23.12.2024

ჩინეთთან ურთიერთობის პერსპექტივები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ვიზიტმა ჩინეთში იმედის ის ნაპერწკალი გააჩინა, რაც ესოდენ ესაჭიროება დასავლეთით იმედგაცრუებულ ქვეყანას. რომ იტყვიან: „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ – ისე დაგვემართა, თუმცა ამ სხარტი გამონათქვამის არსი, მითუმეტეს ქვეყანასთან მიმართებაში მართლაცდა დაგვიანებული მოქმედების გამომხატველია.

არადა, ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომლის მიმართ ყურადღება საქართველოს ხელისუფალთ, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა, უნდა გამოევლინა. ჩინეთი იყო იმ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საელჩოც გახსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის ჟამს (ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან) სისტემატური შეხვედრები მქონდა საქართველოში ჩინეთის ელჩთან, სხვა დიპლომატებთან, რომლებიც დაბეჯითებით გვთხოვდნენ ჩინეთთან ურთიერთობის დაწყებას და პირველ ეტაპზე პეკინში საქართველოს საელჩოს გახსნა.

მათი თხოვნა ძალიან გვიან, რამდენიმე წლის გავლის შემდეგ დაკმაყოფილდა და ისიც ნაწილობრივ, ვინაიდან შესაბამისი თანხების უქონლობის გამო, საელჩოს შენობის დაქირავების ხარჯები თვით მასპინძელმა მხარემ გაიღო. დარწმუნებული ვარ, რომ არა ჩინელთა ინიციატივა, საელჩოს გახსნა არაერთი წლით დაიგვიანებდა.

დიახ, საქართველოს ბიუჯეტში არ მოიძებნა ჩინეთში საქართველოს საელჩოს გახსნის თანხები, მაგრამ გამოიძებნა სხვაგან, მაგალითად ევროპის ქვეყნებში – პრაგმატული თვალსაზრისით საქართველოსთვის ნაკლებად საინტერესოში. რატომღაც მაშინდელი ხელისუფლების ნათესავ-მეგობრებში ევროპაში „მუშაობის“ მსურველი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩინეთში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ჩინეთის შესახებ თითქმის არვინ იცოდა და ვინც იცოდა, მათი ცოდნა აშკარად შეუფერებელი იყო აღმშენებლობაში მყოფ ქვეყანასთან. ერთადერთი პიროვნება, ჩინეთში მომუშავე საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი ნიკოლოზ გულიაშვილი იყო, რომელიც თბილისში ყოფნის დროს ჩასჩიჩინებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. მახსოვს მისი სიტყვები: „ჩემი სახლის ფანჯრიდან რომ ვიყურები, თავი ნიუ-იორკში მგონია“. მას ზეცაში ასვეტილი მინისა და ბეტონის ცათამბჯენები ჰქონდა მხედველობაში და მასთან ერთად აღმავლობის გზით მავალი ეკონომიკური მაჩვენებლები.

გულიაშვილმა სიტყვას საქმეც მოაყოლა და პირველი ჩინელი ბიზნესმენები აზიარა საქართველოს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალთა ვიწროკუთხურმა აზროვნებამ და საკუთარ გამორჩენაზე ფიქრმა (ნაკლებად სახელმწიფოზე), კარგი წამოწყება უყურადღებოდ დატოვა.

ნაკლებეფექტიანი გამოდგა პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი ჩინეთში, მისი აღფრთოვანება თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონებით, სურვილი, მსგავსის საქართველოში შექმნის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ეიფორიამაც გაიარა და რაღაცის კეთების სურვილმაც.

