„ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ამ ძველ და საკმაოდ გაცვეთილ გამოთქმას, ზოგიერთთა ძალისხმევით რომ  სამარადისო დავიწყება არ ემუქრება, ფაქტია. „ზოგიერთი“ – აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტია, რომელმაც ტელეკამერების წინ ხელი მოაწერა აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს – „ჯერ არნახულს, არგაგონილს“.

716 მილიარდი დოლარი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში სამხედრო უწყებისთვის გამოყოფილი თანხები. მაგრამ მარტო ამ თანხას დასჯერდება აშშ-ს „უსაფრთხოება“?

თვით აშშ-ის მედიის მიხედვით, აღნიშნულს დაემატება 183 მილიარდი ფარული ხარჯები, მიმართული დაზვერვის სამსახურის და „შავი“ საერთაშორისო საქმიანობისთვის. გარდა ამისა 88,9 მილიარდი საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებისთვის. ჯამში აშშ-ი საკუთარი უსაფრთხოებისთვის არა 716 მილიარდ დოლარს, არამედ 900 მილიარდს გამოიყენებს, თუმცა მანამდე თვით ფულის მოძიებაა საჭირო, როგორც ტრამპმა თქვა: „ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, მაგრამ მთავარი წინ არის – თანხების დროული მოძიება“.

აშშ-ის ეკონომიკური სიძლიერე დღითიდღე დნება და ქვეყანა იძულებულია პირველობის შესანარჩუნებლად ძალა აირჩიოს პრიორიტეტად. ამაში ახალი არაფერია. აშშ-ის ეკონომიკა მუდამ იყო გამყარებული სამხედრო ძალით – 800 სამხედრო ბაზით – მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ავიამზიდებით, რომლებიც სისტემატურად აკონტროლებენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

და მიუხედავად ამისა მდგომარეობა შეიცვალა, ცხადია არა აშშ-ის სასარგებლოდ. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ის ეროვნულმა შემოსავალმა თუ მსოფლიოს შემოსავლის 50% შეადგინა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს – 40%, დღეს – მხოლოდ 23%-ია.

ერთმმართველობა მრავალმართველობით იცვლება და ნაცვლად ლიდერი ამერიკისა გვაქვს ტრიუმვირატი – აშშ-ი, ჩინეთი, რუსეთის სახით. მათ გარდა აქტიურობენ „ბრიკსის“ წევრი ქვეყნები, „დიდი ოცეული“, „ევროკავშირი“. აშშ-ს, იმპერიის სტატუსის გარეშე არსებობა არ შეუძლია. სწორედ ამით არის გამოწვეული ავანტიურისტული ნაბიჯები ის რომ დგამს ყოველდღიურად. ეს ქვეყანა ძნელად ეგუება ვითრებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაშია შექმნილი. და არა მარტო. არ გაამართლა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკამ, მიმართულმა სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხრობისკენ.

აშშ-ის სპეცსამსახურები არასდროს ერიდებოდნენ ბინძურ თამაშს. სხვას არაფერს იმსახურებს თუნდაც ერთი მაგალითი – „ისლამური სახელმწიფოს“ – ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა. დღესაც კი მხარს უჭერს ის ამ ორგანიზაციის ფრაგმენტებს, რომლებმაც თავი მოიყარეს სირიის ქ.იდლიბში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იქ თავმოყრილი ტერორისტები დიდი პროვოკაციისთვის ემზადებიან – ქიმიური ბომბის აფეთქების ინსცენირებისთვის, რაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაბრალდება. „თეთრი ჩაჩქანები“ – ტერორისტებთან დაახლოებული ორგანიზაციის წევრები ვიდეოფირზე გადაიღებენ „მსხვერპლს“ – ბავშვების სახით და მთელს მსოფლიოს მოსდებენ ასადის მორიგი მზაკვრობის ამბავს, რასაც მოჰყვება შურისძიება – აშშ-ის, ინგლის-საფრანგეთის თავდასხმა სირიაზე.

უკვე მერამდენედ აწყობს მსგავს სპექტაკლს აშშ-ის სპეცსამსახურები. მიზანი ისევ და ისევ ძველია – ბაშარ ასადის ჩამოგდება, რუსეთ-ირანის გამოდევნა სირიიდან, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შერყეული ავტორიტეტის გამოსწორება.

დასავლელი, მათ შორის ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს რუსეთმა აჯობა, რომელმაც ორი წლის განმავლობაში დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ტერორიზმთან ბრძოლას მაშინ მოაქვს წარმატება, როდესაც „ქადას ორი ხელით ჭამ“ და არა მაშინ, როდესაც სიტყვით იბრძვი, ნაცვლად საქმისა. აშშ-ი და მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის შექმნილი კოალიცია – თითქმის 70 ქვეყნისგან შემდგარი, ომში, რუსეთის ჩართვამდე „იბრძოდა“, თუმცა უშედეგოდ.

ვითომ უშედეგოდ?

არამცდაარამც. ამერიკის და მისი მოკავშირეების მიერ სირიის ომში მიღწეული შედეგი თვალშისაცემი იყო, სიტყვით – ტერორიზმთან ბრძოლა, საქმით – ტერორისტების გამოყენება ბაშარ ასადის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შედეგად ტერორისტებმა დედაქალაქ დამასკოს მთელი რიგი რაიონები იგდეს ხელთ და რომ არა რუსეთის ჩართვა, სირია „ისლამური სახელმწიფოს“ ლუკმა გახდებოდა. დამასკოს გარდა ტერორისტები სირიის ტერიტორიის 70%-ს აკონტროლებდნენ.

დღეს სხვა ვითარებაა. სირიის ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიას, გარდა ზოგიერთისა, სადაც ტერორისტები და მათი მფარველი აშშ-ის სამხედროები არიან გამაგრებული. იდლიბი სწორედ ასეთია. აშშ-ი, რომელიც უკანონოდ იმყოფება სირიის ტერიტორიაზე, ყველაფერს აკეთებს რევანშისთვის. იდლიბის მომავალი პროვოკაციაც ამერიკული პროგრამიდანაა.

ამერიკელთა „დიდკაცურ-თავხედური“ მოქმედება თვალნათელია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც დიდთა ინტერესები იკვეთება. აშშ-ი უმალ ამოქმედებს ეკონომიკური დასჯის მანქანას – სანქციების სახით, დოლარით მანიპულაციას, მედიის გამოყენებას თეთრის, შავად წარმოსაჩენად და ა.შ.

ახალმა საუკუნემ გამოააშკარავა ჰეგემონი ქვეყნის პოლიტიკის სისუსტე, ამასთანავე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილის ნამდვილი პორტრეტი – ნებისმიერი ხერხით პირველობის შენარჩუნება, საკუთარი პროდუქციის სხვისთვის ძალით შეტენვა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში – ეკონომიკური სანქციებით დასჯა და ა.შ.

აშშ-ი არამარტო პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს უწესებს სანქციებს, საკუთარ მოკავშირეებსაც – ევროკავშირის, მექსიკა-კანადის, თურქეთის და სხვათა სახით. ვაშინგტონი ემუქრება თურქეთსა და ინდოეთს, სხვა ქვეყნებს მძიმე სანქციებით, თუ ისინი შეიძენენ რუსულ C-400-ის ანტისარაკეტო სისტემას.

მიზანი მისი მარტივია – თუ ვინმეს სურს იარაღის შეძენა, ვაშინგტონს უნდა მიაკითხოს და არა მოსკოვს, მიუხედავად იარაღის დახვეწილობის და ფასისა. C-400 სარაკეტო სისტემა ცნობილია, როგორც საუკეთესო მსოფლიოში, თანაც გაცილებით იაფი, ვიდრე ამერიკული, რაც თავისთავად უკარნახებს მყიდველს, რომელი შეიძინოს.

მსოფლიოს უპირველეს დემოკრატიად გამოცხადებული აშშ-ი ყოველგვარი დემოკრატიულობისა და სამართლიანი კონკურენციის გარეშე ცდილობს თავისი პოზიციის გატანას ევროპის გაზით მომარაგების საქმეში. რუსეთი რახანია („ცივი ომის“ პერიოდიდან დაწყებული) ამარაგებს ევროპას გაზით, რამაც მომხმარებელს დიდი შეღავათი მისცა.

50 წლის წინათ დაიწყო საბჭოთა კავშირმა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მილსადენებით მიწოდება. ეს პრაგმატული ურთიერთობა, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვაობისა, დღესაც წარმატებით გრძელდება, მაგრამ გაგრძელდება თუ არა – ძნელი სათქმელია, ხარბი ამერიკული პოლიტიკის გამოსიობით.

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მკაცრად ილაშქრებს მშენებარე „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ, რომელმაც გაზი უნდა მიაწოდოს ევროპის ქვეყნებს. ის ამბობს, რომ თუ ევროპა რუსული გაზის ნაცვლად არ გამოიყენებს ამერიკული ფიქალის გაზს, სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ რუსულ გაზს.

აქაც ძალისმიერი პოლიტიკა, რომელსაც ახლო არ გაუვლია დემოკრატიასთან. ევროპამ უნდა მიიღოს ამერიკული გაზი – გაცილებით ძვირად, ვიდრე რუსული. არავითარი კონკურენცია, ამერიკული ბრძანების უყოყმანო შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკული სანქციებით „ტკბობა“.

ამერიკული „დემოკრატიის“ სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, განსაკუთრებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საზღვარგარეთის მარში. ამერიკულ დემოკრატიას შეეწირა ერაყის მილიონამდე მოსახლე, არანაკლები დაიღუპა სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში, სხვაგან. უმძიმესი დარტყმა მიადგა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკას. სირია-ერაყის დანგრეული ქალაქების შემყურეს ვერაფრით მოუვა თავში აზრი, რომ იქ ამ საუკუნეში გამოსწორდება ვითარება.

ასე იცის ნაქებმა ამერიკულმა დემოკრატიამ, რომელმაც ერთ დროს ეკონომიკური სიძლიერით ცნობილი უკრაინა ისე გააღატაკა, რომ აღარაფრის თავი აღარ აქვს. ამერიკულმა დემოკრატიამ ააღორძინა უკრაინული ფაშიზმი.

მიზანი? – რუსეთისთვის წყლის შეყენება, რუსეთზე გავლენის მოხდენა.

უდავოდ იბადება კითხვა – ვისი ეშინია აშშ-ს?

მოწინავეობის პრეტენდენტები ორია – რუსეთი და ჩინეთი. რუსეთს არ სურს მთელი მსოფლიოს პრობლემების საკუთარ თავზე აღება ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ადგილი. მას, მის საზღვრებთან არსებულ ქვეყნებზე სურს გავლენის მოპოვება. ანალოგიური პოზიცია უკავია ჩინეთს. აშშ-ს საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, რაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებას.

ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკული არმია, დოლარი და სამხედრო ბაზები აძლევს აშშ-ს შესაძლებლობას მთელს მსოფლიოს მიჰყიდოს საკუთარი ვალები; ბეჭდოს დოლარები; გაავრცელოს ინფლაცია საკუთარი საზღვრების გარეთ; მოუპოვოს ამერიკულ კორპორაციებს გასაღების ბაზრები და შემოსავალი. მხოლოდ მსოფლიო ჰეგემონის სტატუსის შენარჩუნება აიძულებს კრედიტორებს თავი შეიკავონ დაგროვილი და ჰეგემონისადმი წარსადგენი ანგარიშებისგან.

დასავლური სამყარო ისეა მოწყობილი, სიმართლე რომ კამათის საგანი ხდება. ძლიერი მუდამ თავს ახვევს სუსტს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუნდაც ის სუსტი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი იყოს.

ძლიერი ამერიკის პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია მხარზე ხელი მოუთათუნოს საფრანგეთის პრეზიდენტს, დასამცირებლად ქერტლიც გადაუფერთხოს; გერმანიის კანცლერს ხელიც არ ჩამოართვას, უფრო მეტიც – სხვების თანდასწრებით შეჯოროს, რასაც ვერ გაუბედავს რუსეთ-ჩინეთის ლიდერებს, ვინაიდან მათ აშშ-თან თანაბარი სამხედრო ძალა აქვთ.

რაც დრო გადის „მსუბუქი ძალა“ და ლიბერალური ფილოსოფია ადგილს უთმობს სიმკაცრეს, სამხედრო ზეწოლას, სიხისტეს, რასაც აშშ-ი წარმატებით იყენებს. რომ არა აშშ-ის 800 სამხედრო ბაზა და ე.წ. ფერადი რევოლუციების მეთოდიკა, არც არავინ შეიძენდა ამერიკულ ობლიგაციებს; არ ივაჭრებდა დოლარით. ამ საქმეში აშშ-ი თუ ვინმესგან აწყდება წინააღმდეგობას – რუსეთ-ჩინეთია, დანარჩენს წინააღმდეგობის თავი არ აქვთ. ვინც წინააღმდეგია – ის ხდება ცხელ-ცხელი სანქციების, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული შეთხზული ზღაპრების სამიზნე.

ახალი სამხედრო ბიუჯეტით აშშ-ი გვაბრუნებს ძლიერის „სიმართლეში“. ძლიერი ყოველთვის მართალია. არც რუსეთი და არც ჩინეთი არ დაუშვებენ ისეთ მსოფლიოს, სადაც ჰეგემონი მედიდურად დაუწყებს მათ ზემოდან ყურებას და აიძულებს გააკეთოს ის, რაც მას სურს.

სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა ნიშნავს გამალებულ შეიარაღებას, მოწინააღმდეგის მხრიდან თანაბრობის პრინციპებისთვის ბრძოლას. თანაბრობის დარღვევა სახიფათო რამაა, მითუმეტეს ბირთვულ ეპოქაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი