ბათუმის მოვლენების ირგვლივ

ბათუმის ამბებზე ბევრი დაიწერა და ითქვა. დღესაც ლაპარაკობენ და როგორც ჩანს კარგა ხანს ილაპარაკებენ, ვინაიდან სალაპარაკო თემა გაუჩნდათ პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, მედიას, მთლიანად საზოგადოებას. ლაპარაკის მთავარი სანიშნე ხელისუფლების უნიათობაა და რაც არ უნდა ათეთროს ზოგიერთმა თავგასაპნულმა გაზეთმა და ელექტრონულმა მედიამ ხელისუფლება, საქმეს არ ეშველება ანუ ხალხის თვალში „გაშავებული“ ხელისუფლება მუდამ შავი ფერისა იქნება.

მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური ვითარება, რომელიც უმთავრესად ხალხის კისერზე გადადის – აჭარაში იქნება თუ გურიაში, კახეთსა თუ სამეგრელოში. სოციალური სიდუხჭირე ყველას ეხება, მაგრამ არის გამონაკლისიც – მთავრობის სახით, პოლიტიკოსთა სახით, ბანკირების სახით, ბიზნესმენების სახით, იმ მილიონერების სახით, ვინც პარლამენტში მოიკალათა და 41 სადეპუტატო ადგილის დაკაებით საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობას და არა ქვეყნისას იცავს.

ქართულმა საზოგადოებამ ის ვერ გადაწყვიტა ბიზნესმენებისთვის შესაფერისი ადგილი მიენიშნებინა ანუ ბიზნესი და ნაცვლად ამისა, პარლამენტში მათ ყოფნას (ცხადია ყოფნას და არა მუშაობას) მიესალმება კიდევაც.

საქართველოს საზოგადოებამ ისიც ვერ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა მსოფლიოსთვის მიუღებელი სახის მმართველობისთვის, საქართველოში რომ აქვს ადგილი. მხედველობაში ივანიშვილი მყავს, რომელიც ქვეყანას მართავს თავის მიერ დანიშნული ხელის ბიჭებით, თვითონ კი ვითომ ჩრდილშია და არ ერევა პროცესებში.

საქართველოს მოსახლეობას უამრავი პრობლემა დაუგროვდა – უმუშევრობა, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა, დაბალი ხელფასები. დღევანდელი შემთხვევა არ ემთხვევა გამოთქმას – კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი კაცს. საინტერესოა, როგორი ეკვილიბრისტი უნდა იყოს პენსიონერი, რომელმაც 180 ლარით კომუნალური გადასახადებიც გადაიხადოს, მედიკამენტების ფულიც, კვების მოთხოვნაც დაიკმაყოფილოს. ზედმეტია ლაპარაკი ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, დასვენებაზე, კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებაზე და სხვა.

პენსიონერი იძულებულია ეკონომია გასწიოს – ცივ ზამთარში არ გაათბოს ბინა, ელექტროენერგია მომჭირნეობით დახარჯოს, ნაკლები წამლები შეიძინოს ან საერთოდ თავი აარიდოს წამლების ყიდვას და ისე იკვებოს, კვება რომ არ ჰქვია. და ამ დროს მის მიერ „არჩეულ“ ხელისუფლებას თვალები აღარ უჩანს მოჭარბებული ჭამისგან. მათ ტლანქ, ტომრისმსგავს უფორმო ხორც-ქონიან სხეულს, ძლივს ერევა ტროლეიბუსის ზომის შავი „ჯიპი“, რის ვაი-ვაგლახით რომ მიაქანებს ქუთაისისკენ.

ხალხმა იცის ზემომოყვანილთა ხელფასი, პრემია, ხელფასზე დანამატიც და სხვა სიკეთეებიც, ისე, როგორც მათი შემქმნელის „ჰობი“ – ასწლიანი ხეების გადარგვა და ამ საქმეში ასეულ-ათასობით დოლარის ხარჯვა, მაშინ, როდესაც მას შია – პირდაპირი გაგებით.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს ამასწინანდელი სიუჟეტი, რომელიც მილიარდერის „ჰობის“ (ასე ამბობს ის) ანუ ხეების გადარგვის კამპანიას მიეძღვნა, უდავოდ დამაფიქრებელია და ხალხიც ფიქრობს, უკვე ხმამაღლა – ვის ხელში ვართ?!

ხალხი, ხელისუფლების დანაპირები კარგი ცხოვრების იმედად აღარ არის, მაგრამ არც ის უნდა, რომ ასჯერ მეტად ცუდათ იყოს, ვიდრე დაპირებული სამოთხე. ხალხი გამწარდა თითქმის ყველაფერზე ფასების კოკისპირული მატებით და ამ დროს ვიღაც 31000 ლარს იღებს ხელფასის სახით, ვიღაც 25000-სს. … ვიღაცის ქონებრივი დეკლარაცია იბეჭდება გაზეთში და ა.შ.

სოციალური პრობლემები ისეთადაა ქცეული, ვერც არსებული ხელისუფლება მოაგვარებს და ვერც მისი შემდგომი სხვა. ადრე იყო საჭირო მისი მოგვარება – ჯართად ქცევამდე, ფაბრიკა-ქარხნების ამუშავება, ხელისუფალთა გონივრული შრომა, ინვესტიციების მოზიდვა, ხელისუფალთა მიერ ქამრის შემოჭერა და არა ხალხის კისერზე ქამრის შემოჭერა. ხალხი მზადაა კიდევ მოითმინოს, ოღონდ ხელისუფალთა ნამდვილი შრომა იხილოს და არა ისეთი, პრემიერი რომ მოუთხრობს ტელეეკრანიდან უცხოეთში გაწეული შრომის შედეგს.

ხალხს ვერ დააბრმავებ და ვერც დააყრუებ, უბრალოდ მას შეუძლია ასეთად მოაჩვენოს თავი ხელისუფლებას, მაგრამ პატარა ნაპერწკლის შემთხვევაში უდავოდ აფეთქდება. სწორედ ასეთს ჰქონდა ადგილი ბათუმში. რით იყო გამოწვეული ბუნტი აჭარაში?

ყველაფერი იმით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და კიდევ იმით, რაც არ მითქვია და რასაც აქაური, ძნელად გაიგებს, თუმცა დედაქალაქელებსაც აწუხებთ ის, რასაც აჭარაში აქვს ადგილი. მას თურქული გავლენა ჰქვია. პრესის ფურცლებზე აქაურებმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი გულისწყრომა და არა მარტო პრესაში – უხეშ, ფიზიკურ გამოხდომებში, მაგრამ თბილისი დიდია და ამდენად შედარებით იოლად შთაინთქმება პროტესტი. ბათუმი და აჭარა პატარაა – თურქეთთან საზღვრით (რომელიც ფაქტობრივად აღარც არის) ჩახუტებული.

აჭარაში თურქი, როგორც სახლში ისე გრძნობს თავს – ბატონ-პატრონად. მისთვის ბიზნესის დაწყება მარტივი რამ არის. არის თუ არა ადგილობრივისთვის ასე იოლი საქმის წამოწყება? არაო – გიპასუხებს ის. როდესაც თურქის მიერ გახსნილ მაღაზიასა თუ კაფეში ადგილობრივს თურქულ ლაპარაკს სთხოვენ, იგრძნობს თუ არა ის თავს დამცირებულად?

როდესაც თურქის მიერ გახსნილ საწარმოში, თურქი მუშახელი, ადგილობრივის გვერდიგვერდ მომუშავე, გაცილებით მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ადგილობრივი, არის თუ არა საწყენი ან გასაბრაზებელი?

როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვები ხელგაშლილად მიჰყავთ თურქეთის მედრესეებში სასწავლებლად, არის თუ არა დასაფიქრებელი? არათუ დასაფიქრებელი – გამაღიზიანებელიც არის.

როდესაც ბათუმის მოსახლეობა თვალსადახელსშუა სწრაფად მატულობს, მეზობელი თურქეთის და არა საკუთარი დემოგრაფიის ხარჯზე, არათუ გასაღიზიანებელი, არამედ ღრმად დასაფიქრებელია. დიდ მემედ აბაშიძეს, დღევანდელი აჭარისთვის თვალი რომ შეევლო, მეორედ განუტევებდა სულს.

აჭარა სხვაა, რაც სამწუხაროდ ნაკლებად იცის აქაურმა ან იცის და არაფრად აგდებს განსხვავებას. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, თურქეთის ბატონობის ქვეშ მცხოვრებმა აჭარის მოსახლეობამ, ბუნებრივია შეიგუა ის ცხოვრება, მაგრამ ენა არ დაივიწყა და ბევრიც სხვა – ქართველობის დამადასტურებელი. ბარაქალა რუსეთის იმპერიას, რომელმაც ხმლით და მახვილით გამოგლიჯა აჭარა თურქეთს, ცხადია საკუთარი იმპერიისთვის, სადაც საქართველოც შედიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ ჩვენ დაგვრჩა?!

შემდეგ იყო საბჭოთა პერიოდი. თავაუღებელი შრომა დაბრუნებული აჭარის საერთო ქართულ ცხოვრებაში ჩასაბმელად. ბევრი იღვაწეს ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა. ორი მეზობელი დიდი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად იქცა – საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში.

ავტონომია კი სათუთი საკითხია. მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება, მითუმეტეს 300 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულს. „ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ნებისმიერი ცვლილებით, პოლიციის უფროსის გადაყენებით ე.წ. ადგილობრივი კადრის დანიშვნით ამ აგრესიას დავაშოშმინებთ, რადგან ეს არა უბრალოდ თავისთავდობის და კუთხურობის, არამედ „ავტონომიური იდენტობის“ გამოვლინებაა. …

სწორედ ის „ძველი იდენტობა“, რომელსაც ეკონომიკური და სოციალური საფუძველი ეცლება, მასშტაბური სოციო-ეკონომიკური პროტესტის და აჭარის ურბანიზების შედეგად, იბრძვის ახლა თავის შესანარჩუნებლად და აქ არავითარი კომპრომისი არ შეიძლება არსებობდეს თეორიულადაც კი. ან ის გაიტანს თავისას და აჭარას წარსულში შეაბრუნებს, ან გატყდება და ახალ რეალობას შეურიგდება“, –  წერს სააკაშვილი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მაპატიეთ, არა სააკაშვილი, არამედ ნიკა იმნაიშვილი.

სააკაშვილი იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ ის იყო ავტორი ძალისმიერი „აღმშენებლობის“, რომელსაც რეალურად შენებასთან არაფერი აკავშირებდა. თუ რა მოიტანა ასეთმა ქირურგიულმა ჩარევამ ბათუმსა და თბილისში, სახეზეა – თბილისის ძველი ქალაქის მოთხრით, ბათუმის ახალმშენებლობებით, გადაგვარებული აზროვნებით, ძველების სამსახურებიდან გაყრით და გამოუცდელი თინეიჯერების აღზევებით.

ავტორისეული „აჭარის ურბანიზაცია“, რომ მჭიდროდ უკავშირდება თურქულს და ფაქტიურად აჭარა მეზობელი ქვეყნის სალაღობო, სათარეშო ადგილადაა ქცეული – თვით აჭარელთა აზრით, მტკიცება არ სჭირდება. თურქი ბიზნესმენების აშენებული სასტუმროები, კაფეები, თუ კაზინოები, რომ რიგითი აჭარელისთვის მხოლოდ ნერწყვის აღმძვრელია, მტკიცება არ სჭირდება და არა მარტო მისთვის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც თბილისში, ქუთაისში, თელავში თუ სხვაგან ცხოვრობს. მათთვის ეს ობიექტები, შესაბამისი თანხის არქონის გამო არა მარტო ნერწყვის მომყვანია, არამედ სიბრაზისაც.

სამწუხაროდ, საქართველო ემსგავსება მესამე ქვეყნებს, სადაც ქალაქის ფეშენებელური ცენტრის გარეთ, სიდუხჭირესა და ჭაობში ეფლობა კაცი. სწორედ ასეთი დღევანდელობა იწვევს ნიჰილიზმს, იმედგაცრუებას და რაც მთავარია ისტერიულ გაცხარებას, ბოღმას, რომელიც უდავოდ აფეთქდება თუნდაც ისე, როგორც ამას სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი.

„არავითარი კომპრომისი არ შეიძლება არსებობდეს თეორიულადაც კი. ან ის გაიტანს თავისას, ან გატყდება და შეურიგდება რეალობას“, – წერს სტატიის ავტორი. მას შევახსენებ –  ჩვენი მეზობლის მეზობელი, შაჰის ირანი სწორედ ასე იქცეოდა. ძალით შეჰქონდა ე.წ. ცივილიზაცია ირანში. რით დასრულდა, ყველამ ვიცით. ხალხმა არ მიიღო ძალისმიერი გაევროპელება და 1979 წლიდან ირანი ისლამური რესპუბლიკაა. შაჰი გაძევებული და მკვდარი.

და კიდევ ერთი რამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თურქულ ბიზნესს აჭარაში დიდი ფული მოჰყვება საქართველოს ბიუჯეტისთვის, ძალიან ცდება. შემცდარია იმაშიც, რომ თურქი, მეზობელი საქართველოს სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იღწვის. ის, თავისი ჯიბისთვის იღწვის.

წერილის ავტორისეული ავტონომიური „იდენტობა“, რატომღაც ნეგატიურად არის მოხსენიებული. არადა, მთელს მსოფლიოში რეგიონალიზმს, ავტონომიურობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და მზრუნველობითაც ეპყრობიან მას. ავიღოთ გერმანიის, შვეიცარიის, ესპანეთის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, სხვათა მაგალითები. ვინ გაბედავს იმნაიშვილის ენით ლაპარაკს.

აჭარის ავტონომია სათუთი რამ არის, ისე, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იყო. მაგრამ, სწორედაც რომ იმნაიშვილის მსგავსი აზროვნების მატარებელმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გაგვცლოდნენ. დღეს, რა სიტყვებს არ ხარჯავს ხელისუფლება მათ დასაბრუნებლად, მაგრამ პარალელურად, აჭარასთან მიმართებაში ისეთ უხეშ შეცდომებს უშვებს, ლამის ესეც გააქციოს.

აჭარა ავტონომიაა, მაგრამ ავტონომიის მას არაფერი ეტყობა. პოლიციის უფროსს რომ ცენტრიდან უნიშნავ და რიგით პატრულს – საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (აღარ ვამბობ სხვა თანამდებობებზე), ნიშნავს თუ არა ცენტრის მხრიდან ავტონომიის მიმართ უნდობლობას?

ადგილობრივი პოლიციელი თურმე აჭარელს თავზე ხელს გადაუსვამს და დანაშაულს აპატიებს. ხომ შეიძლება ანალოგიური „ლმობიერება“ გამოავლინოს ქუთაისელთა მიმართ ქუთაისელმა პოლიციელმა? იქნებ პოლიციელებიც უცხოეთიდან ჩამოგვეყვანა, ვინაიდან ოზურგეთელის, ზუგდიდში მუშაობა, ზუგდიდელის, ქუთაისში და ა.შ. ისე აჭრის ვითარებას, საროტაციო კადრიც არ გვეყოფა.

ავტორს უკვირს – „ბათუმელების და თბილისელების“ ე.წ. დაპირისპირება, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი რამ არის. ქუთაისელს, თელაველს, ზუგდიდელს და ა.შ. მუდამ აქვს თბილისელის მიმართ გარკვეული შური, თუნდაც გაღიზიანება.

„ჭორები – პოლიციის უფროსმა თათრები გვიწოდაო – აშკარად თითიდან გამოწოვილი ტყუილია, ჩვეულებრივი, ბინძური სეპარატისტული მონაჩმახია აგრესიის გასამართლებლად“, – წერს წერილის ავტორი.

ვერ დავეთანხმები. კონკრეტულ შემთხვევაში რა ლექსიკა იქნა გამოყენებული პოლიციელის მიერ ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ხუთწლიანი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე (აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ცენტრალურ ხელისუფლებასთან), დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არათუ თათრები, უარესი შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გამიგია და წამიკითხავს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თბილისელებისგან. ზოგი თავს უფლებას იმასაც აძლევდა ასეთი რამ დაეწერათ – გადაუთარგმნეთ და გაუგზავნეთო, ანდა ჯერ ტანი დაიბანონ და მერე ვილაპარაკოთო.

აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე გულნატკენი ამბობდა აღნიშნულის თაობაზე და სისტემატურად მიუთითებდა შეცდომებზე. ბევრს არ ემახსოვრება ზვიად გამსახურდიას დროინდელი შეცდომა აჭარის ავტონომიის გაუქმების თაობაზე, რომელსაც სრულიად აჭარის აფეთქება მოჰყვა. ამბოხებულმა ხალხმა სამთავრობო შენობები დაიკავა და მზად იყო ბოლომდე ებრძოლა ავტონომიის დასაცავად.

მრავალდღიანი ამბოხი აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ ჩაახშო – ხალხთან ლაპარაკით, დაყვავებით და ფიცის დადებით, რომ იბრძოლებდა ავტონომიის შესანარჩუნებლად.

თავისი მმართველობის წლებში ასლან აბაშიძემ აჭარას ნამდვილი ავტონომიურობა შესძინა – აჭარა გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი და საქართველოს მყარი საყრდენი სამხრეთ-დასავლეთის საზღვრებთან.

ასლან აბაშიძის აჭარაში დიდი გასაქანი მიეცა აღმშენებლობას, ახალი ქარხნების მშენებლობას, ინვესტიციების მოზიდვას და ამ საქმეში დივერსიფიკაციას – რუსული სამხედრო კატარღების, ამერიკული მცირე ზომის თვითმფრინავების მშენებლობას; გერმანული თხების ბაზაზე სარძევე მეურნეობის შექმნას და სხვა. იყო თურქული ბიზნესიც, მაგრამ მორიდებული ქცევით, თავშეკავებით და არა ისეთი აღვირახსნილობით, რასაც დღეს აქვს ადგილი.

დიახ! ეს, ყველაფერი იყო. მაგრამ დაინგრა 2004 წლის მაისიდან, როდესაც „ნაცებმა“ თავიანთი ანტიავტონომიური პროპაგანდით ლამის მთელი საქართველო მიაყენეს აჭარას. აბაშიძე აიძულეს წასულიყო აჭარიდან და დაიწყეს ავტონომიის „მორჯულება“. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ცხადია სავალალო შედეგებით.

დღევანდელი აჭარა ავტონომიაა თუ რეგიონი – ძნელი გასარჩევია. უნიტარიზმის იდეა, რაც ღრმადაა გამჯდარი ნებისმიერ ქართველში, ყვავის, მაგრამ მხოლოდ აჭარასთან მიმართბაში. ორმა სხვამ (აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა) თავს უშველეს და არც არასდროს შემობრუნდებიან, ვიდრე თბილისის მენტალიტეტი არ შეიცვლება. ვიმეორებ, ავტონომიას გაფრთხილება ესაჭიროება და არა ფუნქციების დაკნინება, რაც კარგად უნდა იცოდეს ხელისუფლებამ.

ორიოდ სიტყვით პატრულის შესახებ. ახალს არაფერს ვიტყვი. ყველაფერი ძველია და ცნობილი ანუ პატრულის ინსტიტუტის დეგრადაცია. პატრული რომ ამერიკულ ყაიდაზე შეიქმნა, ეჭვი არვის ეპარება. ისეთივე ფორმა აცვიათ და ისეთივე ავტომანქანით დადიან, როგორც იქ. მაგრამ იმას და ამას ანუ ჩვენს შორის, მიუხედავად სულითხორცამდე გაამერიკულებისა, რომ დიდი განსხვავებაა, გაგებაც არ გვინდა. შევხედოთ თბილისის ან ნებისმიერი ქალაქის ქუჩებს და რა მიიპყრობს ჩვენს თვალს? საპატრულო ეკიპაჟების ზემოთ-ქვემოთ გაუთავებელი ტრიალი, თანაც ცენტრალურ ქუჩებზე. დავიჯერო ამ ქუჩებზე ისეთი კრიმინალური ვითარებაა, რომ პატრულმა პერმანენტულად იტრიალოს?

არამც და არამც. რუსთაველის პროსპექტი ან სხვა ქუჩები ნიუ-იორკის შავებით და კრიმინალებით დასახლებულ ჰარლემს ნამდვილად არ ჰგავს. მაშ რას ტრიალებენ ჩვენი პატრულები? თუ ვინმე გონიერ პასუხს გამცემს ამ კითხვაზე, მადლობას მოვახსენებ.

მოკლე ქუჩებზე ზოგან წყვილ-წყვილად მოსეირნე საპატრულო ეკიპაჟები, ხშირად აჩერებენ ავტომანქანებს და ჭორაობით იქცევენ თავს, შემდეგ საპატრულო სიგნალის წივილ-კივილით არღვევენ სიმშვიდეს და ზომაზე მეტი სიჩქარით მიერეკებიან – საით, თვითონაც რომ არ იციან.

ამას წინათ, ერთი ნაცნობი უცხოელი მორიდებით მეკითხებოდა – თბილისი სავსეა პოლიციელებით, საპატრულო მანქანებით და რით არის ეს გამოწვეულიო?

ვინმემ დათვალა რამდენ ლიტრ ბენზინს ხარჯავს თუნდაც ერთი საპატრულო ავტომანქანა მორიგეობის დროს? ვინმემ გამოიკვლია, რამდენ გამონაბოლქვს აფრქვევს ასეთი, უაზრო აღმა-დაღმა ხეტიალი? განა უმჯობესი არ იქნებოდა უხვად არსებული პოლიციის შენობებთან მათი დგომა და პერიოდულად, გარკვეული ინტერვალებით, ხაზზე გასვლა? მაგრამ მაშინ ვინ გამოიჭერს „დამნაშავე“ საწყალ მძღოლს, ჯარიმის შესაწერად?

„საწყალი“ იმათ ეხებათ, ვინც „სედანის“ საჭეს უზის და მანქანის იერსახის მიხედვით ყურადღბას არ იბყრობს. აი, სწორედ ამ კატეგორიას აჯარიმებს პატრული, თორემ შავ ჯიპზე მჯდომს, თანაც განსხვავებული ნომრით, ხმას ვინ გასცემს? ისინი ისე კვეთენ ღერძულა ორმაგ ხაზებს და წითელ შუქნიშანს, ვითომც არაფერი. პატრული თვალსაც არ აყოლებს. არადა მის თვალწინ ხდება ყველაფერი.

„მდიდარ-ღარიბის“ ამგვარი დაყოფა, თანაც პატრულის მხრიდან, საგანგაშოა და კარგს არაფერს მოიტანს, ისე, როგორც ბათუმის ინციდენტი. და თუ ამას ხელისუფლება, მისთვის ჩვეული, სხვაზე გადაბრალებით გაამართლებს, ცუდად გამეორდება.

      ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.