დაუნდობელი ბრძოლა გავლენის სფეროების გაფართოებისთვის

დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის, ისეთში, რომლის განჭვრეტა, მითუმეტეს შედეგის გამოცნობა არათუ პოლიტოლოგს, არამედ ნათელმხილველსაც გაუჭირდება.

ვინ არის დასავლეთი, რას წარმოადგენს ის და ვინ მოიაზრება აღმოსავლეთად, ვისაც დასავლეთი ეომება – ძნელი დასადგენი არ არის. ძნელი დასადგენია ის, რა ამოძრავებს დასავლეთს ამ ბრძოლაში ან რა ამოძრავებდა მას თუნდაც 20-30 წლის წინათ? კითხვის ესოდენ პირდაპირი დასმა არ არის გასაკვირი, გასაკვირია პასუხი – იდეოლოგია.

გასული საუკუნის ოციანი წლებიდან დაწყებული, დასავლეთი იბრძოდა საშიში იდეოლოგიის მატარებელ კომუნისტურ რუსეთთან, საბჭოთა კავშირთან, როგორც კლასობრივ მტერთან, კაპიტალიზმის მოძულესთან.

ხანგრძლივი და ძვირი გამოდგა დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის წინააღმდეგ წამოწყებული პირდაპირი თუ ირიბი ომი. ორივე მხარემ მილიონობით ადამიანი შესწირა ამ საქმეს.

სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების მხოლოდ მცირე მონაკვეთში გახდა შესაძლებელი ორი მტრული ბანაკის გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ, მტრისა, რომელიც სწორედ დასავლეთის ინიციატივითა და რუდუნებით აღზევდა – აღმოსავლეთთან საომრად, და როდესაც ევროპაში მომაგრებულმა ფაშიზმმა, ჯერ ევროპას „მიხედა“, შემდეგ საბჭოეთისკენ გაიხედა, თან პარალელურად მსოფლიოს სხვა კუთხეებსაც დაადგა თვალი, დასავლეთმა ინება და პრაგმატული კავშირები დაამყარა ცეცხლის ალში გახვეულ სახელმწიფოსთან.

საერთო ძალისხმევით, უპირველესად, საბჭოელთა თავგანწირვით განადგურდა ფაშიზმი. მაგრამ დასავლეთის სადარდებლად გაჩნდა ძალა – ერთობ მონოლითური, მტკიცე იდეოლოგიაზე დაფუძნებული.

ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან, დაიწყო დასავლეთის აქტიური ბრძოლა საბჭოეთის წინააღმდეგ. გასაფრთხილებლად, ატომური ბომბიც აფეთქდა იაპონიის ხიროსიმასა და ნაგასაკში. აფეთქდა, არა მილიტარისტული იაპონიის დასამარცხებლად, ისედაც დამარცხებულს ბირთვული ბომბი სულაც არ ესაჭიროებოდა, არამედ დასავლეთის მიერ ახალ მტრად მიჩნეული საბჭოეთის შესაშინებლად.

დასავლეთისთვის საშიში ძალის გაჩენა, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის, ფულტონში შემოკრულ საგანგაშო ზარის ხმას მოჰყვა, რამაც საბოლოოდ, თანაც მრავალი ათეული წლით, გათიშა ომისდროინდელი კავშირი და ვითარება ომისწინა არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში დააბრუნა – კაპიტალიზმ-სოციალიზმის აშკარა კლასობრივი დაპირისპირება რომ ჰქვიოდა.

იაპონიის ქალაქებზე ბირთვული ბომბის გამოცდამ, დააჩქარა საბჭოთა კავშირის ბირთვული კვლევების გეგმის განხორციელება. 1949 წელს საბჭოეთმა, საკუთარ ტერიტორიაზე ააფეთქა პირველი ბირთვული ბომბი. მაშინ იოსებ სტალინმა, ბომბის შემქმნელ მეცნიერებთან შეხვედრის დროს, განაცხადა – რომ არა ეს (გამოცდა), უახლოეს მომავალში საკუთარ თავზე გამოვცდიდით ბირთვულ ბომბსო.

საბჭოთა ბირთვულმა ბომბმა, წარმატებებმა სარაკეტო სისტემის შექმნაში, მოგვიანებით, კოსმოსის ათვისებაში, შექმნა მსოფლიო ძალთა თანაფარდობა. თითქმის ნულამდე დაიყვანა ბირთვული კაპიტალიზმის, ბირთვულ სოციალიზმზე თავდასხმა, მაგრამ თავდასხმა გაგრძელდა იდეოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით. და ეს უკანასკნელი, ნელი, მაგრამ გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ყოველგვარ ბომბზე, თუნდაც ატომურზე.

დასავლეთმა უდიდესი ენერგია და ფინანსები ჩააქსოვა იდეოლოგიურ ბრძოლას; მოახერხა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის რკინის ფარდის ჩამოფარება, მთელს მსოფლიოში კომუნისტური ურჩხულის სახის შექმნა. დასავლური პროპაგანდისტული მანქანა ისეთი რადიოგადაცემების, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“, რუსულენოვანი ჟურნალების „ამერიკა“, „ინგლისი“, სხვა გამოცემების საშუალებით მსოფლიოს აცნობდა კაპიტალიზმის, სოციალიზმზე უპირატესობას, თვით სოციალისტურ ბანაკში იწევდა ანტისისტემური განწყობის ფორმირებას.

საბჭოეთმა, აშშ-ნ და მის მოკავშირეებთან შეიარაღების დარგში პარიტეტში მყოფმა, ვერაფერი გააწყო იდეოლოგიურ, პროპაგანდისტულ ომთან. ვერ გააწყო სოციალისტური ბანაკის საზღვრებს გარეთ, ისე, როგორც სოციალისტური ბანაკის საზღვრებს შიგნით. ვერ გააწყო საკუთარ სახლში, საკუთარ პარტიულ ელიტაში გაჩენილ დასავლურ „ბაცილასთან“, რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ იპყრობდა მაღალი პარტიული თანამდებობის მატარებელთა და ინტელიგენციის წარმომადგენლების გონებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობის.

მათთვის, კომუნისტური იდეოლოგია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შემქმნელის ალენ დალესის (Allen Welsh Dulles) მზაკვრულ გეგმაზე (“Dulles’ Plan”) დაფუძნებულმა მომხვეჭელობის იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. „ჩვენ რეგულარულად შევუწყობთ ხელს მექრთამე მაღალჩინოსნების თვითნებობას. პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება. უზრდელობა, თავხედობა, ტყუილი, თაღლითობა, ლოთობა, ნარკომანია, ერთმანეთის მიმართ შიში, ღალატი, ხალხებს შორის შუღლი – ამ ყველაფერს შეუმჩნევლად დავნერგავთ. . . ამოვძირკვავთ სულიერ ფესვებს, გავრყვნით და გავანადგურებთ საკუთარ ზნეობას. მთავარი მიზანი – ახალგაზრდების გარყვნა იქნება. ჩვენ მათ ცინიკოსებად, ურწმუნო ადამიანებად, კოსმოპოლიტებად ვაქცევთ“.

კომუნისტურმა სისტემამ ბზარი გაიკეთა და თუ ამას დავუმატებთ დისიდენტური მოძრაობის აღზევებას, დასავლეთის მიერ დისიდენტთა შეფარება-დაპურებას, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თვით საბჭოეთის გულში, მოსკოვში წარმოშობილი განსხვავებული აზრის საზღვრების გაფართოების მასშტაბები. გახშირდა ანტისამთავრობო, ანტიკომუნისტური, ანტისტალინური, ანტილენინური, ანტიბოლშევიკური სტატიები და ბროშურები, მოთხრობები და რომანები, ლექსები და მხატვრობა, მგზნებარე გამოსვლები და ა.შ.

დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნითა და ზეწოლით შერბილდა საბჭოური მმართველობითი სისტემა, რომელმაც ნებაყოფლობით გადადგა „რეფორმატორული“ ნაბიჯები დასავლეთთან შესახვედრად, დასავლური იდეოლოგიის გასაზიარებლად.

სტალინის მიერ შექმნილ მონოლითურ სახელმწიფო სტრუქტურას ვერაფერს დააკლებდა გარე მტერი, მაგრამ არათუ დააკლო, არამედ დაანგრია ქვეყნის, სისტემის შიგნით არსებულმა ძალებმა, დასავლელთა ფულითა და იდეებით გამოკვებილმა.

დასავლეთმა მოიგო – მძიმე, ხანგრძლივ, იდეოლოგიურ ბრძოლაში. დასავლეთმა მოახერხა ყოფილი კომუნისტებისთვის ეთქმევინებინათ, რომ ისინი დაბადებიდან იბრძოდნენ კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ.  ყოფილ კომუნისტთა „აღსარებიდან“ შევარდნაძე გამოირჩევა, რომელიც უტუხად აცხადებდა, რომ მისი ოცნება არა სოციალიზმი, არამედ კაპიტალიზმი იყო.

რაში დასჭირდა ოქტომბრელს, პიონერს, კომკავშირელს, პარტიულ მუშაკს, რაიკომის მდივანს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, სკკპ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატსა და პოლიტბიუროს წევრს, საკავშირო საგარეო უწყების ხელმძღვანელს მსგავსი განცხადების გაკეთება?

უპირველესად, დასავლელი პარტნიორების გულის მოსაგებად, მათი მხრიდან კეთილი განწყობის შესაქმნელად, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. აქ, სამშობლოს არაფერი ესაქმება. შევარდნაძისთვის, ისე, როგორც ყოფილი პარტიული ფუნქციონერების უდიდესი უმრავლესობისთვის, სამშობლო მხოლოდ საკუთარი მიზნების განსახორციელებელი ინსტრუმენტი იყო, მეწველი ძროხა.

დაიშალა საბჭოთა კავშირი. ისტორიას ჩაბარდა სოციალისტური ბანაკი, ვარშავის პაქტი, ისე, თითქოს არც ყოფილა. მაგრამ არ შეჩერებულა ბრძოლა, რომელსაც დასავლეთი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ აწარმოებდა. პირიქით, მან ფერი იცვალა – საბჭოეთიდან რუსეთზე. დასავლეთმა, საბჭოთა იდეოლოგიის დაცემა არ იკმარა და მან ამუშავებული მანქანა, ახლა უკვე კაპიტალისტური რუსეთის, ამ ქვეყანაში არსებული, ერის შემაკავშირებელი მართლმადიდებლური რელიგიის წინააღმდეგ მიმართა.

23 წელიწადი მიმდინარეობს დასავლეთის ფარული ომი მართლმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ და არა მარტო რუსეთის, არამედ მართლმადიდებლური საქართველოს, ყოფილ საბჭოეთში შემავალი ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ომში, ისე, როგორც პირველში დასავლეთი იმარჯვებს – მის მიერ ხელდასმული მმართველების, პოლიტიკური ელიტის, მათი „გულშემატკივარი“ ინტელიგენციის, პოლიტოლოგ-ექსპერტების, ჟურნალისტების გადაბირებითა და მხარდაჭერით.

ქვეყნის თვითმყოფადობის საწინააღმდეგო არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი ამ 23 წლის განმავლობაში, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. განსაკუთრებით მომაკვდინებელი გამოდგა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომელშიც გადამწყვეტი როლი დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა ითამაშა – მის მიერ აღზრდილი პოლიტიკოსების ძალისხმევით.

„ვარდების რევოლუციას“ ბევრი რევოლუციად არ მიიჩნევს, მეტადრე ალბათ იმიტომ, რომ მას არ მოჰყოლია მასობრივი ჟღლეტა-განადგურება. მაგრამ იყო კი საჭირო სისხლიანი რევოლუცია, როდესაც უსისხლოთიც კარგად შეიძლებოდა დასავლეთის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელება?

სააკაშვილის „რევოლუციას“ შევარდნაძის მმართველობის ჟამს ჩაეყარა საფუძველი. სწორდ შევარდნაძის დროს, შემოვიდა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა – ამერიკული პროექტი, აშშ-ს მიერ დაფინანსებული, ამერიკული იდეოლოგიით გაჟღენთილი. დღეს, პატარა საქართველოში თუ ასეულობით „NGO-გამოვლილი“ სპეციალისტია, დიდ რუსეთში – ასეულ-ათასობით. დავუმატოთ ამას ამერიკული ინსტიტუტების ფილიალები, მსუყედ დაფინანსებულ-წახალისებული და მივიღებთ პერმანენტულ რევოლუციებს, როგორც რუსეთში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საბჭოთა კავშირი, სტალინი, იმჟამინდელი ცხოვრება, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმზე გამარჯვება, ავღანეთის ომი და ა.შ. დიამეტრალურად განსხვავებულად არის შეფასებული. თვით რუსი მწერლები, ისტორიკოსები, ექსპერტები, პოლიტიკოსებიც კი საკუთარ ისტორიაზე მკვეთრი თავდასხმებით გამოირჩევიან. მათი ქცევა გადამდებია ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის. კრემლს უკვირს, რა იწვევს უკრაინულ, მოლდოვურ, ქართულ ანტირუსულ ამბოხს.

ფესვები არა მარტო იქ – დასავლეთში, უნდა ვეძებოთ, არამედ აქ – ქვეყნის შიგნით, თითოეულ ჩვენგანში. როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იტყვის, რომ რიგით გადაცემაში “აქაურად“ მოაზროვნე, „იქაურად“ მოაზროვნით უნდა დაბალანსდეს, და ამას იტყვის იმიტომ, რომ „იქაურ“ ფულს ელოდება – ყველაფერი ნათელია;

როდესაც „იქაურად“ მოაზროვნეს, სხვა ცნობილი ტელევიზიები არამცდა არამც „აქაურით“ არ „აბალანსებენ“ – ყველაფერი ნათელია; როდესაც საბჭოეთის დროინდელი პარტიული მუშაკები ყბადაღებული ბღავიან, თუ რა რეპრესიებში უცხოვრიათ და რა შემართებით იბრძოდნენ თურმე საბჭოთა რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ – ყველაფერი ნათელია.

„ვერანაირი სახელმწიფო პროპაგანდა ვერ შეძლებდა ამხელა აგრესიის გაღვივებასა და უნდობლობის დანერგვას, ქართველ და რუს ხალხებს შორის, ამ ყველაფერში, ქართული ინტელიგენციის, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენელთა დიდ ნაწილს რომ არ მიეღო მონაწილეობა. სწორედ იმ ნაწილს, რომელსაც თავის დროზე საბჭოეთში აღიარება არ აკლდა. მეტიც, ზოგიერთი მათგანი რუსეთში გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. დღეს კი ეპოქის ცვლასთან ერთად, მზად არიან არა მხოლოდ ქვეყნის, საკუთარი ბიოგრაფიაც კი გააყალბონ. ეს ხალხი „წითელ“ ინტელიგენციად შერაცხვამ იმდენად დააფრთხო და შეაშინა, რომ საკუთარი სურვილით, ხელოვნურად დაიმართეს ამნეზია, დაივიწყეს და ცდილობენ სხვებსაც დაავიწყონ ქართველებსა და რუსებს შორის ის ლაღი, გულწრფელი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომლის დროსაც, მათივე ბიოგრაფია და შემოქმედებითი კარიერა შენდებოდა“, – წერს საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი თავის წიგნში „23 წლის შემდეგ“.

ამერიკულმა იდეოლოგიამ – ალენ დალესისეულმა, წალეკა ქვეყანა, ახალგაზრდები აამხედრა „ძველგაზრდების“ წინააღმდეგ, მართლმადიდებლობა გახდა საქილიკო თემა, ხოლო უწმინდესი და უნეტარესი დასაცინი (შეხედეთ ინტერნეტს) – ყველაფერი ნათელია.

და მაინც რა არის ნათელი?

უპირველესად ის, რომ ფულით  მოხდა რუსთა, უკრაინელთა, ქართველთა, მოლდოველთა, სხვათა მოსყიდვა. გაჩნდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი არმია – ანტისაბჭოთა მწერლების, ისეთების, როგორიცაა სუვოროვი, სხვები, ჟურნალისტების, პუბლიცისტების სახით, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი და სტალინური სისტემა მეტი ბოროტება იყო, ვიდრე ფაშიზმი, ჰიტლერი; რომ საბჭოთა სისტემამ გაწირა ლენინგრადი და ბლოკადაში ამყოფა, ნაცვლად იმისა, რომ მტრისთვის ჩაებარებინათ.

 როდესაც დასავლეთ უკრაინაში მრავალი წლის განმავლობაში ხალხი პირდაფჩენილი უყურებდა უკრაინელი ფაშისტების საპარადო მარშს, როდესაც უკრაინელი მომიტინგეების თავზე ფაშისტი სტეფან ბანდერას უშველებელი პორტრეტი კიდია, როდესაც უკრაინელი ნაციონალისტ-ფაშისტები ანგარიშსწორებით ემუქრებიან ჟიდებს, მოსკალებს და ა.შ., ნათელია, რომ დასავლურმა დაფინანსებამ გაიმარჯვა.

ისიც ნათელია, რომ კრემლი აგებს, ისევ იდეოლოგიურად და არა სამხედრო თვალსაზრისით. აშშ-ს მძლავრი იდეოლოგიური იარაღი აქვს ამუშავებული, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბირთვული, თუმცა არც ბირთვულზე ამბობს უარს.

ამას წინათ ცნობილი რუსი მეცნიერი ალექსანდრ ციპკო წერდა: „პირდაპირ ვიტყვი, მეორე მაიდანი, თავისი ვანდალიზმით, არა მარტო დასავლეთის, აშშ-ს და ევროპის ნაციონალიზმისა და ინტერვენციონალიზმის პროდუქტია, არამედ რუსეთისაც“.

ვეთანხმები მეცნიერს იმაში, რომ რუსეთს დიდი ხანია ყურები უნდა გამოეფხიკა, თვალები გაეხილა და რეალურად შეეფასებინა პოსტსაბჭოთა უკრაინა, მისი პოლიტიკოსებითა და პოლიტიკოსთა მხარდამჭერი ბიზნესით, ინტელიგენციით და ა.შ. მაგრამ როდესაც თვით რუსეთში მძვინვარებს ანტისახელისუფლებო განწყობა, როდესაც ყოველდღიურად ითხრება სტალინი და სტალინური სახელმწიფო სისტემა, გუშინდელი, გუშინწინდელი თუ გუშინწინისწინდელი ცხოვრება – უკვე ისტორიად ქცეული და თვით მრავალსაუკუნოვანი ისტორია – სხვაზე რაღა უნდა თქვა? სხვას რაღა უნდა მიუთითო?! როდესაც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა ერთი ფეხით ინგლისში, საფრანგეთში, აშშ-ი ცხოვრობს, მეორით კი – „სამშობლოში“, სადაც „მაყუთის“ გასაკეთებლად ჩადის – სხვას ჭკუას ვერ ასწავლი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი მარტოა. მარტო იბრძვის დასავლური ურჩხულის წინააღმდეგ. ვიდრე ძალა აქვს, სხვასაც აბრძოლებს „ბედნიერი დასავლეთის“ წინააღმდეგ. არ იქნება პუტინი და გაუჭირდება რუსეთს. არის ისეთი, ვინც შეძლებს რუსული „მეს“ შენარჩუნებას? ბრძოლა კი დაუნდობელია, გარდამავალი უპირატესობით.

პუტინმა შეძლო დასავლეთთან გამარჯვება გასული წლის შემოდგომით, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტ ობამას ლამის საომარ ღილაკზე დადებული თითი ააღებინება, რითაც გადაარჩინა არა მარტო სირია, არამედ რეგიონი და მსოფლიო მორიგი კატასტროფისგან.

პუტინმა თვალი აუხილა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს ევროკავშირის გეგმებზე და ამ უკანასკნელმაც თავი შეიკავა დოკუმენტზე ხელმოწერისგან.

პუტინმა ყველაფერი იღონა ირან-„ექვსეულის“ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან შეკრებისთვის, დასავლური რეაქციული რიტორიკის განეიტრალებისთვის, კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის.

მაგრამ ეს მიღწევები შარშან იყო. და იყო „კრემლის“ მიღწევა და არა „თეთრი სახლისა“, იმ დიდი სახელმწიფოს სახლის, რომელიც თავს პირველად მიიჩნევს მსოფლიოში. ქვეყანა, რომელიც თავს პირველად მიიჩნევს, იოლად არ დათანხმდება საკუთარი პოზიციების გაფერმკრთალებას. და რომ ეს ასეა, უკვე მერამდენედ აღინიშნა ობამას გამოსვლებში.

„ჟენევა-2“-ს მეორე კონფერენცია უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან აშშ-ა არ უზრუნველყო სირიის ოპოზიციის სრული შემადგენლობის მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის მასპინძლობის დროს, ობამამ კონფერენციის ჩაშლა სირიის ხელისუფლებას დააბრალა და აღნიშნა, რომ სირიის პრობლემის მოწესრიგებისთვის სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის.

რაც შეეხება ირანს, მან „დატუქსა“ ოლანდი ფრანგული ბიზნესის ირანისკენ გაჭრისთვის. „ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაშია და ვიდრე არ მოიხსნება, არც ფრანგულ ბიზნესს და არც სხვას უფლება არ აქვს გეზი ირანისკენ აიღოსო“. ობამა დაემუქრა ასეთ ბიზნესს სანქციების შემოღებით.

დაძაბული გამოდგა მიუნხენის ყოველწლიური კონფერენციაც, რომელმაც მთელი ყურადღება უკრაინის პრობლემებზე გადაიტანა. მიუნხენის კონფერენციის დამსწრე ექსპერტების აზრით, დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა და ევროკავშირმა ლამის ულტიმატუმი წაუყენეს პუტინს და კრემლს უკრაინასთან დაკავშირებით. ექსპერტებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ მთელი მსოფლიოს საზოგადოება აუმხედრდა რუსეთს, უკრაინასთან დაკავშირებით.

ვითარება დაიძაბა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის გამოსვლის შემდეგ: „უკრაინამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს მას, მთელს მსოფლიოსთან თუ ერთ ქვეყანასთან ყოფნა“. ქერის სიტყვებმა იმდენად გააღიზიანა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლავროვი, რომ კონფერენციის დატოვებაც კი გადაწყვიტა. ის, კრემლმა შეაჩერა.

უკრაინის პრობლემა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია კრემლის თავს. აშშ-ი და ევროკავშირი, უკრაინის რუსეთიდან მოტაცებით შეპყრობილნი, მაიდანისა და სხვა ქალაქების მიტინგების დამფინანსებელნი, ახლოს არიან უდიდეს წარმატებასთან. უკრაინის დაკარგვით რუსეთი უდიდესი გავლენის სფეროს ჰკარგავს, ევროკავშირისა და ნატოს საზღვრები აღმოსავლეთით ფართოვდება და ამასთანავე იწყება პუტინის რუსეთზე პირდაპირი შეტევა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან უკვე დასავლურად მოაზროვნე, რუსეთში მცხოვრები ინტელიგენციის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობა და ა.შ.

დასავლეთი, რომელიც უკრაინას სულაც არ პირდებოდა ფინანსურ დახმარებას, დღეს პუტინის 15-მილიარდიან დახმარების საპირისპიროდ 19 მილიარდს პირდება. გარდა ამისა, პირდებიან არა ასოცირებულ წევრობას, არამედ ევროკავშირის წევრობასაც, ანუ ასოცირებული წევრობის დოკუმენტში იმის დაფიქსირებას, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირის ამ განცხადებით, ნათელი მოეფინა თვით ასოცირებული წევრობის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ხელისუფალთა განმარტებით, თურმე ევროკავშირში გაწევრების გარანტიაა. როგორც ჩანს, ევროკავშირში გაწევრების გარანტია სწორედ ისაა, როდესაც სიტყვა „გაწევრება“ იქნება ასოცირებული წევრობის დოკუმენტში დაფიქსირებული.

დავუშვათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უკრაინას (მაიდანს) სურს და უკრაინა „გამოგლიჯეს“ რუსეთს, რას მიიღებს ის?

ევროკავშირის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგს არაფერს. არათუ ევროკავშირში 8 წლის წინათ შესული ქვეყნები მოთქვამენ, არამედ „ძველი“ ევროპაც. ესპანეთში ახალგაზრდათა შორის უმუშევრობამ 60%-ს გადააჭარბა. მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც მოკლე პერიოდში მესამედ შეიცვალა მთავრობა. საბერძნეთზე, პორტუგალიაზე, უნგრეთზე, სხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

და როდესაც ესოდენ მძიმე ჟამს სხვას ითრევ შენს რიგებში შესასვლელად, ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკას? ნიშნავს თუ არა ეს გავლენის სფეროს გაფართოებას?

გავლენის სფეროს გაფართოება, თავისთავად, ნიშნავს დასავლეთის აღმოსავლეთთან საუკუნოვან დაპირისპირებას, ისეთს, რასაც „ძველ“ ევროპასა და „ძველ“ რუსეთს შორის ჰქონდა ადგილი.

რუსეთი აღარ არის კომუნისტური. რუსეთი ისეთივე კაპიტალისტურია, თავისი 150-მილიარდერით და უამრავი მილიონერით, როგორც დასავლეთი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. და ვისი წარმატებით დასრულდება, არავინ იცის.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.