მეგრული ენა და საქართველო

სულ ახლახანს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე დაიბეჭდა რედაქტორის, ალეკო ასლანიშვილის ერთობ საინტერესო და ყურადსაღები სტატია, სათაურით „იანკოვსკიდან ჰიუტამდე, ანუ მეგრელთა გამეგრელება გალში“,  სადაც ვკითხულობთ: „შემაშფოთებელი ცნობები მოდის ოკუპირებული აფხაზეთიდან, რაც მტერმა ტყვიით ვერ შეძლო იმის გაკეთებას, ახლა წიგნით ცდილობს. ეს არის ცდა, ქართულ სხეულს ჩამოაცილონ მისი ორგანული ნაწილი, დაარღვიონ ერის ერთიანობა, გაუცხოების ბაცილა შეიტანონ მასში“.

შეშფოთების საგანი კი ისაა, რომ აფხაზები გალში მეგრულ ტელევიზიას ხსნიან და სკოლებში მეგრული ენის სწავლებას იწყებენ, რასაც უდავოდ მოჰყვება მეგრელთა გაუცხოება ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. ეს „კეთილშობილური“ წამოწყება აუცილებლად მოიტანს ისეთ ნაყოფს, საქართველოს დაქცევა რომ ჰქვია.

მართალია, ჯერ-ჯერობით პატარა ნაბიჯებია გადადგმული, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვინაიდან მეგრული ენისა და ავტონომიის თემა სულაც არ არის უცხო საქმეში ჩახედულ ექსპერტთათვის, რის შესახებაც წერს ბატონი ალეკო თავის სტატიაში. და მას პატარა ნაპერწკალი სჭირდება, დიდ ხანძრად გადასაქცევად.

სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა წყალობით ისეთი რამ დაგვჩემდა, განგაშის ზარებს, საშიში ფაქტის წინაშე დამდგარი რომ შემოვკრავთ და არა მაშინ, როდესაც დაუფიქრებლად, გაუაზრებლად ვდგამთ ნაბიჯს, უმალ რომ სანანებელი გვიხდება და მაშინაც არ ვცდილობთ დაშვებული უხეში შეცდომის მონანიებას, დამნაშავის გამოაშკარავებას, საჯარო გაკიცხვას და საქვეყნოდ ფიცის დადებას, რომ მსგავსი არასდროს გამეორდება.

სამწუხაროდ, ჩვენში არსებული გარკვეული ძალების ძალისხმევით, დაშვებული შეცდომები, პოზიტიურად ფასდება და ხშირ შემთხვევაში გმირობას, გამარჯვებას უტოლდება, რაც თავისთავად იწვევს ხალხში სიტყვების „გმირობა“, „გამარჯვება“ გაუფასურებას და არა მარტო სიტყვების – მათი შინაარსის მიმართ ზერელე დამოკიდებულებას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2008 წლის ომის მაგალითს მოვიყვან, რომლის სამარცხვინო დასაწყისი და თავსლაფდასხმული დასასრული, სააკაშვილის ხელისუფლებამ გმირობად და გამარჯვებად მონათლა.

ხელისუფლებისგან – დამნაშავესა და კრიმინალისგან, სხვა განმარტება არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ რა ვუყოთ საქართველოს ყველა ტელევიზიას, საერთოდ მედიას და პარლამენტის შენობის წინ სასწრაფოდ აგებულ სცენაზე მოხტუნავე ინტელიგენციას, რომელიც ხმის გამაძლიერებელი დინამიკების საშუალებით ლამის მთელ ქალაქს აყრუებდნენ „ზეპატრიოტული“ მოწოდებებით, სიტყვებით „გმირობა“, „გამარჯვება“ და ა.შ.

იმ ღონისძიებაში ქართული ინტელიგენციის ნაღები მჭიდროდ იყო შეკრული ხელისუფლებასთან, რომელმაც ხელი ასწია საკუთარი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე, მუხანათურად, ღამით, „გრადების“ წვიმა დააყარა ცხინვალის მძინარე მოსახლეობას.

