ვითარება სამხრეთ-კავკასიაში

ა.წ. 10 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო რეგნუმმა (REGNUM) ინტერვიუ აიღო კავკასიის საკითხებში მკვლევართან, ჟურნალისტთან თომას დე ვალესთან. განხილულ იქნა არა მარტო აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო კონფლიქტი, არამედ მოვლენები დაკავშირებული უკრაინასთან და რუსეთთან, დასავლეთის მიდგომა ამ საკითხებისადმი.

ინტერვიუში გაჟღერებული თემები არახალია. რახანია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს მთიანი ყარაბახის საკითხი. ის, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, იმ გადაუჭრელ პრობლემათა შორისაა, რომლის მოგვარებას ალბათ დღევანდელი აზერბაიჯან-სომხეთის პოლიტიკოსთა თაობა ვერ გადაწყვეტს და არასასურველ ესტაფეტასავით მომავალ თაობას გადაულოცავს. ერთადერთი რასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ომის შედეგად სომხეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება იქნება.

ბოდიშს მოვითხოვ, როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წინაშე, მაგრამ ორი ქვეყნის გაჭიანურებული პრობლემების მოწესრიგება ამ ეტაპზე არარეალურად მესახება. როგორც ჩანს, დროა საჭირო ომით გამოწვეული იარების მოშუშებისთვის, ახალი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის, კონფლიქტის ახალი თვალით შეხედვისთვის.

ვისურვებდი, რომ ანალოგიური ვითარება ყოფილიყო საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის, მაგრამ დღეს, რაღა, ამ ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის მე-6 წლისთავზე?

დღეს, რაც არ უნდა ვიძახოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ და ამ ოკუპაციის დასავლეთის მიერ აღიარების თაობაზე, წართმეულს არავინ დაგვიბრუნებს. დაბრუნება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი, დასავლური სანქციებით დაძაბუნებული და დაშლის პირას მყოფი, ხელს აიღებს მითვისებულზე. ასეთი პერსპექტივა კი არ ჩანს.

ომს და ომით გამოწვეულ უბედურებას გაცილებით სჯობდა გაუთავებელი მოლაპარაკებები. ომმა რაც გააკეთა, ისაა, რომ წერტილი დაუსვა განდეგილი ავტონომიების შემობრუნებას.

ყარაბახის თემა სერიოზულია, ვინაიდან არა მარტო ყარაბახს ეხება, არამედ სხვა სომხურ ტერიტორიებსაც, რომელთა ჭეშმარიტ სომხურობას რახანია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და ისტორიკოსები. 1998 წელს, ჰეიდარ ალიევმა გამოსცა ბრძანებულება „აზერბაიჯანელთა გენოციდის შესახებ“, სადაც არა მარტო მთიანი ყარაბახი, არამედ მთელი სომხეთის ტერიტორია აზერბაიჯანულადაა წარმოჩენილი.

„თურქული წარმომავლობის ეთნოსი – ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII-VII საუკუნეებში ცხოვრობდნენ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე. ირევნის სახანოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა დანარჩენ აზერბაიჯანულ სახანოთა შორის“ – არის აღნიშნული „დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიული გეოგრაფიის წიგნში“. „დასავლეთ აზერბაიჯანი“ სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც დღევანდელ სომხეთს უკავია.

2007 წელს ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ „დღევანდელი სომხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის მიწებზე. 1918 წელს, როდესაც შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, მან აჩუქა ქ.ირევანი სომხეთს. ირევნის სახანო აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა. ვიმეორებ, სომხები მოვიდნენ ამ მიწაზე, როგორც სტუმრები“.

არ შევუდგები მოგვიანებით გაკეთებული განცხადებების ჩამოთვლას და მათზე სომეხი პოლიტიკოს-ექსპერტობის გესლიან პასუხებს. ვიტყვი იმას, რომ პრობლემა სერიოზულია და მის მოგვარებას არა ერთი წელიწადი შეელევა. ასე რომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ინიციატივით ქ.სოჭში გამართული პუტინ-ალიევ-სარგსიანის მოლაპარაკებით მთიანი ყარაბახის საკითხი ვერ მოგვარდებოდა. ერთი რამ, რაც სოჭმა გააკეთა, ისაა, რომ საშუალება მისცა ორ პრეზიდენტს, კარგა ხნის პაუზის შემდეგ, შეხვედროდნენ ერთმანეთს.

ცხადია, ცალ-ცალკე შეხვედრების დროს პუტინი შეეცდებოდა იმის გაგებას, თუ როგორ აფასებენ აზერბაიჯან-სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. აქვე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი რახანია იხილავს რუსეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ის არც ნატოსკენ ისწრაფვის და არც ევროკავშირისკენ.

ოფიოციალური ბაქო არ აცხადებს, რომ სურს საბაჟო კავშირში შესვლა. მას დასავლეთ-აღმოსავლეთის ქიშპში ნეიტრალური პოზიცია უკავია. უფრო მეტიც, ის სასტიკად აკრიტიკებს დასავლეთს, როდესაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არ მიდის დემოკრატიული განვითარების გზით. აზერბაიჯანი მზადაა ხილით და სხვა პროდუქტებით მოამარაგოს რუსეთი. დასავლურმა ანტირუსულმა სანქციებმა მას საკუთარი პროდუქციის გასაღების დიდი შანსი მისცა.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკა-ევროკავშირის მიერ დაწესებულმა ანტირუსულმა სანქციებმა ბუმერანგივით იმოქმედეს მათზე. რუსეთმა თვით დააწესა ანტისანქციები, რითაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამერიკა-ევროპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ექსპერტების მიხედვით, ევროკავშირის ზარალმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებული კრიზისია შექმნილი პოლონეთში, ნორვეგიაში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ფინეთში.

პოლონეთი და სამი ბალტიისპირა ქვეყანა, სწორედ ისინი არიან, ვინც დაბეჯითებით მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რომ იტყვიან, თავიანთ ანკესს წამოეგნენ. მათ ისღა დარჩენიათ კომპენსაცია თხოვონ ბრიუსელს. ისიც მზად არის ამისთვის, ოღონდ ნაცვლად 12 მილიარდისა, მხოლოდ 400 მილიონის გაღება შეუძლია. პოლონეთმა, სანქციების ინიციატორ, აშშ-ს მიმართეს – შეისყიდოს პოლონური ვაშლები. პასუხი ასეთია – თვით პოლონელებმა მოაგვარონ პრობლემა – ბევრი ვაშილის ჭამით.

რუსული ემბარგო ისეთ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირში, რომელიც უდავოდ გადაიზრდება პოლიტიკურში, ანუ მთავრობის ნდობა-არნდობაში. და ყოველივე აღნიშნული უკრაინის გამო. ღირს  კია დღევანდელი უკრაინა ამდენ დავიდარაბად?

რომ არ ღირდეს, ამერიკა მილიარდებს არ ჩაყრიდა უკრაინულ საქმეში. აშშ-ს აყოლილი ევროკავშირის პოლიტიკა იძულებით ნაბიჯებს დგამს, რაც სერიოზულად აზიანებს არა ამერიკას, არამედ მათ ინტერესებს. ცნობილი ფაქტია, რომ ნეონაცისტური უკრაინით, აშშ-ი ცდილობს რუსეთის წელში გადატეხვას, სერიოზული კონკურენტის გზიდან ჩამოშორებას.

უკრაინასთან მიმართებაში როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი, რომ აშშ-ს გული მოიგოს? ასეთი გზის ან ხერხის გამოძებნა შეუძლებელია, ვინაიდან ყველა, მიუღებელი იქნება ვაშინგტონისთვის.

რახანია ომი მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ომი გაცილებით სასტიკია, ვიდრე ღაზის სექტორის წინააღმდეგ წამოწყებული ომი. ისრაელის ომმა მიწასთან გაასწორა ღაზის სექტორი, მისი ინფრასტრუქტურა, 1500-ზე მეტი ადამიანი დახოცა.

ანალოგიური, თუ უფრო უარესი არა, არის დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ერთის სხვაობით – ნგრევის მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე პალესტინაში.

სხვა მხრივაც არის სხვაობა – თუ ისრაელის აგრესია მეტნაკლები ჭეშმარიტებით შუქდება მსოფლიოს მედიაში, უკრაინის – ნაკლები. დასავლური მედია თავს არ იწუხებს ამით, ვინაიდან პოლიტიკა არ ითხოვს ამას. რასაც პოლიტიკა ითხოვს – რუსეთის ქილიკია. „ანგელოზი“ უკრაინელი პოლიტიკოსები და „ბარბაროსი“ რუსები, რომლებიც მძიმე საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით ეხმარებიან აჯანყებულებს.

