დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბრძოლა გრძელდება

რუსეთთან საქართველოს სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რომ უახლოეს მომავალში სერიოზულ გადახედვას დაექვემდებარება, აშკარაა. ასოცირებული წევრობის დოკუმენტის პარლამენტში რატიფიცირების შემდეგ, სავარაუდოა რუსული მხარის მიერ რუსულ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში საგნობრივი კორექტივების შეტანა.

რატიფიკაციაც, ყოველგვარი საპარლამენტო ვნებათა-ღელვის გარეშე ამ თვეში დასრულდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტექსტის ჯეროვან შესწავლა-გაანალიზებას არც პარლამენტარები შეეცდებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, უსუფაშვილმა განაცხადა – კომიტეტებს და ფრაქციებს ტექსტი ხვალ-ზეგ დაურიგდებათ (ეს იყო დარიგებამდე 3 დღით ადრე), ხოლო სესია 18 ივლისს გაიმართება.

პარლამენტი, ტექსტის წაუკითხავად რომ დაუჭერს მხარს დოკუმენტს, რით არის ის ნაკლები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე? მანაც ხომ თვალის გადავლების გარეშე გაუკეთა ტექსტს პარაფირება და შემდეგ ხელიც მოაწერა?!

მთავრობაც მართალია – სხვა მეტი რა უნდა გაეკეთებინა, როდესაც ტექსტის შემდგენი ევროკავშირი, ტექსტის წაკითხვა-გაანალიზებას კი არ ითხოვს მისგან, არამედ წაუკითხავად – თანხმობას, რაც მონური მორჩილების საწინდარია.

ევროკავშირიც მართალია, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ათას სამასგვერდიანი ტექსტის წამკითხავი, მითუმეტეს გამგები, ბედკრულ საქართველოში არ მოიძებნებოდა.

ასე და ამრიგად, ყველა მართალია – საქართველოს აღმასრულებელ-საკანონმდებლო ხელისუფლებაც და ევროკავშირიც. სამივენი დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ ევროკავშირთან მიახლოებისთვის. სამივემ აისრულა ოცნება – ევროკავშირმა ანტირუსული პროექტის წარმატებით დასრულება, ქართულმა მხარემ – ევროკავშირისთვის ამ საქმეში ხელის შეწყობა.

აი, ის, ვისზეც ასოცირებული წევრობა აისახება – ხალხი, ჯერ-ჯერობით გაგებაში არ არის, რას მოუტანს მას ევროკავშირთან ურთიერთობა. აზრზე რომ მოვა – მატარებელი რახანია ჩავლილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, სურს თუ არა, უნდა დაემორჩილოს ბრიუსელის მოთხოვნებს.

საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, ობიექტურ მიზეზთა გამო, შესანიშნავად იგრძნობს თავს. ასეთივე პირობებში იქნებიან მათი ნათესავ-მეგობრები. მაგრამ, ვისაც მსგავსი სტატუსი არ გააჩნია, იქნება ნაკლებად გალაღებული, ვიდრე დღეს, თუმცა დღევანდელი „სილაღეც“ ხომ ვირტუალურია?

ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი, ვნახოთ როგორ წარიმართება ევროკავშირ-საქართველოს მატჩი, მითუმეტეს რუსეთ-საქართველოსი. პრაღაში გამართულმა შეხვედრამ ნათელი ვერ მოჰფინა საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებს.

ქართული მხარე გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ საქართველო უპრობლემოდ შეიტანს თავის პროდუქციას რუსეთის ბაზარზე, მაგრამ, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მედვედევის განცხადებიდან გამომდინარე, რუსეთი საკუთარი ბაზრის დასაცავად ექსტრა ზომებს მიიღებს. ეს ზომები უკვე შეეხო მოლდოვა-უკრაინას. საქართველო, რა წითელი კოჭია, დაინდოს რუსეთმა? პრაღის შეხვერის მიხედვით, უფრო სწორად მედიის ინფორმაციით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა ქნას, მაგრამ ვეჭვობ, რომ ასე იყოს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა“ გამოიგონეს იმისთვის, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნას, წერტილი დაუსვას კრემლის სურვილს „გავლენის სფეროთა“ შექმნის შესახებ. პროგრამა, ეკონომიკური ნატოა, ანუ „მაპი“. არ იქნება „მაპი“ უელსის სამიტზე, მაგრამ არის ასოცირებული წევრობა. დასავლური გეგმების მიხედვით, „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არაფრით ჩამოუვარდება „მაპს“!

ბრძოლა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის გრძელდება და ახალ კონფრონტაციულ ფაზაში შედის. ზოგი ამას ახალ „ცივ ომს“ უწოდებს, ზოგიც რას. მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის, კონკრეტულად ვაშინგტონ-მოსკოვს შორის დამოკიდებულება მძიმე სტადიაშია, რასაც ძალისმიერი დაპირისპირება შეიძლება მოჰყვეს. ცხადია, ნაკლებად პირდაპირი, მეტადრე ირიბი, ისეთი, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი.

უკრაინის საკითხმა ყველა არსებული პრობლემები შეითავსა – უთანხმოება ლიბიის, არაბული „გაზაფხულის“, ერაყის, სირიის, ირანის ბირთვული პროგრამის სახით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ბოლო წლების განმავლობაში.

ვაშინგტონმა, უკრაინის სახით, ისეთი კოზირი დაიჭირა ხელში, რომელიც ნებისმიერ რუსულ კარტს გაჭრის. თითქოს რუსეთიც კარგად გამოიყურება ვაშინგტონთან ბრძოლაში – მარტო ყირიმის შეერთება რად ღირს, მაგრამ უზარმაზარი და მტრულად განწყობილი უკრაინა, ამერიკელთა წარმატებებზე უფრო მეტყველებს.

როგორც იქნა ვაშინგტონმა მოახერხა უკრაინის მოსახლეობის ისეთი გადაგვარება, რომ ბანდერაც ვერ იოცნებებდა მსგავსზე. აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარი იბრძვის არა სეპარატისტების წინააღმდეგ, არამედ მტერი – რუსეთის წინააღმდეგ. და ამ ბრძოლას ზურგს უმაგრებს ანტირუსულად განწყობილი უკრაინელი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ბანდერელთა მხრიდან მეორე მსოფლიო ომში.

საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, დღემდე, რუსეთმა ვერადავერ მოიგო დასავლეთის გული. კრემლის ნებისმიერი ქმედება უარყოფითად აღიქმება ვაშინგტონში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდი იყოს – დამახასიათებელი „ცივი ომის“ და ვარშავის პაქტის სახით. ვაშინგტონის განწყობა, ეჭვიანი და მტრული რუსეთის მიმართ, ნაწილობრივ, თუ მთლიანად არა, ისეთივეა, როგორც საბჭოეთის ჟამს. რით არის ეს გამოწვეული?

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია – რუსეთი არ არის დამჯერი სახელმწიფო; არ არის ვაშინგტონის ნებისმიერი სურვილის აღმსრულებელი; არ არის მარიონეტი ისეთი, როგორებიც აშშ-ს მოკავშირე ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირი და ა.შ. ვაშინგტონს არ მოსწონს ისეთი მოაზროვნე, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინია. აქ, მოაზროვნე ვიწრო გაგებითაა ნახსენები, ანუ ის აზრები, რომელიც პუტინმა გაახმოვანა 2007 წლის მიუნჰენის კონფერენციაზე. ექსპერტებს ემახსოვრებათ პუტინის გამოსვლაც და ამერიკელთა რეაქციაც, ერთობ ნეგატიური და რუსეთისთვის მიუღებელი.

აშშ-ს თანამედროვე, კაპიტალისტური რუსეთი იგივე საბჭოთა კავშირია, ოღონდ დამარცხებული ე.წ. „ცივ ომში“. დღეს, დასავლეთი ხოტბას ასხამს გორბაჩოვს და მის გუნდს საბჭოთა კავშირის დაშლისთვის. დასავლეთი, დღესაც მადლიერებით მოიხსენიებს გორბაჩოვს, შევარდნაძეს, სხვებს, რაც ნათლად გამოჩნდა შევარდნაძის გარდაცვალების დროს. დასავლურმა მედიამ, პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილს და ხაზი გაუსვეს მის ღვაწლს, საბჭოთა კავშირის დაშლაში და არა სხვად გადაკეთებაში.

დასავლეთი აფასებს საბჭოეთის დამშლელებს, მაგრამ უკმაყოფილოა საბჭოეთის ნაცვლად ჯიუტი რუსეთის წარმოშობით. მას მორჩილი რუსეთი, ანუ ელცინის დროინდელი უფრო აწყობს, ვიდრე პუტინისეული.

საბჭოეთის დაშლით გაიხარა დასავლეთმა, მაგრამ არა რუსეთმა, საბჭოეთის მემკვიდრემ. მისთვის გაცილებით მისაღები იქნებოდა საბჭოეთის გარდაქმნა (ჩინეთის მსგავსად) და არა დაშლა. წაგებულის პოზიციიდან ლაპარაკი ძნელია. წაგებულს სხვაგვარად ეპყრობიან, მეტადრე აგდებულად, დამარცხებულად, მასწავლებელ-მოსწავლის პოზიციით.

20 წელიწადზე მეტია ვაშინგტონი ჭკუას ასწავლის „გონებაჩლუნგ“ რუსეთს, თუმცა უშედეგოდ. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს შეეგნო ამერიკული გაკვეთილები, პირიქით, 2007 წელს მიუნჰენში თქვა, რომ ის დამოუკიდებელია და ასეც იქნება მომავალში. ვაშინგტონს მაინც ეგონა, რომ პუტინის მიერ ნათქვამი „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი, საქმით ამას რუსეთი ვერ დაამტკიცებს.

დაამტკიცა – 2008 წლის ცხინვალის ომის დროს. დაამტკიცა ყირიმის მიერთებით. ასეთ რუსეთთან კვერთხია საჭირო, – იფიქრა ვაშინგტონმა, თუმცა კვერთხის პატრონი ჯორჯ ბუშ-უმცროსი მალე ჩამოშორდა პოლიტიკას. მოვიდა ახალი პრეზიდენტი, ახალი იდეებით და რუსეთთან სამშვიდობო პროგრამით და დაიწყო „გადატვირთვა“, რომლის დროს ხელი მოეწერა დამკვრელური იარაღის შემცირების ხელშეკრულებას და აშშ-ს მიერ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების (უკრაინა-საქართველო) გეგმის დამუხრუჭებას.

ყოველივე აღნიშნულზე ვაშინგტონი ითხოვდა მოსკოვის მხრიდან დათმობებს მთელ რიგ საკითხებში – ლიბია, სირია, ირანი და ა.შ.

მოსკოვს არ მოსწონს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ევროპაში; არ მოსწონს ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელის ფათური; არ მოსწონს ადამიანის უფლებებზე გაუთავებელი მინიშნება და სხვა.

„გადატვირთვა“ დასრულდა უმნიშვნელო შედეგით და კვლავ თავი იჩინა კონფრონტაციამ. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ამერიკელი სენატორები, მათ შორის მაკკეინი ბულგარეთში ჩავა და მასპინძლებს დააძალებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ პროექტ „სამხრეთის ნაკადში“; როდესაც რუსეთის მოქალაქეს მოიტაცებ მესამე ქვეყანაში და გუამის სამხედრო ბაზის ციხეში გამოამწყვდევ; როდესაც რუსეთის მონათესავე უკრაინელებს ისე აღზრდი, თოფი აიღოს და რუსს დაუმიზნოს; როდესაც რუსეთის ორბიტიდან უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას გამოიყვან და ევროკავშირს ჩაახუტებ. და მრავალი როდესაც.

უკრაინა, ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების პოლიგონია, თანაც ისეთი, მრავალი წელიწადი რომ იქნება. რუსეთმა მიიღო მძიმე, ჯერ-ჯერობით განუკურნებელი თავის ტკივილი უკრაინის სახით. რუსეთმა მიიღო დაპირისპირებული ევროკავშირი, ვაშინგტონის მონა, სუვერენიტეტდაკარგული, რომელსაც რუსეთი ისეთივე ჰგონია, როგორც საბჭოეთი. მას არც აშშ-ი ეხატება გულზე, მაგრამ რუსეთს ურჩევნია.

უკრაინის მოვლენებმა რუსეთის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა და ამ საქმეში ლომის წილი ე.წ. დამოუკიდებელ დასავლურ მედიას მიეკუთვნება. რუსეთი, როგორც ყოველთვის, აგებს ინფორმაციულ ომს. ამ ომით უკრაინელი ნეონაცისტები ლამის გუგულებად მოინათლონ, ხოლო მასთან მებრძოლი რუსეთი – ფაშისტად.

ვაშინგტონ-მოსკოვის დაპირისპირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთს, დღესდღეობით მსოფლიოს მეორე ეკონომიკას და ეკონომიკური პოტენციალით უძლიერეს სახელმწიფოს. რუსეთის მიერ ჩინეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არა მარტო ენერგეტიკული თანამშრომლობის საწინდარია, არამედ გარკვეული შვებაც დასავლეთთან წარუმატებული პოლიტიკის ფონზე.

მოსკოვ-პეკინის ურთიერთობები, ამჟამად ერთობ პოზიტიური, მაგრამ წარსულში ნაკლებად სტაბილური, ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობის საგანი, მითუმეტეს აშშ-ს გამჭოლი მზერის ფონზე.  ვაშინგტონს ყოველთვის აღიზიანებდა მოსკოვ-პეკინის წარმატებული ურთიერთობები, ისე, როგორც პეკინს ან მოსკოვს პეკინ-ვაშინგტონის, ან მოსკოვ-ვაშინგტონის კავშირები.

1949 წელს მოსკოვ-პეკინის ჩახუტებამ უკმყოფილება გამოიწვია ვაშინგტონში და როდესაც მათ შორის შავმა კატამ გაირბინა, ვაშინგტონმა გულში ჩაიკრა პეკინი. ორივე მათგანმა ნაყოფიერად იღვაწეს ანტირუსული პოლიტიკის თვალსაზრისით. ვაშინგტონ-პეკინის ძმობას წერტილი დაუსვა პეკინის ტიანანმენის მოედანზე მომხდარმა 1989 წლის მოვლენებმა.

დამოკიდებულება სამ დედაქალაქს შორის იცვლებოდა პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. პეკინი აკვირდებოდა მოსკოვ-ვაშინგტონს შორის არსებულ პოლიტიკურ რყევებს და შესაბამისი დასკვნები გამოჰქონდა. ვაშინგტონი, თავის მხრივ ძალას არ იშურებდა პეკინთან დაახლოებისთვის, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა ხელი შეეშალა პეკინის გავლენის გაფართოებისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.

პეკინთან მჭიდრო კავშირები დაამყარა მოსკოვმა და არა მარტო ენერგეტიკის სფეროში. პეკინი სხვაგვარად, ცხადია არა დასავლურად უდგება რუსეთ-უკრაინის საკითხებს. ოფიციალური პეკინი, მართალია თავშეკავებულია კომენტარებში, მაგრამ ოფიციალური პრესის მეშვეობით მხარს უჭერს კრემლის პოზიციას – ყირიმის მიერთების აქტს. ამას ჩინური გაზეთები თვლიან პეკინისთვის სამაგალითოდ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჩინეთში ბევრია ისეთი, ვინც მხარს უჭერს ტაივანის, სხვა ტერიტორიების ჩინეთში დაბრუნებას, თანაც ძალისმიერად.

რაც შეეხება ოფიციოზს, მისი დამოკიდებულება უკრაინისადმი მთლად არ ემთხვევა რუსეთის პოზიციას. პეკინისთვის სეპარატიზმი ტიბეტსა და სინცზიანში მნიშვნელოვანია, ამდენად აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატიზმი მისთვის ნაკლებად გასაზიარებელია.

საქართველოდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფას, ხოლო ყირიმის უკრაინიდან – პეკინი, საკუთარი სეპარატისტული პროვინციებიდან გამომდინარე, ისე ვერ შეხედავს, როგორც კრემლი. გარდა ამისა მას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს უკრაინასთან, რომელთა დაკარგვაც არ სურს.

პეკინს არ სურს ვაშინგტონთან უკრაინის გამო ჩხუბი. პეკინს სურს ჰქონდეს ურთიერთობა ვაშინგტონთან, მიუხედავად ვაშინგტონის არასასიამოვნო გამოხდომებისა, ისე, როგორც მოსკოვთან.

არც პეკინს და არც ვაშინგტონს არ აწყობს რუსეთის გაძლიერება, ვინაიდან ძლიერი რუსეთი, მათი აზრით, სახიფათოა ორივესთვის. სამთა პოზიციაში, მთავარი არის შემდეგი – მოსკოვ-პეკინისთვის მრავალპოლუსიანი მსოფლიო, ვაშინგტონისთვის – მსოფლიო ჰეგემონიზმი. რას მოიმოქმედებენ ისინი პოზიციების გასამყარებლად – მომავალი გვიჩვენებს და თანაც არცთუ შორეული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.