ერის კულტურა, ისტორია, სულიერება მარტო სადღეგრძელოებში არ გამოიხატება

უღიმღამოდ ჩაიარა გასულმა წელმა, ისე, როგორც ადრეულმა წლებმა. არაფრით იყო გამორჩეული ის – 2015 წელი, 2014, 2013 წლებისგან. 2012-ზე ამას ვერ ვიტყვით. მან მტარვალი ხელისუფლება მოგვაშორა – წურბელა, გამომძალველი, ბოროტი, სისხლისმსმელი.

2003 წელიც გამორჩეული იყო – მუქთახორა, ღორმუცელა, ბრიყვი ხელისუფლების ჩამოშორების წელი. მანამდე კი იყო რევოლუციური შემართების, დიდი ოცნებებისა და იმედების 1990 წელი – საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების წელი და 1991 – ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის წელი.

ოთხი ხელისუფლება შეიცვალა 25 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში – ერთი მეორეზე „უკეთესი“, თანაც ისეთი, ყველას წასვლას რომ ნატრობდა ქართველი. ნატრობდა იმიტომ, ახალს, ყოფის გაუსაძლისობასთან რომ აკავშირებდა. საქართველოს მოსახლეობას არც ერთი ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა არ ჰქონია – დასაწყისში, მაგრამ ერთი წლის გავლაც საკმარისი იყო, კეთილი განწყობის შესაცვლელად. ხალხის სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ერთი დამახასიათებელი ჰქონდა – ნეგატიური, რაც თავისთავად მეტყველებს ცუდ არჩევანზე.

ნაბოძები დამოუკიდებლობიდან დღემდე, ამომრჩეველი ისეთ არჩევანს აკეთებს, უმალ თვით, რომ აღარ მოსწონს და არა იმიტომ, არჩეული, ბეჯითი, მუყაითი, თავდადებული პატრიოტი, მცოდნე და სამართლიანია და ამას ვერ ხედავს, არამედ – პირიქით. ამომრჩეველი, ყველა ჩამოთვლილის არარსებობასთან ერთად არჩეულს ღორმუცელობას, უცოდინრობას, თავხედობას აბრალებს.

ნათქვამია, დრო განსჯის ხელისუფლების ნახელავს და თავის ადგილს მიუჩენსო. სწორედ დროის ფაქტორს უნდა მიეწეროს გამსახურდიასა და შევარდნაძის მმართველობის პოზიტიურ ჭრილში გახსენება, რაც მათი არსებობის პერიოდში დეფიციტი იყო. მაგრამ აქვს თუ არა საყოველთაო პოზიტიურ გახსენებას ადგილი? ნამდვილად არა! გამხსენებლები იმ ხელისუფალთა მონაწილენი, ახლობლები, ნათესავები არიან და არა მოსახლეობა, რომელიც რისხვით იხსენებს მათ. დადებითად იხსენებენ სააკაშვილის ხელისუფლებასაც – მეტადრე „ნაცები“, მათი ოჯახის წევრები, „ნაცთა“ მიერ დაპურებული აქტივისტები, მაგრამ არა ხალხი. და იხსენებენ იმიტომ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ იმედები გაუცრუათ.

25-წლიანი ისტორია ასეთ ჭეშმარიტებას გვკარნახობს – გსურს კარგად გაგიხსენონ, შეეცადე შენზე ცუდი მოიყვანო ხელისუფლებაში. მართალია, სააკაშვილს „ოცნება“ შემცვლელად არ მოუყვანია, თვით აპირებდა სხვა ამპლუაში ხელისუფლებაში სამარადისო ყოფნას, მაგრამ მისმა ღორმუცელობამ შეუწყო ხელი ივანიშვილის გაღმერთებას.

პოლიტიკური კინკლავის, გაუსაძლისი ცხოვრების, ომების მიუხედავად საბჭოთა ჩარჩოებიდან გადმოსული ქვეყანა აგრძელებდა არსებობას – დიდის გაჭირვებით, წელებზე ფეხის დადგმით, შიმშილით, მაგრამ მაინც. ახალფეხადგმულმა, თვალგახელილმა ქვეყანამ, საბჭოეთის დროს აკრძალული ხილისკენ იწყო ყურება. ევროატლანტიკური სვლა-გეზი მისი ცხოვრების უმთავრეს მიზნად გადაიქცა, რამაც კარდინალურად შეცვალა არა მარტო საკუთარი წარსულისადმი დამოკიდებულება, არამედ აწმყოსა და მომავლისადმი.

სწრაფმა ტრანსფორმაციამ ორად გაყო საზოგადოება – დასავლეთის მაქებრად და ძველის მადიდებლად. ძველში, რუსეთიც იგულისხმება. პირველისთვის – ყველაფერი დასავლური მისაღებია, მათ შორის გეი-პარადები და ერთსქესიანი ქორწინებაც; მეორისთვის – მხოლოდ ტრადიციები, ყოველივე ქართული, სუფრიდან, თამადობიდან დაწყებული, ჭეშმარიტი თბილისელობით დამთავრებული.

პირველი – არ უსმენს მეორეს, უფრო მეტიც, მას არაფრად აგდებს. მეორე კი, გულგახეთქილი, იმედდაკარგული უსმენს პირველს და სასოწარკვეთილს ვერაფერი გაუგია, რამ გამოიწვია მისი შვილების ტრანსფორმაცია. მეორე ცდილობს ხმა მიაწვდინოს პირველს, მაგრამ ამის საჯარო, მედიური საშუალება არ გააჩნია. რაც აქვს, შეზღუდულია. პირველს, ხელისუფლებასთან ერთად, ის ბერკეტებიც უპყრია ხელთ, მედიური პროპაგანდა რომ ჰქვია.

არც ერთს არ სურს პოზიციის შეცვლა. ორივეს მიაჩნია, რომ სწორედ მისი გზაა საყდრისკენ მავალი. მეორის ამოჩემებასთან დაკავშირებით გავიხსენებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ გადაცემას, სადაც წამყვანი და მიწვეული სტუმარი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ რა საამური ცხოვრება იყო თბილისში; რა შესანიშნავი თბილისელები ალამაზებდნენ ქალაქს; რომ თბილისელობა ნიშნავს კაცობას, სიკეთეს, ერთმანეთის გაგებას, გატანას, სიყვარულს და ა.შ.; რომ იყო შესანიშნავი ქართული სუფრა, ბრწყინვალე სადღეგრძელოებით, სიმღერებით, ლექსებით; რომ ის იყო თბილისი და არა ეს; რომ იმ თბილისში ცხოვრება სურს ორივეს (წამყვანს და მიწვეულს) და არა პარიზში, ნიუ-იორკში, სხვა ცნობილ ქალაქში.

და იყო ერთი ხოტბა, ატეხილი ეთერში – წარსული ცხოვრებისა და ბედნიერებისა, რომელიც ვერაფრით დაბრუნდება. იმ თბილისის გამეორებას, ისეთი პერსონაჟების გამეორებაც სჭირდება, როგორებიც იყვნენ – ქართლოს კასრაძე, ნიაზ დიასამიძე, ოთარ რამიშვილი, ამირან დუმბაძე (დიდი დამრტყმელი), სიმონიკა სხირტლაძე (დიდი თამადა), სხვა მრავალი.

უსმენ ამ ორის საამო საუბარს, უკვე წარსულს, ისტორიაში ჩაკარგულს – მრავალჯერ გამეორებულ სიტყვა „სუფრას“, „სადღეგრძელოს“ და გრძნობ, რომ ეს ლაპარაკი სტუდიაშივე დალევს სულს; რომ მას ის პირველი, ზემოთ რომ ვახსენე, არათუ მოუსმენს, წამითაც არ შეხედავს. და არ შეხედავს მიზეზთა გამო, თანაც ობიექტურ მიზეზთა.

მიუხედავად აბურდული ცხოვრებისა, 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა აზროვნებაც, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. სიწმინდე, რომელზეც ორი ლაპარაკობდა, ისტორიას ჩაბარდა. ის ფულის კულტმა ჩაანაცვლა. ლოზუნგი – „ეთაყვანე ყოველივე ამერიკულს“ – სათაყვანებელი გახდა, ხოლო დოლარი – ცხოვრების სანთელ-საკმეველი. პრაქტიციზმმა შეცვალა უწინდელი „ადამიანურ-კაცური“ ურთიერთობები. დროში გაჭიმული ქართული სუფრები, გაჭიმული „ბრწყინვალე“ სადღეგრძელოები, საქმიანმა სადილმა და ვახშამმა, „ალა-ფურშეტმა“ ჩაანაცვლა.

ცხოვრების ტემპმა წალეკა ყოველივე წარსული და რომანტიული. მის ნაცვლად მოვიდა პრაგმატიზმი, გაუტანლობა, მოტყუება, ფულის გულისთვის ხოცვა, ხელისუფლებაში მოსასვლელად ამომრჩეველთა მოსყიდვა, ერთმანეთისგან შორს ყოფნა, კარჩაკეტილი ცხოვრება.

დღეს, აღარც ქართველია ისეთი, ორი რომ ლაპარაკობდა სტუდიაში და აღარც საქართველო. ქართველმა ვერ გაუძლო გლობალიზაციას, მოურიდებლად შემოჭრილ დასავლურ ცხოვრებას, ახალ წეს-ჩვეულებებს, ფულზე და მხოლოდ ფულზე აწყობილ ყოფას და აქედან გამომდინარე „სიკეთეებს“. ის, სხვად იქცა, გაცილებით მეტ დასავლეთელად, ვიდრე თვით დასავლელი. შეცვლის მას სტუდიური შეგონება?

სუფრის, სადღეგრძელოს, თანაც „ბრწყინვალეს“ დაბეჯითებული ხსენება, ჩოხით სიარული, არ არის საკმარისი ქართული სულიერების, ცხოვრების წესის, ტრადიციების შენარჩუნებისთვის. მას სხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება – უფრო პრაქტიკული, გონივრული, საქმეზე ორიენტირებული და არა ზედაპირული, ფასადური.

ერის კულტურა, ისტორია, სულიერება მარტო სადღეგრძელოში ვერ ჩაეტევა. მას დაცვა ესაჭიროება. ომახიანი სიტყვა და არა სადღეგრძელო, საქმიანი ლაპარაკი და არა წარსულში ჩარჩენილი „ბედნიერების“ ხშირი ხსენება.

აზვირთებული ნეგატიური ტალღის შესაჩერებლად არაერთი აქტუალური თემა არსებობს – გამომზეურება რომ ესაჭიროება. ერთ-ერთი მუზეუმია – ერის კულტურის, საუკუნოვანი ისტორიის, წეს-ჩვეულებების თავმოყრის ადგილი. არის დღევანდელი მუზეუმად წოდებული კულტურის სავანე, სადღეგრძელოში ნახსენები „კულტურული ერის“ შესაფერისი?

სააკაშვილის მრავალწლიანმა მმართველობამ მასაც დაატყო „მზრუნველი“ ხელი და ისეთ დონემდე დაიყვანა, სულს რომ ღაფავს სიკვდილის წინ. სიცივე, სიცხე, ყინვა, უშუქობა, უფულობაგამოვლილმა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა რის ვაივაგლახით მოიტანა თავი სააკაშვილის მმართველობამდე და ის-ის იყო, თავი გადარჩენილად ჩათვალა, რომ ახალი შემოტევის წინაშე აღმოჩნდა – უფრო სერიოზულისა და მზაკვრულის, ვიდრე ზემოჩამოთვლილი.

სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებულმა „გამსხვილების“ ტალღამ მუზეუმებსაც გადაუარა და ისე ააწიოკა ეს სათნო საქმე, უარესს რომ მტერიც ვერ ინატრებდა. თუ შსს, საზღვრის დაცვის და დაზვერვის სამსახურების ერთ „სანდო“ ხელში მოქცევას სახელმწიფო მანქანის სერიოზული რყევა-დასუსტება მოჰყვა, მუზეუმების ერთ ხელში მოქცევას – კულტურისა და ისტორიის რყევა. სხვას ვერაფერს იტყვი ხელოვნების მუზეუმის შემხვედვარე – ერთ დროს ქართული ცხოვრების ეპიცენტრში მყოფის. ის  დღეებს ითვლის და უბადრუკ შთაბეჭდილებას ტოვებს შემთხვევით მისულ მნახველზე.

მუზეუმიო, რომ ვამბობ, მხოლოდ პირველ სართულზე განლაგებულ ე.წ. საცავს  ეხება, სადაც მე-6-ე საუკუნიდან დაწყებული უნიკალური ექსპონატებია გამოფენილი. მე-2-ე და მე-3-ე სართულები – არანაკლები საინტერესო ექსპონატებით, ფრესკებით, არტეფაქტებით, ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით დამშვენებული, აღარსად არის. რაც არის, ერთი დარბაზია – პერიოდული გამოფენებისთვის და კიდევ სამშენებლო მტვერი, უწესრიგობა, სიბნელე, მუზეუმისთვის უდავოდ შეუფერებელი ატმოსფერო.

არადა ხელოვნების მუზეუმი, განსაკუთრებით მისი საცავი, უამრავი უცხოელი ტურისტის, სახელმწიფო მოღვაწის, ქვეყნის მეთაურისთვის საჩვენებელი ღირსშესანიშნავი ადგილი იყო. საქართველოს გაცნობა ხელოვნების მუზეუმით იწყებოდა და ამ საქმეში დიდი წვლილი შეჰქონდათ მუზეუმის თანამშრომლებს.

სააკაშვილის ზერელე დამოკიდებულებამ ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, მოჭარბებულმა ზედაპირულობამ, სამუზეუმო საქმის ზედმიწევნითმა უცოდინრობამ, გააუქმა ხელოვნების მუზეუმის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მუზეუმს დაუქვემდებარა. ანალოგიურ დღეში აღმოჩნდა ქვეყნის 17 მუზეუმი.

აირია მონასტერი, სად რა ექსპონატია, ძნელი დასადგენია. იქნებ ქაოსი არის ის, რისთვისაც იღვწოდა პატივცემული მიხეილი. ქაოსმა და ამღვრეულმა წყალმა ხომ ბევრი თევზი იცის?! ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები შენობის სხვადასხვა ოთახებშია შეყრილი, ბევრი, განსაკუთრებით ფერწერული ტილოები სხვა მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებშია გატანილი.

18 მუზეუმის სათავედ – სახელმწიფო მუზეუმი ითვლება – არცთუ დიდი ხნის წინათ ჩატარებული რემონტით, ჯერაც დაუმთავრებლით, ერთობ უსახურით და მუზეუმისთვის აშკარად შეუფერებლით. მაგრამ არის ერთი „ნოვაციაც“ – საბჭოურ საშინელებათა სტაციონარული გამოფენა. უყურებ აღნიშნულ „შედევრს“ და ფიქრობ – რა აკავშირებს მას აკადემიურ მუზეუმთან?

სახელმწიფო მუზეუმის პირველ სართულზე გამოფენილი უნიკალური ოქროს ფონდი ნამდვილად საამაყოა, მაგრამ სხვა სართულებზე ძველად არსებული ექსპონატები სად გაქრა?

თანამედროვეობამ სხვა „სიკეთეებიც“ მოიტანა, თუნდაც ასეთი – სახელმწიფო გალერეაში მოდების გამოფენის ჩატარება – პროჟექტორების მოჭარბებულ შუქზე, ნიკო ფიროსმანის ნახატების წინ; მეღვინეთა ფორუმის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზებში გამართვა.

ერთი დაწესებულების ხელმძღვანელობა საპასუხისმგებლო, შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას, გამოცდილებას, შემართებას საჭიროებს. რაც შეეხება 18 დაწესებულების ხელმძღვანელობას, თანაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაბნეულის, ტიტანურ შრომას საჭიროებს, რომლის მსგავსი დედამიწაზე ჯერაც არ გაჩენილა.

რატომ ჩათვალა სააკაშვილმა ასეთ ტიტანად ლორთქიფანიძე ან რატომ ჩაითვალა მან თავი ასეთად? გაურკვეველია და ვიდრე ჩვენი პერსონაჟები ტელესტუდიის მოსაუბრენი ამას მიაქცევენ ყურადღებას, აღარც მუზეუმი იქნება და აღარც „შესანიშნავი ქართული კულტურა“. მას ლორთქიფანიძის ქარი წალეკავს ისე, როგორც სააკაშვილის ქარმა, ძველი თბილისი – უაზრო ხიდით, საბაგირო გზით, სამორინით და გაუგებარი ლითონის ორი „ტრუბით“.

მუზეუმების გარდა რამდენი საკამათო თემაა, რატომღაც თვალს რომ ვარიდებთ, არ ვლაპარაკობთ და ამ დროს „შესანიშნავი ქართული სუფრა“, „ბრწყინვალე სადღეგრძელოები“. სადღეგრძელოების ან ქართული სუფრის საწინააღმდეგო არვის აქვს, მაგრამ მხოლოდ ამაზე ლაპარაკი, აბურდულ თანამედროვეობაში, ანაქრონიზმია და როდესაც „ქართული სუფრის“ ზღაპრიდან გამოვფხიზლდებით, აღარც ქვეყანა დაგვხდება და აღარც ამ ქვეყნის შვილები. ისინი დასავლეთში გაიკრეფებიან, მათ ვერაფერი შეაკავებს – ვერც ძველი თბილისი, მისი პერსონაჟებით, ვერც თავაზიანი სიტყვა-პასუხი და მოვყვებით სხვის დადანაშაულებას, არა შინაურის, არამედ გარეულის, ვინაიდან იმის ლანძღვა შეიძლება. შინაურის (თუნდაც გამოსაფხიზლებლად) არა.

სალანძღავი ობიექტიც რახანია ამოვიჩემეთ – მეზობელი რუსეთი და ვლანძღავთ და ვლანძღავთ სულმოუთქმელად, დაუღალავად. ჩვენს ყველა ნაკლს მას ვკიდებთ ზურგზე, ისე, როგორც ონისე მწარიაშვილმა აჰკიდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

„ბრწყინვალე“ სვიმონის (მასხარაშვილი მყავს მხედველობაში) „შედევრების“ მსგავსი მოსაზრება და ისტორიული „წიაღსვლები“ არ წამიკითხავს. მწარიაშვილამდე,  თურქეთთან დაკავშირებით, მხოლოდ სააკაშვილის საჯარო განცხადება მაქვს მოსმენილი, მაგრამ ონისეული აჭარბებს  – „მსოფლიოს გამოჩენილი ექსპერტების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში ოსმალეთის იმპერია ყველაზე ჰუმანური იმპერია იყო“.

ნამდვილად ჰუმანური იმპერია იყო, რასაც დაპყრობილი ბალკანელები, სხვა ერებიც ამტკიცებენ – ოღონდ შებრუნებით.

ერთ გვერდზე ჩამოთვლილ რუსულ ისტორიულ „ბოროტებას“ ავტორი დიდსულოვნად შეუნდობს და წერს „ყველაფერი ამის მიუხედავად, საჭიროა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა“.

ონისეს „დახასიათების“ შემდეგ ვის მოუნდება რუსეთთან ურთიერთობა?! არც არავის და ვიქნებით ასე ჩახუტულები თურქეთთან, „ჰუმანურ იმპერიასთან“ – რომელსაც დიდი ოსმალეთის აღდგენის ჭია ღრღნის.

ცნობისთვის, დიდთან ჩახუტებამ, მითუმეტეს თურქეთთან, რომ სულის შეხუთვა იცის?

კარგია ისეთი ძველის გახსენება, როგორიც ეთერში მოვისმინე, მაგრამ არა სულ და მუდამ. უმჯობესია სანუკვარი საეთერო დროს იმ აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისთვის დახარჯვა, ურომლისოდაც ცხოვრება ჭირს.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.