21.12.2024

ტრამპის ფერიცვალება

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შეუდგა აშშ-ს პრეზიდენტობას. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ იყო ისეთი აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც წინათ ადგილი არ ჰქონია. რა იყო და არის განსხვავებული ტრამპის პრეზიდენტობასა და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებს შორის? მხედველობაში მაქვს მათი მმართველობის სტილი და დამოკიდებულება საშინაო და საგარეო ცხოვრებასთან.

ტრამპი არის პიროვნება, ერთობ განსხვავებული, მე ვიტყოდი კარდინალურად განსხვავებული ხედვით პოლიტიკისადმი, რასაც ის ხშირად ავლენდა ბიზნესში მოღვაწეობის დროს. ტრამპი არის პიროვნება, რომელმაც ბიზნესში მოღვაწეობის დროს პოლიტიკისადმი გამოვლენილი განსხვავებული დამოკიდებულება, პოლიტიკოსად გახდომის შემდეგაც არ შეიცვალა – მიუხედავად სისტემატური რჩევა-დარიგებისა, როგორც საკუთარი გუნდის, ისე ოპონენტების მხრიდან.

ტრამპი არის პიროვნება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვისთანავე გამოირჩეოდა არაორდინარული აზროვნებით, ლექსიკით, ქცევით, განცხადებებით, რითაც იწვევდა კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში ლანძღვას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე სხვა კანდიდატების, რიგითი თუ არარიგითი ამერიკელების მხრიდან და არა მარტო.

არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ლიდერი, რუსეთის გარდა, რომელსაც „ტკბილი“ სიტყვა არ ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის მიმართ. ყველა ისინი მხარს უჭერდნენ პოლიტიკაში გამოცდილ ჰილარი კლინტონს, ვიდრე გამოუცდელ ტრამპს. რაც უფრო ძლიერდებოდა წინასაარჩევნო კამპანია, მით უფრო ძლიერდებოდა ტრამპის კრიტიკა, მასთან დაკავშირებული ჭორ-მართლის ტრიალი, როგორც აშშ-ს ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში, ისე სხვა ქვეყნებისაშიც.

ტრამპი იყო ის კანდიდატი, რომელმაც წარმოადგინა პრეზიდენტობის სამოქმედო პროგრამა – ერთობ განსხვავებული ხედვით, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი თავისი ხედვით უფრო სოციალ-ბოლშევიკური პოლიტიკისკენ გადახრილ პიროვნებად წარმოაჩენდა თავს, ვიდრე კაპიტალისტად, მითუმეტეს მილიარდერად, რამაც კიდევ უფრო გაახელა მისი ოპონენტები და პოლიტიკური ელიტა, მაგრამ სიმპათია გამოიწვია იმ ამერიკელებში, რომლებიც ამ ქვეყნის საშუალო და დაბალ ფენად ითვლება, თან კარგა ხნის დავიწყებული თეთრი სახლის, კონგრესის, აშშ-ს ისტებლიშმენტის მხრიდან.

მათთვის ტრამპის იდეები დასაქმებასთან,  აშშ-დან სხვა ქვეყნებში გატანილი წარმოების დაბრუნებასთან და აქედან გამომდინარე სამუშაო ადგილების გაჩენასთან დაკავშირებით, იმდენად მომხიბლველი გამოდგა, რომ უყოყმანოდ მოხდა კანდიდატ ტრამპისთვის მხარდაჭერა.

საშინაო საკითხების მოგვარება იყო ტრამპის მთავარი მოწოდება. მოწესრიგებული სახლი უნდა გამხდარიყო მთავარი საყრდენი საგარეო ურთიერთობებისა, სადაც კონფრონტაცია თანამშრომლობით უნდა შეცვლილიყო.

კანდიდატ ტრამპს არასერიოზულად მიაჩნდა ნატოს არსებობა და თვლიდა, რომ მოწინააღმდეგის – საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ ნატოს არსებობა მიუღებელი იყო, მითუმეტეს მისთვის აშშ-ს ფულის ხარჯვა.

ხელმომჭირნე მილიარდერ ტრამპს ფულის ფუჭად ყრა მიაჩნდა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. რაც შეეხება ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს – ტრამპის აზრით, ისინი ავანტიურისტები, ომის წამქეზებლები იყვნენ აშშ-რუსეთს შორის.

ტრამპი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების გულწრფელი მსურველი იყო. კანდიდატი ტრამპი ნეგატიურად აღიქვამდა ამერიკა-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაბალ დონეს, ჩინური საქონლის ექსპანსიას ამერიკულ ბაზარზე, ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გაფართოებას, სხვა ფაქტორებს.

კანდიდატ ტრამპის პროგრამა ერთობ მომხიბლველი გამოდგა რუსეთის პოლიტიკოსებისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავდა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, სხვისთვის ჭკუის სწავლებას. ამ თვალსაზრისით კანდიდატი ტრამპი სერიოზულად უპირისპირდებოდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის მთავარი ლოზუნგი – ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის დაცვაა ყველგან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩინეთში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში.

ბევრი რამ იყო კანდიდატ ტრამპის პროგრამაში ისეთი, რასაც კარდინალური ცვლილებები უნდა მოეხდინა აშშ-ი, მის საშინაო და საგარეო ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე მთელს მსოფლიოში. განა რევოლუციური არ იყო მისი ნეგატიური დამოკიდებულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თაობაზე, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურ მიდგომაზე?!

ან მექსიკასთან გამყოფი ორმეტრიანი სიმაღლის კედლის აშენებაზე – არალეგალი მექსიკელი მიგრანტებისგან თავდაცვის მიზნით? ან მთელი რიგი ქვეყნებისთვის აშშ-ი შესვლის უკიდურესად შეზღუდვა, ზოგ შემთხვევაში აკრძალვაც კი?!

დიახ! ეს ყველაფერი იყო გამოთქმული პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მხრიდან, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტ ტრამპზე. თითქოს თეთრ სახლში სხვა ტრამპი შევიდა და არა პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი.

ტრამპის ერთწლიანი მოღვაწეობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც 200 წელია მოქმედებს აშშ-ი, ძვრას ვერ უზამს არჩეული თუნდაც რევოლუციონერი პრეზიდენტიც კი. აშშ-ი არ არის საბჭოთა კავშირი, სადაც სხვაგვარად მოაზროვნე ქვეყნის პირველმა პირმა იოლად დაანგრია თითქოს რკინა-ბეტონის საბჭოთა სისტემა.

ტრამპი პრეზიდენტი, ცხადია მიუღებელი პოლიტიკისთვის და მედიისთვის, პირველ პლანზეა წამოწეული და ხელს უშლის პოლიტიკური ცხოვრების დალაგებას. ერთი წელია მიმდინარეობს ანტიტრამპული ისტერია კონგრესიდან დაწყებული, მედიით დამთავრებული. ტრამპს ლანძღავს და აგინებს ყველა დემოკრატი და რესპუბლიკელიც კი. ქილიკით იხსენებენ პრეზიდენტს ცნობილი სახეები, მსახიობები, ხელოვნების მუშაკები, ქალები და თქვენ წარმოიდგინეთ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები. ასეთი აშშ-ს არ ახსოვს. აბა ვინ გაიხსენებს ისეთ აბსურდს, არჩეულ პრეზიდენტს, თებერვლიდანვე იმპიჩმენტით რომ ემუქრებოდნენ?!

ერთი წელია „პრორუსი“ ტრამპი აბსურდების თეატრის ნეგატიური პერსონაჟია, რომლის სპექტაკლებიც ანშლანგით მიმდინარეობს. ერთი  წელია მიმდინარეობს გამოძიება იმისა – ურევია თუ არა რუსეთის ხელი ტრამპის გამარჯვებაში. იკითხება ყველა, ტრამპის ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ნებისმიერი ადამიანით დამთავრებული, ვისაც მისთვის ხელი ჩამოურთმევია ან აშშ-ი რუსეთის ყოფილ ელჩისთვის ორიოდ სიტყვა უთქვამს დიპლომატიური მიღების დროს.

ერთი წელია პრეზიდენტი ტრამპი თავის მართლებაშია. საკმარისია მან რაღაც თქვას, თუნდაც ძალიან სასარგებლო ამერიკისთვის, რომ უცბათ მოხდეს მედიის ნეგატიური რეაგირება, ქილიკი, დაცინვა, გაშარჟება მულტფილმში.

ნებისმიერი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ტრამპის მდგომარეობას ვერ აიტანდა, თანამდებობას მიატოვებდა ან შეეგუებოდა სიტუაციას და ისე მოიქცეოდა, როგორც ოპოზიციისთვის იქნებოდა მისაღები. ტრამპი, შეუპოვრად განაგრძობს გზას და საზოგადოებას ეუბნება, რომ 3 წლის შემდეგ ისევ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე.

ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს უწყობს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებულ გეგმებში კარდინალური ცვლილებების შეტანა, რაც თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ახარებს პოლიტიკურ ელიტას, აუარესებს რუსეთთან ისედაც მძიმე ურთიერთობას.

ერთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ რა მიიღო მსოფლიომ და თვით აშშ-ა?

აშშ-ს გაურკვეველი პოლიტიკა და პოზიცია მთელი რიგი საკითხებისადმი, რაც იწვევს სერიოზულ დაპირისპირებას მოკავშირეებთან, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთთან, რუსეთთან, ჩრდილო კორეასთან, ირანთან, მექსიკასთან, სხვასთან.

ტრამპი გამოვიდა კლიმატთან დაკავშირებით პარიზის ხელშეკრულებიდან; აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის, გერმანიის მიერ ირანთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამოსვლას – ლანძღავს რა ამ უკანასკნელს და ტერორისტების სპონსორობას აბრალებს; განადგურებით ემუქრება ჩრდილო კორეას; სხვა ქვეყნებს „განავლის ხვრელად“ მოიხსენიებს.

ტრამპი სისტემატურად იცვლის აზრს, რითაც აეჭვებს პოლიტიკოსებს და საკუთარ წრესაც კი – გონებრივ სისუსტეში. ე.წ. დასავლეთი საგონებელშია, გამოსავალს ეძებს, ვინაიდან ტრამპს აღარ მიიჩნევს „დიდ ძმად და მეგობრად“.

ამ ერთობ არეულ მსოფლიოში – გამოწვეული ტრამპის არაორდინარული მმართველობით და მისდამი მტრული დამოკიდებულებით, სულ უფრო ხშირად გაისმის ლოზუნგი – ამერიკა უპირველეს ყოვლისა.

ლოზუნგი ტრამპისაა და იმ შინაგან ძახილს ეხმაურება, რასაც მსოფლიო ჰეგემონობა, უცილობელი მმართველობა ჰქვია. აქ კი ჩნდება კითხვა – 25 წლიანი ერთპიროვნული მსოფლიო მმართველობის შემდეგ, არის თუ არა აშშ-ი ისეთი ძლიერი და უკონკურენტო, როგორც ადრე?

უდავოდ არა! აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, თუნდაც ევროკავშირის სახით ძლიერი მეტოქეები გამოუჩნდა, რომელთა სურვილი (ევროკავშირის გამოკლებით) აღარ გადის აშშ-ს ერთპიროვნულ მმართველობაზე. მათ მრავალპოლუსიანი მსოფლიო უნდათ, რაც ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიზნებს და ინტერესებს.

პოზიციების გამაგრებას ემსახურება აშშ-ს მიერ შემუშავებული ახალი სამხედრო კონცეფცია, სადაც გარკვევით არის ასახული დღევანდელი ადმინისტრაციის სურვილი – მუდამ იყოს ერთპოლუსიანი მსოფლიოს სათავეში. ამ არცთუ იოლი გეგმის განსახორციელებლად ადმინისტრაცია, პირადად ტრამპი, ძველ და ნაცად ხერხს მიმართავს – შეიარაღების გაზრდას.

აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს მცირე ზომის ბირთვული ბომბების წარმოება, რომელთა დამანგრევებელი ძალა ჩამოუვარდება დიდი ბომბებისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ჩვეულებრივ ბომბებზე.

აშშ-ს მიაჩნია, რომ შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთი და ჩინეთი წინ წავიდნენ და სამხედრო კუნთების თამაშით, ცდილობენ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს თავს მოახვიონ ისეთივე ავტორიტარიზმი, როგორიც ამ ქვეყნებშია.

სამხედრო კონცეფციაში აღნიშნულია – თუკი აშშ-ი დაინახავს, რომ მას და მის მოკავშირეებს რუსეთიდან აგრესია ემუქრებათ, უყოყმანოდ გამოიყენებს ბირთვულ ბომბებს აგრესორის წინააღმდეგ. ანუ ამერიკა მზადაა პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რომელსაც უდავოდ მოჰყვება რუსეთ-ჩინეთის ანალოგიური პასუხი.

შედეგი? – მსოფლიო კატასტროფა.

პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება უდავოდ მიანიშნებს პრეზიდენტობის კანდიდატის ტრმპის პოზიციების კარდინალურ ცვლილებაზე, ცხადია გაუარესების თვალსაზრისით, რაც კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს.

ტრამპის ერთწლიანმა პრეზიდენტობამ დაგვანახა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული პოზიტიური მოსაზრებები მსოფლიოს ახალ მოწყობასთან დაკავშირებით, კარგად მოსასმენი რამ იყო გულუბრყვილო საზოგადოებისთვის და მეტი არაფერი. რეალობა კი სხვაა, თანაც ისეთი, წლების განმავლობაში რომ იყო აშშ-ი – ამერიკა უპირველეს ყოვლისა, რაც თავისთავად გამორიცხავს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მტრედობას.

დარჩენილი 3 წლის განმავლობაში აშშ-ი კიდევ უფრო გაღვივდება ანტიტრამპული განწყობა. მისი მოწინააღმდეგე დემოკრატები შეეცდებიან რევანშის აღებას საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რისთვისაც საჭირო იქნება ანტირუსული კამპანიის კიდევ უფრო გაფართოვება.

ტრამპი ახალი სიტყვაა ამერიკულ პოლიტიკაში – უფრო გახსნილი, თავისუფალი რიტორიკით – ხშირად გულუბრყვილობაში გადასულით, თუმცა პოლიტიკა, რომელიც ამერიკაში არსებობს და რომლის შეცვლას ტრამპი გვპირდებოდა, ჯერ-ჯერობით უცვლელია.

რა იქნება ხვალ, მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი