EBRD-ს კონფერენცია და NDI-ს „დემოკრატიული“ კვლევები
საქართველოს მედიისა და პოლიტიკოსების მიხედვით, ქვეყანა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. თბილისში ტარდება საერთაშორისო დონის კონფერენციები (EBRD მაქვს მხედველობაში), მთავრობის წარმომადგენლები – პრეზიდენტი, მინისტრები მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში მოახლოებული რიგის სამიტის ქართველთათვის წარმატებით დასრულების მიზნით. საქართველოში ჩამოსვლას აპირებს სავალუტო ფონდის წარმომადგენლები…
რომელი ერთი ჩამოვთვალო. ერთის შეხედვით, მართლაც აქტიურ საერთაშორისო-პოლიტიკურ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთის შეხედვით, ვინაიდან ოდნავი დაფიქრების და თუნდაც ზერელე გაანალიზების შედეგად ყველა ზემოთმოყვანილი მაგალითი მეტწილად PR-ისთვის არის გამიზნული და ქვეყნის კეთილდღეობასთან ერთობ სუსტ კავშირშია.
არადა, მარტო EBRD-ს გასვლითი შეკრების თაობაზე იმდენი ითქვა და დაიწერა ქართულ მედიაში, ტომების გამოცემა შეიძლება. ნათქვამიდან დასამახსოვრებელი ისაა, როგორ უახლოვდება საქართველო დასავლურ ცხოვრებას; რა კეთილი ზრახვები ამოძრავებთ ევროპელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე, საქართველოსა და ქართველების მიმართ; რა მაგრები ვართ ქართველები, როდესაც EBRD-ს ყოველწლიურ შეკრებას ვმასპინძლობთ და რა ნდობით არის ჩვენს მიმართ განმსჭვალული ევროპის ბანკი, რომ მასპინძლობის შანსს გვაძლევს.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნისთვის ამ მასშტაბური შეკრების ჩატარება რაღაცას ნიშნავს, თუმცა არა იმას, რის შესახებაც დაუღალავად გველაპარაკება ხელისუფლება – ინვესტიციები, მჭიდრო თანამშრომლობა, ლამის ქვეყნის ფინანსური შვილობა. თუ ობიექტურად და არა ზედაპირულად განვიხილავთ ამ საკითხს, უდავოდ მივალთ დასკვნამდე, რომ მსგავსი ღონისძიებები ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არც მსუყე ევროპულ ინვესტიციებს მოიტანს და არც იმ ფინანსურ ჩახუტებას, ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰგონია.
საქართველოში არაერთ დიდ თუ პატარა საერთაშორისო ღონისძიებას ჰქონდა ადგილი. იყო უცხოეთის ქვეყნების მეთაურების ვიზიტებიც, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. იყო მსუყე დაპირებებიც. მაგრამ „იყოს“ დონეზე ანუ დაპირების. თვალი გადავავლოთ საქართველოში ჩადებულ უცხოურ ინვესტიციებს. მათი სიმწირე შესამჩნევია და რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ უკავშირდება „გრანდიოზული“ ღონისძიებების ან ვიზიტების დროს გაკეთებულ დაპირებებს.
დანაპირების შესრულებას საქმიანი გარემო ესაჭიროება, სერიოზული განსჯა სტუმარ-მასპინძლისა, ვითარების აწონ-დაწონვა, საერთაშორისო პირობების გათვალისწინება, ნდობის ფაქტორი და ა.შ. ერთია, მაჟორულ ვითარებაში ჩატარებული კონფერენცია, ქართული სტუმარ-მასპინძლობის გამოვლინება, კერძებით დახუნძული სუფრები და ღვინის მდინარეები და მეორეა, ცივი გონებით ქართული რეალობის შესწავლა-გათვალისწინება, ერთობ „მოხერხებულ“ მასპინძლებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი მხრიდან წილში ჩაჯდომის დაუოკებელი სურვილის გაანალიზება.
ამ „პროცედურას“ დიდის წარმატებით ართმევდნენ თავს შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, რის შესახებაც არაერთხელ შემოუჩივლიათ პირად საუბარში, ინვესტიციების ჩადების სურვილით ჩამოსულ ბიზნესმენებს.
ქართული რეალობა არ იძლევა უცხო ქვეყნის მიერ ფართომასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელებას – უპირველესად არასტაბილური ვითარების გამო, რომელიც აქ არსებობს, ჩვენივე მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების სისტემატური, დაუფიქრებელი განცხადებების წყალობით. დამოუკიდებლად ცხოვრების 24-წლიანი პერიოდის განმავლობაში ერთ დღესაც ვერ ნახავთ, საქართველოს ხელისუფალთ რომ რუსეთის აგრესიაზე არ ელაპარაკოს. და ამას აკეთებენ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, თითქოს ეშმაკურად – უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად, მაგრამ სინამდვილეში – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პარლამენტარი ბრიუსელში თუ სტრასბურგში ხმალამოღებული ებრძვის „აგრესორ“ რუსეთს და მაგალითად მოჰყავს ტყუილ-მართალი, მეტადრე ტყუილი, ამით ვაშინგტონს უდავოდ გულს ფხანს, მაგრამ დასავლურ ბიზნესს ისეთ საგანგაშო სურათს უხატავს, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს ინვესტიციის ჩადების, თავს შეიკავებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო დიდი ინვესტიციებისთვის მეტად პატარა ქვეყანაა, შეზღუდული ბაზრით. ცხრა მთას იქით მყოფი ამერიკელი და ევროპელი დიდი ფინანსების ჩასადებად აქ არ ჩამოვა. ამას გარდა ზემოთმოყვანილი რეალობიდან გამომდინარე, აგრეთვე რისკებიდან (რუსეთის აგრესია), რომც გადაწყვიტოს ჩამოსვლა, წინასწარ შეისწავლის საქართველოს შიდა ცხოვრებას, მუშახელის კვალიფიკაციას, რესურს, ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალის არსებობას, მის შრომის ნაყოფიერებას, მენტალიტეტს და ა.შ.
ამ მხრივ ჩვენში არსებული მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სავალალოა. საბჭოთა კავშირის დროს არსებული ინტელექტუალური კადრები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი განადგურდა. ზოგმა წვრილ ვაჭრობას მიჰყო ხელი, ზოგი სხვა ქვეყანაში გადაიხვეწა, ზოგიც, უიმედო აწმყოსა და მომავლის ფიქრებმა ,დროზე ადრე წაიყვანეს იმქვეყნად. ახალი კადრები არ ჩანს. ქარხნის ამუშავებისთვის ინვესტიციის ჩადების გარდა მუშახელია საჭირო, რაც დეფიციტია. მუშახელის გაწვრთნა კი ინვესტორს ძვირი დაუჯდება.
25-წლიანმა უსაქმურობამ (წვრილ ვაჭრობას, საქმეს ვერ დავარქმევ) გააზარმაცა ხალხი. წინანდელ დისციპლინას მიჩვეული, დღეს ლაზღანდარობს. როდესაც ბაზარში მისულ მყიდველს, გამყიდველი ყურადღებას არ აქცევს და ნარდის თამაშს აგრძელებს, ან ხელოსანი, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარი შრომის გაყიდვით და ფულის შოვნით, ყურს არ იბერტყავს კლიენტის შეკითხვაზე (სხვა მაგალითებიც უხვად შეიძლება მოვიყვანოთ); როდესაც ყოველ ნაბიჯზე აწყდებით უზრდელობას, უწესობას, თავხედობას, ზერელეობას, შეურაცხყოფას, მოტყუების ფაქტებს, უცხოურ ინვესტიციებზე ლაპარაკი ზედმეტია.
დასავლელი ინვესტორი იქ ჩადებს ფულს, სადაც იაფფასიან, კვალიფიციურ მუშახელს იშოვის, სადაც შრომის დისციპლინა და ნაყოფიერება დამაკმაყოფილებელია და არა იქ, სადაც უაზრო ამბიციები და არაკვალიფიციური, უდისციპლინო შრომის ზეობაა. ასე, რომ ვიდრე ხელისუფლება გვაბრუებს EBRD-ებით, უცხოური ინვესტიციებით და სხვა „სიკეთეებით“, უმჯობესია საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა შეისწავლოს – ღრმად და შინაარსიანად და შემდეგ გააკეთოს დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაპირებაც ისეთივე უსაფუძვლო და ქარაფშუტული იქნება, როგორიც არაერთი წინა.
EBRD არა მარტო ზედაპირული დაპირებებით გაგვახსენდება, არამედ კონკრეტული საქმით – 160 მილიონი ლარით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ დახარჯა ახალი ავტომანქანების შესაძენად. მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტიდან გაღებული ფული EBRD-ს კონფერენციის მონაწილეთა მომსახურებას მოხმარდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღებას ჰქონდა ადგილი ქართველი მასპინძლების მხრიდან საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის უმაღლეს დონეზე წარმოსაჩენად?
ისე ნუ გამიგენთ, თითქოს საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ მათ (კონფერენციებს) გარდა ქართული სტუმარ-მასპინძლობის გაცნობისა, სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონდეს, ისეთი, ქვეყანას რომ წაადგება.
საერთაშორისო კონფერენციების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობაში ვერვინ შეეჯიბრება შვეიცარიას, ავსტრიას, სხვა ქვეყნებს. მათ ამის დიდი გამოცდილება აქვთ და შესანიშნავად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. არც ერთი მათგანი თავს უფლებას არ მისცემს საკუთარი ბიუჯეტიდან, კონფერენციაში მონაწილეთა მოსამსახურებლად ბანკეტები იხადოს ან ავტომანქანები შეიძინოს. ცხადია, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღონისძიების შემკვეთი დააფინანსებს ამას.
