21.12.2024

საზოგადოების გამოსათაყვანებელი ახალი აბი

პოზიტიური თვალსაზრისით, დიდი ვერაფერი გამოდგა სულ ახლახანს ჩამთავრებული, 2013 წელი. ისე, როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მრავალი იყო დაპირება და დაპირების მიზერული შესრულება.

გასული წლის მთავარ დაპირებათა შორის 100-ზე მეტი ქარხნის მშენებლობა იყო – ბიძინა ივანიშვილმა რომ შემოგვთავაზა. შემოგვთავაზა და ჩვენც გულუბრყვილო სიხარულით მივიღეთ, თანაც უყოყმანოდ, ყოველგვარი კითხვის გაჩენის, მითუმეტეს დასმის გარეშე – რატომ მაინცდამაინც 100 და არა 150 ან 99 – სუპერმარკეტებში გამეფებული ციფრი – ამერიკიდან, ხალხის თვალის მოსატყუებლად და მყიდველის მოსახიბლავად შემოსული?

მაგრამ ჩვენ, ხალხი, მყიდველი ხომ არ ვართ? ჩვენ, ხომ ის ვართ, ქვეყანა რომ გვქვია?! ქვეყანა მარტო მთავრობა არ არის, ქვეყანა ხალხიცაა, რომელსაც საკუთარი არსებობისთვის, საბოლოო ჯამში, ქვეყნის არსებობისთვის, საარსებო პირობების შექმნა სურს. სურს, მაგრამ სად არის?

ნერწყვმომდგარი ველოდებით მამა-მარჩენალთა უხვ დანაპირებს, შურით შევყურებთ ჩვენს საზღვრებს გარეთ სხვა ხალხთა ცხოვრებას და მაინც ვფიქრობთ, რომ ოდესმე ასრულდება მილიონი სამუშაო ადგილი ან ასი ქარხნის აგუგუნება.

წარმოების შექმნა არა მარტო დასაქმების მომასწავებელია, წარმოების, ხელის და ტვინის განძრევის საშუალებაცაა და როდესაც ხელს და ტვინს არ ანძრევ, ხავსი გეკიდება. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობს ჩვენი დახავსება.

ვიღაცას აწყობს ეს. ვიღაცა, ოთხივე ყოფილი ხელისუფალის ხელით, მოხერხებულად აკეთებდა ჩვენთვის სახიფათო საქმეს – გეგმა-ზომიერად, თანმიმდევრულად, გულმოდგინედ. და ჩვენც, ჩვენის ბედოვლათობით, უწიგნურობით, დღევანდელი პურით კმაყოფილნი, მზად ვიყავით და ვართ ვაკეთოთ ის, რასაც ზემოდან ჩაგვძახებენ. ანუ არაფერი ვაკეთოთ, ვიყოთ მორჩილნი და დამჯერნი, პირში შევციცინებდეთ ყველა ხელისუფალს და მის „გუნდს“.

მაინც რა საზარელი, არასასიამოვნო სახე შეიძინა პოლიტიკაში გამოყენებულმა სიტყვა „გუნდმა“?! რა აქვს მას საერთო შრომასთან,  პატიოსნებასთან, ნოვაციასთან, სიცოცხლისათვის საჭირო მოძრაობასთან? არც არაფერი. განვლილმა წლებმა ზედაპირზე ამოატივტივა „გუნდის“ ღორმუცელობა, მზაკვრობა, მომხვეჭელობა, გაუტანლობა, საკუთარი თავის საზოგადოებრივზე, საქვეყნოზე წინ დაყენება, ამოატივტივა როგორც ნეხვი წყალზე. შევყურებთ ამ ნეხვს, გუნდად წოდებულს და არ ვიცით, რა ვქნათ, რა მოვუხერხოთ. შესაძლოა ვიცით, მაგრამ ძალა არ შეგვწევს.

და კიდევ ერთი რამ. ჩვენ რომ ვყოფილვიყავით მათ ადგილას, სხვაგვარად მოვიქცევოდით?

ხშირად ჩაგვესმის ხმა, სადღაციდან, მოწოდებას რომ ჰგავს – სიცოცხლე ხანმოკლეა, ბედნიერების შანსიც იშვიათი და თუ ის გიჩნდება, არ მოერიდო, აიღე, შეირგე, განა ეს არ სჯობს პატიოსნებას? და ჩვენც ვიღებთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უმრამლესობა რომ სულელს უწოდებს. ვიღებთ ისე, უკან რომ არ ვიხედებით, ვშიშობთ, სხვამ არ მოგვასწროს, არ წაგვართვას.

მამა-მარჩენალნი კი აუღელვებლად, უშფოთველად შეჰყურებენ საკუთარი „გუნდელების“ განუზომელ სიხარბეს, ვინაიდან ზემოთნახსენები ხმა ზეციდან ჩასძახის – თქვენც მიბაძეთ. პირველთა მადა შეუმჩნეველია. ასე და ამრიგად შენდება სასახლეები, მრავლდება უძვირესი ავტომანქანები, ათკეცდება უცხოური ვოიაჟები ხალხის ხარჯზე – დამშეულის და ლოდინში მყოფის.

მაინც რამდენი ასეთი „გუნდელის“ გაბედნიერებას მოვესწარით მეორე და მესამე ხელისუფალის პირობებში და ახლაც ვესწრებით. პირველს არ დასცალდა – მცირედი დროით იმეფა. ყველა მათგანი გვიმტკიცებდა – თქვენ რომ კარგად იყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ კარგადო. ჩვენ თუ არ ვიქენით მაღალი ხელფასებითა და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფილნი, თქვენს უზრუნველყოფას როგორღა შევძლებთო. და მიმდინარე წლისათვის დაიწესეს მილიარდზე მეტი ლარი, ასი ათასზე მეტი სახელმწიფო ბედოვლათის გამოსაკვებად.

„ჩემი სამსახური მოითხოვს ძვირფას მანქანას, ძვირფას ტელეფონებს და კომპიუტერებს, თქვენ რომ გემსახუროთო“, – ბრძანა ვიღაც იმერლიშვილმა –  გაურკვეველი, რაღაც საბჭოს (უშიშროების რომ ჰქვია) მდივანმა. ან რა ფუნქცია აქვს ამ ორგანოს, მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის არსებობის პირობებში?

მავანნი იტყვიან – აშშ-ი, სხვა ქვეყნებშიც არის და ჩვენ ხომ არ ჩამოვრჩებითო?! აშშ-ი ქვეყანაა, დიდი და პირველი მთელს მსოფლიოში. შენ? მიკროსკოპული, მშიერ-მწყურვალი, გაღატაკებულ-გაჩანაგებული. ის, ქვეყანაა, შენ ქვეყნობას თამაშობ. გინდა, რომ ფორმით მისფერი იყო, მარტო ფორმით და არა საქმით.

ხალხის გარდა, გამოუჩნდა ვინმე კრიტიკოსი ჭარბწონიან ქალბატონს? პირიქით, მისმა „გუნდელებმა“, როგორც ერთმა, დაიცვა ის – საქმეს სჭირდებაო. „საქმეს სჭირდება“, – თქვეს მამა-მარჩენლებმა, მმართველობის სამი შტოს თავებმა. არც ერთს აზრად არ მოსვლია, რომ „უშიშროების“ საბჭოს ახალი მდივნის საქციელი საშიში და მიუღებელია, როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. არც ერთ მათგანს არ უთქვამს – პატივცემულო იმანო, პირადი ბედნიერების მოტრფიალევ, შენი ადგილი სახელმწიფო სტრუქტურაში არ არის. გათავისუფლდი სახელმწიფო „დარდისგან“ და მიეცი საკუთარ „ნიჭს“ გასაქანი თავისუფლებაზე.

მაგრამ არის ამის მთქმელი პრეზიდენტი – საკუთარი ხელფასის მომმატებელი? ან პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც „პატიოსნად“ წაივაჟკაცებს საჯაროდ, ყველას გასაგონად – მე არ დავუშვი, თორემ პარლამენტარები დაბეჯითებით ითხოვდნენ წლის ბოლოს პრემიების „მიცემასო“. ფული საიდან? ამ შემთხვევაში სეროჟას პასუხი – „ტუმბოჩკიდან“, სიმწრის სიცილის თუ არა, სიმწრის ღიმილის გამომწვევი მაინც იქნება.

„ტუმბოჩკა“ პარლამენტის ბიუჯეტია, რომელსაც აუარება სალაღობო ხარჯებში სასწაულად შემორჩა სოლიდური თანხა. შემორჩა და პარლამენტარებმაც, ხალხზე ზრუნვით დამაშვრალებმა, იფიქრეს საკუთარ თავს მოვახმაროთ, რომ ხალხს უკეთესად „მოვემსახუროთო“. ვის გაუგია „მშიერი“ მოხელის სამსახური? მაძღარი, უფრო სწორად, ჭამისგან გამსკდარი იმუშავებს „თავდადებით“ ქვეყნისა და ხალხისთვის – აპა არა?

დიახ! სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, მაგრამ პენსიასა და საშუალო ხელფასთან შედარებით, ამდენი?! რაც მართალია, ახალმა მთავრობამ მოსვლისთანავე მიხედა თავს, ვითომ გააუქმა ყოველთვიური პრემიები, ხელფასზე ორჯერ დიდი, ყოფილები რომ აძლევდნენ საკუთარ თავს, მაგრამ ნაცვლად პრემიებისა მოიმატა ხელფასები. რით არ არის ნოვაცია?

კიდევ ერთი „საგმირო“ საქმე, რაც ახალმა ხელისუფლებამ ჩაიდინა – ნათესავ-მეგობრების სამსახურში „გამწესება“. რით არის ეს ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებული? თუ წინამ „უარყო“ ყოველგვარი ნათესაური კავშირი და კურსი „პროფესიონალიზმზე“ აიღო, ახალს რა, არ უნდა გაეგრძელებინა ძველის „კეთილშობილური“ საქმე? და მანაც არ დააყოვნა, დევიზით – ვინ იცის, სხვა დროს, როდის გაჩნდება შანსიო?

ნერწყვმომდგარ საზოგადოებას პატივცემულმა ბიძინამ დასამშვიდებელი აბები უბოძა, შემდეგი სიტყვებით – ჩვენ ქართველები ვართ, ტრადიციების მიმდევარნი. და ნათესავების დანიშვნა არ უნდა გაგვიკვირდესო. „კარგ“ ტრადიციას მივყვებით რახანია – ბრიყვი ნათესავის, პროფესიონალზე გადაჯდომას და ამ საქმეს წარმატებით ვაკეთებთ.

ისე, სადღაა პროფესიონალები? სამუშაო ადგილების ლოდინში ზოგი რას მიაწყდა და ზოგიც რას. ზოგი „ელიავას“ ბაზრობაზე „მოღვაწეობს“, ზოგიც „ლილოს“, ზოგიც სახლში ზის და თავის მსგავსებთან ერთად დომინოს თამაშში, კლავს დროს – ძვირფასს და დაუბრუნებელს.

რა უნდა ერქვას სახელმწიფოს, რომელიც ესოდენ „ზრუნავს“ მოსახლეობის სამუშაო ადგილებით უზრუნველსაყოფად? შეუმდგარი! სხვა შესაფერის განსაზღვრებას ვერ მოძებნით. შეუმდგარია ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხოლოდ ერთი ადგილის ფხანით არის დაკავებული, სადაც ის ზედმეტად, ხორცმეტად გრძნობს თავს. სადაც საშუალო და მეტი ასაკის ადამიანს აბუჩად იგდებს ახალგაზრდა, სადაც პროფესიონალი საჭირო აღარ არის. სადაც პროფესიონალიზმი ჟანგით არის დაფარული.

საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ნოვატორი გამოდგა მეზობელ რუსეთთან ყველა კავშირის, უმთავრესად ეკონომიკურის გაწყვეტაში. ამ პროცესში იყო სუბიექტურიც და ობიექტურიც, საბჭოთა ინფრასტრუქტურის შეუთავსებლობა დამოუკიდებლობის სტატუსთან და საქართველოს მთავრობის უგერგილობაც, ანაღვლეობაც, უცოდინარობაც და ნაკლები სურვილი ხელის განძრევისა.

მათ ისიც აკმაყოფილებდათ, რაც ჰქონდათ ბიუჯეტში – საკუთარი თავისთვის. მათ აკმაყოფილებდა ის, რითაც თავმოყვარე არც ერთი ხელისუფლება არ დაკმაყოფილდებოდა. და დადგა ქვეყანა ერთ ადგილას, გაიყინა სოფლები და ქალაქები, დაიკარგა საბჭოეთის დროს გამოზრდილი, განსწავლული კადრები. ისინი ყოფილ საბჭოთა სივრცეს, ლუკმაპურის საშოვნად მიაწდნენ. გაუსაძლის პირობებში შეძლეს ფეხის მოკიდება.

შეძლეს და დარჩნენ იქ, სადაც არიან. განახევრდა ისედაც მცირე მოსახლიანი საქართველო. ქვეყნის დემოგრაფიული სურათი სხვა პარამეტრებითაც საგანგაშოა, მაგრამ ამისთვის ვერავინ იცლის, უპირველესად ხელისუფლება. ის ვერაფრით ხვდება, რით არის გამოწვეული სოფლებისა და ქალაქების დაცლა, რით არის გამოწვეული სოფლების გაქრობა, რით არის გამოწვეული თბილისის თავკომბალობა ან მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება.

მავანი დამამშვიდებს – სხვაგანაც ასეა, ეს 21-ე საუკუნის დამახასიათებელიაო. გლობალიზაციას ახლავს მიგრაცია. პატარა ერების, კიდევ უფრო დაპატარავება. მაგრამ ჩვენ, ჩვენი გვაქვს სატირალი, სადარდებელი. მაგალითად მოყვანილი გლობალიზაციის „სიკეთეები“ თავის გასამართლებლად არ გამოდგება.

რა თავში ვიხლით ბალტიისპირა ქვეყნების ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოსახლეობის შემცირებას, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გაწოვით, როდესაც ჩვენი გვაქვს სადარდებელი. რა თავში ვიხლით ევროპელთა ერთსქესიან ქორწინებას, როდესაც ჩვენც იგივე გვექადნება, ისინი ბევრნი არიან – აიტანენ, ჩვენ? ისედაც სიმცირეში დარჩენილნი, გავუძლებთ გლობალიზაციის შემოტევას?

ქვეყანა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის სისხლი და ხორცი საუკუნეობით ცხოვრობს, თანაც საცხოვრისი ქვეყნის სულიერებისგან დაშორებული, მეზობლად მყოფი, საკუთარი სისხლისა და ხორცისკენ სულიერ-პოლიტიკურად მომზირალი, რომ განუზომელი პრობლემების წინაშეა, რა დიდი გამოსაცნობია?

დამოუკიდებლობის წლებმა კარგი ვერაფერი მოგვიტანა მათთან საერთო ენის გამოძებნის მხრივ. ჩვენთვის ისინი უცხოელებია, მაგრამ მათი აზრით, ისინი რომ სამშობლოში არიან?! დიახ! ისინი სამშობლოში იყვნენ და არიან და რომ ეს ასეა, სხვა გააზრება გვმართებდა, სხვა მიდგომა, სხვა პოლიტიკა. როდესაც სომხურ-აზერბაიჯანული მოსახლეობა ქართულის მასწავლებელს ითხოვს და ვერ მიგივლინებია, წინდაუხედავი ვარ. რეალური ვითარების მდარე, ზერელე შემფასებელი.

იქნებ ეს ზერელეობა იყო მთავარი, გარდა სხვა სიბოროტისა, რომელმაც წერტილი დაუსვა აფხაზებისა და ოსების ჩვენთან ყოფნას? 2008 წლის აგვისტოს, ადრე, გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი, თუნდაც „სოვეტიზაციის“ პირველ წლებში, მაგრამ მაშინ კრემლში მყოფმა ქართველობამ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება.

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსაც იჩინა თავი აფხაზურმა სეპარატიზმმა და მაშინაც კრემლმა ივარგა, ცხადია ქართველების გარეშე, ვინაიდან პოლიტიკა იყო ისეთი – მტკიცე, ერთიანი კავშირისათვის, მტკიცე, ერთიანი მოკავშირე რესპუბლიკების ურღვევობას რომ იზიარებდა.

არის დღეს ჩვენი შორეული „სტრატეგიული პარტნიორი“ ამერიკა და შედარებით ახლობელი ევროპა ერთიანი საქართველოს მხარდამჭერი? სიტყვით, ნამდვილად, საქმით, ნამდვილად არა! და რომ არა სხვის მაგალითს შევხედოთ, უფრო სწორად მათ ნამოქმედარს სხვაგან, მაგალითად: ყოფილ იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში. ამ ორი ქვეყნიდან რამდენი ჯუჯა „სახელმწიფო“ მიიღო მსოფლიომ? და ეს ყველაფერი ჩვენი სტრატეგიული „პარტნიორის“ პირდაპირი თუ ირიბი ძალისხმევით. იქნებ მსგავსმა მიდგომამ გაააქტიურა ისედაც სეპარატისტულად განწყობილნი ესპანეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, სხვაგან?

პატარ-პატარა ქვეყნები რომ სამართავად იოლია, კარგად იციან აშშ-ი. ჰეგემონს, ბოლო წლების საფინანსო-ეკონომიკური პრობლემებით დაავადებულს, უჭირს შედარებით დიდ ქვეყნებთან გამკლავება, ღია თუ ფარული, მეტადრე ფარული პაექრობა. მისთვის გაერთიანებული და მტკიცე ევროპა ისეთივე კონკურენტია, როგორც ჩინეთი ან რუსეთი. მისთვის დანაწევრებული, პრობლემებიანი რუსეთი და ჩინეთი უფრო მისაღებია, ვიდრე ისეთი, როგორიც დღეს. რა გაეწყობა, მსოფლიო პირველობა, ჰეგემონობა მოითხოვს ყოველივე ამას.

პირველობის განმტკიცებისთვის საჭიროა შეიარაღებული ძალების მუდმივი მშენებლობა, არმიის ახალი იარაღით აღჭურვა, მსოფლიო ბაზარზე დოლარის დომინირებისთვის ხელის შეწყობა და სხვა. მაგრამ სხვა დიდებიც რომ ფხიზლად არიან და დღენიადაგ იღვწიან საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, უპირველესად სამხედროს?!

გასული წლის ბოლოს კრემლმა პერმანენტულ მორიგეობაში ჩააყენა ახალთ-ახალი სარაკეტო სისტემა, წყალში ჩაუშვა ბირთვული წყალქვეშა ნავები, დააჩქარა უახლესი იარაღით ჯარის შეიარაღება. არც ჩინეთი ჩამორჩა თანამედროვე გამოწვევებს. მისი სამხედრო ხარჯები თვალშისაცემადაა გაზრდილი და ახალ წელსაც გაიზრდება, რაც თავისთავად მეტყველებს, რომ ამერიკის მეტოქე სხვა დიდი და ძლიერი პოზიციას არ დათმობს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ იბრძვის ჰეგემონიისთვის, სუპერობისთვის, მაგრამ მან ხომ უნდა გაუძლოს გამოწვევას? არიან რუსეთში ისეთებიც, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც „დერჟავობას“ არ იზიარებენ, მაგრამ უმრავლესობა რომ ასეთი არ არის.

ერთხელ ჩრდილო-კორეამ განაცხადა – ბალახს შევჭამთ, გავიჭირვებთ, მაგრამ საკუთარ ატომურ ბომბს შევქმნითო. ჩრდილო-კორეისა არ იყოს, რუსეთიც ასეთია, უმრავლესი რუსი და არა მარტო რუსი, ასეთია ჩინელი, იაპონელი, ფილიპინელი, თუნდაც ამერიკელი, სხვები, ვისაც ესმის სამშობლოს რაობა.

ჩვენ? ჩვენ სხვაგვარად ჩაგვიჩიჩინებენ, სხვა პროპაგანდას გვიტარებენ, სხვას გვახვევენ თავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები, მამათმავალთა, დედათმავალთა პატივისმცემნი, სხვის მიმართ თვალში შემციცინენი, მათთვის საკუთარი მიწების მიმყიდველნი და ა.შ.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა ნორლანდმა დაიწუნა პარლამენტის გადაწყვეტილება მიწების ჰარი-ჰარად გაყიდვის საწინააღმდეგოდ – ეს რა დემოკრატიააო. მას, სხეულის ერთ ადგილზე ჰკიდია ისედაც მცირემიწიანი ქართველის მიერ, გაჭირვებით გამოწვეული მეწველი მიწის გაყიდვა, პირიქით, ხელს უწყობს გონებადაბინდულ ქართველობას ამ არაპატრიოტულ საქმეში.

მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა იმასთან შედარებით, რაც ელჩის „დემოკრატიულ“ განცხადებას მოაყოლა ზოგიერთმა „ღრმად“ განსწავლულმა ქართველმა ექსპერტმა, თინეიჯერულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ასე, ევროპული ყაიდის ქვეყანას ვერ ავაშენებთო“, – მოთქვამდნენ ისინი და მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რაც შეიძლება სწრაფად გაეყიდათ მიწები. აფერუმ თქვენს „პატრიოტულ“ შემართებას.

„თუ დასავლეთი მიწების გაყიდვას გვთხოვს, ასეთი არც ევროპა მინდა და არც მათი კავშირები“, – აცხადებს ანზორ თოთაძე, პროფესორი, დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტი და რაც ყველა ტიტულზე მაღლა დგას – სამშობლოს პატრიოტი.

სამწუხაროდ, ცოტანი არიან ასეთები და ვინც არის მედიასთან არ აჭაჭანებენ. არ სურს ვიღაცას ამ თემაზე ლაპარაკი. არ სურს საღათას ძილში მყოფი ერის გამოღვიძება. პირიქით, მზად არის დიდი დოზით, მეტი საძინებლის მისაცემად და ვიდრე ჰორიზონტალურ პოზაშია, ევროკავშირშიც შესათრევად, საკუთარი მიწა-წყლის იძულებით უცხოელებისთვის მისაყიდად.

„ეს ევროპული ოჯახი არაფრის მომცემია. პირიქით, აქ შეიძლება პროცესები უკუღმა შემოტრიალდეს და არამარტო დემოგრაფიულად მივიღოთ უარესი სურათი, არამედ ტერიტორიულადაც“, – წერს ბატონი ანზორი და იქვე ამატებს: „ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ერი არამხოლოდ სულიერად, არამედ რაოდენობრივადაც… საქართველო გადაშენების პირასაა“.

ბატონი ანზორს შემდეგი ოფიციალური მონაცემებიც მოაქვს, მაგალითად, აზერბაიჯანი იზრდება 34 პროცენტით, თურქეთი –  20 პროცენტზე მეტით, ხოლო სომხეთი – 7 პროცენტით. სქართველო? საქართველო მცირდება 28 პროცენტით. და ამ დროს აკვიატებული პარაფირება, ევროკავშირის ასოცირებული წევრობისთვის თავდავიწყებული, ბრმა ლტოლვა, საქართველოს მოსახლეობისთვის დღენიადაგ ჩიჩინი. რა ბედნიერებაა, რაღაც კავშირში შეტენვა, რომლის არც არაფერი გაგვეგება და არც არაფერი ვიცით.

უცხოურ გრანტებს დახარბებული მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. ექსპერტობა, დაქოქილ თოჯინასავით ჩაგვჩიჩინებენ – აბა თქვენ იცით, ქართველებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, არ აწყენინოთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, თორემ ასოცირებულები ვერ გავხდებით.

ევროპას რომ აღმოსავლეთით გაფართოება არ უნდოდეს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ გეგმას არ შეიმუშავებდა. უნდა მას ჩვენი და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ბრიუსელზე მიბმა და რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს საქართველოს ქცევით, ის მაინც გვიბოძებს ასოცირებულ წევრობას, საკუთარი, პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

როგორც ხელისუფლება გვპირდება – ასოცირებული წევრობა შესაძლოა ვადაზე ადრე მოგვცენ. ხარობს „გუნდი“, არანაკლებად „გუნდის“ თავები. ამ ფრიად „სასიხარულო“ მოვლენას მეორეც დაემატა – ნატოს სამიტი თავის ახალი ინსტრუმენტით საქართველოსთვის.

გასული წლის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ბრძანა – წელს ისეთი  ნაყოფიერი ნაბიჯები გადავდგით ნატოსთან დაახლოების კუთხით, რომ ბრიუსელი დავაფიქრეთ – საპასუხოდ რა მივცეთ საქართველოსო. და როგორც შევიტყვეთ, ახალ ინსტრუმენტს გვაძლევენ.

იქნებ არ მიღება და დროის გაჭიმვა საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს? იქნებ, ვიდრე ამ ორგანოზაციებში არ ვართ, სერიოზულად ვიფიქროთ იქ ყოფნა-არყოფნის საკითხზე? იქნებ ამასობაში რაღაც შეიცვალოს ჩვენს პოლიტიკურ შეგნებაში ქვეყნის სასარგებლოდ?

ამ „იქნების“ შესრულებისთვის დრო არის საჭირო, მაგრამ გაცილებით მეტი დრო იქნება საჭირო იქ შესვლისათვის. ნატოს კარი კი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ზღურბლზე ჯან-ღონით სავსე ახმახი ნატოელი ჯარისკაცებია, რომელთაც გვერდს ვერ აუვლით. და რახან ვერ აუვლით, იქნებ „ტკბილ“ ზღაპრებზე (რამდენად ტკბილია, ვინ იცის?) ფიქრს შევეშვათ, ხელები დავიკაპიწოთ და საკუთარი ცხოვრების შენებას შევუდგეთ.

თუ ვინ და როგორ ელის საქართველოს ნატოში, გარკვევით ითქვა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ამჯერად ნატოს საკითხებში ექსპერტის ჩარლზ კუპჩანის მიერ: „ნატო არ არის იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს გაწევრება აქტუალური საკითხების ნუსხაშია. საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან ეს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს და აგრეთვე აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატოში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრების თემა. არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება უახლოეს მომავლის საქმეა“.

რაც შეეხება საქართველოში ნატოს სამოკავშირო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაპიუსს – ის აცხადებს, რომ „ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ნატოში შესვლა თეორიულად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. ცალკეული პირები ამ შესაძლებლობაზე უკვე ლაპარაკობენ. მათ ეჩქარებათ ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის გარეშე შესვლა“.

მაინც რატომ ეჩქარებათ? რუსეთის მოსალოდნელი აგრესიიდან თავის გადასარჩენად? რაც თავისთავად სააკაშვილის ხელისუფლების ჭარბი პროპაგანდის ნაყოფია. ნატოში შესვლა მშვიდობის გარანტია ვერ იქნება. შიშის გასაფანტად მოლაპარაკებაა საჭირო, რაც არ ჩანს.

С Новым
                годом!  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.