რა ხდებოდა ევროსაბჭოში?

ქართველმა პარლამენტარებმა – ევროსაბჭოში წარგზავნილებმა, სიხარულით გვამცნეს, როგორ დაბლოკეს რუსეთის დელეგაცია და ხმის უფლება შეუჩერეს ა.წ. აპრილის ჩათვლით. საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციამ, წლის ბოლომდე უარი თქვა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობაზე. წლის ბოლოს კი ის გადაწყვეტს ევროსაბჭოში რუსეთის ყოფნა-არყოფნის საქმეს.

რუსეთის გასვლით დაიკარგება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტართა კონტაქტები რუსეთის დუმის წევრებთან. ისტორიას ჩაბარდება დიალოგის არცთუ უმნიშვნელო არენა. დაშორება, თავისთავად ხელს შეუწყობს უნდობლობის გაღრმავებას, ისედაც არსებულს დასავლეთ-რუსეთს შორის. არ მისცემს საშუალებას ევროპის პოლიტიკას, დიალოგის გზით აიძულოს რუსეთი, მთელი რიგი საკამათო საკითხების მოგვარებაში.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თვით ევროსაბჭო მზად არ არის დიალოგისთვის. ნაცვლად რთული ლაპარაკისა, მას ბრძოლის ველიდან წასვლა აწყობს, რაც თავისთავად მაუწყებელია არგუმენტების სისუსტისა.

ევროსაბჭომ ულტიმატუმების კორინტელი დაახვავა რუსეთს და დაავალა საგაზაფხულო სესიამდე ყველა მათგანის მოგვარება. მაინც რა „უბრძანა“ ევროსაბჭომ რუსეთს?

„ბრძანებას“ რომ ვამბობ – პირობითია, ვინაიდან ამ ორგანიზაციას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში ეს ეთიკეტიც დარღვეულია და რეკომენდაციაც ბრძანებასავით გაისმის:

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყირიმის ანექსია და ის უკრაინას უნდა დაუბრუნოს! რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და დახმარება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ! რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან, ვინაიდან ის ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის წევრია და ა.შ.

ეს საკითხები, უაღრესად მწვავედ გაჟღერებული ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში, სწორედ ისაა, რამაც უდიდესი უფსკრული შექმნა დასავლეთსა და რუსეთს შორის და აგერ უკვე ერთი წელიწადია კატასტროფული დაპირისპირების საგნადაა ქცეული მოსკოვ-ვაშინგტონ-ბრიუსელს შორის.

განვლილმა ერთმა წელმა ნათელჰყო ის ურთულესი პოლიტიკური ვითარების არსებობა, გამოწვეული მსოფლიო ლიდერობისთვის ბრძოლით. ერთწლიანმა დაპირისპირებამ გააშიშვლა ე.წ. დასავლური დემოკრატიის მიზნები რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის პოზიციები დასავლური გამოწვევებისთვის პასუხის გაცემის საქმეში.

განვლილმა ერთმა წელმა ისიც დაგვანახა, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება გრძელვადიანია და ურთულესი საკითხებიდან გამომდინარე, მისი სწრაფად გადაჭრა შეუძლებელი. მაშ, რით ხელმძღვანელობდა ევროსაბჭო, როდესაც რუსეთს აპრილამდე აძლევდა პრობლემების მოსაგვარებელ ვადას? შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას – „მსუბუქი“, მოჩვენებითი და შედეგზე გაუთვლელი?

გადაწყვეტილება – გადაწყვეტილებისთვის და არა შედეგისთვის. შედეგის მოსურნე ორგანიზაცია, ყოველგვარი ნაჩქარევი გადაწყვეტილების ნაცვლად დიალოგის გზას დაადგებოდა, მაგრამ არა – მან სარეკლამო გადაწყვეტილება ამჯობინა საქმეს. საქმე კი დიალოგია და არა რომელიმე წევრის დატუქსვა.

ახლა რაც შეეხება წინადადებებს: პირველი – ყირიმის ანექსიაზე ხელის აღება და უკრაინისთვის დაბრუნება. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი ულტიმატუმით მიმართოს რუსეთს, თანაც მხოლოდ აპრილამდე მისცეს ვადა „კაპიტულაციისთვის“.

ეს სიტყვა შემთხვევით არ ვახსენე. „კაპიტულაციის“ ტოლფასი იქნება რუსეთის მიერ ყირიმზე უარის თქმა და უკრაინისთვის დაბრუნება. ყირიმს, რუსეთი თავისი ცივილიზაციისა და ისტორიის აკვნად მიიჩნევს, უკანონოდ გადაცემულს უკრაინისთვის და კანონიერად შემოერთებულს 2014 წელს.

რას ნიშნავს კრემლისთვის და ნებისმიერი რუსისთვის დაბრუნებული ყირიმის უკრაინისთვის ჩუქება? რუსეთის ხელისუფლების სრულ დისკრედიტაციას, სახალხო აჯანყებას, საერთაშორისო არენაზე რუსეთის ავტორიტეტის დაცემას და ა.შ.

ევროსაბჭომ, ისე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი ამ დათმობაზე არ წავა და აქედან გამომდინარე, უნდა იფიქრონ არა ულტიმატუმზე, არამედ დიალოგზე; არა დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე. იქნებ დაახლოებით, რაღაც მაინც მიაღწიონ.

ძნელია აგრესორი უწოდო ქვეყანას, რომელიც გამუდმებით აცხადებს – დაამტკიცეთ ჩემი აგრესორობაო. ამ მოწოდებას შესაბამისი პასუხი სჭირდება – მტკიცებულებით და არა ზეპირსიტყვაობით.

რაც შეეხება სავჩენკოს – მან დანაშაული ჩაიდინა გაცილებით ადრე ანუ მაშინ, როდესაც უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია კი არა, არჩევნებიც არ იყო ჩატარებული უკრაინაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში სავჩენკოს შეყვანის მიზანიც ის იყო, რომ ევროსაბჭოს ზეწოლით რუსეთს  პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ის. არის თუ არა სავჩენკოს, უკრაინის რადას წევრად არჩევა და ევროსაბჭოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრად გამწესება უკრაინელთა ვირეშმაკობის ნაყოფი?

ვაგლახ, რომ არის. მაგრამ უკრაინას მსგავსი და უარესი ვირეშმაკობა გასდის, ვინაიდან, დასავლეთის წაქეზებით, რუსეთის წინააღმდეგაა მომართული. სავჩენკოს საქმე ძიებაშია და მხოლოდ მართლმსაჯულება გადაწყვეტს მისი გათავისუფლების საკითხს და არა ევროსაბჭოს ბრძანება.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ერთობ ზედაპირულია და შეუსრულებელი, ყოველ შემთხვევაში დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. სამწუხაროდ, ევროსაბჭოს, როგორც ჩანს საქმე არ ადარდებს, რაც ადარდებს – ანტირუსული PR-ია და ამას წარმატებით ართმევს თავს ბრიტანელი, ბალტიისპირელი და ქართველი პარლამენტარების წყალობით.

ქართული ტელევიზიების ეკრანებზე მსხვილ პლანში წარმოდგენილი ქართული დელეგაციის წევრების „გამარჯვებულის“ სიხარულს ეკრანი ვერ იტევდა. განსაკუთრებულად კატეგორიული, თანაც ჭკუის დამრიგებლური იყო საპარლამენტო „პირველი ლედის“ ხიდაშელის განცხადება: – „რუსეთმა, რაც ეკადრებოდა, ის მიიღოო, მაგრამ ამ დარბაზში ისეთებიც არიან, ვინც საწინააღმდეგოდ აზროვნებენ, მცირედნი, მაგრამ არიან“, – თქვა იმათზე, ვინც უკბილო და წინასწარ შეუსრულებელი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ. არ მოეწონა თინიკოს სხვაგვარი აზროვნება. მისი აზრით, ყველა ისე უნდა აზროვნებდეს, როგორც ვაშინგტონში ასწავლეს.

საქართველოს პარლამენტართა ერთსულოვანმა სიხარულმა, რუსეთის „გაგდებით“ გამოწვეულმა, რატომღაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქართველოს უზენაესი საბჭოს დარბაზში დატრიალებული სიხარული გამახსენა. მაშინ მქუხარე ოვაცია მოჰყვა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებას. სამწუხაროდ, ის სიხარული ხანმოკლე გამოდგა.

ასე იცის მოვლენების ზერელე შეფასებამ, არასიღრმისეულობამ, ქარაფშუტობამ. ქართველთა სტრასბურგულმა „გამარჯვებამ“, ვინ იცის, თავი სად ამოჰყოს, თან ისეთ მომენტში, ქვეყნისთვის ზედმიწევნით სასიცოცხლო რომ იქნება. თუმცა სტრასბურში წარგზავნილებს რომ მხოლოდ საკუთარი თავ-კუჭი ადარდებთ და არა სამშობლო ფაქტია.

როდესაც სტრასბურგში ანტირუსული ცეკვა „ხანჯლური“ ტრიალებდა, თბილისში ქალბატონი ნანა დევდარიანი და დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ერთობ მნიშვნელოვან თემას განიხილავდა – „თურქული ნაკადისთვის“ რუსული გაზის მიწოდების მარშრუტს და გულწრფელად აყენებდა საკითხს ამ მარშრუტის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის თაობაზე.

სხვათაშორის, ეს თემა პირველად ნინო ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ გააჟღერა. ბურჯანაძეც ესწრებოდა საკითხის განხილვას. შეკრების მონაწილეები აცხადებდნენ, თუ რას მოუტანს საქართველოს რუსული გაზსადენის გატარება.

ფაქტია, რომ რუსული გაზის ტრანზიტი საქართველოს როგორც ეკონომიკურად, ისე ფინანსურად წაადგება. ისიც ფაქტია, რომ ტრანზიტი დაასაქმებს საქართველოს დაუსაქმებელი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. ისიც ფაქტია, რომ სატრანზიტო მშენებლობას, ექსპლუატაციას უდავოდ მოჰყვება ქართულ-რუსული კავშირების გაფართოება. მაგრამ სტრასბურგში და არა მარტო სტრასბურგში ქართველთა მიერ დაწიხლილი რუსეთი, გარისკავს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოყენებას?

 „თურქული ნაკადი“, „სამხრეთის ნაკადის“ შემცვლელია. „სამხრეთის ნაკადი“ კი, თავისთავად – უკრაინული ტრანზიტის. არც „სამხრეთის ნაკადი“ იქნებოდა და არც თურქეთის, უკრაინას რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა სატრანზიტო ქვეყნის ვალდებულებები. ნაცვლად ამისა, უკრაინამ დაარღვია მთელი რიგი ხელშეკრულებები, ხოლო შემდეგ აშკარა ქურდობას მიჰყო ხელი, რაც ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მითვისებაში გამოიხატა.

რუსულ-უკრაინულ „ქურდულ“ გარჩევაში ევროპამ, ნაცვლად ქურდი უკრაინის დატუქსვისა, რუსეთი დაადანაშაულა. ასე გრძელდებოდა არაერთი წელიწადი, ვიდრე რუსეთმა „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი არ გამოიგონა. „სამხრეთის ნაკადით“ გაზი ასცდა უკრაინის ტერიტორიას, როგორც არასანდო პარტნიორის.

რამდენად სანდო იქნება საქართველო, რუსული გაზის ტრანზიტისთვის? ეს ის კითხვაა, რომელიც უდავოდ დაისმება, თუკი ქართველთა (ცხადია, უკიდურეს გამონაკლისთა) წინადადება მოსკოვის ყურში მოხვდება. ვეჭვობ, რომ რუსეთი საქართველოს ენდოს. თქვენ თვითონ განსაჯეთ, მკითხველო, გუშინდელ-დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რამდენად სანდო იქნება რუსეთისთვის საქართველოს ტრანზიტი?

ბევრს, ძალიან ბევრს ვკარგავთ რუსეთთან ხელჩართული ბრძოლით. კომპენსაცია კი რახანია არ ჩანს – არც ევროპიდან და არც ოკეანისგადაღმელიდან. რაც ჩანს, საქართველოს ანტირუსულ ალიანსში გაწევრება და მისი ტერიტორიის ათვისებაა, თუნდაც ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ბაზის გახსნით.

მთელი გასული წელი „ცივი ომის“ წლების მსგავსი იყო – ისეთივე ბიპოლარობის გამომხატველი, როგორც მაშინ – 25 წლის წინათ. ორპოლარული დაპირისპირება, ერთმანეთის დაუფარავი ლანძღვა, ერთმანეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. არადა, რახანია მსოფლიო მრავალპოლარულია. კარგა ხანია გაჩნდა ახალი ეკონომიკურ-სამხედრო ცენტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, უკრაინიდან გამომდინარე, დაპირისპირება ბიპოლარულია. ერთის მხრივ რუსეთი, მეორის – აშშ-ი. სწორედ აშშ-ი იღებს გადაწყვეტილებებს უკრაინის საკითხებში. აშშ-ი იხილავს უკრაინის მთავრობის შემადგენლობის საკითხებს, კიევისთვის დახმარების გაწევისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემებს.

დასავლეთს, კერძოდ ევროპას უფლება არ აქვს გადაუხვიოს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას. პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიზისულ ვითარებას სისტემატურად აქვს ადგილი. როგორც ამბობენ, მათ უკან დასავლელი წამქეზებლები დგანან. აშშ-ს მიერ მიღებული გეგმა “თანაბარი ძალის“ შექმნის თაობაზე, რეალურ სახეს იღებს. ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყოფილ საბჭოთა ფარგლებში არ დაუშვას მსგავსი ან სხვა რაღაც კავშირის შექმნა.

ინტეგრაციული პროცესები იგმობა, ხოლო რუსოფობიას ფართო გასაქანი ეძლევა. ვაშინგტონი მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკოსთა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლას, რომლებიც ანტირუსულად არიან განწყობილნი. ნეგატიურად ეპყრობიან ყველა იმათ, ვინც რუსეთს დადებითად უყურებს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ანტირუსულს იტყვის, უმალ ვაშინგტონის „მზრუნველ“ ხელში ხვდება.

ბიპოლარული დაპირისპირება ანაქრონიზმად გამოიყურება გეოპოლიტიკური ცვლილების ფონზე. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთის მემკვიდრეა, მრავალი პარამეტრით არ არის აშშ-ს მეტოქე, ისე, როგორც იყო საბჭოეთი. აშშ-ს ნამდვილი მეტოქე ჩინეთია, რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, თითქმის უტოლდება აშშ-ს.

სამხედრო მშენებლობის დარგში ჩინეთი მეორეა, თუმცა სამხედრო ბიუჯეტით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს. მუყაითი შრომის შედეგად, ჩინეთი ამ დარგშიც გაუსწრებს აშშ-ს. მაგრამ აშშ-ს ნომერ პირველი მტერი მაინც რუსეთია, ისე, როგორც რუსეთისთვის – აშშ-ი.

აშშ-ს აწუხებს ჩინეთის გაძლიერება და მისი მოთოკვა სურს, მაგრამ ჩინეთამდე, რუსეთის დაჩოქება აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის ის ბევრ უკადრებელს კადრულობს. ანალოგიურს ითხოვს პარტნიორი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან.

„რუსეთი ნატოს ალყაში უნდა მოექცეს“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ნულანდმა. ამით გააბათილა ყველა ის მითი, რასაც წლების განმავლობაში აცხადებდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები – „ნატო მშვიდობისმოყვარე ორგანიზაციაა და მისი მიზანი არ არის რუსეთის ალყაში მოქცევა“.

ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ი და ნატო აძლიერებენ საკუთარ სამხედრო ძალებს, ამარაგებენ ამ ქვეყნებს ტანკებითა და სხვა მსხვილმან-წვრილმანი იარაღით – ფაქტია. დასავლეთის სამხედრო რიტორიკა საქმით არის განმტკიცებული. ეს რომ ასეა, არაერთხელ „გვახარა“ ცნობილმა ტელეკომპანიებმა „BBC“-მ, „ევრო-ნიუსმა“, სხვებმა.

დასავლეთიდან რუსეთის შემორკალვის საქმეს სამხრეთიდან შემორკალვა ეგებება. სხვას არაფერს ნიშნავს ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ „კეთილშობილურ“ საქმეს დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ამერიკელმა ვერშბოუმ. 

ამერიკულ თამაშს, ერთობ სახიფათოს და დასაგმობს, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება, რაც სარისკოა ქვეყნისთვის. სამხედრო ბაზის გახსნასთან ერთად მთელი საქართველოს ტერიტორია რუსული იარაღის სამიზნე არეალში მოექცევა, თუ უკვე მოქცეული არ არის. მაგრამ არის კი ვინმე ხელისუფლებიდან ამის შემსმენი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.