ფაშიზმის რეანიმაცია დაუშვებელია
საქართველოში არც ახლა მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება ნატოს ახალ გამოხდომას, რომელიც უკავშირდება მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომი პერიოდის ისეთ მოვლენას, როგორიც ბალტიისპირა საბჭოთა რესპუბლიკებში პარტიზანული დაჯგუფების „ტყის ძმების“ დანაშაულებრივ მოქმედებას ეხება.
ნატოს საიტზე ფილმის ჩვენებამ აღშფოთება გამოიწვია როგორც ომის ვეტერანებში, ისე რუსეთის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში.
ბოლო დროს გახშირდა ფაშისტური ხასიათის დემონსტრაციები, ჩირაღდნებით მსვლელობის, მიტინგების რაოდენობა, სადაც სვასტკებიანი გასამხედროებული ყმაწვილები, ფაშისტი ვეტერანები დაუფარავად ავლენენ თავიანთ თავს და სამომავლო გეგმებსაც სახავენ – ჯერ შეფარულად.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, სადაც ადგილი ჰქონდა „ტყის ძმების“ „მოღვაწეობას“, მათი განადგურების შემდეგაც არ შეწყვეტილა ანტისაბჭოთა მოქმედება და პროპაგანდა. უბრალოდ, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მან იატაკქვეშეთს მიაშურა და წარმატებით გადაირჩინა თავი საბჭოთა უშიშროების ორგანოების დევნისგან.
საბჭოთა კავშირიდან გასვლის და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველსავე დღიდან სამივე რესპუბლიკაში ფართოდ გაიშალა ანტისაბჭოური, ანტირუსული მოღვაწეობა, წამოტივტივდა გერმანული ფაშიზმის პერიოდის გმირები, რომლებიც იბრძოდნენ სამივე რესპუბლიკის „დამოუკიდებლობისთვის“.
25 წლის განმავლობაში თუ ვინმეს და რამეს მიეცა ფართო გასაქანი – ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – რუსოფობია და ფაშიზმის აღორძინებაა, რასაც მოჰყვა იქ მაცხოვრებელი რუსი მოსახლეობის შევიწროება, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გადაქცევა, მშობლიური ენის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დემონტაჟი და სხვა ისეთი ქმედება, რაც უდავოდ მანიშნებელია, რომ ფაშიზმი ყვავის.
ცუდი მაგალითი, რომ გადამდებია, ფაქტია. ალბათ ამის გამოვლინებაა ის, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. ბანდერას, შუხევიჩის სახელების უკდავყოფა, უკრაინის ქალაქების ქუჩებისთვის მათი სახელების დარქმევა, ფაშისტური მსვლელობების მოწყობა, საბჭოთა პერიოდის ძეგლების დემონტაჟი და სხვა.
ანალოგიური თუ არა, მსგავსი მაგალითებით, განსაკუთრებით საბჭოთა მეომრების ძეგლების ნგრევით გამოიჩინა თავი პოლონეთმაც, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პოლონეთი, ისე, როგორც ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, თავს რუსეთის ისტორიულ მტრად მიიჩნევს და წამსაც არ ტოვებს ანტირუსული პროპაგანდის და მოქმედების განსახორციელებლად.
„ტყის ძმებს“ უკრაინელ ფაშისტებთან ერთად ხელები პოლონელების, რუსების, ებრაელების სისხლში აქვთ გასვრილი, მაგრამ რატომღაც ამას არვინ იხსენებს, თუნდაც ის დემოკრატი ევროპა და აშშ-ი. მათ თვალწინ ხდება ფაშიზმის აღორძინება, რაზეც თვალს ხუჭავენ.
