23.12.2024

შეცვლის პოროშენკო პოლიტიკურ ვექტორს?

უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნები გადააგორა. გადააგორა თუ გადააგორებინეს? ის, რომ გადააგორებინეს, ეჭვი არავის ეპარება, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები წელს, მაგრამ გვიან შემოდგომით გაიმართებოდა. ასეთი იყო პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების, უკრაინის ოპოზიციის იაცენიუკის, კლიჩკოს, ტიაგნიბოკას და მაშინდელი პრეზიდენტის იანუკოვიჩის შეთანხმება.

მოქმედი პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების 2015 წლიდან 2014 წლისთვის გადმოტანას, გარდა ამისა კიევის მაიდნიდან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გაყვანას.

თებერვლის შეთანხმებას მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ მაიდნის ექსტრემისტულ-ფაშისტურმა ძალებმა, უკრაინის ოლიგარქებისა და აშშ-ის ფინანსურ-მორალური მხარდაჭერით, იერიში მიიტანეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის საბრძანებელზე და, იარაღის გამოყენების გზით, ხელში აიღეს სასახლე. იანუკოვიჩმა შეტევამდე დატოვა სასახლე და ხარკოვში გაემგზავრა, შემდეგ – როსტოვში.

მანამდე კი მაიდანელმა ექსტრემისტულმა ძალებმა არა მარტო კიევის, არამედ უკრაინის დასავლეთის ქალაქების ადმინისტრაციული შენობები დაიპყრეს, მათში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს სცემეს, აწამეს და სამსახურებიდან, რომ იტყვიან, წიხლით და შეურაცხყოფით გაჰყარეს. პარტია „რეგიონების“ წარმომადგენლები, დასავლეთის რეგიონების ხელმძღვანელი მუშაკები ქუჩაში გამოიყვანეს, ცივ ზამთარში წყალი გადაასხეს, დააჩოქეს შეკრებილი ხალხის, უფრო სწორად ეგზალტირებული ბრბოს წინაშე და თანამდებობებიდან „ნებაყოფლობითი“ წასვლის განცხადებებზე ხელი მოაწერინეს.

ანტისახელისუფლებო მოქმედება გაცილებით ადრე, 2013 წლის შემოდგომით, დაიწყო, როდესაც იანუკოვიჩმა გადაწყვიტა ხელი არ მოეწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე. არადა ხელშეკრულების პარაფირებიდან ერთი წელი იყო გასული, რაც სრულ შესაძლებლობას აძლევდა იანუკოვიჩს ღრმად გაცნობოდა ხელშეკრულების ტექსტს.

როგორც ჩანს, მსგავსს ადგილი არ ჰქონია. სქელტანიანი დოკუმენტი 1500-ფურცლიანი, თანაც აღსავსე იურიდიული ორაზროვანი ტერმინოლოგიით, არცთუ იოლი წასაკითხი, მითუმეტეს გასაანალიზებელ-გასათავისებელი აღმოჩნდა.

ისე, როგორც ხელმძღვანელობას სჩვევია, იანუკოვიჩმაც შექმნა კომისია აღნიშნული ხელშეკრულების დეტალების შესწავლისთვის. კომისიამ, ნაცვლად იმისა, რომ პარაფირებამდე, ანუ ვილნიუსის სამიტამდე ერთი წლით ადრე, შეესწავლა და ევროკავშირის მოხელეებთან ერთად გაევლო საპარაფირო ტექსტი, აჰყვა ბრიუსელელი მაღალჩინოსნების მოთხოვნებს და პირობა დადო, რომ იანუკოვიჩს, უდავოდ შეაბამდნენ ეჟვანს და ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერინებდნენ.

იბადება კითხვა – რა მიზანს ემსახურებოდა ბრიუსელის გეგმა? და იყო თუ არა ეს გეგმა ეკონომიკური?

