სერიოზული ისლამისტური გამოწვევა – ჯიჰადის სახით

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას რომ ტერორიზმი წარმოადგენს, მტკიცება არ სჭირდება. გაეროს 69-ე გენერალური  ასამბლეის ჩარჩოებში, უშიშროების საბჭოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული რეზოლუცია სწორედ ამის დასტურია. მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად მიიღო დოკუმენტი ჯიჰადიზმთან, როგორც ტერორიზმის საშიშ გამოვლინებასთან ბრძოლის თაობაზე.

რეზოლუციაში არის მოთხოვნა გაეროში შემავალი 193 ქვეყნის მიმართ, მიიღონ ეფექტიანი ზომები, არ დაუშვან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებში მოხალისეთა გამგზავრება. საქმე ეხება სირიასა და ერაყში მოქმედ ისლამისტურ ორგანიზაციას, რომელმაც დაიპყრო რა აღნიშნული ქვეყნების დიდი ნაწილი – ერთი მესამედი თითოეულის, თავი „ისლამურ სახალიფოდ“ გამოაცხადა.

სხვადასხვა მონაცემებით, „სახალიფოში“ 30000-დან-50000-მდე ჯიჰადისტი იბრძვის. უმრავლესობა მათგანს საბრძოლო წრთობა აქვს გავლილი ავღანეთში, ლიბიაში, სირიასა და ერაყში. ჯიჰადისტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა აღინიშნება აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სხვა. საქართველოდან მეომარი ჯიჰადისტები „სახალიფოს“ მმართველობის შემადგენლობაშიც არიან.

„სახალიფოს“ აქტიური მოქმედება 2013 წლიდან შეინიშნება, ცხადია სირიის პრეზიდენტის ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. სირიის ტერიტორიაზე სხვა ექსტრემისტული ისლამისტური ჯგუფებიც მოქმედებენ, რომელთა შორის გამოირჩევა „ალ-ქაიდას“ ფილიალი, „ჯაბხატ ან-ნუსრა“. მაგრამ მას შემდეგ, რაც „სახალიფოს“ „არმიამ“ დაიკავა ერაყის ქალაქი მოსული, მეორე თავისი სიდიდით, ინტერესი „სახალიფოსადმი“ ექსტრემისტ ისლამისტებში მკვეთრად გაიზარდა. ყოველივე აღნიშნულს ხელი შეუწყო ქ.მოსულის ნავთობსაბადოებმაც.

„სახალიფოს“ დაფინანსება ხდება სპარსეთის ყურის ვაჰაბისტური მონარქისტული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ქ.მოსულის აღებისას ჯიჰადისტებს ხელში ჩაუვარდათ ბანკებში, განსაკუთრებით ერაყის ცენტრალური ბანკის ფილიალში დარჩენილი ასეულობით მილიონი დოლარი. „სახალიფო“ ყიდის ნავთობს იმ საბადოებიდან, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარება.

„ისლამური სახალიფო“ დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის ამბიციური გეგმები შორს მიდის ახლო აღმოსავლეთიდან და მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას – ჩინეთიდან დაწყებული, ესპანეთის ჩათვლით. „სახალიფოს“ პროექტში კავკასიის და ცხადია საქართველოს დაპყრობაც მოიაზრება, ომი რუსეთთან და ა.შ.

მაინც როგორ აპირებს ახლადშექმნილი „სახალიფო“ თავისი გავლენის ესოდენ გაფართოებას?

უპირველეს ყოვლისა, მომავალი გავლენის ქვეყნებში მცხოვრები ვაჰაბიტების, სალაფიტების, ჯიჰადისტების დახმარებით. ერთის შეხედვით, თითქოს ასეთი ძალები დიდ საშიშროებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი არიან, არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს ერთის შეხედვით. სინამდვილეში მათი „მიძინებული“ ძალა ანგარიშგასაწევია და საკმარისი იქნება ისლამისტურ-ექსტრემისტული ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევა, რომ დიდი პრობლემები შეექმნათ ხელისუფლებებსა და საზოგადოებას.

თუ დასავლურ, მათ შორის ამერიკულ წყაროებს დავუჯერებთ, პატარა საქართველოში საკმაო რაოდენობით არიან ვაჰაბიტებიც, სალაფიტებიც, ჯიჰადისტებიც, რომელთა გარკვეული ნაწილი სირიაშიც იბრძვიან და „სახალიფოს“ „არმიის“ შემადგენლობაშიც.

ტერორისტული ჯგუფების არსებობა ძირითადად პანკისს უკავშირდება. სწორედ იქ იყო თავმოყრილი ჩეჩენი „ბოევიკების“ არცთუ უმნიშვნელო ნაწილი. გავიხსენოთ „განათლებული“ გელაევი, როგორც მას შევარდნაძემ უწოდა, და მისი „ტრიუმფალური“ გადასვლა პანკისიდან კოდორში, ცხადია საქართველოს შსს ესკორტირებით, კოდორში დაბანაკება და „შეტევა“ სოხუმზე, მარცხი, გელაევის დაჭრა, თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა და ა.შ.

როგორც უცხოური, ისე ჩვენი პრესის მიხედვით, პანკისში, არა მარტო „ბოევიკების“ საწვრთნელი ბაზა იყო, არამედ ნარკოტიკების ადგილიც. რუსეთში, ჩეჩენ ტერორისტებთან წარმატებული ომის შედეგად, პანკისის თემამ, მანამდე ნეგატიურად არაერთხელ გაჟღერებულმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, განსაკუთრებით 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, კვლავ წინა პლანზე გამოჩნდა.

აღნიშნულ პერიოდში საქართველომ, სირიაში, ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ „ბოევიკთა“ მომზადების საიდუმლო სტატუსი შეიძინა, რომლის შესახებაც აღნიშნულია ამერიკელი მკვლევარის ჯატრასის მიერ 2013 წლის შემოდგომით გამოცემულ წიგნში.

სირიის ოპოზიციის ძალების ჯიჰადისტთა მომარაგების საქმეში სააკაშვილის ხელისუფლების წვლილი საგრძნობი იყო. აღნიშნულ „ღონისძიებას“ ჯატრასისა და ქართული პრესის მიხედვით, შს მინისტრის მოადგილე, ვინმე ლორთქიფანიძე კურირებდა.

სააკაშვილის ხელისუფლების ამ შავი ისტორიის შესახებ ომბუცმენი ნანუაშვილიც ამბობდა. თითქოს გამოძიებაც დაიწყო ლაფანყურთან დაკავშირებით, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობია, რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე.

გუშინდელი „შავი“ ისტორიისთვის ყურის წაყრუებამ ხომ არ გამოიწვია ის, რომ სირიის ანტიასადურ ძალებში მებრძოლ ჯიჰადისტთა შორის საქართველოს მოქალაქეთა საგრძნობი რაოდენობაა? საყურადღებოა ისიც, რომ „ისლამური სახალიფოს“ შექმნის საჯარო გამოცხადებას ზეიმით შეხვდნენ კახეთის ზოგიერთ და აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში. როგორც საქართველოში აკრედიტებული საელჩოების დიპლომატები აღნიშნავენ, იყო ავტომანქანების კოლონების მსვლელობა, დროშების ფრიალი, ცხადია „სახალიფოს“, საყვირების გამაყრუებელი ხმაური და ა.შ.

ამ „ზეიმის“ შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ცოტა რამ იცის, ვინაიდან ინფორმაციის წყარო – ჟურნალისტიკა დუმს. მას გაცილებით მეტად იზიდავს „თოქ-შოუებში“ ისეთი თემის განხილვა, როგორიცაა საქართველოს ესტრადის მომღერლების მიერ მოსკოვში კონცერტის გამართვა.

თემა ჟურნალისტ გრიგოლიას მიერ იქნა გაჟღერებული – მასში მონაწილე მიწვეულების ერთმანეთის ლანძრვა-გინებით და ცხადია რუსეთის უშვერი სიტყვებით მოხსენიებით. როდესაც შოუს მონაწილე „მწერალი“ დეისაძე მოსკოველ ხუბუტიას ეტყვის – პუტინის დედა მოვ…  – ყველაფერი ნათელია.

ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, „ნაცური“ სულისკვეთებით გაჟღენთილი, საკუთარ ჭაობში ბუყბუყებს და საცაა ჩაიხრჩობა. ნებისმიერი პრეზიდენტის, მითუმეტეს მეზობელი დიდი ქვეყნის, გინება კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს.

ასეთი უნდა ისჯებოდეს – საჯაროდ, ტელევიზიით ბილწსიტყვაობისთვის. ტელევიზიამაც უნდა აგოს პასუხი მსგავსი გამოხდომისთვის, მაგრამ სად არის ტელევიზია? ჩემის აზრით, „თოქ-შოუში“ მონაწილე თავმოყვარე სტუმრებს ამ გინების შემდეგ დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ დარბაზი და არა მარტო იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი შეურაცხყვეს, არამედ თითოეული მათგანი შეურაცხყვეს.

საზოგადოების ყურადღება უხამს შოუებზეა გადატანილი და მთავარი პრობლემების განხილვა გვერდზე რჩება. საკითხავი ისაა, შეგნებულად თუ შეუგნებლად ხდება ყოველივე ეს? იქნებ ინფორმაციის არცოდნის გამო? იქნებ ვიღაცამ გააფრთხილა – ამ თემაზე ნუ დაწერთო? წინ ხომ მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი ისეთი, როგორიცაა აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, სირიაში და სხვაგან მეომარი რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების საწვრთნელი ბაზის შექმნა?

ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის შექმნის თემა  არახალია. ჯერ კიდევ საქართველოდან, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ, მოსკოვი ითხოვდა, ანტიტერორისტული ბაზის შექმნას. მაგრამ მაშინ საქართველომ რუსეთი მოატყუა, დაპირდა და აღარ შეასრულა. რუსეთმა კი ამასობაში სამხედრო ბაზები დახურა. იმჟამად ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ტყუილს საქართველოს ცხვირში ამოადენდნენ. 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მძლავრი სამხედრო ბაზები შექმნა.

ყოველივე აღნიშნული უკვე წარსული ისტორიის ნაწილია, თუმცა დასაწყისი იმისა, რაც დღეს არის. დღეს კი, ცხრამთას იქით არსებული სახელმწიფო, საქართველოს გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება რომ „სტრატეგიულ პარტნიორად” მოიხსენიებს, ცდილობს თავისის გატანას, ანუ ე.წ. ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის შექმნას, ექსტრემისტულ ისლამთან საომრად.

დავუშვათ, ამჯერად მაინც აშშ-ს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს, რის დაჯერებაც ძნელია, რას მოუტანს ეს საქართველოს? ცხადია, ცუდის მეტს არაფერს, ვინაიდან ბაზა უმალ გახდება იმათი სამიზნე, ანუ ჯიჰადისტების, ვის წინააღმდეგაც იქნება მიმართული. „სახალიფოს“ ჯიჰადისტები ძალას არ დაიშურებენ მათ წინააღმდეგ მებრძოლი „ინკუბატორის“ გასანადგურებლად და ამ პროცესში უდანაშაული მსხვერპლიც იქნება. ეს, რაც შეეხება ერთ მხარეს.

მეორეც, არანაკლებ საშიშია, რაც დადასტურდა კიდევაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ლუკაშევიჩის მხრიდანაც, რომელმაც გამოხატა რუსეთის შეშფოთება საწვრთნელი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.

შეშფოთების საბაბი რუსეთს აქვს. არავინ იცის, ამერიკულ ბაზაზე მომზადებული სირია-ერაყში საბრძოლველი ბრიგადები იქით გაემგზავრებიან თუ რუსეთისკენ. რუსეთი კარგად იცნობს ამერიკელთა ხელწერას.

დასავლეთის ქვეყნებმა, უპირველესად აშშ-ა ისლამური ექსტრემისტული ძალები გამოიყენეს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. „გარიგებით ქორწინებას“ ჰქონდა ადგილი 1979-1989 წლებში, როდესაც აშშ-ა და საუდის არაბეთმა დააფინანსეს და შეიარაღეს ავღანელი მოჯახედები და მათი რიგები გაზარდეს არაბი „ბოევიკებით“. ამ უკანასკნელებს, ომის შემდეგ, იარაღი არ დაუყრიათ, პირიქით შეატრიალეს გუშინდელი მასწავლებლების წანააღმდეგ. ასე შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“.

 არაბული „გაზაფხულის“ დადგომასთან ერთად კვლავ აღმოცენდა ისლამური ძალების გამოყენების პროგრამა. პირველმა, „აღორძინებულმა“ ნაბიჯმა, განხორციელებულმა ლიბიაში, უმძიმესი შედეგი მოიტანა – წარმატებული ქვეყნის ნგრევა, საყოველთაო ანარქია და თვით დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმები, აშშ-ს ელჩის მკვლელობა და ა.შ.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა სირიაში – ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. სამწლიანმა ომმა ჯიჰადისტებს მისცა შანსი გამაგრებულიყვნენ დასავლური დახმარების წყალობით.

დღეს, აშშ-ი აყალიბებს „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების კოალიციას, მაგრამ პარალელურად აგრძელებს ომს ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ორმაგი სტანდარტი სახეზეა. მსგავსი მოქმედება უხერხულ მდგომარეობაში აყენებს კოალიციის წევრ ზოგიერთ ქვეყანას. მათ არ სურთ სირიის ტერიტორიის დაბომბვა.

აღნიშნულ კოალიციაში 40 ქვეყანა მოიაზრება, მაგრამ სამხედრო ოპერაციებში, ანუ საჰაერო თავდასხმებში მხოლოდ 11 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: აშშ-ი, ხუთი ევროპული და ხუთი არაბული ქვეყანა. აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს საუდის არაბეთთან ერთად შექმნას ლოიალური სირიული ოპოზიციის სამხედრო-საწვრთნელი ბაზა, რომლის მიზანი იქნება სირიის ტერიტორიაზე გამაგრებული „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა. დასაწყისში ბაზამ 5000 მეომარი უნდა მოამზადოს. მაგრამ თვით ამერიკელი სამხედროების გათვლით, სირიის ტერიტორიიდან „სახალიფოს“ „არმიის“ გასადევნად 15-20 ათასი ჯარისკაცი იქნება საჭირო.

მწარე ისტორიული გამოცდილება კი გვიკარნახებს – საწვრთნელ ბაზებზე მომზადებული „ბოევიკები“ იოლად ტრანსფორმირდებიან ჯიჰადისტებად. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს „ბოევიკები“ ისევ ბაშარ ასადს მიუსიონ.

„სახალიფოსთან“ ბრძოლა იოლი რომ არ არის, თვით აშშ-ს პრეზიდენტნა ობამამაც აღიარა. მან განაცხადა, რომ ამ ომს მინიმუმ სამი წელიწადი დასჭირდება.

რატომ სამი და არა ორნახევარი ან ოთხი? ამ „სიზუსტისთვის“ ობამა მკაცრად გააკრიტიკეს, როგორც შინ, ისე გარეთ. ობამას ნათქვამმა იმედგაცრუება გამოიწვია სირიის და ერაყის იმ მოსახლეობაში, რომელიც უკვე იმყოფება „სახალიფოს“ უღელქვეშ. იქ, წამებში წყდება ქრისტიანების, შიიტების, ქურთების, ალავიტების ყოფნა-არყოფნის ბედი.

„სახალიფო“ წარმატებით ახორციელებს ქ.კობანის შტურმს. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მიხედვით, ქალაქი მათ ხელშია, რაც ნიშნავს თურქეთთან საკმაოდ გრძელი სასაზღვრო ზოლის (400 კმ) კონტროლს.

სულ  ახლახანს ცნობილი გახდა „სახალიფოს“ მიერ შექმნილი მანიფესტის შესახებ, რომლის მიხედვით, ჯიჰადისტები თავაზობდნენ მოსკოვს იმ ნავთობსაბადოების ექსპლუატაციას, რომლებიც მათ კონტროლს ექვემდებარება – სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის მიღებისა. ჯიჰადისტები რუსეთიდან ითხოვენ თეირანთან კავშირების გაწყვიტას, სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარებას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლებისადმი დახმარების შეწყვეტას.

ეს დოკუმენტი, რომლის ავტორი აბდულა ახმედ ალ-მესხედანია, „სახალიფოს“ მმართველი ექვსეულიდან ერთ-ერთი, ა.წ. მარტშია შედგენილი და მიზნად ისახავს ისეთ ამბიციურ გეგმას, როგორიცაა შიიტურ ირანთან დაჭიდება. თვით ირანის ხელისუფლება თვლის, რომ აშშ-ი და მის მიერ შექმნილი კოალიცია ფეხს ითრევს სერიოზული საბრძოლო მოქმედებების განხორციელებიდან. ქურთული ქალაქის კობანის დაცემა ჰუმანიტარული კატასტროფის მაუწყებელი იქნება.

ექსპერტთა აზრით, ვერავითარი კოალიცია ვერ იმოქმედებს ეფექტიანად, ვიდრე მასში ჩართული არ იქნებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ირანი, სირია. რუსეთსა და ირანს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ ტერორიზმთან ბრძოლაში და მათი იგნორირება საერთო საქმეს ავნებს.

რაც შეეხება საქართველოს, მისმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ჯეროვნად შეაფასოს ვითარება, არ დაუშვას აშშ-ს სამხედრო-საწვრთნელი ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე; გაძლიერებული ყურადღება გამოიჩინოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მუსლიმანური პროცესებისადმი; ყურადღება გაამახვილოს ვაჰაბიზმისა და სალაფიზმის მიმართ; ფეთჰულა გიულენის მოძღვრების ფართო გაშლის მიმართ აჭარის ავტონომიაში; „ისლამური სახალიფოს“ შემაკავებელ ფაქტორად გამოიყენოს რუსულ-ქართული მართლმადიდებლობა, სომხური გრიგორიანიზმი, ირანული შიიზმი.

მხოლოდ ამ კვარტეტის კონსტრუქციულ თანამშრომლობას შესწევს ძალა და უნარი წინ აღუდგეს ისეთ სერიოზულ ექსტრემისტულ გამოწვევას, როგორიცაა ჯიჰადი, „ისლამური სახალიფო“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.