ევროკავშირული პრობლემები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

2019 წლის 29 მარტს დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, მაგრამ დარჩება საერთო ბაზარში და დაიცავს მის წესებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე. ამ პერიოდში მხარეები შეიმუშავებენ სავაჭრო ურთიერთობების ახალ სქემას. გარდამავალი პერიოდი შეიძლება 2 წლამდე გაიჭიმოს, ანუ 2020 წლის 1 ივლისამდე.

„ბრექზიტის“ მთავარი თემა იყო და არის ირლანდიის საზღვარი. შეთანხმება, რომელიც სულ ახლახანს იქნა გაფორმებული დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, ორივე მხარეს ავალდებულებს არ შექმნას ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე ბარიერი, თავი აარიდოს საბაჟოსა და სხვა შეფერხებებს.

„გაყრის“ დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი თანახმაა შეიტანოს საწევრო ევროკავშირის საპენსიო ფონდში, სხვა თანხები, რომელსაც ის იხდიდა ევროკავშირის წევრობისას, 2020 წლამდე, რაც 39 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ანუ 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებს მხოლოდ ხანმოკლე ვადით შეეძლებათ თავისუფლად, უვიზოდ გადაადგილება. მთელი რიგი საკითხები, მათ შორის თევზჭერის, უნდა მოწესრიგდეს ხელშეკრულებებით 2020 წლის 1 ივლისამდე. ასევე უნდა მოწესრიგდეს გიბრალტართან დაკავშირებული კამათი.

ევროკავშირის სამიტამდე, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა, ესპანეთმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ხელშეკრულებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, თუ არ გაირკვევა გიბრალტარის კუთვნილების საკითხი.

ცნობისთვის: დიდმა ბრიტანეთმა 1713 წელს წაგლიჯა გიბრალტარი ესპანეთს. 1830 წელს მან გიბრალტარი თავის კოლონიად გამოაცხადა. იქიდან დაწყებული, დღემდე გიბრალტარი იყო და არის ესპანეთ-დიდი ბრიტანეთის მუდმივი კინკლაობის თემა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნატოს და ჯერ-ჯერობით (ინგლისი) ევროკავშირის წევრები არიან..

ამას ხაზგასმით აღვნიშნავ ქართველ პოლიტიკოსთა გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. გიბრალტარის ტერიტორია მხოლოდ 6.5 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ ის დიდ ბრიტანეთს აძლევს შანსს გააკონტროლოს გასასვლელი ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტიკის ოკეანეში.

გიბრალტარის ოფიციალური ენა ინგლისურია. მოსახლეობის 25%-ს ინგლისური ფესვები აქვს. გიბრალტარი ცნობილია ტურიზმით. გასულ წელს იქ მარტო ინგლისიდან 18 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.

საკამათო თემაა გიბრალტარის აეროპორტიც, რომელიც 106 ჰექტარია. ის ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს და ემსახურება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სექტორს. ოფიციალური მადრიდი კატეგორიულად აცხადებს, რომ აეროპორტის ტერიტორია მისია.

2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გიბრალტარელთა 96% სურს ევროკავშირში დარჩენა ისე, როგორც ესპანეთს.

ესპანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება, თუ გიბრალტარზე დაწესდება ერთობლივი ბრიტანულ-ესპანური მმართველობა და გიბრალტარელებს მიეცემათ ორმაგი მოქალაქეობა, გაუქმდება ე.წ. საზღვარი გიბრალტარსა და ესპანეთს შორის.

გიბრალტარის თემა, „ბრექსიტიდან“ გამომდინარე საკითხებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომლიც 2020 წლის ივლისამდე უნდა გადაიჭრას.

ზემომოყვანილი საკითხები არცთუ იოლი მოსაგვარებელია და ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას მოითხოვს. უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ აიტკივა თავი დიდმა ბრიტანეთმა, როდესაც ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმი ჩაატარა?

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის გავლენიანი წევრი იყო და თავს ერთობ კომფორტულად გრძნობდა, არც არავის აუძულებია დაეტოვებინა ის. მაშ, რით იყო გამოწვეული ესოდენ მყისიერი გადაწყვეტილების მიღება?

„მარტივი“ რამით – მას სუვერენიტეტი ჰქვია. პირობები, რომლებიც ამ კავშირში აქვთ მის წევრებს არცთუ უმნიშვნელოა. იქ არსებული შეღავათები არაწევრი ქვეყნებისთვის მომხიბლავია. მაგალითად, ჩვენთვის, ჯერაც რომ ვერ შეგვიფასებია სუვერენიტეტისა და ნამდვილი თავისუფლების მნიშვნელობა. იქ შესვლის შემდეგ, საკუთარ თავზე დატრიალებული ბრიუსელური ბორბალი ისეთი „ტკბილი“ აღარ არის, როგორიც შესვლამდე ჩანს.

აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ ითქვა ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბალტიისპირა ქვეყნების, სხვა წევრების მიერ. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ დაინახეს მათ, თუ რამდენად თავისუფლები, სუვერენულები არიან; რომ ბრიუსელის გარეშე სიტყვის დაძვრაც კი იწვევს კრემლის, უკაცრავად ბრიუსელის კრიტიკას. თუმცა კრემლი შემთხვევით არ მომიყვანია.

ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან 27 (დიდი ბრიტანეთის გარეშე) ქვეყნის ერთი ცენტრიდან მართვა ანუ ბრიუსელიდან ისეთივე ვერტიკალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს, როგორიც საბჭოეთს ჰქონდა.

სულ ახლახანს, ბრიუსელმა დაიწუნა იტალიის მომავალი წლის ბიუჯეტი. მავანი იტყვის – რა შუაშია ბრიუსელი, იტალიის ბიუჯეტთან. არათუ შუაშია, თავშია. წევრი სახელმწიფოების მიერ შედგენილი ბიუჯეტი ბრიუსელში იხილება და მტკიცდება. ცხადია მოჭინჭყლე ქვეყანას, ამ შემთხვევაში იტალიას, შეუძლია იგნორირება გაუკეთოს ბრიუსელის მოსაზრებას, მაგრამ საბოლოო ჯამში იძულებული იქნება დაეთანხმოს ცენტრს.

მახსენდება საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურები, როდესაც შემოდგომით, საბჭოთა რესპუბლიკებიდან წარდგენილი ბიუჯეტის პროექტები მოსკოვში იხილებოდა და შესაბამისი კორექტივების შეტანის შემდეგ, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიებზე მტკიცდებოდა.

ბრიუსელს საბჭოთა სისტემამდე ჯერაც ბევრი აქვს გასაკეთებელი. თუ ვერ გააკეთებს, დაკარგავს კონტროლს წევრ სახელმწიფოებზე, რაც კავშირის დაშლის საწინდარი იქნება.

ბრიუსელის როლის გამტკიცებას ემსახურებოდა გერმანიის კანცლერის მერკელის განცხადება, რომელიც მან ბერლინში გამოსვლის დროს გააკეთა – „ეროვნული სახელმწიფოები ვალდებულები არიან გადასცენ თავიანთი სუვერენიტეტი ევროკავშირს“.

კანცლერის განცხადება ერთობ გამაღიზიანებლად ჟღერდა ორი მომენტის გამო. პირველი, თვით კანცლერი კანცლერობის და ევროკავშირის ლიდერობის დღეებს ითვლის და მეორე – თვით ევროკავშირიც მძიმე დღეშია ევროსკეპტიკოსთა განცხადებებიდან გამომდინარე.

ასეთ ვითარებაში ევროკავშირის ლიდერები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ევროინტეგრაციის საკითხებს, რათა კიდევ უფრო არ დაძაბონ ვითარება. მაგრამ არა. ისინი, პირიქით იქცევიან. მიზეზი ერთია, სულ უფრო მზარდ ნაციონალიზმთან და ევროსკეპტიციზმთან „ერთიანი და მტკიცე ევროპით“ დაპირისპირება.

მერკელს მხარს უბამს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელმაც გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს მოითხოვა – „მეტი ევროპა“, ევროპის საერთო  არმია, მეტი თავისუფლება საერთაშორისო საკითხებში და სუვერენიტეტი არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად ბრიუსელის მეთაურობით – ბრიუსელში უნდა იყოს თავმოყრილი თავდაცვის საერთო სისტემა, ერთიანი ბიუჯეტი, ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

მერკელი უფრო შორს წავიდა, რამეთუ ნაცვლად რეკომენდაციისა, მან აუცილებლად გახადა ეროვნული სახელმწიფოების მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელის სასარგებლოდ.

აღნიშნულ გერმანულ პროექტს სკეპტიკურად უყურებენ ევროკავშირის სხვა წევრები და მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, გერმანიის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. სკეპტიკოსებს არ სურთ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთი იმასაც მოითხოვს, რომ უკან დაუბრუნდეს ის, რაც უკვე გადაცემული აქვს ბრიუსელისთვის.

როგორც ევროპელი ექსპერტები ამბობენ, მერკელს და მაკრონს სურთ „თავიანთი“ ევროპა და აქედან გამომდინარე სიჩქარეში ვერ ფიქრობენ, რომ მოწოდება – „გადაეცით სუვერენიტეტი“, აფრთხობს ევროკავშირის დანარჩენ წევრებს. და არა მარტო მათ, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის მოსახლეობის სოლიდურ ნაწილსაც, რომელიც წინააღმდეგია სუვერენიტეტის დათმობის, ვინაიდან ამ აქტში ისინი არა გერმანია-საფრანგეთის პროექტს ხედავენ, არამედ ზენაციონალურ, ანტინაციონალურ, პროატლანტიკურ ბრიუსელურ წარმონაქმნს – მტრულს გერმანელი და ფრანგი ხალხების ეროვნული ინტერესების და ფასეულობების მიმართ.

ექსპერტები თვლიან, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ორივე ლიდერის მიერ პოლიტიკური კაპიტალის ქონა, რასაც მათდა სამწუხაროდ ადგილი არ აქვს. მერკელს აღარ აქვს, ხოლო მაკრონს ჯერ არ აქვს. მაშ, რატომ ჩქარობენ?

პასუხი მარტივია – ევროკავშირში დაწყებული კრიზისი, იმედგაცრუება და არსებული პოლიტიკური მოდელისადმი უნდობლობა, რაც ევროინტეგრატორთა წინააღმდეგ მუშაობს.

აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად ორივე მიიჩნევს, რომ შეტევაზე გადასვლაა საჭირო და საქმის ბოლომდე მიყვანა. ევროსკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ევროსისტემა არ მუშაობს. ევროინტეგრატორები კი თვლიან, რომ შეფერხების მიზეზი ისაა, ბრიუსელს ნაკლები ფუნქციები რომ აქვს და საჭიროა ნაციონალური ქვეყნების მიერ მისთვის სუვერენიტეტის გადაცემა.

თუ რით დამთავრდება ევროკავშირის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ჭიდილი – მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება ჩვენს ამ ორგანიზაციაში შესვლას, რაც აბსტრაქციის ნაყოფია, ვიდრე რეალურობის, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ დაფიქრებაა საჭირო.

ევროინტეგრატორთა მცდელობა თუ წარმატებით დასრულდა, მივიღებთ ისეთ კავშირს, რომელსაც ბრიუსელის სახით ზენაციონალური ორგანო ეყოლება – ერთ ცენტრში მოქცეული საგარეო, თავდაცვის, საფინანსო, საბაჟო და ა.შ. ფუნქციებით. კავშირში შემავალ ქვეყნებს რა დარჩებათ?

ის, რაც საბჭოთა რესპუბლიკებს ჰქონდათ, საბჭოთა კავშირის დროს.

დიდ ბრიტანეთს 45 წელი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად და როდესაც გამოფხიზლდა, უმალ დაიწყო შრომა საკუთარი სუვერენიტეტის დასაბრუნებლად, რაც ევროკავშირიდან გასვლის გარეშე შეუძლებელია.

არგენტინაში G20 სამიტის დროს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ტერეზა მეიმ განაცხადა – კარგია, როცა რაღაცას უკან მოუხედავად აკეთებ.  მან ევროკავშირის  წევრობა იგულისხმა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი