საბჭოეთის დაშლით გამოწვეული თავისტკივილი

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „მუშტის ქნევა ჩხუბის შემდეგ?!“ (რუსეთში მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას აპირებენ) – ავტორი ჟურნალისტი მანანა ნოზაძე, ერთობ საყურადღებოა, ვინაიდან იმ ფერხულშია ჩაბმული, რასაც კარგა ხანია საქართველოში აქვს ადგილი და რასაც თანამედროვე რუსეთის, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინის დისკრედიტაცია ჰქვია.

მარტო ეს აბზაცი რად ღირს – სტატიის სათაურში, რომ არის წამძღვარებული: „დღეს პუტინის ხაზი რუსეთში ძლიერია. ახლანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმას ამუშავებს და მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას აპირებს“. სტატიაში მოთხრობილია ამბავი რუსეთის დუმის „თითქმის ყველა ფრაქციის“ დეპუტატისა, რომლებმაც წერილით მიმართეს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, რათა საბჭოთა კავშირის დაშლა უკანონოდ გამოაცხადოს, ხოლო ამ პროცესში მონაწილე პირები დამნაშავედ.

რამდენად ასრულდება რუსეთის დუმის დეპუტატების გულის წადილი, რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ საბჭოეთის აღდგენასთან და დამნაშავე პირთა დასჯასთან დაკავშირებით, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ გაცილებით იოლია სტატიის მიზნის გამოცნობა – ფრთხილად, საბჭოთა კავშირი მოდის!

სტატიაში მოყვანილი პოლიტოლოგების მოსაზრება ისეთია, როგორც უნდა იყოს, ანუ რეალობიდან გამომდინარე, თუმცა არც ღირდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩაღრმავება, ვინაიდან დუმის წევრთა მიმართვის მთავარი ჩანაფიქრი (როგორც ზოგიერთმა მათგანმა რუსულ სატელევიზიო თოკ-შოუებში აღნიშნეს) ის კი არაა, რომ მაინცდამაინც აღდგეს საბჭოთა კავშირი ან გორბაჩოვი ციხეში აღმოჩნდეს, არამედ დადგენა იმისა, რამდენად კანონიერად მოხდა ყოველივე.

დუმელებმა კარგად იციან, რომ პროკურატურის დადებითი პასუხი ვერც საბჭოთა კავშირს აღადგენს და ვერც გორბაჩოვს დაიჭერს. პროკურატურის პასუხი (თუკი საერთოდ განიხილა მან, ერთობ უხერხული და ურთულესი საკითხი) იქნება რუსეთის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი რამ და არა მარტო ისტორიისთვის, თანამედროვეობისთვისაც.

რუსეთის საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც იოლად მოუღო ბოლო მას, რომ რკინა-ბეტონზე მეტად შედუღაბებული სისტემა ეგონა. ქვეყნის ისტორიაში ადგილი ჰქონდა, აქვს და ექნება ისეთ მოვლენებს, რომლებიც კარდინალურად ცვლიდა, ცვლის და შეცვლის ქვეყნის ყოფას, მაგრამ შემცვლელი ფაქტორების დადგენა, გამოაშკარავება ხელს უწყობს ქვეყნის აწმყოს და მომავლის მშენებლობას, დაშვებული შეცდომების თავიდან აცილებას.

ვინ იცის, საქართველოს საზოგადოებას რომ სერიოზულად შეეფასებინა ის მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, იქნებ აღარ დაგვეშვა სავალალო შეცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა და შესაძლოა ჰქონდეს. იქნებ თავიდან აგვეშორებინა თბილისის ომი, პრეზიდენტების დამხობა, აფხაზეთ-ოსეთის ომები და სხვა მრავალი წვრილმან-მსხვილმანი მოვლენები, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს საქართველოზე, თითოეული ჩვენგანის ყოფაზე.

ყოველივე აღნიშნული კი სათავეს სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლიდან იღებს. ასე რომ, არა მარტო რუსს უნდა აინტერესებდეს, რა მოხდა მაშინ, რამ და ვინ გამოიწვია საბჭოეთის დაშლა, არამედ ჩვენც, ჩვენს მეზობლებს, ყველა იმათ, ვინც შედიოდა ამ კავშირში და არა მარტო მათ, არამედ იმათაც, ვინც სოციალისტური ბანაკის წევრად მოიაზრებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავ – ინტერესი სიმართლის დადგენისა, სულაც არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს, ისე , როგორც ეს არის აღნიშნული სტატიის დასაწყისში. ინტერესი სიმართლის დადგენისა, სულაც არ უნდა იყოს გამოყენებული საბჭოთა კავშირის „აღდგენის გეგმის შემუშავებით“ ხალხის დასაშინებლად, თუმცა ამ მეთოდით ხალხის დაშინება არახალია.

რახანია ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი მთელ მსოფლიოს საბჭოთა კავშირის აღდგენით აშინებს. ჟურნალისტის მიერ ჩვენთვის შემოთავაზებული წინადადება – „ახლანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმას ამუშავებს“, სწორედაც ამერიკული პროპაგანდისტული მანქანის მიერ შემუშავებული შორსმიმავალი „ბრძნული“ მოსაზრების გაგრძელებაა, რომელსაც „ეშვებიანი“ რუსეთის ხატვა ჰქვია.

ისე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არის საინტერესო, რატომ ჩაითვალა სამი სეპარატისტის – რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პრეზიდენტების მიერ ბელოვეჟის ტევრში ჩატარებული საიდუმლო სერობა კანონიერად, მაშინ, როდესაც ჯერაც არსებობდა საბჭოთა კავშირი თავისი პრეზიდენტით და პრეზიდენტის აპარატით, ანუ სახელმწიფო აპარატით? რატომ არ გადადგა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, პრეზიდენტისთვის შესაფერისი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირის დასაცავად?

ის, რომ გორბაჩოვს არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა, სუსტი არგუმენტია და მას გამაგრება სჭირდება. ბელოვეჟის სამეულმა ითათბირა, გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ უპირველესად აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს (უფროსს) შეატყობინა, შემდეგ ისე, სასხვათაშორისოდ, ბელორუსიის პრეზიდენტმა შუშკევიჩმა (დაუკვირდით, შუშკევიჩმა) და არა რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ გორბაჩოვს. და მანაც არ დააყოვნა, საჯაროდ, ტელევიზიით მიმართა საბჭოთა კავშირს – დავიშალეთ და კარგად იყავითო.

ეს, არ არის ის შემთხვევა, რომელზეც იტყვიან – ყოველივე რთული და ძნელი (საკითხი) მარტივად წყდებაო. საბჭოთა კავშირის დაშლისთვის დასავლეთმა ტრილიონობით დოლარი დახარჯა. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროს ყველაფერი იყო გამოყენებული – დაზვერვა, პროპაგანდა, საბჭოთა კავშირის მოსახლეობაზე ზემოქმედება, შეიარაღების თავდავიწყებული ზრდა და ამ პროცესში საბჭოთა კავშირის ჩათრევა – მისთვის იძულებითი ფულის ხარჯვა, საბჭოთა ხელმძღვანელებისთვის დასავლური იდეების თავსმოხვევა და სხვა.

გამალებულმა შეიარაღებამ მძიმე შედეგი მოუტანა საბჭოეთს, განსაკუთრებით მის ეკონომიკას, თუმცა ვერ გამოიწვია მისი დანგრევა-განადგურება, რის შესახებაც ხშირად წერენ იმდროინდელი ექსპერტები –  „საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა“, – ამბობენ ზოგიერთები და იშველიებენ თავიანთ „ნამოღვაწარს“. არადა ხშირად გაისმის რუსული ტელეარხებიდან – საბჭოთა დონის მისაღწევად 10-15-წლიანი დაძაბული შრომააო საჭირო.

საბჭოეთის დაშლას რომ გორბაჩოვს აბრალებენ, არ არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ მისდროინდელმა რეფორმებმა – ერთობ გაუაზრებელმა და ზედაპირულმა, გამოიწვია პროცესი, რომლის შეკავებას ვეღარაფერი უშველიდა. ან უნდოდა კი ვინმეს შეკავება? პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ თვით გორბაჩოვი და მისი გარემოცვა.

რამ გამოიწვია ყოველივე ეს? ვინ იყო ამის ინიციატორი? რა კავშირი ჰქონდა იმ ხილულ თუ არხილულ „ინიციატორს“ გორბაჩოვსა და მის „გუნდთან“? აი ამის დადგენა სურთ დუმელებს. რა არის ამაში დასაძრახი, საგანგაშო ან საქილიკო?

1991 წელს განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ წამოჰყო თავი – მძიმედ, სისხლით და ცრემლით. განა უკრაინის მოვლენები იმჟამინდელი ამბვების გამოძახილი არ არის?! განა საქართველოში განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის ომები იმ ძველს არ უკავშირდება?

საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი საშუალო და მაღალი ასაკის თაობის იმ ქვეყნად წასვლისთანავე რომ არ გაქრება, ცხადია. შენელდება, შესაძლოა, მაგრამ არ გაქრება, ვინაიდან საბჭოური 70-წლიანი ისტორია, თავისი, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მომენტებით ერთობ საინტერესო და საყურადღებოა. მისი ზერელედ, ხელაქნევით მოხსენიება, საკუთარი ისტორიისა და ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის ტოლფასია. საკუთარი ისტორიის შეურაცხმყოფელი კი ახალს ვერ ააშენებს.

საქართველოს, ისე, როგორც რუსეთის, სომხეთის, უკრაინის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიაში, მრავალსაუკუნოვანში და საინტერესოში, საბჭოთა პერიოდი დაფიქსირებულია და მის არსებობას, ცხადია ისტორიულს, ვერც სააკაშვილი და ვერც მისი მსგავსი ვიგინდარები, თუნდაც ისეთნი, ვინც დღევანდელ უკრაინის სათავეში არიან, ვერ ამოშლიან. ისტორიული მეხსიერება თაობიდან-თაობაზე გადადის. მას ვერც ქუჩების დასახელების შეცვლა შველის და ვერც ძეგლების ჩამოგდება-განადგურება. „ვორონცოვზე“, „პლეხანოვზე“, „ლენინის მოედანზე“ მივდივარ, – ხშირად ესმის ყურს.

„არა მარტო რუსი დეპუტატები ფიქრობენ პუტინის მსგავსად, არამედ რუსეთის საზოგადოების ყველა ფენაშია ისეთი განწყობა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“, – აცხადებს პატივცემული პეტრე მამრაძე, იმავე სტატიაში. არის რამე დასაძრახი ან გასაკვირი ამაში? მაგრამ ფიქრი ერთია და მცდელობა საბჭოთა კავშირის აღდგენისა, მეორე.

ძნელად თუ მოიძებნება კაცი რუსეთში, რომელიც რეალიზმის დონეზე, მსოფლიო ვითარების გათვალისწინებით, იტყვის, რომ ეს შესაძლებელია. ოცნება შეიძლება. ოცნებას ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ოცნება ხომ რეალობა არ არის? ჩვენც ხომ ვამბობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე? ამით რა, ვუშავებთ ვინმეს, გარდა საკუთარი თავისა, ვინაიდან მხოლოდ ვამბობთ, მაგრამ აღდგენისთვის არაფერს ვაკეთებთ. ის, ვიღაცა დუმელი თუ სხვა ვინმე, ამბობს საბჭოეთის აღდგენაზე. თქვას, ამით ხომ საბჭოეთი არ აღდგება?

დიახ! პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფა იყო, მაგრამ პუტინი საკმაოდ გონიერი პოლიტიკოსია, რომ თავში არ გაივლოს საბჭოეთის აღდგენა. ის, რომ მას სურს თავისი ქვეყნის საზღვრებთან ლოიალურად განწყობილი ქვეყნების არსებობა, დასაძრახი სულაც არ არის.

რუსეთი დიდი სახელმწიფოა – ევროპა-აზიაზე გადაჭიმული, ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანამდე, თანაც ბირთვული, აშშ-ს ტოლი შეიარაღებით, აშშ-ს მეტოქე მრავალი თვალსაზრისით. თუ აშშ-ი, დღევანდელ მსოფლიოში რუსეთის უპირველესი მეტოქე შეიარაღების დარგში, თავისადმი ლიოალურად განწყობილ ქვეყნებს ეძებს რუსეთის საზღვრებთან, რა არის იმაში გასაკვირი, რომ რუსეთმა ეძებოს ასეთნი საკუთარ საზღვრებთან?

დიახ, რუსეთს სურს საბაჟო კავშირში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხილვა, შემდგომში ევრაზიულ კავშირში, მაგრამ რა კავშირშია ევრაზიული კავშირი ან საბაჟო კავშირი საბჭოთა კავშირთან? ისე, კაცმა რომ თქვას, ევრაზიული კავშირის იდეა პუტინისგან კი არა, ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევისგან მოდის.

9 აპრილის მოვლენების შემსწავლელ საბჭოთა კავშირის კომისიის შემადგენლობაში ნურსულთან ნაზარბაევიც შედიოდა – საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. კომისიის საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას, რომელსაც სობჩაკი ხელმძღვანელობდა, მასპინძლობას მე და ჩემი კოლეგები, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თანამშრომლები ვუწევდით. კერძო საუბრებში, განსაკუთრებით კრწანისის სახელმწიფო რეზიდენციის მეორე სახლში საუზმის, სადილის, ვახშამის დროს, ნაზარბაევს არაერთხელ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. იმჟამად პუტინის ჭაჭანება არ იყო პოლიტიკაში.

საქართველოს ბედმა არგუნა კავკასიაში, რუსეთის მეზობლად არსებობა. ცუდია ეს თუ კარგი? ზოგი იტყვის, რომ ბედი არ გვქონიაო, რაღა მაინცდამაინც რუსეთის მეზობლადო. ზოგიც საწინააღმდეგოს იტყვის. ნეტავ, საინტერესოა, აფრიკის ან რომელიმე სხვა კონტინენტზე რომ ყოფილიყო საქართველო, ისეთი „კმაყოფილები“ ვიქნებოდით, როგორც დღეს?

ქვეყნის ადგილმდებარეობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის. გადამწყვეტი – ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების პოლიტიკური გონიერებაა. თუ რამეში არ გაგვიმართლა – ხელისუფალთა უგუნურებაა და არა ადგილმდებარეობა.

ოდნავ გონიერი ხელისუფლების პირობებში რუსეთთანაც გვექნებოდა ნორმალური ურთიერთობა და აფხაზეთიც და სამხრეთ-ოსეთიც ჩვენთან იქნებოდა. ხშირად მოჰკრავთ ყურს რადიო-ტელევიზიაში „განსწავლულ“, „ჭკვიან“ ქართველთა გამონათქვამებს რუსეთთან მიმართებაში – მას თუ სულ მუდამ არ ასიამოვნე, დაგსჯისო.

ქვეყნის პოლიტიკა თუ მყარ, საზრიან, თანამიმდევრულ და არა ავანტიურისტულ ქმედებაზეა დამყარებული, არც არავინ შეეცდება დასჯას. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის წლებმა უმწიფარი, უგონო, ავანტიურისტი პოლიტიკოსები გვარგუნა, ისეთნი, რომლებიც ომებს იწყებდნენ და აგებდნენ, ტერიტორიებს კარგავდნენ, ქვეყანას ძარცვავდნენ, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვდნენ, ნატოს და აშშ-ს გაუსაპნავად უძვრებოდნენ, რითაც რუსეთს იმხედრებდნენ. თუმცა, რაღა წარსულ დროში, აწმყოშიც ასეთნი არ არიან?

გვიკვირს – რუსი პოლიტიკოსები, რატომ მისტირიან საბჭოეთის დაშლას, მაგრამ არ გვიკვირს, როდესაც მოვითხოვთ აფხაზეთ, სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. გვიკვირს, რატომ ირჯება დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება საკუთარი სისხლის და ხორცისთვის, უნებლიედ საზღვარგარეთ აღმოჩენილისთვის. სწორედ ბელოვეჟის საიდუმლო სერობამ გამოიწვია მილიონობით რუსის რუსობის დაკარგვა და დაძალებით გაუკრაინელება, გაყაზახება, გააზერბაიჯანელება, გაყირგიზება და ა.შ.

გორბაჩოვის, ელცინის და იმჟამინდელ სხვათა წყალობით საბჭოთა კავშირში დაძინებულმა მილიონობით რუსმა, უცხოეთში გამოიღვიძა – მეორეხარისხოვნად, დაჩაგრულად, ენაწართმეულად, გალანძღულად. მათი გამოსარჩლება, მათი ტკივილის გაზიარება, მათი დაყვავება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საბჭოთა კავშირის აღდგენაა?

საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ადგილზე, რომ აფხაზებს ისეთ გაუსაძლის დღეში ჩაეგდოთ იქ შემორჩენილი ქართველები, როგორც უკრაინელები ექცევიან რუსებს? საინტერესოა, რას მოიმოქმედებდა ქართული პოლიტიკა ერთ მშვენიერ დღეს, რომ დაეკარგა ის ეკონომიკური კავშირები, როგორიც რუსეთმა დაკარგა საბჭოთა კავშირის დანგრევით? საბჭოთა პერიოდში შექმნილი სამრეწველო კომპლექსები, განსაკუთრებით სამხედრო მრეწველობა საზღვარგარეთ აღმოჩენილიყო?

პუტინის რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს შექმნილი უკრაინაში არსებული სამხედრო ქარხნების გამო. თუ აღმოსავლეთ უკრაინა ისე არ ღაფავს სულს, როგორც დასავლეთი – რუსული შეკვეთების წყალობითაა. ამ თვალსაზრისით, სამხედრო შეკვეთები გამორჩეულია, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! უკრაინის ხელისუფლებამ მტკიცე უარი განაცხადა რუსეთის დაკვეთების შესრულებაზე. და ეს მაშინ, როდესაც უკრაინის ეკონომიკა კრახის პირასაა.  ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო, ასეა საქმე, თუმცა უკრაინის თვითმარქვია და დილეტანტი „ხელისუფლებისგან“ არც ეს არის გასაკვირი.

გახსოვთ ალბათ, სულ ახლახანს, პუტინის სატელეფონო საუბარი ობამასთან და ობამას დავალება ქერისადმი, რომელმაც ევროპიდან სამშობლოში მიმავალი თვითმფრინავი უკან შემოაბრუნა. ექსპერტების აზრით, მიზეზი აღნიშნულისა არა მარტო უკრაინის არასტაბილური ვითარება იყო, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი – უკრაინის მიერ სარაკეტო ტექნოლოგიების რეჟიმის დარღვევა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად უკრაინამ მიიღო მძლავრი სამხედრო-თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც შეიცავს სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის წარმოებას. სახელმწიფო საწარმო „იუჟნოე“, რომელიც განთავსებულია დნეპროპეტროვსკში – აწარმოებს კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სამუშაოებს. აქ კონსტრუირებული რაკეტა SS-18 „სატანა“, დღესაც არის რუსეთის სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში. უკრაინელი სპეციალისტები სისტემატურად აწარმოებენ აღნიშნულ იარაღზე დაკვირვებას, მოდერნიზირებას და სასიცოცხლო რესურსის გახანგრძლივებას.

ამერიკელთა მიხედვით, „სატანა“ – მსოფლიოში უმძლავრესი ბალისტიკური რაკეტაა. მისი წარმოება რახანია შეწყდა, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაცია არის „იუჟნოეს“ საკონსტრუქტორო ბიუროში. რუსული შეკვეთების გარეშე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვეღარ იარსებებს. თუმცა, არის გამოსავალი – გაყიდვა. სურვილი შეძენისა გამოთქვეს ისრაელმა და ჩინეთმა. ისრაელი, რომელიც სხვა ქვეყნებში გამოვლენილ ანტისემიტიზმს მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, არ რეაგირებს უკრაინელი ფაშისტების მსგავს მოქმედებებზე. უფრო მეტიც, სამკურნალოდ იღებს „მაიდანის გმირებს“, რაც სხვა რაღაცას ნიშნავს – სარაკეტო ტექნოლოგიების ხელში ჩაგდების სურვილს.

რაც შეეხება პეკინს, ისიც არ აფუჭებს ურთიერთობას კიევის „დღევანდელებთან“. მას სურს კარგი კავშირების ქონა უკრაინასთან – მიზანი ჩინეთსაც ის აქვს, რაც ისრაელს. პეკინი ფულს არ დაზოგავს სარაკეტო ტექნოლოგიებში. ასეთ ვითარებაში, ობამას სერიოზული საფიქრალი უჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ პეკინი შეისყიდის „სატანის“ ტექნიკურ დოკუმენტაციას – აშშ-ს ლიდერობას წერტილი დაესმება.

ყოველივე აღნიშნული, საბჭოეთის დაშლითაა გამოწვეული. 23 წლის წინათ დაწყებული და დღესაც მიმდინარე ტკივილის გამაყუჩებელი წამალი არ ჩანს. დუმელთა აზრით – იქნებ იმჟამინდელი ამბვების სერიოზულმა გამოძიებამ დაადგინოს ტკივილის გამომწვევი მიზეზები? და თუ ამას ექნა ადგილი – წამალიც მალე გამოჩნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.