სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში უპირველესად იმით იყო აღსანიშნავი, თუ რა შეფასება მისცა მან აზერბაიჯან-დასავლეთის ურთიერთობებს. ჩვენთვის ამ განცხადებებს არავითარი საგნობრივი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სხვაზე ვფიქრობთ ანუ დიამეტრალურად განსხვავებულზე, ალიევის პოლიტიკისგან.

„ჩვენთვის“, რომ ვამბობ, არც პატივცემულ მკითხველს ვგულისხმობ და არც საკუთარ თავს – ღმერთმა დაგვიფაროს ვიწრო აზროვნებისგან. ხელისუფლება მყავს მხედველობაში.

ალიევის ვიზიტის მთავარი მესიჯი ის იყო, რაც მან გაახმოვანა და ნაკლებად ის, რაც მან ენერგოთანამშრომლობაზე თქვა. აზერბაიჯანი და საქართველო რახანია სტრატეგიული პარტნიორები არიან და უფრო მეტიც. მარნეულის რაიონში სტუმრის ჩასვლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მჭიდრო ურთიერთობას. „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ისინი საუკუნეებია, ცხოვრობენ ამ მიწაზე და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ყოფაზე“, – თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ თვით ქართველები?

ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის დროს, ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აგრძნობინა ხალხს, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია. რაც შეეხება ფსევდო-დამოუკიდებლობას – უხვად გვაქვს – სიტყვებით, ენის უაზრო ტრიალით, უწერტილ-მძიმო ლაქლაქით და თავხედური გამონათქვამებით – უცხოური ტერმინოლოგიით გაჯერებულით. ჩვენისთანა „დემოკრატიული“ ქვეყანა არათუ რეგიონში, მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

მეტიჩარა ქართველი „პოლიტიკოსების“ და მათზე მეტად მეტიჩარა არასამთავრობოების ნათქვამი, უფრო სწორად თუთიყუშის მსგავსად გამეორებული უცხოური „სიბრძნე“, „ბრძენი“ დასავლელები რომ გვამეორებინებენ და ასე „იოლად“, უშრომველად გვიქმნიან დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს, მეტი არაფერია დაემონო დასავლეთს.

იქნები ასეთი, დაგაფასებს ამერიკა-ევროპა, ბუშის მსგავსად „დემოკრატიის შუქურასაც“ გიწოდებს და თუ გეი-პარადს ჩაატარებ, მითუმეტეს ერთსქესიან ქორწინებას, ჩვენისთანა დემოკრატი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ იქნება. უკრაინაში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქალბატონმა მოგერინიმ უსაყვედურა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ტოლერანტობის კანონის არმიღების თაობაზე და აღუთქვა – ვიდრე არ მიიღებთ, ვიზალიბერალიზაციას ვერ ეღირსებითო. ჩვენ რახანია მივიღეთ. ასე რომ – თავი ქუდში გვაქვს.

ვირტუალურ სატყუარას აყოლილი, თავს ნამდვილ დემოკრატად მივიჩნევთ – გამუდმებით (უკვე მერამდენე დღეა) ვჭიხვინებთ, „რუსთავი-2“-ის, პატრონისთვის დაბრუნებას ვაპროტესტებთ; თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის საბოლოო ჩახშობააო – ვაცხადებთ. საინტერესოა, როდის აქეთ გახდა „რუსთავი-2“ თავისუფალი სიტყვის მებაირაღე? იქნებ იქიდან დაწყებული, ტელეკომპანია „იმედს“ რომ არბევდა ხელისუფლება და ხმას არ იღებდა ან იქნებ 26 მაისის ღამეს, პოლიცია რომ ხალხს ხოცავდა პარლამენტის შენობის წინ?

საქართველოს „დემოკრატია“ ჰქვია, ყველა იმ ჩადენილი დანაშაულის, აშკარად არადემოკრატიულის მიუხედავად, ვინაიდან მისი ხელისუფლება 25 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს, ისე, როგორც ნებისმიერი გაწვრთნილი ცხოველი ცირკში.

დიახ! ჩვენ ვართ „დემოკრატები“, ამერიკა-ევროპის შეფასებით, ხოლო აზერბაიჯანი არის „არადემოკრატი“, დიქტატორული ქვეყანა.

ჩვენ, „დემოკრატებმა“ 25 წელიწადი მრავალპარტიულ ენის ტრიალში დავხარჯეთ, ვერც ქვეყანა ავაშენეთ და ვერც ხალხს მივეცით სიდუხჭირიდან ამოსვლის შესაძლებლობა. „დიქტატორულმა“ აზერბაიჯანმა ბევრი იშრომა საკუთარი ცხოვრების ასაშენებლად, საკუთარი ქალაქებისა და სოფლების დასამშვენებლად, საკუთარი კულტურის და მენტალიტეტის გასაძლიერებლად, საკუთარი ხალხის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

„აზერბაიჯანს ნუ ვედრებით – მას ენერგომატარებლები აქვს“, – ამბობენ ჩვენი „ბრძენი“ „პოლიტიკოსები“. აზერბაიჯანს გაზი და ნავთობი აქვს, მაგრამ საქართველოს სატრანზიტო გზის გარეშე, ეს სიმდიდრეები – ნახევარსიმდიდრეები იქნებოდა. საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა შესძინა აზერბაიჯანს საერთაშორისოს ტიტული.

აზერბაიჯანი თუ ენერგომატარებლებით არის მდიდარი, ჩვენ სატრანზიტო დერეფნით ვართ მდიდარი და ვიდრე აზერბაიჯანს სხვა მარშრუტი არ აურჩევია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად, ამასთანავე ახალი სატრანზიტო გზების მოსაძიებლად. ერთ-ერთი ირან-სომხეთ-საქართველო-აფხაზეთ-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალია, რასაც დროულად უნდა რეალიზება და არა ვიწრო პოლიტიკური მოსაზრების მსხვერპლად ქცევა.

თბილისში მყოფმა ილჰამ ალიევმა ყოველგვარი რევერანსის გარეშე მიუჩინა ადგილი ევროკავშირს, „ნატოს“, ევროატლანტიკურ სივრცეს. „ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო. ჩვენ არაფერი მიგვიღია თქვენგან და არც არაფერს გთხოვთო“, – ბრძანა მან. ეს არ იყო ალიევის პირველი კრიტიკული განცხადება, მსგავსი მას არაერთხელ გაუკეთებია – აზერბაიჯანი არ აპირებს ევროკავშირთან ასოცირებას ან „ნატოს“ კარზე კაკუნს.

ის დამოუკიდებლად ცხოვრობს და ამ დამოუკიდებლობით აშენებს თითით საჩვენებელ, მისაბაძ ქვეყანას. მხოლოდ ასეთს შეეძლო პირველი ევროპული ოლიმპიური თამაშების ბრწყინვალე ჩატარება. ერის ისეთი მობილიზება, რასაც აზერბაიჯანში ჰქონდა ადგილი, იშვიათობაა. მოასწრო 2 წელიწადნახევარში მთელი რიგი სპორტული ნაგებობების, ინფრასტრუქტურის მშენებლობა – ისეთის, 5 და მეტ წელიწადს რომ საჭიროებს – არადემოკრატიამ იცის?

დაახლოებით იმავე პერიოდში „დემოკრატიულმა“ საქართველომაც გამართა სტუდენტური ოლიმპიადა. ამ ღონისძიებისთვის შეპირებული ქალაქის გზების ასფალტით მოპირკეთება დღესაც წარუმატებლად მიმდინარეობს. რახანია ოლიმპიადა დასრულდა – გზების მოასფალტება (თუ ამას მოასფალტება ჰქვია) ჯერაც არ დამთავრებულა. მსგავსი რამ აზერბაიჯანში – „დიქტატურულ“ ქვეყანაში, არასდროს მოხდება, „დემოკრატიულში“ ანუ მოტლიკინე საქართველოში, დიახ!