მავანი მკითხავს, რა შუაშია ცხინვალი ქართულ ენასთან. შუაში კი არა თავშია. რომ არა ცხინვალი, არც დამოუკიდებელი სამხრეთ-ოსეთი და არც დამოუკიდებელი აფხაზეთი აღმოცენდებოდა. და რახან ამას არ ექნებოდა ადგილი, არც არავინ გაბედავდა გალის სკოლებში მეგრული „დედა ენის“ სახელმძღვანელოების შეტანას. არც არავინ იფიქრებდა გალში მეგრული ტელევიზიის გახსნას.

საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომელიც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია და რომელიც უსასტიკესად უნდა დასჯილიყო. ეს შეცდომა მარტო ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს შეცდომა ქართული პოლიტიკის, საზოგადოების, ხალხის შეცდომაა, რისი აღიარებაც არც ერთ მათგანს არ სურს. პირიქით, სხვას ადანაშაულებს, სხვისკენ იშვერს ხელს, სხვას უნდა აჰკიდოს „აგრესორის“ მძიმე ტვირთი – თვით აგრესორს, საკუთარი ხალხის მკაცრი დასჯის მსურველს. იშვიათი გამონაკლისისა, არავის უცდია ეთქვა სიმართლე, რომც ეთქვა, სად, რომელ ტელევიზიასა და გაზეთში გამოაქვეყნებდა?!

და რახან საჯაროდ არ თქმულა სინამდვილე, ის სიცრუემ ჩაანაცვლა და ვართ ასე სიცრუეში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე.

„რუსეთი აგრესორია“, „რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები“, „ცნო მათი დამოუკიდებლობა, რითაც ხელი შეახო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“ – გავყვირივართ და იმასაც ვერ ვხედავთ, ჩვენი ხმაური, თბილისსაც რომ ვერ შორდება. ჩვენ, ჩვენსავე ჭაობში ვბუყბუყებთ, თან უდრეკად, უტუხად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები გვიდგანან მხარში და ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

მსოფლიოში ჯერ არ შობილა ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნის შინაურ საქმეს გულთან ახლოს მიიტანს და მის გასაკეთებელს, თვით გააკეთებს. 2004 წლის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ისტორიისთვის საკმაოდ ცოტა, მაგრამ პატარა, დაულაგებელი ქვეყნისთვის – ბევრი. დასავლეთის კეთილ ნებას მიჩერებული ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება და საზოგადოება, ერთობ მძინარე, მოდუნებული, სიზარმაცით შეპყრობილი, აინუნშიც არ აგდებს დაპყრობილ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. დიდი-დიდი ძილსა და ძილს შორის, კუჭის ამოსავსებად გამოფხიზლებული, უსუსურად წამოიკნავლებს და დასავლეთს შესჩივლებს – ნახეთ, რას გვიშვება მტარვალი აგრესორი და გათახსირებული რუსეთიო.

ეს წამოკნავლებაც ძველი თბილისის ეზოებში მოჩხუბარი ქალების წიოკს უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზული განსჯის ნაყოფს. სერიოზული განსჯა კი დამოუკიდებლობის 23-წლიან პერიოდში არც ერთხელ  არ გვქონია. არც მანამდე ვიყავით განსჯა-ანალიზის დიდი შემოქმედნი, განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც აფხაზეთის თემამ მერამდენედ იფეთქა. ნაცვლად იმისა, მწერალ ასტაფიევს გულახდილად შევკითხვოდით – რა გვეშველება, რით ვიხსნათ თავი, ხმალამოღებული შევასკდით – ეს, როგორ გაგვიბედა კდემამოსილ, გმირ ქართველებსო.

არადა, რაც მან დაწერა, გულისტკივილი იყო, საკუთარი იმ მართლაცდა გმირი ხალხის მიმართ, ვინც ბრძოლით გამოიარა საუკუნეები და გასიებული ახალგაზრდების თითზე, ავტომანქანის გასაღების ტრიალამდე მოვიდა. აი, სწორედ იმ ახალგაზრდების შვილები და შვილიშვილები, ისეთივე გასიებულები და ტვინის სიგლუვით გამორჩეულები, მართავენ ერთ დროს მართლაცდა გმირ ქვეყანას. ის, რომ 2008 წელს საქართველომ მხარი არ აუბა გლუვგონებიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბაქრაძის მოწოდებას – ჩანგლებით და დანებით შევბმოდით კბილებამდე შეიარაღებულ რუსის ჯარს, სრულიად შესაბამისი რეაქცია იყო.

ძნელია 200-კილოგრამიანი, შავ „ჯიპებზე“ შემომჯდარი ყმაწვილების მწვანე ტანკებში გადაჯდომა, გაცილებით ძნელია მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაყენებული პრეტენზიებისთვის ამომწურავი, საზრიანი პასუხის გაცემა. და როდესაც ამის თავი არ გვაქვს, დახმარებისთვის დასავლეთს ვიშველიებთ. ისიც თავს არ იწუხებს და თავის ნაცვლად ევროკავშირში გუშინ გაწევრებულ, ჩვენსავით გაპარტახებულ ბალტიისპირელებს გვიგზავნის.

ასე და ამრიგად შეიცვალა ვითარება ერთ დროს ჩვენ ტერიტორიად ცნობილ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში. მათ დამოუკიდებლობაც მიიღეს, რუსული ეკონომიკური დახმარებაც და, რაც მთავარია, საერთაშორისო დონეზე შესაფერისი აღიარების მოპოვებაც. აი, ის ჩვენი „მეგობარი“ ევროპა, სოხუმ-ცხინვალშიც ჩადის და კატეგორიულად გვთხოვს ოკუპაციის მკაცრი კანონის გალიბერალებას.

ჩვენ კი, ტრადიციულად, რასაც ვაკეთებდით, იმას ვაკეთებთ ანუ გავიძახით – „ოკუპანტი რუსეთის ბრალიაო“. კეთილი, არავინ დავობს, თუ რა წვლილი მიუძღვის მეფის რუსეთს მეგრელებისა და სვანების ცალკე ეთნოსად მოხსენიებაში. მეგრული ენის ქართულისგან განსხვავებულად გამოცხადების მცდელობაში, რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის მზაკვრობაში, მაგრამ ჩვენ სად ვართ და ვაკეთებთ თუ არა ჩვენს საქმეს ისე, როგორც საჭიროა – ყოველგვარი პარტიული მიკერძოების, კუთხური სიმპატია-ანტიპატიის გარეშე?!

მეგრული ენისა და ავტონომიის თემა ომახიანად ჟღერდა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან, რის შესახებაც ბატონი ალეკო წერს კიდევაც თავის სტატიაში. მეგრელთა შეუპოვარი პოზიცია გაოცებს და არა იმიტომ, რომ „პატრიოტულად“ იცავენ საკუთარ ენასა და დამოუკიდებლად ყოფნის სურვილს, არამედ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება „სისხლისმსმელი“ სტალინ-ბერიას დროს, რომლებიც აღნიშნული თემების დამკვიდრების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ.

ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიდიოდა მეცნიერული, პარტიული, საზოგადოებრივი პოლემიკა, თანაც ყოველგვარი ხოცვა-ჟღლეტვის გარეშე. და ბოლოს მაინც ბოლშევიკურმა საზრიანობამ იძალა. ის, რომ დღეს დამოუკიდებელი სამეგრელო, საკუთარი ენითა და ისტორიით არ არსებობს, სტალინ-ბერიას დამსახურებაა. და ეს უნდა იცოდეს ერმა.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? დღენიადაგ ვლანძღავთ და ვაგინებთ ყველაფერს გუშინდელს.

დიახ! მეფის რუსეთის იმპერია შუღლს აღვივებდა დამორჩილებულ ხალხებში, მაგრამ საბჭოეთის ისტორია სხვაა – უპირველესად მის შემადგენლობაში შემავალი ხალხების ძმობა-მეგობრობაზე დაფუძნებული. სწორედ საბჭოთა პოლიტიკის წყალობით შეიქმნა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში მეცნიერებათა აკადემია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა მშობლიური ენის კვლევა-განვითარების საკითხებს.

ცხადია, საბჭოთა კავშირში ისეთებიც იყვნენ, ვინც ალმაცრად უყურებდნენ მშობლიური ენის თემას და რუსულს პრიორიტეტულად მიიჩნევდნენ. მაგრამ დამისახელეთ თუნდაც ერთი იმპერია, რომელიც მსგავსი ზრახვებისგან შორს იყო და სულ იმაზე ფიქრობდა ჰინდი, სუაჰილი, სხვა ენები სახელმწიფო ენებად ექცია.

დამისახელეთ თუნდაც ერთი შეძლებული ქართული ოჯახი, რომელიც გასული საუკუნის 60-80-იან წლებში არ ცდილობდა შვილის რუსულ ბაღში მიბარებას.

დამისახელეთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც ზომაზე ჭარბად არ ეთაყვანება ინგლისურ ენას.

როდესაც ილიას უნივერსიტეტის რექტორის თევზაძის განცხადებით – ინგლისური ენა საქართველოში მშობლიური უნდა იყოს, რა დააშავა მეგრულმა?!

როდესაც გაურკვეველი სახის არასამთავრობო ორგანიზაციების გოგო-ბიჭები, მედიაში მომუშავე თინეიჯერი ახალგაზრდობა, მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები ინგლისური სიტყვებით გვეკეკლუცებიან – აქაოდა ინგლისური ვიცითო, რას ვერჩით მეგრულს?!

ენის თემა, რომ პოლიტიკასა და ისტორიასთან არის გადაჯაჭვული, ფაქტია. როდესაც ჩვენ თვითონ ვცდილობთ ჩავძიროთ საკუთარი ენა, სხვა რაღას იზამს, ამის შემხედვარე?

დღესაც მრავლად არიან მეგრული წარმოშობის ქართველი ინტელიგენტები, რომლებიც სერიოზულად მიიჩნევენ, რომ მეგრული ქართულ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს; რომ მას ქართულთან გათანაბრებული პოზიციები უნდა ჰქონდეს. არც ერთი მათგანი არ ფიქრობს, რას გამოიწვევს ეს და მოჰყვება თუ არა ყოველივე ამას ავტონომია, შემდეგ ვინ იცის, იქნებ დამოუკიდებლობაც – სახელმწიფო ხელფასებისა და კეთილდღეობის მსურვილებს რა მოთვლის?

ალეკო ასლანიშვილის სტატია საზოგადოების გამოსაფხიზლებელი აბია, მაგრამ უნდა საღათას ძილში მყოფ ანაღვლე საზოგადოებას გამოღვიძება და „ომში“ ჩართვა?!

ვეჭვობ, რომ უნდა. თვით საზოგადოება ამის გამკეთებელი არ არის. ხელისუფლებამ უნდა ივაჟკაცოს, მაგრამ თუ რამე პრობლემაა, სწორედ ხელისუფლებასთან იგივდება.

