ბორჯომის ტყე-პარკის ხანძართან დაკავშირებით

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანამ დიდი საჩუქარი მიიღო – ოკეანისგადაღმიდან, კერძოდ აშშ-ნ, ანტრაციტით (ქვანახშირი) დატვირთული გემი. ენერგეტიკული პრობლემის მოგვარების თაობაზე წერდა და გაჰკიოდა უკრაინული მედია. არანაკლებ ეიფორია იყო ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ამერიკული დაჭირხული გაზი ჩაიტანეს, ცხადია გაცილებით ძვირად, ვიდრე რუსული გაზი.

საქართველოს მსგავსი ენერგეტიკული „საჩუქრები“ არ მიუღია, მაგრამ ერთ რამედ ღირს ამერიკელთა მიერ მეხანძრეთათვის ნაჩუქარი ეკიპირება, რამაც ყველა და ყველაფერი გადაფარა.

ვინც თვალს ადევნებდა ბორჯომის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის მოვლენებს, მასთან ბრძოლას და ა.შ., უდავოდ ყურში მოხვდებოდა იმ მეზობელი თუ კეთილისმსურველი ქვეყნების დახმარების თაობაზე, ვინც ტექნიკით თუ მეხანძრეებით ებრძოდა სტიქიას. ჩამონათვალი აშშ-ით იწყებოდა, რომელიც არ ღებულობდა მონაწილეობას ხანძრის საწინააღმდეგო ბრძოლაში, თუმცა მორალურად ჩვენს გვერდით იდგა და მუდამ გვახსენებდა – თუ გაგიჭირდებათ, უმალ მოგვმართეთ და სასწრაფოდ ვაფრენთ ჩვენს მეხანძრეებს გერმანიაში დაბანაკებული ამერიკული სამხედრო ბაზებიდანო.

როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებას არ მიუმართავს, თორემ მაშველებს, როგორ დაგვამადლიდნენ?

ისე, კაცმა რომ თქვას, რა მიმართვა იყო საჭირო საქართველოში აშშ-ს ელჩის კელისთვის, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა იმ უსუსურობას, რასაც დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ბორჯომის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც იქნა ხანძარი ჩააქრეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის მეხანძრეებმა და სპეცტექნიკამ. გაუჭირდათ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ხანძართან ბრძოლა უსერიოზულესი საქმეა და სწორედ მას შეუძლია, ვისაც დიდი გამოცდილება, გაწვრთნილი და სათანადოდ ეკიპირებული მაშველები ჰყავს.

ამ თვალსაზრისით ყველაზე გამოცდილი მეზობელი რუსეთია – შესაბამისი ავიაციით, კვალიფიცირებული პერსონალით, გამოცდილებით. და რომ ეს ასეა, წლის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა, როგორც საკუთარ ქვეყანაში ხანძართან ბრძოლაში, ისე სხვა ქვეყნებში – ლათინური ამერიკიდან დაწყებული, ევროპისა და აზიის ქვეყნებით დამთავრებული.

მიწისძვრა, ხანძარი, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული პრობლემები მუდამ იყო და არის რუსი მაშველების აქტიური მოქმედების არეალი. ეს, ფაქტია და მას ვერსად გავექცევით, ისე, როგორც ამ ქვეყნის მეზობლობას. უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ არ მიმართა დროულად საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დახმარებისთვის?

ირკვევა, რომ მიუმართავს, რამდენად დროულად ვერ გეტყვით, მაგრამ საბოლოო ჯამში დახმარება აღარ დასჭირდათ და თხოვნას, უარი მიაყოლეს.

მეზობელმა რუსეთმა კი, რომელსაც თვით ჰქონდა არაერთი პრობლემა ხანძართან დაკავშირებით, უმალ გაამზადა თვითმფრინავი გამოსაფრენად, მაგრამ უარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით ეუბნებოდა საკუთარ მოსახლეობას – რუსეთისთვის არ მიგვიმართავსო, მაგრამ მოკირკიტე მედიამ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს სახით, საწინააღმდეგო დაადგინა. მიუმართავს თან როგორ, მაგრამ მოგვიანებით, ვიღაცის შიშით, ვერ გეტყვით ამერიკელთა თუ ოპოზიციის, ინანა და თხოვნა უკან გამოიწვია.

