რა არის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური საქციელი?

დიდხანს შეიძლება ვიდავოთ, რა არის ლეგიტიმური (ეს სიტყვა უზომოდ განვითარებულ ქართველობაში მშობლიურივით აღიქმება), ანუ კანონიერი და უკანონო. საერთაშორისო სამართალს არ უთქვამს თავისი ავტორიტეტული სიტყვა ამასთან დაკავშირებით. გაეროს დოკუმენტებში ერის თვითგამორკვევის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხები გუგულებივით გვერდიგვერდ არიან. მათი მიხედვით, ერთმაც შეიძლება იარსებოს და მეორემაც და რახან გემოვნებაზეა ყოველივე დაფუძნებული, მსოფლიოს ქვეყნებიც, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე, ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ.

იქცევიან და ვერც ვერავინ შებედავს – უკანონოდ იქცევიო. მაპატიეთ, შებედვით, შებედავს, მაგრამ ე.წ. უკანონო ქმედებას ვერაფრით დაამტკიცებს. დამაჯერებლობას მხოლოდ ერთი რამ ძენს იმათ, ვინც მეორეს ადანაშაულებს და ეს ერთი რამ, სრულიად „უმნიშვნელოა“ – მას სიმართლე ჰქვია. თუ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ზომით დიდი და გავლენიანი, საერთაშორისო არენაზე ყოველთვის ფაქიზად, სამართლიანად მოქმედებს, მას სხვა, საყვედურით ვერ მოიხსენიებს.

ზომით დიდ სახელმწიფოს იმიტომ ვახსენებ, რომ „პატარა“ და სუსტი ქვეყნებისთვის სამართლიანობის საკითხი ზომაზე მეტად გაფერმკრთალებულია, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ დიდ სახელმწიფოებს შეაქვთ. იციან ეს პატარა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო არენაზე ისეთი თამაშის წესს ირჩევენ, რომლითაც ნაკლებად ან საერთოდ არ აზიანებენ საკუთარ თავს.

პრაგმატული პოლიტიკა, მითუმეტეს დიპლომატია არის გონიერი პატარა ქვეყნების დამახასიათებელი. სწორედ ბალანსირებული დიპლომატიის მეშვეობით ახერხებენ ისინი არა მარტო თავის გადარჩენას, არამედ უდიდესი ავტორიტეტის მოპოვებას.

ევროპის კონტინენტზე არცთუ ცოტაა პატარა, ავტორიტეტული სახელმწიფოები. ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათში გამოკვეთილი ადგილი უკავია შვეიცარიას და არა მარტო დახვეწილი საბანკო სისტემით ან უმაღლესი ხარისხის ფოლადის გამოდნობით, ან უზუსტესი ჟამთაღმრიცხველი მექანიზმების შექმნით, ან სამთოკურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებით და წარმატებული სოფლის მეურნეობით – რომელი ერთი აღვნიშნო – არამედ გამჭრიახი დიპლომატიით, წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკით.

შვეიცარიას არც სხვა ქვეყნები უდებენ ტოლს, როგორც ევროპაში, ისე აზიაში – მარტო ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური რად ღირს, თუმცა სინგაპურმა, სააკაშვილის მიერ არაერთხელ, თანაც უაზროდ მოხსენიებულმა, ქართველობა ერთობ ნეგატიურად განაწყო მის  მიმართ.

პატარა სახელმწიფოებმა კარგად იციან თავიანთი ადგილი, თან იმდენად კარგად, რომ ხშირად დიდი ქვეყნების მიბაძვის ობიექტიც ხდებიან.

ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში 21-ე საუკუნის განმავლობაში. საყოველთაო განვითარებამ მიუღწეველს მიაღწია, მაგრამ არ შეცვლილა ადამიანის ბუნება, არ შეცვლილა “ჩემისა“ და „შენის“, „ტყუილისა“ და „მართლის“ მიმართ დამოკიდებულება; ვერადავერ დადგინდა ჭეშმარიტების საზომი, რომელიც თავისთავად განსაზღვრავდა „დიდსა“ და „დიდს“, „პატარასა“ და „პატარას“, „დიდსა“ და „პატარას“ შორის წამოჭრილი უთანხმოების სამართლიანობის დადგენას და სამართლიანად გადაწყვეტას.

ისე, როგორც წინა საუკუნეებში, ყველა ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, თავის, უცოდველ კრავად წარმოჩენას და როდესაც ყველა ამას ცდილობს და დანაშაულის განმსაზღვრელიც არ არის, მსოფლიო იქნება ისეთი, როგორიც დღეს – ძალისმიერი.

საერთაშორისო სარბიელზე არსებულ ამ არეულობაში გაიმარჯვებს ის, ვისაც ძალა აქვს, ვინც სწორედ ამ ძალის წყალობით შემოიკრებს სხვებს. სხვათა ირგვლივ შემოკრებით, ის ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი სიმართლე. ის დიდი, ამ შემთხვევაშიც, შემოკრებილთა რაოდენობით, თვალში მტვერს აყრის დანარჩენს.

ჭეშმარიტება, სინამდვილე კი – სხვაა. ის, არც ძალით იზომება და არც რაოდენობით – მაგრამ რახან ძალა და რაოდენობა ძალავს ფაქიზ „სინამდვილეს“, სინამდვილეც ძალისმიერია. ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, 21-ე საუკუნეში – „როგორ შეიძლებაო სხვა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევაო?“, – საყვედურით  უთხრა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; „როგორ შეიძლებაო, „აღშფოთებულმა“ ევროპელმა მოკავშირეებმა ხმა შეუწყვეს პირველ ქვეყანას?“ „როგორ შეიძლებაო და ჩვეულებრივად, თქვენი გამოცდილების გაზიარებითო!“ – იყო პასუხი.

ამ დიალოგიდან უფრო დამაჯერებლად პასუხი მოსჩანს, ვინაიდან სინამდვილესთან გაცილებით მიახლოებულია, ვიდრე შეკითხვა.

21-ე საუკუნე ისე დაიწყო, თითქოს ფეოდალური ომების საუკუნე ყოფილიყო. ომის საბაბს ნებისმიერს გამოიგონებენ, მთავარია სურვილი. და გამოიგონა აშშ-ს წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ტერორიზმთან ომი. გამოიგონა და სწორედ 21-ე საუკუნის დასაწყისში აფრინა ჯარი ავღანეთში. აფრინა და სხვასაც აფრენინა, მათ შორის ჩვენც – რაოდენობრივი „სიმართლის“ მოპოვებისთვის.

ამერიკელთა აზრით, როდესაც მხოლოდ ერთი იბრძვის სიმართლისთვის, ძნელი დასაჯერებელია, როდესაც მრავალი – სიმართლისთვის ბრძოლაა,

ასე და ამრიგად გამოგონილ „სამართლიან“ ომში ამერიკამ არაერთი ქვეყანა ამოიყენა გვერდში – ზოგი დაშინებით, ზოგი ეკონომიკური წახალისებით, ზოგიც რით. ეს ომი ჯერაც  არ დამთავრებული, თერთმეტი წელიწადი მიდის – მსხვერპლით, ნგრევით – ავღანეთისთვის ბუნდოვანი მომავლით.

ცინიკოსი ამერიკა და მასზე ცინიკოსი ევროპა სამართლიანად მიიჩნევენ უდანაშაულო ავღანელების ხოცვა-ჟლეტვას, მათ შორის ბავშვების, ქალების, მოხუცების. ცინიკოსი ამერიკა სამართლიანად მიიჩნევს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ტყვედ შეპყრობილი ავღანელების წამებას, მამაკაცების მიერ, დაძალებით, ერთმანეთის გაუპატიურებას.

რით არის უკეთესი, ამერიკელი ჯარისკაცების თოფებქვეშ ავღანელი მებრძოლის მიერ, მეორის გაუპატიურება, ქართულ ციხეში ცოცხის უკანალში გარჭობაზე?

როგორც ჩანს მიმბაძველი ქართველებისთვის ძნელი არ იყო დიდი „პარტნიორის“ გამოცდილების გაზიარება. საქართველოს საზოგადოება რახანია უაზროდ ჟივჟივებს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერებისა და მოსმენების თაობაზე – ეს, როგორ შეიძლებაო, – გაჰყვირიან არასამთავრობოები და სულაც არ ფიქრობენ, რომ „მოსმენა-ჩაწერის“ ტექნოლოგიები სწორედ ამერიკელებმა დაგვახვეწინეს, აპარატურაც მოგვცეს და „გვატრენინგეს“.

ურწმუნო იმანოებო, ეს ბინძური პრაქტიკაც, ანუ მსოფლიო მოსმენა ამერიკის კანონებით არის გამაგრებული. მოსმენის პრაქტიკა რახანია ზენიტშია აყვანილი აშშ-ი. ამ საშინელების თაობაზე წერს თავის წიგნში აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი. ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას აშშ-ს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი. ამ თემის გამომზეურების გამო რახანია ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოს მძევალია ჯულიან ასანჟი. მაგრამ ისინი ჯერ-ჯერობით უმცირესობაში არიან. და არიან იმიტომ, რომ მართლები არ არიან? პირიქით, მათ აზრს მილიონობით ადამიანი იზიარებს, მაგრამ ვის ესმის მათი ხმა? ძლიერს და დიდს, თანაც მოკავშირეებშემოკრებილს საკუთარი თავი მართლად მიაჩნია.

