ანტიტრამპული ისტერია

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ჰელსინკის შეხვედრიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ვიტყვი მთავარზე – აშშ-ი ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე, რომლის მიხედვით ჰელსინკის მხარდამჭერთა რაოდენობამ 88%-ი შეადგინა, რაც უდავო დასტურია იმ პოლიტიკისა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ატარებს. თუმცა ამ შედეგმა ნაკლებად იმოქმედა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებზე, რომლებიც გამეხებული შეხვდნენ ტრამპს და სამშობლოში დაბრუნების პირველსავე საათებში ისეთი ბრალდებები წაუყენეს, ქვეყნის მოღალატეობას რომ უტოლდება.

სენატორებმა დროც არ გაიყვანეს, რომ იტყვიან ამოსუნთქვაც არ აცალეს სახელმწიფო მდივანს და დაკითხვა მოუწყვეს. უპირველესად რაც მათ აინტერესებდათ – ტრამპ-პუტინის შეხვედრის შინაარსი იყო. ჰქონდა თუ არა პომპეოს, ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპთან ლაპარაკი; გამოჰკითხა თუ არა მან თარჯიმანს პირისპირ შეხვედრის თაობაზე; გაჰყიდა თუ არა ტრამპმა სახელმწიფო ინტერესები.

ერთი სიტყვით, პომპეოს ისეთი დაკითხვა მოუწყვეს, როგორც დანაშაულში მხილებულ პირს. დააკმაყოფილა თუ არა პომპეოს პასუხებმა სენატორები იოლი სავარაუდო არ არის, თუმცა „დაკითხვის“ შემდგომი განცხადებები მეტყველებენ, რომ არა.

წელიწადნახევარზე მეტია რაც ტრამპი „თეთრ სახლში“ იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა ანტიტრამპული ისტერია, რასაც დემოკრატები უდგანან სათავეში. მათ მოახერხეს ამერიკის საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით მედიისა და შოუ-ბიზნესის აყოლიება. ბეჭდვითი მედიიდან დაწყებული, ელექტრონულით დამთავრებული უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ტრამპს, ქოქოლას აყრიან და დასცინიან მას.

არ წყდება ტრამპის მიერ „გაუპატიურებული“ ქალების ყელყელაობა ტელესივრცეში, მასთან ერთად უძველესი „ამბების“ გახსენება და ტრამპის მიერ „სენსაციის“ ჩასახშობად „დაზარალებულთათვის“ ფულის გადახდა. რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს გაუძლოს მრავალმხრივ შეტევას და თან სახელმწიფო საქმე აკეთოს.

რუსეთის ჩარევა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთივე ბლეფია, როგორც რუსეთის სამხრეთ ამერიკაში გადატანა, მაგრამ გახელებულ დემოკრატებს სულაც არ აინტერესებთ რამდენად დამაჯერებელია ამ საქმეში რუსეთის დადანაშაულება, მთავარია ტყუილის მართლად წარმოჩენა და მისთვის მედია მხარდაჭერის მოპოვება, რასაც შესანიშნავად ახერხებენ.

რით არის ყოველივე განპირობებული?

საბაბი ბევრია, ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია – გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს. მთავარი მაინც ტრამპის პიროვნებაა და მისი მიუღებლობა პოლიტიკური ელიტის მიერ. ანდა, როგორ უნდა მიეღოთ ბიზნესმენი ტრამპი – პოლიტიკიდან შორს მდგომი, პოლიტიკურ ელიტაში არ მყოფი, პოლიტიკური სისტემის კრიტიკოსი და არა მარტო, დამქადნებელი, რომ მზადაა ამოაშროს ვაშინგტონის პოლიტიკური ჭაობი?!

ტრამპმა პოლიტიკურ ჭაობთან დაკავშირებით 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან დაიწყო ლაპარაკი, ამასთან ერთად ხალხს დაპირდა ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორებიცაა ეკონომიკა, უმუშევრობის შემცირება, ქვეყანაში მიგრანტთა რაოდენობის შემცირება. ამ მიზნით მექსიკასთან საზღვრის გამყოფი კედლის აშენება; სავაჭრო ხელშეკრულებების გადახედვა ევროკავშირთან, კანადასთან, მექსიკასთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან; კლიმატთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გამოსვლა; რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება; ირანთან დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლა და ა.შ.

ასრულებს თუ არა ის დანაპირებებს?

უდავოდ ასრულებს. მარტო ის რად ღირს – ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმა რომ 4,1%-ს მიაღწია? ეს მაჩვენებილი რეკორდულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. ტრამპმა გააკეთა ის, რასაც მისი წინამორბედები ვერ აკეთებდნენ – ეშინოდათ რა პოლიტელიტის ამხედრების.

ტრამპმა გადაიტანა აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში. შეხვდა აშშ-ს დაუძინებელ მტერს – ჩრდილო კორეის ლიდერს, რასაც მოჰყვა ჩრდილოელთა მიერ მთელი რიგი ბირთვული ობიექტების განადგურება. აშშ-ს მოსახლეობას, ლამის კორეის ომის დამთავრებიდან დღემდე, ეუბნებოდნენ კორეის, აშშ-ზე თავდასხმის თაობაზე, თანაც ბირთვული რაკეტებით. ტრამპის და კიმ ჩენ ინის, ჩრდილო კორეის ლიდერის სინგაპურში შეხვედრის შემდეგ ჩრდილოკორეულმა საფრთხემ იკლო.

ტრამპმა გაამკაცრა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებები, დააწესა გადასახადები ევროპულ ალუმინსა და ფოლადზე. ტრამპმა უარი თქვა ობამას დროს მიღებულ ჯანდაცვის სისტემაზე და მის ნაცვლად ახალ კანონს შეჰპირდა ხალხს. ტრამპი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და მიიჩნია, რომ ამ ქვეყანასთან აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს.

პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის და პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებსა და აღსრულებაში ეჭვის შეტანა ძნელია. მიუხედავად სერიოზული ბარიერებისა მან მოახერხა, თანაც არცთუ დიდი ხნის განმავლობაში, დანაპირების შესრულება. ჯერ-ჯერობით შეუსრელებელია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, თუმცა ეს საკითხი უცბათ ვერ მოგვარდება. მას დრო სჭირდება. რაც მთავარია ტრამპმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. პუტინის ვაშინგტონში მიწვევა ამის დასტურია.

როდის გაიმართება პუტინის მასპინძლობა იოლი სათქმელი არ არის. თითქოს ის შემოდგომით უნდა გამართულიყო, მაგრამ „თეთრმა სახლმა“ მომავალი წლისთვის გადადო. ამასობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, „ბრიკსის“ სამიტში მონაწილე პუტინმა თვით მიიწვია ტრამპი მოსკოვში, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად უპასუხა.

განმეორებითი შეხვედრა რომ გაიმართება ამაში ეჭვის შეტანა ძნელია. საკითხავია როდის – წელს თუ მომავალი წლის დასაწყისში.

წელს, აშშ-ს დიდი საქმე აქვს – შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ „რესპუბლიკელებმა“ გაიმარჯვეს, ტრამპის გეგმებს წინ ვერაფერი დაუდგება. წელსვე დასრულდება სპეცკომისიის მუშაობა, რომელსაც მიულერი ხელმძღვანელობს და რომელიც იძიებს რუსეთის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხს. ამ ორი დიდი პრობლემის დასრულების შემდეგ ტრამპს ხელ-ფეხი გაეხსნება, ცხოდია თუ ორივე მისთვის სასარგებლოდ დასრულდა.

ზემომოყვანილი მაგალითები აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ასრულებს დაპირებებს – წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს გაჟღერებულს. განა ეს სამაგალითო არ უნდა იყოს ქართული პოლიტიკის, განსაკუთრებით სახელისუფლებო „ოცნებისთვის“?

აშშ-ს საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და თუ ეს ასეა, მაშინ დაპირების და არშესრულების ისტორიულ სინამდვილეს წერტილი უნდა დაესვას.

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, უფრო სწორად ახალ-ძველი, ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მის გუნდს „მცირე“ უწოდა. ამ „მცირეში“ უმთავრესად საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით სამინისტროების შეკვეცა იგულისხმება. რისთვის არის ეს საჭირო?

უპირველესად იმისთვის, რომ UNICEF-ის კვლევის შედეგები, სიღარიბესთან დაკავშირებით გამოსწორდეს. კიდევ კარგი, რომ UNICEF-მა კვლევა ჩაატარა და შედეგებიც გამოაქვეყნა, თორემ ახლაც იქნებოდა ლაპარაკი იმ უდიდეს ეკონომიკურ წარმატებებზე, საქართველო რომ აღწევს.

„ჩვენ UNICEF-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული“ , – განაცხადა „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

მადლობა UNICEF-ს იმის თქმისთვის, რაც ჩვენც კარგად ვიცოდით, ვამბობდით ვწერდით, ვყვიროდით, …, მაგრამ შინაურს შენდობა არ აქვსო – ისეთ შედეგს ვიღებდით. ივანიშვილს გაუკვირდა – რა მძიმე ვითარება გვქონიაო, თითქოს მარსზე ცხოვრობდეს და არა სოლოლაკში. ნუთუ არც ერთი სტუმარი, რომელიც მას აკითხავს, არაფერს ეუბნება ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლისობაზე? თუ არა, არიან ისინი დამნაშავენი? მარტო ფულის გამოძალვის თემა ხიბლავდათ იმ მამაცხონებულებს?!

ივანიშვილი ამბობს, რომ არც ტელევიზორს უყურებს და არც გაზეთებს კითხულობს. ასეთი უკვე გვყავდა, ახლა რომ პოლიტიკურ „გადასახლებაშია“.

პარტიის და ქვეყნის რეალურმა მმართველმა ხანდახან თვალი უნდა შეავლოს პრესას ან ტელეგადაცემას, იმ მიზნით მაინც, სახტად რომ არ დარჩეს ევროკავშირის დაშლის გამო.

გამოფხიზლებულმა ივანიშვილმა ახალი გეგმა-სურვილი გაგვანდო 2030 წელს ევროკავშირის წევრობა – „არაფერია, 12 წელიწადი მალე გავაო“.

კეთილი, მაგრამ თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევხედავთ, დავინახავთ კრიზისულ ვითარებას, შექმნილს ამერიკა-ევროკავშირს შორის, უფრო მეტიც, თვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რაც ამ ორგანიზაციის სამომავლო მდგრადობაზე სულაც არ მეტყველებს. ახლახანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ეს ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ ის დღეებს ითვლის.

ანალოგიური ვითარებაა ნატოსთან მიმართებაშიც. ტრამპს ათვალწუნებული ჰყავს ეს ორგანიზაცია და ამ დროს „საოცნებო“ ხელისუფალთა – ნატო, ნატოს ძახილი, რუსეთის გინების ფონზე, პოზიტივის მომტანია ჩვენთვის?

ეკონომიკური გაჯანსაღება რუსული ბაზრის გარეშე შეუძლებელია. ის საქონელი, რომელიც აქ მზადდება, ევრობაზარს ვერ ეღირსება ობიექტური მიზეზების გამო. თუ რომელ ბაზარზე გავა – დსთ-ს ბაზარია და რაც მთავარია რუსეთის. პრაგმატულად მოაზროვნე ივანიშვილმა ეს კარგად იცის და აქედან გამომდინარე უნდა დაალაგოს რუსეთთან დანაპირები ურთიერთობა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი