინაში და იქ ამერიკული რაკეტების განლაგება ემუქრება რუსეთს და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, ეს ქვეყანა მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

რას ნიშნავს პუტინის განცხადება ჩვენ ენაზე? უკრაინის ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი ამერიკის ადმინისტრაციის გაფრთხილებას. თუ რუსეთის გაფრთხილებას ვაშინგტონი და კიევი არ გაითვალისწინებენ, რუსეთს აღარ დარჩება არავითარი შანსი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, გარდა ბაზების განადგურებისა. არის თუ არა პუტინის განცხადება მუქარა?!

რუსეთის ხელისუფალს მიაჩნია, რომ მისი ქვეყანა და ხალხი დაცული უნდა იყოს, რისთვისაც ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, თუნდაც ისეთი მოწინააღმდეგეებში მუქარად რომ აღიქმება. პუტინის განცხადება იმ ადამიანისას ჰგავს, ვინც მოწინააღმდეგემ ჩიხში მოაქცია. განა, ჩიხის მსგავსი არ არის რუსეთის ირგვლივ ნატოს სამხედო რკალის შექმნა?

განა, რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის მისი ობიექტების დასაბომბი დროის 5-7 წუთამდე დაყვანა, როდესაც ანტისარაკეტო რუსული სისტემა, დროის სიმცირის გამო ვეღარ მოასწრებს რეაგირებას?

კოლექტიური დასავლეთი და მასზე მიტმასნილი უკრაინა-საქართველო ხშირად აცხადებენ, რომ ევროპაში განლაგებული ამერიკული რაკეტები, ან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. რა გულუბრყვილობაა! თუ ასეა, მაშ რისთვის ფართოვდება ნატო? ან ვის წინააღმდეგ არის მიმართული გაფართოება?

ვერვინ დაიჯერებს, რომ ეს ნაბიჯი ინდონეზიის, ირანის, მიანმის ან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არის გამიზნული.

პუტინმა, როდესაც უკრაინის დღევანდელი ვითარება განიხილა, ახსენა უკრაინული ფაშიზმი, რომელიც დასავლეთის წაყრუებით ყოველდღიურად ფართოვდება, ავიწროებს რა უკრაინის მშვიდობისმოყვარე მოსახლეობის უმრავლესობას.

პუტინმა მკაცრი შეფასება მისცა ზელენსკის ხელისუფლებას და გააფრთხილა — თუ ასე გააგრძელებს, რუსეთი ვეღარ მოითმენს უკრაინის რეაქციული ძალებისა და მათი დამხმარე დასავლეთის ანტირუსულ პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მიზანი უკრაინელთა პირველხარისხოვან რასად წარმოჩინება და დაკანონება, ხოლო უკრაინაში მცხოვრები დანარჩენი ერების — მათ შორის რუსების, მეორე ხარისხოვნად გამოცხადებაა.

კანონპროექტი, რომელიც მალე წარედგინება რადას, თავიდან ბოლომდე ნაცისტური იდეოლოგიით არის გაჟღენთილი, რაც არა მარტო რუსეთის პრეზიდენტის მძაფრ რეაქციას უნდა იწვევდეს, არამედ ე.წ. დემოკრატიული დასავლეთის. თუმცა ისინი ყველაფერს პატიობენ უკრაინას — ფაშიზმის აღორძინებას, ფაშისტებთან მოთანამშრომლე ბანდერასა და შუხევიჩის უკრაინის გმირებად გამოცხადებას; მეორე მსოფლიო ომის გმირი რუსი მხედართმთავრების ძეგლების აღებას; რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებასა და დევნას; დონეცკისა და ლუგანსკის ყოველდღიურ ბომბვას — მსხვერპლითა და ნგრევით და სხვა, ვინაიდან უკრაინა დასავლეთის პლაცდარმად არის ქცეული რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომში.

რუსეთს, რომელიც 2014 წლის მაიდნის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, იტანდა ყოველივეს და მზად იყო უკრაინასთან მოსალაპარაკებლად, მოთმინების ფიალა აევსო და მზად არის ქმედითი ზომების გასატარებლად უკრაინის ავანტიურისტული ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი ფაშისტების მიმართ. პუტინის განცხადება, უფრო სწორად გაფრთხილება ორივეს ეხება დასავლეთსაც და უკრაინასაც.

როგორი პოლიტიკური პრიორიტეტი აქვს აშშ-ს ჟენევის მოლაპარაკებაზე? არ შევცდები, თუ ვიტყვი, ძალიან სუსტი და ამას არა მარტო მე, არამედ ამერიკელ-ევროპელი სპეციალისტებიც აღიარებენ. ჩვენ აშშ-ს ჰეგემონობის ფუნდამენტის მორყევის მოწმენი ვხდებით, იმის, რაზეც 30 წლის განმავლობაში მტკიცედ იდგა ეს ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც იცოდა ერთი — საკუთარი ინტერესი, რისთვისაც ის არც მოკავშირის და არც მოწინააღმდეგის აზრს არ იზიარებდა. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს თავისი ვასალი სახელმწიფოების საკრებულოდ აღიქვამდა.

პანდემიით და ეკონომიკური პრობლემებით დაუძლურებულ აშშ-ს, რომელსაც 28 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვევით მცხოვრები მოქალაქე ჰყავს, შიდა პრობლემებმაც უწია — ტრადიციულმა, განუკურნებელმა რასობრივი სენი რომ ჰქვია. ამაერიკა, არათუ მსოფლიო ჟანდარმის როლს ვეღარ ასრულებს, საკუთარ ქვეყანაში ვერ აღწევს თანხმობას ფერადკანიან და თეთრკანიანთა შორის და ამ ფონზე ფეხზე წამომდგარი რუსეთი — მძლავრი, თანამედროვე შეიარაღებით და ჩინეთი — მსოფლიოში პირველი ეკონომიკისთვის მოპაექრე.

რუსეთ-ჩინეთი, აშშ-ს გონგამოცლილი პოლიტიკის წყალობით და ორივეს მიმართ ბირთვული  თითის ქნევით, ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მათი დაშორება შეუძლებელია. ისინი სამხედრო საქმეშიც თანამშრომლობენ, რაც კარგს არაფერს უქადის ამერიკას.

ბაიდენისთვის ჟენევის შეხვედრის მთავარი მიზანი პუტინის გადაბირებაა, რაც ჩემის აზრით უნაყოფო მცდელობა იქნება. რუსეთმა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა აშშ-ნ კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად, მაგრამ ამაოდ. ამერიკელთა მხრიდან იყო ყალბი ღიმილი და მხარზე ხელის მოთათუნება.

პარალელურად, „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების ორგანიზება პოსტსაბჭოთა სივრცეში, თვით რუსეთში ნავალნისა და მისი მსგავსი ოპოზიციონერების მოქრთამვა — რუსული „მაიდნის“ ასაგორებლად, რუსეთის წინააღმდეგ ცხელ-ცხელი სანქციების დაწესება და სხვა მრავალი.

დიალოგი არ შედგა, ვინაიდან აშშ-ი თავს ჰეგემონად თვლიდა — დანარჩენებს ვასალებად, იმ ქვეყნებად, რომლებთან დიალოგი რა საკადრისია, მათ ვაშინგტონის დავალება უნდა შეესრულებინათ. ასეთმა მიდგომამ არა მარტო რუსები გაანაწყენა, არამედ ევროპელებიც, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს დიდი „ბატონის“ ადეკვატურობაში.

აშშ-ს დემენციანი პრეზიდენტის უპირველესი სურვილი აშშ-სა და ევროკავშირს შორის ძველი ურთიერთობების აღდგენაა. თუ ბაიდენი ამას ვერ მიაღწევს, პუტინთან შეხვედრის დროს, მას არ ექნება მოკავშირეთა მტკიცე მხარდაჭერის შეგრძნება. ბაიდენის სურვილია რუსეთს და ჩინეთს უთხრას, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები ისეთივე ძლიერნი არიან, როგორც ადრე და მზად არიან მიიღონ რუსეთ-ჩინეთის გამოწვევა. მაგრამ შეძლებს ამას მრავალჯერ შემცდარი ამერიკა?

სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემის აზრით, ვერ შეძლებს. შედეგი? შედეგი მარტივი და ცალსახა — აშშ-ს, როგორც ჰეგემონი ქვეყნის დაისი, ერთპოლუსიანი სამყოროს მრავალპოლუსიანად გადაქცევა.

აი, ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი ვხდებით და ის ჟენევაში დაიწყება. დღეს, 13 ივნისია. ჟენევის მოლაპარაკებას 3 დღე გვაშორებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი