რატომ იხსენებენ სტალინს და საბჭოთა კავშირს?

1956 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-20-ე ყრილობაზე პარტიის იმჟამინდელმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავისი ხუთსაათიანი მოხსენება სტალინის პიროვნების განქიქებას მიუძღვნა, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს და საფუძველი ჩაუყარა წინაპართა მიერ შექმნილი უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის ნგრევას.

„ლევადა-ცენტრი“ (Levada Center) რუსეთის ის ორგანიზაციაა, რომელიც სისტემატურად ატარებს პოლიტიკურ თემებზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ორგანიზაციის ხელისუფლებიდან შორს დგომა და დასავლეთის მსგავს დაწესებულებებთან პროფესიონალური კავშირი ეჭვს არ ბადებს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის სისწორეში. რუსეთში სხვა მსგავსი ორგანიზაციებიც მოქმედებს (ჩვენგან განსხვავებით მიუკერძოებელი), მაგრამ მათ შორის „ლევადა-ცენტრი“ გამოირჩევა.

სულ ახლახანს, მან ახალი გამოკითხვა ჩაატარა და გამოარკვია, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში იმათი რიცხვი, ვინც ამართლებს სტალინის შეცდომებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებით, 20%-იდან 34%-მდე გაიზარდა. 6%-ით გაიზარდა იმათი რაოდენობაც, ვინც სტალინს ბრძენ ხელმძღვანელად თვლის, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლიერებამდე და გაფურჩქვნამდე მიიყვანა. სოციოლოგთა მიხედვით, ასეთთა რიცხვი 20%-ია. საინტერესოა სხვაც – 21% ანუ იმათთა რაოდენობა, რომლებიც სტალინს ტირანად თვლიან და მილიონობით ადამიანის განადგურებაში დებენ ბრალს. აქაც შედარება სტალინის სასარგებლოდ მეტყველებს, ვინაიდან წინათ მისი მოწინააღმდეგების პროცენტული მაჩვენებელი 29%-ს აჭარბებდა.

1953 წლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, შეიცვალა თაობები, მაგრამ სტალინის თემა უცვლელია. ის იწვევდა და იწვევს უდიდეს ინტერესს საზოგადოებაში, თუნდაც ისეთში, როგორიც თანამედროვე რუსეთისაა. სტალინის  პიროვნების შესახებ ინტერესი არათუ კლებულობს, არამედ მატულობს, როგორც რუსეთში, დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.

ყოველწლიურად ათასობით წიგნი იბეჭდება სტალინის, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის – იმ ომში გამარჯვების შესახებ. ყველა მათგანში არის მცდელობა პოზიტიურად ან ნეგატიურად, მეტადრე ნეგატიურად წარმოუდგინონ მკითხველს პიროვნება, ვინც უდავოდ უღრმესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში, როგორც პოლიტიკოსმა, მხედართმთავარმა, დიპლომატმა, წარმატებულმა მენეჯერმა (როგორც დღეს ამბობენ რუსეთში), დიდი იმპერიის შემქმნელმა, ბადალი რომ არ ჰყავდა მთელს მსოფლიოში.

სტალინის სიცოცხლეში საბჭოთა კავშირის საზღვრები არათუ გაიზარდა და განმტკიცდა, არამედ მას, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსალეთში, ლოიალურად განწყობილი ქვეყნების საკმაო რაოდენობაც შეემატა.

საბჭოთა კავშირის გაზრდილმა ავტორიტეტმა დადებითი როლი ითამაშა სოციალისტურ-კომუნისტური იდეების გაზრდა-გაფართოებაში – ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკის კონტინენტებზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის ხალხების გონებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი სტალინისა და საბჭოთა კავშირის იდენტურობამ. სტალინი ნიშნავდა საბჭოეთს, საბჭოეთი კი – სტალინს.

სტალინი და სტალინიზმი არის სიმბოლო მოდელისა, რომელშიც სახელმწიფოა პასუხისმგებელი თითქმის  ყელაფერზე. გამოკითხულთა 15%-ს მიაჩნია, რომ მხოლოდ ხისტ ხელმძღვანელს შეეძლო წესრიგი დაემყარებინა ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით არსებული კლასობრივი ომისა და საგარეო საფრთხეების პირობებში.

სამამულო ომში გამარჯვება სტალინის დამსახურებაა – ასე თვლის გამოკითხულთა საკმაო რაოდენობა და არა ხალხის, რომელიც იცავდა თავის სახლს და დაიცავდა მას მიუხედავად ნებისმიერი ხელისუფლებისა. ყველა საქმეში, მითუმეტეს ომში, ხელმძღვანელს, მხედართმთავარს განსაკუთრებული როლი აკისრია. მას ხელმძღვანელობის უნარი, ეფექტური მართვა ჰქვია. ისტორიას არ ახსოვს უხელმძღვანელოდ მიღწეული წარმატება – ომში თუ მშვიდობიან ცხოვრებაში. სამამულო ომში ხალხი დაიცავდა საკუთარ სახლს, ოჯახს მაშინაც კი სტალინი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ექნებოდა თუ არა ასეთ დაცვას ეფექტი? ან მოიტანდა ის საყოველთაო, მასშტაბურ შვებას?

სტალინი ხალხის გარეშე ვერაფერს გახდებოდა ისე, როგორც ხალხი, სტალინის გარეშე. სტალინის გამჭრიახობამ, უდრეკმა ხასიათმა დარაზმა ხალხი ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. რომ არა ის, რა იქნებოდა? იქნებოდა ის, რაც იყო გერმანული ფაშიზმის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში, ევროპაში, სადაც ხალხმა ვერ გაუძლო ფაშისტურ ზეწოლას და რომ იტყვიან – ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა. რომ არა სტალინი, იქნებოდა გამუდმებული უკან დახევა სტალინგრადის, მოსკოვის, ლენინგრადის, კავკასიის მტრისთვის ჩაბარება და ფაშისტური უღლის – დაუნდობლისა და უსასტიკესის, თავზე დადგმა.

რუსეთის ცენტრალურმა არხმა „RTR-პლანეტამ“ ამასწინათ სტალინგრადის ბრძოლა გაიხსენა, შიგადაშიგ იმის ხსენებით, რომ სტალინის სიჯიუტით ქალაქის მოსახლეობა არ იქნა ევაკუირებული, რომ უმაღლესი მხედართმთავრის განკარგულებით საბჭოთა არმიის ზურგში მდგომი სადამსჯელო სპეცნაწილები, უკანდახეულს სიკვდილით სჯიდნენ. მხოლოდ დილეტანტს, იმჟამინდელი ვითარების ზერელედ მცოდნეს, ე.წ. პოპულისტს ძალუძს ესოდენ მჩატე აზრის ფრქვევა.

რას ნიშნავდა საბჭოთა კავშირის დამარცხება სტალინგრადის ბრძოლებში – თურქეთის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმას; ამიერკავკასიის დაკარგვას, ისე, როგორც ბაქოს ნავთობის; იაპონიის მხრიდან მეორე (აღმოსავლეთის) ფრონტის გახსნას; საბჭოთა კავშირის ფაქტიურ ალყაში მოქცევას. სტალინგრადი, ისე, როგორც ლენინგრადი, თავის გაწირვას მოითხოვდა, რაც გაკეთდა იქ მყოფი ხალხის მხრიდან, რომელსაც, როგორც სანთელი გზას უნათებდა კრემლიდან წამოსული მოწოდება, დახმარება, შეძახილი, გამხნევება.

რუსეთში არსებული ლიბერალური ძალები აღიარებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ააღორძინებს სტალინიზმს, ვინაიდან გასული საუკუნის 30-იან წლებში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეცვალოს ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, რომელიც სტალინიდან იღებს სათავეს.

„ფედერალურ ტელეარხებზე არ ხდება სერიოზული, კრიტიკული და დამშვიდებული მსჯელობა სტალინზე და სტალინიზმის მანკიერებაზე. სტალინი 60 წელზე მეტია გარდაიცვალა, დატოვა რა შეშინებული, მართვას დაქვემდებარებული საზოგადოება. მმართველ ელიტას, თუნდაც არასტალინური სულისკვეთების მატარებელს, უჭირს გაუძლოს ცდუნებას და არ ისარგებლოს დანატოვარით, საჭიროებისდამიხედვით“, – წერდა რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ – ლიბერალური იდეების მატარებელი, სისტემატურად უთმობს მთელ გვერდებს ანტისტალინურად მოაზროვნე მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, რომლებიც მეთოდურად, თანმიმდევრობით თხრიან სტალინს, სტალინიზმს, საბჭოთა კავშირს და მასთან ერთად დღევანდელ რუსულ პოლიტიკურ სტრუქტურას – სწორედ იმ მყარ ფუნდამენტზე მდგარს, რომელიც მრავალი ათეული წლის წინათ სტალინმა შექმნა.

დასავლეთის მიერ დაფინანსებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე, როგორც ე.წ. ლიბერალური ოპოზიცია, ებრძვის სტალინს და მასთან ერთად ყოველივე იმას, რასაც სტალინის ეპოქაში და მისი სიკვდილის შემდეგ ჰქონდა და აქვს ადგილი. მან იცის, რომ სტალინის შეძულებით (ცხადია ხალხის მიერ), შეძლებს ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის მასების ამხედრებას, რევოლუციის აგორებას და საბჭოთა კავშირის მემკვიდრის – რუსეთის დაშლა-დაქუცმაცებას. ლიბერალთა აზრით, პუნიტი და მისი გუნდი არის ის მთავარი ბარიერი, რომელიც მას ეღობება ამ სანუკვარი იდეის განხორციელებაში. მაგრამ არის თუ არა დესტალინიზაცია მარტო რუსი ლიბერალების აჩემება?

არამცდაარამც. მთავარი ინიციატორი დასავლეთია – ისეთივე და შესაძლოა უფრო მეტი ლიბერალი, ვიდრე მისი რუსი „ძმები“. დასავლელთა მიზანი ერთია – დღევანდელი რუსეთის დაშლა. ამ საქმეში მასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსი კოლეგები, ოპოზიციონერები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვენ რუსეთის პოლიტიკის შეცვლას; ბირთვული იარაღზე უარის თქმას, ამ იარაღის აშშ-თვის გადაცემას; განიარაღებას; სირიიდან, უკრაინიდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ-ოსეთიდან გამოსვლას; ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას; რუსეთის რეგიონებისთვის დამოუკიდებლად საქმის წარმოების წარმართვას (მეტი რაღა დამოუკიდებლობა უნდა ინატრონ რუსულმა რეგიონებმა?) და ა.შ.

ეს, ის რუსი პოლიტიკოსებია, რომლებთან მეგობრული ენის გამოძებნას გვპირდებოდა „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი: – „პუტინის მთავრობასთან არ გვექნება ურთიერთობა, ჩვენ იმათთან გვაქვს კავშირები (როგორც ჩანს, დასავლეთის კარნახით), ვინც ხვალ იქნება ხელისუფლებაშიო“. იქნებიან კი? რაღაც არ მგონია, ვინაიდან ხალხს არ უყვარს გამყიდველი, ერის მოღალატე პოლიტიკოსები. განა ამის აშკარა გამოხატულება არ იყო რესტორანში მყოფი კასიანოვისთვის ტორტის თავზე დამხობა?!

რუსეთის ოპოზიცია არ უყვართ იქ, ისე, როგორც აქ, „რესპუბლიკელები“ – მათაც ხომ ქვეყნის მთლიანობის მიმართ ისეთივე პოზიციები აქვთ, როგორც რუს ლიბერალებს? გავიხსენოთ ხიდაშელისა და მისი თანაპარტიელების გამონათქვამები აფხაზეთის, საქართველოს საზღვრეებს გარეთ არსებობასთან დაკავშირებით.

დაშლილი რუსეთი, რომ უდიდესი საფრთხის მომტანი იქნება მის საზღვრებთან მცხოვრები ხალხებისთვის, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დაშლის თანმხლები ქაოსი და შეხლა-შემოხლა იოლად გაიკვლევს გზას მეზობლებისკენ. რუსეთის დაშლა რომ მეზობლებში დიდ რყევებს გამოიწვევს, შესაბამისი ნაციონალურ-რელიგიური დაპირისპირების თვალსაზრისით, ფაქტია.

დასავლეთიდან წამოსული ანტისტალინური ცუნამი, როგორც რუს, ისე ქართველ ლიბერალებს მალამოსავით ედებათ გულზე. ანალოგიურ ნირვანაში იყვნენ „ნაცებიც“. სწორედ ანტისტალინურმა კაიფმა გამოიწვია გორში სტალინის ძეგლის აღება, ქუთაისში ძმათა მემორიალის აფეთქება, დაპირების მიუხედავად, გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინის ძეგლის დადგმაზე უარის თქმა, თბილისში, სახელმწიფო მუზეუმში საბჭოთა რეპრესიების ამსახველი ლამის მუზეუმის გახსნა და სხვა.

სტალინის პოპულარობის ზრდა ბევრი რამით არის განპირობებული. უპირველესად, საბჭოთა კავშირის არსებობით, მისი ძლიერებით, რომელმაც განაპირობა კაპიტალიზმის ფლაგმანთან ფაშისტურ გერმანიასთან გამარჯვების მოპოვება, ხოლო შემდეგ აშშ-თან თანაფარდობის მიღწევა. გარდა პურისა და სანახაობისა, ხალხს საკუთარი ძლიერების განცდაც აყენებს სიამოვნებას. სწორედ აღნიშნულის სიმწირე იწვევს  განვლილი ცხოვრების ნოსტალგიას.

„დასავლეთთან „ცივი ომის“ დროს არსებული დაძაბულობის და ეკონომიკური სირთულეების გამო საბჭოთა კავშირზე ფიქრმა, ძველის გახსენების ახალი პოზიტიური ფორმა შეიძინა, რაც თავისთავად პოულობს ხელისუფალთა მხრიდან უსიტყვო მხარდაჭერას. ვინ წარმოიდგენდა, რომ ხალხს,  წარსულის ესოდენი იდეალიზება შეეძლო“, – წერს ფრედ უაიერი (Fred Weir) „The Christian Science Monitor“-ში. და აგრძელებს: „დღეს რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დაშლას ნეგატიურად მიიჩნევს. დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვამ დააფიქსირა 63%, რომელიც ნეგატიურად აღიქვამს საბჭოეთის დაშლას, მხოლოდ 14%-ს მიაჩნია ეს დადებითად. კითხვაზე – რომელ პოლიტიკურ სისტემაში იცხოვრებდნენ – 13% უპასუხა დასავლურ დემოკრატიაში, 23%- დღევანდელ სახელმწიფო მოწყობაში, 37% – საბჭოთა კავშირში“.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მსგავსი გამოკითხვები არ ტარდება, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ აქ ყველაფერი ისედაც ცნობილია, რომ ქვეყნის მოქალაქეთა 80% მხარს ევროატლანტიკურ ორიენტაციას უჭერს და ა.შ. თუ მართლაც ეს ასეა, მაშინ რატომ წუხან დასავლეთში რუსული „პროპაგანდის“ მზაკვრულ გავლენაზე? რატომ ყოფენ მსუყე თანხებს ამ „პროპაგანდის“ საწინააღმდეგო პროპაგანდის ასამუშავებლად, რუსულენოვანი ტელევიზიის შესაქმნელად?

როგორც ჩანს არც ისეა საქმე, აშშ-ს და მის მარიონეტ ხელისუფლება-ოპოზიცია-არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ. რა საფრთხეს უქმნის ნირვანაში მყოფ საქართველოს პოლიტიკას, არასამთავრობო სექტორს 60 წლის წინათ გარდაცვლილი სტალინი, 25 წლის წინ დაშლილი საბჭოთა კავშირი ან რუსეთისკენ ყურება?

იხსენებენ მაშინ, როდესაც არსებულთან წინააღმდეგობრივი განწყობაა. ასეთ დროს შეუძლებელია დადებითად აღიქვა დღევანდელობა, რაც არ უნდა ჩაგძახოდნენ – კარგიაო ან როგორ მოგეჩვენება შავი, თეთრად, მშიერი კუჭი, მაძღრად, სისუსტის შეგრძნება ძლიერებად?

მახსოვს, 1985 წელს ლონდონში საბჭოელ და ინგლისელ საზოგადო მოღვაწეთა შეხვედრაზე, მასპინძელი ქალბატონის მიერ ნათქვამი დითირამბები საბჭოეთის მიმართ გამოთქმული – თქვენ ის ქვეყანა ხართ, პირველი თანამგზავრი რომ გაუშვით კოსმოსში, პირველი კოსმონავტი რომ აფრინეთ გამოუცნობ სივრცეში; უმაღლესი საბალეტო ხელოვნება რომ შექმენით და მსოფლიო გადაარჩინეთ ფაშისტური ჭირისგანო. სიამაყე მომგვარა ამ ქალბატონის გულწრფელმა ნათქვამმა, ვინაიდან ჩამოთვლილ მიღწევებში საქართველოს წვლილიც იყო.

დღესაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, მაგრამ მასთან ერთად ბრიტანელი პოლიტიკოსების, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტანდემში მომღერლების ხმები  სტალინის, საბჭოეთის და მისი მემკვიდრე რუსეთის აგრესიულობის, ბოროტების თაობაზე.

საბჭოთა კავშირის ამოშლა ისტორიის მეხსიერებიდან შეუძლებელია, ისე, როგორც მისი აღმშენებელის სტალინის და რაც არ უნდა ვაგინოთ ერთიც და მეორეც, მათი ხსენება მუდამ იქნება. იქნებ ნაცვლად ამისა ისეთივე გზა გამოინახოს, როგორც ჩინელებმა გამონახეს? ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვნის ახალი ჩინეთის შემქმნელს დენ სიაოპინს, პიროვნებას, რომელმაც საკუთარ თავზე იწვინა მაო ძედუნის რეპრესიები, გადასახლება და ყოველივე ის, რამაც მასში სამართლიანი შურისძიება გამოეწვია, მაგრამ მან სხვაგვარად შეაფასა მაოს განვლილი ცხოვრება: „ის (მაო ძედუნი) იყო სამი მეათედით ცუდი, მაგრამ შვიდი მეათედით კარგი“.

ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე – არის მასობრივი მკვლელი. მასზე იმდენი სისხლია, რომ მოცულობა, სერიული მანიაკების მიერ ჩადენილ დანაშაულს უტოლდება. მიუხედავად ამისა, ხალხი ზოგიერთს ბუმბერაზად მოიხსენიებს, ზოგიერთს – საშინელებად.

სტალინის მოღვაწეობის ხანა იმ ეპოქას დაემთხვა, სადაც მასობრივი რეპრესიები, ხალხის ხოცვა, ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. გაიხსენეთ ფაშისტური გერმანია, ფრანკისტული ესპანეთი, პორტუგალია, ფერადკანიანთა და „წითლების“ წინააღმდეგ ამხედრებული აშშ-ი, კუ-კლუკს-კლანი (Ku Klux Klan, KKK), მილიტარისტული იაპონიის მიერ ჩადენილი საშინელებები დაპყრობილ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ჩინეთში. სწორედ იაპონური ოკუპაციის მძიმე ჟამია აღწერილი ნობელის პრემიის ლაურეატის, ჩინელი მწერლის მო იენის (Mo Yan) წიგნში – „დიდი ძუძუ-მკერდი განიერი გავა“, რომელიც ქართველ მკითხველს შესანიშნავმა მთარგმნელმა გურამ გოგიაშვილმა აჩუქა.

გავიხსენოთ, გაბრიელა ეშფორ ჰოჯესის (Gabrielle Ashford Hodges )მიერ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი წიგნი „ფრანკო“. წიგნში ერთ-ერთი ფრანკისი ასე ამართლებს ფრანკოს დიქტატურის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელთანაც ახლოს ვერ მივა ბოლშევიკებისა და სტალინის ნამოქმედარი.

„ჩვენ ვებრძვით იდეას, ხოლო იდეა ჩაბუდებულია ტვინში და იდეის მოსაკლავად უნდა მოკლა თვით ადამიანი, ამიტომაც ჩვენ გვიწევს მოკვლა ნებისმიერი პირისა, ვისაც თავში „წითელი“ იდეა ჩაუჯდა“.

ხალხი იხსენებს სტალინს და მასთან ერთად საბჭოთა კავშირს, სადაც სოციალური თანაფარდობა სუფევდა, სადაც უმუშევრად მყოფი ადამიანი ისჯებოდა; სადაც ბევრი რამ იყო ისეთი, ნებისმიერი საზოგადოებისთვის რომ სანატრელია. მათზე ხელაღებით უარის თქმამ, ერთ მუჭათა გაფეტიშებამ, ხალხის გაღატაკებამ, ხვალინდელი დღის უიმედობამ, უპერსპექტივობამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის და მისი აღმშენებლის ნოსტალგია და რაც დრო გავა, მით უფრო გამძაფრდება სახალხო შეგრძნება დიადი წარსულისა, ესოდენ სანატრებლის დღევანდელ დუხჭირ ყოფაში.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.