რკინიგზის აღდგენის აჟიოტაჟი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტმა საქართველოში წინა პლანზე წამოსწია პერმანენტული თემა – რკინიგზა. მართალია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიფიცა, რომ საერთოდ სიტყვა „რკინიგზა“ არ ყოფილა ნახსენები მოლაპარაკების პროცესში, მითუმეტეს რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მისი დაკავშირება საქართველოსთან, შესაბამისად რუსეთთან.

რკინიგზის აღდგენის თემა აქტუალური იყო სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს, რასაც ისტერიული გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში მყოფ „ნაცებში“ და არა მარტო მათში, არამედ ხელისუფლებაში მყოფ „ოცნებაშიც“. აქტიურობდნენ ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, ცხადია რკინიგზის გახსნის საწინააღმდეგოდ.

შარშანდელი ისტერიიდან გამომდინარე, ისინი წელსაც შეეცადნენ ამ თემის აგორებას, ვინაიდან მაღალი სომეხი სტუმარი სწორედ ის პირი იყო, ვისაც შეეძლო აღნიშნული საკითხის კვლავ დასმა საქართველოს ხელისუფალთა წინაშე. ძნელია მტკიცება იმისა, დასვა თუ არა ეს საკითხი მასპინძელთა წინაშე სარგსიანმა პირად საუბრებში, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ სტუმართა მხრიდან არავის უთქვამს, რაც ჩემის აზრით, ცუდია და რატომ?

რკინიგზის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, რომელსაც მჭიდრო ეკონომიკურ-სამხედრო კავშირები აქვს რუსეთთან. რკინიგზის გახსნით, სომხეთი გამოვა იმ ჩიხიდან, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, შეიქმნა აზერბაიჯანთან კონფლიქტის შედეგად და ამიერკავკასიაში განვითარებული პოლიტიკური თამაშის წყალობით, გასული საუკუნის 90-იან წლებში.

აფხაზეთის კონფლიქტმა არა მარტო საქართველო-რუსეთის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი ჩახერგა, არამედ კავკასიაში მიმდინარე აგრესიულ პროცესებსაც შეუწყო ხელი. რომ ყოფილიყო აღნიშნული რკინიგზა, მას უდავოდ ექნებოდა რუსეთ-საქართველოს დამაახლოებელი ფუნქცია, გაცილებით მეტი, ვიდრე რკინიგზის უფუნქციობის შემთხვევაში.

ერთმანეთთან კავშირი, თუნდაც რკინიგზის მეშვეობით, ნაკლები საწინდარია კონფლიქტის, ვინაიდან ორივე მხარე ანგარიშს უწევს მსგავს კომუნიკაციას და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აუარესებს კონტაქტებს. ცხადია, კონფლიქტის შემთხვევაში რკინიგზა გამოიყენება სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა მისი დაბლოკვა ნაკლები პრობლემაა.

ქართული მხარე სწორედ სამხედრო თვალსაზრისით იხილავს რკინიგზის აღდგენის საკითხს, მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება ზეგავლენის მოხდენა საქართველოზე. გავიმეორებ – რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნას სამხედრო გადაზიდვებისთვის, მაგრამ ნებისმიერ დროს  შეიძლება მისი დაბლოკვა.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის რკინიგზის აღდგენა ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური უმნიშვნელოვანესი რამ არის. ის აკავშირებს ერთმანეთთან სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს, პერსპექტივაში ირანს და ირანის მეშვეობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, არაბულ სახელმწიფოებს და ა.შ.

ეს რკინიგზა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი რამ არის, რასაც შეუძლია, ნაკლებ დროსა და დანახარჯებში, დააკავშიროს ერთმანეთს მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის ისეთებიც, აზიის ეკონომიკურ „ვეფხვებად“ რომ მოიხსენიება.

საქართველო, არცთუ მდიდარი წიაღისეული სიმდიდრეებით, მდიდარია გეოგრაფიული მდებარეობით, თუმცა მისი პრაგმატულად გამოყენების საკითხი სერიოზულად მოიკოჭლებს. აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა, განსაკუთრებით საქართველოსთან შემაერთებელის, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-აფხაზეთის დაახლოების საქმეში.

რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დაწყებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ეს ხელისუფლება არის მზად ამისთვის. მას გაცილებით მეტად აწყობს პოზაში დგომა და 50-იანი წლების ალბანეთობა, ანუ არავისთან არავითარი კავშირი, გარდა აშშ-სა. ალბანელებიც ასე იყვნენ – მათ მხოლოდ ჩინეთთან ჰქონდათ კავშირი.

თუ ვინმე უნდა იყოს აღნიშნული რკინიგზის აღდგენით დაინტერესებული – საქართველოა, ვინაიდან მას გაცილებით მეტი მოგება შეხვდება, ვიდრე სომხეთს და ეს მოგება არა მარტო ეკონომიკური იქნება, არამედ პოლიტიკურიც. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ისე, როგორც გუშინ, დღესაც უმწიფრად გამოიყურება. მას არ უყვარს პოლიტიკურ-ეკონომიკური გათვლები, არ უყვარს თავის შეწუხება.

ზოგი ექსპერტი დაბეჯითებით აცხადებს, რომ რკინიგზის აღდგენა კონკურენციას გაუწევს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მშენებარე რკინიგზას და გააუარესებს ურთიერთობას ბაქოსთან.

კონკურენციის რა მოგახსენოთ, მაგრამ ურთიერთობის დაძაბვა თბილის-ბაქოს შორის გამორიცხული არ არის, თუმცა მოლაპარაკებით, თან საზრიანით, სრული შესაძლებელია ვითარების განმუხტვა. ეს საქმე დიპლომატიამ უნდა იკისროს, თუმცა არა დღევანდელმა, თანაც უნიჭომ, არამედ სახეცვლილმა ხვალინდელმა, პატრიოტულად განწყობილმა, საქმის მცოდნემ.

ხშირად ამბობენ – გაბრაზებული აზერბაიჯანი  გაზს აღარ მოგვცემსო, რაც არ არის გამორიცხული – ქართული ვიწრო აზროვნებიდან გამომდინარე. არ მოგვცემს და მოაცემინებენ. გარდა ამისა, ქართული საზომით აზერბაიჯანის მოქმედების შეფასება – მიუღებელია. ამ ქვეყანამ კარგად იცის საერთაშორისო ხელშეკრულების ყადრი, გაცილებით უკეთესად, ვიდრე ქართულმა პოლიტკამ. გარდა ამისა, არსებობს გაზის მიღების სხვა წყაროებიც – რუსეთ-ირანის სახით. ამიტომაცაა საჭირო აღნიშნულ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობების ქონა.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს დაემატა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხიც. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ კარასინმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა იმისგან უნდა მოდიოდეს, ვინც გაწყვიტაო, ანუ საქართველოდან.

კარასინს დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება, რომ სოფლის ანჩხლი დედაკაცივით, თმების წეწვითა და სახის ხოკვით, ფანჯიკიძემ შეიმცხადია – ვიდრე რუსეთი არ შეცვლის მის პოლიტიკას – ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საქართველო არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთანო.

ეს, როგორ შეიძლებაო – ხმა აუწყვეს სხვა პოლიტიკოსებმაც. ეს, ხომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო დაკარგვის ტოლფასი იქნებაო.

ამ კაკაფონიაში ყველაზე მეტად „ნაცთა“ ხმა გამოირჩეოდა – სწორედ იმათი, ვინც მოთხარა საქართველოს მთლიანობა; ვინც წამოიწყო 2008 წლის ცხინვალის ომი; ვინც ყველაფერი იღონა რუსეთთან ურთიერთობის გასაუარესებლად.

და ბოლოს მოყაყანეთა შორის თეთრი მანდილი ჩააგდო ზურაბ აბაშიძემ – პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში. მან დაამშვიდა საზოგადოება, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ადგილი არ ექნება, ვიდრე რუსეთი არ გააუქმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიურ აღიარებას, არ გააუქმებს იქ არსებულ რუსეთის საელჩოებსა და სამხედრო ბაზებს და ა.შ.

მანამდე არაფერი გეტკინოთო –  გაიფიქრა რუსეთმა.  საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ქართულ პოლიტიკას რუსეთის მიერ ქართული წინადადების შესრულება? და თუ მართლაც, მოხდა სასწაული და რუსეთმა შეასრულა ქართული მხარის მოთხოვნები, როგორი გამოხმაურება მოჰყვება ამას რუსეთში? ნაკლებად შეიძლება დაეჭვება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლების ქმედება წირვას გამოუყვანს ხელისუფლებას.

თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით – საქართველოა, ვინაიდან დიპლომატიური მოლაპარაკებების რაუნდებმა უნდა გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების კარი.

მხოლოდ ლაპარაკი, საქმიანი კონტაქტი მოგვცემს აღნიშნული საკითხის მოგვარების შანსს. ბუტიაობა და ულტიმატუმის ენით ლაპარაკი ისეთი უსუსური ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა, მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლება კი, ომში დამარცხებული, ნაცვლად იმისა ეძიებდეს გზას დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად, ისე ლაპარაკობს, თითქოს გამარჯვებული რუსეთი იყოს.

ქვეყნებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი საკითხი მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით იჭრება და რაღა საქართველო იქნება უნიკალური, რომ რუსეთთნ ურთიერთობა უკონტაქტოდ მოაგვაროს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.