აპრილის ვიზიტებთან დაკავშირებით

ა.წ. აპრილის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენებიდან უდავოდ აღსანიშნავია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი სოხუმში, ირანის ანალოგიური ორგანიზაციის მეთაურის ჯავად ზარიფის თბილისში ჩამოსვლა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. იყო სხვა ვიზიტებიც, მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში, სხვების, მაგრამ მათ კავკასიის რეგიონზე, კერძოდ საქართველოზე ისეთი არაფერი გავლენა არ ჰქონია, როგორც პირველ სამსა.

აღნიშნული ვიზიტები არა მარტო დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებით არის ნაკარნახევი, არამედ ეკონომიკურით და უნდა ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში გამოისხამს ნაყოფს, თუ დასავლური პოლიტიკა ხელს არ შეუშლის მას და რაც მთავარია ამ პოლიტიკით დამფრთხალი საქართველოს მთავრობა საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამს. მხედველობაში საქართველო-ირანის ურთიერთობები მაქვს, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირველ წლებში მძიმე კვალი დატოვა მანამდე პარტნიორ ირანის ხელისუფლებაზე.

შეგახსენებთ – სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, ერთობ პრაგმატულმა ირანის მიმართ – ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებით, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებით, დადებითად იმოქმედა საქართველოს ბიუჯეტის ზრდაზე. მაგრამ მისი შემცვლელი „ოცნების“ ხელისუფლების თავის ქნევამ დასავლეთის მიმართ, კერძოდ აშშ-ს, სავიზო რეჟიმის ცალმხრივი (საქართველოს მხრიდან) დაწესება გამოიწვია და ყველა, დაწყებული კავშირურთიერთობების გაყინვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პატარა საქართველომ დამცინავად, აგდებულად შეხედა რეგიონის ერთ-ერთ მძიმეწონიან ირანს, რითაც ორი ქვეყნის ურთიერთობა ნოლის დონეზე დაიყვანა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრად კვირიკაშვილის დანიშვნის შემდეგ ვითარება დადებითობისკენ შეიცვალა, რასაც ხელი შეუწყო, ჯერ კიდევ ვიცე-პრემიერობის დროს კვირიკაშვილის ირანში ჩასვლამ.

ირანი რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა – განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მანქანათმშენებლობით, მსუბუქი მრეწველობით, მეცნიერებითა და განათლების სისტემით. ამდენად მასთან ურთიერთობა დადებითად წაადგება საქართველოს.

გაითვალისწინა რა აღნიშნული საქართველოს ხელისუფლებამ, თავისივე დესტრუქციული პოლიტიკა უკან წაიღო და დაიწყო ახალი, პრაგმატული პოლიტიკით ირანთან ურთიერთობების აღდგენა. ძველ პოლიტიკასთან დაკავშირებით მან, თავის გასამართლებლად დასავლეთის მიერ ირანის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციები მოიყვანა.

ირანმა შეგვინდო, რასაც დაფასება უნდა. ვიმედოვნებთ, მსგავს ზიგზაგებს ადგილი აღარ ექნება, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ირანთან მიმართებაში აშშ-ი. რა „ბრძანებას“ გასცემს ჩვენს მიმართ, ირანთან კავშირურთიერთობების გამო.

ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს ანტიირანულ პოლიტიკას განახორციელებს, რაც არაერთხელ დადასტურდა თვით პრეზიდენტის განცხადებით, რომელმაც ირანს ტერორიზმის სპონსორობაში „მსოფლიოს ლიდერობა“ დასწამა. არადა, ირანი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქმით და არა სიტყვით, როგორც ერთად აღებული დასავლეთი, ებრძვის ტერორიზმს. ამ თვალსაზრისით ირანი, სირიის ომში, უდავოდ ტოვებს დადებით კვალს.

აშშ-ი ირანის ტერორისტად წარმოჩინებას, უპირველესად უკავშირებს ამ ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა პალესტინის „ჰამასი“ და იორდანიის „ჰესბოლა“.

ცნობისთვის: „ჰესბოლა“ იბრძვის სირიაში სახელმწიფოს მხარეს. ირანის გავლენა სირია-ერაყზე მნიშვნელოვანია, რაც უარყოფითად აღიქმება ვაშინგტონში. ამ უკანასკნელს გულზე არ ეხატება არც ერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის საწინააღმდეგო იქნება. შეძლებს საქართველოს ხელისუფლება, ირანთან მიმართებაში ისეთი პლიტიკის გატარებას, რაც განსხვავებული იქნება თეთრი სახლის პოლიტიკისგან? ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ აღორძინებული ურთიერთობების კუთხიდან შევხედავთ მოვლენებს, უნდა შეძლოს და ერთხელ მაინც დაგვანახოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა.

ორი ქვეყნის ურთიერთობებში აღსანიშნავია ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობა, რაც სცდება ამ ორის ურთიერთობას და რეგიონულ ურთიერთობაში გადადის – ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი; ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი. არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში რკინიგზისა და საავტომობილო გზების სფეროში თანამშრომლობა ე.წ. ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი, რომელიც კარგა ხანია მუშაობს, მაგრამ აზერბაიჯან-ირანის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დამთავრებასთან ერთად სხვა, უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს. ეს მარშრუტი ერთმანეთს აკავშირებს ირანს-აზერბაიჯანს-რუსეთს – პირდაპირი მნიშვნელობით და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებს, ევროპასთან, ცხადია რუსეთის ტრანზიტით.

არის მეორე მარშრუტიც – ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვა და ირანი, სომხეთი, საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი. ამ მეორე მარშრუტთან დაკავშირებით სომხეთი აქტიურობს. მას სურს თბილის-სოხუმის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა. ამასთანავე, ის ცდილობს გამოძებნოს ინვესტორი სომხეთ-ირანის რკინიგზის მონაკვეთის ასაშენებლად, რომელითაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირდება.

საქართველოს ხელისუფლება ნეგატიურად იხილავს, აფხაზეთის დანგრეული რკინიგზის აღდგენის საკითხს – უმთავრესად პოლიტიკური მოტივით. მას არ სურს რუსეთის საფრთხის გამო რკინიგზის ამოქმედება. ამ ეტაპზე ტვირთების გადასატანად საქართველო იყენებს აზერბაიჯან-რუსეთის რკინიგზას და საზღვაო კომუნიკაციას, რითაც თავისუფლად აუდის არსებულ დატვირთვას, ვინაიდან მისი საექსპორტო პოტენციალი ერთობ შეზღუდულია.

სომხეთ-ირანის რკინიგზის შეერთების შემდეგ სხვა პერსპექტივა ისახება. უდავოდ გაიზრდება ამ რკინიგზით, აზიის ქვეყნების ტვირთების რუსეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოთხოვნა, რაც თავისთავად სატრანზიტო ქვეყნებისთვის, შემოსავლების ზრდის საწინდარი იქნება.

აფხაზეთში ვიზიტის დროს ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეულ მხარეს არავითარი პრობლემა არ აქვს, თუ ტრანზიტი აღდგება. არსებობს სამართლებრივი საფუძველიც, რომ ეს განხორციელდეს. ის, შეიძლება დაეყრდნოს შეთანხმებას, რომელიც რუსეთსა და მსოფლოს სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს გაფორმდა.

რაც შეეხება აფხაზეთის ხელისუფლებას, ისიც თანახმაა აღდგეს რკინიგზა, ვინაიდან ტრანზიტიდან შესული ფული წაადგება აფხაზეთს. არცთუ დიდი ხნის წინათ აფხაზეთი ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას – საქართველოს შიშით, მაგრამ როგორც ჩანს მან შეიცვალა აზრი. დღეს, ის დაცულად გრძნობს თავს – რუსეთის ქოლგის ქვეშ მოკალათებული. ჯერი საქართველოზეა, რა ვითარებაა აქ?

ლავროვის ვიზიტი სოხუმში მესამეა. როგორც წინა ორს, ისე ბოლოს, ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა – „საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის“ – მკაცრი ფორმულირებით. დაახლოებით იგივე შეფასება მოჰყვა ლავროვის ვიზიტს აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან. ამ თვალსაზრისით პირველი ვიზიტიდან (2008 წლის სექტემბერი) დღემდე არაფერი შეცვლილა.

მსგავს რიტორიკას ყოველთვის ექნება ადგილი, თუ მაღალი რანგის რუსი მოხელე ეწვევა აფხაზეთს. ეს რიტორიკა დამახასიათებელია არა მარტო „ოცნებისა“ და „ნაცებისთვის“, არამედ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის, ვინაიდან საწინააღმდეგო მოსაზრების გაჟღერებას ისინი ერიდებიან, პოლიტიკური ქულების დაკარგვის გამო და პრორუსული იარლიყის მიწებების შიშით.

საქართველოს ხელისუფლებას, ისე, როგორც ყველა მის წინამორბედს, შემუშავებული აქვს პოზიცია, რომელიც მისი აზრით ურყევია. დღევანდელები, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მისი დაკარგვის შიშით რაიმე კარდინალურს, საწინააღმდეგოს არ შეიმუშავებენ. არადა, დრო აფხაზთა წისქვილზე ასხამს წყალს. რუსეთის ჩრდილქვეშ შეყუჟულები, მშვიდად გრძნობენ თავს და უმთავრესად ეკონომიკურ განვითარებაზე იჭყლეტენ ტვინს. ამ თვალსაზრისითაც ისინი რუსეთის შემყურენი არიან.

რაც შეეხება საქართველოს – მისი მოსახლეობა თვალსა და ხელს შუა მცირდება. აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთაა გადინებული და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, ვინაიდან აქ, ისე, როგორც ყოველთვის, დიდი პრობლემებია დასაქმებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აფხაზეთის ახალი თაობა არ იცნობს საქართველოს და თუ იცნობს, პროპაგანდიდან გამომდინარე, ცუდად, აგრესორად. უკონტაქტო ვითარება უპირველესად საქართველოს არ უნდა აწყობდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, ასეთი ვითარების შეცვლისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, მუდამ დასავლეთის შემყურე, პასიურად უდგება ამ თემას.

მკითხველს არ მინდა მცდარი მოსაზრება შევუქმნა ვითომდა აფხაზთა, რუსეთის წინაშე მუხლებზე დაცემის თვალსაზრისით. აფხაზები არც ისეთი იოლად გასატეხი კაკლები აღმოჩნდნენ, რუსეთს რომ ეგონა, რაც კარგად გამოჩნდა აფხაზეთში რუსთა მიერ უძრავი ქონების, მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. აფხაზები არ დათანხმდნენ ამ იდეას და კანონითაც განამტკიცეს ის. აფხაზები  არც სხვა დათმობაზე წავიდნენ მათი აზრით, რომ დაემუქრებოდა აფხაზთა დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

აფხაზები მიიჩნევენ, რომ გზა უკან, საქართველოსკენ მიუღებელია. ეს თემა მოძველებულია. ახალი თაობა საქართველოსთან ურთიერთობას თანაბრობის პრინციპით უდგება და არა საქართველოს შემადგენლობაში „ფართო ავტონომიის“ კუთხით. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია შესაძლებლად – აფხაზთა შემობრუნება, მხოლოდ საქართველოშია მისაღები და არა აფხაზეთში. რაც აფხაზთათვის არის მისაღები – ორ მხარეს შორის თავდაუსხმელობის დოკუმენტის გაფორმება და შემდეგ ეკონომიკური კავშირების აღდგენაა.

სოხუმში ყოფნის დროს ლავროვმა თქვა: „საქართველო-აფხაზეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთელი კავკასიისთვის“. თუ რამდენად არის ეს შესაძლებელი – ძნელი სათქმელია. დათანხმდება თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება, მომავალი გვიჩვენებს.

ჩემის აზრით, არავითარ საფრთხეს არ შეიცავს ასეთი ხელშეკრულების გაფორმება. დავარქვათ მას თბილის-სოხუმის შეთანხმება, ყოველგვარი აღიარების გამორიცხვით და დავიწყოთ კავშირურთიერთობების ჩამოყალიბება. მანამდე დავილაპარაკოთ მოსკოვთან. შევთანმხდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ამ ეტაპზე შეუთანხმებელია.

აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და იმავე დოკუმენტში ჩავწეროთ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება მის ტერიტორიაზე სამი საელჩოს არსებობას.

აღვადგინოთ რკინიგზა, სამანქანო გზა, რაც უდავოდ ხელს შეგვიწყობს აფხაზებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

ვიფიქროთ ფართოდ, პრაგმატულად და არა დღევანდელივით – ვიწროდ, პრიმიტიულად.

ვიმეორებ, დღევანდელი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც მოსახლეობისგან დაცლილი საქართველოსთვის უდავოდ არასახარბიელოა. პოლიტიკას ზოგჯერ რისკი სჭირდება, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, უფრო სიჯიუტე და ვითარების შეუფასებლობაა, ვიდრე გამოსავლის ძიება. გამოსავალი ურთიერთობაშია და არა პოზაში დგომაში.

დასკვნისთვის – ზემომოყვანილი სამი ვიზიტი რეგიონის, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუ როგორ გამოიყენებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, მასზეა დამოკიდებული და არა სხვაზე, ამ შემთხვევაში ე.წ. ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებზე, რომელთა პოზიციას არასდროს მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი, ფეხზე რომ დავმდგარვიყავით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.