ლავროვის განცხადების ირგვლივ

პანკისთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში. აქ გულწყრომაც იყო ჩაქსოვილი და ეჭვიც, დაახლოებით შემდეგი შინაარსის – ამ „პროვოკაციული“ განცხადებით რუსეთი რამეს ხომ არ გეგმავსო. შეიძლება ვცდები, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილის ნათქვამში ეს ამოვიკითხე. შეუვალი იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც, რომელმაც მტკიცედ თქვა – ჩვენ, ჩვენს საზღვრებში ვითარებას ვაკონტროლებთო.

ქართული მხარის დამაჯერებლობას ზურგს, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელის რეპლიკაც უმაგრებდა – საქართველოს საზღვრები, მითუმეტეს ვითარება პანკისთან მიმართებაში კონტროლდება და არავითარ გართულებას ადგილი არ ექნებაო. იყო სხვა გამონათქვამებიც, რომლებიც საქართველოს მზადყოფნას ასახავდა ტერორიზმთან ბრძოლაში.

და მაინც რა თქვა ასეთი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა სამსაათიანი პრეს-კონფერენციის დროს?

საგანგაშო და მითუმეტეს პროვოკაციული არაფერი უთქვამს ლავროვს – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ დიპლომატს. მან აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ადგილი აქვს აქტიურობას ტერორიზმთან მიმართებაში, ტერორისტთა მომზადებას, რის შესახებაც დაუფარავად აცხადებენ ის ტერორისტები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხედრო ძალებში“ იბრძოდნენ და ხელთ ჩაუვარდათ რუსეთის სპეცსამსახურებს. მან ისიც თქვა, რომ არა მარტო პანკისის ხეობაში, ევროპის ქვეყნებშიც ხდება ტერორისტების ტრენინგი, რაც ცნობილი ფაქტია და დამატებით განმარტებას არ მოითხოვს.

ქართული მხარის პანიკური პასუხი უადგილოდ მეჩვენა, თან პროვოკაციულად. ქალბატონი ციხელაშვილის ნათქვამში ეს უფრო ჩანდა, ვიდრე ლავროვისაში – ნახეთ რა თქვა ლავროვმა? მან წინასწარ შეამზადა ნიადაგი პანკისში შემოჭრისთვის და გვიშველეთო.

უმალ უშველეს – „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის ელჩის სახით. ბატონმა კელიმ – ჩვეული ამერიკული თავდაჯერებულობით ეჭვის ქვეშ დააყენა ლავროვის ნათქვამი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ისეთი სიმტკიცით განაცხადა – პანკისი კონტროლდებაო, თითქოს დღედაღამე პირადად იქ იყოს.

ელჩის განცხადების შემდეგ ეჭვი შემეპარა ამერიკელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღნიშნულია პანკისის, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონტაქტების, 20-25 „მოსიარულე ბომბის“ არსებობის თაობაზე, რომელთა ვინაობაც არავინ იცის და რომლებიც მაშინ ამოქმედდებიან, როდესაც სირიიდან მიიღებენ ბრძანებას.

დიახ! საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს საზღვარს,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, პანკისელი ახალგაზრდები და არა მარტო ისინი, უხვად მიემგზავრებიან სირიაში, საიდანაც შიგადაშიგ გვესმის მათი „საგმირო საქმეების“ ან მუქარის ხმა. გვესმის მათი დაღუპვის ამბავიც – არცთუ მცირე რაოდენობით, რაც უტყუარი ფაქტია, რომ საზღვარი იკვეთება, როგორც იქით, ისე აქეთ და ეს ინფორმაცია აქვს რუსეთის სპეცსამსახურებს.

ის, რომ პანკისი მრავალი წელია მათი დაკვირვების საგანს წარმოადგენს, რა გასაგვირია? განა პანკისი არ იყო შევარდნაძე-სააკაშვილის დროს ჩეჩენი ჯიჰადისტების ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და წვრთნის ადგილი? განა საქართველოს, კერძოდ პანკისის გავლით რუსეთში არ გადადიოდნენ ათასი ჯურის ტერორისტები, მათ შორის „ალ-ქაიდას“ წევრები? განა პანკისიდან წამოსულმა ნარკოტიკებმა არ მოწამლეს საქართველო? განა ამ განუკითხაობის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ოფიციალური, საჯარო განცხადებები არ გააკეთეს საქართველოს ხელისუფალთა და მათი დამრიგებლის აშშ-ს ადმინისტრაციის მისამართით?

რუსეთი ტრადიციას არ ღალატობს და დღესაც გვაფრთხილებს არა იმისთვის თუ გონს არ მოვეგებით შემოვიჭრებითო, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ მან იცის რა ხდება პანკისში და რახან იცის, ჩვენც, განსაკუთრებით აშშ-ს ეუბნება – ამის თაობაზე.

ციხელაშვილის მიხედვით – ეს განცხადება, ინტერვენციის წინაპირობაა, მაგრამ დღეს, სანქცირებული რუსეთი, უკრაინის და სირიის პრობლემებში ყელამდე ჩაფლული, გონებაგამოცლილი უნდა იყოს, რომ ახალი ექსპანსია განახორციელოს, თუნდაც ტერორიზმთან ბრძოლის დროშით.

ქართული მხარე, საკუთარი გამოუცდელობიდან და ავანტურიზმიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოში შემოჭრა, უფრო მეტიც, ნათელაშვილის მიხედვით, ჩრდილო კავკასიაში, შეიარაღებული ძალების დიდ კონცენტრაციას აქვს ადგილი აღნიშნულის განსახორციელებლად. როგორც ჩანს, ქართველ ლეიბორისტთა „სპეცსამსახურები“ მოწოდების „სიმაღლეზე“ არიან.

ქართული მხარის გამოუცდელობა ვახსენე, რაც თავისთავად ცხადია, მაგრამ ამასთან ერთად, რომ ცრუ განგაშის ზარების რეკვასთან გვაქვს საქმე – ფაქტია. ამ ზარებს 20-25 წელიწადია გამუდმებით ვრეკავთ. „მგელი მოდისო“ – თავსაც ვიშინებთ და სხვასაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის განგაშის ზარების ცრუ რეკვა, სულაც არ არის ცრუ და უადგილო. სწორედ მას მოსდევს დასავლეთისთვის იარაღის თხოვნა (თავის დასაცავად), საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა და რაც მთავარია მსოფლიოს ყურადღების კიდევ ერთხელ მიპყრობა „აგრესორი“ რუსეთისადმი.

აშშ-ს ელჩის სწრაფი რეაგირებაც ამ უკანასკნელს ემსახურება, თორემ საქართველოს საზღვრების დაცულობა არაფერ შუაშია. განა აშშ-ს საელჩომ არ იცის, რა ხდება პანკისში ან როგორ შემოდიან და გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე?

ლავროვის ნათქვამი მოხვდა მიზანში. მიზანი კი ვაშინგტონი იყო, ირიბად საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უყოყმანოდ ასრულებს ვაშინგტონის ნებისმიერ დავალებას. თვით აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების ნახევრად საჯარო განცხადებით ნატოს სასწავლო ცენტრს არ უნდა მოემზადებინა ანტიასადურად განწყობილი სირიელი ოპოზიციონერები ასადთან საბრძოლველად? იყო ასეთი განცხადება და რახან იყო – არის ლავროვის ეჭვიც.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც „იბრძვის“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მაგრამ თვალს ხუჭავს მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით თურქეთის კოლაბორაციონიზმზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“. თურქეთს, რომელიც სირიას ესაზღვრება, რომ მჭიდრო ეკონომიკურ-სამხედრო კავშირები აქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ცნობილი ფაქტია და უკვე არავის უკვირს. ისიც ფაქტია, რომ ვაშინგტონით ზურგგამაგრებული ანკარა, აღარაფერს ერიდება, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების მკურნალობას – საკუთარ საავადმყოფოებში.

ვაშინგტონმა ისიც იცის, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სირიელ-ერაყელი ლტოლვილების ევროკავშირზე მიქსევა – ოფიციალური ანკარის ხელია. იცის, მაგრამ არაფერს ამბობს, რაც თანხმობის ნიშანია.

ანკარა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად ახლო აღმოსავლური და არა მარტო, „მართვადი ქაოსის“ წყაროა, რაც წყურვილს უკლავს აშშ-ს სპეცსამსახურებს. რომ არა ამერიკის ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი, მის მიერ შექმნილი კოალიციის ორპირობა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო აღარ იარსებებდა. რეალური წინააღმდეგობა, რაც ამ ე.წ. სახელმწიფომ იგემა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების გამუდმებული შეტევებია. სწორედ მან შეძლო სირიაში არსებული ვითარების შეცვლა და ტერორისტების შევიწროვება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რახანია ოფიციალურად განაცხადა (ვიდეო-კადრების დემონსტრირებით) ნავთობით დატვირთული მძიმე ავტომანქანების მიერ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის თაობაზე. 1000-ზე მეტი ავტოცისტერნა დაფიქსირდა ვიდეო-ფილმში – „ისლამური სახელმწიფოდან“ თურქეთში მიმავალი. აშშ-ა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უტუხად განაცხადეს, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

სულ ახლახანს, ისრაელისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივ პრეს-კონფერენციაზე გარკვევით ითქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება აქტიურადაა დაკავშირებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ორივე მინისტრმა დაგმო ოფიციალური ანკარის საქციელი და მოუწოდა მას შეწყვიტოს ორმაგი თამაში. ნატოს წევრმა საბერძნეთმა დაადანაშაულა ნატოს მეორე წევრი თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში, რაც უდავოდ ყურადსაღები ფაქტია, მითუმეტეს ჩვენთვის, თურქეთზე უზომოდ შეყვარებულებისთვის.

დიახ! თურქეთი ჩვენი მეზობელია, თან სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი, დახმარებას გვიწევს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და ა.შ., მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ბევრი რამ – ისტორიულიც, თანამედროვეც და სხვა თვალით შევხედოთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის წიგნს, რომელშიც დაუფარავად არის აღნიშნული ოსმალეთის იმპერიის თანამედროვე აღორძინების პერსპექტივებზე.

დიახ! თანამედროვე თურქეთი ძველ იმპერიას მისტირის და დაკარგული ტერიტორიებისკენ უჭირავს თვალი, დიდი იმედით, რომ დაიბრუნებს. სხვადასხვა ხერხი არსებობს დაბრუნებისა, მაგალითად უთოფო – ეკონომიკისა და ვაჭრობის, ბიზნესის განვითარების მეშვეობით და რაც მთავარია, ახალგაზრდებისთვის თურქეთში სწავლა-განათლების მიცემით. ამ თვალსაზრისით თურქეთმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა აჭარასთან მიმართებაში.

30000-ით მოიმატა აჭარის მოსახლეობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ცხადია თურქეთის მოქალაქეების ხარჯზე. თურქეთის გავლენა არა მარტო აჭარაში, საქართველოს სხვა კუთხეებშიც იგრძნობა, მათ შორის თბილისშიც.

თურქული ფენომენის თაობაზე კარგად არის ჩამოყალიბებული ვიდეო-ფილმ „გურჯისტანის ვილაეთი“-ში, რომლის ავტორია პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე – ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ფილმში ასახულია არა მარტო თანამედროვე თურქეთის პოლიტიკა, არამედ ისტორიული მომენტებიც. გარდა ამისა ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმი და თურქეთის როლი ამ „საშურ“ საქმეში.

როგორც ჩანს, ფილმი თვალში არ მოუვიდა ტელეკომპანია „GDS“-ს, რომელმაც გადაცემა „20/30“-ში, წამყვანის პირით საყვედური გამოთქვა – მეზობლებთან მიმართებაში ასეთი რამ მიუღებელიაო.

კეთილი, მაგრამ საქართველოს სხვა მეზობლებიც ჰყავს, მათ შორის რუსეთიც, რომელმაც, სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ, აჭარა გამოგლიჯა თურქეთს. ჩვენ კი, ნაცვლად მადლობის გრძნობისა, დღენიადაგ ვლანძღავთ და ვაგინებთ, განსაკუთრებით 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგების გამო.

არადა ცხინვალის ომი, რომელიც თავიდან-ბოლომდე (შედეგების ჩათვლით) სწორედ საქართველოს ხელისუფალთა, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, ფაქტია.

ფილმში ნაჩვენებია აჭარაში რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის დისლოკაციის ადგილი – ერთ დროს აქტიური სამხედრო ცხოვრებით აღსავსე – ამჯერად გავერანებული. არადა, რა პრობლემას წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია, სხვა დანიშნულებით გამოყენება? უზომოდ „გადატვირთულ“ ორივე ხელისუფლებას, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, დრო ვერ გამოუნახავს ამ სერიოზული საქმისთვის.

სტაბმოლის 1999 წლის რუსეთ-საქართველოს განცხადებით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ, გონიოში ანტიტერორისტული რუსულ-ქართული ცენტრი უნდა დაფუძნებულიყო. აღნიშნულის შესახებ განმეორებით არის  მოხსენიებული 2005 წლის 30 მაისის რუსეთ-საქართველოს განცხადებაშიც, რომელსაც ხელს აწერენ 2 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – ლავროვი და ზურაბიშვილი.

განცხადების ტექსტში 2-ჯერ არის ნახსენები ორმხრივი ანტიტერორისტული ცენტრი დაახლოებით შემდეგი შინაარსის – რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება მომავალში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის დროს, რომელიც გაფორმდება სხვა დოკუმენტით.

ქართულმა მხარემ უგულებელყო არა მარტო სტამბოლის 1999 წლის ნოემბრის, არამედ მოსკოვის 2005 წლის 30 მაისის განცხადებები, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება ქვეყნის დამოკიდებულებაზე საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულების მიმართ.

ანტიტერორისტული ცენტრის არსებობა უდავოდ ხელს შეუწყობდა ტერორიზმთან ბრძოლას და „ისლამური სახელმწიფოდან“ წამოსული საფრთხეების შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა.

დასავლეთი, მითუმეტეს თურქეთი, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რა დროს რას მოიფიქრებს, ღმერთმა იცის. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შეუძლიათ საქართველოს გამოყენება, რაც თავისთავად მძიმე შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის. რაც შეეხება რუსეთს, ის, როგორც ყოველთვის აფრთხილებს ყველა იმას, ვინც შორსმიმავალ გეგმებს ქსოვს. რუსეთი მზადაა გამოწვევისთვის.

კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ლავროვის ნათქვამმა საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. არავითარ შემთხვევაშიო – იყო საქართველოს ხელისუფლების მკვახე პასუხი. ვიდრე რუსეთი არ გააუქმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აქტს, ზედმეტია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკიო.

 ლავროვის განცხადებაში კი სულ სხვაგვარად იყო ნათქვამი – უვიზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, რომელსაც არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა წარმოუდგენლად მოსჩანსო. ლავროვს კატეგორიულად არ უთქვამს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით – ეს საქართველოა. ქართულ მხარეს ჰგონია, რომ ამ აქტით სამარადისოდ ვაღიარებთ დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. არამცდაარამც, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჩაიწერება ორმხრივ დოკუმენტში. თუ ქართული მხარე გააკეთებს დათქმას ყოფილ ავტონომიებთან დაკავშირებით ისეთს, რომელიც მისაღები იქნება მისთვის, რა უდგას წინ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.