ქართული პოლიტიკური ისტერია გრძელდება
გასულ კვირას ქართულმა პოლიტიკურმა ისტერიამ რეკორდები მოხსნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის პროვინციალიზმი (ამ სიტყვის უაღრესად ცუდი გაგებით), რომელიც კარგა ხანია ქართული პოლიტიკური სივრცის პერმანენტული თანამგზავრი, ხშირ შემთხვევაში, განმსაზღვრელია.
საკითხი ისევ სამხრეთ-ოსეთსა და საქართველოს საზღვარს ეხება და ოსთა მიერ ქართული მიწების მორიგ მიტაცებას. მავანი უდავოდ გამინაწყენდება სამხრეთ-ოსეთის ხსენებისთვის, მაგრამ განაწყენება არაფერშუაშია, როდესაც ოფიციალურ უცხოურ დოკუმენტებში სწორედ ასეა მოხსენიებული ერთ დროს საქართველოში შემავალი ავტონომია.
ახალი დავიდარაბის წყარო უპირველესად რუსი და ოსი სამართალდამცავები არიან, მაგრამ არანაკლები, ქართული მხარე – პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი. პოლიტიკოსებიდან კი „ნაცური“ ოპოზიცია და მისი ჯიბის ჟურნალისტიკა. საზღვრის აღმნიშვნელი დაფის დადგმა ასე არ უნდაო და ისეთი წყევლა-კრულვა, და საზღვრისპირა მჯიღისცემა ატყდა კულმინაციის წერტილში, გეგონებოდათ ესესაა და ომი დაიწყებაო.
ცეცხლს ნავთი დაასხა რუსეთთან მომლაპარაკებელმა აბაშიძემ, რომელიც ეპიცენტრს ეწვია და „ცხელი წერტილიდან“ ბრძანა, რომ რუსეთის მხრიდან ეს ქმედება შეურაცხმყოფელია, აუტანელია და ამის შესახებ შიგ პირში ეტყვის ოპონენტ კარასინს, მორიგი შეხვედრის დროს. მან ისიც ივარაუდა, ცხადია საჯაროდ, რომ ასეთ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული დაპირისპირება, რომელიც მთელს კავკასიას მოედება.
ვერ გეტყვით, მუდამ თავშეკავებული აბაშიძე „ნაცთა“ მიერ იყო აცრილი იმ დღეს თუ ცუდი სიზმარი ნახა, რამაც სრულიად კავკასიის ლამპრის აგიზგიზების წინასწარმეტყველებას წაჰკრა ხელი. როგორც ჩანს, ავბედითი აგვისტოს მოახლოებამაც იმოქმედა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელზე.
დენთით გაჟღენთილი ვარაუდის გაჟღერებისას, ბატონ ზურაბს გაახსენდა უხვად დასმული დამადანაშაულებელი კითხვები და ამჯერად შეტევაზე გადასვლა ამჯობინა. ოპოზიციამ ერთი კი წამოიკნავლა – გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატიო, მაგრამ თვით აბაშიძის მიმართ ცუდი არ დასცდენია. ამ თვალსაზრისით აბაშიძის ნაბიჯმა ნაყოფი გამოიღო, მაგრამ საქართველოს ბობოქრობამ, ისე, როგორც ყოველთვის – არაფერი. ან რა შედეგი უნდა მოეტანა არაკვალიფიციურ ჭიჭყინს, ფსევდო-პატრიოტულ განცხადებებს და სატელევიზიო გულისფხანას?
„ბობოქარი“ ნაცები საზღვარსაც ეცნენ და მინისტრ ზაქარეიშვილის სახლსაც. განსაკუთრებული ყელყელაობით სააკაშვილის ძე ბარნოვი გამოირჩეოდა. სწორედ მას დაავალა ნაცურმა ელიტამ სასაზღვრო აყალმაყალის ატეხვა. და მანაც ჩვეული „წარმატებით“ გაართვა თავი ზემდგომთა დავალებას.
მაგრამ მარტო ბარნოვი იყო დავიდარაბის ამტეხი? არამცდაარამც. მას მხარს უმშვენებდნენ სხვა „ნაცებიც“ ტუღუშის, შარაშენიძის, კვესიტაძის, სხვათა სახით – ზოგი პრესის ფურცლებზე, ზოგიც ელექტრონულ მედიაში, რამაც ერთი რიგითი ამბავი (და ასეთადაა მიჩნეული საზღვრის საკითხი ჩვენი ხელისუფლების წყალობით), ჭიქაში დატრიალებულ ქარიშხალს დაამსგავსა.
აქაოდა, ცუდად არ ჩამითვალოს „ნაცურმა“ მოძრაობამ დუმილიო და საგარეო უწყებამ რუსეთის ინტერესების დამცველი შვეიცარიის ელჩი სამინისტროში დაიბარა და რუსეთის მისამართით დაწერილი ნოტა გადასცა, სიტყვებით – გადაეცით რუსეთს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებას დავრაზმავთ მის წინააღმდეგ, თუ საზღვრის ხაზით თამაშს არ შეეშვებაო. შვეიცარიის ელჩმაც ივიშვიშა – ეს რა ჩაიდინა რუსეთმაო და დაგვპირდა, რომ ქვას-ქვაზე არ დატოვებდა.
უმალ აყროყინდნენ ჩვენი „პარტნიორი“ დასავლელები, ამერიკელები და ა.შ. „Euronews”-მაც პატარა სიუჟეტი გვიწყალობა და … და დასრულდა „ესე ამბავი ქართული“.
დასრულდა „ნაცთა“ სასარგებლოდ. მართალია, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია რომ დაიწყო, ფაქტია. რუსების მიერ წამოჭიმული სასაზღვრო დაფა ოსტატურად მოირგეს „ნაცებმა“ – მიტინგიც მოაწყვეს, სატელევიზიო შოუებიც, ხალხიც აიყოლიეს და თქვენ წარმოიდგინეთ ხელისუფლებაც. ამას გვიან მიხვდა ხელისუფლება და აკრძალა სასაზღვრო ზოლთან მისვლა, თუმცა განკარგულება დაგვიანებული აღმოჩნდა. „ნაცებმა“ წინასაარჩევნო ეიდევ ერთი ქულა ჩაიწერეს და საქართველოს მოსახლეობას დაანახეს – ხელისუფლების უსუსურობა.
ბევრი მიხვდა „ნაცურ“ ვირეშმაკობას, მაგრამ ვინც ვერ მიხვდა? ეს უკანასკნელნი ხელისუფლებაზე ისედაც დაბოღმილნი, უფრო მეტად დაიბოღმნენ, რაც თავს მომავალი არჩევნების დროს იჩენს. ამ კატეგორიას ჯერაც სჯერა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო. ხელისუფლება იმდენად შეშინებულია 2008 წლის მოვლენების სიმართლის გასაჯაროების, რომ არაფრით ეწინააღმდეგება „ნაცთა“ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თავხედურ განცხადებას – ომი რუსეთმა დაიწყო. ჰოდა, ვიდრე ამ „სიმართლით“ ვივლით, საზღვარიც გადმოიწევს და საქართველოც ერთ მშვენიერ დღეს ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურს დაემსგავსება, ცხადია არა ეკონომიკით, არამედ ტერიტორიით.
ზემოთ აღვნიშნე მინისტრ ზაქარეიშვილის სახლთან მივარდნა, რაც მისმა განცხადებამ გამოიწვია. ის დაახლოებით ასე ჟღერდა – ამ საქმეში ახალი არაფერია, იქითა მხარე თავის დროზე გავლებულ ადმინისტრაციული საზღვრის ზოლს მიჰყვებაო, რაც მისაღებია.
თუ არ გვინდოდა ადმინისტრაციულის, სახელმწიფო საზღვრად გადაქცევა, 2008 წლის აგვისტომდე უნდა გვეფიქრა და მოგვეგვარებინა ურთიერთობები სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან. ოფიციალურმა თბილისმა არათუ მოაგვარა, არამედ 2008 წლის ომით მთლად დაკარგა ავტონომიებიც და ტერიტორიებიც. ახალმა ხელისუფლებამ, ნაცვლად რუსეთთან დიალოგისა, ჩუმი კონფრონტაცია ამჯობინა, რაც კარგს არაფერს მოიტანს. არ ყოფილიყო 2008 წლის ომი და არავითარი საზღვარი არ იქნებოდა.
ზემოთ ორი გვარი ვახსენე – ტუღუში და შარაშენიძე. ერთი ყოფილი ომბუდსმენია, სააკაშვილის მთავრობის წევრი, მეორე – სააკაშვილის მეხოტბე ე.წ. პოლიტოლოგი. მათ შესახებ სხვა შემთხვევაში არაფერს ვიტყოდი, ვინაიდან ორივენი დაბალი განათლებისა არიან და მეხოტბეობის უბადლო ოსტატები და რაც მთავარია „დემოკრატიული“, დასავლური ფასეულობების მატარებლები. სასაზღვრო პერიპეტიებთან დაკავშირებით ორივემ საჯაროდ გამოთქვეს მოსაზრება, რომელიც მოწოდებას უფრო ჰგავს, ვიდრე რჩევას, თუმცა ასეთი რჩევაც კი მიუღებელი უნდა იყოს ყოფილი ომბუდსმენისა და პოლიტოლოგისთვის.
შარაშენიძისგან ქარაფშუტულ აზროვნებას მისი მსგავსი ქარაფშუტა საზოგადოება შეჩვეულია, მაგრამ სხვებიც ხომ ისმენენ (შემთხვევით) მის ანტირუსულ „პატრიოტიზმს“? საზღვართან დაკავშირებით მან მოუწოდა საზოგადოებას სისტემატურად მოაწყოს სასაზღვრო ზოლთან მიტინგები, გამოსვლები, ღრიანცელი, რათა დისკომფორტი შეექმნათ რუს მესაზღვრეებს.
„დისკომფორტში“ ჩავარდნილი რუსი მესაზღვრე, რომლის ჭაჭანებაც არ არის ზოლის სიახლოეს, რას მოიმოქმედებს? პუტინს უდეპეშებს – შევწუხდით და თუ კაცი ხარ, იქნებ საზღვარი აქეთ გადმოგეწიათო?
ადამიანის უფლებების ყოფილი დამცველი ტუღუში უფრო შორს წავიდა – რუსული ტელეარხების გადაცემები უნდა შევწყვიტოთ საქართველოშიო. იგივე აზრისაა შარაშენიძეც და მათი „ნაციონალი“ ძმებიც და დებიც (კვესიტაძე, კინწურაშვილი, ჩორგოლეიშვილი და ა.შ.). რატომ უნდა აიკრძალოს რუსული გადაცემები? – ტუღუშების მიხედვით, რუსული პროპაგანდისთვის. და ამას ამბობს ყოფილი ომბუდსმენი. სიმართლის დამცველიც ამას ჰქვია.
არადა, რაოდენ გადაქანებული აზროვნების უნდა იყოს ახალგაზრდა კაცი, რომ ინტერნეტის ეპოქაში მსგავს აკრძალვაზე ილაპარაკოს. ტუღუშების აზრით, ინფორმაციის სწორ მოწოდებას – პროპაგანდა ჰქვია, ხოლო „რუსთავი-2“-ს, სხვა ტელეკომპანიების მიერ მოწოდებულ ფალსიფიკაციას – ჭეშმარიტება.
„ისე გავაკეთოთ, როგორც უკრაინამ და ლიტვამო“, – ბრძანა ტუღუშმა. „ორივემ აკრძალა რუსული ტელეგადაცემები და ჩვენც მივბაძოთ მათო“. არადა, ფაშისტური უკრაინისა და მოჭარბებულად ნაციონალური ლიტვის მიბაძვა, რომ კარგს არაფერს მოიტანს – ფაქტია. გარდა ამისა, როდესაც ერთ ან რამდენიმე პირს სურს მსგავსის გაკეთება, ხომ არ ნიშნავს საკუთარი „ნაცური“ იდეის ხალხის თავზე მოხვევას? ნიშნავს და მერე როგორ. მას უდავოდ მოჰყვება წიგნების დაწვა, კინოფილმების ჩვენების აღკვეთა, არასასურველი პირების სიების შედგენა, რომელთაც აეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა, ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში, ბალტიისპირეთში. საით მივდივართ?!
ტუღუშის განცხადება რომ მარტო მისი იყოს, რა გვიჭირს, მაგრამ ის ხომ აშშ-ს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია? როგორც ჩანს, „ბრძნული“ ტუღუშური აზრების უკან აშშ-ია.
„საქართველოში მომრვლდა რუსული ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები და მედიაო და ამიტომაა, რომ მოსახლეობის 31% რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილიო“, – ამბობენ ტუღუშები. ნეტავ რომელი არასამთავრობო და მედია ჰყავთ მხედველობაში? პირადად მე ასეთს არ ვიცნობ. თუ რომელიმე გაზეთი ობიექტურად აშუქებს მსოფლიო მოვლენებს – ეს არ ნიშნავს რუსეთის ფულს. ან რა პროპაგანდაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს ამერიკული მზაკვრობა მსოფლიოს ამათუ იმ კუთხეში? ის, რაც უკრაინაში ხდება საჭიროებს პროპაგანდას? სამთავრობო სადამსჯელო სამხედრო ნაწილები რომ სვასტიკებით დარბიან, წითელ ვარსკვლავებად უნდა აღვიქვათ?
ათწლიანმა ჭურმა, რომელშიც „ნაცებმა“ საქართველო ამყოფა, მძიმე შედეგით დასრულდა – გაჩანაგდა ქვეყანა, დაიკარგა მიწები. ტუღუშები და მათი მსგავსნი ხალხს მოუწოდებენ ისევ ჭურში ჩაძრომას, ისევ სიბნელეს, უცოდინრობას, ვინაიდან ასეთის მართვა იოლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ამ ყმაწვილებს აკრძალვა, თანაც ინფორმაციის, დემოკრატიად მიაჩნიათ?
ავიღოთ ტელეკომპანია „RTVI“ და „დოჟდი“ („Дождь“), რადიო „ეხო მოსკვი“ („Эхо Москвы“), ისინიც კი მოჭარბებული ანტირუსიზმითა და ანტიპუტინიზმით, ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობის მიუხედავად, არვის აუკრძალავს. და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მოითხოვს მათ დახურვას.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ცნობილი ანტისამთავრობო მოღვაწე, მწერალი ედუარდ ლიმონოვი რომ ზემომოყვანილი მედია-საშუალებების პროდუქციას ფალსიფიკაციად შეაფასებს და ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ანტირუსთა წინააღმდეგ, რაღაცას ნიშნავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავრობას არავითარი შემზღუდავი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სად არის მეტი დემოკრატია, „დემოკრატიის შუქურა“ საქართველოში თუ რუსეთში?!
ჩვენდა სამწუხაროდ ტუღუშები, სააკაშვილები, შარაშენიძეები ცოტანი არ არიან. ჩვენდა სამწუხაროდ მათთვის ყველა მედიის კარი ღიაა. სააკაშვილის მიერ შექმნილი მედია-სივრცე – მხოლოდ მათზე და დასავლეთზე მომუშავე, მძლავრი საინფორმაციო იარაღია, რომელსაც ვერაფერს დააკლებს თითო-ოროლა ობიექტური გაზეთი და თუ ესოდენ უთანასწორო ჭიდილში უმრავლესობა ბეჭებზეა გართხმული ტუღუში და ტუღუშები უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დროა, თუ არა – 31%-იან წარღვნას ვერ გადაურჩებიან.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.