ქართულ-რუსული ენების თაობაზე

სულ ახლახანს, ნატოს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უდიდესი ყურადღება დაუთმო საქართველოში რუსული ენის საკითხს. კერძოდ, მან თქვა, რომ: „რუსული ენა არ უნდა იყოს დავიწყებული“; „ის აქტიურად უნდა გამოიყენებოდეს“; „საინფორმაციო იარაღია რუსული ენა“; „თუ ხელისუფლება რუსულ ენას გონივრულად არ გამოიყენებს, ნაციონალური უმცირესობები აღმოჩნდებიან ეფექტურად მომუშავე რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ“ და სხვა.

დამსწრე საზოგადოებას უდავოდ გაუჩნდებოდა განცდა – საქართველოს პოლიტიკაში სერიოზულ ძვრას აქვს ადგილი და ხელისუფლება, წინასაარჩევნო დანაპირების ასრულებას, რუსული ენისადმი რევერანსებით იწყებს. დაპირება კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასეთი იყო – რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება.

თუ რას ემსახურებოდა მარგველაშვილის განცხადება რუსულ ენასთან დაკავშირებით, ქვემოთ მოგახსენებთ, ამასთანავე შევეხები ერთობ მტკივნეულ თემას,. მშობლიური ენის დაცვა-განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ იკისრა და არ ასრულებს. თავიდანვე ვიტყვი – ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ენის კეთილდღეობისთვის არაფერს აკეთებს, რუსული ენის დასაცავად მოიკლავს თავს?

რაც მარგველაშვილმა თქვა, ისეთი ჭეშმარიტებაა, მტკიცება რომ არ სჭირდება. დიახ! რუსული ენა, ის საკომუნიკაციო საშუალებაა, რომლის გარეშე თვით ქვეყნის შიგნითაც ჭირდა და ჭირს კავშირურთიერთობების დამყარება. რომ არაფერი ვთქვათ აფხაზებსა და ოსებზე, რომლებთან ურთიერთობა მეტადრე რუსული ენის საშუალებით ხდებოდა, ხდება და მოხდება, თუკი კონტაქტები აღდგება.

სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც კავშირები რუსულის მეშვეობით ხდება. ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქართულმა მოსახლეობამ იმ დონეზე შეისწავლონ აზერბაიჯანულ-სომხური, რომ მათთან საყოფაცხოვრებო დონეზე ურთიერთობა მოახერხონ. აღარაფერს ვამბობ აფხაზურსა და ოსურზე.

მავანი შემედავება – ჩვენ რატომ უნდა ვისწავლოთ მათი ენა, იმათ ისწავლონ ქართული, სახელმწიფო ენა, ისინი ხომ საქართველოში ცხოვრობენო?!

გეთანხმებით, მაგრამ იმათ რომ ისწავლონ, ქვეყანას გამართული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს – საქმის მკეთებელი განათლების სამინისტროთი და მინისტრით და არა ჯეჯელავას, თუნდაც ლომაიას, სანიკიძის, სხვა ბრიყვი და გაუნათლებელი ბედოვლათები.

აზერბაიჯანულ და სომხურ მოსახლეობას მხოლოდ არჩევნების პერიოდში იხსენებენ, სხვა დროს მათთვის ვერ იცლიან. ისინიც, თავისუფლად მიშვებული მწვანე მდელოზე, გავლენის ობიექტად მიიჩნევიან მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან. მათი ჩართვა საერთო სახელმწიფოებრივ საქმეში არცთუ წარმატებით (უფრო წარუმატებლად) ხდება. ისინი მეზობელი ქვეყნების ცხოვრებით უფრო ცხოვრობენ, ვიდრე აქაურით, რაც არ არის გასაკვირი. ასე იცის ცენტრის უყურადღებობამ.

რუსული ენის გარეშე კომუნიკაციების დამყარება მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეუძლებელია. სამივე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ იმ  დონეზე არ ვიცით ინგლისური, რომ ერთმანეთს რუსულად არ ველაპარაკოთ. ანდა რა საჭიროა ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა, თუკი რუსული აზერბაიჯან-სომხეთში შენარჩუნებულია და აქტიურად გამოიყენება?

საქართველო ამ თვალსაზრისით სერიოზულად მოიკოჭლებს. რუსული ენა თუ საშუალო და მაღალი ასაკის ქართულ მოსახლეობაში შემორჩენილია, ახალგაზრდებში – არა. ახალგაზრდების უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის რუსული ენა, რაც უახლოეს მომავალში სერიოზულად იმოქმედებს საქართველოზე.

ქართულ-რუსული ურთიერთობები დღეს სავალალო დონეზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვლება. ქვეყანაში ახალი აზროვნება გაჩნდება, რომელიც გვიბიძგებს მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარება-განვითარებისკენ. მარგველაშვილის ნათქვამიც დასაწყისი ხომ არ იყო ასეთი ურთიერთობებისა? – იკითხავს მავანი.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას – არა!

პრეზიდენტის ნათქვამი, თანაც ნატოს ექსპერტების წინაშე – ფულის შოვნის გამო იყო გაჟღერებული – ავანტიურისტულად, მზაკვრულად. დასავლური პროპაგანდისტული მანქანა რახანია გაიძახის რუსული პროპაგანდის გაძლიერების თაობაზე. თითქოს რუსეთმა თავისი აქტიურობით და პროპაგანდაში მილიონობით დოლარის ხარჯვით წყალი შეუყენა დასავლურ ფასეულობებს ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა აშშ-ი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სხვები.

რუსეთმა აგრესიული PR-ით დიდი გავლენა იქონია ამერიკელ ამომრჩეველზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ხელი შეუწყო ტრამპს გამარჯვებაში. განსაკუთრებული თავდასხმის საგანია ტელეკომპანია RT, რომელიც ინგლისურ ენაზე აწარმოებს მაუწყებლობას აშშ-ი, სხვა ქვეყნებში. ამ დროს სამაუწყებლო წყაროს მეშვეობით ხდება თურმე დასავლელთა ტვინის გამორეცხვა, მათი მსოფმხედველობის შეცვლა. არადა, ერთი RT რა მოსატანია მძლავრი ამერიკულ-ევროპული ელექტრონული მედიის ფონზე?

ბრძოლა, ცხადია, არათანაბარია, მაგრამ მიუხედავად ამისა დასავლეთმა მილიონობით დოლარი გამოჰყო ანტირუსული პროპაგანდის საწარმოებლად. ამ თანხის დიდმა ნაწილმა უკვე დაიდო ბინა პოლონეთში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოშიც. გახსოვთ ალბათ, ანტირუსული პროპაგანდისთვის შექმნილი ელექტრონული მედია, რომელიც თავის პროდუქციას თავს ახვევდა არა მარტო აფხაზებსა და ოსებს, ჩრდილო კავკასიის მოსახლეობას, სხვებს.

მარგველაშვილმა რუსული, ნატოელი ექსპერტების წინაშე იმიტომ  გაიხსენა, რომ სწორედ ნატოს მეშვეობით ხდება ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსება ბალტიისპირა ქვეყნებში. რით არის საქართველო ნაკლები? განა საქართველო არ არის მოქცეული მძლავრი რუსული პროპაგანდის ქვეშ? განა საქართველოს მოსახლეობა არ ჩივის და მოითხოვს ხელისუფლებისგან – დაგვიხსენით რუსული პროპაგანდისგანო?

ამას კი შესაბამისი დაფინანსება სჭირდება, შესაბამისი პროპაგანდით. ანუ ფულია საჭირო და როცა ფული გინდა, რას არ იტყვი – რუსული ენის არდავიწყებასაც და კიდევ რას. ასე რომ, მარგველაშვილისეული განცხადება, რუსულის შესაბამის დონეზე დაყენებასთან დაკავშირებით, სულაც არ არის მოწოდებული საქართველოს მოსახლეობაში რუსული ენის გასავითარებლად. მას სხვა დატვირთვა აქვს და ამ „დატვირთვას“ ფულის შოვნა, უფრო სწორად ფულის მოთხოვნა ჰქვია – რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.

მაშინ, როდესაც მარგველაშვილი რუსულ ენას ვითომ იცავს, ნამდვილი დასაცველი – ქართული ენა, უკან რჩება, რის შესახებაც წერს ბატონი გიორგი გოგოლაშვილი 19 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკა“-ში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილში ბატონი გიორგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ – ჯერაც შეუსრულებელია. არ შექმნილა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი სახელმწიფო ენის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის.

გლობალიზაციამ თავისი ნეგატიური გავლენა თუ ვის მოახვია თავს – პატარა ერებია, მაგრამ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით განვითარებულმა პატარა ქვეყნებმა ყველაფერი იღონეს საკუთარი ენის, თვითმყოფადი კულტურის, ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ საქართველოს ამ ქვეყნების ჩამონათვალს ვერ მივაკუთვნებთ. ქვეყანას, რომელსაც სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე აქვს დაფიქსირებული, გაუჭირდება საკუთარი ენის დაცვა. რომელ დაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც „ნაცთა“ ერთ-ერთი იდეოლოგი თევზაძე, ერთ დროს ილიას უნივერსიტეტის რექტორი, მოგვიწოდებდა ინგლისურის დედა-ენობისკენ.

სწორედ „ნაცთა“ დროს მოხდა ენის სახელმწიფო პალატის, პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისის  გაუქმება, დეგრადაცია განიცადა სკოლებში ქართული ენის სწავლებამ, გაუარესდა ქართული ენის მდგომარეობა საყოფაცხოვრებო სფეროში და ა.შ.

უამრავ ელექტრონულ მედიაში თავმოყრილი გოგო-ბიჭების წყალობით ინგლისური სიტყვების აბობოქრებული მდინარე თავზე ესხმება საქართველოს მოსახლეობას – ყოველდღიურად, მრავალი საათის განმავლობაში. რა სიტყვებს არ მოჰკრავთ ყურს – „ქეისი“, „რელევანტური“, სხვა მრავალი. მაღაზიებზე გამოკრულ აბრებს არ იტყვით? ქართული ასოებით ინგლისური დასახელება ან მარტო ინგლისურით „დამშვენებული“ ე.წ. სუპერმარკეტები.

„გაევროპელებული“ ყმაწვილი გოგო-ბიჭები და ე.წ. პოლიტიკოსები აქაოდა ნახეთ რა მაგრები ვართ ინგლისურშიო, ინგლისურ სიტყვებს ისე ხმარობენ ქართულად ლაპარაკის დროს, ვითომც არაფერი. არადა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს „გაქცეულ ინგლისელს ვერ მოაბრუნებენ“ – ისეთია მათი ინგლისურის ცოდნის დონე. ქართულ ენასთან მიმართებაში პრობლემები არის და თუ დროულად არ იღონა ხელისუფლებამ – ხვალ გვიან იქნება.

საქართველოს, სამწუხაროდ ახასიათებს ზედაპირულობა. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ერთზე – დედა ენის დაცვაზე. საქართველო, მსოფლიოს ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც დედა ენის ძეგლი დგას. დედა ენის აღსანიშნავი დღეცაა დაფუძნეფული, მაგრამ სინამდვილეში, თითო-ოროლა ადამიანის გამოკლებით, არც დედა ენის ძეგლი ახსოვს ვინმეს და არც დედა ენის დღე.

არადა, ყველაფერს ჰქონდა დასაწყისი, რომელსაც ფუნდამენტი 1978 წელს – საქართველოს სსრ კონსტიტუციის მიღების დღეს ჩაეყარა. ძველი თაობის ხალხს კარგად ახსოვს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აბობოქრებული ტალღა როგორ მიადგა საქართველოს მთავრობის სასახლეს, ამჯერად პარლამენტის შენობას, ქართული ენის დასაცავად. სასახლეში მიმდინარეობდა უმაღლესი საბჭოს (პარლამენტის) სხდომა, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუცია.

წინა კონსტიტუციაში დაფიქსირებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. არადა იმ კონსტიტუციაში, საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლების სტალინისადმი თხოვნით – სახელმწიფო ენად ქართული ჩაიწერა. მსგავსი ჩანაწერი არც ერთ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ იყო, რაც უდავოდ სტალინის დამსახურებაა, ცხადია იმათთან ერთად, ვინც ამის თაობაზე სთხოვეს მას.

მაშინ არსებული წესის მიხედვით შექმნილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელსაც საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, დიდი პროპაგანდისტული საქმიანობა გასწია. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში, ფაბრიკა-ქარხნებში, სასწავლებლებში, საერთო კრებებზე მიმდინარეობდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა და წინადადებების დაყენება. შესწორებები, წინადადებები იგზავნებოდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში, რომელიც იხილავდა შენიშნებებსა და წინადადებებს და შესაბამისი დასკვნებით წარუდგენდა საკონსტიტუციო კომისიას.

ამ ხანგრძლივი პროცედურის დროს არვის გამოუთქვამს ქართულ ენასთან მიმართებაში  ისეთი, როგორსაც მოგვიანებით ჰქონდა ადგილი. კომისიის წევრები მიიჩნევდნენ, რომ „სახელმწიფო ენა – ქართული“ – არ უნდა იყოს ჩაწერილი კონსტიტუციაში, ვინაიდან ამ ჭეშმარიტებას მტკიცება არ სჭირდება.

კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატის და საქართველოს კპ ცკ-ის აპარატის რამდენიმე მუშაკი მივლინებულ იქნენ მოსკოვში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, კონსტიტუციის პროექტის შესათანხმებლად. სწორედ იქ, განხილვის დროს, რუსმა კოლეგებმა ყურადღება მიაქციეს ძველ და ახალ კონსტიტუციაში (პროექტში) სხვაობას.

პროექტში – საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა ქართული – ამოღებული იყო. მათი ვარაუდით, ქართული ენის ამოღებას შეიძლება მოჰყოლოდა საზოგადოების გაღიზიანება, რაზეც საქართველოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ასეთს ადგილი არ ექნებოდა. გარდა ამისა, ჩანაწერი თვით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის შევარდნაძის მიერ იყო გაკეთებული და მათ არ ჰქონდათ (წარგზავნილებს) ამის შეცვლის უფლება. მაშინ რუსმა კოლეგებმა სთხოვეს მივლინებულებს საკითხის კომისიასთან შეთანხმება.

ასედაამრიგად, მივლინებულებიდან ერთ-ერთმა, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იურიდიული განყოფილების გამგის მოადგილემ ჩიქოვანმა დაურეკა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანს, საკონსტიტუციო კომისიის მდივანს ლაშქარაშვილს და მოახსენა აღნიშნულის თაობაზე. ლაშქარაშვილმა თავის მხრივ აცნობა შევარდნაძეს, რომელმაც დაჟინებით თქვა – დაეტოვებინათ ტექსტი ისე, როგორიც იყო.

საქართველოს მოსახლეობა დღემდე დარწმუნებულია, რომ „ქართული ენის“ კონსტიტუციიდან ამოღების ინიციატორი რუსეთი იყო და არა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც მოსკოვთან თავის მოწონება სწყუროდა.

კონსტიტუციის მიღების დღეს გამოსული ხალხი კატეგორიულად ითხოვდა „ენის“ დაბრუნებას. შევარდნაძე იძულებული შეიქმნა დაერეკა მოსკოვში და განმარტება მიეცა ხალხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოსკოვიც, ყოველგვარი გართულების გარეშე, ისე მოიქცა, როგორც მოსალოდნელი იყო. დეპუტატების წინაშე გამოსულმა შევარდნაძემ განაცხადა ძველი ჩანაწერის აღდგენის თაობაზე, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ხალხში.

საბოლოო ჯამში ჩანაწერი ქართულ ენასთან დაკავშირებით შევარდნაძის დამსახურებად ჩაითვალა, ხოლო მოსკოვის ქმედება – განუხორციელებულ მზაკვრობად – დიდ დამარცხებად და ქართველი ხალხის გამარჯვებად. არადა, საწინააღმდეგო ფაქტთან გვქონდა საქმე.

აღნიშნული ისტორია ჩემს თვალწინ მოხდა – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილის. ამ არცთუ სახარბიელო ისტორიის შესახებ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვაქვეყნე, თუმცა ჩემს წერილებს აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

დავუშვათ, ისე მოხდა, როგორც იმჟამინდელი ხელისუფლება გვიხატავდა. დავუშვათ, მოსკოვის ბოროტი ზრახვები ვერ ასრულდა, ვინაიდან ქართველმა ხალხმა თავისი კატეგორიული მოთხოვნით დაიცვა საკუთარი ენა. დავუშვათ, მაშინ ადგილი ჰქონდა კეთილის, ბოროტზე გამარჯვებას, დღეს რა გვჭირს, რა გვემართება – საკუთარ ხელისუფლებასთან პაექრობაში მუდამ ბეჭებზე დადებული რომ ვართ?!

რა გამოდის მაშინდელ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ანუ მოსკოვთან გაცილებით იოლი იყო ბრძოლა, ვიდრე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან?

რატომ ვთმობთ პოზიციებს ენისთვის ბრძოლაში? ან იქნებ მიგვაჩნია, რომ ენის შენარჩუნებისთვის მხოლოდ რუსეთთან უნდა ვიომოთ და არა ამერიკასთან?!

როგორც ჩანს, ამერიკული „კრემლი“, თავისი ბრჭყვიალა სათამაშოებით და საღეჭი რეზინებით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს გაევროპელებულ ქართველობაზე. ასეთ დროს რა მოსატანია დედა ენა. „ვაუ, ჩვენს თავს“!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.