სადამდე უნდა ვიძახდეთ რუსულ აგრესიაზე?

სამწუხაროა, რომ ისევ მიწევს ყურადღების გამახვილება თემაზე, რუსეთის მიმართ მოჭარბებული სიძულვილი რომ ჰქვია. როგორც ჩანს, მომავალშიც არაერთხელ გავხდები იძულებული „დავიცვა“ დიდი რუსეთი, ზოგიერთი ქართველი პუბლიცისტის გესლიანი კალმისგან. მაგრამ რუსეთს რომ რიგითი ქართველისგან – ჩემის სახით, დაცვა არ სჭირდება, მაშ რას ან ვის ვიცავ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია, თუმცა შევეცდები.

ვიცავ არა რუსეთს (საბოლოო ჯამში ასე გამოდის), ვიცავ ჩვენს ქვეყანას, ბოროტებისგან, ისტორიული ფაქტების გაყალბებისგან, ნეგატიური აზროვნებისგან, ქარაფშუტული ქცევისგან და ა.შ. ვიცავ და ვთვლი, რომ ტყუილებით, ფაქტების დამახინჯებით დათვური სამსახური ეწევა ცრუ პატრიოტიზმს და როდესაც ნამდვილის აუცილებლობა დადგება – ცრუზე აღზრდილი თაობა გზააბნეული იქნება და ვერ გააკვლევს გზას.

ისტორიისთვის სიცრუე არცთუ იშვიათი რამ არის, განსაკუთრებით საქართველოს – მდიდარი, საუკუნეობრივი ისტორიისთვის. სიცრუეც არის და სიცრუეც, მაგრამ, როდესაც სიცრუე ისეთი ქვეყნის მიმართ არის შეთხზული, რომელიც მეზობელი, დიდი, მძლავრი და გავლენიანია, სიცრუე ბოროტებაა – ჩადენილი არა ე.წ. მტრის მიმართ, არამედ საკუთარი ხალხის მიმართ და რატომ?

უპირველესად იმიტომ, რომ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ხელს უწყობს დაბოღმილი ახალი თაობის აღმოცენებას, საიდანაც სრული შესაძლებელია 2008 წლის მსგავსი ან უარესი ავანტიურა მივიღოთ.

დიახ! სიცრუე, მითუმეტეს საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ჯეროვნად, მათ შორის ახალგაზრდა თაობამ, არ იძლევა ისტორიის ობიექტური შეფასების შანსს. გარდა ამისა, ვის, რომელ გოგო-ბიჭს შეუძლია უფროსის დახმარების გარეშე ჩაწვდეს სინამდვილეს? ასეთი ვუნდერკინდები სანთლით საძებარია და როდესაც ძველგაზრდა, ახალგაზრდის, მთლიანად საზოგადოების „განათლებას“ ტყუილებით და ფაქტების გაყალბებით ცდილობს – ბოროტებაა.

არანაკლები ბოროტებაა, როდესაც ასეთ მასალას გაზეთი გულში ჩაიხუტებს და სათაურით: „მგელი არ იშლის მგლობასა“ თავის გვერდზე გამოაქვეყნებს. ავტორად ამ უხამსობისა გვევლინება ვაჟა შუბითიძე, ჩემთვის ამ ჟანრში (პოლიტოლოგია) უცნობი პირი, რომელიც უდავოდ დარწმუნებულია საკუთარ განსწავლულობაში, ცოდნაში და ქართული ანდაზის მსგავსად – „ეს, ასო კიტრია და უნდა ჭამოო“ – გვაწვება.

აი, ის, რასაც პატივცემული ავტორი გვთავაზობს, უფრო „პატივცემული და ობიექტური“ გაზეთის ფურცლებიდან: „საუკუნეებია, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა, მისი მიმართულებები და ვექტორები არ იცვლება: ტერიტორიული ექსპანსია და გაფართოება მეზობლების ხარჯზე; სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით მეზობლების საშინაო საქმეებში ჩარევა; სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა სხვა ქვეყნებში; ხისტი საგარეო პოლიტიკა და კუნთების თამაში; ეკონომიკური და სამხედრო ბლოკადა და სანქციები სხვათა საზღვრების უხეშად დარღვევა; რბილი და სამხედრო ძალის შეზავება; მეხუთე კოლონის მხარდაჭერა, სხვა ქვეყნებში, ჰიბრიდული ომი, სხვა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება და დაშანტაჟება, ზოგიერთის დაცვა ან შეცვლა სხვა ქვეყნებში, საინფორმაციო ომის წარმოება ახალი იმპერიული კავშირების შექმნა (ევრაზია), დადებული ხელშეკრულების არარად მიჩნევა, თითქოს რუსული მოსახლეობის დაცვა საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნების ხელმძღვანელთა მოსყიდვა, მკვლელობა, დაშანტაჟება; ასეთ მეთოდებზე, ოღონდ კარგად შეფუთულზე, არც სხვა დიდი სახელმწიფოები ამბობენ უარს, თუმცა არა ისე აშკარად, ხისტად და აგრესიულად, როგორც რუსეთი“.

რას იტყვით, „შესანიშნავია“, ოღონდ ჩამონათვალს ზოგი რამ აკლია, ისეთი, ქართველი პოლიტიკოსები, ისტორიკოსები და მედიის წარმომადგენლები რომ თავს უფლებას აძლევენ რუსთა დასახასიათებლად – ქალები მეძავები, კაცები მამათმავლები; ეგენი რომ ტყეში ხეებზე კუდებით იყვნენ ჩამოკიდებული, ჩვენ „ვეფხვისტყაოსანს“ ვქმნიდით და ა.შ.

მოვხსნათ ჩამონათვლის თავში ნახსენები „რუსეთის საგარეო პოლიტიკა“ და მივიღებთ ჩადენილი ქმედებების ნაზავს, რომელიც უდავოდ მიესადაგება აშშ-ს, მისი ევროპელი მოკავშირეების საქციელს – მრავალი ათეულ-ასეული წლის განმავლობაში რომ სჩადიოდნენ (სჩადიან) მთელს მსოფლიოში.

ტერიტორიულ ექსპანსიაზე თუ ვილაპარაკებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, სხვები ბადალი არ ჰყავთ. სად ინგლისი და ინდოეთის ნახევარკუნძული, ავღანეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, აფრიკის კონტინენტი; სად საფრანგეთი და აფრიკის კოლონიები, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ძველი კოლონიური სისტემა აშშ-ა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველთან შედარებით ნაკლებად განსხვავებულით. მთელს მსოფლიოშია მოდებული აშშ-ს სამხედრო ბაზები. სადაც გაიხედავთ ყველგან ამერიკული ავიამზიდები დაცურავენ. ყველგან ხდება კონტროლი, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა. უცხო ქვეყნების ხელისუფალთა შეცვლა ე.წ. ფერად-ყვავილოვანი რევოლუციებით, ჩამოგდებით, მოქრთამვით, სასურველი ხელისუფლების დასმით და ა.შ. განა უკრაინა-საქართველოს მაგალითები ამაზე არ მეტყველებენ. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ერაყის, ლიბიის, სირიის ამბები არაფერს გვეუბნება?!

დღეს რომ ტერორიზმი ჭამს მთელს მსოფლიოს, ვინ არის მისი შემქმნელი, თუ არა აშშ-ი. ამას თვითონ აღიარებენ, მაგრამ რატომღაც საქართველოს ზოგიერთ ე.წ. პოლიტოლოგს თუ პოლიტიკოსს მხვედველობიდან რჩებათ. აშშ-ა შთაბერეს სული მოდერნიზებულ ტერორიზმს „ალ-ქაიდას“ სახით და მიუსიეს ავღანეთში მებრძოლ საბჭოთა სამხედრო კონტიგენტს, მოგვიანებით კი სირიაში ამ ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებას – „ისლამური სახელმწიფოს“ სახით.

აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები დღესაც ძალას, ფულს და იარაღს არ იშურებენ ერაყ-სირიაში მებრძოლი ტერორისტების დასახმარებლად. ნათელი დადასტურება ამისა სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნისა და ალეპოს გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ამერიკულ-ინგლისური ქიმიური ბომბების აღმოჩენაა სირიის ჯარის ნაწილების მიერ. ნეტავ სხვა ქვეყნების მეთაურების მკვლელობათა რიცხვს არ განეკუთვნება ერაყის სადამ ჰუსეინისა და ლიბიის მოამარ კადაფის მკვლელობა? იქნებ შეგვახსენოს წერილის ავტორმა რუსეთის მიერ ჩადენილი მსგავსი მაგალითები?

სხვა ქვეყნების შანტაჟი არ იყო მანუელ ნორიეგას – პანამის ლიდერის ჯერ დაშინება, შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის ამ ქვეყანაში გადასხმა, მისი დაჭერა და აშშ-ს ციხეში გამომწყვდევა?

„კარგად შეფუთულად“ აკეთებს ამასო დასავლეთი – წერს „ბრძენი“ ავტორი. ნეტავ, სად ხედავს „შეფუთვას“ – ერაყთან, სირიასთან, ლიბიასთან, პანამასთან, ავღანეთთან, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში?

სულ ახლახანს, აშშ-ს პრეზიდენტმა მუქარა შეუთვალა ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს – ისეთი, როგორსაც თავის დროზე ნორიეგას უთვლიდა. ამ მუქარას უდავოდ მოჰყვება კვანძის გახსნა, რაც ახალი მსხვერპლით დასრულდება.

განა, მუქარა არ ისმის აშშ-ს მხრიდან დამოუკიდებელი, სუვერენული ჩრდილო კორეის მიმართ?

არ მითხრათ, ჩრდილო კორეა ამერიკას ბირთვული ბომბებით ემუქრებაო. დიახ! ემუქრება, მაგრამ მას შემდეგ, რაც კორეის ომის დამთავრებიდან დღემდე ამერიკა ემუქრება კორეას განადგურებით.

არ იქნებოდა აშშ-ს აგრესია მის მიმართ და არ იქნებოდა ჩრდილოელთა საპასუხო რეაქცია, ისე, როგორც არ ყოფილიყო სააკაშვილის თავდასხმა რუს მშვიდომისმყოფელებზე და მძინარე ცხინვალზე, და არ იქნებოდა რუსული სამხედრო პასუხი, შემდეგ, რუსეთის მხრიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

წერილის ავტორი წერს „მეხუთე კოლონის მხარდაჭერაზე სხვა ქვეყნებში“. მთლად დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, რომ აშშ-ს მიერ ნებისმიერ ქვეყანაში შექმნილი „მეხუთე კოლონა“, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რა ძალით ერევა იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში. შორს წასვლა არ დაგვჭირდება – საქართველოს მაგალითიც კმარა.

საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო თუ კერძო სექტორების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდესი გავლენით სარგებლობენ ქვეყნის პოლიტიკაში, ჰქმნიან კანონპროექტებს, აკონტროლებენ მედიას, ზეგავლენას ახდენენ ხელისუფლებაზე, მოდიან ხელისუფლებაში და ა.შ. საერთო ჯამში, ისინი ანტიქართულ საქმეს აკეთებენ. ასეთი, მე-5 კოლონა რუსეთს არ ჰყავს. თუ ჰყავს, რატომ არ ჩანან ისინი? ვინც ჩანს ანუ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი მე-5 კოლონის წარმომადგენლები კი არა, საქართველოს კეთილის მსურველები არიან, იმ საქართველოსი, რომელიც პროამერიკულმა პოლიტიკამ ღრმა კრიზისში შეიყვანა.

ავტორი რუსეთის მიერ წარმოებულ „საინფორმაციო ომსაც“ ახსენებს, რაც ისეთივე აბსურდია, როგორც მის მიერ მოყვანილი ყველა მაგალითი. აშშ-ს მიერ დარაზმული მსოფლიო მედია – ელექტრონულ-ბეჭდური ერთ მხარეს და ინგლისურ ენაზე მოსაუბრე RT – მეორე მხარეს. ნუთუ ერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაუწყებლობას რუსულის გარდა, სხვა ენებიც დაუმატა, თუმცა არც თუ ბევრი, შეძლებს კონკურენციის გაწევას ზღვა დასავლური მედიისთვის?

ერთი რუსული RT იმდენად აშინებს აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს, რომ ლამის აუკრძალონ ამ ტელევიზიას მაუწყებლობა.

„დაუსჯელობით გათამამებული რუსეთი ახლა სირიას მიადგა და მსოფლიო პოლიტიკაში გლობალური მოთამაშის პრეტენზია განაცხადა. მან შეძლო დასავლეთის წაყრუებით ესარგებლა და ყირიმი წაართვა უკრაინას, აფხაზეთი და ცხინვალი ჩამოაშორა საქართველოს“, – წერს ავტორი.

რუსეთი, საბჭოთა კავშირი და ისევ რუსეთი – საუკუნეების განმავლობაში თამაშობს გლობალურ პოლიტიკას. სწორედ თანამედროვე რუსეთს უნდა უმადლოდეს მსოფლიო ტერორიზმის განადგურებას სირიაში. მართალია, ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ, როგორც ჩანს მალე დამთავრდება. ის, რომ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მთელი სირია და ერაყი ხელში არ ჩაიგდო, სწორედ რუსეთის ხელისუფლების და არა აშშ-ს, მის მიერ შექმნილი კოალიციის, დამსახურებაა.

ერთი წუთით დავფიქრდეთ და ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები – რომ არა რუსეთის სირიაში გამოჩენა, რას მოუტანდა მსოფლიოს სირია-ერაყში დაფუძნებული „ისლამური სახელმწიფო“?

ყოველგვარ საღ აზროვნებას შორდება ავტორის ბრძანების მაგვარი მოსაზრება: „რუსეთმა უნდა გაიგოს და შეეგუოს იმას, რომ ყველა იმპერია ადრე თუ გვიან ინგრევა და რომ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის საკვანძო მეზობელ ქვეყანასთან, საქართველოსთან ასეთი პოლიტიკა ადრე თუ გვიან კრახით დამთავრდება. შესაბამისად რუსეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ უკან მიაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და აბრუნებს მათ საქართველოს შემადგენლობაში. … საქართველოც ამის მერე დათანხმდება ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე“.

დარწმუნებული ვარ, რუსეთმა უკვე გაითვალისწინა ქართველი კისინჯერის ვაჟა შუბითიძის ძალისმიერი რჩევა და შესრულებასაც მიჰყო ხელი.

რა დავარქვა ამას – პოლიტიკური სიბეცე, თანამედროვე ვითარების არცოდნა თუ კიდევ რა? მაგრამ, მარტო შუბითიძეს რომ ჰქონდეს მსგავსი მოსაზრებები, რა გვიჭირს, სხვებიც ბევრი ჰყავს ამ ბედკრულ ქვეყანას.

რა გამოდის, რუსეთს „ვეულტიმატივებით“? – თუ დაგვიბრუნებთ ყოფილ ავტონომიებს, საქართველო ნეიტრალურობას გპირდებაო.

ჩვენს მამა-მარჩენალს, საქართველოს მიერ სტრატეგიულ პარტნიორად შერაცხულ აშშ-ს რომ არ აწყობს ჩვენი ნეიტრალურობა? ან რუსეთი ისეთი გულუბრყვილოა, რომ საქართველოს არასტაბილური პოლიტიკისა დაიჯეროს და დაკარგული დაგვიბრუნოს?

დაგვიბრუნოს, რა ნივთია, კარადა, საძინებელი „გარნიტური“, სამზარეულო?

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იქ დასახლებული ხალხების ქვეყნებია და მათი ძველ „ბინაში“ დაბრუნება მათი და არა რუსეთის გადასაწყვეტია. მათ კი, კარგა ხანია გადაწყვიტეს რუსეთთან კავშირში ყოფნა, ვინაიდან ჩვენთან ომის, დაპირისპირების, სისხლის გარდა ვერაფერი დაინახეს. ცხადია, იყო პოზიტივიც, მაგრამ მას სისხლი მოჰყვა, რამაც დადებითი გადაფარა.

საქართველოს ხელისუფალთ არ სურთ მათთან საუბარი, მაგრამ დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ. რომ მოხდეს ასეთი სასწაული, დარწმუნებული ვარ, საქართველოში უმალ აშშ-ს სამხედრო ბაზები გაჩნდება, თუმცა დაკარგულის დაბრუნების გარეშეც ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ.

აღარ ჩამოვთვლი წერილში მოყვანილ სხვა მოსაზრებებზე, ვინაიდან უსუსური და ქარაფშუტულია. წერილის წაკითხვისას უდავოდ გაგიჩნდებათ კითხვა – რას ემსახურება ის?

უპირველეს ყოვლისა ხალხის გამოთაყვანებას, ტყუილებით გაბერვას, რუსეთის მიმართ ვითარების დაძაბვას და რუსეთის ვითომ საფრთხისგან აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგების მოთხოვნას.

დიახ! მსგავსი პროპაგანდა იქითკენაა მიმართული, რომ „შეშინებულმა“ ხალხმა მიმართოს აშშ-ს იშვილოს საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სამხედრო ბაზებიც განათავსოს, რაც საქართველოსთვის მომაკვდინებელი იქნება.

P.S. სულ ახლახანს ბრიტანეთის MU-6-ის  სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ სკარლეტმა განაცხადა იმ სტრატეგიული გეგმის თაობაზე, რომელიც მიმართული იყო რუსეთის დასაშლელად. ეს ინტერვიუ მან „The Guardian“-ს მისცა. „ყველაზე კარგად მომზადებულმა ამერიკულ-ინგლისურმა გეგმამ რუსეთის დასაშლელად კრახი განიცადა“.

მისი განცხადებით, დასავლეთი გეგმავდა სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში. ამ გეგმით გათვალისწინებული იყო რადიკალი ისლამისტების გამოყენებაც.

„სამწუხაროდ, 2008 წლის ომი იყო რუსეთის რკინის მუშტი კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული გეგმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, იგეგმებოდა სამხედრო ბაზები უკრაინაში. დასავლეთი ანგარიშობდა რუსეთ-უკრაინის ომზე.

სკარლეტი აცხადებს, რომ მოსკოვმა შეძლო დაგებული მახის გადალახვა და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან საკუთარი ქვეყნის გაუვნებელყოფა.

ვიძახოთ ახლა რუსულ აგრესიაზე!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.