21.12.2024

„უსტანდარტო“ საქართველო

ღელავს საქართველოს საზოგადოება – ხუმრობა საქმე ხომ არაა, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება?! ნამდვილად არა! და ამიტომაც გვაუწყებს ყველა სახის ელექტრონული თუ ბეჭდვითი მედია ამ მეტად „მნიშვნელოვანი“ საკითხის თაობაზე, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

რახანია ვერადავერ დაკომპლექტდა სამეთვალყურეო საბჭო. და რომ ვერ დაკომპლექტდა პარლამენტარები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სახეზე აღბეჭდილი სერიოზულობით, გვიხსნიან ჩვენ, ტელევიზორებს მიჩერებულ „უვიცებს“ არჩევა-არარჩევის გაურკვეველ პერიპეტიებზე.

ახსნა-განმარტების მთავარი მიზანი ნამდვილად არ არის ამ პრიმიტიულ პროცედურაში გარკვევა. მთავარი მიზანი არის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის თემაზე ლაპარაკი, მასზე ყურადღების გადატანა და თემის ისე წარმოჩინება, თითქოს ქართველთა ბედი სამეთვალყურეო საბჭოზე ეკიდოს.

რატომ ხდება ეს? იმიტომ ხომ არა – ახალ ხელისუფლებას ხალხი, რომ ერთ ადგილზე ჰკიდია?! მავანი დაცინვით მეტყვის – შე მართლაც შტერო, ეხლა გაიგე, რომ მთავრობას ხალხი ერთ ადგილზე ჰკიდია? კაცმა რომ თქვას, კი ვხდებოდი, მაგრამ ამ მასშტაბით? მე და ჩემი ასაკის ხალხი რას არ მოვსწრებივართ წინა მთავრობებისგან, მაგრამ ასეთ დაკიდებას?!

და რომ დაკიდება, დაკიდებად არ შეფასდეს უნდა ილაპარაკო რაღაცაზე, თან სერიოზული ფიზიონომიით და საზოგადოება დაარწმუნო საკითხის მნიშვნელობაში. ასე და ამრიგად რახანია ხელისუფლება, მედიის საშუალებით, ტვინს გვიხვრეტს, რაღაც საზოგადოებრივი ტელევიზიის, რაღაც სამეთვალყურეო საბჭოზე.

საზოგადოებრივი ტელევიზიის არსებობა არაერთ წელს მოითვლის, თუმცა ნამდვილი „საზოგადოებრიობა“ ვერადავერ მოიპოვა. რაც მოიპოვა, დიდი ფულია, ხალხის ჯიბიდან ამოღებული. საზოგადოებრივი არხის იდეა თანამედროვე საქართველოს ბუნებაში ისეთი რამ არის, როგორიც „შუბა“ გაგანია აგვისტოში და არა მარტო საქართველოში, მასზე დემოკრატიულ სხვა ქვეყნებშიც.

ერთადერთი გამონაკლისი ინგლისი და ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ა – ტრადიციებსა და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული. ამ ტელეკომპანიის შემყურე საქართველოს ხელისუფლებამ იფიქრა-იფიქრა და გადაწყვიტა – ჩვენ, რა ნაკლები ვართო! და „შექმნა“ საზოგადოებრივი ტელევიზია, რომლის ორივე სიტყვა ბლეფია. „საზოგადოებრივი“ – იმიტომ რომ საზოგადოებრივი არ არის და „ტელევიზია“ იმიტომ, რომ ტელევიზია არ არის.

ტელევიზია ნამდვილად ვერ იქნება ის, „სამოთხის ვაშლების“ მსგავს სისულელეს რომ მიაწვდის მაყურებელს. როგორც რუსები იტყვიან – საძაგელი მაგალითი გადამდებიაო – სწორედ ასეა საქმე და სხვა ტელევიზიებმაც აიტაცეს („რუსთავი-2“-მა, „იმედმა“) შუადღის მრავალსაათიანი „ღადავი“ და პრიმიტიული ქუჩური ჭორიკნობით სიდამპლის ჭაობში ექაჩებიან საზოგადოებას.

მიზანი – ხალხის გამოთაყვანება, მათ ტვინში იმის ჩატენვა – რასაც ქუჩაში ყოველდღიურად უყურებთ სინამდვილე კი არ არის, სინამდვილე არის ის, რაც ჩვენს გადაცემებშიაო, ანუ მშვიდი, კარგი და უდარდელი ცხოვრება. ვიღას ახსოვს ნამდვილი ცხოვრება, გაუთავებელი პრობლემებით, გაუსაძლისობით.

„საზოგადოებრივი“ ტელევიზია შეიძლება რქმეოდა ტელევიზიას, სადაც პაიჭაძე-კვესიტაძე და მათი მსგავსნი, სააკაშვილის მოტრფიალენი, ცალმხრივად, ცალსახად, ჯიქურად და უკანმოუხედავად ქადაგებდნენ იმჟამინდელ ბედნიერებაზე, დღეს რომ საყოველთაო უბედურებად არის აღქმული? ან ფაშისტური ანუ ნაცისტური მმართველობის დროს, შეიძლება ყოფილიყო საზოგადოებრივი ტელევიზია? ასეთი „საზოგადოებრივი“ იყო ყველა ტელევიზია, ანუ ვითომ კერძო და „დამოუკიდებელი“, სინამდვილეში „ნაციონალური“.

საქართველოში არც არასდროს ყოფილა კერძო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიები. ყველა ისინი, მეტნაკლებად, უფრო მეტად იზიარებდნენ ხელისუფლების მოსაზრებას. ყველა მათგანი თვალში შესციცინებდა სააკაშვილსა და მის ურდოს. ასე, რომ „მდიდარი“ წარსული გამოცდილების შემყურე „ტელემახერები“ ტყუილად ირჯებიან „საზოგადოებრივის“ შესაქმნელად. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ძველი ტრადიციის ანუ სახელმწიფო ტელევიზიის აღორძინება. სუროგატ საზოგადოებრივ ტელევიზიას გაცილებით სჯობს სახელმწიფო ტელევიზია, რომ იტყვიან – დაჟეჟილს, გატეხილი სჯობს.

სახელმწიფო ტელეკომპანიის პატრონ სახელმწიფოს, კერძო ტელესივრცეში შეჭრის ნაკლები მადა გაუჩნდება. გარდა ამისა, რა დააშავა ხელისუფლებამ? და ვინ თქვა, რომ მას თავისი მედიასაშუალება არ უნდა ჰქონდეს? დემოკრატიულმა დასავლეთმაო – მიკარნახებენ ადგილობრივი „დემოკრატები“ – არასამთავრობო ორგანიზაციების ქურქში გახვეულები. მაგრამ არადემოკრატიულ ქვეყანაში, რამდენად შესაძლებელია დემოკრატიული „საზოგადოებრივის“ არსებობა? პრაქტიკულმა ტელეცხოვრებამ ხომ დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ტელედემოკრატია პაიჭაძე-კვესიტაძის დონეზეა?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ამ გაპარტახებულ ქვეყანაში სხვა სადარდებელი არ არის? ნუთუ საქართველოს პარლამენტი „საზოგადოებრივი“ ტელევიზიის „ბორდის“ (ამ სიტყვას შეგნებულად ვიხმარ, თორემ ჩვენი ჭარბად „გასვეცკებული“ ახალგაზრდობა „გოიმად“ აღმიქვამს) შექმნის პრობლემებზე უნდა ჩაგვჩიჩინებდეს?

რატომ მარტო „საზოგადოებრივ“, სხვა საკითხებსაც ხომ განიხილავსო, მაგალითად საარჩევნო კანონს, იტყვის მავანი. და მართლაც, დადგა ახალი წელი, ადგილობრივი არჩევნების წელი და დაიწყო საარჩევნო კანონზე ლაპარაკი. დაიწყო „ქუჩის“ ოპოზიციისა და პარლამენტის დაპირისპირება საარჩევნო კანონმდებლობის პერიპეტიებთან დაკავშირებით.

აქეთ პარლამენტარები ბჭობენ, იქით პარლამენტს გარეთ არსებული პარტიები. დაუსრულებელია მათი კამათი, გაწელილი წლებში. ისე, როგორც დაუსრულებელია დედამიწაზე სიცოცხლე, დაუსრულებელია საარჩევნო თემატიკა და მათი მღაღადებელი პოლიტიკოსები – ქარდავა, ბაღათურია, კუკავა, სხვები და სხვები, ყველას ჩამოთვლა „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშის“ სადარია.

ასე იყო გუშინ, გუშინწინ, იმის წინ, გურულები რომ იტყვიან „გუშღამ“, ანუ 23 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში და როგორც ჩანს ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ისინი იქნებიან პოლიტიკაში, ვინც დღეს არიან. გაწიწმატება მხოლოდ იმათ ეტყობათ, ვინც პარლამენტს გარეთ არიან. ასე იყვნენ ისინიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ვინც გარეთ იყვნენ და დღეს შიგნით არიან.  მაშინ აუგ სიტყვას არ იშურებდნენ ხელისუფლებაში მყოფთა დასახასიათებლად. მაშინ საარჩევნო კანონმდებლობა მათთვის უმთავრესი იყო. შევიდნენ პარლამენტში და დამშვიდდნენ. დამშვიდდნენ და განცხრომას მისცეს თავი.

ღირს ტკბილი ცხოვრებიდან უკან გახედვა? არამცდა არამც. შენ იმიტომ იბრძოლე, რომ ტკბილად გეცხოვრა, თანაც ხანგრძლივად და თუ ამის გარანტად არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ზედგამოჭრილია, რატომ უნდა შეიცვალოს? ერთხელ, ნაცთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ხმამაღლა ბრძანა – ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო.

პარლამენტში ბიძინას მიერ შეყვანილი „ოცნების“ უმრავლესობა, ხმამაღლა, მაიასეულ „სიბრძნეს“ არა გაჰყვირის, მაგრამ ჩუმად, გულში იგივე განწყობაზეა, როგორც „ძვირფასი“ მაია.

მაინც რა შეუგნებელია ეს ქუჩის ოპოზიცია?! აცალეთ, ცოტა მაინც აცალეთ „მეოცნებე“ კოალიციას ცხოვრების სიკეთეებით ტკბობა, თორემ თქვენ რომ პარლამენტში მოხვდებით, ისინიც აღარ დაგაცლიან! და ეს, რომ არ მოხდეს, დაკარგავენ პარლამენტში შეყუჟულები, თანაც თქვენი გულისთვის, საპარლამენტო ბედნიერებას?! არადა როგორი დასაკარგია არასტანდარტული ცხოვრება?!

სიტყვა „სტანდარტმა“ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სულ ახლახანს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირველ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც „თავხედმა“ ჟურნალისტმა დასვა ყბადაღებული შავი „ჯიპების“ შეძენის საკითხი. „ჩვენი მთავრობისთვის ეს არ არის დამახასიათებელი, ეს – ნაცების ყოფილ ხელისუფლებაში მოიკითხეთო“, – ბრძანა პრემიერმა და იქვე დაუმატა – თუ ვინმემ ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის უფლება მისცა თავს, უბრალოდ იმის ბრალია, რომ ქვეყანაში „სტანდარტი“ არ არსებობსო, ანუ სახელმწიფო მოხელემ, არ იცის, როგორი პერსონალური ავტომანქანით უნდა ისარგებლოს. მან ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „სტანდარტის“ შემუშავება და მალე ცნობილი გახდება ვის „ჯიპი“ და ვის ვირი.

საზოგადოება უნდა ენდოს პრემიერ-მინისტრის სიტყვას „სტანდარტის“ შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ რა გარანტიაა, რომ „სტანდარტიც“ ისეთი არ იქნება, როგორც უსტანდარტობა? ან საერთოდ, რა შუაშია „სტანდარტი“?

ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ საქართველოს უმდაბლესი ცხოვრების სტანდარტის მქონე საზოგადოების „რჩეული“, არასტანდარტული, ტროლეიბუსის ზომის შავი „ჯიპით“ არ უნდა დანავარდობდეს?! ამ ცხოვრების შემყურე არჩეულ-დანიშნული ხელისუფლება თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს კუზიანი „ზაპოროჟეცის“ მსგავს ავტომანქანაზე მეტით სარგებლობის.

შეეფერება უშიშროების საბჭოს მდივნის, მთავარი პროკურორის, მინისტრების, პარლამენტარების უზომო სიდიდის ავტომანქანები, ქვეყნის უზომო სიდუხჭირეს? მინისტრს, მაღალი თანამდებობის მქონე მოხელეს, თუ „უსტანდარტოდ“ ის ვერ გაურკვევია, რა სახის პერსონალური ავტომანქანით უნდა გადაადგილდეს, საქვეყნო საქმეს როგორღა გაარკვევს?

ან იქნებ საქვეყნო საქმე სულაც არ არის მისი გასარკვევი? და ის, რომ მაღალი მოხელეები არ თვლიან, რომ საქვეყნო საქმე მათი გადასაჭრელია – სახეზეა. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც გურიის სოფლების გორაკები ოქროსფრადაა შეფერილი. ამას რა სჯობსო, იტყვის მავანი, მაგრამ წლის სხვა დროს და არა იანვარში, როდესაც ფერს ხეზე დარჩენილი მანდარინი განსაზღვრავს.

უთაობაა ეს, მაგრამ არა მეპატრონის, რომელმაც ენაგადმოგდებულმა ვის არ მიმართა მანდარინის ჩასაბარებლად, არამედ ადგილობრივი, შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების. თუმცა ცენტრალური ხელისუფლება რახანია გვიმტკიცებს ციტრუსების წარმატებულ ექსპორტზე. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არის გადაყვითლებული გურიის სოფლების მთები.

ერთი ყუთი მანდარინის ჩაბარება რამხელა შვებაა დაუსაქმებელი გურიისთვის, რა შემოსავალია მისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის – რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით მანდარინის ყუთზე? როგორც ჩანს, არც ამ დარგშია შემუშავებული მუშაობის „სტანდარტები“.

არადა, დღეს, რომ ხელისუფლება შეუდგება „სტანდარტების“ შემუშავებას, შემდეგ ამ „სტანდარტების“ საკუთარ თავზე მორგებას – საქმე როდისღა იქნება?!

საქმე ან იქნება ან არა. საქართველო ღმერთის ანუ ევროკავშირის წილხვედრი ქვეყანაა და ის გვიშველის. წელს ჩავდგებით ევროკავშირის „ოჩერედში“ და დღეს თუ არა ხვალ მიგვიღებენ. რომ მიგვიღებენ – ისინი იმტვრევენ თავს ჩვენი პრობლემების გადაჭრისთვის. ისინი დაგვიწესებენ „სტანდარტებს“, ვინ რა მანქანით ინავარდოს. ისინი გადაწყვეტენ, როდის და რამდენი მანდარინი, ყურძენი, ხილი უნდა დაიკრიფოს. ისინი იტყვიან სად, რამდენმა ადამიანმა უნდა იმუშაოს, იმღეროს და იცეკვოს, რამდენი შვილი იყოლიოს და ა.შ. ჩვენ კი ვიქნებით განცხრომაში, მათ მიერ მოცემული გრანტებითა და ინვესტიციებით.

ასე ეგონათ ბალტიისპირელებს, ბულგარელებს, რუმინელებს, უნგრელებს, სხვა ევროკავშირელეებს, მაგრამ დარჩნენ ტკბილი ოცნების ანაბარად. ლიტვამ იმით გაითქვა სახელი, რომ წლიურად 60000  ლიტველი ტოვებს ამ ქვეყანას და სამუშაოს საძებნელად ისეთ ქვეყნებშიც მიემგზავრება, როგორიც აზერბაიჯანია.

დამოუკიდებლობის წლებში არც ერთ ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ მხოლოდ მუშაობა, პროდუქციის შექმნა გადაარჩენს ქვეყანას. არც ერთს თავი არ შეუწუხებია სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ყველამ ჩათვალა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავისით განვითარდება, მთავარია ხელისუფლებამ გზა გაუხსნას ასეთს და თვით საბაზრო ეკონომიკა მოაწესრიგებს ყველაფერს.

რომ ეფიქრა – გამოუვიდოდა რამე? არც არაფერი, ვინაიდან ფიქრობს ის, ვისაც ჭკუა და გამოცდილება აქვს. თუ მსგავსს ახლოს არ გაუვლია, იკავებ თანამდებობას, ტყუილი ლაყბობით ანაგვიანებ საზოგადოების გონებას და ცხოვრობ განცხრომით. საზოგადოებამ, რომ უსაქმურობა არ დაგწამოს, იგონებ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურო საბჭო, საარჩევნო კანონი, ავტომანქანებზე „სტანდარტების“ შემოღება და სხვა. რა სჯობს ასეთ ცხოვრებას?!

ისე, ცნობისთვის, ახალ ხელისუფლებას იმის შეგნება რომ ჰქონოდა მაგალითისთვის, ავადსახსენებელი საბჭოეთისკენ გაეხედა, უდავოდ დაინახავდა თუნდაც იმ „სტანდარტების“ რეალურობას, რასაც სამომავლოდ გვპირდება. სააკაშვილმა ყველაფერი იღონა წარსულთან კავშირების გასაწყვეტად.

უწარსულო საზოგადოება კი ისაა, რაც დღეს გვაქვს. ცხოვრებისეული ხიდის არსებობა წარსულსა და აწმყოს შორის ისეთივე აუცილებელია, როგორც ჰაერი. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ სწორედ უჰაერო სივრცე შექმნა, სადაც სუნთქვაც ჭირდა და ცხოვრებაც. ახალმაც თავი არ შეიწუხა ადრე არსებული ცხოვრების გაზიარებისთვის. მან წინამორბედის ცხოვრებისეული „გამოცდილება“ გაიზიარა – უზომო ჭამის, საბიუჯეტო თანხების მითვისების, მსუყე ხელფასების და ხელფასზე უზომო დანამატების, დიდი ავტომანქანების შეძენის, კაბინეტების მოწყობის, ნათესავების დასაქმების, . . . რომელი ერთი ჩამოვთვალო.

და გაიბერა სახელმწიფო აპარატები. თუ საბჭოეთის დროს რაიონის რაიკომში, დამლაგებლის ჩათვლით, 12-15 კაცი მუშაობდა, დღევანდელ გამგეობაში 3-4-ჯერ მეტი შტატია. „მუშაობსო“ – მათზე ვერ ვიტყვი, ვინაიდან მათი მუშაობის ნაყოფი უხილავია. თუ სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების – პარტიის ცენტრალური კომიტეტის ან უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის განყოფილების გამგეების მოადილეებისთვის, 4 კაცზე ერთი ავტომანქანა იყო გამოყოფილი, რომელსაც ყველა ისინი, ერთად სამსახურში მოჰყავდა და საღამოს სამსახურიდან მიჰყავდა – ამათ რა დღე გაუწყრათ. არადა, იმათი მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ გაცილებით მაღალი იყო დღევანდელზე? მთლიანობაში, მაშინდელი საქართველო რომ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, თანაც ყველა პარამეტრით, ვიდრე დღევანდელი?

ჩვენი უბედურება წარსულის აბუჩად აგდებაში, მისი გამოცდილების გაუზიარებლობაშიც არის. ვინც წარსულს ხელაღებით ზურგი შეაქცია, სანატრელი ცხოვრება ვერადავერ ააშენა. ჩვენ, რა ისეთი ვუნდერკინდები ვართ, რომ ავაშენოთ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.