21.12.2024

ღირს, გაზის გაყიდვით მიღებული ფულის ფასად მსოფლიო მშვიდობის სასწორზე დადება?

რა არის ლიბერალიზმი? ის, თუ როგორ მოუტანოს სიხარული მთელ მსოფლიოს, არა? აიღებ ძველ, ნაცად პრინციპს – „ადამიანი, ადამიანისთვის მგელია“, მოაყრი ბლომად შაქარს, ყველგან რომ სიტკბო დაჰკრავდეს და მზადაა, არა?

ვიეტნამი კი ტკბილზე ტკბილია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნაპირი ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს? როგორ გაიფურჩქნება კაპიტალი, თუ რამდენიმე ასეთ ხვრელს ღიად არ დავტოვებთ?

ყველაფერი ჩვენ ვართ და თუ იესო მიწაზე დაეშვება, მხოლოდ აქ, ჩვენთან. ყველა „დანარჩენი ქვეყანა განავალია და მეტი არაფერი“ – ჯონ აპდაიკი („ბაჭიას დაბრუნება“), ცნობილი ამერიკელი მწერლის წიგნიდან ამონარიდის თქვენთვის გაცნობა ერთ მიზანს ისახავს – შევაფასოთ აშშ-ი ობიექტურად, მიკერძოების გარეშე და არა ზედაპირულად, ნიუ-იორკის გაჩახჩახებული ტაიმს-სკვერით მოჯადოებული ადამიანის თვალით. შევაფასოთ ისე, როგორც აპდაიკი 60-70-იანი წლების ამერიკას აფასებს.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს, ინტერნეტის საუკუნეა, მაგრამ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც  აშშ-ა მრავალი წლის წინათ ჩამოაყალიბა, შეუცვლელია. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი, რევოლუციონერად, ინოვატორად მოვლენილი, ამერიკელი ამომრჩევლის წინაშე იტყვის – „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“ და ლოზუნგის შესასრულებლად შესაბამის ნაბიჯს გადადგამს, უმალ მიხვდებით, რომ, ძველ პოლიტიკასთან შედარებით, არაფერი შეცვლილა.

საერთაშორისო ურთიერთობაში აშშ-ი მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან გააქტიურდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის და მისი დამთავრების შემდეგ. ამერიკა გადაიქცა მსოფლიო უდიდეს ჰეგემონად, რომელსაც მეტოქეობას ჯეროვნად უწევდა საბჭოთა კავშირი.

დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლაში აშშ-ა აქტიური მონაწილეობა მიიღო და მსოფლიოს ბატონ-პატრონად საკუთარი თავი გამოაცხადა. ამერიკის პოლიტიკის ძალისხმევით, პროპაგანდის მანქანის აქტიური გამოყენებით, ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენით, ამერიკა მსოფლიოს ჰეგემონი გახდა.

აშშ-ს ხელისუფლება დღენიადაგ ჩასძახის აშშ-ს მოსახლეობას სხვა ქვეყნების არადემოკრატიულობის, კორუმპირებულობის, სხვა მანკიერებების შესახებ და თავი ისე მოაქვს, თითქოს თვით უცოდველი კრავი იყოს. ამერიკას ოსტატურად გამოსდის. მთელს მსოფლიოს ატყუებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით. რეალურად, თუ რას აკეთებს, ცნობილია – ერთმანეთს წაკიდებული ახლო აღმოსავლეთით; სირიის, ერაყის ომებით; იემენის მძიმე დაპირისპირებით; ტერორიზმის მკაცრი, თავხედური გამოხდომებით; აფეთქებული უკრაინით და სხვა მრავალით.

ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც არაფერს დაზოგავს მსოფლიო პირველობის შესანარჩუნებლად და ამ საქმეში მეტოქეებისთვის მძიმე დარტყმის მისაყენებლად. მეტოქეები კი რუსეთ-ჩინეთია – შედარებით დიდი და მძლავრი ქვეყნებიდან და არის ირანიც – საშუალო სახელმწიფოებიდან. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვთ. ისინი მტკიცედ მიჰყვებიან სუვერენიტეტის გზას, რაც გამაღიზიანებლად მოქმედებს აშშ-ზე.

ჯერ-ჯერობით ამერიკა პირველია – ეკონომიკის, სამხედრო საქმის განვითარების გზაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით. მას მალე დაეწევა ჩინეთი – ეკონომიკის დარგში და რუსეთი – შეიარაღებაში. სამივეს ბირთვული იარაღი აქვს, თანაც უხვად, განსაკუთრებით ამერიკა-რუსეთს. სამივეს სურვილი აქვს პირველობის და რახან ეს ერთდროულად შეუძლებელია, სამიდან ორი მრავალპოლუსიანობის მომხრეა – რუსეთი და ჩინეთი.

ერთპოლუსიანი მსოფლიოს თავში მყოფი ამერიკა მწვერვალიდან დაშვებას არ აპირებს და ძალას არ იშურებს პოზიციების განსამტკიცებლად. მას ნაკლებად ანაღვლებს პოზიციების განმტკიცებისთვის პროცესი თუ აკრძალული მეთოდით მიიღწევა. ან ვინ იტყვის, რომ მეთოდი აკრძალულია თუ არა რუსეთ-ჩინეთი ან თოთო-ოროლა ქვეყანა? მათი ნათქვამი კი იძირება დასავლური პროპაგანდის მორევში, რომელიც ამერიკამ შექმნა. მისი პროპაგანდისტული მანქანა წარმატებით მუშაობს და რაც არ უნდა იძახონ ამ ორმა, ძნელად დაარწმუნებენ მსოფლიოს, პირველი ქვეყნის ბოროტებაში.

თვით პირველმა უნდა დაუშვას საბედისწერო შეცდომა, რომ სხვამაც ალმაცრად შეხედოს მას. დაუშვა კიდევაც. სულ ახლახანს, როდესაც ანტირუსული, ანტიირანული და ანტიჩრდილო კორეული სანქციები შემოიღო, განსაკუთრებით ანტირუსული – კონგრესის ორივე პალატამ, ხმათა უმრავლესობით, კენჭი უყარა კანონპროექტს და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს წარუდგინა, რომელიც ამ პროცედურას კონგრესს არ დაამადლის.

ხელის არმოწერის შემთხვევაში, კონგრესი დაძლევს ვეტოს და ტრამპის პრესტიჟს საბოლოო წერტილი დაესმება. ტრამპი იძულებულია დაეთანხმოს კონგრესს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცოს თავისი, როგორც პრეზიდენტის უსუსურობა. მორჩილი პრეზიდენტი, რომელთანაც საქმის დაჭერა საეჭვო ხდება. ვისთან უნდა იქონიოს სხვა ქვეყანამ ურთიერთობა პრეზიდენტთან თუ კონგრესთან?

აი, კითხვა, რომელიც აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. არის პრეზიდენტი და თანაც არ არის, ვინაიდან მისი გადაწყვეტილება კონგრესმა შეიძლება არ გაიზიაროს. ასეთ ვითარებაში რაღა აზრი აქვს მასთან მოლაპარაკებაში დროის დაკარგვას?

თავისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის მეშვიდე თვეზე ტრამპი იმპოტენტი პრეზიდენტი გახდა. არადა, რა რიხით და შემართებით მოვიდა ხელისუფლებაში? რა ვრცელი, რევოლუციური გარდაქმნების განხორციელებას აპირებდა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში?

კონგრესმა ხელ-ფეხი შეუკრა, რამაც მსოფლიოს დაანახა იმ მძიმე და უმწვავესი დაპირისპირების შესახებ, რასაც ადგილი აქვს ვაშინგტონში. ჰეგემონიის მარცვლიდან აღმოცენებულმა ამერიკულმა პოლიტიკამ არ იგუა სხვაგვარად მოაზროვნე პრეზიდენტი, მითუმეტეს რუსეთისადმი სიმპათიით განმსჭვალული და სამოქმედო ჩარჩოები დაუწესა – ერთობ შეურაცხმყოფელი, დამთრგუნველი.

თვალი შევავლოთ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებს, რომელთა შორის უდავოდ გამოირჩეოდა მსოფლიოს ჟანდარმობაზე უარის თქმა; სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა; საკუთარი პრობლემების გადაჭრა; სხვებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება და სხვა.

ერთი სიტყვით, რასაც ტრამპი ამბობდა, სულაც არ იყო ჰეგემონიზმზე ჩაბღაუჭება. ასეთი, ამერიკის პოლიტიკის, მედიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათთვის ამერიკა უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის – დემოკრატიის ლოზუნგით საკუთარი მიზნების განსამტკიცებლად.

კონგრესის მიერ მიღებულ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკამ უნდა დაიცვას ევროპა რუსული გაზის შეტევისგან. და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, რუსეთს უნდა აეკრძალოს გაზსადენის გაყვანა, ხოლო ევროპის ქვეყნებს ამერიკული დაჭირხული გაზი უნდა მიეწოდოს, ცხადია მაღალ ფასებში.

როდესაც მსოფლიოს პირველი „დემოკრატიული“ ქვეყანა საკუთარი მიზნების მისაღწევად აკრძალულ ხერხებს იყენებს და საკუთარ მოკავშირეებსაც კი მონურ მდგომარეობაში აყენებს, დემოკრატის ნაცვლად სხვა სახელი დამშვენებდება, მაგრამ ვინ არის ამის მთქმელი?

დღემდე არავინ. დღეის შემდეგ, თუკი იოტისოდენა პროტესტის გრძნობა შემორჩათ „დიდი დემოკრატის“ თანამგზავრებს, მათ უნდა თქვან „დემოკრატის“ ქმედებით გამოწვეული საპროტესტო სიტყვა და არა მარტო სიტყვა, საქმეც უნდა მიაყოლონ. მაგრამ შეძლებენ ამას – ათეულობით წლების განმავლობაში დამონებულები?

აშშ-ს კონგრესმა ანუ მრავალმა პოლიტიკოსმა ერთად აღებულმა და არა ერთმა პირმა, პრეზიდენტად წოდებულმა, მსოფლიოს, მათ შორის საკუთარ მოკავშირეებსაც აჩვენა დემოკრატის ქურქში გახვეული მტაცებლის სახე, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველა, გარდა საკუთარი ინტერესებისა, საბოლოო ჯამში ფულისა. ერთი კაცი, თუნდაც პრეზიდენტი, შეიძლება შეცდეს, მაგრამ როდესაც კონგრესში მოკალათებული მრავალი „პოლიტიკოსი“ ცდება, მძიმედ შეიძლება დასრულდეს „პირველი“ ქვეყნისთვის.

სამართლიან პაექრობას მიუჩვეველი ჰეგემონი ჰკარგავს პოზიციებს, რაც ნათლად გამოჩნდა კონგრესის გადაწყვეტილებაში. ასე იქცევა ფუნდამენტმორყეული ქვეყანა, აგონიაში მყოფი. აშშ-ი მიმდინარე შიდა დაპირისპირება ყოველგვარ მორალურ საზღვრებს სცდება, რამაც შეიძლება მძიმედ იმოქმედოს მსოფლიო წესრიგზე, მაგრამ ერთმანეთთან კინკლავში გართული პრეზიდენტისა და კონგრესისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

საიმპიჩმენტოდ გამზადებულ პრეზიდენტს კონგრესი და მედია მწვავედ კორტნის, რაც გაუგებრობას იწვევს მოკავშირეებში. არ აძლევს საშუალებას მათ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ პრეზიდენტთან – კონსტიტუციით უმაღლეს აღმასრულებელთან – ამჯერად წყალშეყენებულთან, დიდი კაპიტალის მიერ დაქირავებული ამერიკელი კონგრესმენების მიერ.

კოლექტიური ორგანო, კოლექტიური ორგანოა და ის პერსონალურად არ აგებს პასუხს კანონისა და ხალხის წინაშე. თუ ვინ აგებს – პრეზიდენტია, მაგრამ გაკოჭილი, ძალაგამოცლილი. კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი დიქტატორული ხასიათისაა. მისი მიხედვით, ევროპამ არ უნდა მიიღოს რუსული გაზი და თუ მიიღებს, ის დაისჯება. ევროპამ ამერიკული გაზი უნდა მიიღოს.

კონგრესის კანონპროექტი ევროპიდან აძევებს რუსულ გაზს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ამარაგებდა ევროპას. თუ ეს მზაკვრული გეგმა განხორციელდა, რუსეთი დაკარგავს დიდ შემოსავალს, რაც გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკისა და სოციალური ყოფის გაუარესებას, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს, პუტინის ხელისუფლების დამხობას.

მიზანი მიღწეულია. აშშ-ი დაწიხლავს ქვეყნის ლიდერს, რომელმაც ხმა ამოიღო ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამერიკას უყვარს მორჩილი ქვეყნები, ისეთები, როგორებიც ევროკავშირელები არიან, ყველაფერში რომ თავს უკრავენ ვაშინგტონს.

დავუშვათ, სხვაგვარად მოქცეულიყო რუსეთი, მაშინ რა იქნებოდა?

ის, რაც პრეზიდენტ ელცინის დროს; ის რაც უკრაინაშია, პრეზიდენტ პოროშენკოს დროს – გაძვალტყავებული ქვეყანა, ორ გრივნად გაყიდული ამერიკაზე. როდესაც ქვეყანა უკანასკნელ წლებში მოახერხებს ეროვნული შემოსავლის 180 მილიარდი დოლარიდან 80 მილიარდამდე დაყვანას – დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება შესაბამისი დასკვნების გამოტანას.

დაჩაჩანაკებული რუსეთი, უკრაინის მსგავსი – აი, სურვილი „დემოკრატი“ ამერიკისა. დასუსტებულს კი – კაპიკებში გააყიდინებ როგორც წიაღისეულ სიმდიდრეებს, ისე სამრეწველო ობიექტებს, მიწას. ასეთ ქმედებას აქვს ადგილი უკრაინაში. დათანმხდება სავალალო პერსპექტივას რუსეთი?

ერთხელ დათანმხდა – ელცინის დროს და საშინლად მოტყუვდა. ვგონებ, ტრაგიკულ ნაბიჯს აღარ გაიმეორებს და თუ არა, რა რჩება? ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, რაც უდავოდ გამოიწვევს კონფრონტაციას აშშ-თან.

ისინი, ვინც კონგრესისთვის მისაღებ კანონპროექტს თხზავდა, მსოფლიო მშვიდობის სიმბოლოებს ეთამაშებოდა, ანგარიშს არ უწევდა სავარაუდო დაპირისპირებას. კუთხეში მიყენებული ბირთვულიარაღიანი რუსეთი, თანაც გაღიზიანებული, ისეთი ძალაა, რომელიც ამერიკასაც გადაუვლის და სხვასაც.

ღირს, გაზის გაყიდვით მიღებული ფულის ფასად მსოფლიო მშვიდობის სასწორზე დადება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.