შეცდომის სხვაზე გადაბრალების ტაქტიკა

ვიდრე თქვენთვის წარმოდგენილი სტატია იხილავს დღის სინათლეს, მრავალ ახალ მოვლენას ექნება ადგილი და სტატიის მიერ გაჟღერებული თემები მოძველებულად გამოჩნდება. რა გაეწყობა, ბეჭდური მედია, თავისი ტემპით, აშკარად ჩამორჩება ცხოვრებისეულ ტემპს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღირს იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ჩვენს წინაშეა და თავისი ნეგატიურობით გულს გვიწვრილებს, გონებას გვიფორიაქებს და ნიჰილიზმის განვითარების ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

საზოგადოებაში რომ დიდმა იმედგაცრუებამ დაისადგურა – არახალია. ხალხი თვლის, რომ პირში ჩალა გამოავლეს – უამრავი დაპირებითა და კარგი მომავლის სურათების დახატვით, ისე მოატყუეს, მტერიც რომ არ იკადრებდა. დამპირებლები, ნაცვლად მობოდიშებისა, შეტევაზე არიან გადასული და ისე ყელყელაობენ, თითქოს მათ კი არ გაუციათ ბრტყელ-ბრტყელი დაპირებები, არამედ სხვა პლანეტის პოლიტიკოსებმა – დედამიწაზე დროებით მოვლენილებმა.

ყველაზე დიდი ყურადღება, ყველაზე დიდმა დამპირებელმა მიიპყრო –  მისთვის ჩვეული ტერმინოლოგიით და საკუთარის, სხვაზე გადაბრალებით. სხვაზე გადაბრალების თვისება არა მარტო მას, არამედ სხვასაც ახასიათებს – პოლიტიკოსი იქნება ის, თუ ყოფილი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე თუ სახელმწიფო მოხელე, საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მოსახლეობა, ქვეყანა.

ყველა ერთმანეთს ვაბრალებთ, რითაც გულს ვიმშვიდებთ, ვფიქრობთ, ამით სამოთხის გზა გაგვეხსნება – არა იმ სამოთხის, აქაური, მიწიერი სამოთხის. იმ სამოთხეზე არავინ ფიქრობს, რომ ეფიქრათ, სხვაგვარად იმოქმედებდნენ, რაც მთავარია შეუსრულებელ დაპირებებს არ გააკეთებდნენ და დაპირების შემთხვევაში, მცირედის შესრულებას მაინც შეეცდებოდნენ.

პირველმა დამპირებელმა, საქართველოს ეკონომიკური ჩავარდნებისა და ფულის ერთეულის სისუსტის საკითხი, გარდა სხვა ფაქტორებისა, ტურიზმის, ბიზნესის განვითარების შეფერხებას მიაწერა და დიაგნოზიც დასვა – საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვა შეცდომა“, – ბრძანა მან. და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ყოფილმა თანამებრძოლმა და ასევე ყოფილმა პირველმა „დიპლომატმა“ მკაცრად უპასუხა: – „სავიზო საკითხებზე რამდენიმე უწყება მუშაობდა, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და თითის გაშვერა საგარეო უწყების მიმართ შეცდომაა“. მან, ყოფილი შეფის გაშვერილი თითი იუსტიციის მინისტრის წულუკიანისკენ შეაბრუნა.

ქრონიკისთვის უცნობია წულუკიანმა მიიღო თუ არა ფანჯიკიძის მიერ გადამისამართებული  თითი, მაგრამ ის კი იცის, რომ იუსტიციისა და სხვა სამინისტროების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ნამოღვაწარმა“ უმძიმეს ვითარებაში მოაქცია ქვეყანა.

ფანჯიკიძემ ისიც ბრძანა – სავიზო საკითხების დოკუმენტი სწორედ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მანაც, უფრო სწორედ მან უნდა აიღოსო.

ორივე ყოფილის სიტყვიერ ფარიკაობას საგარეო უწყებამაც მიაქცია ყურადღება და კერესელიძის პირით, ეჭვი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის შემოღებას რაიმე დაეშავებინოს ეკონომიკისა და ლარის სიმყარისთვის. მან დასამშვიდებელი „აბიც“ გადმოგვიგდო – არაუშავს, ლაფსუსები ხდება და გამოსწორდებაო. და დაიწყო გამოსწორების გზაზე სვლა – ხანგრძლივი, დამღლელი, უკიდეგანო. არადა, ვისაც გამოსწორება სურს, იოლად შეძლებდა ამას – პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შესწორების შეტანით.

რაც შეეხება კერესელიძის სკეპტიციზმს, სავიზო სისტემის გამკაცრების გამო, ლარის კურსის დასუსტებასთან დაკავშირებით, ამ საკითხებში კერესელიძეზე მეტი ინფორმაციის მატარებელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბრძანა: – „ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე, ჯერი მთავრობაზეა, თუ რამდენად შეძლებს ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას“.

ამ აბურდულ საქმეში, რომელსაც თან ახლავს ერთმანეთზე გადაბრალება, დაზარალებული – ქვეყანა და მისი მოსახლეობაა. პირველი გადამბრალებელიც კარგად გრძნობს თავს, დაბრალებულის უკან დამბრუნებელიც ფანჯიკიძის სახით და ისიც, ვინც ეს „გენიალური“ კანონი შეიმუშავა ანუ იუსტიციის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან ერთად.

სავიზო საკითხები, ვიწრო თემა რომ არ არის, არაერთხელ დავრწმუნდით უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე. სავიზო საკითხი – პოლიტიკური საკითხია უპირველეს ყოვლისა და სწორედ ამიტომაც ანტირუსულ სანქციებში მას წამყვანი ადგილი უკავია. სულ ახლახანს, ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, რომლის მიხედვით, რუს მაღალჩინოსნებს აუკრძალა ევროკავშირის ვიზებით სარგებლობა.

სავიზო საკითხების მოწესრიგების თემა საგარეო უწყების და არა სხვა რომელიმეს, უმთავრესი თემა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემსობას, როდესაც საკონსულო დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. სამწუხაროდ, საკონსულო საკითხების უდიდესი უმრავლესობა საგარეო უწყებამ თავიდან აიშორა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს გადაუნაწილა. ისინიც ისე მოქმედებენ, როგორც იციან, მითუმეტეს, როცა მათ უცოდინარობას, საგარეო უწყების უცოდინარობაც ხელს უწყობს. საერთო უცოდინრობით კი ისეთი თაიგული მივიღეთ, პოლიტიკურ სიმყრალეს რომ აფრქვევს არემარეს.

სხვას ვერაფერს იტყვი სავიზო ხელშეკრულების გამკაცრებით გამოწვეულ ვითარებაზე, რომელიც ირანთან დაკავშირებით შეიქმნა. ირანელთათვის ვიზების გაცემის გამკაცრებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამ ქვეყანაში, რაც არ არის გასაკვირი. როდესაც უვიზო, თავისუფალ მიმოსვლას, სავიზო რეჟიმის ცალმხრივი შემოღებით ანაცვლებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ნებისმიერ ქვეყანას გაანაწყენებ.

ირანთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში გაფორმდა, ირანის მხარის ინიციატივით, რამაც დიდი შემოსავალი მოუტანა საქართველოს – გაიზარდა ტურიზმი, პირდაპირი რეისები დაინიშნა თეირან-ბათუმს შორის (ზაფხულის საკურორტო სეზონზე), თბილის-თეირანს შორის კვირის განმავლობაში რამდენიმე რეისი სრულდებოდა. იმატა ირანულმა ბიზნესმა, საბანკო ოპერაციებმა, საქართველოში ირანელთა მიერ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენამ. ყოველივე აღნიშნულმა საქართველოს ბიუჯეტს ასეულ-ათასობით დოლარი და ევრო შესძინა.

 სააკაშვილის გადაწყვეტილება თვალში არ მოუვიდა „სტრატეგიულ პარტნიორს“, პოლიტიკურ მიზეზთა გამო და მის მარჯვენა ხელს ახლო აღმოსავლეთში – ისრაელს. მაგრამ მან გაუძლო შემოტევას, რასაც ვერ ვიტყვით „მეოცნებე” ხელისუფლებაზე. ის უმალ დაჰყვა დასავლურ მოთხოვნებს და შედეგმაც არ დააყოვნა. უსუფაშვილმა, ირანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა, საკუთარი შეცდომა სხვას – ევროკავშირს გადააბრალა, ისე, როგორც ივანიშვილმა საგარეო უწყებას, მაგრამ ამით საქმეს ეშველა?

ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განდევნილი ირანელის შემობრუნება და არა მარტო ირანელის, იგივე დღეშია ერაყელიც, არცთუ იოლია. რატომღაც, ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებას, ისე, როგორც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ტურისტი მხოლოდ ამერიკელ-ევროპელია. არა, ბატონებო, საქართველოსთვის ტურისტი აზერბაიჯანელი, სომეხი, ირანელი, თურქი, რუსი, უკრაინელი, ახლო აღმოსავლელია. ცხადია ამერიკელ-ევროპელიც, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობიდან და იქ არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რა არის საჭირო შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად? უპირველეს ყოვლისა სწრაფი რეაგირება და სახელმწიფო დოკუმენტში ცვლილების შეტანა. ჩვენ რას ვაკეთებთ? ერთმანეთს ვაბრალებთ, ნაცვლად რეაგირებისა.

საზოგადოებაში არანაკლები გამოძახილი პოვა სააკაშვილის და არა მარტო მისი, არამედ სხვა „ნაცების“ უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებამ. საქართველოს ხელისუფლება ისე ადუღდა, უკრაინის ელჩიც კი დააბარებინა საგარეო უწყებას. დაბარებულმა ელჩმა, დამბარებელთან ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ განაცხადა: – „უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომენტირებას, მითუმეტეს სხვა ქვეყნის გაშმაგებას არ უნდა იწვევდეს“.

 ელჩმა თქვა ის, რასაც მის ადგილას ნებისმიერი, თანაც არადიპლომატიც კი იტყოდა. ელჩის ამ საკითხზე დამბარებელს წინასწარ უნდა სცოდნოდა პასუხი და ამდენად თავი უნდა შეეკავებინა დაბარებისგან. დაბარებული, რომ უმალ შეატყო ბინებდა ცენტრს დაბარებისა და საუბრის შედეგს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ კიევი ნეგატიურად აღიქვამდა ამ ამბავს.

უკრაინასთან მიმართებაში გაურკვევლობა ჩანს, რაც მთავარია ხელისუფლების უსუსურობა, საქმეში გაუთვითცნობიერებლობა, რითაც სარგებლობს უკრაინული მხარე და დღე ისე არ ჩაივლის გულისგამაწვრილებელი სიურპრიზები არ გვაჯახოს.

უკრაინის ელჩმა კი ბრძანა – უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი გადაწყვეტილება საპოლემიკო არ უნდა იყოსო, მაგრამ ვაგლახ რომ ეს ასე არაა. უკრაინა კი არა, გერმანია-საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა ძმანნი მათნი ვერ დაიკვეხნიან დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ბოლო წლების განმავლობაში.ყველა ისინი თვალში შესციცინებენ აშშ-ს და ცდილობენ, ისეთი რამ არ გააკეთონ, რომ მას ეწყინოს, თუნდაც საკუთარი თავის ხარჯზე.

ვაშინგტონმა ბრძანა და სანქციები შემოაღებინა ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ, რითაც ერთი წლის განმავლობაში ამ კავშირმა 21 მილიარდი ევრო იზარალა. ასე, რომ უკრაინა ისეთივე „დამოუკიდებელია“, როგორც საქართველო. სწორედ „დამოუკიდებელ“ უკრაინას გაუბედა აშშ-ა და თავს მოახვია სააკაშვილი და მისი „ნაცები“. ვეჭვობ, ნამდვილად დამოუკიდებელ ქვეყანას, სხვა ქვეყნის მოქალაქეების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის იოტისოდენა სურვილი გასჩენოდა, თანაც როგორების, სამშობლოში დამნაშავეებად მხილებულების.

„დამოუკიდებელ“ უკრაინას იმის თავიც არ აქვს, რომ საკადრო პოლიტიკით დაკავებულ აშშ-ს სიტყვა შეუბრუნოს და უთხრას – თქვენს მიერ შემოთავაზებული საქართველოს კადრები კორუმპირებულები და დამნაშავეები არიანო. და თუ მართლაც უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს ქართულ კადრებს და აშშ-ი არაფერს შუაშია, მაშინ სხვა გზას უნდა დაადგეს საქართველოს ხელისუფლება – უკრაინასთან ურთიერთობის გამკაცრებას. თუმცა ორივე შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლების მოქმედება უდავოდ დიდი საბაბია დიპლომატიური ურთიერთობის გაციებისა.

დიპლომატიაში მიღებული წესია, როდესაც უკმაყოფილო მხარე თავის დამოკიდებულებას, ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევით გამოხატავს. განვმარტავ – ურიგო არ იქნებოდა უკრაინაში საქართველოს ელჩის უკლებას საკონსულტაციოდ გამოწვევა, რითაც უკრაინაში საქართველოს საელჩოს დონე დაიწევდა, რაც მასპინძელი მხარისთვის იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ წარმდგენი მხარე ანუ საქართველო უკმაყოფილოა.

საქართველოს მთავრობა თავის უკმაყოფილებას შიგადაშიგ აჟღერებს, თან იმაზე ფიქრობს, უკრაინის წყენით ვაშინგტონს არ აწყენინოს. და ამ აქეთ-იქით ხეთქებაში ქვეყანას და საკუთარ თავს ლაფს ასხამს. დღევანდელი უკრაინა ქართველი „ნაცების“ ქვეყანაა – ის სავანეა, სადაც მათი (ნაცთა) მზაკვრული აზრები ფართო გასაქანს პოულობს.

დღევანდელი უკრაინა ნეოფაშიზმის გამოვლინების ჭეშმარიტი არენაა, სვასტიკიანთა აქტიური მოქმედების ადგილი. დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება ბანდერელთა შვილთაშვილების სათარეშო ქვეყანაა. მრავალშემზარავ ფაქტს ჰქონდა ადგილი ე.წ. რევოლუციურ უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში. მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა, შემზარავზე შემზარავია.

უკრაინის მთავარ ონკოლოგს, რომელიც ოპერაციას უკეთებდა ავადმყოფს, ოპერაცია შეაწყვეტინეს და უბრძანეს საოპერაციო დაეტოვებინა. მთავარი ონკოლოგი, ნეგატიურად განწყობილი „ყავისფერი“ ხელისუფლების მიმართ, შორს მოისროლეს, მაგრამ რა დააშავა გაკვეთილმა პაციენტმა, რომლის ოპერაციის გაგრძელება პროქტოლოგს დაავალეს. ვეჭვობ, რომ ამ გადაწყვეტილების შსახებ არაფერი იცოდა უკრაინის ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა კვიტაშვილმა. იქნებ სულაც მის პირდაპირ ბრძანებას ასრულებდნენ საოპერაციოში შეჭრილი უკრაინელი ზონდერები?

მიწაში ასჯერ გადაბრუნდებოდა დიდი სამამულო ომში დაღუპული 300000 ქართველი, რომ თავისი თვალით ენახა ბანდერული უკრაინული ხელისუფლება და ამ ხელისუფლებაში უხვად შეყუჟული თავიანთი შვილიშვილები.

კითხვაზე პასუხის გასაცემად უკრაინის ელჩს იბარებენ. ისიც თავის მხრივ მასპინძლებს მოსაწვევ ბარათებს ურიგებს – ნეობანდერულ დღესასწაულზე 21 თებერვალს. მასპინძლებიც დიდის გულმოდგინებით ემზადებიან ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. არადა რა ეზეიმება უკრაინას – ათეულ-ათასობით ადამიანის საიქიოდ გამსტუმრებელს? თუმცა ნაცთა მეგობარი უკრაინის ხელისუფლებისგან არაფერია გასაკვირი. ისინიც ისე ზეიმობენ, როგორც ნაცები თბილისში, პარლამენტის შენობასთან, 2008 წლის აგვისტოში. მაშინ, მოზეიმე ნაცებს დაავიწყდათ ცხინვალში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები – სიცხე-პაპანაქებაში მიტოვებული.

ანალოგიური ვითარებაა უკრაინაში. დებალცევოს ალყაში მოქცეული უკრაინული არმია ვიღას ახსოვს ან დონეცკ-ლუგანსკის ტერიტორიებზე დაღუპული მეომრების ცხედრები. მშობლებს დასამშვიდებლად ეუბნებიან – თქვენი შვილები დაკარგულები არიანო.

„უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად“, – ბრძანა ივანიშვილმა.

სიტყვა „მეგობრობა“ მაშინ იხმარება, როდესაც ორმხრივი მხურვალე ურთიერთობებია, მაგრამ როდესაც მსგავსს არ აქვს ადგილი, „მეგობრობას“ ვერ დავარქმევთ. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენი გუშინდელი „ნაცური“ ხელისუფლების მეგობარია. ეს, რომ ასეა, ეჭვის შეტანაც არ ღირს. ის, მეგობრობა, ურთერთთან საეჭვო, მაგრამ სარფიან ურთიერთობას რომ ეყრდნობოდა, არაერთმა გაზეთმა აღნიშნა – კონტაქტები სამხედრო იარაღის ყიდვა-გაყიდვის დარგში, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების მიერ ბრაზილიაში შეძენილი მდარე ხარისხის ხორცის (სააკაშვილის თაოსნობით) საქართველოში გასაღება (პრესის მიხედვით, უკრაინის სანიტარულმა სამსახურმა ხორცის უკრაინაში შეტანა აკრძალა).

სხვა უკუღმართობასაც ჰქონდა ადგილი, რასაც ხალხთა შორის მეგობრობა არ ჰქვია. ანდა რა მეგობრობაა, როდესაც, პრესის მიხედვით, იუშენკოს მიერ შეძენილი უხარისხო ღორიოს ხორცის საქართველოში გასაღების გამო ქართველ გლეხებს ღორები დაახოცინეს, აქაოდა – „ჭირის ეპიდემიააო“. ეს ამბავი სააკაშვილმა ისე მიაფუჩეჩა, ვითომც არაფერი.

ვითარებას, რომელიც ორ ქეყანას შორის არის შექმნილი, ვერაფრით ვუწოდებთ უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობას. დღევანდელ „მეგობრობას“ უკრაინის და საქართველოს ყოფილი თაღლითი ხელისუფლების „მეგობრობა“ უფრო ჰქვია, ვიდრე ხალხთა მეგობრობა.  ანდა, რა მეგობრობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება დამნაშავე პირთა ექსტრადიციასთან დაკავშირებით არ სრულდება. საქართველოს პროკურატურის თხოვნაზე, დამნაშავეების – სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, უკრაინის მხარემ ცივი უარი გვტკიცა.

ქართველ და უკრაინელ ხალხთა ისტორიულ მეგობრობას, ორი ქვეყნის ხელისუფალთა წყალობით, წყალი აქვს შეყენებული, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ უკრაინელი ხალხი დროულად გამოერკვევა და „ყავისფრის“ მოტრფილალეებს შორს მოისვრის ე.წ. პოლიტიკურ სანაგვეზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.