შური თუ უმადურობა?

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-მ გამოაქვეყნა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მიმართვა აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იყო გამოხმაურებაც, იმავე გაზეთში ისეთივე ხასიათის.

ვარაუდი იმისა, თუ რამდენად შეასრულებს მიმართვის ავტორთა თხოვნას საქართველოს ხელისუფლება, მითუმეტეს დღევანდელი და მითუმეტეს „რესპუბლიკური პარტიით“ გაჯერებული, ძნელია. სწორედ ამ პარტიის წევრები, „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ფრთასთან, ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის მეთაურობით, 1995 წლიდან მოყოლებული, დაუღალავად იბრძოდა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, ლანძღავდა და აგინებდა მას, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სახელმწიფო მოღვაწეობაში.

მათ ინიციატივას ყოველთვის ჰქონდა ფართო გასაქანი შევარდნაძის ხელისუფლებაში და არათუ გასაქანი – ფართო მხარდაჭერაც ავ PR-ში, რომელიც უხვად გადაიცემოდა იმჟამინდელი ტელეკომპანიების მიერ, იბეჭდებოდა პრესაში.

შევარდნაძის ხელისუფლების „ნიჭიერებას“ ეკუთვნის უცხოეთის ჟურნალ-გაზეთების, თანაც ამერიკულის, ფრანგულის, გერმანულის კორესპონდენტების მოწვევა და აჭარასა და მის ლიდერზე უაღრესად ნეგატიური სტატიების შეკვეთა, ცხადია შესაბამისი ანაზღაურებით.

მიზანი – ჩვენი არ გჯერათ, რომ აბაშიძე, პატარა ფეოდალი, თურქეთის ფაშა, რუსეთის გენერალი, პირწავარდნილი სეპარატისტი, ნარკოტიკებით და იარაღით მოვაჭრე, ერთი სიტყვით ყველა მანკიერებით შემკული პიროვნებაა და უცხოეთისა დაიჯერეთო. არა მარტო ის, არამედ მისი შვილები, ახლო ნათესავები და თქვენ წარმოიდგინეთ შვილიშვილი, 4 თვის რიკარდო, „ვაშინგტონ ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნარკობარონად იყო მონათლული.

სხვა ამერიკულმა გაზეთმა გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო უწყების დიპლომატთან ავი ინტერვიუ, ცხადია, დიპლომატის თხოვნით სახელისა და გვარის მიუთითებლად. 2003 წელს კი საფრანგეთის ტელევიზიამ, ისიც ცენტრალური ხელისუფლების მოწვევით, დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი გადაიღო ჩვენი „გმირის“ და მის მიერ „დამონებული“ აჭარის შესახებ, რომელიც უმალ აჩვენა პირველმა არხმა, ე.წ. საზოგადოებრივმა, ხელისუფლების მონამ.

მას არც სხვები ჩამორჩნენ. ამ ფილმში ყველაფერთან ერთად, ცხადია ნეგატიური კუთხით, ნაჩვენები იყო ჩაის ბუჩქები და მათ რიგებში გაშენებული ნარკოტიკების დამზადებისთვის საჭირო მცენარეები. ასე გვიმტკიცებდა ანგაჟირებული ფრანგი ჟურნალისტი გვიმრის ყოვლისშემცველ ნარკოტიკულ თვისებაზე.

ცილისწამებათა მზარდ კასკადს საზღვარი არ ჰქონდა, რამაც აიძულა აბაშიძე იურისტთა ჯგუფი მიევლინებინა საფრანგეთში იქაური ცენტრალური ტელევიზიის მიმართ სარჩელის აღსაძრავად – იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია საჯაროდ არ მოიხდიდა ბოდიშს.

ტელევიზიამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ტალახი, რომელიც აბაშიძეს ესროლეს, დარჩა საზოგადოებაში, ისე, როგორც ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებული ფალსიფიკაცია. ჩემი, მაშინდელი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, პარლამენტის სხდომაზე მოწვეულიქნა საგარეო სამინისტროს მინისტრის მოადგილე აფციაური (ამჟამად ჩინეთში საქართველოს ელჩი), რომელსაც კატეგორიულად მოვთხოვეთ ამერიკულ გაზეთთან ურთიერთობების გარკვევა და სულ მცირე, ბოდიშის მოხდა, რაც განხორციელდა კიდევაც.