იყო ერთი ვიზიტიც – აჭარის მეთაურის აბაშიძის – კონკრეტული საქმით – ჩინელი სპეციალისტების მოწვევით და მათთან ერთად თავისუფალი ეკონომიკური ზონების კანონპროექტის შემუშავებით. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩინური მხარე მზად იყო ფართომასშტაბიანი ინვესტიციებისა და ბიზნესურთიერთობებისთვის. პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

სხვა ვიზიტებიც იყო, მაგრამ უშედეგო. დრო გადიოდა. ორ ქვეყანას შორის კავშირები ხალხის დონეზე ფართოვდებოდა. იხსნებოდა ახალი ჩინური მაღაზიები, რესტორნები. ინვესტიციები (ცხადია მცირე) იდებოდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, ქართველ ვაჭრებს შემოჰქონდათ მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი და ა.შ. საერთო ჯამში, იცვლებოდა (უკეთესობისკენ) ჩინეთზე წარმოდგენაც. დღეს, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა იზიდავს ქართველობას, რაც მისასალმებელია.

ქართულ პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში გაჩნდა ახალი იმედი მძლავრი სახელმწიფოს თვალსაზრისით, რომელიც შეძლებს საქართველოს დაცვას, მის შეკედლებას და დაპურებას. რომ იტყვიან, ერთი უკიდურესობიდან – ოთხმოცდაათიანი წლების იგნორირებიდან, მეორე უკიდურესობაში ვვარდებით ანუ „ჩინეთი დაგვიცავს“, რაც არ არის გასაკვირი პატარა ქვეყნის მხრიდან. მაგრამ იმაზე ხმამაღლა ფიქრი, რომ ჩინეთი, რუსეთს, ჩვენს თავს არ დააჩაგვრინებს – ერთობ გადაჭარბებული ოცნებაა.

საქართველოს რკინიგზით პირველი ჩინური ტვირთის გატარებამ აღძრა მსგავსი ოცნება, რასაც პოლიტოლოგთა „შორსმიმავალი“ ოცნებაც დაემატა. „კეთდება ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი პეკინიდან-ევროპამდე და ეს ხაზი საქართველოზე გადის. თუ ჩინეთისთვის „აბრეშუმის გზის“ ხაზი მნიშვნელოვანია, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებაზე უკვე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს. პროცესი, რომელსაც რუსეთის საფრთხის შემცირება ჰქვია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არ დაგვჭირდეს. ამ ცვლილებებით საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდება არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წონის მოპოვების მხრივ, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ცივილიზებული, უსისხლო აღდგენის მხრივ“, – რამაზ საყვარელიძე.

მართლაცდა, სასიამოვნო ოცნებაა, მაგრამ თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, ერთობ აბსტრაქტული საქართველოსთან მიმართებაში. და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ჩინეთს თავის მეზობლებთან აქვს მწვავე დაპირისპირება ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასეთ დროს, ის ახალ პრობლემას არ შეიქმნის რუსეთთან – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

გარდა ამისა, „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთზე გადის და ამ თვალსაზრისით მრავალი პროექტი (საავტომობილო, სარკინიგზო) წარმოების პროცესშია. ამ პროექტებზე რახანია რუსეთ-ჩინეთის სამთავრობო კომისიები მუშაობენ. მოსკოვ-ყაზან-პეკინის სწრაფმავალი რკინიგზის პროექტი, პროექტი აღარ არის, ნაწილობრივ მშენებლობის პროცესშია და რაც მთავარია მოსკოვ-პეკინის ურთიერთობები ისეთია, რომ მას პატარა საქართველოს თემა ვერ შეცვლის.

ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, მისი მხრიდან ითქვა ის, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ხოლო ამ მიმართულების საკვანძო ქვეყნად საქართველო მოიაზრება.

კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში საქართველო საკვანძო ქვეყანა არ არის, ერთ-ერთი მიმართულებაა სხვა მარშრუტებთან ერთად. როგორც აღვნიშნე, მთავარი გზა (გზები) ცენტრალური აზიისა და რუსეთის ტერიტორიებზე გადის. „აბრეშუმის გზა“ პაკისტანის, ინდოეთის, ირანის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზეც გადის და არა მარტო მათზე, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა უდავოდ წაადგება საქართველოს და თუ მასზე ჩინური ტვირთებიც გაივლის, მით უკეთესი. მაგრამ მასთან საქართველოს ყველა პრობლემის მოგვარების დაკავშირება მეტადრე ოცნებაა, ვიდრე რეალობა. რა არის რეალობა?

რეალობაა – ირან-აზერბაიჯანის რკინიგზათა შეერთება, რომელიც თავისთავად რუსეთს უკავშირდება, ხოლო რუსეთის გავლით – ევროპას. ამ გზას ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი ჰქვია, რომელიც საავტომობილო გზათა კავშირის არსებობით, რახანია მოქმედებაშია. ჯერი ამჯერად რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობაზეა – ირან-აზერბაიჯანს შორის. მშენებლობის დაფინანსებაში ჩინეთის კაპიტალიცაა ჩადებული.

რკინიგზის ამოქმედებით აზერბაიჯანი სპარსეთის ყურეში გადის და უკვე ზღვით უკავშირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, აფრიკას, სხვას. შეიძლება თუ არა ამ რკინიგზისა და ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის გამოყენება „აბრეშუმის გზისთვის“? – ცხადია, შეიძლება, მაგრამ გაცილებით მომგებიანი იქნება ირან-სომხეთის რკინიგზის შეერთება და მასზე საქართველო-რუსეთის მიბმა.

სომხეთ-ირანის რკინიგზების შეერთებაზე აქტიურად მუშაობს სომხეთის მთავრობა. მან ინტერესი გაუჩინა ჩინურ მხარეს სომხეთის მონაკვეთის მშენებლობაში ფულის ჩადებასთან დაკავშირებით. ჩინეთი მშენებლობის ინვესტიციის 60%-ს უზრუნველყოფს. ამ რკინიგზას ჭარბი პერსპექტივა მაშინ გაუჩნდება, როდესაც საქართველო-რუსეთის რკინიგზასთან შეერთდება. რუსეთის მხარის პოზიცია, რკინიგზის ძველი ხელმძღვანელობის დროს (იაკუნინი) ნეგატიური იყო. რა იქნება ახალი ხელმძღვანელის პირობებში, სულ მალე გახდება ცნობილი.

სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, რაც თავისთავად სტიმულს მისცემს ამგვარ პროექტს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა სატრანზიტო საშუალებას, რაც გონივრულად არის გამოსაყენებელი. თბილის-სომხეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენა სწორედ გონივრული გადაწყვეტილების ნაყოფი იქნება.

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კარგია, მაგრამ არცთუ სანდო, ვინაიდან თურქეთის იმ ტერიტორიაზე გადის, სადაც ქურთები ცხოვრობენ. ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის აღორძინებული დაპირისპირება სერიოზული თავსატკივარი იქნება რკინიგზის შეუფერხებელი მუშაობისთვის. არ არის გამორიცხული მანაც ისეთივე ტერორისტული აქტი იგემოს, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენმა.

ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სატრანზიტო ფუნქციის გამყარება მნიშვნელოვანი რამაა. ძნელია დაეთანხმო იმათ, ვინც ტრანზიტში უფრო მეტ ნეგატივს ხედავს, ვიდრე პოზიტივს. თუ სხვა ქვეყნის ისტორიას შევავლებთ თვალს ტრანზიტთან დაკავშირებით, დავინახავთ, რა დაბეჯითებით იბრძვიან ისინი ამ სტატუსის მოსაპოვებლად. რაღა შორს წავიდეთ, უკრაინის მაგალითიც კმარა. ეს ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამარადისოდ შეინარჩუნოს ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო ფუნქცია.

გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც საქართველოს ღმერთმა არგუნა, საზრიანი გამოყენება ესაჭიროება, რომლის დროს უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ოცნებები ვიღაცის ფრთებს ქვეშ შესაყუჟებლად, იმ „ვიღაცის“ ჩვენთვის ნაცნობი მტრის წინააღმდეგ ამხედრება. ამგვარი ფიქრი და ოცნება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, ტყუილად აფიქრებინებს მას ვიღაცის მოიმედეობაზე. ასეთი იმედით არსებობამ თუ რა მოგვიტანა ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მოსახლეობა უნდა შეეგუოს აზრს, რომ მის გასაკეთებელ საქმეს არვინ გააკეთებს.  

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.