21.12.2024

ჩინეთის მაგალითით აღფრთოვანებული

სულ ახლახანს, ქართული მედია გვაუწყებდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაიში, სადაც ის გაეცნო თავისუფალი ეკონომიკური ზონის მუშაობას. პრესა აღნიშნავდა, რომ შანხაი ჩინეთში პირველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონაა, რომლის ტერიტორია 120 კვ.კილომეტრს აღემატება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს განიხილეს შანხაის თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონის გამოცდილების გაზიარების, საქართველოში უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და სხვადასხვა პროფილის საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები.

შანხაის თავისუფალი ზონის გამოცდილება მალე სხვა პროვინციებმა და ქალაქებმა აიტაცეს, რამაც დადებითად იმოქმედა ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე.

ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სავაჭრო-ეკონომიკური თავისუფალი ზონების მუშაობა სულ ახლახანს ანუ 2-3 წლის წინათ დაიწყო და დღეს უკვე წარმატების ნაყოფს იმკის. თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩინური ისტორია გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და დღემდე ნაყოფიერად ვითარდება. მან ჩინეთის მთელი რიგი პროვინციები მოიცვა და ერთ დროს ჩამორჩენილ მხარეებს, თავისუფალი ეკონომიკური ზონების მიერ მოტანილი სიკეთეები აგემა.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემქმნელი სულაც არ არის ჩინეთი. მან ეს გამოცდილება დასავლეთიდან, ამერიკა-ევროპიდან გადაიღო, მაგრამ ჩინური პრაგმატულობა შთაბერა, რამაც არა მარტო რომელიმე პროვინციას, რომელიმე ზონას მოუტანა წარმატება, არამედ მთელ ჩინეთს. განსაკუთრებული წინსვლა დაფიქსირდა შანხაიში, გუანდუნის პროვინციაში – კერძოდ ქალაქებში გუანჯოუ, შენჩჟენი, ჯუხაი და სხვა.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩინურმა ვარიანტმა დიდი ინტერესი გამოიწვია დასავლეთში, იმ დასავლეთში, საიდანაც ჩინეთმა გადაიღო ეს წამოწყება და ახლა მან (დასავლეთმა) დაიწყო ჩინურ მოდელზე დაფუძნებული თავისუფალი ზონების გამოცდილების თავიანთან დანერგვა. ერთი სიტყვით, მუყაითი მოსწავლე, მასწავლებლად გადაიქცა. ჩინური გამოცდილება სხვა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

შენჩჟენის თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ და იქ მიღწეულმა თავბრუდამხვევმა წარმატებებმა გასული საუკუნის 90-იანი წლების ელექტრონულ-ბეჭვდითი მედია დაიპყრეს. სპეციალური გადაცემები მიეძღვნა ამ მართლაც ეკონომიკურ სასწაულს, განსაკუთრებით ქ.შენჩჟენის. რატომ შენჩჟენის და არა შანხაის?

უპირველესად იმიტომ, რომ შანხაი ძველი, ისტორიული ქალაქია, უფრო სწორად 25-მილიონიანი მეგაპოლისი, განვითარებული ინფრასტრუქტურით, სადაც თავისუფალი ზონის დაფუძნება არცთუ ძნელი იყო – არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით. გაცილებით ძნელი, თითქმის წარმოუდგენელი იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების პატარა მეთევზეთა სოფლის (3000 მაცხოვრებლი) გარდაქმნა თანამედროვე, 7-მილიონიან ქალაქ შენჩჟენად.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის სიკეთეები თუ რომელიმე ჩინურმა ქალაქმა იგემა –  ეს შენჩჟენია – გუანდუნის პროვინციის ახალი ქალაქი. გუანდუნის პროვინცია ცნობილია თავისუფალი ეკონომიკური ზონებით და ამ თვალსაზრისით სამეცნიერო ცენტრებით.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობა მტკიცედ უკავშირდება სამეცნიერო კვლევებს, მეცნიერულ გათვლებს, პრაქტიკულ-თეორიული ცოდნა-გამოცდილების ერთმანეთთან შეჯერებას. თავისუფალი ეკონომიკური ზონების არსებობამ ასლან აბაშიძის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ყურადღება მიიპყრო და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მის დასაფუძნებლად.

საქართველოს პარლამენტში მყოფ აჭარის დეპუტატებს დავალებაც მიეცათ თავისუფალი ზონის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით თბილისელი კოლეგების დაინტერესება. იყო მაშინდელ პრეზიდენტთან შევარდნაძესთან საუბარიც. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტი შევარდნაძე გაეცნო თავისუფალ-ეკონომიკურ ზონას, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შევარდნაძემ გადაწყვიტა ჩინური გამოცდილების საქართველოში გადმოტანა, მაგრამ …

ვიზიტის დროს ნანახმა დადებითმა ემოციებმა და აპარატის „ბედოვლათთა“ ანტაგონისტური განწყობით გამოთქმულმა საწინააღმდეგო ნალაპარაკმა, არათუ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, არამედ საკუთარი თავიც დაავიწყა შევარდნაძეს. ე.წ. ეკონომისტები დაბეჯითებით უმტკიცებდნენ მას, თუ რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ბათუმის პორტის პატარა მონაკვეთზე – ოფშორულ ზონას, ფულის გათეთრებას, ყველა საშინელებას, რასაც ჰქვია „შავი“ ფული და ა.შ. ზოგი „ეკონომისტი“ იმასაც  ამბობდა – თავისუფალი სავაჭრო ზონა უკვე გვაქვსო (მათ თბილისის აეროპორტის „დიუტი ფრი“ ჰქონდათ მხედველობაში).

შევარდნაძეს დაავიწყეს თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონა ე.წ. საქართველოს „კეთილისმსურველებმა“, მაგრამ აბაშიძემ ვერადავერ დაივიწყა ჩინური „საშინელება“. და რომ მას (პროექტს) აჭარაში ფრთები შესხმოდა, გადაწყვიტა ჩინეთს წვეოდა.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს დახმარებით შევიმუშავეთ ვიზიტის პროგრამა, ცხადია გუანდუნის პროვინციის მონახულებით. გავეცანით თავისუფალ-ეკონომიკური ზონების ქალაქებს გუანჯოუს, შენჩჟენს, ჯუხაის, რამაც უდავოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. გუანჯოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გადაწყდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის მეცნიერ-სპეციალისტების მოწვევა აჭარაში და კანონპროექტის შემუშავება.

ჩინელი სპეციალისტები, ჩვენი ვიზიტის დამთავრების შემდეგ, ორი კვირის თავზე ჩამოვიდნენ აჭარაში და დავიწყეთ მათთან ერთად კანონპროექტზე მუშაობა. კანონპროექტი არა მარტო აჭარისთვის იყო გამიზნული, არამედ საქართველოსთვის.

2002 წლის შემოდგომის სესიაზე პროექტი გავიტანეთ პარლამენტის სხდომაზე. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც საკუთარი თვალით ნანახიც არ ჰქონდათ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, დაბეჯითებით ამტკიცებდნენ ზონების მიუღებლობას საქართველოსთვის, რასაც „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო უმრავლესობაც იზიარებდა. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი ჩავარდა – ისე, როგორც ყოველთვის პოლიტიკამ სძლია ეკონომიკას. არადა კანონპროექტი, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ყოფილიყო ინიცირებული, უდავოდ გავიდოდა, მაშინ აღმასრულებლებიც და კანონმდებლებიც ერთსულოვანნი იქნებოდნენ პროექტის კანონად გადასაქცევად.

ჩინელი სპეციალისტები, რომლებსაც კანონის ჩავარდნა შევატყობინეთ, გაოცებული დარჩნენ. ისინი არ მოელოდნენ უარყოფით შედეგს, რამეთუ უარი ნიშნავდა მაზოხისტურ გადაწყვეტილებას. ჩინელი სპეციალისტები მზად იყვნენ პრაქტიკული მოქმედებების დასაწყებად – ჯერ აჭარაში, შემდეგ მთელს საქართველოში.

2002 წლიდან (რომ აღარფერი ვთქვათ 1996 წელზე – საქართველოს პარლამენტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის თემის დასმაზე) 14 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩინეთი არაერთმა სახელმწიფო დელეგაციამ მოინახულა. დელეგაციის ყველა წევრზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვე ჩინეთი, მისი ეკონომკური წინსვლა, რაც გარკვეულწილად სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას უკავშირდება. აღვფრთოვანდებით, ისე, როგორც ქუმსიშვილი, ჩამოვალთ და უმალ ვივიწყებთ ნანახს.

14 წელიწადი განა საკმარისი დრო არ იყო თავისუფალი ზონის შესაქმნელად?! ერთი სახელმწიფო ვიზიტი არ უნდა ყოფილიყო რაღაცის მომტანი?! მაგრამ როდესაც ვიზიტი-ვიზიტისთვის ხორციელდება და არა პრაქტიკული საქმისთვის – იმ ქვეყანას არაფერი ეშველება.

საქართველოს ხელისუფლებამ იქ უნდა იაროს, სადაც რაღაცას ისწავლის და საკუთარ ქვეყანაში გადმოიტანს, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება საქმისადმი არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე. 1979 წელს ჩინეთის ლიდერმა დენ სიაოპინმა ბრძანა: „არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის არის კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“, რაც აიტაცა პრაგმატულმა ჩინელმა და თითზე ჩამოსათვლელ წლებში ჩამორჩენილი ქვეყანა, პირველ სახელმწიფოდ გადააქცია.

ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდი ჩინური სასწაულის შესახებ – იმ აღმშენებლობაზე, რასაც ჩინეთში აქვს ადგილი, მაგრამ ჩინეთი მარტო შინ არ აშენებს. ის რახანია მთელს მსოფლიოს არის მოდებული. 2014 წლამდე ჩინეთი სწრაფი ტემპით შენდებოდა. რად ღირს თუნდაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და გრძელი რკინიგზა, საავტომობილო გზები, ყველაზე დიდი კაშხლები და გრძელი ხიდები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები. ჩინეთმა მოსავლიანობა თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების დარგში გაასამმაგა. მან შექმნა საშუალო ფენა. ამჯერად ჩინეთი ასრულებს მისი ლიდერის სი ძინპინის მიერ დასახულ გეგმას – მთელი მსოფლიოს ათვისება.

ჩინეთში, ყოველი 10 წლის შემდეგ, ხდება ხელმძღვანელობის ცვლა. მოდის ქვეყნის ახალი მეთაური, პრემიერ-მინისტრი, სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე (პარლამენტი), მინისტრები, … ახალმოსული მეთაური და მისი გუნდი აცხადებს ქვეყნის განვითარების ახალ გეგმას. 2013 წელს სი ძინპინმა გამოაცხადა ჩინეთის განვითარების ახალი პრინციპები – „ახალი ეკონომიკური ნორმა“, რომელიც გულისხმობს ჩინური კაპიტალის ექსპორტზე გადასვლას; ახალ მსოფლიო საფინანსო სისტემის შექმნას – ჩინური იუანით, გამაგრებულით ოქროს მარაგებით; აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემიდან და დასავლეთის სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან ფასიანი ქაღალდების შეძენას; ჩინეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების შემცირებას, სახელმწიფო ბანკების როლის შენარჩუნებას, როგორც ფუძის უცხოეთში ინვესტიციების განხორციელებისა.

ასე დაიბადნენ ჩინური მეგაპროექტები, მათ შორის „ახალი აბრეშუმის გზა“. მიზანი –  გამოეყენებინათ არასათანადოდ რეალიზებული, ჩინეთში არსებული, ფინანსურ-მწარმოებლური სიმძლავრეები. აქედან გამომდინარე, ჩინეთი ზრდის უცხოეთში ინვესტიციებს 744 მილიარდი დოლარიდან, 2 ტრილიონ დოლარამდე 2020 წლისთვის. გასულ წელს 18 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ჩინეთმა ევროკავშირში – ერთობლივმა ტვირთბრუნვამ 615 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჩინეთი ახორციელებს აფრიკაში აეროპორტების, რკინიგზების და საავტომობილო გზების მშენებლობას, რათა ერთმანეთთან დააკავშიროს აფრიკის 54 სახელმწიფო. აფრიკის მიმართულებით ჩინეთს 2000 პროექტი აქვს შემუშავებული – სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სამთო მრეწველობის დარგების გასავითარებლად.

ჩინეთმა დაიწყო პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა უცხოეთში, კერძოდ ჯიბუტში, ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან, წითელი ზღვის შესასვლელში. ეს გზა არის მთავარი სატრანზიტო გზა ნავთობის ტანკერების, საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, ინდოეთის ოკეანიდან ევროპისკენ.

ჩინეთი არის მთავარი ნიკარაგუის არხის მშენებლობაში, რომლითაც მოხდება ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების დაკავშირება. მისი სიგრძე 250 კილომეტრი იქნება, სიღრმე – 27 მეტრი, სიგანე – 226-530 მეტრი. არხის გახსნის შემდეგ მასზე მოვა არსებული  მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების 3,9%. მშენებლობა 40 მილიარდი დოლარი დაჯდება. სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტების ავტორი და შემსრულებელია ჩინეთი, რაც მას გადააქცევს მსოფლიოს პრაქტიკულ ლიდერად.

აღნიშნული მაგალითბი მიგვანიშნებს ჩინეთის როლზე მსოფლიოში, მის სიძლიერესა და პრაგმატიზმზე. თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონების პროექტზე მომუშავე ჩინელი სპეციალისტები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მათ ექნებოდათ შესაძლებლობა ფართო, მრავალმხრივი საქმიანობა გაეჩაღებინათ აჭარასა და მთლიანად საქართველოში დაფუძნებულ თავისუფალ-ეკონომიკურ ზონებში. ეს, რომ განხორციელებულიყო, საქართველოში, დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა, მაგრამ იმჟამინდელმა საქართველოს პარლამენტმა პროექტი ჩააგდო, ცხადია შიდა პოლიტიკური კინკლავის გამო. თუ ვინ დარჩა დაზარალებული – პატივცემულმა მკითხველმა განსაზღვროს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.