„ტყის ძმების“ პარტიზანულ მოქმედებას არაფრით შეიძლება ეწოდოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ფაშისტურ გერმანიასთან გადაჯაჭვული „ტყის ძმები“-ს რეანიმაცია, წინა პლანზე, თანაც პატრიოტული ლოზუნგით წამოწევა (რაც ნატომ გააკეთა), არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ფაშიზმის მოძულე კაცობრიობის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, ნატოს დღევანდელ ხელმძღვანელობას ისტორიული მეხსიერების დაქვეითება სჭირს, თორემ „ტყის ძმებს“ ესოდენ პოზიტიურად არ განიხილავდა. ბალტიისპირა რესპუბლიკებსაც მსგავსი დაავადება აწუხებთ. მათ დაავიწყდათ, თუ რას უპირებდა გამარჯვებული გერმანია ბალტიისპირა ქვეყნებს – მოსახლეობის სამი მეოთხედის ციმბირში გადასახლებას, დარჩენების – ჩასახლებული გერმანელეების მოსამსახურეობას.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია, მაგრამ „ძველი“ ევროპა რატომღაც ტოლერანტულად უყურებს მოვლენებს, რაც აშკარა ზერელეობას ნიშნავს. სწორედ ასეთმა ინდეფერენტულობამ გამოიწვია გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანიაში, იტალიაში ფაშიზმის აღმოცენება.
დღევანდელი რუსეთი ევროპას მტრად ჰყავს წარმოსახული. ანალოგიური ვითარებაა აშშ-ი და აქედან გამომდინარე ნებისმიერ ანტირუსულ ქვეყანას ისინი ტაშით მიესალმებიან. ასე იყო მაშინაც – გასული საუკუნის 30-იან წლებში, რომელსაც ათეული მილიონი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, ნგრევა, უბედურება.
ფაშიზმის ყურწაყრუებამ მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს ისეთი, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი, მითუმეტეს სავალალოა, როდესაც ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ნატოა, რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომში აკრძალულ მეთოდებს იყენებს, „ტყის ძმების“ სახით.
რას ვაკეთებთ ჩვენ? ნატოში შესვლაზე ვვოცნებობთ.
ორგანიზაცია, რომელიც საბჭოეთის შიშით იყო შექმნილი, დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მკვდარია (სსრ კავშირი).
ნატომ თავი ნეგატიური ქმედებითაც გამოიჩინა, განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ. ეს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია ცინიკური განცხადებებით არის ცნობილი, რომელთა შორის განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა რუსული აგრესია. სწორედ ამ აგრესიის შესაკავებლად ნატომ აშშ-ს სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა მოიხმო და განალაგა რუსეთის საზღვრების სიახლოეს.
ნატოს მიზანი – რკალში მოაქციოს რუსეთი, სახიფათო გეგმაა, რასაც სრული შესაძლებელია მოჰყვეს შემთხვევითი ნაბიჯი – სამხედრო დაპირისპირების სახით.
მიუხედავად ჩვენი, რუსეთისადმი „სიყვარულისა“, წამით წარმოვიდგინოთ თავი რუსეთის ადგილას. რას მოვიმოქმედებდით, თუ ძალა და იარაღი გვექნებოდა? – ალბათ იმაზე მეტს, რასაც რუსეთი აკეთებს ანუ საკუთარი საზღვრების გამაგრებას და იქ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას.
რუსეთი ოფიციალურად, საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველო-უკრაინის შესვლას ნატოში უარყოფითად განიხილავს და შეეცდება ხელი შეუშალოს ამ პროცესს. როგორც უკრაინა, ისე ჩვენც არაფრად ვაგდებთ რუსეთის განცხადებას და ჯიბრზე გავყვირივართ – ნატოსკენ! თან ზედიზედ ნატოს წვრთნებს ვატარებთ. ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრსაც ვხსნით და სხვა.
შეუშვებენ თუ არა საქართველოს ნატოში? – ასე, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე უნდა დაისვას კითხვა, რომლის პირდაპირი პასუხი არის – არა!
რაღაც სასწაული უნდა მოხდეს საერთაშორისო არენაზე, რომელიც უბიძგებს ბრიუსელს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო შეიყვანოს ნატოში. სხვა მხრივ, ნატოს წესდებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ ეღირსება ნატოს, ვინაიდან მას ტერიტორიული ხასიათის პრობლემები აქვს მეზობლებთან. ასეთს კი ნატოში არ იღებენ, ვინაიდან ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც სხვის ტერიტორიულ საკითხს აგვარებდეს.
ასე რომ, სისულელეა იმის მოიმედეობა – ნატო დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. არც ნატოში შესვლით და არც სიახლოვით ნატო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ და ვერ აღადგენს. მაშ, რა სჯიდა პარლამენტის წევრებს „პატრიოტთა ალიანსიდან“ საჯაროდ ეთქვათ ახალი პროექტის თაობაზე – ნატო, რუსეთი, საქართველო?
უპირველეს ყოვლისა ნატოს წესდების არცოდნა ან უგულებელყოფა. ეს, რომ ასეა, უკვე დაადასტურა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ნატოს მაღალჩინოსანმა აპატურაიმ, რომელმაც თქვა – ნატოს აქვს ცალ-ცალკე კავშირები, როგორც საქართველოსთან, ისე რუსეთთან და შუამავლად ის არ გამოდგება. როდესაც გვაქვს ჟენევის ფორმატი, ახალზე ზედმეტია ლაპარაკი.
გარდა ამისა, არც საქართველო და არც რუსეთი ნატოს წევრები არ არიან და რატომ შეიწუხებს თავს ნატო ორთა კამათში ჩარევით, მითუმეტეს, როდესაც ასეთს მას არც ერთი დოკუმენტი არ ავალდებულებს?
და კიდევ ერთი რამ, როგორც ჩანს ჩვენ – დამოუკიდებლებს და სუვერენულებს, გვეშინია სხვასთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკება სხვისი თანხლების გარეშე (ნატოს). ბოლოსდაბოლოს ვეღარ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გაგვიკეთებს!
ეს მარტივი საკითხი დღესაც გაცნობიერებული არ გვაქვს, არადა 25 წელიწადია „დამოუკიდებლად“ ვცხოვრობთ. რუსეთთან, რომელთანაც საუკუნეობრივი ერთად ცხოვრება გვაკავშირებს, შიშით, მარტო ვერ მივსულვართ და სხვა რა უნდა ვიღონოთ?
ნუთუ, 25 წელიწადი საკმარისი არ არის, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის? – ჩვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, არა.
განვლილმა ე.წ. დამოუკიდებლობის წლებმა უმთავრესი რაც მოგვიტანა, სხვაზე დამოკიდებულებაა, სხვა ქვეყანაზე, ქვეყნებზე, სხვა ქვეყნების სპეციალისტებზე, განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე და ვართ ასე, ვითომ დამოუკიდებლები, სინამდვილეში იმდენად დამოკიდებულები, უარესს რომ ჩვენი ავის მსურველიც ვერ ინატრებდა.
ამგვარმა დამოკიდებულების პოლიტიკამ თავისი ნაყოფიც გამოიღო – პოლიტიკური კადრების უქონლობა. დღევანდელ საქართველოში ყველაფრის დეფიციტია, მაგრამ ყველაზე მეტად დამოუკიდებელი აზროვნების. ქართული პოლიტიკა ქვევრადაა ქცეული და რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. სწორედ ამის დამადასტურებელია „პატრიოტთა ალიანსის“ ინოვაციური პროექტის მოსკოვში გაჟღერება – ნატო-საქართველო-რუსეთი, ისევ ვიღაცის მოიმედობაა, ისევ იმაზე ფიქრი, რომ დასავლეთი დაგვეხმარება, რომ ჩვენი მოწოდებების საფუძველზე მსოფლიო საზოგადოება ფეხზე დადგება და აიძულებს რუსეთს დაგვიბრუნოს ყოფილი ავტონომიები.
დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას ახასიათებს ვიღაცის ლანძღვა და უმალ, მეორე დღესვე თავისივე სიტყვების, საქებარით ჩანაცვლება. მსგავსი მაგალითების გამეორება ანუ გადაღება კარგს არაფერს მოგვიტანს. კრიტიკა, თუ ის ობიექტურია, დასაშვებია, მაგრამ უშვერი სიტყვებით ლანძღვა – დაუშვებელი, ვინაიდან გალანძღულს არ ავიწყდება ასეთი „პატივისცემა“ და ერთ მშვენიერ დღეს გულისწყრომას გამოავლენს მლანძღველის მიმართ.
„პატრიოტთა ალიანსს“ არაერთი მსგავსი გამონათქვამი ჰქონდა რუსეთის მიმართ. პარტიის გენერალურმა მდივანმა ოთარაშვილმა, ერთ-ერთი თოქ-შოუს მონაწილემ, მისი კოლეგების მოსკოვში გამგზავრების დღეს, არაერთხელ მოიხსენია რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი და ა.შ. საინტერესოა, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების დროს ასე მიმართა მას ქართულმა მხარემ?
დროა შევეშვათ ავსიტყვაობით გულის ფხანას, ობიექტურად შევაფასოდ მოვლენები, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს და ვაღიაროთ, რომ აგრესია, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო, იყო ქვეყნის გამაჩანაგებელი, მისი ტერიტორიული მთლიანობის შემბღალავი და რომ არა ასეთი რამ, არავითარ აგრესიას ადგილი არ ექნებოდა.
ქვეყანა, რომელიც დღესაც გამომწვევ განცხადებებს აკეთებს და ნატოს მიიჩნევს რუსული სამხედრო ძალის საპირწონედ, ვერ ზომავს, რომ მაშინაც (2008 წელს) და დღესაც რუსეთი აღუდგება ნატოს ყოფნას მის სამხრეთ საზღვრებთან.
ნატოს აქვს ასეთი პროგრამა და მას არ შეცვლის, რაც არ უნდა ეხვეწოს მას „პატრიოტთა ალიანსი“ – ბაზები არ გახსნას საქართველოში. ჩვენ ისე შევტოპეთ ნატოსთან არშიყში, რომ ჩვენსავე ტერიტორიაზე გვიგეგმავენ სამხედრო-საწვრთნელი ბაზის გახსნას, ერთობლივ წვრთნებს. ამ საქმეში თავისი ავტორიტეტული წვლილი შეაქვს ამერიკელ სენატორს მაკკეინს, საქართველოს დიდ „მეგობარს“ და ქართული ავანტიურისტული, ანტირუსული პოლიტიკის მხურვალე მხარდამჭერს.
აშშ-ს კონგრესი, სისტემატურად მოსეირნე საქართველოში და ანტირუსულად განწყობილი, უწინდებურად აქეზებს ხელისუფლებას, პოლიტიკას მეზობელი რუსეთის წინააღმდეგ, რითაც თავგზას უბნევს, ისედაც თავგზააბნეულ ქვეყანას.
რა გაეწყობა, ყველა თავისას ექაჩება, ამერიკელები თავისას, ნატო კი თავისას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, რომლის უპირველესი ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის ინტერესები, ინდიფერენტულად შეჰყურებს „გაქაჩვა-გამოქაჩვის“ პროცესს. რაც შეეხება მაკკეინს, ე.წ. ჩვენს მეგობარს, მას ავადმყოფურად სძულს რუსეთი და მზადაა ტერორისტებსაც შეეკრას, რუსეთის საწინააღმდეგოდ.