რახანია რუსეთი მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და საკამათო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას, მაგრამ ამაოდ. რახანია რუსეთი მოითხოვს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის ჰუმანიტარული ტვირთით და მედიკამენტებით მომარაგებას, მაგრამ ამაოდ. აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია თვლიან, რომ ეს რეგიონები უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული დახმარებით. არის თუ არა ეს ცინიზმი?

როდესაც თვეზე მეტია ლუგანსკში არ არის ელექტროენერგია და წყალი, რა ჰუმანიტარულ დახმარებაზეა ლაპარაკი? და როდესაც რუსეთმა, „საერთაშორისო წითელ ჯვართან“ ერთად გადაწყვიტა ამგვარი დახმარების გაწევა, უმალ გამოხდა ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი და თქვა, რომ რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ნიშნავს ომში ჩართვას.

დასავლეთი, რომელიც არა მარტო იარაღით, არამედ ფინანსებით და სამხედრო სპეციალისტებით ეხმარება კიევის ხელისუფლებას, დაბეჯითებით მოითხოვს, რომ რუსეთმა მედიკამენტებიც არ მიაწოდოს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას.

უკრაინის არმია გეგმაზომიერად ანადგურებს აღმოსავლეთ უკრაინის ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საზოგადო თავშეყრის შენობა-ნაგებობებს, რითაც თავისთავად აცხადებს, რომ კიევს თავისუფალი ტერიტორიები უნდა, ყოველგვარი რუსის გარეშე, ანუ ძირძველი მოსახლეობის გარეშე. და ყოველივე ამას დასავლეთი მოთმინებით უყურებს, რუსეთს არ აძლევს იმის შესაძლებლობასაც კი მედიკამენტებით გაუწიოს დახმარება რუსული წარმოშობის ადამიანებს.

ჩანს, აშშ-ა  და ევროკავშირმა გადაწყვიტეს რუსეთის საბოლოო იზოლაცია, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური სანქციების ნაყოფს უკვე იმკიან, რაც შეეხება სამხედროს – აქაც ვერ აქვთ კარგად საქმე. აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების საკითხი სერიოზულ ბარიერებს აწყდება. საქართველოს ხელისუფლება, რომ თავდავიწყდებით მიესალმება ნატოს ძალების გაფართოებას ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთში, თვით ნატოს წევრ სახელმწიფოებში, დიდ სიხარულს არ იწვევს.

სულ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის მოსახლეობის 74% წინააღმდეგია ნატოს მუდმივი ბაზების შექმნის პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში. აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ალიანსის გაძლიერებას მხოლოდ მოსახლეობის 18% დაუჭირა მხარი.  მას არ სჯერა პოლიტიკოსების მიერ თითიდან გამოწოვილი „რუსული აგრესიის“.

ნატოს მომავალი, სექტემბრის სამიტის მასპინძელმა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა წერილობით მიმართა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც ის ითხოვს კონსოლიდაციას აღმოსავლეთ ევროპაში მოსალოდნელი რუსული „აგრესიის“ საწინააღმდეგოდ.

კემერონი თვლის, რომ რუსეთი, ნატოს, მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს (საინტერესოა, სხვაგვარად როგორ უნდა მოიხსენიოს?) და რახან ასეა, ის სთავაზობს ნატოს ერთობლივი წვრთნების ახალ გრაფიკს, ლოჯისტიკის, თავდაცვის პროგრამის, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოებას და მასში ნატოს მეგობარი ქვეყნების ჩართვას. ამასთანავე „სწრაფი რეაგირების ძალების“ 25000-მდე გაზრდას. და ეს ყველაფერი – უკრაინაში რუსეთის არაკანონიერი ქმედების წინააღმდეგ.

კემერონის აზრით, უელსის სამიტზე (4-5 სექტემბერი) ყველას უნდა ჰქონდეს წინადადება აღმოსავლეთ უკრაინაში მყარი სამხედრო პოზიციის შესაქმნელად. ამ პოზიციით დიდი ბრიტანეთი მხარს უმშვენებს რუსეთის წინააღმდეგ შემართულ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები.

რუსეთის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო „მუშტის“ დისლოკაციის ადგილიც გამოინახა, პოლონეთის ქ.შეცინი. სწორედ, ეს ქალაქი უმასპინძლებს ნატოს ახალ ბაზას.

კემერონის წინადადება სულაც არ არის ახალი. რახანია აშშ-ი ითხოვს თავისი მოკავშირეებისგან მსგავსი „შემაკავებელი“ ძალის ჩამოყალიბებას, რაც ევროპის ქვეყნებს – შენახვის თვალსაზრისით, ძვირი დაუჯდებათ. ევროპის ქვეყნებმა თავიანთ ბიუჯეტში უნდა გაზარდონ ხარჯები, ბაზის შესანახად.

ნატოს მომავალი სამიტის პროგრამის კონტურები ნათლად ისახება – რუსული აგრესიის შეკავებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაძლიერება. „სწრაფი რეაგირების“ 25000-იან კონტიგენტში მეგობარი ქვეყნების სამხედროების გამოყენება  და სხვა.

სწორედ ამ პუნქტში გაიხარებს ალასანია, ვინაიდან რახანია თავდავიწყებით ლობირებს პროექტში საქართველოს მონაწილეობას. მას ნაკლებად ადარდებს შედეგი, რომელიც შესაძლოა ერთობ სავალალო გამოდგეს საქართველოსთვის. ალასანია რახანია ითხოვს საჰაერო თავდაცვის იარაღს, მაგრამ, რა რაოდენობის და სიმძლავრის უნდა იყოს ის (იარაღი), არ აკონკრეტებს. ანდა როგორ დააკონკრეტებს, როდესაც რუსულ შეიარაღებასთან გვაქვს საქმე?

რამდენი და რა სახის იარაღი აღუდგება რუსულ საჰაერო შემოტევას, იცის ვინმემ? თუ იციან, ალბათ ისე, როგორც 2008 წლის ომამდე, როდესაც ზოგიერთი თავგახურებული სამხედრო როსტოვამდე ჩასვლას აპირებდა და ამას ღია სატელევიზიო ეთერში აცხადებდა.

დავუშვათ, მოგვცეს ასეთი იარაღი და ჩვენც გამოვიყენეთ, რას დაემსგავსება ქვეყანა, შემოტევის შემდეგ? დაახლოებით იმას, რასაც ღაზას სექტორი ჰქვია ან დონეცკი და ლუგანსკი.

დარწმუნებული ვარ, იარაღის მომცემი გვერდზე გადგება და შორიდან დაიწყებს „წუხილის“ გამოხატვას. ნუთუ, 2008 წლის აგვისტომ არაფერი გვასწავლა?

საერთოდ უნდა ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის პირის დაღებას უმალ მოჰყვება ერთობ აგრესიული და სარისკო გამონათქვამები. ავიღოთ თუნდაც „დიდგორობის“ დღეს ნატყორცნი მისი „პატრიოტული“ სიტყვა, რომელშიც მან ამერიკელი სენატორები, ისინი, ვინც „ღრმად შინაარსიანი“ წერილის ავტორები არიან, მოიხსენია საქართველოს კეთილისმსურველებად.

მაკკეინი და ძმანნი მისნი, რომ ნამდვილი კეთილისმსურველები ყოფილიყვნენ, სააკაშვილთან და ნაცებთან არ დაიჭერდნენ ურთიერთობას, არც ჭკუის მსწავლელი წერილით შეაწუხებდნენ ღარიბაშვილს.

ალასანიამ „დიდგორიდან“ მოყოლებული, ქართული გმირობაც გაიხსენა, ცხადია, მომხდურებთან ომებში და  თავისი „სპიჩი“ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს აგრესიით დაასრულა. ამერიკელთა მხარდაჭერით გაპოლიტიკოსებული პიროვნებისაგან სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი რამ. ის ამით ამერიკას ეფერება, მაგრამ საკუთარ ქვეყანას რომ ვნებს, ამაზე აღარ ფიქრობს.

ზემოთნახსენებ ინტერვიუში არის ასეთი კითხვა: „ამერიკა და ევროპა დაინტერესებულები არიან, რომ კავკასიაში კვლავ დაიწყოს ომი, რამეთუ რუსეთს, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს შექმნილი უკრაინის მხრიდან, ანალოგიური შეექმნას კავკასიაში, რაც დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, ვინაიდან ის (ომი) თავისთავად განვითარდება ჩრდილო კავკასიაში“? რესპონდენტი ნეგატიურად პასუხობს – მაგრამ ვინ იცის?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.