ვისაც ბაქოს აეროპორტი უნახავს, დამერწმუნება – ქვეყანა, რომელიც ასეთს ააშენებს – ძლიერია. თვალი შეავლეთ აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებს – ცინცხალ „ემბრაიერებს“, უმალ რომ გაფიქრებინებთ ქვეყნის სიძლიერეზე. მოინახულეთ ახალ-ახალი საგამოფენო დარბაზები, დაესწარით სიმფონიური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებს, სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რომლებსაც სისტემატურად აშუქებს ტელეკომპანია „ევრონიუსი“ და დაინახავთ, რა იცის „დიქტატურამ“.

აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, ვინც საქართველოში დაფასებული ამერიკელი ბრაისა ისე მოისროლა ამერიკის ელჩის სავარძლიდან, როგორც უნებლიედ ჩამოღვრილი წვინტლი. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკულ შენიშვნას, პრეზიდენტ ალიევის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკის დონეზე რომ ეცემა პასუხი, თანაც უაღრესად კრიტიკული, დაახლოებით ამგვარი შინაარსის – თქვენ, თქვენს ჩასვრილ საქმეს მიხედეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთო.

აზერბაიჯანი, მათი შეფასებით (იქნებ ჩვენი „პოლიტიკოსებისაც“), „არადემოკრატიული“ ქვეყანაა, მაგრამ რა სჯობს – იყო ისეთი „არადემოკრატიული“, როგორც აზერბაიჯანი, აშენებდე შენს ცხოვრებას თუ იყო ისეთი „დემოკრატიული“, როგორც საქართველოა – ტუალეტშიც ვერ შედიოდე ვაშინგტონის დაუკითხავად. ვგონებ, ჩვენი ხელისუფლების წევრი მამაკაცები ხელაწეული შარდავენ, ამერიკელთა მიერ დამონტაჟებულმა ვიდეო-თვალმა რომ უხერხული მომენტი არ დააფიქსიროს.

აზერბაიჯანის მსგავსი პოლიტიკის წარმოება მტკიცე ნებისყოფის და პოლიტიკური განსწავლულობის ნაყოფია. ვინატრებდი, რომ ისეთი ჩვენთანაც ყოფილიყო, მაგრამ ე.წ. დემოკრატი პოლიტიკოსების წყალობით – აუსრულებელი ნატვრაა.

აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, ვისაც მჭიდრო თანამშრომლობა აქვს მეზობელ რუსეთთან და ამ თანამშრომლობის წყალობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეაქვს რუსეთის, დსთ-ს ბაზარზე. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, სადაც კარგა ხანია მოქმედებს რუსული ენისა და კულტურის უზარმაზარი ცენტრი. ეს, ის ქვეყანაა, რომელსაც პარიტეტულ საფუძველზე შეუძლია ლაპარაკი, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ისე ნებისმიერ დასავლელ მაღალჩინოსანთან.

აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, სადაც სერიოზული უცხოური ინვესტიციები იდება, მიუხედავად დასავლური კრიტიკული კურსისა. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, სადაც სხვა მშენებლობასთან ერთად სამხედრო მშენებლობაც ყვავის.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, „დიდ ძმას“ რომ უმტკიცებს – ნახეთ რა შევძელით დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებშიო და „დიდიც“ რომ ხშირ შემთხვევაში გაფართოებული თვალებით უმზერს მათ სწრაფ განვითარებას, მოპოვებულ მიღწევებს.

ყველა ყოფილში იგრძნობა წინსვლა, ვინაიდან ყველა ყოფილი შორსაა საქართველოს მსგავსი „დემოკრატიისგან“. „არადემოკრატიულმა“ აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა, ბელარუსმა, უზბეკეთმა, სხვებმა შექმნეს ის ცხოვრება, რომლის დონესთან ჩვენ ვერ მივალთ, მაგრამ ვერ შექმნეს „დემოკრატიული ლაქლაქი“, რომელიც ესოდენ ფასობს ჩვენში.

სულ ახლახანს, აზერბაიჯანმა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც ეუთომ, აშშ-ა კატეგორიულად გააკრიტიკეს. საგარეჯოს, მართლაცდა არადემოკრატიულ არჩევნებზე სიტყვაც არ დაუძრავთ, ისე, როგორც სააკაშვილის დროს ჩატარებულ ფალსიფიცირებულ არჩევნებზე.

დიახ! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დემოკრატიით. უფრო მეტად ისინი (დასავლეთი) ამაყობენ ჩვენით და ამ სიამტკბილობაში რეიტინგს-რეიტინგზე ვიგებთ. პირველები თუ არა, ათეულში მაინც შევდივართ – სხვადასხვა სახის საერთაშორისო რეიტინგებში. უყურებ და უსმენ ტელეეკრანზე გამჟღავნებულ სასიხარულო ცნობებს, თავს იმშვიდებ, მაგრამ ეკრანს მოშორდები და იმ განავალში კრავ თავს – ყოველდღიური აუწყობლობა რომ ჰქვია.

დიახ! დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევს მთელ რიგ საშინაო თუ საგარეო საკითხებში (ამას ხშირად მოისმენთ ნებისმიერი მავანისგან), მაგრამ რა ვუყოთ იმ უმარტივეს საკითხებს, პრობლემებად რომ არის ქცეული და ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლეს უმწარებს? ამაშიც დასავლეთი გვაფერხებს?

აშკარად შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, როდესაც ორმოებიან, დანგრეულ გზებზე გატარებენ; როდესაც სიმწრით დაგებულ ახალ ასფალტს, მეორე დღიდან ჭრიან „კავკასუს ონლაინის“ კაბელების ჩასაწყობად. ჭრიან და ხანგრძლივი პერიოდით აწამებენ ხალხს – თხრილებზე ხტომით, მტვრის ყლაპვით; როდესაც ისედაც გადატვირთულ ქუჩაზე მრავალსართულიან სახლს წამოჭიმავენ, რომლის დასრულებას ბოლო არ უჩანს ისე, როგორც შენობის წინ, ტროტუარზე დაყრილი სამშენებლო მასალებიდან ავარდნილ მტვერს, წვიმიან ამინდში – ტალახს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც შუქს გვირთავენ, წყალს გვითიშავენ, ნაგავი არ გააქვთ. შეურაცხგვყოფენ, როდესაც კვირის განმავლობაში ქუჩებიდან ამოხეთქილ სასმელ წყალს არვინ აკეთებს. შეურაცხგვყოფენ, როდესაც სამგზავროდ ამორტიზებულ საქალაქო ტრანსპორტს გვთავაზობენ, თანაც გარდა საფარი მინისა, არც ერთს რომ ნომერი გვერდებსა და უკან არ უკეთია, მათ შორის სამარშრუტო ტაქსებს.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც მრავალ ქუჩაზე შუქნიშნებს ამონტაჟებენ ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე, ვიღაცის ხუშტურის გამო, რითაც მძიმე საცობებს ქმნიან და ჰაერის დაბინძურებას უწყობენ ხელს. შეურაცხგვყოფენ, როდესაც რეცეპტის გარეშე წამლებს არ გვაძლევენ და იძულებულს გვხდიან დრო და ენერგია ვხარჯოთ ექიმის ლოდინში.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც სუპერმარკეტ „გუდვილში“, სხვაგან, პატარა კონტეინერ შემწვარ კარტოფილში 1.5 ლარს გვახდევინებენ, ხოლო დამპალ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) კიტრში 2.5 ლარს; როდესაც ობმოკიდებულ პურს გიწყობენ დახლზე; როდესაც დახლებზე, საქონელს, შეუსაბამო ფასებს ზემოთ შემოდებენ და იძულებულს გხდიან მეტი გადაიხადოთ.

შეურაცხგვყოფენ, როდესაც ვითომ გარემონტებულ ქუჩას ხსნიან და მეორე დღესვე კეტავენ – დაუსრულებლობის გამო. შეურაცხგვყოფენ, როდესაც მრავალწლოვან ხეებს გვიჩეხავენ და მათ ნაცვლად ბეტონის შენობებს „გვირგავენ“. შეურაცხგვყოფენ, როდესაც ტროტუარებზე, უსივრცო ადგილას, მაღაზიებს გვიშენებენ („დეზერტირების“ ბაზრის გაყოლებაზე).

შეურაცხგვყობენ, როდესაც თბილისის მერი ნარმანია ურცხვად გვიცხადებს – თბილისში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ არსებობსო. როგორც ჩანს, მერიის წინ „ცენტრ-პოინტის“ დატოვებულ ჩონჩხს ის დასრულებულად მიიჩნევს.

მრავალი შეურაცხმყოფელი მომენტის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ფურცელი ვერ დაიტევს. ამ შეურაცხყოფის უგემურ აჯაფსანდალში გვიწევს ცხოვრება და ისე მივეჩვიეთ, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. არადა, ყველა მათგანი ქვეცნობიერად მოქმედებს ჩვენზე და მაშინ დაგვკრავს მოულოდნელად, როდესაც არ ველით.

ვითომ წვრილმანი შეურაცხყოფის ატანის შემდეგ, დიდსაც მშვენივრად ვიტანთ – ბენზინზე მომატებულ ფასებს, ელექტროენერგიაზე გადიდებულ ტარიფებს, უაღრესად მცირე პენსიებს, დაუსაქმებლობას და მოხელეთა უზომო ხელფასებს, ხელფასებზე დანამატებს, პრემიებს, კომფორტულ ცხოვრებას.

ჩვენ იმასაც ვიტანთ, თავდაცვის მინისტრი რომ ბიუჯეტის ფულით (ჩვენი ნაშრომით) საფრანგეთში ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების შესაძენად ხელშეკრულებას გააფორმებს და არაფერს გვეტყვის ამის თაობაზე. საინტერესოა, რას მოუტანს ქვეყანას არაყაირათიანი ფულის ყრა რაკეტებში, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგანან?

შეურაცხყოფაა, როდესაც ხიდაშელი იაპონიაში მიემგზავრება სამხედრო კავშირების დასამყარებლად. აკი ნატოსკენ მივდივართო?!

შეურაცხყოფაა, როდესაც თავდაცვის მინისტრი პირადად ჩაუჯდება საგარეჯოს არჩევნების ბიულეტენების თვლას. შეურაცხყოფაა მის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა განცხადება ქვეყნის სადღეისო და სამომავლო ყოფასთან დაკავშირებით. მაგრამ მას არ გაემტყუნება, „შემქმნელი“ ივანიშვილის ერთობ უტაქტო განცხადებების ფონზე. პარლამენტარ თოფაძეის ნათქვამი სტალინთან დაკავშირებით ივანიშვილმა პირად შეურაცხყოფად აღიქვა და საჯაროდ განაცხადა – რა გაეწყობა, 75 წელს გადასცდა, დაბერდა და გამოშტერდაო (იგულისხმა).

60 წლის კაცი რომ ესოდენ დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს, როგორც თოფაძეს, ისე ასაკოვან ხალხს, რომლის ხვედრითი წილი ქვეყნის დემოგრაფიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა თაობის – მიუტევებელია. ასაკი და გამოშტერება (ხალხში ამ სიტყვას სხვა სიტყვით ცვლიან) მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სკლეროზი ან ალცჰეიმერის სნეულება სჭირს ადამიანს. სხვა მხრივ ხანდაზმული კაცის ნათქვამი სიბრძნესთან იგივდება.

ხანდაზმული სენატორი მაკკეინი, თითქმის 80 წლისაა, ივანიშვილი და მისი მთავრობა რომ მუხლებში უვარდება. აღარაფერს ვამბობ 90 წლის კისინჯერზე, რომლის ყოველი სიტყვა სიბრძნითაა გაჟღენთილი. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა მუგაბემ 90 წლის ასაკში მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო დაახლოებით იმავე ასაკის ისრაელის პრეზიდენტმა პერესმა – ესესაა დატოვა პრეზიდენტის პოსტი.

ივანიშვილის აზრით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კენჭი არ უნდა იყაროს, ვინაიდან ქალისთვის 68 წლის ასაკი „ბებერია“. იქნებ თვალი გადაავლოს პატივცემულმა „მოქალაქემ“ აშშ-ს მთავრობის შემადგენლობას, სადაც „გამოშტერებული“ ასაკის წარმომადგენლების ზეობაა.

არცოდნა, არცოდვააო – ამბობენ, მაგრამ როდესაც ქვეყნის მხსნელად მიჩნეული პირი თავს უფლებას აძლევს დაუფიქრებელი განცხადების კეთების – შეურაცხყოფაა.

აღარაფერს ვამბობ სტალინზე და მის როლზე მსოფლიო ისტორიაში. სტალინი ის ბუმბერაზი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც მის სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლი უცხოელმა მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და რაც არ უნდა გასაოცრად მოეჩვენოს ივანიშვილს – სტალინზე დღეს გაცილებით მეტი წიგნი იბეჭდება, ვიდრე მისი მოღვაწეობის დროს, ვინაიდან ის მართლაც დიდი იყო, ივანიშვილის და ივანიშვილების ტვინი რომ ვერ შსწვდება.

მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესირებულმა ახალმა მთავრობამ დენ სიაოპინის მეთაურობით, განიხილა „კულტურული რევოლუციის“ მძიმე დანატოვარი – მაოს ინიციატივით განხორციელებული. ახლებს ჰქონდათ იმის ძალა, მაო დამნაშავედ გამოეცხადებინათ, მაგრამ ჩინურმა მრავალსაუკუნოვანმა სიბრძნემ იძალა. მთავრობის შეფასებით, მაომ ქვეყნისთვის 75% კარგი საქმე აკეთა, დანარჩენი – არცთუ კარგი და რახან 75% მეტია დანარჩენზე, მაო დარჩა ხელშეუხებელი.

სტალინის წვლილი საბჭოეთის მშენებლობაში, ფაშიზმის განადგურებაში, კაპიტალიზმის გაკეთილშობილებაში, საქართველოს აღმშენებლობაში, განუზომელია – უფრო მეტი, ვიდრე მაოს 75%-ი. არაფასებს მას ივანიშვილი და დღევანდელი პოლიტიკა, რაც დიდი არაფერი დანაკლისია სტალინის სახელისთვის, მაგრამ შეურაცხყოფაა, როდესაც გორელებს პირდები – „სტალინის ძეგლის დავდგამო“ და არ დგამ.

პატივცემულო მკითხველო, განა შეურაცხყოფა არ არის პოლიტიკური ფარდის მიღმა მყოფი ბიზნესმენი ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვა? მას ვერც მოხსნი და ვერც გადაირჩევ, მაგრამ ის ქვეყნის მმართველია, მის მიერ დანიშნული ხელისუფლებისა და მოსყიდული საზოგადო მოღვაწეთა წყალობით. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება შესაძლებელი იყო, მაგრამ „ჩამოშორებულ“ ივანიშვილს რა ვუყოთ?

ის შესანიშნავად გრძნობს თავს ამ ამპლუაში – ხან რას წამოროშავს და ხან რას. მოსახლეობა, ნაცვლად კრიტიკული თვალისა, პირში შესციცინებს – იქნებ თეთრი გააგდებინოს ხელიდან.

25-წლიანი „დემოკრატიული“ ცხოვრების შედეგად მივიღეთ ისეთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომელსაც იოტისოდენი შეხება არ აქვს დემოკრატიასთან, მაგრამ ეს აწყობს დასავლეთს. და როგორც ჩანს ნებისმიერ ჩვენგანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისე მოვიქცევოდით, როგორც რუმინეთი – 5-დღიანი პერმანენტული მიტინგით რომ დაამხო ხელისუფლება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.