გაფრენილ სიტყვას ანუ თხოვნას რაღა ეშველებოდა და უმალ დაიწყო თავის მტრევა შესაბამისი ვერსიის შესათხზველად. ვერსია კი ასეთი იყო – მივმართეთ გაეროს, ხოლო იმან ყველას, ვისაც შველა შეეძლო და მათ შორის რუსეთსაცო, რაც უმალ გააბათილა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ – არავითარი გაერო, პირდაპირ მოგვმართეს და ჩვენც უმალ გავამზადეთ თვითმფრინავი გასაფრენადო.

უსმენ ამ ისტორიას და გაოცებას, თან აღშფოთებას ვერ ფარავ. ასეთთა რიცხვმა ინტერნეტში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისინი მოითხოვდნენ რუსეთის დაუყოვნებლივ ჩართვას სტიქიასთან ბრძოლაში და მართლებიც იყვნენ, ვინაიდან რუსული მაშველი თვითმფრინავის ორ-სამჯერ გადაფრენა ხანძრის თავზე და წყლის დასხმა უმალ ჩააქრობდა ხანძარს.

თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთს ჰყავს ხანძართან საბრძოლველად უნიკალურია, ვინაიდან სხვა ქვეყნების მსგავს საფრენ აპარატებთან შედარებით ყველაზე მეტ წყალს იტევს. გაცილებით მეტს, ვიდრე ბორჯომის ტყეპარკში გაჩენილ ხანძართან მებრძოლი ყველა ქვეყნის საფრენი აპარატი, ერთად აღებული.

სტიქიასთან ბრძოლა ისეთი რამ არის, მტერ-მოყვრობა რომ არ იცის. ასეთთან ბრძოლაში ყველა მოყვარე ხდება და დასაძრახი არაფერი იქნებოდა, რუსეთს რომ მიეღო მონაწილეობა ხანძართან ბრძოლაში.

არ მიაღებინეს, ვინაიდან „მტერი“ და „ოკუპანტია“, რის შესახებაც არაერთხელ ითქვა ბორჯომის ხანძრიდან გამომდინარე. თითქმის ყველა სატელევიზიო გადაცემა ხაზგასმით იხსენებდა, როგორ „გადაწვა“ რუსეთმა ბორჯომის ტყე 2008 წლის ცხინვალის ომის დროს.

სააკაშვილისა და „ნაცების“ მიერ გავრცელებული ვერსია ისეთივე სიცრუეა, როგორც რუსეთის საქართველოზე თავდასხმა. მაგრამ რა გაეწყობა – დღევანდელებსაც ისე, როგორც გუშინდელებს აწყობთ ეს ვერსია – და ასეც იქნება, ვიდრე საერთაშორისო მიუკერძოებული კომისია, რომელსაც აშშ-ი თითს ვერ დაუქნევს, ობიექტურად შეისწავლის 2008 წლის მოვლენებს.

არის თუ არა ამის შესაძლებლობა? – სამწუხაროდ არ არის, ვინაიდან ასეთმა უკვე შეისწავლა და დასკვნაც დადო, რომლის „არ სჯერათ“ არც საქართველოს და არც აშშ-ს.

„არ სჯერათ“ – უბრალო ნათქვამია და მეტი არაფერი, თორემ თვითონაც კარგად იციან, ვინ დაიწყო ომი, ვისი ძალისხმევით მოხდა ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

კოლექტიურ დასავლეთს აწყობს რუსეთის გაშავება, მისი აგრესორად დახატვა. ეს იდეა ომამდე კარგა ხნით ადრე ღრღნიდა მის გულსა და სულს, თან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სააკაშვილს დაკარგული სამხრეთ ოსეთი დაებრუნებინა, ცხადია არა საქართველოს გამთლიანებისთვის, არამედ თავისთვის ანუ იქ ნატოს სამხედრო-სადაზვერვო ბაზის შექმნისთვის. ასე აცხადებს დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი სკარლეტი და ამატებს, რომ ბაზას რუსეთი დაზვერვის არეალში უნდა მოექცია.

2008 წლის ომთან დაკავშირებული ამბები ჩვენთვის ერთობ საინტერესოა და ამოუცნობი. ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც დაკარგავს აქტუალობას – 50-100 წლის შემდეგ, თუკი იარსებებს მსოფლიო. მანამდე კი იქნება ვარაუდები, ფაქტებიც, რომლებსაც ოფიციოზი არ მიაქცევს ყურადღებას, იქნება რუსეთის ლანძღვა-გინება და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ ბორჯომის ტყე-პარკის ხანძარს, ხანძრის ხელოვნური გაჩენის ელფერიც დაერთოს. დასტურად ამისა ხანძრის ადგილას „ნანახი“ ნავთიანი ბოთლი და კასრია. გამოძიებაც დაადგენს, რომ ხანძარი ვიღაცის მეცადინეობით გაჩნდა და ეს, ისე იქნება ნათქვამი, რომ იმ ვიღაცაში რუსეთს იგულისხმებენ.

რუსეთი ხომ ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აჰკიდო, მათ შორის დაუჯერებელიც, ალოგიკურიც. იტყვიან – რუსეთმა გააჩინა ხანძარიო და მერე იმართლოს თავი რუსეთმა. მაგრამ ეს სამომავლოდ. რა გვაქვს დღეს?

გადამწვარ-გადაბუგული 100 ჰექტარზე მეტი უნიკალური ტყე, რომლის გადარჩენა უდავოდ შეიძლებოდა, რომ რუსული დახმარება მიეღო საქართველოს ხელისუფლებას. მან კი – არ მიიღო, თითქოს ხანძარი მის საკუთარ სახლში იყო გაჩენილი და არა ქვეყანაში.

როდესაც ანალოგიურ ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე, პოლიტიკა განზე უნდა გადაიდოს და ხანძრის ჩამქრობის წარმომავლობაზე არ უნდა იფიქრო. მთავარი ტყის გადარჩენა, თანაც დროული უნდა ყოფილიყო და არა ვიღაც-ვიღაცაების, თუნდაც სავარაუდოდ ამერიკელებეის ჭკუის დარიგებისთვის ყურის დაგდება.

ბორჯომის ტყე-პარკი ეროვნული საგანძურია და არა ამ ხელისუფლების ან ნებისმიერის საკუთარი ბაღჩა-ბაღი. ის ამ ხელისუფალთა ბებიებსა და ბაბუებს არ დაუტოვებიათ ბედოვლათი შვილიშვილებისთვის, რომლებსაც, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ რუსთა ბორჯომში გამოჩენისგან.

დღეს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს აქებენ – კარგად გაართვა თავი ბორჯომის სტიქიასო. არადა, მისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე მოეწვია რუსეთი, რაც უდავოდ გადაარჩენდა უდიდესი ტერიტორიის დაწვას. არაუშავს, აღვადგენთო – ამბობს ხელისუფლება. და დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს ვერ გააკეთებს, ვინაიდან აღდგენას 20 წელზე მეტი დასჭირდება, ამდენს კი ის ვერ შემორჩება ქვეყნის სათავეში.

საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით თქვა უარი რუსეთის დახმარებაზე – ქვეყნის საზიანოდ; უკრაინის ხელისუფლებამ, რუსეთის და დონბასის საწინააღმდეგოდ,  საკუთარი ქვეყნის და ხალხის საზიანოდ ანტრაციტი აშშ-ში შეიძინა, გაცილებით მეტ ფასად, ვიდრე ამას გააკეთებდა რუსეთში ანდა საკუთარსავე ქვეყანაში – დონბასში; ბალტიისპირა ქვეყნებმა ორჯერ მეტ ფასად (რუსულ გაზთან შედარებით) მიიღო დაჭირხლული გაზი აშშ-სგან. ანალოგიურად მოიქცა პოლონეთიც, რუსეთის დაუძინებელი მტერი და ზედმეტ ფასებში ამჯობინა რუსულ გაზს, ამერიკული. რაც შეეხება უკრაინას, მან უარი თქვა რუსულ გაზზე, მაგრამ სინამდვილეში რუსულ გაზს სლოვაკეთისგან ყიდულობს, ოღონდ გაზრდილ ფასებში.

სხვა სისულელეებს აღარ ჩამოვთვლი, ვინაიდან შორდება ადამიანურ სიბრიყვეს და უმეცრობაში გადადის, უფრო სწორად ბოროტებაში საკუთარი ხალხის მიმართ.

დიახ! აღნიშნული ქვეყნების ლიდერები, აშშ-ს და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ ანტირუსული ვირუსით დაავადებულები, თავიანთ ბრიყვულ გადაწყვეტილებას თავს ახვევენ საკუთარსავე ხალხსა, ვინაიდან „გაზპრომის“ გაზთან შედარებით 2-ჯერ ძვირი ამერიკული გაზის ან ქვანახშირის საფასური ხალხმა უნდა დაფაროს – საკუთარი ჯიბიდან და არა ხელისუფლებამ, ისე, როგორც გავერანებულ ბორჯომის ტყე-პარკს ქართველებმა უნდა ვუცქიროთ მრავალი წლის განმავლობაში.

ჩამოთვლილი ქვეყნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს მიაყენოს ზიანი, თუნდაც საკუთარი ხალხის საზიანოდ. ასეთ პოლიტიკოსებს პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეთ შეხება. ასეთები არ უნდა პოულობდნენ დასაყრდენს დასავლეთში, მეტადრე აშშ-ი, ვინაიდან ასეთთაგან მუდმივი ხიფათი გარანტირებულია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, აშშ-ი რომ ნორმალური პოლიტიკოსთა საბრძანებელი ყოფილიყო, მაგრამ ამას ხომ ადგილი არ აქვს? რასაც ადგილი აქვს – წაქეზებაა, მეტადრე იმ ქვეყნების, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, ვითომდა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. სინამდვილეში – აშშ-ს ჰეგემონიზმის განსამტკიცებლად, რუსეთის დასაჩაჩანაკებლად, დასაშლელად, აშშ-ს მონად გადასაქცევად.

ამერიკელთა მიზანი – „ნათელი მომავალია“, რისთვისაც ბინძური გზაც მისაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში კორუმპირებული პოროშენკოს გაპრეზიდენტება მიუღებელი იქნებოდა; არანაკლებ კორუმპირებული და ტაკიმასხარა სააკაშვილის აღვირახსნილი პრეზიდენტობის ატანა შეუძლებელი იქნებოდა. აშშ-ი ისეთი ქვეყანა ყოფილიყო, ჩვენ რომ გვეგონა, სააკაშვილს არათუ პრეზიდენტად, არამედ საღორის გამგედაც არ დანიშნავდა. 2008 წლის სამხედრო ავანტიურისთვის ჰააგის სასამართლოს გადასცემდა; უკრაინაში ფაშიზმს არ ააღორძინებდა და ძირშივე ჩაკლავდა ნებისმიერ სვასტიკურ გამოვლინებას; რუსეთთან ჭიდილსა და კონკურენციას დაშვებული სამართლიანი წესებით წარმართავდა და არა დაუშვებელი, რომელიც პირველ სუპერსახელმწიფოს არ ეკადრება.

მაგრამ ეს დიდი, პირველი და სუპერი ობიექტური პოლიტიკური თამაშით კი არ გამხდარა მოწინავე, არამედ თვალთმაქცობით, ტყუილით, სხვა ქვეყნების დაშინებით, შანტაჟით. ის ამ თვისებებს არასდროს გადაეჩვევა. მან არ იცის მოკავშირე, მან მხოლოდ ის იცის, რა შეიძლება გამოდნეს მოკავშირისგან. ასეთთან ურთიერთობას დისტანციაზე ყოფნა სჯობს. მაგრამ, იცის ეს ამერიკის თვალში შემციცინე ხელისუფლებებმა, მათ შორის ჩვენმაც?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.