ხელისუფლება, ახალგაზრდული, გამოუცდელი, დასავლურძუძუნაჭამი, საკუთარი ისტორიის არმცოდნე, ვერ იქნება ერთობ დელიკატური საქმის მოთავე, ვერც წინამძღოლად გამოდგება. ყოველივე აღნიშნულს ერთვის თვით ხელისუფლების მიერ განათლება-მეცნიერებაში გატარებული ანტიქართული რეფორმები. სწორედ ხელისუფლების წყალობით დაჩაჩანაკდა მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომელთა გარეშე ენის საკითხის განხილვა, სერიოზული გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

უთავო ხელისუფლების წყალობით შექმნილმა პრობლემებმა ჩიხში შეიყვანა საქართელო. არადა, კომუნისტურმა მმართველობამ (შევარდნაძის პერიოდის გამოკლებით) საღ-სალამათი ქვეყანა ჩაგვაბარა, რომელსაც 20 წელიწადზე მეტია გულმოდგინეთ ვანგრევთ და ვერ დავანგრიეთ. შიგადაშიგ სხვისკენ ვიშვერთ ხელს – ისაა დამნაშავეო.

არადა, შევარდნაძეს, ნაცვლად სამხედრო ლაშქრობის დაწყებისა, დიალოგი რომ დაეწყო არძინბასთან, დღეს სხვა ვითარება იქნებოდა. აფხაზეთში ქართული მოსახლეობის კვოტით არჩეული დეპუტატები, თბილისში გამოქცევის ნაცვლად, სოხუმში რომ დარჩენილიყვნენ, სხვა ვითარება იქნებოდა. თბილისს, რომ იოტისოდენად გაეთვალისწინებინა ავტონომიების მოთხოვნები, დღეს სხვა ვითარება იქნებოდა.

აპრილში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ და უკვე მერამდენე წელია ვამბობთ, რომ ქართველმა სტუდენტებმა, ინტელიგენციამ დაიცვა ქართული ენა და კონსტიტუციაში დაამკვიდრა ის.

თუ ვინ ჩაწერა კონსტიტუციაში გასული საუკუნის 30-იან წლებში „ის“ ნაკლებად ცნობილი ფაქტია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებმა სთხოვეს ამის თაობაზე სტალინს და მანაც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებისგან განსხვავებით, დართო საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის დაფიქსირების უფლება. ასე მოვედით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე ანუ კონსტიტუციის ახალი ტექსტის შედგენამდე.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი თბილისში გაკეთდა – უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, სადაც ვმუშაობდი. საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს კპ ცკ პირველი მდივანი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი მითითებით ამოიღეს კონსტიტუციის პროექტიდან ქართული ენა და ამ რედაქციით წაიღეს მოსკოვში შესათანხმებლად.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმსა და სსრკ კპ ცენტრალური კომიტეტის საკონსტიტუციო კომისიებში განხილვის დროს რუსულმა მხარემ არ გაიზიარა ქართული ენის ამოღების საკითხი და გვირჩია ძველი ტექსტის დატოვება, რის შესახებაც ეცნობა თბილისს, რომელმაც დაბეჯითებით მოითხოვა ახალი რედაქციის დატოვება.

რა მოჰყვა ამას, ყველასთვის ცნობილია და არ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება. ამ ისტორიის თაობაზე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში სტატიებიც გამოვაქვეყნე, თუმცა მას, თითო-ოროლა ადამიანის გარდა, არავინ მიაქცია ყურადღება, რუსის მტრობა აწყობდათ.

მეგრული ენის და ავტონომიის თემა ისეთია, საქართველოს ხელისუფალთა გონივრულ მიდგომას რომ საჭიროებს და რაც მთავარია პატრიოტულ სულისკვეთებას, პრაგმატულობას. ჩვენ კი ბუჩქებში შეყუჟული, სიამტკბილობას მიცემული, სხვისი მოიმედე, უაზროდ ვიქნევთ ენას.

ქართულ საქმეს, მის მომავალს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დღევანდელი პოლიტიკით არაფერი ეშველება. ამას ზაქარეიშვილის რაღაც სამინისტრო ვერ უშველის. მას მთელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გაერთიანებული ძალისხმევა ესაჭიროება; პოლიტიკურ კურსში კარდინალური ცვლილებების შეტანა; რუსეთთან ჩაშლილი ხიდის აღდგენა და არსებული ვითარებისთვის თვალის გასწორება.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.