აშშ-ს სლალონური პოლიტიკა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გაუძლებს თუ არა ევროკავშირი იმ სერიოზულ წნეხს, აშშ-ს ადმინისტრაცია რომ იყენებს მის მიმართ – მთავარი თემაა, რაზეც ინტენსიურად მსჯელობენ მთელს მსოფლიოში. სავაჭრო ომი, რომელიც ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ წამოიწყო საკუთარი პარტნიორების და პოტენციური მეტოქეების წინააღმდეგ, უფრო შანტაჟს ჰგავს, ვიდრე ქვეყნებს შორის, მითუმეტეს მოკავშირეებს, ნორმალურ, საზრიან ურთიერთობას.

პრეზიდენტი ტრამპი ისეთ შეტევაზეა გადასული, რომ მისი შეჩერება არცთუ იოლია. საგონებელში ჩავარდნილი ე.წ. მოკავშირეები ძალას არ იშურებენ ვითარების გამოსასწორებლად და სისტემატურად ახსენებენ ტრამპს ესოდენ ეგოისტური პოლიტიკის სამომავლო კრახის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

გავიხსენოთ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ვიზიტები აშშ-ი, რომლის დროსაც ხაზგასმით ითქვა მათი მხრიდან, რომ ევროატლანტიკური კავშირები – ათეული წლის განმავლობაში მთელ რიგ ქარტეხილებში გამოვლილი, არ საჭიროებს ტრამპის მიერ შემოღებულ „ექსპერიმენტს“, ვინაიდან მას უდავოდ მოჰყვება ევროპელთა იმედგაცრუება.

ტრამპმა ყურადღებით მოისმინა მაკრონ-მერკელის გულისწუხილი, მაგრამ ეს იყო და ეს. მერკელის ვაშინგტონიდან წასვლის მეორე დღეს, ერთ-ერთ საჯარო გამოსვლის დროს ტრამპმა ქათინაურებით შეამკო ორივე სტუმარი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მას უყვარს ამერიკა, მისთვის „ამერიკა არის, უპირველეს ყოვლისა“ და რახან ასეა, ვერ დაეთანხმება მათ ვერც ევროკავშირ-აშშ-ს შორის არსებულ სავაჭრო საკითხებში და ვერც ირანთან დადებული ხელშეკრულების ვარგისიანობაში.

აშშ-ს პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირთან, ისე, როგორც ჩინეთთან, სავაჭრო სალდო ამერიკისთვის ერთობ ნეგატიურია, რის გამოც ეს ქვეყანა დააწესებს ახალ ტარიფებს (მომატების თვალსაზრისით) ევროპულ საქონელზე – ფოლადიდან, ალუმინიდან დაწყებული, ავტომანქანებით დამთავრებული.

რაც შეეხება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს – ირანთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – აშშ-ი გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, ვინაიდან ის მიუღებელი იყო ტრამპის და მისი ადმინისტრაციისთვის.

წინა ადმინისტრაციის მმართველობის დროს გაეროს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ, ირანთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ირანმა შეაჩერა ურანის იმ დონემდე გამდიდრება, რის შედეგად ის ვერ მიიღებს ბირთვულ ბომბს.

ირანი დათანხმდა ხუთეულისა და გერმანიის მოთხოვნას და ივალდებულა ურანის გამდიდრება მხოლოდ 8-9%-ის ფარგლებში, რაც სრულიად საკმარისია სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, განსაკუთრებით მედიცინის დარგში. ნაცვლად ამისა, ხუთეული და გერმანია შეპირდნენ ირანს მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას.

კონტროლი იმაზე, თუ როგორ ასრულებს ირანი აღებულ ვალდებულებას დაევალა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან დაწყებული, დღემდე პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ ხნის განმავლობაში სააგენტოს მხრიდან, ირანის მისამართით, არც ერთი ნეგატიური სიტყვა არ იყო თქმული. პირიქით, ის მუდამ აცხადებდა, რომ ირანი ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს.

მაშ რით არის გამოწვეული ტრამპის აგრესია ირანის მიმართ?

ამ შემთხვევაში მრავალ ფაქტორთან გვაქვს საქმე. უპირველესად კი ირანის როლის ზრდასთან ახლო აღმოსავლეთში. მის აქტიურ პოზიციასთან სირია-ერაყში, რამაც აშშ-ს როლი მსოფლიოს ამ რეგიონში დააქვეითა.

ირანი ის სახელმწიფოა, ყელში რომ ეჩხირება აშშ-ს და მის ისეთ მოკავშირეებს, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, ყატარი, არაბული საამიროები, ისრაელი. ყველა ესენი არათუ უარყოფითად, არამედ მტრულად აღიქვამენ შიიტური ირანის მომძლავრებას და ძალას არ იშურებენ ირანის დასაწიხლად. ამ პროცესში მათ იმედი აქვთ აშშ-ის, რომელსაც საკუთარი ნეგატივებიც უამრავი აქვს, 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციიდან დაწყებული. მაშინ ამბოხებულმა ირანელებმა, კარგა ხნის განმავლობაში ალყაში მოაქციეს ირანში აშშ-ს საელჩო.

დღემდე აშშ-სა და ირანს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა. რაც არსებობს – არის ერთმანეთის ლანძღვა და ამერიკელთა მიერ ჩადენილი არაერთი ძალისმიერი აქტი, რამაც ირანის პოლიტიკური მოღვაწეობის სიცოცხლე შეიწირა.

შაჰისდროინდელი ირან-ისრაელის კონსტრუქციული ურთიერთობები ისტორიას ჩაბარდა. დღეს რაც არის უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ – კონფრონტაცია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პატარა ნაპერწკალია საჭირო, რომ ისრაელმა იერიში მიიტანოს ირანზე. თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას, გამოცნობა ძნელი არ არის – ირანი შეასრულებს დაპირებას – ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვასთან დაკავშირებით, რასაც უდავოდ მოჰყვება დიდი ომი აშშ-სა და სხვა სახელმწიფოების ჩართულობით.

ტრამპისთვის ისრაელის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ამ სახელმწიფოს შექმნიდან დაწყებული სწორედ აშშ-ი იყო ის ქვეყანა, ვინც მხარში ედგა ისრაელს. აშშ-ს ყველა პრეზიდენტი იყო ისრაელის მეგობარი და ნებისმიერ საკითხში, მისი მხარდამჭერი. მაგრამ ტრამპი სხვაა, ყველაფერთან ერთად მისი ოჯახი ებრაული სულისკვეთების გავლენის ქვეშ არის. ტრამპის ქალიშვილი ივანკა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი და მისი მეუღლე კუშნერი, ასევე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი – ორთოდოქსი ებრაელი, დიდი გავლენით სარგებლობენ პრეზიდენტზე. სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ აშშ-ს ხალხმრავალ დელეგაციას, თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გადატანის ცერემონიალზე.

ამ ამბავმა რომ უაღრესად უარყოფითი ვნებათა ღელვა გამოიწვია არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით პალესტინაში, მტკიცება არ სჭირდება. მარტო ცერემონიალის დროს დაწყებულმა პალესტინელთა ბუნტმა (რომლებსაც იერუსალიმი თავიანთ დედაქალაქად მიაჩნიათ) 63 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა.

ირანი მხარს უჭერს პალესტინას და მის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტია „ჰამასს“, რომელსაც აშშ-ი ტერორისტად აღიქვამს. ირანი არ იზიარებს ტრამპის განცხადებას – იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო, რაც ასევე ცუდად აღიქმება ტრამპის ადმინისტრაციაში.

თუ ზემომოყვანილ მაგალითებს დავუმატებთ სირია-ერაყში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ტრამპის ანტიირანული პოლიტიკა მთლად უსაფუძლო არ არის, ცხადია ტრამპის გადასახედიდან.

თვალი შევავლოთ ვითარებას სირია-ერაყში. სირიაში ომი დასასრულს უახლოვდება. მასში იმარჯვებს აშშ-ს და კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელი ფიგურა, ქვეყნის პრეზიდენტი ასადი. ამ გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და ირანის მებრძოლებმა; ლიბანში არსებულმა ორგანიზაცია „ჰესბოლამ“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ირანთან. ამ ორგანიზაციასაც ვაშინგტონი ტერორისტულად აღიქვამს.

სულ ახლახანს გაიმართა ერაყის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვეს არა იმ შიიტებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში ლოიალური ურთიერთობა ჰქონდათ აშშ-თან და მის მოკავშირეებთან, არამედ რადიკალმა შიიტებმა. ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ სურთ ირანის დახმარება, ვიდრე დასავლეთის. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი უდავოდ ის იქნება, ვისაც რადიკალები შეარჩევენ, რაც თავისთავად მიანიშნებს აშშ-ს პოზიციების შესუსტებას.

სპეციალისტების აზრით, ხელისუფლებაში მოდის მუკტადა ას-სადრი, რომელსაც ოკუპანტებთან (აშშ-ი) ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. არჩევნებამდე მან განაცხადა, რომ ქვეყნის საკამათო ტერიტორიებს ერაყის უშიშროების ძალები უნდა აკონტროლებდნენ და არა უცხოელები. მისი ნათქვამია – „თუ აშშ-ი არ გავა ერაყიდან, მაშინ ამერიკელი ჯარისკაცები გადაიქცევიან შიიტური წინააღმდეგობის მებრძოლების კანონიერ სამიზნედ“.

ამ პიროვნების პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ირანის პოზიციები მკვეთრად გაიზრდება არა მარტო ერაყში, არამედ რეგიონში. დაიწყება სტრატეგიული ავტომაგისტრალის ირან-ერაყი-სირია-ლიბანი და გაზსადენის ირანი-ერაყი-სირია-ხმელთაშუა ზღვა მშენებლობა. აქედან გამომდინარე აშშ-ს ახლოაღმოსავლური პოლიტიკის პერსპექტივა არცთუ დასამშვიდებელია.

ვითარების შებრუნების მიზნით ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ეკონომიკური სანქციების დაწყებას ცდილობს, რაც გამოჩნდა კიდევაც სახელმწიფო მდივნის პომპეოს მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. ადმინისტრაციის განცხადებას მოკავშირეები სულმოუთქმელი ელოდნენ, თვლიდნენ რა მისი პოზიციების შერბილებას ირანის მიმართ. მათდა სამწუხაროდ პომპეომ საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ი ირანს ისეთ მკაცრ სანქციებს დაუწესებს, დღემდე არავის რომ სმენია.

აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა უფრო ულტიმატუმია, რომელიც ირანის სუვერენიტეტს მიწასთან ასწორებს და არა მარტო ირანის, არამედ ევროპელი მოკავშირეებისაც, თუ ისინი გაბედავენ ირანთან ვაჭრობას.

ტრამპის გადაწყვეტილებამ ირანთან დაკავშირებით გააშიშვლა ის რეაქციული პოლიტიკა, რასაც აშშ-ი ახორციელებს მთელს მსოფლიოში. ამ პოლიტიკის მიხედვით აშშ-ი არის და მუდამ იქნება მსოფლიოს ერთპიროვნული მბრძანებელი და თუ ვინმე შეუბრუნებს სიტყვას – სერიოზულად დაისჯება. მისთვის არც მოკავშირეობას აქვს მნიშვნელობა, არც გაეროს ან უშიშროების საბჭოს. ის არც წინა ადმინისტრაციის დროს ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს სცემს პატივს და შესაბამისად მზადაა უარი თქვას მათზე.

რა აძლევს აშშ-ს პოლიტიკას ესოდენ მოწინავეობის, ჰეგემონიზმის შეგრძნებას?

საფინანსო-ეკონომიკური სისტემა, რომელიც მან თავს მოახვია მსოფლიოს. ამერიკული დოლარი და სამხედრო ძლიერება – დედამიწის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში ამერიკული სამხედრო ბაზები. აშშ-ს გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე უდიდესია, თუმცა მასაც გაუჩნდა ბზარები, რაც ნათლად გამოჩნდა სულ ახლახანს სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე, რომელშიც 140 ქვეყნის 18000 სტუმარი ესწრებოდა. სტუმართა შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი აბე, ჩინეთის თავმჯდომარის მოადგილე ვან ჩიშანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ლაგარდი, სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

ამ გრანდიოზული ფორუმის დროს არაერთხელ ითქვა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის მიმართ აუგი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს ადმინისტრაცია საკუთარი ჰეგემონისტური პოლიტიკის გატარების იარაღად იყენებს.

ითქვა პოლიტიკური ზიგზაგების თაობაზეც, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი. მარტო ის რად ღირს, ტრამპმა რომ უარი თქვა ჩრდილო კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, მეორე დღეს კი განაცხადა – შეხვედრა შედგება.

ორი განსხვავებული განცხადება დროის მცირე მონაკვეთში ანუ 3-დღიანი სანკტ-პეტერბურგის სამიტის დროს. უნებლიედ იბადება კითხვა – არის თუ არა აშშ-ს ზიგზაგური პოლიტიკა მარტო პრეზიდენტის ბრალი?

ცხადია პრეზიდენტზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ მის მიერ შერჩეული გუნდი რომ რადიკალურად გამოიყურება, ფაქტია. მათი დამსახურებაა ის გაუაზრებელი, ხშირ შემთხვევაში კონფრონტაციული პოლიტიკა, რასაც აშშ-ი აქვს ადგილი და რაც ნეგატიურად აისახება მთელს მსოფლიოზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი