27.12.2024

რატიფიცირებული საქართველო

ისე, როგორც ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ასოცირებული წევრობის რატიფიცირებას. რა არ ითქვა ამ დღესთან დაკავშირებით – ისტორიული მოვლენა, ქართველი ხალხის ოცნების ასრულება, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ა.შ.

ისე, როგორც ყოველთვის, საკამათო თემად იქცა რატიფიცირებაზე საქართველოს დელეგაციის დასწრების საკითხი. ვინ უნდა დასწრებოდა ამ „ისტორიულ“ მოვლენას – პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ერთად აღებული მინისტრთა კაბინეტი. ეს, ის თემა იყო, რასაც მედიამ და პოლიტიკამ არა ერთი დღე დაახარჯა.

პარალელურად მიმდინარეობდა ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის მნიშვნელობის და განსაკუთრებულობის გამომხატველი მედიური განმარტება – ლაპარაკი იმაზე (ერთობ ზედაპირულად და გაუანალიზებლად), რა ქერის ორმოში აღმოჩნდა საქართველო 23-წლიანი „მუყაითი“ შრომის შედეგად. გახარებულმა ხელისუფლებამ, ყველა პოლიტიკოსმა, ერთად აღბულმა მამაზეციერს მადლობა მიაგო აწმყოსა და მომავლის სავარაუდო საამური ცხოვრების თავზე დაბერტყვისთვის.

საზეიმო განწყობას გაფერმკრთალებას უქადდა ევროპარლამენტართა მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიპატიჟება, თუმცა დიდმა სიხარულმა გადაფარა ერთობ უხერხული მომენტი. რა გაეწყობა, რომ იტყვიან – ძალა აღმართს ხნავს. დიახ! ევროპარლამენტს საკუთარი დამოკიდებულება აქვს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისადმი, განსაკუთრებით გუშინდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტისადმი. ის თვლის, რომ ქვეყნის რატიფიცირების დღემდე მოყვანა სწორედ გუშინდელთა დამსახურებაა და არა დღევანდელთა. გუშინდელნი გაცილებით მეტ პოზიტიურ დამოკიდებულებას იმსახურებენ მათ თვალში, ვიდრე დღევანდელნი – გუშინდელთა საქმიანობის ნეგატიურად შემფასებელნი, უმადურნი და რაც მთავარია პოლიტიკური ნიშნით გუშინდელთა დასჯის მსურველნი.

ევროპარლამენტის დოკუმენტში თავისთავად პოვა ასახვა იმ მოსაზრებებმა, რაც ევროპარლამენტარებს აქვთ შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, ვერც საქართველოს პარლამენტის დესანტის ადრეულმა გადასხმამ უშველა საქმეს და ვერც მარგველაშვილ-ბერუჩაშვილის ტანდემმა. თუმცა რატიფიცირების დღეს აღარაფერი ეშველებოდა. წინა დღეს კი სტრასბურგის თითქმის ცარიელ დარბაზში გამომსვლელმა მოდებატეებმა თქვეს ის, რასაც მუდამ ამბობენ ბოლო ორი წლის განმავლობაში.

რა ღონეს არ მიმართავს დღევანდელი ხელისუფლება ევროპარლამენტართა გუნება-განწყობილების შესაცვლელად, მაგრამ „სახალხო პარტიას“, რომელიც უმრავლესობას შეადგენს, ვერაფერი მოუხერა. ბევრია დახარჯული მათი მოხიბლვისთვის სააკაშვილ-სააკაშვილების მხრიდან. ერთი სიტყვით, „სახალხო პარტიისთვის“, მთლიანად ევროპარლამენტისთვის სააკაშვილი სწორედ ისაა, ვინც ახალი ცხოვრება აგემა ჩამორჩენილ, შუასაუკუნეებში მყოფ საქართველოს და ისე გადააკეთა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ევროპა.

სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არის სხვა, ისეთი, ჩვენი საზოგადოება ვერასდროს რომ გაიგებს, ვერ ჩაწვდება იმ წვრილმან თუ მსხვილმან ქმედებას, რაც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ახასიათებდა. ჩვენ რომ დანაშაულად მოვიხსენიებთ სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიან პერიოდს, ისინი წარმატებად, პოზიტიური რეფორმების წლებად თვლიან. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეჭამა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა.

მათთვის არც ის არის მთავარი, რომ ვითომდა კორუფციასთან მებრძოლმა  სააკაშვილმა, როგორ აქცია ქვეყანა ელიტარული კორუფციის ბუდედ; როგორ გაანადგურა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა (ისედაც განადგურებული წინა ხელისუფლების მიერ), განათლება, ჯანდაცვა, ქართული სულიერება და ა.შ. მათთვის მთავარი ევროკავშირისთვის იმ ტერიტორიის მიერთებაა, „ჯორჯია“ რომ ჰქვია (ჯერ-ჯერობით) – ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე, კავკასიაში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე.

ევროკავშირმა, აშშ-ს კარნახით, შეძლო საქართველოს, როგორც მორჩილი საქონელის, საკუთარ კართან მიბმა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, ვინაიდან იქ მიბმული საქართველო თავს აღარ შეაბრუნებს ევრაზიული კავშირისკენ, ისე, როგორც სომხეთმა. იქნება ასე მიბმული ევროკავშირის ზღურბლთან, კისერგაგრძელებული ევრო-ოჯახში მიმდინარე პროცესებისკენ. მთლათ გული რომ არ წაუვიდეს, ხანდახან იქიდან რაღაცას წამოუგდებენ, მაგრამ უმნიშვნელოს.

ასე და ამრიგად დასრულდა ასოცირებულ წევრობაზე ლაპარაკი, უფრო სწორად ლაქლაქი და დაიწყო ლაპარაკის ახალი ეტაპი, ცხადია ასევე ლაქლაქი უკვე ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. ილაპარაკებენ დღევანდელი პოლიტიკოსები, ხვალინდელები, ზეგინდელები და ა.შ. და ამ ლაპარაკს არაერთი ხელისუფლება შეელევა, წლები.

მეზობელი თურქეთი, 80 მილიონიანი გიგანტი, ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიო ათეულში შემავალი ქვეყანა, ნახევარი საუკუნეა ასოცირებული წევრობიდან ნამდვილ წევრად გახდომას ლამობს –  უიმედოდ. ჩვენ რის იმედი გვაქვს?

სააკაშვილმა ცხრაწლიანი მმართველობა გაიმყარა იმით, რომ მუდამ ევროკავშირ-ნატოში შესვლაზე ლაპარაკობდა. ერთის შეხედვით, ყველას უნდა აწყობდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, მითუმეტეს წევრობა, მაგრამ უკვე იქ მყოფთა მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურველთა რიცხვი კლებულობს.

არადა სწორედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილით ხსნის გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება ასოცირებულ წევრად გახდომას. საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა ევროპაში შესვლაო – აცხადებდა გუშინდელი ხელისუფლება. იგივეს აცხადებს დღევანდელიც, თუმცა არ განმარტავს როდის მოხდა ეს მასობრივი თანხმობის გამოხატვა, რომელ საჯარო შეკრებაზე, რეფერენდუმსა თუ პლებისციტზე.

ქვეყნის ორიენტაციის საკითხი ისეთი რამაა, სხვაგვარი გააზრება და რაც მთავარია გადაწყვეტა რომ ესაჭიროება. იყო თუ არა მსგავსი რამ საქართველოში? ჩაატარა თუ არა ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრის საჯარო გამოკითხვა, რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით? ჩაატარაო, ამბობენ და მაგალითად 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნატოში შესვლის საკითხის მიწებებას გულისხმობენ.

კეთილი, მაგრამ ნატოში შესვლა სხვაა და ევროკავშირის ასოცირებული წევრობა სხვა. როგორც ჩანს, საქართველოს მატყუარა ხელისუფლებას ჰგონია, რომ ერთხელ, თანაც გაყალბებით ჩატარებული არჩევნების დანამატი – „რეფერენდუმი“ ყველა თემასა და საკითხს, ყველა დროს და ვითარებას მოერგება.

იქნებ სულაც არ არის საქართველოს ხელისუფლება მატყუარა? იქნებ მასაც ჰგონია, რომ ნატოში შესვლის რეფერენდუმი ევროკავშირსაც მოერგება? სულაც არ გამიკვირდება, მათაც რომ ასე ეგონოთ. იმდენ პოლიტიკურ აბრაკადაბრას აფრქვევენ, თანაც გაუგებარს და უმეცრების გამომხატველს – ნატოს და ევროკავშირის ერთ ორგანიზაციად აღქმა, სულაც არ იქნება გასაკვირი. მაგრამ არიან კი ასეთი ბრიყვები? იქნებ თავს იბრიყვებენ და ამით გუნდრუკს უკმევენ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოს ბოსებს?

სწორედ მათი ძალისხმევით მოხვდნენ ისინი ხელისუფლებაში – საკანონმდებლო თუ აღმასრულებელში; მოხვდნენ იმ „სამოთხეში“, რომელშიც თითქმის პოლიტიკოსად გადაქცეული, მთლიანი თუ არა, ნახევარი საქართველო მაინც ცდილობს მოხვედრას. თავის მორჩილმა ქნევამ მიიყვანა პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი „სამოთხეში“ – დიდი ხელფასები, ხელფასებზე დანამატები, პრემიები, საზღვარგარეთ მოგზაურობები, ფუფუნებაში ცხოვრება რომ ჰქვია.

ასეთ პირობებში მყოფი დაბეჯითებით იტყვის – საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა ნატოში შესვლაო და ნატოში შესვლაში ევროკავშირში შესვლა იგულისხმაო. ასეთ პირობებში მყოფი არამცდაარამც არ იტყოდა ევროკავშირის ასოცირებული წევრობისთვის რეფერენდუმი უნდა ჩაგვეტარებინაო.

არადა, ვიმეორებ, ეს ის საკითხია, ვიღაც პოლიტიკოსმა ან ვიღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა, კოალიციამ თუ პარტიამ ერთპიროვნულად რომ არ უნდა გადაწყვიტოს.

რატიფიცირებამდე გამართული მედიური კაკანი ისე იყო მოწოდებული, თითქოს უმძიმესი გამოცდის წინაშე იდგა საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა. ტელე-მსმენელს და მაყურებელს უდავოდ შეექმნებოდა შთაბეჭდილბა, რომ შესვლა-არშესვლის საკითხი სასწორზე იყო შემოდებული; რომ ხელისუფლება თავდავიწყებით იღვწოდა სასწორის ჩვენსკენ გადმოსაწონად.

არადა საკითხი მარტივად იდგა – ვაშინგტონ-ბრიუსელის გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის ზღურბლთან უნდა მიებათ და რაც მალე, უკეთესი. ამიტომაც, ორი თვით ადრე მოახერხეს ასოცირების დოკუმენტზე საქართველოს ხელის მოწერა – „შალახოს“ ჰანგების ქვეშ. რატიფიცირებაც დააჩქარეს, ანუ გაცილებით ადრე მოახდინეს, ვიდრე ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პარლამენტებმა. წესით, ჯერ მათ უნდა მოეხდინათ რატიფიცირება, შემდეგ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტის რატიფიცირების შემდეგ, წევრი-ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიცირება ფორმალურ სახეს რომ შეიძენს, ფაქტია.

ვაშინგტონ-ბრიუსელის მიერ დადგმული „ბალ-მასკარადი“ ისე მოახვია თავს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას, თითქოს ევროკავშირი ყოყმანობდა საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე, მან ივაჟკაცა და გაიტანა ეს საქმე.

რაც შეეხება ღონისძიებას და აქედან გამომდინარე ქართული პოლიტიკის, მედიის და არასამთავრობოთა გნიასს, ვიტყვი – რატიფიცირება სამუშაო პროცესია და შორს არის პომპეზური ზეიმიდან, რასაც ქვეყნის პირველი პირის დასწრება საჭიროებს. ასე რომ, ჩემის აზრით, სულაც არ იყო აუცილებელი პრეზიდენტის მივლინება სტრასბურგში. ღონისძიებას ადრე წასული პარლამენტარებიც ეყოფოდნენ, თედო ჯაფარიძის და ვიქტორ დოლიძის სახით.

ასედაამრიგად, საქართველო გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი ანუ ჩადგა რიგში ევროკავშირში გასაწევრებლად. გაწევრდება თუ არა ღმერთმა უწყისს. მსგავსი სტატუსით ბევრი ქვეყანაა „დაჯილდოებული“, მათ შორის ჩრდილო  აფრიკის ქვეყნები.

რას მოუტანს ქვეყანას ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?

ეს, ის კითხვაა, რომელზეც წინასწარ პასუხის გაცემა გაჭირდება, მაგრამ სამომავლო ვითარების გარკვევაში დაგვეხმარება სხვათა გამოცდილება ანუ იმათი, ვინც თითქმის 10 წელიწადია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან. ანუ არა ასოცირებული წევრები, არამედ ნამდვილი წევრები. ავიღოთ ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები – შედარებით ახალი ევროკავშირელები.

ბულგარეთ-რუმინეთი 25 წლის წინათ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წარმატებული სოციალისტური ქვეყნები იყვნენ, განვითარებული სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, კულტურით, ხელოვნებით, მეცნიერებით. დღეს, მიწასთანაა გასწორებული ყოველივე წინანდელი, ახალი კი არ ჩანს. თავისუფალი მიმოსვლის წყალობით მოსახლეობა გაიკრიფა ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის სხვა განვითარებულ ქვეყნებში. 10 მილიონი ბულგარელიდან ქვეყანას 7 მილიონი შემორჩა და ისიც გამგზავრების მოლოდინში.

უმუშევრობა, ქარხანა-ფაბრიკების არ არსებობა, ყველა ის „სიკეთე“, რაც საქართველოშია, პესიმისტურ განწყობას ქმნის და მძიმედ მოქმედებს მოსახლეობაზე.

ლატვიის უმაღლესი ჯილდოების კავალერი, ერთ-ერთი ცნობილი როკ-ჯგუფის ხელმძღვანელი რენარს კაუპერსი აცხადებს, რომ წუხს სსრკ-ის დაშლის გამო. „1991 წლიდან ლატვიელებს შთააგონებდნენ, რომ საბჭოური ყველაფერი ცუდია. ვაღიარებ, მეც ასე ვფიქრობდი იქამდე, ვიდრე კულტურის მინისტრის მრჩევლის პოსტი არ დავიკავე. დამოუკიდებლობის წლებში ლატვიას არაფერი გამოუცია. ლატვიური ენისა და ლიტერატურის ყველა სახელმძღვანელო, ლექსიკონი საბჭოთა პერიოდშია გამოცემული. ჩვენი თანამედროვე ლინგვისტები, ფოლკლორისტები, კულტუროლოგები, ახლოსაც ვერ მივლენ იმასთან, რასაც საბჭოელი კოლეგები აკეთებდნენ.

დღეს, ლატვიური კულტურა აღარ არსებობს. ის ევრო-ამერიკულით შეცვალეს. ძალიან ცუდია, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ევროკავშირში შესვლის შემდეგ ათასობით ადამიანმა დატოვა ლატვია. მათ არც სახლი აქვთ, არც სამუშაო და არც მომავლის რწმენა. ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხისთვის ეს ტრაგედიაა“.

საქართველოს მოსახლეობა ლატვიისას უტოლდება, მაგრამ რა იქნება აღწერის მონაცემებით, არავინ უწყისს. რაც არ უნდა იყოს, ის არათუ 4 მილიონს, სამსაც ვერ გადააჭარბებს, ცხადია ობიექტური ანალიზით და არა მიკერძოებული დათვლით.

ცნობილი მეცნიერის, დემოგრაფიული კვლევის ცენტრის დირექტორის, პროფესორ ანზორ თოთაძის განცხადებით: „1989 წლებში ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი მატება 55 ათასს კაცს შეადგენდა. ბოლო 24 წლის განმავლობაში, წლიურმა მატებამ 9377 კაცი შეადგინა. ეს არის სავალალო რეალობა და სამწუხაროდ ამ ყველაფერს სრულად ვერ ვაანალიზებთ“.

ბატონი ანზორის ნათქვამი ფუნდამენტურ კვლევას ეფუძნება, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან სერიოზული გაანალიზება სჭირდება, ხელისუფლება კი უვიზო მიმოსვლას გვპირდება ანუ ქვეყნის დაცლის თეორიასა და პრაქტიკას გვთავაზობს. ერთ-ერთ ევროპულ სატყუარად მას უვიზო მიმოსვლა მოაქვს – არის თუ არა ეს პერსპექტივა სატყუარა და რა გზას უნდა დადგომოდა ქვეყანა, რომ არა ასოცირების?

ახლა ორიოდე სიტყვით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის თაობაზე. „დამოუკიდებელმა და სუვერენულმა“ ბულგარეთმა უარი თქვა „სამხრეთ ნაკადის“ რუსულ პროექტზე, რომლის მიხედვით დაუსაქმებელ ბულგარეთს დასაქმების შანსი გაუჩნდა და მასთან ერთად ფულის შოვნის – წლიურად 3 მილიარდი ევრო, ტრანზიტისთვის.

„როგორ გაბედე რუსეთთან ხელშეკრულების დადებაო“, – იყვირა სოფიაში ჩასულმა ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმა. შეშინებულმა ბულგარეთის ხელისუფლებამ საკუთარი თავიც დაივიწყა და ქვეყანაც და უმალ განუცხადა რუსეთს – პროექტიდან გავდივარო. არადა სამუშაოების გარკვეული ნაწილი ჩატარებულია. ვინ აუნაზღაურებს „დამოუკიდებელ“ ევროკავშირელ ბულგარეთს ზარალს? არც არავინ. „ფული არ გვაქვსო“, – ამბობენ ბრიუსელში. „დამოუკიდებლობის“არაერი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა სჯობს სხვა დროს.

რომ არა ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, სხვა რა გზას უნდა დადგომოდა საქართველო? ამ კითხვაზე პასუხსს მომავალ სტატიებში შემოგთავაზებთ. ჩემი მოსაზრება სუბიექტური იქნება, თუმცა ობიექტურობის ნიადაგზე დაფუძნებული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.