„პატიოსანი“ და „პატრიოტი“ მაკკეინის ინსტიტუტი „The McCain Institute for International Leadership“-ი, რომელიც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულია, შემჩნეულია უკანონო ფულის მიღებაში – სოროსის ფონდიდან 100000 დოლარის; დაგ ბენდის არასამთავრობო ორგანიზაციისგან – 300000 დოლარი. მაკკეინის ინსტიტუტში ფულს რიცხავდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა მაროკოს ფოსფატების მოპოვების სახელმწიფო კორპორაცია (100000); ირანულ-ამერიკული საბჭო – 205000; საუდის არაბეთის სპონსორები – მილიონზე მეტი დოლარი.
საუდელებთან ფინანსურ კავშირებთან დაკავშირებით სახელმწიფოს სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ, რატომ მისცეს მათ ფული (მილიონი დოლარი) მაკკეინის ინსტიტუტს. რას მოითხოვდნენ მაკკეინისგან? არც ბევრს. ვაშინგტონში მიეწვია ომის ვეტერანები და მოემართა ისინი ობამას მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ.
მაკკეინმა შეასრულა საუდელების დავალება და ვეტერანი ამერიკელი მეომრების 7 ჯგუფი, სხვადასხვა დროს, 2016 წელს და 2017 წლის თებერვალში ჩაიყვანა ვაშინგტონში და საუდელების ხარჯზე აცხოვრა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. შემდეგ ვეტერანები გამოვიდნენ კონგრესში და ხვეწნა დაუწყეს კონგრესმენებს არ მიეღოთ კანონი.
მთლიანობაში ეს ვოიაჟი საუდელებს 8.4 მილიონი დოლარი დაუჯდათ. თუმცა მიზანი ვერ განხორციელდა, ვინაიდან კონგრესმა მაინც მიიღო ობამას კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა აშშ-ზე მოწყობილ ტერორისტულ აქტს.
ამ კანონს ტერორისტულ აქტში დაღუპული 3000 ადამიანის ნათესავი ელოდებოდა. 800-გვერდიანი დოკუმენტი მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არა სრულყოფილად. 28 გვერდი სახელმწიფომ დაუმალა ხალხს.
FBI-ის გამოძიების მიხედვით, ტერორისტული აქტები მოამზადა საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა. მასში მონაწილეობდნენ აშშ-ი საუდელი დიპლომატები და საკონსულო მუშაკები. ისინი აფინანსებდნენ ტერორისტების სწავლის პროცესს აშშ-ს საფრენოსნო სკოლაში. 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთიდან იყო. საუდელი დიპლომატების დახმარებით ხდებოდა საცხოვრებელი ბინების დაქირავება, მობილური ტელეფონების შეძენა და სხვა.
2003 წელს 46 სენატორმა წერილით მიმართა პრეზიდენტ ბუშს – გამოექვეყნებინა საიდუმლო 28 ფურცელი, მაგრამ ადმინისტრაციამ წაუყრუა მოთხოვნას. საპასუხოდ შეიქმნა ორგანიზაცია „28 გვერდი“, რომლის რიგებში არიან ტერაქტში დაღუპულთა ნათესავები.
ორგანიზაციამ მიუთითა სენატორ მაკკეინის როლზე, რომელიც, საუდელებისგან ფულის მიღების სანაცვლოდ, ცდილობდა კანონპროექტის ჩაგდებას. მაგრამ ვერ მოახერხა. ყოფილი პრეზიდენტი ობამა, ერთობ ნეგატიურად განწყობილი საუდის არაბეთის მიმართ, კონგრესს აღებინებს კანონს და ფარდას ხდის უდიდეს დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა საუდის არაბეთმა „მეგობარი“ ამერიკის წინააღმდეგ, ხოლო ამერიკის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა საუდელების გაშავებისგან, ვითომდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს „მეგობარ“ მაკკეინს, ბევრი აქვს გამოძიებისთვის სათქმელი, რაც უდავოდ ფარდას ახდის მსოფლიოს პირველი ქვეყნის არცთუ სუფთა პოლიტიკურ ცხოვრებას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.