ქართული პოლიტიკის არასწორი ორიენტაცია

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში არ გაუშვეს! ასე კატეგორიულად აცხადებდნენ ნაციონალები პრეზიდენტ მარგველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არწასვლასთან დაკავშირებით.

გაეროში საქართველოს დელეგაციის მონაწილეების თემა ქართული მედიისა და პოლიტიკის უსერიოზულესი განხილვის საგნად არის ქცეული. პოლიტიკური ჭორიკნობით დაკავებულ ქართულ ჟურნალისტიკას ისეთი საქმე ჩაუვარდა ხელში, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა.

მეტად კმაყოფილი ჩანდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრები, ყოფილი ხელისუფლების ჯერაც დაუსჯელი მოხელეები, ისეთი ტრაგიკული სახეებით ყვებოდნენ მარგველაშვილის ჩაშლილი ვიზიტის თაობაზე, თითქოს ქვეყანა დაინგრა. “ეს, შეურაცხყოფაა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, დემოკრატიისა და ქვეყნისთვის”, – თვალდაუხამხამებლად, უტიფრად აცხადებდნენ ისინი ტელეეკრანებიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „გამოჭედილი“ მედია, ნაცვლად ობიექტურობისა, ცეცხლზე ნავთს ასხამდა, რითაც ოჯახის ჭუჭყიან ზეწრებს ცხვირწინ უფრიალებდა ამ საკითხისადმი ერთობ ინდიფერენტულად განწყობილ მოსახლეობას.

ბევრს ეცადნენ ნაცები „ოცნებელთა“ მიმართ ხალხში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, მაგრამ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემებით დაოსებულმა ხალხმა დიდი უყურადღებობა გამოავლინა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ხალხსა და პოლიტიკას, განსაკუთრებით ხელისუფლებას შორის დამოკიდებულების უფსკრული დღენიადაგ ფართოვდება.

ხალხის ნდობა პოლიტიკოსებისადმი რომ მინიმუმამდეა დასული – მტკიცება არ სჭირდება, ყველაფერი იმ „აბანოში“ გამოჩნდა, ადგილობრივი არჩევნები რომ ჰქვია. საზოგადოებას აქვს უკმაყოფილების საბაბი, ვინაიდან მისი სოციალური ყოფა გაუარესდა, ყოველდღიურმა თავსატკივარმა იმატა.

ორი წლის წინათაც იგივე თუ არა, უარესი მდგომარეობა იყო და ამიტომაც მან საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი, მეტადრე მის ლიდერს ივანიშვილს. ამ მხარდაჭერას უკეთესი ცხოვრების იმედი ასულდგმულებდა, განსაკუთრებით მდიდარი ოპოზიციონერის, ივანიშვილის ფაქტორი.

რატომღაც ზღაპრების თემა ხალხმა რეალობად წარმოიდგინა – ანუ ივანიშვილის ფულის ხალხისთვის ჩამორიგება. ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, არც ფული ჩანს და არც „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები. რაც ჩანს, არის „პოლიტიკური ოჯახიდან“ გარეთ გამოსული კინკლავი და ამასთან დაკავშირებით ნაციონალთა ქილიკი. რას არ ამბობენ ისინი, რაში არ ადანაშაულებენ დღევანდელ ხელისუფლებას, თითქოს ფრთაშესხმული ანგელოზები ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„დიდუ, დიდუ, თავი მოჭრეს ქვეყანას და რაც მთავარია პრეზიდენტის ინსტიტუტსო“, – ქოთქოთებენ ნაცები.

არადა თუ ვინმემ მოჭრა თავი პრეზიდენტობის ინსტიტუტს, მათი ბელადი, პრეზიდენტ-ყოფილი სააკაშვილია. აი, იმას კი ვერავინ დაუშლიდა უცხოეთში ხეტიალს. ფეხს, თბილისში რომ დაჰკრავდა, ერთ ჯერზე მთელ რიგ ქვეყნებს შემოურბენდა, თანაც ყოველგვარი მიწვევის გარეშე. მასპინძელი ქვეყნების ლიდერების გაოცებას იწვევდა კარზე მიმდგარი საქართველოს პრეზიდენტი.

თუ რამემ დააზიანა საქართველოს იმიჯი საერთაშორისო არენაზე – სააკაშვილის დაუპატიჟებელი ვიზიტებია. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საერთაშორისო ფორუმებზე მიწვევის ქონა-არქონას. უმოსაწვევო პრეზიდენტი, ისე მიარღვევდა ფორუმის დაცვის ჯაჭვს, როგორც ყინულმჭრელი. და ფორუმის მონაწილეთა შორის მყოფი, ხან ერთ პრეზიდენტს მიეჭრებოდა, ხან მეორეს დასალაპარაკებლად, რითაც აშკარად არღვევდა საყოველთაოდ აღიარებულ პროტოკოლის მოთხოვნებს. მისი მორჩილი ქართული მედია კი სპონტანურ დალაპარაკებას, ოფიციალურ მოლაპარაკებად მოუთარგმნიდა ქართულ საზოგადოებას.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პროტოკოლის ფეხებზე დაკიდებამ, საერთაშორისო წესებისადმი ბრიყვულმა დაუმორჩილებლობამ, ქვეყანას სერიოზულად ავნო და მასთან შედარებით, მარგველაშვილის არ გაშვება, უსუსური არგუმენტია პრეზიდენტობის ინსტიტუტის საფუძვლების შერყევა-არშერყევის საქმეში. ნაცებმა იმდენი ქმნეს, ეს ამბავი „ბიცოლა“ ნულანდის ყურამდეც მიიტანეს, განსაკუთრებით იმ ჭრილში, როგორ ანგრევს ივანიშვილი ქართულ დემოკრატიას.

ახლა, რაც შეეხება მმართველ „ოცნებას“ – ვერც ის დგას სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, მყვირალა ნაცთა დამკვრელური ძალა ციხეში იქნებოდა. ვერა, ვერ ივარგა „ოცნებამ“ და რომ ვერ ივარგა, ნაციონალთა პარპაშიდანაც ჩანს.

უნებლიედ იბადება კითხვა, რატომ ვერ მოახერხა „ოცნებამ“ გაეროში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობის წინასწარ დადგენა? რატომ გახდა ეს ერთობ უმნიშვნელო თემა საჯარო ქოთქოთის საგანი?

მავანი იტყვის – თავისთავად მოხდა ყველაფერი – პრემიერმა თქვა, პრეზიდენტმა უპასუხა და ა.შ. მაგრამ ერთმანეთთან „დიალოგი“, რატომ ხდება ტელევიზიის მეშვეობით და რატომ არ ხდება პირისპირ? იქნებ ერიდებათ, ეჩოთირებათ ერთმანეთთან დალაპარაკება? და თუ ამას აქვს ადგილი – კოალიციაც აღარ ყოფილა.

ტყუილად არ უთქვია მედიას, სერიოზულ დაპირისპირებას აქვს ადგილიო. სხვას ვერაფერს იტყვი, მარგველაშვილის პრეს-კონფერენციიდან გამომდინარე. ბავშვები კინკლაობენ, არა მე წავალ, არა მეო და კინკლავით გვეუბნებიან, რა ზერელე დამოკიდებულება აქვთ საქვეყნო საქმეების მიმართ.

დღეს, როდესაც უამრავი პრობლემა დგას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ნიუ-იორკში გამგზავრება არ უნდა იყოს მთავარი. მითუმეტეს, როდესაც იმ ნიუ-იორკში წარმოთქმული სიტყვა არც არაფერში წაადგება ქვეყანას.

გაეროში გაწევრების შემდეგ გამოდის საქართველოს დელეგაცია გენასამბლეაზე, მაგრამ დიდი ვერაფერი შვება მოუტანია მას ქვეყნისთვის. ასე, რომ ღარიბაშვილის განცხადება – იქ დაგეგმილ „მუშაობასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ კეთილი სურვილია, თანაც ისეთივე უნაყოფო, რაც მანამდე.

ღარიბაშვილი ისე ვერ გამოვა, კვალი დაამჩნიოს გაეროს მუშაობას, როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ან ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა.

ღარიბაშვილის გამოსვლით მხოლოდ „ოცნება“ იამაყებს – დეტალურად შეაფასებს რა მას, თანაც ერთი და იგივე ტექსტის გამეორებით, როგორც თუთიყუშები. ერთი და იგივეს ვისმენდით ახლაც, მარგველაშვილის ნიუ-იორკში წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით. ორი დელეგაცია ხომ არ გაემგზავრება ღარიბი ქვეყნიდანო? მართლაც, ორი დელეგაცია ხომ არ წავა ნიუ-იორკში?

წავიდოდა  თუ არა, „ოჯახშია“ გადასაწყვეტი და არა ტელევიზიაში. და რახან „ოჯახში“ არ გადაწყდა – საჯარო ჯიჯგნის თემად იქცა ჩვეულებრივი, საყველპურო ამბავი. აქეთ ფანჯიკიძე, იქით ზალკალიანიო, ვინ არ არწმუნებდა პრეზიდენტს – ამის გაკეთება არ შეიძლებაო, თითქოს ქვეყანას ანგრევდა.

ისიც, თავის მხრივ აცხადებდა, არაფერი დაშავდება, ერთ დელეგაციაში ვიქნებითო. სირცხვილიაო – პასუხობდნენ „გამოცდილი“ დიპლომატები – პრეზიდენტი და პრემიერი ერთად არ დადიანო. „მერკელი და გაუკი გერმანიის კანცლერი და პრეზიდენტი, რომ იყვნენ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეო?“ – ამბობდნენ ზოგიერთები. ის, სალაღობო ვიზიტი იყოო, – პასუხობდნენ მათ. 

ეს კინკლავი კარგა ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება – „ლამაზი“ არ არის, ორი დელეგაციის გამგზავრებაო.

პროტოკოლისთვის უცნობია, სიტყვა „ლამაზის“ საერთაშორისო დატვირთვა. ამ სიტყვას პროვინციაში თუ გამოიყენებენ, რაღაც ორღობის ამბავის შესაფასებლად და არა საერთაშორისო საკითხებში.

პროტოკოლი ისეთი რამაა, წესს და რიგს რომ მოითხოვს და არა „სილამაზეს“. და რახან ასეა, ვერავითარ პროტოკოლს ვერ ექვემდებარება ოფიციალურ ღონისძიებაზე, გაეროს გენასამბლეის მსგავსზე, ერთი ქვეყნის ორი ლიდერის ყოფნა.

პრობლემა, რომელიც საქართველოში შეიქმნა, უცნობია საერთაშორისო სარბიელისთვის და არა იმიტომ, რომ რაღაც ნოვაციას, ჯერ არნახულს, არ გაგონილს შეიცავს და ქართველების გონებამახვილობის წყალობით იშვა. მსგავსი სისულელე არც ერთ ხელისუფლების თავშ არ მოვა. მითუმეტეს მასზე საჯარო მსჯელობა.

უსაქმურობამ იცის ყოველივე ეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საკითხებში გაუთვითცნობიერებლობამ და რაც მთავარია, მარტივი პროტოკოლის არცოდნამ. როგორც ჩანს, ვერც პრეზიდენტის აპარატი და ვერც საგარეო უწყება პროტოკოლის ცოდნას ვერ დაიკვეხნის, დიპლომატიაზე რომ არაფერი ვთქვათ.

პრეზიდენტ-პრემიერის და მათი „გუნდების“ დავა კარგა ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ივანიშვილის მიერ ჩაგდებული მანდილი. მანდილი? ვითომ? საზავო მანდილი უფრო ცეკვა „ხანჯლურის“ ილეთს ჰგავდა, სუხიშვილები რომ ხანჯალს ოსტატურად არჭობენ იატაკზე.

ივანიშვილის „მანდილი“ არა მედიატორობას, არამედ მისი ფავორიტი პრემიერის დაცვას და პრემიერის მეტოქე პრეზიდენტის შერისხვას ჰგავდა. თოჯინის თამაშით უკმაყოფილო პირმა, რა ვუწოდო, არ ვიცი – არასამთავრობოს ხელმძღვანელი, მილიარდერი თუ სხვა რამ, ისეთი სილა გააწნა „ამ კაცს“ (ივანიშვილის ტერმინი), კარგა ხანს ლოყა გაწითლებული ექნება.

და მაინც რას ერჩის ივანიშვილი მარგველაშვილს? ივანიშვილის გამოსვლიდან გამომდინარე, პრეზიდენტის სასახლეში შესვლას – არავის უთხრა, ისე შევიდაო.

კეთილი, მაგრამ თუ იმიტომ არ უნდა შესულიყო, რომ იქ სააკაშვილი იჯდა, უსუსური არგუმენტია. ისიც უსუსურია, რომ ავხორცი სააკაშვილის კაბინეტი წმნიდა „ოცნებელს“ არ უნდა დაეკავებინა. ამ არგუმენტით არც ჯორჯ ბუშ-უმცროსს უნდა დაეკავებინა ავხორცი კლინტონის კაბინეტი, რამეთუ მონიკა ლევინსკისთან სასიყვარულო ორალი სწორედ იქ ხდებოდა.

არ უნდა შესულიყო იმიტომ, რომ ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტს არ შეეფერება მდიდრულ სასახლეში ყოფნა. ამ ლოგიკით ასკეტ სტალინს უარი უნდა ეთქვა კრემლზე, მაგრამ 2 სამხედრო „კიტელის“ პატრონმა ბელადმა, კარგად იცოდა რა არის ქვეყანა და მისი როლი საერთაშორისო არენაზე.

მართალია, სასახლე სააკაშვილის დროს აშენდა, მაგრამ ის სააკაშვილის საკუთრება არ არის. ის, ქვეყანას ეკუთვნის და მის დღევანდელ და ხვალინდელ პრეზიდენტებს. შეხედეთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრეზიდენტების სასახლეებს – მინსკში, ასტანაში, ბაქოში, დუშანბეში, სხვაგან. სააკაშვილის დროს აშენებული სასახლე ერთი პატარა ფრაგმენტია ჩამოთვლილი სასახლეების ფონზე.

ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტიტუციით, ძლიერსა თუ სუსტს, უნდა ჰქონდეს სასახლე და ამ თემაზე ლაპარაკი უნდა შეწყდეს. თუ ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესმენს აქვს წარმომადგენლობითი სასახლე, თბილისის თავზე დომინატად გადმომდგარი, რატომ არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს?

„ლამაზი არ არისო!“, – ბრძანა ბიძინამ. კეთილი, მაგრამ არც ის არის ლამაზი, როდესაც კაცს დაპირდები და არ შეასრულებ. ამ შემთხვევაში ის მრავალ კაცსა და ქალს, ანუ ერს შეპირდა და არ შეასრულა. და არათუ არ შეასრულა, ყეყეჩადაც ჩათვალა – „ვერ ხედავთ, თორემ ყველაფერი შევასრულეო“.

ბატონო, ბიძინა! არც ის არის ლამაზი, როდესაც თქვენი ფაზენდის ირგვლივ, სოფელ ურეკში ისეთი ნაგავია, საერთაშორისო ყურადღებას რომ იპყრობს. სწორედ ამ ანტისანიტარიაზე წერდა გულდათუთქვით ბატონი არმაზ სანებლიძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში. მერე რა, ეშველა რამე?

და საერთოდ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, იკითხავს მკითხველი – ყოფილი პრემიერ-მინისტრიო, მიუგებენ. 23 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში იმდენი პრემიერი იყო საქართველოში, თვლა არ აქვს. ყველა მათგანმა, რომ სეფე სიტყვა თქვას და თანაც მედიაში, მიაქცევს ვინმე ყურადღებას? ბიძინა სხვაა, რაც მთავარია, სააკაშვის გამგდებიაო.

მართალია, ბიძინამ დიდი საქმე გააკეთა, თუმცა არა ბოლომდე და მის (სააკაშვილის) შემობრუნებას აღარაფერი უკლია.

ბიძინა ქართველი დენ სიაოპინია – ამ ხელისუფლების შემქმნელი და ა.შ., – ამბობენ ჩინელი პოლიტიკოსის „მცოდნე“ პოლიტოლოგები.

შედარება ძალიან ზედაპირული და არასერიოზულია. ყოველდღიური საქმეებიდან გადამდგარი დენ სიაოპინი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეობდა, რაც ისეთი თანამდებობაა, არაფრით რომ ჩამოუვარდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეობას.

არც იდეოლოგიურად ჰგვანან ერთმანეთს მილიარდერი ბიძინა და კომუნისტი. ერთობ თავშეკავებულად მცხოვრები დენი, რომ აღარაფერი ვთქვათ გამჭრიახობაზე. დენმა ისეთი რეფორმა დაიწყო, რამაც ჩინეთი, მოკლე ისტორიულ პერიოდში, მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკად გადააქცია.

ბიძინას მიერ დაწყებულმა „რეფორმებმა“ კეთილდღეობა მხოლოდ ხელისუფლებას არგუნა – კარგი ხელფასების, ხელფასებზე დანამატებისა და პრემიების სახით; უცხოეთში სისტემატური მგზავრობით და იქ ფუფუნებაში ყოფნით.

ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს ქვეყანას, რაც შორსაა პასუხისმგებლობიანი მართვიდან. ეს „ინსტიტუტი“ უფრო მაფიოზური კლანისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე ქვეყნისთვის.

ქვეყნის მცნება სხვაა. ის არც მილიარდებს უნდა უხრიდეს თავს და არც მილიარდერის მიერ შერჩეულ ხელისუფლებას და თუ მსგავსს აქვს ადგილი, ის ქვეყნად არ ითვლება. ის ვიღაცის საკუთრებაა.

გაეროში გამგზავრება-არგამგზავრების სკანდალმა და მასში ივანიშვილის ჩარევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული პოლიტიკის არასწორი ორიენტაცია, რაც კარგს არაფერს უქადის ქვეყანას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.