მოლდოვური გაკვეთილები

ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, საბოლოოდ გაირკვევა, როგორი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდება საქართველო-უკრაინა-მოლდოვასა და რუსეთს შორის?

როგორც ფეხბურთში იტყვიან – ბურთი ამჯერად რუსეთის მოედანზეა და მასზეა დამოკიდებული, რამდენად ოსტატურად ითამაშებს. ოსტატობაში, უპირველესად ვგულისხმობ ისეთ პასს, ანუ გადაცემას, რომელიც მისთვისაც სასარგებლო იქნება და მოწინააღმდეგისთვისაც. თუმცა ფეხბურთში მსგავსი რამ დაუშვებელია, კაცმა რომ თქვას, პოლიტიკაშიც, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება, რა განწყობაზე იქნება კრემლი.

ასოცირების წინა პერიოდიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, კარგი არაფერი დაადგება უკვე ასოცირებულებს. მათ ისღა დარჩენიათ ამერიკა-ევროპის დახმარებით, მეტადრე ზეწოლით, რუსეთმა უარი არ თქვას მათთან ვაჭრობაზე. მაგრამ რამდენად გამოდგება (ამ შემთხვევაში) ევროკავშირის შუამდგომლობა, არავინ იცის. უფრო სწორად იცის, მაგრამ დაუშვებს ევროკავშირი ასეთ შუამდგომლობას, როდესაც თვით აცხადებდა – ან გექნებათ კავშირი ჩვენთან, ან იქნებით რუსეთთან.

საკითხის ესოდენ უხერხული ფორმით დაყენება არც ევროკავშირს უნდა ეკისრა და არც ასოცირების წევრობის კანდიდატებს უნდა მიეღოთ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს გაეზიარებინა რუსეთის წინადადება სამთა მოლაპარაკების (რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი) გამართვის თაობაზე.

მაშინ ევროკავშირის ხელმძღვანელმა ბაროზუმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არც აშშ-ს ადმინისტრაციამ დააკლო ხელი – ან იქნებით ცივილიზებულ სამყაროსთან, ან რუსეთთანო. სწორედ ამ გაუგებარმა „პრინციპულობამ“ გამოიწვია ის კრიზისი, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი და არა მარტო უკრაინაში.

უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომელმაც ვილნიუსში ხელი არ მოაწერა ასოცირების დოკუმენტს, დაბეჯითებით თხოვდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპა-ამერიკის მაღალჩინოსნებს რუსეთთან სამთა მოლაპარაკების გამართვისთვის ხელის შეწყობას. პრეზიდენტი პუტინიც გამოვიდა ასეთი მოწოდებით, მაგრამ პუტინ-იანუკოვიჩის წინადადება არ გაიზიარა ევროკავშირმა.

ვაშინგტონ-ბრიუსელი ახალი უკრაინული რევოლუციის მოლოდინში იყვნენ, რომელსაც იანუკოვიჩიც უნდა ჩამოეგდო და რუსეთთანაც გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ბაროზუს უარმა (და არა მარტო ბაროზუს) ძირფესვიანად შეცვალა ევროპაში მიმდინარე პროცესები. მამასისხლად გადაკიდა ერთმანეთს უკრაინა და რუსეთი, ევროკავშირი და რუსეთი, აშშ-ი და რუსეთი. ევროკავშირის უარმა უდანაშაულო, მშვიდობიანი უკრაინელების სისხლის მდინარეები დააყენა. ამ ქვეყნის ერთიანობის საკითხი მრავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ბაროზუ ჯერ-ჯერობით მაღალ პოსტზე რჩება, თუმცა შემოდგომამდე. შემოდგომაზე ის ასრულებს თავის მოვალეობას და ევროკავშირის აბურდულ ესტაფეტას სხვას გადასცემს.

პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვითარების სერიოზულ შესწავლას, გაანალიზებას და შესაბამისი დასკვნების გამოტანას. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მოქმედი პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან ჩამოთვლილი თვისებებით. მათთვის დამახასიათებელია პოზიციების სისტემატური ცვლა, სწრაფი, გაუანალიზებელი გადაწყვეტილებების მიღება და ცუდი შედეგის შემთხვევაში, სხვისი დადანაშაულება.

მსგავსმა პოლიტიკოსებმა შეიყვანეს თანამედროვე პოლიტიკა ჩიხში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ცივი ომი №2“. დასავლეთმა უკვე გამოძებნა (ან რა მოძებნა სჭირდებოდა) „ბოროტების იმპერია“ – ეს, რუსეთია და რახან ასეა, ვინ იცის, როდემდე გაგრძელდება რუსეთისთვის „ბოროტების იმპერიის“ ძახილი.

ასეთი რუსეთი, რა ვალდებულია იქონიოს ზემოთმოყვანილ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირები?

„ამჯერად მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონიდან გამოსვლას“, – განაცხადა მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელმა. მოლდოვა არ აპირებს, მაგრამ რუსეთი?

რუსეთმაც არ დააყოვნა და საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით აკრძალა მოლდოვის კვების პროდუქტების შეტანა რუსულ ბაზარზე, თან ისიც განაცხადა, რომ მოლდოვა გაირიცხება დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან.

კიშინოვის აზრით – გადაწყვეტილება უსამართლოა და სურს აუხსნას რუსეთს – ცუდი არაფერია იმაში, თუ მოლდოვა ორივე (ევროკავშირის და დსთ-ს) თავისუფალი სავაჭრო კავშირის ზონაში იქნება.

მოლდოველთა „გონებაგამჭრიახობას“ არ იზიარებს რუსეთი, ვინაიდან ვარაუდობს, რომ მოლდოვური საქონლის სახით, რუსეთში მოხდება ევროპული საქონლის ექსპორტი. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოლდოვის ბაზარი ღიაა ევროპული საქონლისთვის.

მოსკოვი, ფაქტების მოყვანით, აცხადებს, რომ რუსეთსა და საბაჟო კავშირის ქვეყნებში ადგილი აქვს მოლდოვიდან სხვადასხვა სახის საქონლის შეტანას. პოლონელებმა, რომლებმაც რამდენიმე შაქრის ქარხანა შეიძინეს მოლდოვაში, დაიწყეს ლერწმის შაქრის შეტანა რუსეთში, როგორც მოლდოვაში დამზადებული ჭარხლის შაქარი.

დიდი ხმაური გამოიწვია რუსეთში ბელგიური ძეხვის შეტანამ, რომელზედაც მოლდოველებმა დააკრეს ეტიკეტი „დამზადებულია მოლდოვაში“. მათ დაავიწყდათ ბელგიური წარწერის მოხსნა. ფალსიფიკაციის გამო რუსეთმა აკრძალა მოლდოვიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების შეტანა.

„როსსელხოზნადზორმა“ დააკავა 500 ტონა ღორის ხორცი, რომელიც მოლდოვიდან შევიდა ბელორუსში, თანაც იმ საწარმოდან, რომელსაც საბაჟო კავშირის ატესტაცია არ ჰქონდა გავლილი.

საბაჟო კავშირის ქვეყნები სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს და ა.წ. პირველი სექტემბრიდან გადაწყვეტილი აქვთ უკრაინული, ქართული და მოლდოვურ საქონელს ისეთი მოთხოვნები მიუყენონ, როგორც ევროკავშირის. აღარ ექნება ადგილი სატვირთო ავტომანქანებით, ფურებით ვაშლის, საერთოდ ხილის შეტანას და ბაზრებზე გაყიდვას. აუცილებელი იქნება შესაბამისი შეფუთვა და რაც მთავარია სერტიფიკატი, რასაც ლაბორატორია სჭირდება.

ყოველივე აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მოლდოვური ყურძნისა და ვაშლის მოსავალი, მოლდოვაში დარჩება. მას არც ევროკავშირში მიიღებენ და არც საბაჟო კავშირში. მსგავსი რამ იქნება მოლდოვურ ღვინოებთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ევროპის ბაზარი გახსნილია, მაგრამ ვინ იყიდის?

არანაკლებ მნიშვნელოვანია „გესტარბაიტერების“ საკითხი. მოლდოველებს შეეძლებათ ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ სამი თვით იყვნენ რუსეთში, ისე, როგორც ევროკავშირში. საქართველოში შეჰხარიან მოლდოვას ბედს – უკვე, უვიზო მიმოსვლა რომ აქვს ევროკავშირთან. არადა რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა, არავინ ხსნის. რუსეთში მყოფ მოლდოველს თუ არ ექნა მუშაობის უფლების დოკუმენტი, იძულებული იქნება დატოვოს რუსეთი და დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც ისედაც არიან უმუშევრები.

რა გამოვიდა? თუ ხილს, კვების პროდუქტებს, ღვინოს ვერ შეიტანს მოლდოვა რუსეთის ბაზარზე ან შეიტანს დიდი გაჭირვებით, თან ფაქტიურად გაურთულდება მდგომარეობა რუსეთში დასაქმებასთან დაკავშირებით, საით მიექანებოდა, რატომ არ დაფიქრდა?

მოლდოველი პოლიტიკოსები ხმამაღლა აცხადებენ, ასოცირების დოკუმენტი სათანადოდ ვერ შევისწავლეთ, ამერიკა-ევროკავშირი გვაჩქარებდაო. მათთვის მთავარი იყო რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტაო.

მაგრამ მარტო ამერიკა-ევროკავშირს უნდოდა რუსეთიდან მოწყვეტა? არამც და არამც. რუსეთიდან მოწყვეტა უპირველესად მოლდოვის ხელისუფლებას სურდა. თვითმხილველი იხსენებს მოლდოვის პრემიერ-მინისტრ იური ლიანკეს სიტყვებს, რომელიც მან თქვა ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ – „ბოლოსდაბოლოს რუსეთს მოვწყდითო“.

მოწყდნენ, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარნი ისევ რუსეთისკენ იყურებიან, იქნებ გვიშველოსო?

მოლდოვის სავალალო მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. საქართველოც მსგავსი პრობლემების წინაშე დგას და ფიქრი იმაზე, რომ ღმერთი (ამ შემთხვევაში რუსეთი) გვიხსნის, ნაკლებად დასაჯერებელია. ან რატომ უნდა გვიხსნას?

რახანია გაფრთხილებს, ისე ნუ მოიქცევი, რომ საკუთარ თავს ავნოო. ჩვენ კი, უფრო სწორად, დასავლეთის მიერ დაქირავებული საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს რუსეთთან არასაქმიანი ურთიერთობების წარსამართავად. არადა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დიდი იმედი ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობების კარდინალურად შეცვლის.

საპარლამენტო არჩევნებით მოსულ ხელისუფლებას ჰქონდა ამის შანსი, თუმცა მან, ისე, როგორც წინამორბედმა, ფოჩიან კანფეტებს გადააყოლა ქვეყანა. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები და ე.წ. ჟენევის გაუგებარი ფორმატი, არც საქმეა და არც ნახევარსაქმე, უფრო მეტად უსაქმობა, თვალებში ნაცრის შეყრა და დროის გასაყვანაა, თან იმის ბრავირება – ხედავთ, დასავლეთთანაც გვაქვს ურთიერთობები და რუსეთთანო.

დავუბრუნდეთ მოლდოვას, მას რა უჭირს, გვერდით რუმინეთი ჰყავს. მართალია, გაღლეტილ-გამათხოვრებული, მაგრამ მაინც ევროკავშირის წევრი, რომლის პრეზიდენტი რახანია ხმამაღლა აცხადებს, რომ მოლდოველი ბუნებაში არ არსებობს, მოლდოველი რუმინელიაო. ტრაიან ბესესკუ არა მარტო გაჰყვირის, არამედ სამომავლო საქმესაც აკეთებს – ურიგებს რა მოლდოველებს რუმინეთის პასპორტებს.

მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება, ორმაგი მოქალაქეობის მატარებელია. თვით პრეზიდენტი ტიმოფტი დაბეჯითებით აცხადებს, რომ რუმინელია და ა.შ.

მოლდოვის რუმინეთთან შეერთების მსურველი დღევანდელ ხელისუფლებაში ცოტა არ არის, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც არიან და საკმაოდ ბევრნი. ა.წ. 30 ნოემბერს დაგეგმილია პარლამენტის არჩევნები. როგორც ვარაუდობენ, მოლდოველი კომუნისტები წარმატებისთვის ემზადებიან და თუ ეს მოხდა, მოლდოვის გარუმინეთების საკითხი გადაიდება.

მოლდოვას რთული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, ვინაიდან ამ ქვეყნის ასოცირებულ წევრობას ეწინააღმდეგებიან არა მარტო დნესტრისპირელები, არამედ სხვებიც, მაგალითად გაგაუზები. ეს ავტონომია ემხრობა საბაჟო კავშირს. ავტონომიამ შესაბამისი საკონსულტაციო რეფერენდუმიც ჩაატარა, რომელზედაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრომოსკოვურ საგარეო პოლიტიკას. ამისათვის ავტონომიის მეთაური მიხაილ ფორმუზალი ქარცეცხლში გაატარა კიშინიოვმა, ხოლო ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოითხოვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ავტონომიის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ავტონომიაში დამზადებული ღვინო, ხილი და ბოსტნეული ისევე უნდა შევიდეს რუსეთის ბაზარზე, როგორც ასოცირებამდე. გაგაუზებს სურთ მოსკოვთან მოლაპარაკება არსებული პრეფერენციების შესანარჩუნებლად.

საბაჟო კავშირთან ინტეგრაციისთვის გამოდის დნესტრისპირეთი, რომელიც კარგა ხანია რუსეთს უგზავნის საკუთარი წარმოების ღვინოებსა და კონიაკს. მათ მიმართ რუსეთს პრეტენზია არ გასჩენია. ალკოჰოლური სასმელების რუსეთის ბაზარზე შეტანით დნესტრისპირეთი რაღაცას იგებს, მაგრამ არა ისეთს, შვებას რომ მისცემს ავტონომიას. 2013 წლის მონაცემების მიხედვით, ავტონომიის წარმოების 50% გადიოდა უკრაინასა და მოლდოვაში, 30% – ევროკავშირის ქვეყნებში და 20% – რუსეთში.

დღევანდელი სიტუაცია სხვაა. მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული წევრია, ისევე, როგორც უკრაინა. ორივე მხრიდან ბლოკადის გამოცხადების შემთხვევაში ტირასპოლი დაკარგავს თავისი ექსპორტის 80%-ს, რაც თავისთავად სოციალ-ეკონომიკური კატასტროფის საწინდარი იქნება.

ევროკავშირს შეუძლია გაუუქმოს დნესტრისპირეთს შეღავათიანი საექსპორტო გადასახადი, რომლითაც მთელი მოლდოვა სარგებლობს. ამ შემთხვევაში დნესტრისპირა საწარმოებს მოუხდებათ 17%-იანი გადასახადის გადახდა, რაც თვით ამ საქონელს არაკონკურენტუნარიანს გახდის. მოლდოვა-უკრაინას, როგორც ასოცირებულ წევრებს, შეუძლიათ შემოიღონ მაღალი სახის დამცავი გადასახადები, დნესტრისპირეთში დამზადებული საქონლის თავიანთთან შეტანის დროს.

ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს დნესტრისპირეთის გაზით მომარაგების საკითხიც. ეს ავტონომია უკრაინიდან იღებს რუსულ გაზს, მაგრამ არაფერს იხდის მასში. ვალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმ შემთხვევაში, თუ დნესტრისპირეთი იძულებული შეიქმნება, შებრუნდეს ევროკავშირისკენ, უმალ დასრულდება საამური რუსული გაზის ამბავი. ის, იძულებული იქნება გადაიხადოს ვალიც და საბაზრო ფასებიც გაზზე.

დნესტრისპირეთის საწარმოები დაეჩვივნენ გაზში სიმბოლური გადასახადის გადახდას. თუ მოსკოვი აზრს შეიცვლის, მაშინ ავტონომიის ეკონომიკა შეჩერდება, გაუარესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. დნესტრისპირეთის მოსახლეობის 30% საპენსიო ასაკისაა, სამრეწველო სექტორში 10%-ა დასაქმებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დნესტრისპირეთი ვერ იქნება ეკონომიკურად დამოუკიდებული.

უკრაინასთან ერთად, დასავლეთმა მოლდოვის კარტის გათამაშებაც დაიწყო. თუ უკრაინაში აშშ-ს უშუალო საფინანსო და იდეოლოგიური დახმარებით უკრაინელს გული აუცრუეს რუსეთზე და მტრად გადაჰკიდეს, მოლდოვაში, რუმინეთმა ყველაფერი იღონა მოლდოველთა გარუმინელებაში. მართალია ეს პროცესი არ დამთავრებულა, მაგრამ მიღწევები ისეთია, ბუქარესტს რომ გაუხარდება.

ამ ქვეყანამ წლების განმავლობაში არიგა და არიგა რუმინული პასპორტები მოლდოვის მოქალაქეებში, თუმცა ამას დასავლეთმა ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო და ეს მაშინ, როდესაც მთელი ამბავი ატეხა აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემაზე.

რომ იტყვიან „ზოგის ბამბაც ჩხრიალებსო“ . ეს საკითხი რუსეთს აღარ აწუხებს, ვინაიდან აფხაზეთი დამოუკიდებელია, არც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობები აწუხებს, მაგრამ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები, უდავოდ შეაწუხებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.