გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემები

იმ პოლიტიკური საკითხებიდან, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს, უკრაინის და ირანის იყო. ამ ორიდან კი მეტადრე ირანის, ვინაიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ, არამედ მთელს მსოფლიოში ომისა და მშვიდობის საქმესთან. უკრაინის მოვლენები რეგიონული ხასიათისა იყო, თუმცა დიდი გავლენით ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებზე.

ირანის საკითხი რახანია მოწინავეობს მსოფლიოს სხვა საკითხებთან ერთად. ირანის საკითხი სწორედ ისაა, მრავალი წლის განმავლობაში რომ ძილს უფრთხობს აშშ-ს და მის ევროპელ თუ აზიელ მოკავშირეებს. ირანის საკითხი ერთი წლით, თუნდაც გასულით არ შემოიფარგლება, მას მრავალწლიანი, ფართო მასშტაბები აქვს.

უკრაინის საკითხი ახალია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ის შემოიფარგლება გასული წლით და გაგრძელებას 2014 წელსაც პოვებს.

ირანისა და უკრაინის საკითხები მეტნაკლებად საქართველოსაც ეხება, ვინაიდან გლობალიზაციამ და ისტორიულმა კავშირებმა თავისთავად განაპირობეს ჩვენი და ამ ქვეყნების ურთიერთობა.

საქართველო-უკრაინის კავშირებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვა ელფერი შეიძინა. განსაკუთრებული სიმკვეთრე რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ გამოიწვია. საქართველო-უკრაინა იდეოლოგიურადაც დაუკავშირდა ერთმანეთს ე.წ. „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების შემდეგ.

იდეოლოგიური დაახლოების ინიციატორები და შემოქმედნი ოკეანის გადაღმელები იყვნენ. თითქმის 10 წელიწადია ეს ძალები აქტიურად უწყობენ ხელს ორი ქვყნის ერთმანეთთან დაახლოებას და მათ სერიოზულ დაშორებას ყოფილი საერთო ცენტრიდან. დისტანცირების თვალსაზრისით საქართველომ ფორა მისცა უკრაინას და რაც კავშირები ჰქონდა რუსეთთან, თითქმის ნულამდე დაიყვანა. უკრაინამ ეს ვერ შეძლო, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, უპირველესად ეკონომიკური.

საქართველოს ეს პრობლემა არ აღელვებს, რამეთუ ეკონომიკა რახანია ბაზრის ვაჭრობის დონეზეა დასული, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან – 20 წელიწადია ჩამი-ჩუმი არ შეინიშნება.

საქართველომ ერთის დარტყმით გაწყვიტა კავშირები, რაც უკრაინამ ვერ მოახერხა და ვერ მოახერხა იმიტომ, რომ რუსეთთან მას მჭიდრო ურთიერთობები აქვს აერო-კოსმოსურ დარგში, საავიაციო მშენებლობაში, გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში და ა.შ.

საქართველოსთვის ნაკლებად მტკივნეული გამოდგა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა, ვინაიდან შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლება ამ საქმეში რუსეთს ადანაშაულებდა, ვიდრე საკუთარ თავს. გარდა ამისა, უკრაინასთან შედარებით, საქართველოსთან რუსეთის ეკონომიკური კავშირები მიზერული იყო.

რუსეთთან კავშირების გაწყვეტას პოლიტიკური სარჩულიც ედო – აფხაზეთის ომში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის მხარის დაჭერა. ასე თვლიდა და თვლის საქართველოს იმჟამინდელ-ამჟამინდელი ხელისუფლბა. უფრო მეტიც, აფხაზეთის ომში ისინი მოწინააღმდეგად არა აფხაზებს, არამედ რუსეთს მიიჩნევენ.

საქართველოს კავშირებს რუსეთთან წერტილი დაუსვა 2008 წლის ომმა, ტერიტორიების ოკუპაციამ და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ. ისე, როგორც აფხაზეთის ომში, ცხინვალის ომშიც ქართული მხარე რუსეთს ადანაშაულებს.

დამოუკიდებლობის წლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დრამატული მომენტები, თავისთავად განაპირობებს რუსეთთან თითქმის ნულის დონეზე არსებულ კავშირებს, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები ნაკლებად შეიძლება შეფასდეს დრამატულად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დასავლეთ უკრაინის აშკარა ანტირუსულ განწყობას.

ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის ერთ-ერთ ფაქტორად, საკუთარი ხალხისადმი საქართველოს ხელისუფალთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაც შეიძლება ჩაითვალოს. კავშირების გაწყვეტამ თავისთავად გამოიწვია მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დადუმება, უმუშევრობა, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესება, თუმცა ნეგატიურ შედეგს ხელისუფლება მედგრად შეხვდა – ისარგებლა რა ხალხის გაუთვითცნობიერებლობით, სამოქალაქო თვითშეგნების უმდაბლესი ხარისხით.

მთავრობას თავში აზრადაც არ მოსვლია ხალხისთვის განემარტა, რას აკეთებს ის, გაუარესებული ყოფის გასაუმჯობესებლად, ან აკეთებს თუ არა რამეს, ან რატომ უნდა განემარტა, როდესაც არავინ ითხოვდა ამას?

ხალხის ქარაფშუტული მიდგომა საკუთარი სოციალური მდგომარეობისადმი გახდა საბაბი შემდეგი სახის განცხადებისა, რომელსაც ხშირად ჰქონდა ადგილი „ბრძენი“ ქართველი ექსპერტების მხრიდან – საქართველოს მოსახლეობა არასოდეს გამოვა სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. თითქოს, სირცხვილი ყოფილიყოს აუტანელი ცხოვრების პირობების გაპროტესტება. არადა, თუ ვინმე, სადმე გამოდის და მოითხოვს, სწორედ სოციალური პირობის გაუმჯობესებაა.

უკრაინამ ვერ გარისკა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა, ვინაიდან მას, უდავოდ მოჰყვებოდა მილიონობით ადამიანის უმუშევრობა, სოციალური ბუნტი. უკრაინამ ვერ გარისკა, ვინაიდან ხელისუფლება გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი გამოდგა, ვიდრე საქართველოს.

უკრაინის ხელისუფლებამ ვერც შარშან გარისკა და თავი აარიდა ვილნიუსის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა რუსეთის შეკვეთების შემსრულებელი ქარხნების გაჩერებას.

უკრაინის ხელისუფლებამ თავი შეიკავა ევროპის ასოცირებული წევრობის დოკუმენტის ხელმოწერისგან, რითაც განარისხა  აშშ-ი და ევროკავშირი და არა მარტო ისინი, არამედ მათ მიერ ამხედრებული უკრაინული ოპოზიციაც. კიევის ცენტრში დღესაც მიტინგია – გასული წლიდან გამოყოლილი.

გაბედავს საქართველოს ხელისუფლება იმას, რაც უკრაინისამ გაუბედა დასავლეთს? მტკიცედ შეიძლება ითქვას – არა. არა, იმიტომ, რომ საქართველო რახანია დასავლელთა მიერ „დემოკრატიის ნაკრძალად“ არის გამოცხადებული. არა, იმიტომ, რომ ისედაც უმუშევარ საქართველოს მეტი უმუშევრობა არ ემუქრება. არა, იმიტომ, რომ თუ რამ წარმოება იყო, რახანია დუმს და თუ რამ დასანგრევი იყო, დიდი ხანია დაინგრა და გაიძარცვა, ხოლო მანქანა-დანადგარები თეთრებად გაიყიდა უცხოეთში, მეტადრე ჯართად.

არა, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია – ხალხი „პურის“ მოთხოვნით არ გამოვა. არამედ, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობას უყვარს ევროკავშირ-ამერიკა და მზად არის მათი ხათრით, ასოცირებული წევრობით, ხანგრძლივად იდგეს გაწევრების რიგში. მთავრობისგან რა მიდის. თავის თავისთვის სარჩო-საბადებელს ის უდავოდ მიიღებს – კარგი სამსახურისთვის, დასავლელი „პარტნიორებისგან“.

თუ რას მიიღებს ხალხი – ძნელი გამოსაცნობი არ არის – თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებს, ანუ უკონკურენტო ევროპულ საქონელს, რაც ძირშივე ჩაკლავს ადგილობრივ წარმოებას. შეძლებს ასეთ ვითარებაში ქართული ღვინო ან მინერალური წყალი თავის გადარჩენას? შეძლებსო, დამარწმუნებენ. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

ისე, როგორც უკრაინას, საქარველოსაც გასული წლიდან გადმოჰყვა „ასოცირებული“ ციებ-ცხელება. მთელი წელიწადი არა აგვცდება ამ საკითხის ყოველდღიური შეხსენება. ხელისუფლება ისე მოქმედებს, ვითომ რაღაც პრობლემა აქვს შინ და გარეთ. შინ – ასოცირებით უკმაყოფილო მოსახლეობით, გარეთ – ასოცირებით უკმაყოფილო რუსეთის სახით. არადა ერთიც და მეორეც ისეა მოდუნებული, თითის განძრევაც ეზარებათ. მოსახლეობას – იმიტომ, რომ არ იცის, რა ხდება მის თავს. არ იცის რას ნიშნავს ასოცირებული წევრობა. ის, დღემდე ვერ გაერკვა, რა არის „პარაფირება“. მთავრობის პროპაგანდის წყალობით ის დარწმუნებულია „ასოცირება“ კარგ ცხოვრებას მოუტანს – დღევანდელზე ცუდი რაღა უნდა იყოს?

მეტი ქულების ჩაწერის მიზნით, ხელისუფლებას სურს ისეთი შიდა ვითარება დაუხატოს ევროკავშირს, თითქოს სერიოზული წინააღმდეგობის დაძლევა უხდება, მაგრამ წარმატებით ართმევს თავს. განსაკუთრებული პრობლემები აქვს მას მეზობელი რუსეთის მხრიდან, რომელიც დღენიადაგ ზის და ფიქრობს მხოლოდ ერთზე – რით ავნოს საქართველოს ასოცირებულ წევრობას.

ხელისუფლება დაბეჯითებით ხატავს რუსულ შემოტევას და ამ თავდასხმას წინა ხაზზე ანუ ფრონტზე საკუთარ თავს – ასოცირებისთვის ხმალამოღებული მებრძოლის სახით. როგორ არ უნდა დაეხმარო ასეთს? პატარა საქართველო, მეზობელ ურჩხულთან მეომარი, ნუთუ არ უნდა იმსახურებდეს მეტ დახმარებას, ცხადია ფულურს?!

ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე არ აგვცდება ე.წ. რუსული საფრთხის სისტემატური მოსმენა, ისე, როგორც პატარძალს პირველი ღამე. მაინც რა ბედნიერებაა, გყავდეს ისეთი მეზობელი, ყველაფერს რომ დააბრალებ. რუსეთს, ცხადია გულზე არ ეხატება ვინმეს ევროკავშირთან ასოცირება. მაგრამ, ის როგორმე აიტანს ამ „საშინელებას“, ჩვენ?

საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც უკრაინა მიაჩნდა და მიაჩნია ევროკავშირისკენ გზამკვლევად, თუმცა იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ – ყველასთვის მოულოდნელმა, თავგზა აუბნია. განსაკუთრებული გაწიწმატება ევროკავშირელ მოხელეებს დაეტყოთ. ხუმრობა ხომ არაა, მრავალწლიანი უკრაინული პროექტის ჩავარდნა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტში მთავარი ვიოლინო უკრაინა იყო – უდიდესი ბაზრით, 45 მილიონი მოსახლით. ევროკავშირის პროდუქციის გასასაღებლად უკრაინული ბაზარი მართლაც მისწრება იყო – მითუმეტეს ამჟამინდელ საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის დროს.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბევრი პუტინის გამარჯვებად აღიქვამს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. გადაიქცევა თუ არა ტაქტიკური გამარჯვება სტრატეგიულად – ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უპირველესად იმაზე, რამდენად იქნება მზად კრემლი უკრაინის ხელისუფლების თხოვნების დასაკმაყოფილებლად. თვით ეკონომიკურ პრობლემებში მყოფი რუსეთისთვის არცთუ იოლი იქნება უკრაინული სურვილების ასრულება.

გარდა ამისა, ნებისმიერი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში რუსეთის, ანგარიშს გაუწევდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2015 წელს არის დაგეგმილი და ამ არჩევნებში იანუკოვიჩის ფაქტორს. არის იანუკოვიჩი ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს? იანუკოვიჩის ხელისუფლებისთვის დიდი ფულადი დახმარების გაწევა, ხომ არ იქნება ქარისთვის  გატანებული?

ამას წინათ მოსკოვმა კუბას 32 მილიარდი დოლარის ვალი ჩამოაწერა. ამ ვალის გადახდა კუბისთვის შეუძლებელია. უკრაინა, კუბა არ არის, მაგრამ მისი ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია. შეძლებს რუსეთი, ფინანსური დახმარებით, იანუკოვიჩის გამარჯვებას და რამდენი დაჯდება ეს? და თუ არა, ღირს უპერსპექტივო იანუკოვიჩში ფულის ხარჯვა?

იანუკოვიჩის დამარცხების შემთხვევაში, უკრაინის სათავეში მოვლენ ისინი, ვინც ქვეყანას უმალ დასავლეთისკენ გააქანებენ. ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, ევროპასთან ასოცირებას მხარს უჭერს უკრაინელთა 39-დან 47%-ე. პოლარიზაციას ხელს უწყობს დასავლეთი, რამაც შეიძლება შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, არც ევროპა და არც რუსეთი ინდიფერენტული არ იქნება.

პირადულ ვარიანტში იანუკოვიჩისთვის რუსული კრედიტი მისაღებია, ვინაიდან ევროპული – მკაცრად კონტროლდება, განსაკუთრებით მიზანმიმართულად ხარჯვის კუთხით. კრემლი არ თხოვს იანუკოვიჩს ტიმოშენკოს გათავისუფლებას, ევროპა თხოვს, რითაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს იანუკოვიჩის მომავალს. გარდა ამისა, ევროკავშირს არც კრედიტის გაცემის თავი აქვს. მას გასული წლის ბოლოს უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარი უნდა მიეცა საგარეო ვალის ნაწილის დასაფარად, ხოლო, წელს თითქმის 8 მილიარდი დოლარი.

უკრაინის თემა, რომელიც გასული წლიდან 2014 წელზე გადმოვიდა, არაერთი დრამატული მოვლენით იქნება აღსავსე.

უკრაინულ თემას არათუ ჩამორჩება, არამედ უსწრებს კიდეც ირანის ბირთვული კვლევები. გასული წლის შემოდგომით დაიწყო ირანთან გაყინული ურთიერთობების ლღვობის პროცესი. ყველაფერს კი სათავე დაუდო საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი ჰასან როუჰანის გამარჯვებამ, რომელმაც, პრეზიდენტად კურთხევის შემდეგ, უმალ მიჰყო ხელი წინასაარჩევნო დაპირების – დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, შესრულებას.

ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. დაიწყო ირან-დასავლეთის შერიგების პროცესი და ამასთანავე ურანის გამდიდრების სასურველ დონეზე შეჩერება, გარდა ამისა, ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების ინსპექტირება. თავის მხრივ აშშ-ა თანხმობა განაცხადა, მის ბანკებში გაყინული ირანული ფულის „გაცოცხლებაზე“.

ნახევარწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც დასავლეთმა ირანს დაუწესა, წარმატებით შეიძლება დასრულდეს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ირან-ამერიკის, ირან-ევროკავშირის ახალი, პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სრული შესაძლებელია აღდგეს ირანის ნავთობის ექსპორტი ევროკავშირში, სხვა ქვეყნებში, რაც თავისთავად გამოიწვევს „ოპეკის“ მიერ შემუშავებული კურსის გადახედვას. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ირანული ნავთობის გამოჩენა ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის ახალი თავსატკივარი იქნება. არ არის გამორიცხული ნავთობზე ფასების შემცირებაც.

80-მილიონიანი ირანი მიმზიდველია, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირისთვის – პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ამიტომაც ჩქარობს დასავლეთი ირანთან ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ?

ჩვენ, პირიქით, ყოველმხრივ ვცდილობთ სააკაშვილის დროს არსებული კავშირების ნულზე დაყვანას. „ოცნების“ ხელისუფლებამ არა მარტო უვიზო მიმოსვლა, სავიზო რეჟიმით შეცვალა, არამედ ირანულ ბიზნესს გაუსაძლისი პირობები შეუქმნა. შემცირდა ტურიზმიც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოში არავინ იცის ირანთან დასავლეთის ახალი გეგმების შესახებ.

ამერიკაზე ჩამოკიდებული საქართველო იმდენად თვალდაბინდებულია, რომ ვეღარ ამჩნევს ირანთან დასავლეთის გამოსწორებულ ურთიერთობას. არადა საქართველოს ხელისფლებამ, უცოდინარობით, გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება დაუშვას. ირანის ისლამური ფაქტორი გასათვალისწინებელია, ისე, როგორც ამ ქვეყნის გავლენა ახლო აღმოსავლეთზე. ამას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა დავკარგოთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების პირველსავე დღიდან მხარში ედგა საქართველოს?!

2013 წელს სხვა საერთაშორისო საკითხებსაც ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც 2014 წელს გაგრძელდება, მაგრამ მათზე სხვა დროს, სხვა სტატიაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.