ქართული ფასადური დიპლომატია

გასულ კვირას ჩემი ყურადღება მიიპყრო პრესაში გამოქვეყნებულმა მასალამ, რომლის ავტორი ირაკლი ბარამიძე მკაცრად აკრიტიკებს პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს და ელჩს გოგა გორგილაძეს, ამასთანავე მოითხოვს მის „მოხსნას“, ვინაიდან არ იცავს ამ ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორის ინტერესებს.

ბარამიძის ნაამბობით, საელჩოს მძღოლს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფს, შელაპარაკება მოსვლია პოლიციელთან, რომლისთვისაც 5 წელი მიუსჯიათ, შემდეგ გადაუწყვეტიათ მისი საქართველოში ექსტრადიცია, მაგრამ ვიდრე მას თვითმფრინავში ჩასვამდნენ, აეროპორტში თავი ჩამოუხრჩვია.

ბარამიძე აღშფოთებულია ელჩის გულგრილობით, რომელიც არცკი დაინტერესებულა ამ ამბვით და ა.შ. ბარამიძის ბრალდების საპასუხოდ, დაიბეჭდა საელჩოს ინფორმაციაც, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ბრალდების წერილისგან. „კონკრეტული მძღოლი, რომელზეც ბარამიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს, გახლავთ უჩა ანდრონიკაშვილი და არა გარდაცვლილი გ.გ. გარდაცვლილს არასდროს უმუშავია საელჩოში“, – წერს საელჩო.

ბრალმდებელი ბარამიძის მიხედვით, ელჩს თავზე ხელი უნდა გადაესვა მძღოლისთვის, რომელსაც სიმთვრალის გამო ლისაბონის პოლიციასთან შელაპარაკება მოუხდა. ჩემის აზრით, ელჩის გადაწყვეტილება მძღოლის გათავისუფლების თაობაზე სწორია და არავითარ კრიტიკას არ უნდა იწვევდეს, რამეთუ დიპლომატიაში მსგავსი ლაზღანდარობა მიუღებელია.

დიპლომატიაში ჩემი მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე, იშვიათად შევხვედრივარ უცხო ქვეყნის დიპლომატთა მხრიდან ჩხუბს, აყალმაყალს, მასპინძელი ქვეყნის ხელისუფალთა შეურაცხყოფას ან მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ გამოვლენილ უხეშ ქმედებას. გამონაკლისები ხდება, მაგრამ საწყენია, როდესაც ამ გამონაკლისებში ქართველი დიპლომატები ფიგურირებენ.

რომელი ერთი გავიხსენო – ის, ხომ არა აშშ-ი, მთვრალმა ქართველმა დიპლომატმა, ავტომანქანით რომ ადგილობრივი მოკლა; თუ ის, როდესაც ჩეხეთში ქართველი „დიპლომატები“ საცემრად გამოუდგნენ ტაქსის მძღოლს, რომელმაც თავს საპირფარეშოში ჩაკეტვით უშველა, თუ . . .

ის, რომ ქართველი „დიპლომატები“ ვერც დიპლომატიისა და ვერც პოლიტიკის ცოდნით ხიბლავენ ადგილსამყოფელ ქვეყნებს – ფაქტია. თუ რით “ხიბლავენ“ – ლაზღანდარობაა, ხშირად ლოთობა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც თურქეთში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კონსულმა, ტელეფონით დედა აგინა თურქეთის საგარეო უწყების დიპლომატს, რის შემდეგაც მას მოუხდა ამ ქვეყნის დატოვება.

იყო ისეთი შემთხვევებიც, მაგალითად რუსეთში, როდესაც ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, უცხოეთიდან, ვითომ საელჩოსთვის შემოტანილ განუბაჟებელ სპირტიან სასმელებს, მოსკოვის „გასტრონომებში“ აბარებდნენ გასაყიდად, რითაც მსუყე ფულს შოულობდნენ. აღნიშნულის შესახებ რუსული პრესაც წერდა (ვაი, ქართულ დიპლომატიას!).

იყო ისიც, თანაც იმავე მოსკოვში, როდესაც საელჩო, საელჩოს ავტომანქანებისთვის განკუთვნილ დიპლომატიურ ნომრებს რუსეთში „მოღვაწე“ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს ურიგდებოდა. დიპლომატიურნომრიანი ავტომანქანის გაჩერებას პოლიცია ერიდება, მაგრამ ერთხელაც გააჩერეს, რასაც  რუსულ პრესაში საქართველოს მორიგი „გაშავება“ მოჰყვა.

რუსეთის საგარეო უწყება უკმაყოფილო იყო საქართველოს საელჩოთი იმითაც, რომ დიპლომატიურ თანამდებობებზე რუსეთის მოქალაქეები ირიცხებოდნენ. 2008 წლამდე, ვიდრე მოსკოვში ფუნქციონირებდა საქართველოს საელჩო, ქართულ დიპლომატიას, რუსეთის საგარეო უწყებიდან არ მოკლებია საყვედური, სამწუხაროდ, დამსახურებული.

იყო სასაცილო გაუგებრობებიც, მაგალითად ასეთი, როდესაც მინისტრ ზურაბიშვილის ახირებით, ჩოხაში გამოწყობილი ელჩი ჩეჩელაშვილი პუტინისთვის რწმუნებათა სიგელის გადასაცემად დარბაზში არ შეუშვეს, ვინაიდან ხანჯალი ეკიდა. მაინც რა ბრიყვული ახირება იყო ქალბატონი მინისტრისა და თვით ელჩად გამწესებული ჩეჩელაშვილისა – ცივი იარაღით „ტანწერწეტა“ ტანის დამშვენება? როდესაც ჯაყვით თვითმფრინავში არ უშვებენ მგზავრს, პრეზიდენტთან, ხანჯლიან ელჩს ვინ შეუშვებდა?

სალომე ზურაბიშვილის ნოუ-ჰაუს ანუ დიპლომატებისთვის ჩოხის ჩაცმას უმალ გამოეხმაურა სამინისტროში მომუშავე „დიპლომატები“ – ცხადია „პატრიოტები“, ქართული სულით დამუხტულები – რა მაგარი გადაწყვეტილებააო, – ამბობდნენ ისინი. მათ შორის გამოირჩეოდა ამჟამინდელი ელჩი ჟღენტი, რომელიც მარჯვენას, ანუ ტვინს უქებდა დიპლომატიაში გაურკველელ მინისტრს, პატრიოტული მიგნებისთვის.

ქართული დიპლომატიისთვის არც ის ყოფილა უცხო, როდესაც საელჩოს მამაკაცი დიპლომატი წიხლით უსწორდებოდა ქალ ელჩს ან ქალი ელჩი საყვარელ საელჩოს მძღოლს, საელჩოს ავტომანქანას ჩუქნიდა. ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მუშაობისას დიპლომატიურ „დარდებს“ კაზინოში თამაშით იქარვებდა. სხვაც ბევრი იყო და არის „საამაყო“ ქართულ დიპლომატიაში, მაგრამ მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთს მაინც აღვნიშნავ სამინისტროს სტაჟიორობის მსურველთათვის  მსუყე თანხის შეწერას.

ყოველივე აღნიშნული ნათელი დასტურია იმისა, რომ ამ ორგანიზაციას სერიოზული დაავადება სჭირს, მაგრამ მკურნალი ექიმი არ ჩანს. და რომ არ ჩანს, უპირველესად ხელისუფლების ბრალია. მაგრამ თვით ხელისუფლებამაც რომ არ იცის, რა არის დიპლომატია – იჭმება თუ ისმება?

როდესაც მინისტრის ყოფილი მოადგილე ხმამაღლა იტყვის, რომ დიპლომატიას სწავლა არ სჭირდება, ქართველები დაბადებული დიპლომატები ვართო, იმ ქვეყანაში, ამ დარგში რომ საქმე ცუდად იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეთ.

დღიდან დამოუკიდებლად არსებობისა, საგარეო უწყებას მრავალი არასახარბიელო თავგადასავალი გადახდა. სამინისტროზე განსაკუთრებული შეტევა ზურაბიშვილის დროს განხორციელდა, რამაც კადრების თვალსაზრისით, ისედაც მწირი ორგანიზაცია, ნულამდე დაიყვანა. შედარებით გამოცდილი კადრები, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, დიპლომატიიდან გაუშვეს. მათ ნაცვლად დიპლომატია შეივსო უსწავლელი „კმარელი“ გოგო-ბიჭებით.

საგარეო უწყების ჩამოუყალიბებლობას უდავოდ ხელი შეუწყო დიპლომატიის ანბანში უცოდინარი მინისტრებისა და მათი მოადგილეების სისტემატურმა ცვლამ. ყოველი ახალი ხელმძღვანელი წარმატებით ახორციელებდა ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებას, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო.

თუ საგარეო უწყების სუსტი მუშაობა ქვეყნის შიგნით უხილავია, ქვეყნის გარეთ – თვალშისაცემი, რამეთუ ადგილსამყოფელი ქვეყანა, როგორც წესი, მოჭარბებული ყურადღებით აკვირდება წარმდგენი (სტუმარი) ქვეყნის საელჩოს დიპლომატთა თუ ტექნიკურ მუშაკთა საქმიანობას, ქცევას, კულტურას და ა.შ.

დღევანდელ ქართულ „დიპლომატიაში“ უმრავლესი მუშაკებისა შორს არიან როგორც დიპლომატიური ანბანისგან, ისე მსოფლიო, განსაკუთრებით რეგიონის პოლიტიკისგან. მაგალითი – როდესაც მინისტრის პირველმა მოადგილემ არ იცის, პრემიერ-მინისტრის სასაუბროში რა საკითხი შეიტანოს სომხეთში ვიზიტისთვის, როდესაც სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემას – აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას გვერდს უვლის, თავისთავად იბადება კითხვა – სხვა რა იცის?

როდესაც მინისტრის მოადგილე, ირანის საელჩოში, ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სიტყვას ინგლისურად წარმოთქვამს, ხოლო ირანის ელჩი – ქართულ-სპარსულად, დიდი დიპლომატიური განსწავლულობა არ სჭირდება იმის გარკვევას, სად არის ქართული „დიპლომატია“.

ერთის შეხედვით, თითქოს მოყვანილი მაგალითები უმნიშვნელოა, მაგრამ არა დიპლომატიისთვის. დღევანდელ ქართულ დიპლომატიას ისეთი „დიპლომატიური“ კორპუსი ჰყავს, რომელსაც ერთხელაც არ გადაუშლია წიგნი, დიპლომატიის შესახებ. ან როდისღა უნდა გადაეშალა, ყმაწვილობიდანვე იმის ფიქრშია, როდის წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ.

რაც შეეხება წიგნის გადაშლას, მას ადგილი უნდა ჰქონდეს სპეციალურ დიპლომატიურ სასწავლებელში. სამწუხაროდ, საქართველოს ასეთი სახელმწიფო სასწავლებელი არ გააჩნია. კერძო – იცოცხლეთ, უამრავი და მდარე. არაერთხელ აღმინიშნავს, თუ რამე ესაჭიროება ამ ქვეყანას, უპირველესად სპეციალური დიპლომატიური სკოლაა, სადაც ერთ, ორ ან სამწლიან სწავლების კურსს უნდა გადიოდეს დიპლომატობის მსურველი უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდა.

საქართველოში არსებობს პოლიციის აკადემია, სამხედრო სასწავლებელი, მაგრამ არ არსებობს დიპლომატიის. არადა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა პირველი რაც გააკეთეს – დიპლომატიური სახელმწიფო სასწავლებლის დაარსება იყო. ჩვენ? – ჩვენ, ამაშიც ჩამოვრჩით.

საქართველოს, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არასდროს ეყოლება ისეთი ჯარი, ქვეყნის ინტერესები რომ უცილობლად დაიცვას. და თუ აქამდე მიდგება საქმე, ჩვენი მარცხით დამთავრდება. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ვერაფრით შევაკავებთ ვერც თურქეთს, ვერც რუსეთს, ვერც ირანის ან უშუალო მეზობლების სამხედრო აგრესიას, რაც არ უნდა გვწრთვნას ნატომ და აშშ-ს სამხედრო სპეციალისტებმა.

ჩვენი ერთადერთი ხსნა დიპლომატიაში, მის განსწავლულობაში, მოხერხებულობაში, სიბრძნეში. საქართველომ ნებისმიერი პაექრობა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყვიტოს და არა ბრძოლის ველზე. ეს სულაც არ ნიშნავს სამხედრო საქმის უგულებელყოფას, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს, დიპლომატიას – თავისი. დიპლომატიამ საქმე კონფრონტაციამდე არ უნდა მიიყვანოს. და თუ ამას ექნა ადგილი – შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატიამ ვერ ივარგა.

სააკაშვილს ხშირად უყვარდა ქართული დიპლომატიის ქება, თუმცა საქებარი ნამდვილად არ იყო. დიპლომატია, „შემოდგომით წიწილების დათვლას“ ჰგავს. თუ ამ კუთხით შევხედავთ მას, დავინახავთ არცთუ კონსტრუქციულ ურთიერთობებს მეზობლებთან, უპირველესად რუსეთთან, მონურ მორჩილებას ამერიკა-ევროკავშირთან, გაუთვითცნობიერებლობას ახლო აღმოსავლეთის და რეგიონის საკითხებში, დაკარგულ ტერიტორიებს და სხვა.

როდესაც, ბრიყვული დიპლომატიის წყალობით, საკუთარი ტერიტორიის 20%-ს დაკარგავ, დიპლომატიის წარმატებაზე არ უნდა ილაპარაკო.

ქართული „დიპლომატიის“ უჭკუობით ქვეყანა აშშ-ს დანამატადაა ქცეული. რა შეიძლება ეწოდოს ქვეყანას, რომელსაც ხმის ამოღებაც არ შეუძლია, საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეთანხმების გარეშე? არშემდგარი!

საქართველო, რომ არშემდგარია, უპირველესად დიპლომატიის ბრალია.

ქართული „დიპლომატია“ თავისი უსუსურობით იმასაც ვერ ახერხებს, რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ხელისუფლებას რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქართული „დიპლომატია“ თუთიყუშის როლში გვევლინება, რომლის მთავარი დანიშნულება, ხელისუფალთა მოსაზრების გახმოვანებაა.

შორი მაგალითებით რომ არ გადავღალოთ ან თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებით, ირანის მაგალითს მოვიყვან. ირანმა, რეგიონის მძლავრმა, თითქმის 80-მილიონიანმა სახელმწიფომ, გამოთქვა სურვილი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. სააკაშვილის ხელისუფლება დაეთანხმა მას, რამაც ასეულ-ათასობით დოლარ-ევრო შესძინა ქვეყანას – უვიზო მიმოსვლით, ტურიზმით, ბიზნესით, სხვადასხვა დარგში თანამშრომლობით.

სამწუხაროდ, ამ აღმავლობას წერტილი ახალმა ხელისუფლებამ დაუსვა, ცალმხრივად გააუქმა რა ირანთან დადებული სავიზო ხელშეკრულება. რახანია ირანელებს აღარ აქვთ უფლება უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში. შემცირდა ტურიზმი. შემცირდა ბიზნესი. ირანელ ბიზნესმენებს ქართულ ბანკებში გაუყინეს ფული. არ მისცეს საბანკო მომსახურების საშუალება.

ქართულმა „დიპლომატიამ“ პირნათლად შეასრულა აშშ-სა და ისრაელის დავალება. მაგრამ დასავლეთი, რომ ირანთან აუმჯობესებს ურთიერთობებს? საქმეც ისაა, რომ ქართულმა „დიპლომატიამ“ არ იცის, რა ხდება ირან-„ექვსეულს“ შორის, რა ტენდენციები გაჩნდა ჟენევის ხელშეკრულების შემდეგ. არ იცის, თუ როგორ დაიძრა დასავლეთი ირანისკენ ურთიეერთობების გასაუმჯობესებლად. და როცა გაიგებს, ძალიან, ძალიან გვიან იქნება.

ირანთან აუგი დამოკიდებულება უმადურობასაც ნიშნავს. ირანი ის ქვეყანაა, ვინც პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ირანი ის ქვეყანაა, ვინც არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობას. ირანი ის ქვეყანაა, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. ირანი ის ქვეყანაა, ვინც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოთ უშვებს თავის ქვეყანაში. ირანი ის ქვეყანაა, ვისაც არ გაუკრიტიკებია საქართველო ცალმხრივად სავიზო ხელშეკრულების გაუქმებისთვის. ასეთ მეზობელთან არ ღირს ურთიერთობის გაუარესება.

უჭკუო დიპლომატიით ქვეყანა კარგავს მილიარდობით ირანულ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში, სატრანსპორტო საქმეში და ა.შ. ირანი მზად არის საქართველოს შავი ზღვის პორტების და რკინიგზის, აგრეთვე საავტომობილო გზების მეშვეობით დაიწყოს ტვირთების გადაზიდვა ირანში და ირანიდან. და ამ საქმისთვის ინვესტიციები განახორციელოს რკინიგზის განვითარებისათვის.

ირანი მზად არის ინვესტიციები ჩადოს საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში, ააშენოს ფერმები და პროდუქცია გაყიდოს საქართველოში, შეიტანოს ირანში. ირანი მზად არის საქართველოს ჰიდრორესურსების განვითარებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში დიდი ინვესტიციების ჩასადებად. ირანს უხვად აქვს საკუთარი ელექტროენერგია, უფრო მეტიც, მას ექსპორტზე გააქვს ის მეზობელ ქვეყნებში. ირანს შეუძლია გაყიდოს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია და ამით დიდი ფული შესძინოს საქართველოს ბიუჯეტს.

ირანს შეუძლია საქართველოს მიაწოდოს გაზი და ნავთობი, გაიყვანოს მილსადენები და ააშენოს თხევადი გაზის ქარხნები. ირანს შეუძლია საქართველოსთან ითანამშრომლოს მედიცინის დარგში. ირანი ამ თვალსაზრისით ცნობილია რეგიონში.

ირან-დასავლეთის ურთიერთობების დათბობას უდავოდ მოჰყვება აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში მილიონობით ირანელის ინტერესი საკუთარი სამშობლოსადმი, რაც კაპიტალის დაბანდებითაც აღინიშნება. ირანი ისეთი ოქროს საბადოა, რომლის გამოუყენებლობა საქართველოსთვის გაუმართლებელი იქნება.

ის, რომ ირანთან ურთიერთობა ესოდენ მომგებიანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, სწორედ დიპლომატიამ  უნდა განჭვრიტოს. დიპლომატიას სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს შესწავლილი ირანთან ურთიერთობის შედეგად აღმოცენებული სიკეთეები და არა მარტო ირანთან, სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

ქართული დიპლომატია შორს არის ასეთი სიღრმისეული შესწავლიდან. მას არც რეგიონი აინტერესებს და არც სხვა რამ. რაც მას აინტერესებს – აშშ-ს დირექტივებია და საზღვარგარეთის ქვეყნებში საელჩოების გახსნა. მსოფლიოში არ მოიძებნება საქართველოს ზომის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს რაოდენობის საელჩო ჰქონდეს გახსნილი. 65 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. თითოეული მათგანის (ზოგიერთი იშვიათის გამოკლებით) მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია.

საინტერესოა, რა დიპლომატიურ-პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია პორტუგალიაში საქართველოს საელჩო? და არა მარტო პორტუგალიაში, არამედ ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში. რაში არგია ქვეყანას იმ ქვეყნებში „მომუშავე“ საქართველოს საელჩოები? არც არაფერში, გარდა ერთისა – იმ მხარეში ეკზოტიკური მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ხელისუფლების წარმომადგენლების (ასეთები კი უხვად არიან) მომსახურეობა – აეროპორტში დახვედრა-გაცილება, მათი ჩემოდნების ტარება, ექსკურსიების მოწყობა და ა.შ. ამაში იხარჯება ისედაც გაღატაკებული საქართველოს მოქალაქის ფული.

ცნობისთვის, მოგახსენებთ – საზღვარგარეთ საქართველოს ელჩის საშუალო ხელფასი 5000 აშშ დოლარია. და თუ ამას დავუმატებთ საელჩოს დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალის ხელფასებს, საცხოვრებელი ბინების დაქირავების ხარჯებს, თვით საელჩოს შენობის დაქირავების ხარჯს – ღატაკი ქვეყნისთვის, ერთობ მსუყე თანხას მივიღებთ.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ქართული დიპლომატიის „გამჭრიახობით“ საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში სიმწრით შეძენილი საელჩოსა და საკონსულო დაწესებულების შენობები გაიყიდა, ნაცვლად ამისა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შენობების დაქირავებისა, რაც საბოლოო ჯამში მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს ისედაც გაღლეტილ ბიუჯეტს.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ სჭირდება ამდენი საელჩო. უნდა აღდგეს დიპლომატიაში არსებული პრაქტიკა – ერთ ქვეყანაში მყოფი ელჩის მიერ, მეზობელ ქვეყანაში ელჩობის შეთავსება. მაგალითად, საფრანგეთში საქართველოს ელჩი შეიძლება იყოს ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში ელჩი. ასეთ დროს, საელჩო არის ერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ელჩი ერთკვირიანი ვიზიტით ჩადის (წლის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ).

ეს მაგალითი არც საქართველოს დიპლომატიისთვის არის უცხო. საქართველოს არც დიპლომატიური კადრები ჰყავს და არც ფული აქვს, რომ მრავალ ქვეყანაში ელჩი ჰყავდეს.

დღევანდელი საქართველო და მისი დიპლომატია უფრო ფასადურია, ვიდრე საქმიანი. ქვეყანა თამაშობს ქვეყნობას, მისი დიპლომატია, დიპლომატობას და ამ თამაშში თვალშისაცემია ფასადურობა. თუმცა ეს ფასადიც ისეთივე შეუხედავია, როგორც შინაარსი.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.