რჩევისთვის – თუკი გვსურს საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა, სასტუმროში, რესტორანში, კაფეში თუ სხვაგან, მომსახურეობის დონე უნდა ავწიოთ; ქალაქის ქუჩა, ქუჩას უნდა დავამსგავსოდ და ხალხიც სხვაგვარი ცხოვრების წესს უნდა მივაჩვიოთ – დაახლოებით ისეთს, იქ რომ არის.
და კიდევ ერთი რამ, მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო – უნდა ევროპასა და ამერიკას ინვესტიციები, ფაბრიკა-ქარხნებს, საწარმოებს რომ ააგუგუნებს? ცალსახად შეიძლება ითქვას – არა! ჯერ ერთი, რომ ნდომოდათ, რა უდგათ წინ? პირიქით, სამრეწველო თვალსაზრისით, რაც ნაკლებად განვითარებული იქნება საქართველო, მით უკეთესი. ეს რომ ასე არ იყოს, ისეთ ხელისუფლებას და პარტიებს არ მოიყვანდნენ ქვეყნის სათავეში, რომელთა პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა და პატრიოტული შემართება „პლინტუსის“ დონესაც ვერ სცილდება.
საქართველოს აქვს სახელმწიფო სტრუქტურა, ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებს; ჰყავს თანამდებობის პირები, არა იმიტომ, რომ სახელმწიფო საქმე აკეთონ, არამედ იმიტომ, რომ თანამდებობები შეავსონ და ვაშინგტონიდან წამოსული დირექტივები შეასრულონ.
საქართველო თითქოს არის ქვეყანა, მაგრამ თითქოს. სინამდვილეში დასავლეთის მონამორჩილი და აშშ-ს ელჩის საჯირითო პოლიგონია, რომელიც ისეთ თავდაცვის მინისტრს დაგვინიშნავს, ტანში ჟრუანტელს რომ მოგგვრის – ცხადია უხერხულ, არასასიამოვნო ჟრუანტელს. ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებით ხდება ამერიკული ჩანაფიქრის საქართველოს მოსახლეობაზე თავსმოხვევა. მაგალითად NDI-ს კვლევაც გამოდგება, სადაც სრულიად ურეიტინგო ალასანია ლამის პირველ ადგილს იკავებს, პირველადგილოსან მარგველაშვილზე რომ არაფერი ვთქვათ. ასეთ ვითარებაში სრულ აბსურდათ მიმაჩნია ხადურისა და მისი მსგავსების ბოდვა, რომ EBRD-ს კონფერენციას დიდი ინვესტიციები მოჰყვება.
საქართველოს ხელისუფლებას თუ მართლაც სურს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, დასავლეთს არ უნდა მიადგეს, მეზობლებში გაიკითხოს. სამმილიონიანი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის დიდი თავის ტეხა არ არის საჭირო, მითუმეტეს, როდესაც ისეთი მეზობლები გყავს, როგორებიც რუსეთი ან ირანია. რახანია ირანმა სურვილი გამოთქვა საქართველოში 3-4 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადების თაობაზე, მეტადრე სოფლის მეურნეობაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად იგნორირებს ამ ამბავს. რუსეთის ერთ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებით საწარმოებიც ამუშავდება, მუშახელიც დასაქმდება და ხალხიც დაპურდება. მაგრამ უნდა კი ეს საქართველოს მთავრობას, უფრო სწორად ვაშინგტონს? რომ არა, ნათელია.
ნათელია, თუნდაც ჩვენი „დამრიგებლის“, ბალტიისპირა ქვეყნების ცხოვრებიდან გამომდინარე. ამერიკელთა გადაწყვეტილებით, ეს ქვეყნები რახანია ევროკავშირს შეუერთეს. შეუერთეს და უთხრეს – თქვენ ევროკავშირის წევრები იქნებით, მაგრამ თქვენი ფაბრიკა-ქარხნები არ გაგვაგონოთო.
„ბალტიისპირეთის ტერიტორიებზე რომ მგზავრობ, ხვდები ჩონჩხებს, ბეტონის დიდ კოლოფებს, ნახევრად დანგრეულ შენობებს, აჭედილი ფანჯრებით, დაჟანგული არმატურით. ბალტიისპირეთი ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი იყო. ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა მოსპეს მრეწველობა და თავს იმით იმართლებენ, რომ მათ ქვეყნებს იგი არ სჭირდებოდა, რადგან არარენტაბელური იყო. შედეგად, მოსახლეობა დროებითი სამუშაოებით ირჩენს თავს და ლოთობს ან ემიგრირებს“, – წერს მკვლევარი ნოსოვიჩი თავის წიგნში „ ევროპის მივარდნილი გარეუბანი“.
საქართველოს ხელისუფლებას არც საკუთარი მაგალითის ანალიზის უნარი აქვს და არც სხვისის. ბალტიისპირა ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, სხვების მძიმე გაკვეთილებიდან გამომდინარე არათუ ევროკავშირში შესვლაზე უნდა ოცნებობდე, იქ მყოფი, სამშვიდობოზე თავის დასაღწევად უნდა ფიქრობდე. მაგრამ არა – იქ გვინდა და არა იმიტომ, რომ კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვას ანუ აშშ-ს სურს ასე. ოღონდ ევრაზიულ კავშირში არ იყო და მზადაა ასოცირებული წევრობით დასავლეთზე მიგვაბას.
მიგვაბას, მაგრამ არ შეგვიშვას. და ასე გვამყოფოს მრავალი წლის განმავლობაში. რას აკეთებს ხელისუფლება? ევროპაში დადის და საქმეს „აწყობს“, რიგის სამიტისთვის რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მიიღოს. და ისევ ბალტიისპირეთის სავალალო მაგალითი – სწორედ უვიზო მიმოსვლის შედეგად, უფრო სწორად ევროპაში გამგზავრების, შრომისუნარიანი ბალტიელები ევროპის ქვეყნების შავ მუშებად იქცნენ. დაცარიელდა სოფლები და ქალაქები. მრეწველობა-სოფლის მეურნეობაზე უარის თქმამ გამოიწვია ყოველივე აღნიშნული. ხალხი მიემგზავრება, თან ერთი სურვილით – აღარ დაბრუნდნენ უკან.
„ყველას, ვინც მავანთა საიდანღაც დაბრუნებაზე ფიქრობს, მინდა ვუთხრა – დაივიწყეთ! რეემიგრაცია არ იქნება, იგი არცაა საჭირო, რადგან ლიტვა ალბათ არასდროს იქნება ისეთი მდიდარი და კეთილგანწყობილი, როგორც დიდი ბრიტანეთია.
იქ უფრო რბილი ჩვეულებები აქვთ. ადამიანები გაცილებით ზრდილობიანები არიან, ჩვენს სამშობლოში კი ცხოვრების მძიმე პირობების გამო, თავხედობა ყოველდღიურ მოცემულობად იქცა“, – წერს ლიტველი ჟურნალისტი არტურ რაჩასი.
და ეს ბალტიისპირეთში – საბჭოთა პერიოდის წარმტაც „ევროპაში“. ნუთუ ყოველივე ამას ანგარიში არ უნდა გაუწიოს ხელისუფლებამ? ნუთუ სხვისი მაგალითი არ უნდა გაითვალისწინოს და დაუფიქრებლად შეტენოს ქვეყანა იქ, სადაც საამურობის ნატამალიც არ არის და თუ არის, მხოლოდ მასზე ანუ ხელისუფლებაზე ვრცელდება?
სადამდე უნდა გაგრძელდეს „ჯერ თაოდათაოს“ პოლიტიკა? ხელისუფლება არც იმას ხედავს, რომ თავისი უნიათო მოქმედებით ერთი-ორად გაზარდა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა NDI-ს მონაცემებით, მან 34% შეადგინა. რეალურად ალბათ რა მაღალი პროცენტი იყო – 34 რომ დაწერეს?!
და ნაცვლად იმისა, გონს მოეგოს – ვიღაც „პოლიტოლოგის“ თორნიკე შარაშენიძის პირით გვეუბნება – თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ებრძვის (მას ალბათ „თავისუფალი ზონა“ ჰქონდა მხედველობაში), თუ გაგრძელდება რუსული ტელეარხების პროპაგანდა და რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება, ეს პროცენტი გაცილებით მეტი იქნება. ამ განცხადებით მან მოუწოდა ხელისუფლებას დახუროს რუსული ტელემაუწყებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოში ერთადერთი საინფორმაციო ტელეარხი “RTR როსიაა“, დანარჩენი – გასართობი ტელეარხებია. არც რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებია. ერთმა ტელეარხმა, როგორ შეძლო პროდასავლური პოლიტიკის პრორუსულად შებრუნება? იქნებ საქმე ამაში კი არა, არამედ იმაშია – მთავრობის 24-წლიანი უნიათო მუშაობა რომ ჰქვია?
რაც შეეხება „პოლიტოლოგის“ მოწოდებას – დახურვა-გაუქმების შესახებ, ცოტაც და წიგნებიც დაიწვება, საგანგებოდ აგიზგიზებულ კოცონზე – ისე, როგორც ფაშისტების დროს. ესეც თქვენი სანაქებო დემოკრატია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.