23.12.2024

საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა

სომხეთი ბობოქრობს – რომ იტყვიან ქუდზე კაცია გამოსული ერევნისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საბაბი? – ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდა. დემონსტრანტები აცხადებენ – ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე ხელისუფლება არ შეამცირებს ტარიფებსო.

სომხეთის მოსახლეობას, საშუალო თვიური შემოსავლით (300-400 დოლარი) გაუჭირდება 16%-იანი ზრდის დაფარვა. გაუჭირდება თუ არა, მან უკეთ იცის.

მე უფრო მეტად ის მაინტერესებს, როგორ მოახერხა ჩიხში მომწყვდეულმა სომხეთმა თვეში, საშუალოდ 300-400 დოლარამდე ასვლა?! „დემოკრატიულ“ საქართველოში მცხოვრებლებს ანუ ნებისმიერ ჩვენგანს უნდა გაუჩნდეს ასეთი მარტივი კითხვა ან თუნდაც ის, რატომ აქვს სომხეთის მოქალაქეს მეტი პენსია, ვიდრე ჩვენსას? არ ვლაპარაკობ ბელარუსზე, ყაზახეთზე ან აზერბაიჯანზე, მითუმეტეს რუსეთზე – ისინი ხომ ჩვენი და დასავლეთის განმარტებით „ტოტალიტარულები“ არიან.

ის, რომ ამიერკავკასიაში აზერბაიჯანმა, თითქმის ყველა პარამეტრით დანარჩენ ორს გაგვისწრო, ხომ ფაქტია?! ვიძახოთ ახლა ტოტალიტარული აზერბაიჯანი, ერთმმართველი ილხამ ალიევი, ამით ხომ არც აზერბაიჯანს დააკლდება და არც ალიევების ოჯახს? ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ალიევებმა ფეხზე დააყენეს აზერბაიჯანი.

თვალი შეავლეთ ბაქოს, სხვა ქალაქებს, ახალ მშენებლობებს, გზებს, სპორტის თუ კულტურის სასახლეებს, უამრავ მუსიკალურ ფესტივალს, თუნდაც ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებს. დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, ვერ შეაფასოს გიგანტური ნახტომი – გაკეთებული აზერბაიჯანის მიერ. დაუნახავი უნდა იყოს ადამიანი, რომ ჯეროვნად არ შეაფასოს აზერბაიჯანის სპორტსმენების გუნდური წარმატება – ევროპის პირველ ოლიმპიადაზე.

დიახ! აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ მისი სხვამდე მიტანის შესაძლებლობა რომ არ აქვს? ჩვენი ტერიტორიის გავლით ხდება აზერბაიჯანული ენერგომატარებლების დაფასება. მაგრამ საქმე მარტო ენერგომატარებლებში და მის სიკეთეებშია? ჩემი აზრით, საქმე ჭკუა-გონებაშია და იმაში, თუ როგორ გამოიყენებ ღვთის მიერ ნაბოძებ შესაძლებლობებს. როგორც ცხოვრება გვიჩვენებს – ის პრაგმატულად იყენებს, ჩვენ – ვერა, სატრანზიტო დერეფანი მაქვს მხედველობაში.

აზერბაიჯანის არ მიკვირს, მაგრამ სომხეთის? როგორც ჩანს, იქაური დემოკრატია სხვაგვარია – პრაქტიკული, პრაგმატული და არა მოლაქლაქე, როგორც აქ.

ჩემი „აღმოჩენა“ სომხეთის საშუალო ხელფასთან დაკავშირებით სულაც არ ჩაითვლებოდა აღმოჩენად, ჩვენს რომელიმე ტელეკომპანიას რომ გასჩენოდა სურვილი და ერთხელ მაინც მოეთხრო მეზობელი ქვეყნების ცხოვრებაზე – საფუძვლიანად, სიღრმისეულად. მე თუ მკითხავთ, მსგავსი რამ, თუნდაც თვეში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს – საქართველოს მოსახლეობის თვალის ასახელად.

მეც ვარ რა?! ვის უნდა საქართველოს მოსახლეობის თვალის ახელვა? – არც არავის, უპირველესად ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის ჭურში ყოფნა უფრო აწყობს, ვიდრე თვალის ახელა. თუ ეს არ სურს, რატომ არ ავალდებულებს თბილისში მივლინებით ჩამოსულ, აზერბაიჯანსა და სომხეთში ან სხვა ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატებს ტელეეთერში გამოსვლას ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, სოციალურ ყოფასთან დაკავშირებით?

მაგრამ არა! ცალ კარში თამაში ურჩევნიათ. ანუ სულ იმის ძახილი – რა მაგრები ვართ – ევროასოცირების ხელშეკრულებასაც ხელი მოვაწერეთ და ანტისარაკეტო სისტემების განთავსებასაც ვაპირებთ ერთ ციცქნა ტერიტორიაზე, თან ამ დოკუმენტზე ხელმომწერს არაფერს ვეკითხებით – რა დაუჯდება საქართველოს ასეთი სისტემა. თავდაცვის მინისტრი გვეუბნება – ხელშეკრულება საიდუმლოა და თანაც ამას ამბობს უტუხად, თითქოს ის იყოს საქართველოს ხალხი და არა ამ ხალხის მიერ დანიშნული მოხელე.

მაგრამ არის თავდაცვის მინისტრი ხალხის მიერ დანიშნული? ნამდვილად არა. ხალხმა „აირჩია“ პარლამენტი და მისი პრეროგატივაა ვის დანიშნავს მინისტრად და ვის არა! უფრო სწორად მთავრობის. მაგრამ, როდესაც პარლამენტის წევრები აცხადებენ – მინისტრი მოვიდეს და გვითხრას, რას მოაწერა ხელიო, გამოდის – არც მათ იციან ამის თაობაზე. მაშ ვინ იცის? იცის აშშ-ს ელჩმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და არ იცის საქართველოს პარლამენტმა და ხალხმა, რომელმაც ის აირჩია და ეს ხდება ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა სომხეთში ან აზერბაიჯანში, მსგავსს რომ ჰქონოდა ადგილი? არადა დარწმუნებული ვარ, სომხეთის ელექტროტარიფები მიზერული იქნება, ფრანგული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ხარჯებთან.

სოციალური საკითხები ისეთია, ყოველ კვირას რომ ასეულ-ათასობით ადამიანი გამოჰყავს პარიზის, ლონდონის, ბრიუსელის, რომის, სხვა ქალაქების ქუჩებში. სოციალური საკითხები ისეთი „არასერიოზულია“, საქართველოს სამიტინგოდ რომ ვერ გამოიყვანს, რაც კარგად იცის ხელისუფლებამ და ამიტომაც ანტისარაკეტო სისტემის ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს და ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებასაც. მდინარე „ვერეს“ ოინების შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თანაც არაერთი ადამიანის, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებაზე გაგრძელდებოდა საუბარი, თანაც კატეგორიული, თანაც ხელისუფლების მხრიდან.

„თათარიახნად“ ამასაც ააშენებენ, საკუთარ დივიდენდებსაც მიიღებენ და თუ რამე მოხდა, ახალი ხელისუფლება იქნება შუაში და არა ის, რომელიც დღეს არის. ახალიც ისეთივე მიკიბ-მოკიბული იქნება ძველის მიმართ, ისე, როგორც „ოცნება“ „ნაცთა“ მიმართ. ისევ მოხდება რაღაც, რაც „თათარიახნობამ“ იცის და ისევ იქნება გოდება, მაგრამ არ იქნება ხალხის გამოსვლა ისეთი, სომხეთში რომ არის. რატომ? იმიტომ, რომ სომეხს აქვს საერთო საქმისთვის ბრძოლის უნარი, ჩვენ?!

ხუდონჰესი მთავრობის აჩემებაა და კიდევ იმის, კულისებიდან რომ ხელთუპყრია ქვეყნის საჭე. მათ სურთ ხუდონჰესი. არ სურს იქაურებს. მაგრამ ისინი, რომ თითზე დასათვლელები არიან? სად არის ხალხი? ხალხი სახლშია და საღათას ძილს მიცემული, რომ  გამოიღვიძებს, გვიანი ხომ არ იქნება?! ან რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ – იმაზე, რაც არ არის?!

