21.12.2024

სად არის ჩვენი ადგილი?

მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩავარდნილი საქართველო იმ ადამიანს ჰგავს, ბნელ ოთახში დავარდნილ ათთეთრიანს ხელის ცეცებით რომ ეძებს, არადა ოთახიც დიდია და სიბნელეც ისეთი, არათუ ათთეთრიანს, სპილოსაც ვერ მიაგნებ. დაბნეული ხელისუფლება მძიმე დღეშია – არც არსებული ვითარების ანალიზის უნარი აქვს, არც კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. რაც აქვს, ტელეკამერებთან თავის გამამართლებელი განცხადებების კეთებაა, სხვა არაფერი.

„საოცნებო“ ხელისუფლების უნიათობაზე ყველა ლაპარაკობს, ვისაც არ ეზარება. განსაკუთრებით გამოირჩევა „ნაცური“ ოპოზიცია. მის მიერ დანთებული საპროტესტო ხანძარი, ლამის ყველა ტელეეკრანიდან გადმოდის და თითოეული მოქალაქის ოჯახს აფეთქებით მუხტავს. „ნაციონალებს“ ცოტა აკლიათ თეთრ ცხენზე წამოსკუპებისთვის. ამ საქმეში მას დიდ დახმარებას უწევს „საოცნებო“ ხელისუფლება – შეუგნებლად, უნებლიედ.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „დამოუკიდებლად“ არსებობის პერიოდის ყველა პრობლემამ პირი შეკრა და დღეს მოგვევლინა – კატეგორიულად, დაუნდობლად. არადა 2 წლის წინათ ვინ იფიქრებდა მოვლენების მსგავს განვითარებას? არც არავინ. სააკაშვილის რეჟიმის დამმარცხებელი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად მყარი და ყოვლისშემძლე იყო, არავითარ საბაბს არ იძლეოდა ეკონომიკური ვითარების გაუარესებისთვის.

მაშინ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მილიარდების მშოვნელ პიროვნებას, ასე გაუჭირდებოდა ქვეყნის ეკონომიკის ღიად თუ ფარულად მართვა. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მილიარდების მოხვეჭასა და ქვეყნის მართვას შორის ძალზე დიდი ზღვარია. თუ დავაკვირდებით, ხალხში მოარულ უკმაყოფილებას, დავინახავთ გულისწყრომას, რომელიც ყოველდღიურად ჩრდილავს მილიარდერის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმესაც და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებასაც.

ივანიშვილისა და მის მიერ შერჩეული გუნდის თამაშით საზოგადოება უკმაყოფილოა და არა იმიტომ, რომ დაუნახავი ან უმადურია, არამედ შექმნილი მდგომარეობის რეალური ბარომეტრია. უნებლიედ გებადება კითხვა – მაინც რამ აიძულა ივანიშვილი და მისი გუნდი უხვი დაპირებების მიცემაში, თანაც ისეთის, რომლის შსრულება არათუ ოთხი, ოცი და მეტი წლის განმავლობაშიც შეუძლებელია? მაგალითად ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობის გამოსწორება. სხვას შეგნებულად არ დავასახელებ – კარგი ცხოვრების დაწყება რომ ჰქვია.

როგორც ჩანს, ივანიშვილი იმდენად შორს იყო ქვეყნის პრობლემებისგან, იმდენად ზედაპირულად აფასებდა მათ და მიიჩნევდა, მისი ავტორიტეტით, ყველაფრის ერთბაშად მოგვარებას, რომ არ „დაწვრილმანდა“ დაპირებების ჩამორიგებაში. არც ის არის გამორიცხული ვიფიქროთ, რომ მის გონებაში ამოქმედდა კაცობრიობისთვის დამახასიათებელი თვისება – დავპირდები, მაგრამ ან გავაკეთებ, ან არაო, ვინ შემედავება. თუ შემედავებიან, ვიტყვი – კეთდებაო.

და მართლაც, მისი თითქმის ყველა განცხადება აქეთ შემოდავების მსგავსია –  ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთო.

ცუდი მაგალითი რომ გადამდებია, არაერთხელ დაგვანახა პრემიერმა ღარიბაშვილმა, თავისი განცხადებებით. ის ცალსახად გვესაუბრება რაღაც წარმატებებზე, ხალხი რომ ვერ ხედავს; რაღაც 150 საწარმოზე, რომელიც უკვე გუგუნებს და სხვა.

სწორედ, რომ აუგუგუნებული ფაბრიკა-ქარხნების ბრალია ეკონომიკური სტაგნაცია, ლარის გაუფასურება, ბაზარზე სამომხმარებლო ფასების მკვეთრი, საგრძნობი ზრდა, სოციალური პირობების გაუარესება და სხვა.

ღარიბაშვილმა ბრძანა – შემოვიჭიროთ ქამრებიო და ხელისუფლებამ დაიწყო თავის წელზე კი არა ხალხის ყელზე ქამრის შემოჭერა, თან ისეთი გულმოდგინებით, ლამის დაახრჩოს. მინისტრები პირდებიან ხალხს – ჩვენც შემოვიჭერთ ქამრებს და ხარჯებს შევამცირებთო. და დაიწყეს დამლაგებლების დონეზე გაბერილი მმართველობითი აპარატის შემცირება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერუჩაშვილმა  გვახარა – ფულს არ დავხარჯავთ საზღვარგარეთის ქვეყნებში საელჩოების შენობების შეძენაშიო. არადა საელჩოს შესაბამისი ფართის დაქირავებისთვის მსუყე დოლარებია საჭირო.

მინისტრს არ უთქვამს თვით საელჩოების შემცირებაზე, თუნდაც ისეთ ქვეყნებში, სადაც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები არ იკვეთება. თუ შემცირებაა, სწორედაც საელჩოების რაოდენობის შემცირებით უნდა დაიწყოს და არა საელჩოთა შენობების შეძენაზე უარის თქმით.

საქართველომ უნდა გამოიყენოს დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკა – ერთი ქვეყნიდან, სხვა ქვეყნების გადაფარვა. მაგალითად, საფრანგეთში არსებული საელჩო ფარავს საფრანგეთის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებს. საფრანგეთში აკრედიტებული ელჩი არის იმავდროულად, ვთქვათ ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, … საქართველოს ელჩი. ეს პრაქტიკა არც საქართველოს საგარეო უწყებისთვის არის უცხო.

საბიუჯეტო თანხების შემცირება, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არა მთავარს. მთავარი კი – ქარხნების აგუგუნებაა. დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამის გამკეთებელი არ არის, ფაქტია. „სავალუტო ფონდიდან ვისესხებთ და ინფრასტრუქტურას ავამოქმედებთო“, რომ ბრძანა მთავრობამ – გრძელვადიანი პროგრამაა, გარდა ამისა ნასესხები ფული მოიტანს თუ არა შვებას,  საკითხავია. ყოველ შემთხვევაში ნასესხები ფული სწრაფ სასწაულს ვერ მოახდენს. მას დრო სჭირდება. დრო კი არ ითმენს, მასთან ერთად ხალხის მოთმინებაც, რაც კარგად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული საპროტესტო მიტინგის დროს. როგორც ჩანს, მსგავსი რამ პირველი და უკანასკნელი არ იქნება.

საზოგადოების გარკვეულ წრეს სურს ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება, რაც, ჩემის აზრით, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. როგორც ჩანს, საზოგადოება  ვერ გამოვიდა მხსნელის გამოძებნის სინდრომიდან. ხალხს მიაჩნია, რომ კულისებიდან გამოსული ივანიშვილი სასწაულებს მოახდენს და გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირისგან.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოდ, ქვეყანას ივანიშვილი ვერ იხსნის, ვინაიდან თუ აქამდე ვერ იხსნა როგორც დე-ფაქტო მმართველმა, დე-იურეს სტატუსით გადაარჩენს ქვეყანას?

ზემოთ ვახსენე და გავიმეორებ – ოცი წლის განმავლობაში ხელისუფალთა დაშვებულმა შეცდომებმა ერთად მოიყარეს თავი. მათ გამოსწორებას, არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა სჭირდება და არა მხსნელის ძებნა. სისტემის შეცვლას – განსწავლული კადრები, რაც დეფიციტია ქვეყანაში. რაც არის – ოკეანისგაღმა სტაჟირებაგავლილი, მოინგლისურე „გოგო-ბიჭების“ ‘ბაირამობაა“. ამას კი ქვეყნის ეკონომიკის აღზევებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

სერიოზულ კორექტირებას მოითხოვს საქართველოს ე.წ. ევროატლანტიკური კურსიც, რაც სულაც არ ნიშნავს მასთან ურთიერთობის გაწყვეტას. საქართველომ უნდა განავითაროს თავის მეზობლებთან ურთიერთობა,  უპირველეს ყოვლისა რუსეთთან და შემდეგ იქონიოს ურთიერთობა დასავლეთთან. დსთ-ს ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები უნდა გახდნენ ქართული ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებლები და არა ევროკავშირ-ამერიკა, რომელთაც საქართველოს ეკონომიკისადმი ერთობ ზერელე დამოკიდებულება აქვთ.

ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველომ არაერთი უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. მათ შორის გამოვყოფდი 1992-2008 წლების ომებს. შედეგად, არა მარტო ქვეყნის დანაწევრება მივიღეთ, არამედ რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი კავშირების უკიდურესი გაუარესებაც. საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად, იოლი გზა გამოვნახეთ – რუსეთის დადანაშაულება. ცხადია, რუსეთი უმანკო კრავი არ არის, მაგრამ შიდა ომებში რომ საქართველოს ხელისუფალთა ბედოვლათობა და გაუგებარი ინიციატივა იკვეთება, ფაქტია.

ყოფილ ავტონომიებთან მიმართებაში ბევრის თქმა შეიძლება, მათ შორის იქაურთა აგრესიული დამოკიდებულება თბილისის მიმართ. მაგრამ, რასაც მათ ვერ წავართმევთ, დაბეჯითებული თხოვნა იყო სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის ანუ ფედერაციულ-კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნისთვის.

საქართველოს ხელისუფლება – ერთობ გაუთვითცნობიერებელი ფედერაცია-კონფედერაციაში, იჩემებდა და დღესაც იჩემებს უნიტარული მართვის სისტემას. სხვათა შორის, იგივეს აკეთებს უკრაინის ხელისუფლებაც, რასაც სავალალო შედეგი მოაქვს.

პოლიტიკურმა თბილისმა უარი თქვა ავტონომიების შემოთავაზებაზე და მათი დაჩოქების მიზნით, ომებიც გააჩაღა. შედეგი სახეზეა. ნაცვლად ფედერაცია-კონფედერაციისა, სრული დამოუკიდებლობა.

1992 წლის აგვისტოდან (აფხაზეთში შეჭრიდან) 2008 წლამდე საკმაო დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შანსი გაუშვა ხელიდან ოფიციალურმა თბილისმა, განდეგილებთან ნორმალური კავშირების ჩამოყალიბების კუთხით. ინიციატივაც მათი მხრიდან არაერთი იყო, მაგრამ ჩვენ ომი ავირჩიეთ, მძიმე შედეგით.

პრესის ფურცლებსა და ტელესივრცეში (ნაკლებად) აქა-იქ წააწყდებით მასალებს ყოფილ ავტონომიებთან ნორმალური კავშირების აღდგენასთან დაკავშირებით. აქა-იქ რევანშისტული განწყობაც იგრძნობა, მაგრამ უმეტესობა სამშვიდობოა – მომავალ ძმობაზე, ფედერაცია-კონფედერაციულ საწყისებზე დაფუძნებული. უნებლიედ იბადება კითხვა – ახლა?!

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა 2 წლის წინათ ბრძანეს ყოფილებთან ურთიერთობის დალაგება და მათი შემობრუნება. გარკვევით იყო ნათქვამი რუსეთთან ურთიერთობის შესახებ – რუსეთთანაც და ევროპა-ამერიკასთანაც. „ნატოშიც ვიქნებით და რუსეთსაც ჩავეხუტებით“, – ამას დღესაც იმეორებენ „ოცნებელები“.

რუსეთი „ან, ანით“ არ მოიხიბლება. მას არ სურს საქართველო ნატოში, ისევე, როგორც ნატოს საწვრთნელი ცენტრი  ნატოს გარეშე საქართველოში. რაც მას სურს, არის შემდეგი – იცხოვრეთ, როგორც გინდათ, ნატოში შესვლის გარეშე. ჩვენგან რა ესმის? ცხადია, საწინააღმდეგო მოსაზრება – „ნატო არ არის რუსეთისთვის სახიფათოო“. არის თუ არა რუსეთისთვის ნატო სახიფათო, მან უკეთ იცის, ვიდრე ჩვენ.

როდესაც არც ნატოში გვიღებენ და არც ევროკავშირში, სხვა გზა უნდა გამოვნახოთ. გზა კი ერთია, ანუ ის, რაც ზემოთ ვახსენე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს დაპირება და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. მისი დახმარებით აღვადგინოთ კავშირები აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან. დიალოგი, ვითარების გაუმჯობესების ერთადერთი გზაა. დიალოგის დაწყება არ უნდა ეფუძნებოდეს ულტიმატუმს – ისეთს, რასაც ფანჯიკიძე აყენებდა – სოხუმიდან და ცხინვალიდან რუსეთის დიპლომატიური მისიებისა და სამხედრო ბაზების გაყვანა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას რუსეთი არ გააკეთებს. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ დამნაშავე, ომის გამჩაღებელი, ჩვენ ვართ, წაგებულიც – ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი არ დაგვიბრუნდება, რაც არ უნდა შევთავაზოთ – ფედერაცია-კონფედერაციით დაწყებული. დამოუკიდებლობა არ იცვლება დამოკიდებულებაზე, თუნდაც ურბილესზე.

არადა, წლები გადის. განდეგილები კატასტროფულად გვშორდებიან. იქ, მომავალ თაობას მტერი საქართველოს ხატზე ზრდიან, ისე, როგორც ჩვენ, მტერი რუსეთის ხატს ვატრიალებთ. ხელისუფლება ტყუილით კვებავს ხალხს. ამ საქმეში მას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ის ასე ილაპარაკებს მრავალი წელი, ილაპარაკებს არა საქმის კეთებისთვის, არამედ რუსეთის კრიტიკისთვის.

დასავლეთს აწყობს 2008 წლის ომის შედეგები და აქედან გამომდინარე კრემლის პერმანენტული ლანძღვა-გინება. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაწყობდეს უაზრო, უშედეგო ლაილაი. იმას, რასაც ევროატლანტიკური სივრცე აკეთებს ჩვენთან მიმართებაში ტყუილი, უფრო მეტიც მზაკვრული ენის ფხანა ჰქვია, რაც კარგად უნდა შევიგნოთ.

მავანი შემედავება, როგორც იქნა გზა გავიკვალეთ ევროპისკენ (ასოცირებული ხელშეკრულება) და ახლა ვთქვათ უარი, თითქმის გაკეთებულ საქმეზეო? მოგახსენებთ. ასოცირება, წევრობა არ არის და რომც იყოს, იმაზე ცუდ დღეში აღმოვჩნდებით რუმინელები, ბულგარელები, ბალტიისპირელები, ბერძნები რომ არინ.

როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი სასწორზეა შემოდებული (სწორედ, ასეა დღეს საქმე), ქვეყნის გადარჩენისთვის სხვა ნაბიჯი – კარდინალური უნდა გადაიდგას – დასავლეთთან ურთიერთობის განელება, მეზობლებთან ურთიერთობის გაათმაგება. რუსეთის დახმარებით სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების აღდგენა განდევნილებთან. კავშირების ჩამოყალიბება ის გზაა, რომელიც გადაალახვინებს მათ უნდობლობას ჩვენდამი, რაც სამომავლო ღრმა ურთიერთობების საწინდარი იქნება.

საწყის ეტაპზე, რამდენიმე წლის განმავლობაში, თავი შევიკავოთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებიდან, მაგრამ ხელი მოვაწეროთ თავდაუსხმელობის პაქტს. სხვა პირობებში, სხვა ვითარებაში გავაგრძელოთ მათთან პოლიტიკური დიალოგი და არა ჟენევის ფორმატში. მოლაპარაკება მონაცვლეობით ჩავატაროთ თბილისში, სოხუმში, ცხინვალში.

ყველა დარგში აღდგენილი კავშირები სასიკეთო შედეგს მოიტანს, მათ შორის სარკინიგზო და საჰაერო კავშირების აღდგენა. ქართულ ბიზნესს იქ მოქმედების შანსი გაუჩნდება. საერთო ფულის, საერთო ინტერესების გაჩენა, სხვა შედეგს გამოიღებს, გაცილებით უკეთესს, ვიდრე პოზაში დგომა და ულტიმატუმებით ლაპარაკი.

ქართულმა პოლიტიკამ უნდა დაძლოს რუსეთის მტრის ხატი, ისე, როგორც თავის დროზე ფინეთმა. მტერი-რუსეთი ფინეთისთვის უდიდეს ბაზრად იქცა, ენერგომატარებლების მიმწოდებელ ქვეყნად. სწორედ რუსეთთან ურთიერთობამ გადააქცია ფინეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად – ერთ სულ მოსახლეზე ცხოვრების დონის მხრივ. ფინეთმა ანგარიში გაუწია რუსეთს და არ შევიდა ნატოში, მიუხედავად იმისა, ჩვენგან განსხვავებით, მას კალთებს აგლეჯენ.

ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობა რომ ბუნდოვანია, ფაქტია. ეს ურთიერთობა თუ ვინმეს მოუტანს (უკვე მოუტანა) მოგებას, ხელისუფლება და არასამთავროებია. არც ამ დუეტს და არც იმ საოცნებო „სივრცეს“, საქართველო რომ არაფრად მიაჩნიათ, ფაქტია და ეს უნდა შეიგნოს მოსახლეობამ, მასთან ერთად ისიც, რომ ჩვენი ადგილი იქ კი არა, სამეზობლოშია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.