ტელეეკრანიდან მოსმენილის პასუხად
ამას წინათ ტელეკომპანია „ობიექტივ“-ზე წამყვანი და გამომსვლელი ერთმანეთს ასწრებდნენ იმის თქმას, რომ რუსეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობა ფინიშს უახლოვდება და სულ მალე ისეთი სიამტკბილობა დაისადგურებს ამ ორ ქვეყანას შორის, ავ თვალს რომ არ ენახვება. ერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ რუსეთის ფსბ-ს ხელმძღვანელი ბორტნიკოვი იყო აშშ-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდა კულუარული შეთანხმება გავლენათა სფეროებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით რუსეთი იქნება ყოფილ საბჭოთა სივრცის სრული ზედამხედველი, აშშ-ი კი – ევროპის ქვეყნების.
მათი ლაპარაკიდან შემდეგი დასკვნა გამოვიტანე – ორმა დიდმა სახელმწიფომ გაიყვეს მსოფლიო და რაც არ უნდა გაიჭაჭოს დღევანდელ-გუშინდელი ხელისუფლება, არაფერს მოიტანს, სჯობს ვითარების სწორად გაანალიზება და საზრიანი ნაბიჯების გადადგმა, ცხადია ჩრდილოეთისკენ. დუეტის მოსაზრება უდავოდ საყურადღებოა, რამეთუ საქართველოში მცხოვრები ადამიანების საკმაო ნაწილის (როგორც ამერიკელები აცხადებენ 31%) სურვილს ემთხვევა.
ის, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი ვერადავერ ამართლებს – არახალია. ისიც არახალია, თუ რაღაც არ ამართლებს და ამ შემთხვევაში პოლიტიკური კურსი, რაღაც ცვლილება უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამის გაკეთება იმ ძალებს, რომლებიც პოლიტიკაშია არ შეუძლიათ – მთელ რიგ მიზეზთა გამო: პირველი – აშშ-ს შვილობილობაა ანუ შენ, რომ შვილობილად თვლი თავს, ხოლო ის გერზე უარესად მიგიჩნევს.
მეორე – აშშ-ა მილიონობით დოლარი ხარჯა საქართველოში პროამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ამერიკაში ტრენინგში.
მესამე – აშშ-ა კარგახანია რიგი არასამთავრობოები სახელისუფლებო კადრების სამჭედლოდ გადაქცევა და ისეთი ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია შექმნა, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამერიკული ინტერესების გატარებას.
ამ მარტივი სამი კომპონენტის გათვალისწინებით, აშშ-ი არამცდაარამც არ მოიკვეთს ფეხს საქართველოდან, მითუმეტეს რუსეთის სასარგებლოდ. ასე, რომ ტელედუეტის მიერ გაჟღერებული სასიამოვნო პერსპექტივა (ზოგიერთათვის) ოცნებად დარჩება.
ცნობისთვის, იმასაც მოგახსენებ, რომ ბორტნიკოვი აშშ-ი გამართულ კონფერენციას ესწრებოდა ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით. სხვა დატვირთვა მის ვიზიტს არ ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკული ჟურნალისტიკა ამას ყურადღებას არ მოაკლებდა.
დიახ! საინტერესოა ქართული პოლიტიკური წიაღსვლები, „ანალიზი“ და დასკვნები, მაგრამ სინამდვილისგან შორსმყოფი და აუსრულებელი.
არანაკლებ “საინტერესო“ იყო სხვა ტრიოს მოსმენა. ერთ-ერთი მათგანი „სახელგანთქმული“ ექსპერტი ჩიტაძე იყო. ჰოდა, ლაპარაკობდნენ წამყვანი და ორი მოწვეული საქართველო-მსოფლიოს საჭირბოროტო თემებზე, თან ისეთი აკადემიური პათოსითა და „ცოდნით“, ოდნავ საქმეში ჩახედული, აზროვნების ზონიდან გასულად რომ მიიჩნევს.
სალაპარაკო თემაც ისეთი იყო, საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას რომ ეხებოდა. პატივცემული ჩიტაძე „გოიმებს“ გვიხსინდა, რომ უვიზო მიმისვლა იმდენად არის კარგი, რომ საქართველოს მოსახლეობა წავა ევროპაში, დაათვალიერებს ღირსშესანიშნაობებს, გაიგებს იქაურ დამოკიდებულებას მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, შეხედავს დასავლურ ცხოვრებას და დაბრუნდება სამშობლოში ცოდნით გამდიდრებული, რომელსაც აქ გამოიყენებს.
ამას რა სჯობსო, ტაშს შემოკრავს „ბრძენთა“ მსმენელი, მაგრამ … აი, ამ „მაგრამის“ შემდეგ იწყება ცხოვრებისეული პროზა. ჩიტაძემ ნამდვილად არ იცის რა ხდება ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია. არც ის იცის, რა ხდება იქ – ქართველი რომ ტურისტად გაემგზავრება. ოფიციალურ-არაოფიციალური მონაცემებით საქართველო უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში – უსაზღვროდ დიდი უმუშევრობით და ერთ სულ მოსახლეზე უაღრესად დაბალი შემოსავლით, რაც სულაც არ იძლევა უცხოეთში ტურისტად გამგზავრების მინიმალურ შესაძლებლობას.
არიან გამონაკლისები – მოსახლეობის ჯიბეებში ხელის ჩამყოფი ბიზნესმენებისა და მათი ოჯახების, ხელისუფლებისა და მათი სანათესაოს სახით, თუმცა მათ კარგა ხანია გარანტირებული აქვთ მრავალწლიანი, მრავალჯერადი ვიზები შენგენის ზონის ქვეყნებში. ასე რომ, უვიზო მიმოსვლა უნდა შეეხოს არა ამ კატეგორიას, არამედ დანარჩენს, რომელთაც ტურიზმისთვის ნამდვილად არ ცხელათ. თუ რისთვის ცხელათ, ცნობილია – ვალის აღება და ევროპაში ლეგალურად გამგზავრება, თან არა სამი თვით, როგორც ეს მოლდოვას აქვს, არამედ კანონის დარღვევით – სამუდამოდ.
ისევ მოიყვანეს მოლდოვას მაგალითი და აღნიშნეს, რომ მოლდოვაზე ნაკლები რით არის საქართველო? განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს საქართველოს ისტორიულ როლს ევროპისთვის და იმას, რომ ქრისტიანულმა საქართველომ შეაჩერა მუსლიმური ურდოების შეტევა ევროპაზე; რომ საქართველომ თავი გაწირა და გადაარჩინა ევროპა და ახლა, როდესაც ევროპის ჯერი დადგა – გვიღალატა, არ მოგვცა ევროპაში უვიზო შესვლის შესაძლებლობა.
მკითხველო, ხომ არ გეჩვენება „ექსპერტთა“ განცხადება მოჭარბებულად ხმამაღლა ნათქვამად? პირადად მე ვთვლი, რომ არათუ ხმამაღალი განცხადებაა, არამედ ისტორიულ აზროვნებას მოკლებული, მარტივი მიზეზის გამო – დასავლეთისკენ მავალ მუსლიმანთა ურდოების გზა მარტო საქართველოზე არ გადიოდა, სხვაც იყო პარალელური და ბევრი. როგორც ჩანს, „ექსპერტებს“ ისტორიულადაც და დღესაც ჰგონიათ, რომ მსოფლიო ქართული ღერძის ირგვლივ ტრიალებდა და ტრიალებს.
რაც შეეხება ყბადაღებულ მოლდოვურ თემას. დიახ, მოლდოვას მისცეს უვიზო მიმოსვლის შანსი, მაგრამ მხოლოდ სამი თვით და მუშაობის დაწყების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლდოველი დეპორტაციას დაიმსახურებს.
„საინტერესო“ იყო ერთ-ერთი „ექსპერტის“ ნათქვამი, რომელიც თურმე ადრე საგარეო უწყებაშიც მუშაობდა. მან დაადანაშაულა ევროკავშირი იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა არ დაგვიწესა და სინანული გამოთქვა – „ბოლოსდაბოლოს საქართველოს მოსახლეობას უნდა მისცემოდა ამის შესაძლებლობა, თუნდაც მთელი 3 მილიონი რომ დარჩენილიყო ევროპაშიო. სამი მილიონი, რა არის ევროკავშირისთვისო!“ – ბრძანა მან – „კანონისა და წესის მორჩილმა“ მომავალმა ევროკავშირელმა. ასეთი აზროვნების მატარებელი საქართველო რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ფაქტია.
„ექსპერტი“ დარწმუნებულია, რომ უვიზო მიმოსვლა „კაი ბიჭებისთვისაა“ გამოგონებული და საქართველო ხომ „კაი ბიჭების“ ქვეყანაა?! ასეთს, ყოველგვარი დავალების შესრულების გარეშე უნდა მიეცეს თავისუფალი შესვლის უფლება! აპა, არა! აი, რას ნიშნავს უმეცრების ზენიტში აყვანილი „ექსპერტობა“. და არის უაზრო „მოაზროვნეთა“ ენის ფხანა ღია ეთერში, ხალხის უნამუსო მოტყუება და დაიმედება.
„ექსპერტებს“ გამორჩათ ევროკავშირის უდიდესი თავსატეხი, რასაც ჩრდილო-აფრიკელთა შემოსევა ჰქვია. ასეულ-ათასობით არაბია დასაბინავებელი ევროპაში. გარდა ამისა, მშიერი აღმოსავლეთ ევროპელი ანუ ბულგარელი, რუმინელი, ბალტიისპირელი, რომლებიც კალიებივით მოედნენ „ძველ“ ევროპას და გამოხრით ემუქრებიან მას. და ამ დროს ენის უცოდინარი, არასპეციალისტი სამი მილიონი ქართველი. საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის მთელი რიგი პუნქტები აქვს გასავლელი. არ გაივლის და ვერ მიიღებს იმას, რაც მოლდოვამ მიიღო. „კაი ბიჭობას“ ევროკავშირი ყურადღებას არ აქცევს. ეს მარტივი წესი უნდა იცოდეს საგარეო უწყებაში ნამუშევარმა ადამიანმა.
ახლა კი იმ „ტკბილი“ ურთიერთობების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს რუსეთ-ამერიკას შორის. ვითარება რომ ოდნავ დამაიმედელი ყოფილიყო, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ასე მკვახედ, ანტიამერიკულად არ ილაპარაკებდა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე, სადაც მან ბრალი დასდო აშშ-ს ნატოს გაფართოებაში, უკრაინის, ერაყის, ლიბიის მოვლენებში, „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში და ა.შ.
პუტინს ტოლი არც ოფიციალურმა ვაშინგტონმა დაუდო და პირდაპირ აგრესორად, ოკუპანტად მოიხსენია, თან ისიც დაამატა, რომ რუსეთის შესაჩერებლად ამერიკა მზადაა განათავსოს დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და მძიმე შეიარაღება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკავშირმა კი, ყოველგვარი განხილვის გარეშე, წლის ბოლომდე გააგრძელა ანტირუსული სანქციები.
ის, რომ ორ ქვეყანას შორის აშკარა „ცივი ომი“ მიმდინარეობს და ნაცვლად განელებისა, ყოველდღიურად იძაბება, ფაქტია. არც სამომავლოდ მოსჩანს სინათლე, თუნდაც მბჟუტანი, გვირაბის ბოლოს. ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობას ნეგატიურ, კონფრონტაციულ ჰანგებზე დაასრულებს. წელიწადნახევრის შემდეგ აშშ-ი გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტობის კანდიდატთა შორისაც არ ჩანს ისეთი, რომელიც მეტნაკლებად რეალურად შეხედავს რუსეთთან ურთიერთობას. დემოკრატთა კანდიდატი ჰილარი კლინტონი აშკარად ანტირუსულად არის განწყობილი. იგივე ითქმის რესპუბლიკელ ჯებ ბუშზეც.