დასაწყისიდანვე უნდა ითქვას, რომ ბრიუსელის გეგმას არაფერი აქვს საერთო ეკონომიკურობასთან. ის არის პოლიტიკური და ამ მიზნის შესასრულებლად ეკონომიკური ბერკეტებიცაა გამომყენებელი. მიზანი?

მიზანი მარტივი, თუმცა მზაკვრული – უკრაინის მიბმა ევროკავშირზე და მისი რუსეთის ორბიტიდან გაყვანა. საბოლოო ჯამში უკრაინის ანტირუსულ სახელმწიფოდ გადაქცევა.

საბჭოთა კავშირის და ვარშავის სამხედრო ხელშეკრულების დაშლის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ  დასავლეთს და მის ლიდერს, აშშ-ს სამშვიდობო პროგრამა შეემუშავებინა დამოუკიდებელი, კომუნიზმის იდეოლოგიისგან თავისუფალი რუსეთის მიმართ, რომელიც მიმართული იქნებოდა პრაგმატულ თანამშრომლობაზე, ვაშინგტონმა რუსეთის მოგუდვის გზა აირჩია, ანუ მისი დაშლის. მანამდე კი მისი გავლენის სფეროდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაყვანის.

ყოველივე აღნიშნული მან წარმატებით გაიარა – ფულით, მოსყიდვით, აგიტაცია-პროპაგანდით, პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების წვრთნით, ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების მოწყობით და ა.შ.

რომ იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდებაო და აშშ-ა უკრაინაში, საქართველოში, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელი შექმნა, რომელიც გადააქცია ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების სამჭედლოდ და რაც მთავარია, საკუთარი იდეოლოგიის გატარების გზად. პარალელურად აამოქმედა რესპუბლიკურ-დემოკრატიული პარტიების ფილიალები, „დემოკრატიული“, „თავისუფალი“ იდეების ხალხისთვის მისაწოდებლად.

20 წლის განმავლობაში ათასობით ყოფილმა საბჭოელმა ახალგაზრდამ, მათ შორის ქართველმა, ტრენინგები გაიარეს აშშ-ში, ბალტიისპირა ქვეყნებისა და პოლონეთის სასწავლო ბანაკებში. მსუყედ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართოდ გაშალეს პროპაგანდისტული საქმიანობა და ყველაფერი იღონეს ძველი ცხოვრების დავიწყებისთვის.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის უკრაინაც უდიდესი ამერიკული ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რამაც თავისთავად შეამზადა პოსტსაბჭოთა საზოგადოება, მათ შორის უკრაინული, ფერადი, ვითომდა უსისხლო რევოლუციებისთვის. და არა თუ შეამზადა, არამედ მოჭარბებულად პროამერიკული ადგილობრივი პარტიული კადრების წყალობით, განახორციელა კიდევაც. გავიხსენოთ იუშჩენკო-ტიმოშენკოს „გამარჯვება“ 2004 წლის არჩევნებში, როდესაც მიკერძოებულმა არბიტრმა, აშშ-ა გამარჯვებულ იანუკოვიჩს წითელი ბარათი ამოუღო და გამარჯვება არ ჩაუთვალა. დასამშვიდებლად ძვალი გადაუგდო – საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ტურის ჩატარების სახით.

იანუკოვიჩი დაამარცხეს, მაგრამ ამასთანავე დაამარცხეს უკრაინაც, რომელმაც ვერაფერი გაუგო იუშჩენკო-ტიმოშენკოს არაპროფესიონალურ მმართველობას. ქვეყანა კი მიექანებოდა ჭაობისკენ. საბჭოთა პერიოდის განვითარებული სამრეწველო-აგრარული უკრაინა, ოლიგარქების დაბეჯითებული მეცადინეობით, ძარცვით და გლეჯვით უღარიბეს ქვეყნად იქცა, ხოლო სახელმწიფო დოვლათმითვისებული ოლიგარქები – მილიარდერებად.

აშშ-ა იოლად გამოძებნეს გზა ქურდი ოლიგარქების დასაყვავებლად და მათი თოჯინებივით გამოსაყენებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონმა 5 მილიარდი დოლარი, სახელმწიფო ფული, დაახარჯა უკრაინის „დემოკრატიის“ განვითარებას. ერთი იმდენიც ამერიკულ ბიზნესს დაახარჯვინა, რითაც, საბოლოო ჯამში, მოახერხა ფაშისტური, ბანდერული, ანტირუსული ვნებების აღორძინება, ჯერ დასავლეთ უკრაინაში, შემდეგ ცენტრალურში.

მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაუსაძლისმა სოციალურმა პირობებმა აიძულა უკრაინის მოსახლეობა გადაერჩია იუშჩენკო-ტიმოშენკო და აერია იანუკოვიჩი. პრორუსად შერაცხული იანუკოვიჩის გამარჯვება ამერიკისთვის დიდი მარცხი იყო, მაგრამ ეს, ის ქვეყანა არ არის, იოლად რომ შეეგუოს წაგებას. მან, მართალია, თვალი მილულა ამაზე, მაგრამ არ დაუხუჭავს, პირიქით გაააქტიურა იატაკქვეშური მოქმედება და მთელი ძალები მიმართა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად. ამისთვის ამერიკულად განწყობილი კადრებიც გამოზარდა და მათთან პრაგმატული ურთიერთობებიც ჩამოაყალიბა.

რაც შეეხება პრეზიდენტ იანუკოვიჩს, ე.წ. პრორუსს, მაგრამ რეალურად პროდასავლურად გაჟღენთილს, ვაშინგტონმა ვერაფრით მოარგო სათავისო პოლიტიკა. იანუკოვიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნება იყო ევროკავშირში შესვლა, რითაც ის არაფრით განსხვავდებოდა სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისგან, მაგრამ ამასთანავე მას სურდა მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობების ქონაც.

იანუკოვიჩი ორ სკამზე იჯდა, მერყეობით შეპყრობილი, რაც სახელმწიფო მეთაურისთვის ერთობ არასასურველი თვისებაა. ეს მერყეობა დაარღვია უკრაინელი ოლიგარქების ჯგუფმა, რომლებმაც, ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აუხსნეს მას, რას ნიშნავდა ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

აუხსნეს, რომ ხელმოწერის შემთხვევაში ქვეყანა დადგებოდა უმუშევრობის, ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის წინაშე. აუხსნეს ისიც, რომ უკრაინა უკვე იყო მძიმე ეკონომიკურ კრიზისში და დახუნძლულია უცხოური ვალებით; რომ ასოცირება ნიშნავს რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას, სამხედრო შეკვეთების შემსრულებელი ქარხნების, კვლევითი ინსტიტუტების დაკეტვას, მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების ფასების ზრდას, ისედაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის, უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდას, კომუნალური გადასახადების გაძვირებას და ა.შ.

მოსალოდნელმა კატასტროფამ გადაათქმევინა იანუკოვიჩს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერა, თუმცა მან მიმართა ევროკავშირს უკრაინის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად – პირველ ეტაპზე 20 მილიარდამდე ევროს გამოყოფისთვის. გარდა ამისა წამოაყენა წინადადება კიევ-ბრიუსელ-მოსკოვის მოლაპარაკების დაწვებისთვის. 230 საწარმო, რომელიც რუსულ სამხედრო დაკვეთებს ასრულებდა, დახურვის წინაშე აღმოჩნდებოდა ასოცირებული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

იანუკოვიჩი თხოვდა ევროკავშირს საკომპენსაციო თანხას დაახლოებით 120 მილიარდ ევროს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, ისე, როგორც ბრიუსელ-კიევ-მოსკოვის მოლაპარაკება. პრეზიდენტმა ობამამ არაორაზროვნად განაცხადა ან უკრაინა იქნება ცივილიზებული ქვეყნებთან, ან დარჩება ერთთან.

იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ და დასავლეთის მიზანმიმართულებამ უმალ ააგორა საპროტესტო ტალღა თავისი მაიდნით და დასავლეთ უკრაინიდან კიევში ჩაყვანილი მომიტინგეებით. მთელი სიმძლავრით ამუშავდა დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, დოლარები მიაწყდა უკრაინას და მასთან ერთად ევროპელ-ამერიკელი მაღალ-დაბალი რანგის პოლიტიკოს-მოხელეები. ყველა, ისინი, ტვინს უბურღავდნენ იანუკოვიჩს და მოითხოვდნენ მისგან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერას, აქეზებდნენ ოპოზიციას უფრო რადიკალური ქმედებისთვის.

ეს მცდელობა, კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც კრემლმა გადაწყვიტა 15 მილიარდი დოლარით დახმარებოდა უკრაინას, თან გაზის გადასახადიც დაეკლო. დასავლეთის წინაშე გაჩნდა საფრთხე – უკრაინის რუსეთისკენ გადახრის თვალსაზრისით, რამაც აფიქრებინა აშშ-ს ანტისახელისუფლებო გადატრიალების ფორსირება, ანუ 2015 წლის ანტიიანუკოვიჩის გამოსვლების, 2014 წელს გადმოტანა, რაც წარმატებით განახორციელა.

 „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ გეგმის სულისჩამდგმელები არიან შვედეთი-პოლონეთი – რუსეთის ისტორიული მტრები. გეგმა ითვალისწინებს რუსული გავლენს აღმოფხრვას ყოფილ  საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს გეგმა არის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შემცვლელი გეგმა. ის ვერ განხორციელდა კრემლის კატეგორიული პოზიციის გამო და ჩანაცვლდა მშვიდობიანი, „აღმოსავლეთის პარტნიორობით“.

ერთის შეხედვით, თითქოს ეს გეგმა უწყინარი რამ არის, მაგრამ მხოლოდ ერთის შეხედვით, ვინაიდან აიძულებს ხელმომწერ ქვეყანას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების, განსაკუთრებით სამხედრო შეკვეთების დარგში, გაწყვეტას.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ აიძულებს ხელმომწერ ქვეყანას ევროკავშირს გაუხსნას ბაზარი, ამასთანავე თვით ევროკავშირიც გახსნის მისთვის თავის ბაზარს. თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც ქვეყანას არაფერი აქვს ევროკავშირში გასაყიდი, ანუ ვერ ამზადებს ისეთ პროდუქციას, ევროპელს რომ გამოადგება – ნიშნავს ცალმხრივობას. შენ ვერ ქმნი პროდუქციას ევროკავშირის ბაზრისთვის, ის კი სავსეა ჩაწოლილი პროდუქციით, რომელიც წალეკავს ხელმომწერი ქვეყნის ბაზარს, რაც საბოლოო ჯამში ჩაკლავს ადგილობრივ წარმოებას.

ევროპას არ ესაჭიროება უკრაინის სამხედრო ქარხნების პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქარხნები დაიხურება. უკრაინა მწარმოებლიდან, მომხმარებელ ქვეყნად იქცევა, თან კატასტროფული უმუშევრობით. ევროკავშირის საკონკურენციო ბაზარი, როგორც უკრაინული, ისე ქართული პროდუქციისთვის, არა მარტო იქ – ევროპაში, იქნება პრობლემა, არამედ უკრაინაში და საქართველოში.

გაუთვითცნობიერებელი სამი ქვეყნის ხალხი უკრაინელი, ქართველი და მოლდოველი, აყოლილი ბრიუსელის დაპირებას, ფიქრობს, რომ ევროკავშირი ქარხნებსაც ააშენებს, ხალხსაც დაასაქმებს, დამზადებულ პროდუქციასაც გაყიდის და ააყვავებს, რაც ისეთივე ზღაპარია, როგორც კომუნიზმი.

ევროპას თავის თავი აქვს სარჩენი, თან იმდენი პრობლემა, რომელთა დაძლევა თითქმის შეუძლებელია. ევროკავშირის გაუარესებულმა ეკონომიკურ-სოციალურმა ვითარებამ, საკითხების პოლიტიზაციამ და ბრიუსელის, სხვა ჰეგემონისტური მიდრეკილების გამოვლინებამ კარდინალურად შეცვალა ბრიუსელის მიმართ ევროკავშირში შემავალი 28 ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება.

სწორედ საყოველთაო უკმაყოფილებამ გამოიწვია მოსახლეობის ევროსკეპტიკური განწყობა და ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის დაშლის მსურველი პარტიების გამარჯვება. მართალია მათ უდიდესი უმრავლესობა არ აქვთ ევროპარლამენტში, მაგრამ რაც აქვთ, საკმარისია იმისთვის, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში წყალი შეუდგეს ამ კავშირს.

როგორც ჩანს, მოახლოვდა ევროკავშირის დაშლის ჟამი, რასაც ვერც უკრაინული და ვერც ქართული პოლიტიკა ჭვრეტს. დასავლურ პროპაგანდას და ანტირუსულ გეგმებს აყოლილნი თავქუდმოგლეჯილნი გავრბივართ იმისთვის, რომ ევროკავშირის ნანგრევებში მოვყვეთ. საბჭოთა კავშირის ნანგრევებმა ვერაფერი გვასწავლა და ახლა ევროკავშირის.

უკრაინის შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებიდან თითზე ჩამოსათვლელი თვეები გავიდა, მაგრამ დროებითმა ფაშისტურმა ხუნტამ მოახერხა ქვეყნის მოსახლეობის ისეთი აბუნტება, მამაზეციერი რომ ვეღარ დაალაგებს ვითარებას. და ყოველივე ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა აშშ-ს ადმინისტრაციამ.

უკრაინა, დაპირისპირებული და ერთმანეთის მტრად გადაკიდებული, სხვადასხვა მიმართულებით იქაჩება – სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა რუსეთისკენ, დასავლეთი – დასავლეთისკენ.

უკრაინას გამოეყო ყირიმის ნახევარკუნძული და რუსეთს შეუერთდა. ის აღარ დაუბრუნდება უკრაინას. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც რუსეთს აიძულებს დააბრუნოს ყირიმი, ვინაიდან ყირიმში ჩატარებული „თვითგამორკვევის“ რეფერენდუმის შედეგები კანონიერია და თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა ამერიკა-ევროპამ. აშშ-ი და ევროპა, ყირიმის მოსახლეობის არჩევანს რუსულ ანექსიად მოიხსენიებს, რაც ისეთივე უსაფუძლოა, როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობა.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ დასავლური, კერძოდ ამერიკული, ორმაგი სტანდარტები მომაკვდინებლად მოქმედებს საერთაშორისო სამართალზე. ყირიმის გარდა ლუგანსკმა და დონეცკმა სახალხო რესპუბლიკა – ნოვოროსია დააარსეს და თავგანწირვით იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას კიევის ხუნტის არმიისგან.

და აი ასეთ დროს საპრეზიდენტო არჩევნები. უნებლიედ იბადება კითხვა – არ სჯობდა კიევში ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, იანუკოვიჩის მმართველობის დროებითი შენარჩუნება, კონსტიტუციის შეცვლა და წელსვე არჩევნების ჩატარება?

მაგრამ შეიარაღებული გადატრიალება უკვე მოხდა, არჩევნებიც დაინიშნა და ჩატარდა კიდევაც – გამარჯვებული პრეზიდენტიც გამოცხადდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც აშშ-ს სურდა. მისი სიჩქარე უკანონო პოლიტიკური ვითარების დაკანონება იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებმა უკანონობა, ყურით მოთრეული კანონიერებით გადაფარა. როდესაც ქვეყანაში არის ტერორი, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი, საპრეზიდენტო კანდიდატებს დობკინს, ცარიოვს, სიმონენკოს არ ატარებინებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, არ აძლევენ სატელევიზიო გამოსვლებისთვის დროს, სახლებს და ოფისებს უწვავენ – არჩევნები არ ჰქვია.

პოროშენკომ პირველ ტურში გაიმარჯვა, ვინაიდან ასე იყო დაგეგმილი ვაშინგტონში. ახალი პრეზიდენტი ვაშინგტონის შემოქმედებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლის მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. პოროშენკომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მზად არის მოსკოვთან მოსალაპარაკებლად ამერიკა-ევროკავშირთან ერთად. რა ნაცნობი განცხადებაა. ასე ამბობს საქართველოს ხელისუბლებაც. ეს კი თავისთავად მოწმობს კიევ-თბილისზე ვაშინგტონის დიქტატს.

და როდესაც ამგვარ უსუსურობასთან გვაქვს საქმე, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მოსკოვმა, ვაშინგტონთან შეთანხმებით, დაამზადოს კიევური „კოტლეტი“ ან ქართული „საცივი“. ჩვენ, ჩვენივე უგერგილობით, უთავმოყვარეობით და რაც მთავარია, უცოდინარობით ვკარგავთ სუვერენიტეტს, 26 მაისის, სხვა მონაპოვარს.

რუსული ანდაზაა – ცუდი მაგალითი გადამდებიაო. და მართლაც, რა ჭირი შეგვეყარა საქართველო-უკრაინას ასეთი, რომ ერთმანეთს ვასწრებთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში?

უკრაინის საკითხი, მზაკვრულად დამუშავებული ვაშინგტონის მიერ და მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არც ისე განხორციელდა, როგორც ვაშინგტონი ისურვებდა, მაგრამ ასრულდა მისი ოცნება – რუსეთის საზღვრებთან მუდმივი დაძაბულობის კერის შექმნასთან დაკავშირებით.

აშშ-ი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ქაოსს, თანაც ხანგრძლივს, ქმნის, ერთმანეთს ატაკებს ქვეყნებს, ხოლო თვით, ცხელი წერტილებიდან მოშორებით, საკუთარ კონტინენტზე ნებივრობს.

უკრაინის სახით, ამერიკამ დიდი პრობლემა შეუქმნა რუსეთს, რომელიც დიდი ნებისყოფისა და დაფიქრების აუცილებლობას მოითხოვს. აშშ-ა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ რუსეთს ჯარი შეეყვანა უკრაინაში, რითაც აგორდებოდა ახალი ვიეტნამი, ანუ ვიეტნამი (უკრაინა) რუსეთისთვის. ხანგრძლივი ომი არა მარტო რუსეთს დააძაბუნებდა, არამედ უკრაინასაც გამოუყვანდა წირვას, თუმცა მას უკვე გამოუყვანეს წირვა.

უკრაინაში დაიწყო ქვეყნის დაქუცმაცების პროცესი, რომელსაც ვერც პოროშენკო და ვერც მამაზეციერი ვეღარ უშველის. და ამ დაქუცმაცებაში ლომის წილი შეიტანეს ე.წ. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ოლიგარქებმა, ანტიუკრაინულად განწყობილმა ელემენტებმა. და რაც მთავარია, ამერიკულ ყაიდაზე გამოზრდილმა, ამერიკული იდეალების მატარებლებმა.

აქვს პოროშენკოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობა? საეჭვოა, ვინაიდან ის ამერიკის კაცია, მისი დასმული და მისი დირექტივების გამტარებელი. ასეთი, პოლიტიკურ ვექტორს ვერ შეცვლის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.