ამას წინათ, ერთი წერილის პატივცემული ავტორი, ერთ-ერთი პარტიის ლიდერს მიმართავდა – „ქართული სოფლის გადარჩენასა და აღორძინებაში ჩადებულ მილიონებს მაინც ვერ ხედავთო?“ მე, ვერ გეტყვით, რა პასუხს გასცემს ადრესატი ან ჩათვლის თუ არა მიზანშეწონილად პასუხის გაცემას, მაგრამ ჩემის მხრივ ვიტყოდი – როგორ ვერ ვხედავ, ვხედავ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რა „სიკეთე“ მოუტანა ამ ფულმა სოფელს. თუ სიკეთედ სოფლელების მიერ მიწის დამუშავების ნაცვლად, მსუბუქი ავტომანქანების შეძენა და თბილისში „ტაქსაობაა“ – მოუტანია და ეგ არის.

დიახ! სახელმწიფომ კი ჩადო, მაგრამ ყოველგვარი შესწავლის, ანალიზის გარეშე ან რა ანალიზს ველით სხვა პროფესიის ადამიანისგან, რომელიც სოფლის მეურნეობას „ხელმძღვანელობს“?

საქართველოში განათლების პროფილს რომ არავინ აქცევს ყურადღებას, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ იმ დარგის არმცოდნე ხელმძღვანელი და მასთან ერთად მის მიერ მოყვანილი გაუნათლებელი გუნდი ისე ანგრევს დარგს, რომ მერე ვეღარაფერი შველის მის ფეხზე დაყენებას. ასეა ნებისმიერ დარგში. ყველგან ისეთი აუწყობლობა, საქმისადმი არასახელმწიფოებრივი მიდგომა ტრიალებს, მტერს რომ გაახარებს.

შექმნილი მდგომარეობა აიძულებს საქართველოს მთისა და ბარის, სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას უცხოეთში გადახვეწას ლუკმა-პურის მოსაპოვებლად, ოჯახის გამოსაკვებად. და ვიდრე სახელმწიფო, ხელაღებით, დაუფიქრებლად ფულს გამოუყოფს სოფელს, წინასწარ ის მაინც შეისწავლოს, არის თუ არა იმ სოფელში დარჩენილი მოსახლე?

მე დემოგრაფი არ ვარ, მაგრამ დიდი დემოგრაფობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომელ სოფელში რამდენია დარჩენილი. იქნებ პროფესორ ანზორ თოთაძისთვის გვეკითხა ქართული სოფლის შესახებ?!

ამას წინათ ჩემი ახლობელი ქალბატონი მეუბნებოდა – ორი სოფელი მაქვს, ერთი დუშეთში, მეორე კასპშიო. ორივე დაცლილია ქალთა სქესისგან. ისინი უცხოეთში არიან გადახვეწილი და გამოგზავნილი ფულით ოჯახს ინახავენო. ანუ შრომასგადაჩვეულ კაცებს, ქმრებს, რომლებიც ლოთობენ, შვილები კი თბილისში თავშეფარებულები, ნარკომანობენო. გამოგზავნილი ფული პოლიციაში საქმის ჩაწყობაში იხარჯება ნარკომანი შვილების დასახსნელადო. ცხადია, ეს ყველა ოჯახს არ ეხება, მაგრამ უმრავლესობას რომ ეხება, ფაქტია.

დიახ! მძიმე დღეშია საქართველო და რომ ასეა – უნდა ვთქვათ. იქნებ კოლექტიურმა შეძახილმა გამოგვაფხიზლოს, აზრზე მოგვიყვანოს და დაგვანახოს, რომ „ევროპა და ამერიკა რომ თავს არ გვანებებენ და ძლიერ სტრატეიულ პარტნიორად გვთვლიან“ – სამარეს გვითხრიან. მათი მიზანი არის მარტივი და ძუძუმწოვარა პოლიტიკოსისთვისაც გასაგები – საქართველო, ქართველების გარეშე. დარჩენილი ქართველობა გაცისფრებული – „კოლგოტკებით“ დამშვენებული „მამაკაცებით“.

როდესაც „სტრატეგიული პარტნიორის“ უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად გამოაცხადა, რა გველის ჩვენ? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენზე ზეწოლა არ განხორციელდება? აშშ-ს მოსახლეობის 60%-ზე მეტი რომ სიხარულით შეეგება ერთსქესიანთა ქორწინებას, არ უნდა გვაფიქრებდეს?

დიახ! ევროპა-ამერიკა 23 წელიწადია მხარში გვიდგას, მაგრამ ვერ ხედავს საქართველოს პრობლემებს. იქნებ არ ხედავს? იქნებ მას სურს, რომ ასე იყოს? ერთი წუთით დავფიქრდეთ და ვთქვათ – საქართველო რომ აფრიკის კონტინენტზე მდებარეობდეს და არა რუსეთის მეზობლად, ისევ ჩაგვთვლიდა სტრატეგიულ პარტნიორად?! არ მითხრათ, ჩაგვთვლიდაო? თუ აფრიკის 50 სახელმწიფოს არ თვლის, ჩვენ რატომ ჩაგვთვლიდა? ჩვენი ცოდნა დასავლური პოლიტიკისა ნულს უტოლდება და იმდენად გულუბრყვილოა, სინანულს იწვევს.

დიახ!  დასავლეთი პარტნიორად გვთვლის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში – აშშ-ს ნომერ პირველ მტრად აღიარებულ ქვეყანასთან. აშშ-ა, წინა ხელისუფლების და მისი ლიდერის სააკაშვილის სახით ისეთი პარტნიორი გამოძებნა – შემხვედრ გეგმებს რომ სთავაზობდა მას. 10 და მეტი წლის განმავლობაში საქართველო იყო სადგისი აშშ-ს ხელში, რომელსაც დროდადრო სთავაზობდა რუსეთს ფაფუკ დუმაში. დღეს, მსგავსს ადგილი არ აქვს, მაგრამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა და ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე სადგისი არ არის?!

რუსეთის წყალობით ვართ „პარტნიორები“ და მეტი არაფერი. ჩვენ და არა ღმერთის მიერ ბოძებული ჩვენი ტერიტორია.

ახლა რაც შეეხება ამერიკელთა მოცემულ ფულს, მისი რაოდენობა გაცილებით მცირეა, სადგისობის საქმესთან შედარებით. ვინმეს უნახავს დასავლური ფულით, მათ შორის ამერიკულით განხორციელებული პროექტი, თუნდაც ერთი ქარხანა ან ფაბრიკა? არის ერთი და თანაც ისეთი, თვით აშშ-ს სპეციალისტებში რომ იწვევს შეშფოთებას. მათში და არა ჩვენში (ლუგარის სახელობის ბიოლოგიური კვლევის ცენტრი მაქვს მხედველობაში).

ამ უაღრესად საეჭვო ობიექტის შესახებ ბევრი იწერება იქ, მაგრამ არა აქ. არადა ჩვენ უნდა ვწერდეთ, ჩვენ უნდა მოვითხოვდეთ შემოწმებას და არა ამერიკელი ექსპერტები. არც აშშ-ს და არც ევროპას ერთხელაც არ უკითხავს „ნაცებისთვის“, რაში დახარჯეს ნაბოძები გრანტები?

ის, რომ წინა ხელისუფლება მოსუქდა, ყველანი ვხედავდით, მაგრამ ვერ ხედავდა აშშ-ს საელჩო, ისე, როგორც ვერ დაინახა 2008 წელს გორი-ცხინვალის მიმართულებით მიმავალი საქართველოს ტანკები და მძიმე ტექნიკა. რა გამოდის? აწყობდა აშშ-ს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი?!

თვით ამერიკელი ექსპერტების მიხედვით – აწყობდა და რომ აწყობდა, იმიტომ დაიბრმავა თვალი. თუ უმნიშვნელო არასამთავრობო ორგანიზაციის გამო აშშ-ს ელჩი თავს უფლებას აძლევს მკაცრი განცხადება გააკეთოს, რამ დაუშალა მას ასეთის გაკეთება 2008 წლის 5-6 აგვისტოს? ამიტომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, ვიდრე სიტყვა გადმოცდება ჩვენს ბაგეებს, დავფიქრდეთ!

დიახ! ჩვენ გვაქებენ, გვაქებენ იმიტომ, რომ უსიტყვოდ, ყურმოჭრილ მონასავით ვასრულებთ მათ დავალებებს. არ შევასრულებთ და სხვა სახელით შეგვამკობენ, ისე, როგორც ალიევს და სარგსიანს. როგორ გგონიათ, ისინი რჩებიან ვალში? ალიევი თავსაც არ უყადრებს ამერიკელ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დონეზე, სცემს პასუხს – ადამიანის უფლებების „დამცველ“ ამერიკელებს.

ვერ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩს მშვიდი ცხოვრება ჰქონეს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ის წამდაუწუმ ალიევის რეზიდენციაში დადიოდეს თავისი სურვილით. აზერბაიჯანმა დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია, თან დასავლეთთან თანაბარი უფლებების პრიორიტეტი და არა ყურმოჭრილი მონობა.

სომხეთიც კერკეტი კაკალი გამოდგა დასავლეთისთვის, ამიტომაც ცდილობს მის გატეხვას ესოდენ გულმოდგინედ. ამიტომაც ცდილობს დენის ტარიფის აწევით გამოწვეული მიტინგის პოლიტიკურში გადაყვანას. „სამართალდამცველებმა როგორ გაბედეს მომიტინგეთათვის წყლის ჭავლის მიშვება და დაკავებაო“, – ისე იბღავლა საქმეგაჩენილმა აშშ-ს ელჩმა სომხეთში, თითქოს აშშ-ში სულ ვარდებს და ფუნთუშებს ესროდეს პოლიცია ხალხს. უდანაშაულო შავკანიანების მხოცავი პოლიციის პატრონი, თითს სხვისკენ არ უნდა იშვერიდეს, მაგრამ რა გაეწყობა უსამართლობას მიჩვეული, უცბათ ხომ არ იქცევა სამართლიანად?

და კიდევ ერთი რამ, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. „ქვეყნის ხელისუფლება რატომ უნდა დაპატარავდეს ფეხბურთის ბილეთების გაყიდვის დონემდე?“ – ეკითხება პარტიის ლიდერს სტატიის პატივცემული ავტორი.

როდესაც აგვისტოს საფეხბურთო მატჩთან, ამჟამად კი ბილეთების გაყიდვის მაქინაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტელეკომპანიის ახალი ამბები სწორედ ამით იწყება, რა დაპატარავებაზე ვლაპარაკობთ? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ  UEFA-ს თვით მოუვიდა თავში მატჩის თბილისში გამართვის აზრი? საქართველოს ხელისუფლებამ აატალახა UEFA-ს კარი და ისეთი გარანტიები მისცა მას, რომ დაიყოლია, ისე, როგორც სააკაშვილმა და „ნაცებმა“ დაიყოლიეს დასავლური სპორტის მესვეურები ახალგაზრდული თამაშების თბილისში გამართვისთვის.

სპორტი, დიდი ხანია სპორტი აღარ არის – ის პოლიტიკის საგანია, ამიტომაც იღვწის მსოფლიოს ამათუიმ ქვეყნის ხელისუფლება, თამაშების საკუთარ ქვეყანაში გამართვისთვის. როდესაც სპორტის კომიტეტი, ფეხბურთის ფედერაცია უშუალოდ არიან ჩართული მომავალი მატჩის პერიპეტიებში, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და გააკონტროლოს ყველაფერი, მათ შორის ბილეთების გაყიდვაც, რომ თავი არ შეირცხვინოს. არ გააკონტროლა, რასაც უკვე მოჰყვა თავის შერცხვენა ჩვენს სათაყვანო დასავლეთში. ამ კაზუსს იმ რაღაც ორგანიზაციას კი არ აბრალებენ, ბილეთები რომ ვერ გაყიდა – საქართველოს და მის ხელისუფლებას.

ხელისუფლება არ უნდა დავიდეს ბილეთების გაყიდვის დონემდე. ხელისუფლება არ უნდა დავიდეს ქუჩებში ასფალტის დაგების და ქუჩების დასუფთავების დონემდე. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს საქალაქო ტრანსპორტის გაუმართაობით და გაუმართავი მუშაობით. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს ბენზინზე ფასების მატებით, არც „სიტი-პარკის“ აღვირახსნილი მუშაობით. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს სუპერმარკეტებში დაწესებული ფასებით. ხელისუფლებამ თვალი უნდა დახუჭოს (ხუჭავს კიდევაც) „კარფურში“ 1კგ ყურძნის ფასზე (15 ლარი), სხვაზე არაფერს ვამბობ.

ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს გაწამებული მოსახლეობის აქეთ-იქით სირბილით წამლებისთვის რეცეპტების გამოწერის გამო. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს, რა „სიკეთე“ მოიტანა რეცეპტების გამოწერამ და რა თანხა იხარჯება რეცეპტების ქაღალდის შეძენა-დამზადებაში. ხელისუფლება არ უნდა დაინტერესდეს, რატომ ხდება შუქის სისტემატური გამორთვა და წყლის მიწოდების გათიშვა. ხელისუფლება მარტო საკუთარი ხელფასებით და ხელფასზე დანამატებით უნდა დაინტერესდეს?! ის, რომ ხელისუფლება საერთოდ აღარ ინტერესდება მოსახლეობის დასაქმებით და ამისთვის საჭირო საწარმოების გახსნით, ხომ ფაქტია?   

აქვე მინდა აღვნიშნო იმ საყოველთაო ინდიფერენტიზმზე, რასაც ჩვენთან აქვს ადგილი და რასაც – „ეს ჩემი საქმე არ არის“  ჰქვია. როდესაც „კარფურის“ დაცვის მუშაკი შეკითხვაზე -„ ურიკა სად გავაჩერო“, – გპასუხობს – „ჩემი საქმე არ არისო“ და თან  უშვერ სიტყვებს გაკადრებს, სავალალო დღევანდელობაა.

როდესაც თბილისის პატრული, რომელიც ცენტრალურ ქუჩებზე ახლადგაჩენილ საავარიო ორმოს არ ხედავს და ქალაქის მესვეურებს არ ატყობინებს – დანაშაულია. როდესაც პატრული სახლების ფასადების უხამსი სიტყვებით „გამლამაზებლებს“ ჩაუვლის, თითქოს არაფერი – დანაშაულია.

როდესაც „მარშრუტკის“ მძღოლი სიგარეტს აბოლებს, თან ფანჯარაში აფურთხებს და მგზავრები არაფერს ამბობენ, რას იტყვიან უფრო სერიოზულზე ანუ იმაზე, რომ საღამოს 9 საათზე „მარშრუტკები“  საკუთარი ნება-სურვილიდან გამომდინარე წყვეტენ მუშაობას? დააკვირდით – საქარე მინის გარდა, არც ერთ საქალაქო ტრანსპორტს ნომერი არ აქვს.

ის, რომ ქუჩა არ იხვეტება და არ ირეცხება, ქალაქია დამნაშავე, მაგრამ უფრო მეტად ჩვენ, რომლებიც ინდიფერენტულად ვუდგებით ყველაფერს. ის, რომ თითქმის ყველა ტელევიზია დღეში ხუთჯერ გვთავაზობს სააკაშვილის „საგმირო“ საქმეებს ოდესაში და ჩვენ ერთხელაც, საპროტესტოდ ვერ მოვიცალეთ, თუნდაც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან, „პირველ არხთან“, „იმედთან“, „მაესტროსთან“ – ხომ ფაქტია?!

გახსოვთ, „ნაცებმა“ რა ცეცხლი დაანთეს „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით?!

ბონის ერთ-ერთი ბარის წინ, ღამის 9  საათზე მაგიდასთან შემომსხდარებს ოფიციანტმა მორიდებით გვითხრა, თუ 10 საათის შემდეგაც ვაპირებდით იქ ყოფნას, უმჯობესი იქნებოდა ბარში შესვლა, ვინაიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინადარნი, რომელთაც არათუ ჩვენი ლაპარაკი, ბღავილიც კი ვერ მიწვდებოდა, პოლიციაში დარეკავდნენ და ბარის პატრონს დააჯარიმებდნენ.

ცუდის, მრუდის, მიუღებლის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას საქმეა, მითუმეტეს ხელისუფლების, რომელიც თავს იმართლებს და ამბობს – „ეს ჩემი საქმე არ არისო“. ჩვენც, ნაცვლად იმისა, მივანიშნოთ ინდიფერენტობაზე, პირიქით ვაცხადებთ – მისი საქმე არ არისო და რახან ასე ვიქცევით, არ უნდა გვიკვირდეს არც ხელისუფალთა მაღალი ხელფასების, ხელფასზე დანამატების, უსაქმურობის, სხვა „სიკეთეების“, რომელმაც დააქცია ქვეყანა, თან ისე, რომ გამომსწორებელს (თუკი ასეთი გამოჩნდა ჩვენს რიგებში) ძალიან გაუჭირდება.

   ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.