სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისეთ ჩიხში შევიდა – მრავალი წელიწადი დასჭირდება იქიდან გამოსვლას, მითუმეტეს მდგომარეობის გამოსწორებას. მოჭარბებულ პესიმისტობას ნუ დამაბრალებთ, მაგრამ ვიდრე ქვეყნის მართვის დღევანდელი მეთოდი ძალაში იქნება, შესაძლოა ქვეყანაც აღარ იყოს.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება – ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით უდავოდ უნიკალურია და ნებისმიერი ჩვენგანის სერიოზულ განსჯას საჭიროებს, ვინაიდან, რაც დრო გადის, სულ უფრო მახინჯურ ფორმებს ღებულობს ის. გულდასაწყვეტია მოსახლეობის ერთი ნაწილის სრული ინდიფერენტიზმი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მეორე ნაწილის, ჯერაც მოლოდინით აღსავსე მზერა – ქვეყნის მხსნელის მიმართ. მესამე ნაწილის, აშკარა ნეგატიური განწყობა ქვეყნის რეალური მმართველისადმი – გამოწვეული ვიწროპარტიული („ნაცური“) სულისკვეთებით.

იმ ნაწილს, ვისაც ჯერაც იმედი აქვს „მხსნელის“, დაბეჯითებით ეხვეწება მას ხელისუფლებაში დაბრუნებას. „მხსნელიც“ – თავის მხრივ, პოზაში ჩამდგარი – კატეგორიულად უარზეა, რაც ჩემთვის გასაგებ მიზეზთა გამო, მისაღებია, თუმცა გარკვეული განმარტებებით.

„მხსნელს“ არ სურს აქტიურ მმართველობაში ჩაბმა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ჩართულია ამ პროცესში, დღიდან პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დატოვებისა – ჩართულია კულისებიდან, ვითომ ინკოგნიტოდ, მაგრამ იმაზე მეტად, რასაც ხალხი ვარაუდობს.

თითქმის ყოველდღიური საჯარო განცხადებები, ტელეეკრანებზე გამოჩენა, ბეჭდვითი მედიის მიერ მისი „ბრძნული“ მოსაზრებების სისტემატური ბეჭვდა, ყველა საჭირბოროტო თემაზე აზრის გამოთქმა, სპონტანური ინტერვიუებისა თუ საკუთარი ტელეეკრანის მეშვეობით, აღმასრულებელ-საკანონმდებლო ორგანოების მუშაობაში ენერგიული ჩარევა, რაც თავისთავად, აღერებინებს თავს ამ ორგანების წარმომადგენლებს სოლოლაკის მთისკენ, საზღვარგარეთის ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების საქმიანი ვიზიტები მასთან, მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვინ არის ქვეყნის ნამდვილი მმართველი.

ასე და ამრიგად „დამოუკიდებელი“ ცხოვრების ოცწლიანი გამოცდილების  შემდეგ საქართველომ – მსოფლიო ისტორიისთვის უნიკალური სახელმწიფო მმართველობის სისტემა მიიღო – კულუარული.

ზოგი, ვისაც ჩინეთი და დენ სიაოპინი გაუგია, უმალ მომახლის – საქართველოს „მხსნელის“ პოლიტიკური პოზიცია ისეთია, როგორც დენ სიაოპინს ჰქონდაო. ერთობ ზედაპირული მოსაზრებაა, ვინაიდან ჩინეთის რეფორმატორი, უმნიშვნელოვანესი თანამდებობის მატარებელი იყო – სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე.

დენ სიაოპინი არ იყო ჩინეთის მეთაური, არც პრემიერი იყო, მაგრამ სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობა იმჟამინდელ ჩინეთში არაფრით ჩამოუვარდებოდა პირველ ორ თანამდებობას.

საქართველოს „მხსნელი“ ვითომ არასამთავრობო სექტორიდან აქტიურობს, მაგრამ სხვა არასამთავრობოთა გავლენა ხელისუფლებაზე ისე არ აირეკლება, როგორც „მხსნელის“. „მხსნელის“ ყველა სიტყვას ე.წ. ხელისუფლება უმალ გულში იკრავს და ისეთი მონდომებით ცდილობს მის შესრულებას, თითქოს „მხსნელი“ იმპერატორი იყოს ან ღმერთი.

ერთადერთი, ვინც მის შეგონებას არ იზიარებს – პრეზიდენტია – კონსტიტუციურად დავრდომილ-დაკოდილი. „მხსნელს“ არ მოსწონს თავისი მოწაფე პრეზიდენტის დამოუკიდებულება თუნდაც ისეთ საკითხთან დაკავშირებით – პრეზიდენტის სასახლეში ყოფნა-არყოფნა რომ ჰქვია.

ვერადავერ მოახერხა ფაქტიურმა მმართველმა, ფიქტიური პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანა და ახლა ხალხს მიადგა – თქვენი ფული იხარჯება სასახლის შენახვისთვის და რომ არ დაიხარჯოს, გამოიყვანეთო.

როდესაც „მხსნელი“ კატეგორიულად, სისტემატურად მოითხოვს პრეზიდენტის, სასახლიდან გამოსვლას, სულაც არ ნიშნავს, რომ ის კულუარებში ლუღლუღებს. ის, ისე ლაპარაკობს, როგორც აქტიური პოლიტიკოსი, სახელმწიფოს პირველი პირი. სახელმწიფოს პირველი პირისთვის საჭირო პასუხისმგებლობით აშუქებს მედია მის მოსაზრებებს და არა როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელის ან დიდი ფულის პატრონი ბიზნესმენის.

საქართველოში ბიზნესმენთა რაოდენობას ვინ დათვლის, მაგრამ ხელისუფლებისთვის არც ერთის სიტყვა ისე არ ჭრის, როგორც „მხსნელის“. გასაოცარია „მხსნელის“ აკვიატებული პროექტებისთვის მხარის დაჭერა. სულ ახლახანს მან დაბეჯითებით თქვა, რომ „პანორამა თბილისი“-ს პროექტი განხორციელდება. მას არ აინტერესებს ამ პროექტისადმი უარყოფითად განმსჭვალული თბილისელების აზრი. „მხსნელმა“ თქვა – უნდა აშენდეს! რით არის ეს ნაკლები – „იმპერატორმა, თქვა!“?

ორწელიწადნახევრის თავზე საქართველოს ჰყავს იმპერატორი, რომელიც საყველპურო საქმეებით არ იწუხებს თავს – ამისთვის მას მთავრობა და პარლამენტი ჰყავს. ის არ ჩანს სახელმწიფო კანცელარიის ბოლო სართულებზე, მაგრამ ის იქ არის. მისი უჩინმაჩინობა სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ხელისუფლებაზე. აქცევს მას აზროვნების არმქონე მასად, რომელიც ერთ დღეს „მხსნელის“ მიერ ჩაწოდებული აზრის გახმოვანებისთვის შეიძლება სამაგალითოდ დაისაჯოს. ჩამწოდებელი კი დაუსჯელი დარჩება.

ვეჭვობ, ხიდაშელის „გასამხედროება“ ფაქტიურ პრემიერს მოსვლოდა თავში. გახსოვთ ალბათ, მისი დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ – ტელეფონში ნათქვამი. ეს, ნორლანდ-ივანიშვილის შეთანხმების ნაყოფია. რას მოუტანს ეს გადაწყვეტილება ქვეყანას, ჯარს და ხალხს – პრემიერის სადარდებელი იქნება. „მხსნელი“  – უთანამდებო და პასუხისმგებლობას მოკლებული – ჩრდილში იქნება.

უპასუხისმგებლო მმართველობას აქვს ადგილი საქართველოში და ეს არვის აწუხებს. სწორედ უპასუხისმგებლო მმართველობის შედეგია – ლარის გაუფასურება, ცხოვრების დონის უკიდურესი დაცემა. ეს, ის დროა, როდესაც ხელისუფლების დედას სისტემატურად იხსენებს ხალხი.

ხალხი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს – პრემიერის ჩათვლით, მაგრამ არაფერს ამბობს „მხსნელზე“. არადა, თუ ვინმე არის გადასაყენებელი – ის არის. ან როგორ უნდა მოხდეს გადაუყენებელის, გადაყენება? თანამდებობის არმქონე „მხსნელი“, როგორ უნდა გადადგეს? აი, აქ მივედეთ იმ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებამდე, რასაც არც საქართველოში და არც სხვაგან ადგილი არ ჰქონია. მტარვალი სააკაშვილის გადაყენება შესაძლებელი იყო, ისე, როგორც შევარდნაძის, გამსახურდიას, მაგრამ თანამდებობის არმქონე „მხსნელის“?

ყოჩაღ, „მხსნელო!“ – თქვენმა ფულმა შეძლო ისეთი ავტორიტეტისა და გავლენის მოტანა თქვენთვის, რომ ხმასაც ვერვინ შეგბედავთ. ხართ არასამთავრობოში და რეკომენდაციებს იძლევით, რომელიც ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია, მაგრამ ერთია – მათ სიტყვას არვინ გაასაჯაროებს, თქვენსას კი – ხელში აგოგმანებენ.

ამ მდგომარეობის მისაღწევად 20 წელიწადზე მეტი დრო და თანხები ხარჯეთ, თანაც ისეთ ხალხს აძლიეთ, საჯაროდ თუ სამზარეულოში სულ თქვენს კეთილშობილებაზე რომ ილაპარაკებდა. რაღაც არ ისმის იმ „ინტელიგენციის“ ომახიანი ხმა – ქვეყნის უკუღმართ მართვასთან დაკავშირებით, ვინც თქვენს უხვ, ყოველთვიურ დახმარებას იღებს. ფულით მოხდა მათი „პატრიოტული“ პირის ამოლესვა?!

სამი ყოფილი პრეზიდენტის ჩამოგდება შეიძლებოდა, მაგრამ უგვირგვინო გვირგვინოსანის – არა! ხახვივით შეგვრჩა მმართველი, მომავალი წლების, ვინ იცის რამდენის, განმავლობაში. ვეჭვობ, რომელიმე პარტიამ შეძლოს მისი ფინანსური გავლენისგან თავის დახსნა.

ვილაპარაკებთ ყველაფერზე – საშინაოზე და საგარეოზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, ნატოში შესვლაზე, რუსეთთან ურთიერთობების ვითომ დათბობაზე,  ჩინეთის მფარველობაზე (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ), დაკარგულის დაბრუნებაზე. ვილაპარაკებთ იმისთვის, რომ უნდა ვილაპარაკოთ – უსაქმოდ, უპერსპექტივოთ. ამასობაში გვექნება „პანორამა თბილისი“; გვეყოლება ქორფა-ქორფა, ახალ-ახალი მინისტრები; გვექნება გაუფასურებული ლარი, მაგრამ იქნება საქართელოს ეკონომიკის ქებათაქება, ვინაიდან ასე უნდა კულუარებში მყოფ „მხსნელს“. ერთი სიტყვით, იქნება ყველაფერი სიტყვით, საქმით – რა მოგახსენოთ?

ჰო, მართლა, საქმით იქნება ოცნება, თუნდაც ასეთი: „დასავლეთს ახლა უჭირს იმ ტიპის რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა. საქართველომ რამე უნდა მოიფიქროს და მგონი, ალტერნატიული ვარიანტი ჩნდება. კეთდება ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი, უნიკალური თავისი სიდიდით და სიმძლავრით – პეკინიდან ევროპამდე და ეს ხაზი საქართველოზე გადის. თუ ჩინეთისთვის „აბრეშუმის გზის“ ხაზი მნიშვნელოვანია, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებაზე უკვე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს.

პროცესი, რომელსაც რუსეთის საფრთხის შემცირება ჰქვია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არ დაგვჭირდეს. შეიძლება ეკონომიკური პროცესებით მოხდეს რუსეთის ისეთი რეგულაცია, რა მიმართულებითაც დასავლეთი მიდის. შესაძლოა, ამ ცვლილებებით საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წონის მოპოვების მხრივ, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ცივილიზებული, უსისხლო აღდგენის მხრივ“,  – რამაზ საყვარელიძე.

და ეს ყველაფერი თურქეთ, საქართველო, აზერბაიჯანის რკინიგზაზეა ჩამოკიდებული, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს, ოკეანე რომ არ იყოს, ამერიკის კონტინენტსაც.

საინტერესო პერსპექტივაა, მაგრამ „აბრეშუმის გზის“ ახლებური, სი ძინპინისეული გააზრება რომ მარტო საქართელოთი არ შემოიფარგლება და მას არაერთი განშტოება აქვს, მათ შორის რუსეთიც, ცენტრალური აზიაც, ინდოეთიც, პაკისტანიც, სხვა მარშრუტებიც მოიაზრება. ამ გზებიდან უკვე მოქმედი და აპრობირებული სწორეთ რუსეთია, რომელსაც ჯერ-ჯერობით გამტარიანობაში ვერც ერთი სხვა ვერ შეედრება.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მას სერიოზული თანხები და განვითარება ესაჭიროება. თითო-ოროლა ჩინური მატარებელი, რაღაც მოგებას მოგვიტანს, მაგრამ არა ისეთს, პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება რომ შეგვიცვალოს და უსისხლოდ დაგვიბრუნოს დაკარგული. გარდა ამისა, ვეჭვობ, ჩინეთის მხრიდან წამოსულ უსაფრთხოებაზე, მითუმეტეს საქართველოს გამოისობით, ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთთან ჩახუტებული ჩინეთის, რუსეთთან დაპირისპირებაზე.

ამ ქვეყნებს არა მარტო ენერგეტიკა აკავშირებს, არამედ სამხედრო მშენებლობაც, პოლიტიკაც და რაც მთავარია სუპერსახელმწიფოობაც. მათი კავშირი განმტკიცებულია საერთაშორისო ორგანიზაციებით – „შოსით“ და „ბრიკსით“, ორმხრივი ხელშეკრულებებით და რაც მთავარია პოლიტიკური აზროვნებით. ორივე, მრავალპოლუსიანობის მომხრეა, რითაც ეწინააღმდეგებიან აშშ-ს.

ახლა, რაც შეეხება ჩინეთის მიერ საქართველოსთვის თავის გამოდებას და რუსეთის განაწყენებას. ჩინეთის მენტალიტეტის გაგება, მითუმეტეს პოლიტიკურის, მრავალი ათეული წელი და სწავლა დასჭირდება. ქართულ-ჩინური ხასიათი, ბუნება, აზროვნება რომ დიამეტრლურად განსხვავებულია – მტკიცება არ სჭირდება. ის გაცილებით შორსაა ჩვენგან, ვიდრე ევროპული მენტალიტეტი – ჩვენთვის ესოდენ, ვითომ ახლობელი, მაგრამ ერთობ დაშორებული.

მაინც სადამდე უნდა ვეძებოთ ე.წ. უსაფრთხოების ქოლგა – რომელიღაცა დიდ ქვეყანას რომ ხელში უჭირავს და ჩვენ თავდავიწყებით ვცდილობთ ამ ქოლგის ქვეშ მოხვედრას?

განვლილი 23 წელიწადი ქოლგის ძებნას მოვანდომეთ და ამ ძებნაში დავნაწევრდით, დავჩაჩანაკდით, მაგრამ უსაგნო ძებნას ვერადავერ შევეშვით. ხან აშშ-ი, ხან ევროკავშირი, ახლა ჩინეთი – ყველა შორეული და განსხვავებული აზროვნებით. არადა საძებარი არაფერია. საღი აზრია საჭირო და რაც მთავარია საკუთარი საქმის, საკუთარი ხელით კეთება; მეზობლებთან სიახლოვე, განსაკუთრებით იმასთან, ვისთანაც საუკუნეების ურთიერთობა, ნათესაური კავშირებიც გვაკავშირებს. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გავიარეთ, სააკაშვილების, სხვა მათი მსგავსების გამო შეცდომად, საშინელებად ჩავთვალეთ – ორსაუკუნოვან შეცდომად.

ჩინეთის სახით მხსნელის აღმოჩენაში რამდენი წელიწადი, საუკუნე დაგვჭირდება? შესაძლოა გაცილებით მეტი. ეს, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად გადავრჩით. ერეკლეს დროს მტერი ჩანდა და ხმლის ქნევას მიზანმიმართულობა ჰქონდა. დღევანდელი მტერი არ ჩანს – ის უხილავია, ბრჭყვიალა სათამაშოებით, საღეჭი რეზინებით მოსული. ჩვენ რომ მეგობარი გვგონია, სწორედ შებრუნებითაა.

როდესაც დემოგრაფიულ კრიზისში მყოფ ქვეყანას ერთსქესიანთა ქორწინების აუცილებლობას შეასწავლი და ის უბედურიც, დღევანდელი სიხარბით, ხვალინდელზე უარს იტყვის, მტრობა ჰქვია. როდესაც თინეიჯერ „სახელმწიფო მოხელეებს“ ქვეყანას აგურ-აგურ დააშლევინებ, თან ნაცვლად არაფერს შესთავაზებ – ქვეყნის გამიზნული ნგრევა ჰქვია და არა მეგობრობა.

განვლილმა „დამოუკიდებელმა“ წლებმა რაც მოგვიტანეს, ესაა. მაგრამ საყვარელიძის აღმოჩენით, თურმე არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ყველა ჩაანაცვლოს, მათ შორის დასავლეთიც. ეს ქვეყანა ჩინეთია. მაგრამ იცის ვინმემ ჩვენში ჩინური მენტალიტეტი? იეროგლიფები რომ არ იცის – ცხადია. იცის, რომ ჩინეთი არავის უმტკიცებს, რომ ის უდიდესი ქვეყანაა და მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ჩინელები აპრიორი არიან ამაში დარწმუნებული არა იმიტომ, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყანა აქვთ. ისინი ამაში მაშინაც დარწმუნებულბი იყვნენ, როდესაც შიმშილობდნენ.

ჩინეთის მიზანია, როდესაც დაასრულებს საშინაო რეფორმებს, ის თავისთავად დაიკავებს მოწინავე ქვეყნის ადგილს მსოფლიოში. ჩინეთს არ სურს მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის შეცვლა, ვინაიდან თვლის, რომ საშინაო რეფორმების წარმატებით გატარების შემდეგ დასავლური სისტემა ჩვეულებრივად ჩინოიზირებული იქნება და მაშინ ჩინეთი ახალი თამაშის წესებს შემოიღებს.

ჩინელთა მენტალიტეტი განსხვავდება ევროპელთა მენტალიტეტისგან,  ისტორიასთან დამოკიდებულებისგან და მასში საკუთარ ადგილთან. ჩინელთათვის – ჩინეთი არის კლდე ოკეანეში, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება, მიუხედავად ყველაფრისა. როდესაც მაო ძედუნი ხრუშჩოვს სთხოვა ატომურ ბომბს კაპიტალიზმთან ომის გასაჩაღებლად და უმტკიცებდა, რომ ბირთვული ომი მას არ აშინებს, ვინაიდან გადარჩენილებში უმრავლესობა ჩინელები იქნებიან, ის გამოხატავდა მარადჟამიერების ჩინურ პრინციპს.

სამშვიდობოზე გასვლისთვის შორი გზით მოვლას აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ არაერთ ფათერაკსა და დისკომფორტს უკავშირდება. სრული შესაძლებელია მან არ გაამართლოს. და თუ არ, რა გზას დავადგეთ? იქნებ უფრო შორეულს – ავსტრალიის?

ვინ დაგვწყევლა ისე – მეზობლებს რომ არ ვამჩნევთ, თანაც ისეთებს, საქართველოს მოკრძალებულ სურვილებს რომ უპრობლემოდ დააკმაყოფილებენ. ამ შემთხვევაში არა მარტო რუსეთი მყავს მხედველობაში, ირანიც, ინდოეთიც, დსთ-ს ქვეყნები.

სულ ახლახანს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრძანა, თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ევროკავშირში შესვლა და რომ ეს უცბათ მოხდეს (როგორც ხელისუფლება გვპირდება), ქვეყანა დაიქცევა. ქართული ბიზნესი ვერ გაუძლებს ევროპულის კონკურენციას. საქართველოს ბაზარს უმალ ევროპული საქონელი დაიკავებს. ისედაც ეკონომიკურად ჩამკვდარი ქვეყანა, მთლად ჩაკვდება.

ასოცირებაც იმიტომ გამოიგონეს, რომ ნელ-ნელა მოხდეს გაევროპელება – ეკონომიკურ-კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით. პროცესი ხანგრძლივია – გამოუცნობი ფინალით. და ამ მარათონში, რომ მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები გადარჩებიან, ფაქტია. ხალხს, სიღატაკეში ამოხდება სული. მაშ, რა სჯობს ულუკმაპურო ცხოვრება თუ ტვინის და ხელის განძრევა და მეზობლებთან ისეთი კავშირების ჩამოყალიბება, რომლებიც წელში გამართავენ ქვეყანას. ამ პატარა ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას სულაც არ სჭირდება ამერიკა-ევროკავშირი, მას პრაგმატული აზროვნება და მეზობლების დაფასება სჭირდება.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.