ავღანეთი არც ბოლო და არც პირველი შემთხვევაა. აი რას წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში ჯეკ მეტლოკი: „ამერიკის მთავრობათა ნამოქმედარი ნათლად აჩვენებს, რომ ისინი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის იგნორირებას ეწევიან, როცა ეს მათ ხელს აძლევთ, როგორც სერბეთში, როცა ნატოს მოკავშირეებთან ერთად ხელყვეს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; შექმნეს და აღიარეს კოსოვო. გარდა ამისა, ხელი შეუწყვეს სუდანისგან, სამხრეთ სუდანის გამოყოფას; ერიტრეისა – ეთიოპიისგან, აღმოსავლეთ ტიმორისა – ინდონეზიისგან.

რაც შეეხება სუვერენიტეტის დარღვევას, რუსეთს შეუძლია თქვას, რომ შეერთებული შტატები პანამაში ნორიეგას დასაპატიმრებლად შეიჭრა, ხოლო გრენადაში იმ საბაბით, თითქოს იქ ამერიკის მოქალაქეების მძევლად აყვანას აპირებდნენ (თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა), ერაყში გამოგონილი საბაბით შეცვივდნენ, თითქოს სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა“.

ეს, რაც შეეხება ღია აგრესიას. ფარულს, ნუღარ იტყვით, სად არ ნახავთ აშშ-ს სპეცსამსახურების კვალს. სპეცსამსახურების ნამოქმედარი ტერორისტული აქტები, ადგილობრივი მოსახლეობის მოსყიდვა-გადაბირება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, საქვეყნოდ ცნობილი რამაა.

მსოფლიო ისე მიეჩვია ამერიკელთა თავხედობას – ყურადღებასაც აღარ აქცევს. აღარ აქცევს, ვიდრე პირადად არ შეეხება ამა თუ იმ ქვეყანას. სიმართლისათვის ბრძოლაში იქნებ სჯობს ნებისმიერის, მათ შორის თუნდაც ამერიკის ბოროტების დროული გამომზეურება? იქნებ დროულად გაგვეხილა თვალი, უარი გვეთქვა ფულად „დახმარებაზე“, რომელსაც აშშ-ი საკუთარი ბატონობის განსამტკიცებლად იყენებს; უარი გვეთქვა საღეჭი რეზინის მსგავს „დემოკრატიაზე“ და მიგვეხედა საკუთარი თავისთვის?

ნუთუ, ვერ უნდა გავარჩიოთ ცუდი, კარგისგან, მახინჯი – ლამაზისგან, პროპაგანდა – სინამდვილისგან? ნუთუ, ვერ უნდა დავინახოთ უკრაინის მოვლენებში საყოველთაო საფრთხე – მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენც რომ გვემუქრება? ისე, როგორ უნდა დავიბრმაოთ თვალები, უკრაინელი ნაციონალისტების ფორმაზე, ფაშისტური სვასტიკა ვერ დავინახოთ? ვერ დავინახოთ და ვერ მოვისმინოთ ფაშისტური მოსალმება _“ჰაილ“? არ მითხრათ, რომ ეს ვიდეო-კადრები, ფალსიფიცირებულია და მხოლოდ რუსული ტელეარხები უჩვენებენ. ცდებით ბატონებო – ეს კადრები ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-მ გადასცა.

უკრაინის უმძიმესი მოვლენებით დასავლეთ-აღმოსავლეთის ახალ დაპირისპირებას ჩაეყარა საფუძველი. და ეს დაპირისპირება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მსგავსი იქნება.

დაპირისპირების ავტორი, ისე, როგორც ყოველთვის, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე – აშშ-ია. ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო პირობებში მყოფი ქვეყანა, საკუთარი ჰეგემონიზმის შესანარჩუნებლად და მეტოქეთა ცხოვრების გასაუარესებლად, არნახულ ბინძურ პოლიტიკურ თამაშზე მიდის. ერთ-ერთი, სახეზეა. მას უკრაინა ჰქვია.

სულ ახლახანს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩვენთვის კარგად ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ კორესპონდენტის შეკითხვაზე – 20 წლის წინათ დაწერილ თქვენს წიგნში აღნიშნეთ, რომ რუსეთი უკრაინას წაეკიდებაო – ბრძანა, რომ „ეს ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან პუტინს გული წყდება საბჭოთა კავშირის დაშლაზე და რახან ეს ასეა, ის შეეცდება ძველი იმპერიის აღდგენასო“…

ბჟეზინსკი კი არა, ვანგაც კი წინასწარ ვერ იტყოდა, რა მოხდებოდა 20 წლის შემდეგ, რომ არა გეგმა, რომელიც ვაშინგტონში არსებობდა. ბჟეზინსკიმ უბრალოდ გაახმოვანა რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ს გარკვეული წრეების მიერ შექმნილი ანტირუსული პროექტი. თან ისიც დაამატა: „თუ რუსეთს სურს, ჩვენ გავუწევთ შუამავლობას უკრაინასთან საერთო ენის გამონახვაშიო“.

რამხელა ცინიზმია ჩაქსოვილი 85 წლის პოლიტოლოგის ნათქვამში – აშშ-ი გაუწევს შუამდგომლობას ერთ სისხლსა და ხორცს, იმავე ამერიკელების მიერ წაქეზებული შუღლისა და მტრობის განელებაში. არის თუ არა შუამავლობის გამწევი აშშ-ი? არამცდაარამც, მაგრამ აი რაც შეეხება დაძაბულობას – უდავოდ. მან უკვე მოახერხა ფაშისტური სულისკვეთების აღორძინება და მისი რუსეთის წინააღმდეგ მისევა.

როდესაც ვაშინგტონ-ბრიუსელი დაუფარავად მხარს უჭერს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლბას, რომელშიც ფაშისტი დიმიტრი იაროში – პირველი ვიცე-პრემიერია; როდესაც რეციდივისტი ბელი ავტომატით აგვარებს საკითხებს; როდესაც ორივენი მოუწოდებენ ჩეჩენ ბოევიკებს ახალი ანტირუსული ომისკენ; როდესაც ოპოზიციის მიერ დაქირავებული სნაიპერები, იანუკოვიჩის გასაშავებლად, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მილიციელებს ხოცავდნენ, რის შესახებაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაეტმა, შეშფოთებულმა უთხრა ევროკავშირელ ქეთრინ ეშტონს; როდესაც ევროკავშირელმა ეს საიდუმლო, ერთ კვირაზე მეტი ინახა – აქაოდა ამ ამბვის გამომზეურებით, მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ევნოსო; როდესაც ულტრანაციონალური ხელისუფლება რუსული ენის კანონგარეშედ გამოცხადებას აპირებს – თავისთავად ეფინება სინათლე უკრაინის მოვლენებს, სააშკარაოზე გამოდის ვაშინგტონური პოლიტიკა.

აშშ-ს სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ბეჯითი მეცადინეობით მოხდა უკრაინის რუსეთთან დატაკება, რაც უკვე ძცირი უჯდება უკრაინას. მაგრამ ამერიკისთვის ეს არ არის სანაღვლო საკითხი. პირიქით, ეს აღმოსავლეთზე ფარული შეტევის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც რუსეთის დაშლას დიდი ყურადღება ექცევა – დაშლილ რუსეთზე გავლით დაიწყება ახალი და უმთავრესი შეტევა. ჩინეთზე შეძლებს აშშ-ი ამ პროექტის განხორციელებას? საეჭვო საქმეა, მაგრამ ის, რომ პროექტს ათეულ-ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება – ფაქტია.

და ასეთ მძიმე ფონზე გვაფიქრებს საქართველოს პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, ჟურნალისტთა კატასტროფულად მცდარი მოსაზრება – მუდამ ამერიკასთან. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტირუსული განცხადებების გაკეთებაში და მოუწოდებენ საზოგადოებას, ისე მოიქცნენ, როგორც თვით იქცევიან.

პოლიტიკურ ლაბირინთებში გაურკვეველი საზოგადოებაც ისე იქცევა, თითქოს ჭურში იყოს. თუმცა, საქართველოს ტელეარხების შემხედვარე ჭურში კი არა, ქვესკნელში ვართ მოქცეული და ყველა ერთად გავყვირით – რუსეთი დამნაშავეა არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს და ლამის კაცობრიობის წინაშე.

ძმობას ვეფიცებით უკრაინის ულტრანაციონალურ ხელისუფლებას ფაშისტი იაროშებით, ბელით, ტიაგნიბოკებით, ცისფერი ავაკოვებით, ტვინგალაყებული კლიჩკოებით, კრიმინალი ტიმოშენკოებით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

მავანი მეტყვის – ჩვენ უკრაინელ ხალხს ვთანაუგრძნობთო. მაგრამ, ვის ახსოვს უკრაინელი ხალხი, მასიური სცენების შემვსები, გუშინდელი ოპოზიციის მიერ დაქირავებული სნაიპერების სამიზნე ხორცი?

უკრაინის მოვლენებმა გააშიშვლეს ნაცმოძრაობის სვასტიკიანი სხეული. დაგვანახეს მისი ბოროტი სული, მითუმეტეს სამომავლო ზრახვანი – მაგრამ ვხედავთ?!

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.