არც სხვები აკლებენ ხელს ანტირუსულ კოცონს, რომელიც ტრადიციულად გიზგიზებს ამერიკის ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური წრეების ხელშეწყობით. ზოგი ხელს ითბობს ანტირუსულ კოცონზე, მათ შორის სამხედრო-სამშენებლო კომპლექსები. მეტი დაძაბულობა, მეტი სამხედრო შეკვეთები. არვინ ფიქრობს თუნდაც ერთ მოუზომავ ხელის მოძრაობაზე, რომელმაც შეიძლება მსოფლიო დაასამაროს.
ამერიკა ებრძვის რუსეთს და ამ დროს ძლიერდება ექსტრემისტული ისლამი, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის არა მარტო ახლო აღმოსავლეთს, არამედ მისგან დაშორებით სხვას. ამერიკა ადანაშაულებს ირანს ტერორიზმის მხარდაჭერაში, რუსეთს – აგრესიაში, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში, მაშინ როდესასც ორივე შემთხვევაში თვით არის დამნაშავე.
ის, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ბოლო 20 წლის განმავლობაში, გეოპოლიტიკური ძვრებიდან არის გამომდინარე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან. იმჟამინდელი მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და არცერთი მათგანი არ ცდილობდა შექმნილი ბალანსის დარღვევას. საბჭოეთის დაშლამ დაარწმუნა აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ ის არის ყველაფერი – ერთადერთი ზესახელმწიფო და ასე იქნება მომავალში. მას აქვს უფლება ასწავლოს სხვას, თუ როგორ მოაწყოს საკუთარი ცხოვრება. მას შეუძლია დასაჯოს არასანდო რეჟიმები და წაახალისოს სანდო. ამ პოლიტიკის კულმინაციად იქცა 2003 წელი, როდესაც აშშ-ა ჯარი შეიყვანა ერაყში. ეს იყო ტიპური ნეოკოლონიალიზმი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ხალხებს მოუტანა სიკვდილი, ნგრევა, ქაოსი. აგრესიამ ბოლო მოუღო ბოლო წლებში დიდი გაჭირვებით შექმნილ ბალანსს სუნიტებსა და შიიტებს შორის.
ამერიკული ნაბიჯების ჯაჭვშია დასავლეთის მცდელობა გამოიყენოს რადიკალური ისლამი სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ. სულ ახლახანს, გამოქვეყნდა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წერილები, სადაც მკაფიოდ მოსჩანს ინგლის-საფრანგეთის გარიგება ლიბიასთან დაკავშირებით. ამ ორს უნდა გაეყო ლიბიის ნავთობის სომდიდრეები. მათ გეგმაში შედიოდა ლიბიის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რაც მოხდა კიდევაც, თუმცა დაშლა-დაქუცმაცებამ ევროპასაც უწია ათეულ-ათასობით ლიბიელი ლტოლვილის სახით.
„ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით იზრდება, ემუქრება არა მარტო ახლო აღმოსავლეთს, არამედ მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია სირიის ტერიტორიის ნახევარი, ერაყის დიდი ნაწილი. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები მიადგნენ იორდანიისა და საუდის არაბეთის საზღვრებს. ეს „სახელმწიფო“ არა მარტო ტერაქტებით ემუქრება მსოფლიოს, არამედ ბირთვული ბომბის ხელში ჩაგდებით. და თუ ეს მოხდა, რაც არ არის გამორიცხული, რას დაემსგავსება მსოფლიო?
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 24 ენაზე წარმოებული პროპაგანდა ხიბლავს ახალგაზრდებს, რაც არანაკლებ სახიფათოა. მისი მოწოდება სოციალური თანაფარდობისა და სამართლიანობისკენ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს, ათასობით ახალგაზრდისთვის მაგნიტია. დასავლეთი კი ყოველივე ამას სათანადო დონეზე არ იხილავს, პირიქით ცდილობს მის სათავისოდ გამოყენებას.
სულ ახლახანს, ტაჯიკეთის „ომონის“ მეთაური გულმუროდ ხალიმოვი 10 „ომონელთან“ ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს შეუერთდა. 40 წლის გულმუროდი, რომელსაც წვრთნები გავლილი აქვს რუსეთსა და აშშ-ს სპეცსამსახურებში, დიდი შენაძენია „ისლამური სახელმწიფოსთვის“, რომელიც მას ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.
ავიღოთ თუნდაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონას გაქცევა მოსკოვიდან და სირიის საზღვარზე დაკავება – მამამ ის ისევ მოსკოვში ჩაიყვანა.
„ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლიგია იზიდავს ახალგაზრდა ვაჟებსა და გოგონებს არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ დაპურებულ ევროპაში.
ის, რასაც ადგილი აქვს ახლო აღმოსავლეთში, საზღვრების შეცვლა ჰქვია, რაც თავისთავად იწვევს სისხლს, ნგრევას, არაადამიანურ ქცევას. რა დგას ყოველივე აღნიშნულის უკან? გარკვეულ ძალთა მზაკვრული მოქმედება, რომელიც, საკუთარი განდიდების სურვილით არვის და არაფერს არ ინდობს. დიდად სამწუხაროდ, დღევანდელ-გუშინდელი ქართული პოლიტიკა ამ ძალთა მხარეზეა, მას ეტრფის და მასთან სიახლოვე მიაჩნია წარმატების და წინსვლის სიმბოლოდ. არადა საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას სხვა პოლიტიკური მოსაზრება უნდა ჰქონდეს – თავის გადასარჩენად და არა ვიღაცის გასაღიზიანებლად. როდესაც დასავლეთი, როგორც „პეშკას“ ისე გიყურებს და არა ისე, როგორც შენ გსურს, გაანალიზების უნარი მაინც უნდა გქონდეს. ნუთუ საბერძნეთის მაგალითი არაფერს გვეუბნება? ნუთუ ჩვენს პოლიტიკას ჰგონია, რომ ცივილიზაციის აკვან საბერძნეთზე მეტის „პატივისცემას“ მივიღებთ ევროკავშირიდან?
300 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს დაგროვილი საბერძნეთს – უპირველესად ბრიუსელის წყალობით. ბრიუსელი კი დღეს მას სთხოვს ვალის დაბრუნებას, თუნდაც საკუთარი პენსიონერების პენსიების შემცირების ხარჯზე. რა „ჰუმანური“ გადაწყვეტილებაა?!
იმ „ექსპერტისა“ არ იყოს, თავში რომ ვახსენე – ჩვენ „კაი ბიჭები“ ვართ და ევროკავშირი ასე არ უნდა მოგვქცეოდაო. მოგვექცევა და მერე როგორ. რჩევისთვის, კარგი იქნება თუ ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტობა წაიკითხავს ამერიკელი ჯონ პერკინსის წიგნს „ეკონომიკური მკვლელი“, სადაც დაწვრილებითაა მოთხრობილი ჩვენისთანა ქვეყნების მიზანმიმართული გაკოტრება და შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაყოფა.
დავუბრუნდეთ ისევ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობას, პრობლემატურს და გაურკვეველი მომავლის მქონეს. მავანი შემედავება – ჩვენ რა შუაში ვართ ამ ორის ომშიო. ჯერ-ჯერობით პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ ირიბად ხომ შევწუხდით და თანაც საგრძნობლად, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა თუ ვინმეზე იმოქმედა მძიმედ – საქართველოა.
ვიყოთ ჩვენს გულში მხიარული რუსეთის ავბედობით, მაგრამ ხანდახან ჩვენი თავიც გავიხსენოთ, განსაკუთრებით ლარის გაუფასურებისას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.