ამის შესახებ იმავე აფციაურმა განაცხადა პარლამენტის სხდომაზე. მერე რა?! ბინძური სიტყვა პირველი იყო და სწორედ მან მიიქცია ყურადღება და არა სადღაც, რომელიღაც გაზეთში გამოქვეყნებულმა მობოდიშების ინფორმაციამ.

ერთი სიტყვით, ცენტრალური ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა აჭარის მეთაურის მტრის ხატი, რომელსაც უნდა გადაეფარა ხელისუფლების უნიათო მუშაობა. სამწუხაროდ, ამ პროპაგანდას აჰყვა საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი, ერთობ გაუთვითცნობიერებელი აჭარაში მიმდინარე პროცესებში. იყო ისეთი დროც, როდესაც თბილისიდან აჭარაში ჩასულებს ლამის მოღალატეებად აღიქვამდნენ.

შევარდნაძის ხელისუფლებას რომ გაცილებით მეტი ძალისხმევა გამოეჩინა ქვეყანაში არსებული უამრავი წვრილმან-მსხვილმანი საკითხის მოგვარებაში, ნაცვლად ავტონომიებთან ბრძოლისა, დღეს ასეთი ვითარება არ იქნებოდა. მაგრამ რა გაეწყობა, მუდამ ერთპიროვნული, ცენტრალიზებული მართვის მოტრფიალე პრეზიდენტი ვერაფრით აიტანდა ავტონომიური ფორმირებების მიერ მოთხოვნილი კანონიერი უფლებების ცხოვრებაში გატარებას.

გავიხსენოთ აფხაზთა ლიდერის არძინბას თხოვნა (წერილობითი) შევარდნაძის სახელზე, გამოგზავნილი უზენაეს საბჭოში და ჩემს მიერ პირადად მისთვის გადაცემული. მეორე წერილი იმავე თემაზე, ასევე მისთვის გადაცემული. საკითხი საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ეხებოდა – ფედერაციულის ან კონფედერაციულის. შევარდნაძის პასუხი ამ მართლაცდა მნიშვნელოვან საკითხზე იყო 1992 წლის აგვისტო – და ძალისმიერი გზა, ყოვლად მიუღებელი და დამანგრეველი საქართველოსთვის.

ომმა არა მარტო 30000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არამედ საქართველოც. დღიდან აფხაზეთში შეჭრისა დაიწყო უსწრაფესი პროცესი ძმათა გაუცხობისა. მას აქეთ წელში ვერ გავსწორდით. ანდა, რა გაგვასწორებდა, წინამორბედის მიერ დაწყებულ „სანაქებო“ საქმეს – ფაქტობრივ დაკარგვას, სააკაშვილმა იურიდიულიც მიაყოლა.

დაიკარგა 2 ავტონომიური ფორმირება, მაგრამ აჭარამ გაძლო, არადა აჭარა ცენტრის მანკიერი ყურადღების ქვეშ ჯერაც გამსახურდიას მმართველობის დასაწყისში მოექცა, როდესაც ზოგიერთი თავგახურებული „მრგვალი მაგიდის“ (აჭარიდან) წევრი დაბეჯითებით მოითხოვდა აჭარის ავტონომიის გაუქმებას.

ამ ამბავს აჭარაში მუსლიმანთა და არა მარტო მათი – ფართომასშტაბიანი გამოსვლები გამოიწვია. ასლან აბაშიძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის არჩეული იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ (მანამდე ის თბილისში  ერთ-ერთი სამინისტროს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა), მედგრად შეხვდა უმკაცრეს გამოწვევას, გავიდა ხალხში და შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ავტონომიის გადასარჩენად. გადაარჩინა!

გადაარჩინა მაშინაც, როდესაც კიტოვან-იოსელიანის სახალხო ლაშქარი სამეგრელოს დალაშქვრის შემდეგ ჩოლოქს მიადგა. მაშინ აბაშიძემ აჭარაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის დახმარებით ჩოლოქი გადაკეტა, რითაც აჭარა იხსნა ცენტრის დარბევისგან, მოსალოდნელი სამოქალაქო ომისგან.

მე წაკითხული მაქვს თურქეთში მცხოვრები ქართველების (აჭარიდან) წერილი აბაშიძის სახელზე, სადაც ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ აჭარელთა დასახმარებლად. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა გონგამოცლილი თბილისელი „პოლიტიკოსების“ აშკარად პროვოკაციულ გამოხდომას?

აბაშიძემ გაძლო და მასთან ერთად აჭარამ, რომელსაც დანარჩენ საქართველოში (სამხრეთ-ოსეთი, აფხაზეთი, სამეგრელო) დატრიალებული უბედურება არ შეხებია. იყო თუ არა ამის გაკეთება იოლი? ნამდვილად არა. ეს გმირობის ტოლფასია.

გმირობაა, როდესაც იმჟამინდელ საქართველოში, დღეში ათასობით ბინა იძარცვებოდა, იტაცებდნენ ავტომანქანებს, ერთი სიტყვით კრიმინოგენური ვითარება ზენიტს აღწევდა, მაგრამ არა აჭარაში. ავტომანქანებიც გაუტაცებლად იდგნენ აჭარის ქუჩებში, სახლებსაც არავინ ძარცვავდა. ერთი სიტყვით – აჭარა სხვა პლანეტაზე იყო – სიმშვიდეზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ საკითხებზე მომართული.

აბაშიძე, ერთის შეხედვით, თავის ბუდეს იშენებდა, მაგრამ ეს ბუდე საქართველოსი იყო. სწორედ ამ ბუდემ მიიზიდა უსაქმოდ, უსახსროდ დარჩენილი საქართველოს ხელოვნების მუშაკები, მწერლები, მხატვრები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მსახიობები აჭარაში და დაიწყო ქართული კულტურის გადარჩენა; ბათუმის ოპერის თეატრის დასის შექმნა, ცნობილი ოპერების დადგმა, საბალეტო და საოპერო სტუდიების დაარსება. ბავშვთა ოპერის შექმნა, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ხალხური ანსამბლის სათანადო დონეზე ამოქმედება – რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ბათუმ-თბილისს შორის მოსიარულე ინტელიგენციას აშკარად ეტყობოდა აჭარისა და პირადად აბაშიძის მიერ შექმნილი პოზიტიური განწყობა, მაგრამ თითო-ოროლა საზოგადო მოღვაწის გარდა ვერვინ ბედავდა (ცხადია ხელისუფლების შიშით) ხმის ამოღებას ტელევიზიაში ან გაზეთში გამოქვეყნებას.

რამდენ კეთილ საქმეს ჩაუყარა საფუძველი ასლან აბაშიძემ – ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ ზოგიერთზე. ასლან აბაშიძის მეგობარი თბილისელი ნიკოლოზ გულიაშვილი სულ იმას გაიძახოდა – ამ კაცს უნდა უმადლოდეს საქართველო, რომ ბათუმის შესასვლელი რუსეთის სამხედრო ბაზის შენობებისგან გაანთავისუფლაო. და მართლაც, კილომეტრობით მიჯრით აშენებული სამხედრო დანიშნულების შენობები ფარავდა ზღვის პეიზაჟს. აბაშიძეს არაერთხელ დასჭირდა მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მისვლა, აღნიშნული შენობების ბათუმის გარეუბანში გადასატანად. გააკეთა!

აბაშიძემ დაარეგულირა ის გრძელი რიგები, რომელიც სარფიდან ბათუმამდე იყო გაჭიმული, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეთა მიერ თურქეთში გადასასვლელად. მახსოვს მისი სატელეფონო საუბარი ჩემთან – იმჟამად საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, თხოვნით – თურქეთის ვიზების გაიოლებული მიღებისთვის.

საკითხის შესწავლის და თურქეთის საგარეო უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ, ანკარაში თურქ კოლეგებთან მოლაპარაკების შედეგად, შემუშავებულ იქნა საზღვრებზე მოკლევადიანი ვიზების გაცემის პრაქტიკა.

თურქეთის ექსპერიმენტმა გაამართლა და სარფის საზღვარი გათავისუფლდა გრძელი რიგებისა და მოზღვავებული ხალხისგან. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ საქართველოს საზღვრებზე მოკლევადიანი ვიზების გაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეხო. აბაშიძის თაოსნობით რუსეთის ხელისუფლებამ უვიზო მიმოსვლა დააწესა აჭარის ავტონომიის მოსახლეობისთვის.

ასლან აბაშიძის განკარგულებით აშენდა ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი, კეთილმოეწყო სარფის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მეზობელი თურქეთისა.

ასლან აბაშიძის აღმშენებლობისკენ მიდრეკილება ცნობილია. მისი მმართველობის პერიოდში აშენდა არაერთი ქარხანა-საწარმო, მათ შორის პლასტმასის კარ-ფანჯრების. ჰერმეტიული კარ-ფანჯრების კეთება პირველად ბათუმში დაიწყეს, ისე, როგორც სწრაფი სამხედრო დანიშნულების კატარღების მშენებლობა.

აჭარის მეთაურის თაოსნობით სანკტ-პეტერბურგის გემთმშენებელმა ქარხანამ ბათუმს, კატარღების ასაშენებელი ნახაზები და დოკუმენტაცია გადასცა, მოუმზადა კადრები. ბათუმში შეიქმნა საწარმო და ნაწარმმაც მალე იჩინა თავი. სამწუხაროდ აბაშიძის ამ წამოწყებას მხარი არ აუბა ცენტრმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმური კატარღები ქართული სამხედრო-საზღვაო ძალებისთვისაც იქნებოდა გამოყენებული და უცხოეთშიც გაიყიდებოდა.

ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოში დაიწყეს ორადგილიანი და ოთხადგილიანი ამერიკული თვითმფრინავების აწყობა. პირველი ფრენაც განხორციელდა, მაგრამ ისევ იგნორირება ცენტრის მხრიდან.

აჭარაში აშენებული ხიდები, გვირაბი, ბათუმის საბორნე გადასასვლელი აბაშიძის კრიატიული გონების ნაყოფია, ისე, როგორც ბათუმის შესანიშნავი სამშობიარო სახლი, ბაგა-ბაღი, სკოლები. ხულოს სამედიცინო ცენტრი, ტროტუარების მოსაპირკეთებელი ფილების ქარხანა. ბათუმის რძის კომბინატი, რომელიც გერმანიიდან ჩამოყვანილი თხების ფერმის ბაზაზე შეიქმნა – უნიკალური მეურნეობა ბავშვებისთვის უაღრესად სასარგებლო თხის რძის საწარმოებლად. არადა, რა დაცინვის საგნად იქცა – აბაშიძის თხები თბილისელი „სვეტების“ მიერ, ისე, როგორც კავკასიური ძაღლსაშენი?!

აბაშიძის არც ერთ წამოწყებას ოფიციალური თბილისი ჯეროვნად არ შეხვედრია, კრიტიკა და ლანძღვა – იცოცხლეთ. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ – ჟურნალისტ ყანდიაშვილის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც ის მოსახლეობას ურცხვად უცხადებდა – „თქვენ რომ პენსიებსა და ხელფასებს არ იღებთ, აბაშიძის ბრალიაო“.

მართალია ყანდიაშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა ამ დემაგოგიისთვის, მაგრამ გაკეთებულ სიბინძურეს რაღა ეშველებოდა?!

ყანდიაშვილი შეეხო მეტად მტკივნეულ თემას, თბილის-ბათუმს შორის რომ წლების განმავლობაში არსებობდა – შემოსავლები. აჭარა თავისი შემოსავლებით ათი თავით უსწრებდა ყველა დანარჩენ რეგიონს, ერთად აღებულს. აჭარა წლების განმავლობაში პირნათლად ახორციელებდა ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას, თუმცა ცენტრიდან გარკვეული თანხის უკან დაბრუნებას საშველი არ დაადგა, რამაც აჭარის იმ მოხელეების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ.

არასასიამოვნო პარადოქსი შეიქმნა – მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც ხელფასებს აჭარის ბიუჯეტიდან იღებდნენ, დროულად იყვნენ დაკმაყოფილებულნი, ხოლო ისინი, ვინც თბილისიდან – თვეების განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობდნენ. იმჟამად უხელფასო მუშაობა წესად იყო ქცეული სრულიად საქართველოში, რაც მიუღებელი იყო აჭარისთვის.

მზარდი უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, აჭარის მეთაურმა თანხის ნაწილი, რომელიც პენსიებსა და ხელფასებს უნდა მოხმარებოდა, თვით დაიტოვა, დანარჩენი კი თბილისს ჩაურიცხა. მსგავსი ქმედება ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფინანსურ დარღვევად აღიქვა, რასაც მოჰყვა მედიაში აბაშიძის პერმანენტული კრიტიკა. არადა ცენტრი იყო დამნაშავე, ვინაიდან ვერ ახორციელებდა ბიუჯეტის შევსებას და მოსახლეობის ხელფასებითა და პენსიებით დროულ უზრუნველყოფას.

საქართველოში არ იყო ხელფასები, პენსიები, შუქი და იყო აჭარაში. მაინც როგორ მოახერხა აჭარის მეთაურმა ჩაბნელებული საქართველოს ერთი რეგიონის განათება?! განათება არა მარტო სახლების, არამედ ქუჩების და ტროტუარების ჩაყოლებაზე არსებული ხეების. მახსოვს, ისრაელის მთავარი რაბინისა და მისი თანმხლები პირების ბათუმში ვიზიტისას (რეკონსტრუირებული სინაგოგის გახსნასთან დაკავშირებით), გაჩახჩახებული ბათუმის მნახველი სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ – ლას-ვეგასიაო – ამბობდნენ.

აჭარა იყო პირველი, ვინც საქართველოდან გაწევრიანდა ევროპის რეგიონთა ასამბლეაში. ასლან აბაშიძემ უმალ აუღო ალღო რეგიონთა ასამბლეის მუშაობას, აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ესპანეთში, ფინეთში, სხვაგან.

საქართველოს პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ასლან აბაშიძე გამოდგა, რომელმაც საფუძვლიანად გაითავისა რეგიონალიზმის პრინციპები, რეგიონალური თანამშრომლობა და ა.შ. ქვეყნის ფედერალური მოწყობისთვის აბაშიძის მოსაზრების გაზიარება უდავოდ წაადგებოდა ქვეყანას. ცენტრი ისე, როგორც ყველა აბაშიძისეულ წამოწყობას, „ხიშტებით“ ხვდებოდა.

ნეგატიური რეაქცია გამოიწვია თბილისში აჭარის წარმომადგენლობის გახსნამაც, რომელიც სეპარატიზმის გამოვლინებად მოინათლა თბილისელი პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ. „აბაშიძემ საქართველოში საელჩო გახსნაო“, – გაჰყვიროდა მედია. მოგვიანებით, როდესაც წარმომადგენლობამ ფართოდ გაშალა ფრთები – საქართველოსთვის უმწვავეს საკითხებზე პრეს-კონფერენციების მოწყობით და მასში დარგების სპეციალისტების მოწვევით, თემატური საღამოების ორგანიზებით და მათზე საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატების დასწრებით, მედიამ დაინახა აჭარის მეთაურის საღი გადაწყვეტილების ნაყოფი.

წარმომადგენლობის მუშაობის შედეგად გააქტიურდა თბილისში მყოფი უცხოეთის სახელმწიფოების დიპლომატების ვიზიტები აჭარში, შეხვედრები ასლან აბაშიძესთან. განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობდა აშშ-ს, რუსეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის, რუმინეთის, ჩინეთის, ირანის, სხვა ქვეყნების დიპლომატების ვიზიტები აჭარაში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად.

ვინ მოთვლის, რამდენჯერ ვიყავი ბათუმში აშშ-ს ელჩ მაილსთან, საფრანგეთის ელჩ მიუსოსთან, ევროსაბჭოს წარმომადგენელ ნიკოლოვთან, გაეროს წარმომადგენელ ტალიავინთან, სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად.

აჭარის დელეგაცია ორჯერ იყო მიწვეული ირანში, აჭარასთან დაძმობილებულ გილანის პროვინციაში, აშშ-ი, საფრანგეთში, ჩინეთში, რუმინეთში, სხვაგან. მეტად ნაყოფიერი გამოდგა ჩინეთში ვიზიტი, რომელსაც ჩინელი სპეციალისტების საპასუხო ვიზიტი მოჰყვა – ასლან აბაშიძის წამოწყების – თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტის მოსამზადებლად.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა პროექტი ჩააგდო. არადა მისი მიღება უდავოდ დადებით შედეგს მოუტანდა სრულიად საქართველოს, ვინაიდან მასზე იყო გათვლილი და არა მარტო აჭარაზე. თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა მოახდინა ჩინური სასწაული.

არ გაგვატანინეს! ცენტრს არ მოსწონდა ბათუმიდან წამოსული ინიციატივა მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმიდან იყო.

ცენტრს არ მოეწონა ჰილარი კლინტონის ძმებთან (როდჰემებთან) ასლან აბაშიძის კონტაქტი, მათთან ერთად თხილის ბიზნესის დაწყება, ძმების ბათუმში ჩასვლა და ასლანის შვილიშვილის, რიკარდოს მონათვლა.

ამ ისტორიას ერთობ უხერხული მომენტიც ახლდა – საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაიგო რა როდჰემების ვიზიტის შესახებ, განკარგულება გასცა ჩარტერული თვითმფრინავის თბილისში დასმა და მასში მყოფ როდჰემებთან შეხვედრის გამართვა, ცხადია სტუმართა სურვილის საწინააღმდეგოდ. მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ გაფრინდნენ სტუმრები ბათუმში, სადაც ერთი კვირა იმყოფებოდნენ.

ამ ნაბიჯით შევარდნაძე შეეცადა საზოგადოების დარწმუნებას, რომ სტუმრები მის პატივსაცემად ჩამოვიდნენ  საქართველოში და არა აჭარის მეთაურთან შესახვედრად.

ასლან აბაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსთთან მეგობრული ურთიერთობების დარგში. მარტო ის რად ღირს, როდესაც ვლადისლავ არძინბას ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე, სოხუმში, ბათუმის მერი და ასლან აბაშიძის ვაჟიშვილი გაიგზავნა.

ვიხსენებ ამერიკელი ექსპერტ ბრიუს ჯეკსონთან ერთად ბათუმში ასლან აბაშიძესთან ხანგრძლივ საუბარს. ეს, ის ჯეკსონია, რომელმაც თავისი რჩევით ბალტიისპირა ქვეყნები შეიყვანა ნატოში. საუბრის შემდეგ მან თქვა ასლან აბაშიძე და აჭარის მაგალითი საუკეთესოა აფხაზეთის შემოსაბრუნებლადო.

ვერ გამოიყენა ცენტრმა, ისე, როგორც მისი მდიდარი გამოცდილება, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და შემართება. არადა როგორ სჭირდებოდა და სჭირდება საქართველოს პრაგმატული აზროვნების, ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, მეურნე, რომელმაც „პლინტუსის“ სწორად მიჭედების საქმეც იცის, დიპლომატიაც და ხალხთან ურთიერთობაც.

ვერ აიტანა ცენტრმა ასეთი და აიძულა სამშობლოდან წასულიყო. 2004 წლის მაისის დასაწყისში გააძევეს ქვეყნიდან, რომელიც ღვიძლი შვილივით უყვარდა. და არა მარტო გააძევეს, სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს მის წინააღმდეგ. საქვეყნოდ გამოაცხადეს, რომ საქართველომ აჭარა დაიბრუნა. სამწუხაროდ, ამ ბინძურ ვერსიას საქართველოს თითქმის ყველა პარტია დაბეჯითებით იმეორებდა, სააკაშვილის გულის გასახარად. არადა, რა ჰქონდა აჭარას დასაბრუნებელი?!

ჰქვია თუ არა ამას უმადურობა, გაუტანლობა, პიროვნების მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის მიფურთხება, მისთვის ტალახის შეყრა?!

აჭარას, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, არაერთი ხელმძღვანელი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის დიდ მემედ აბაშიძეს და მის შვილიშვილ ასლანს იხსენებენ. დანარჩენები არ ახსენდებათ.

ახსენდებათ პოზიტიურად, მის მიერ გაკეთებული საქმეების გამო. გაახსენდებათ მომავალშიც, ვინაიდან ამ პიროვნებებმა მყარად დაიმკვიდრეს ადგილი საქართველოს ისტორიაში. ასეთს დაფასება სჭირდება და არა განდევნა, მაგრამ შეისმენს ამას საქართველოს ხელისუფლება?!

ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.