ვის და რატომ უგორებს კოჭს ევროკავშირი?

რადგან ჩვენს დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებას მზე და მთვარე ამერიკაზე ამოსდის, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სიტყვის ორი ადგილით დავიწყებ, რომელიც სულ ახლახანს კონგრესში წარმოთქვა და მისი მსვლელობის დროს არაერთი ტაშისკვრაც დაიმსახურა.

კონგრესის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა რახანია პოლიტიკურ შოუდაა ქცეული, თუმცა ამ სპექტაკლში ხაზი ესმება აშშ-ს დამოკიდებულებას მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებთან, შეხედულებას გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ ვითარებაზე. პრეზიდენდი ობამას ამჟამინდელი სიტყვის დიდი ნაწილი ქვეყნის საშინაო პრობლემებს მიეძღვნა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა ჯერაც მძიმეა;

როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი, მიუხედავად ექსპერტების დამაიმედებელი პროგნოზებისა, არ მცირდება; როდესაც თვით პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რესპუბლიკელთა მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება, პრეზიდენტი თვისი გამოსვლის ძირითად დროს სწორედ მათ დაუთმობდა და არა საგარეო პოლიტიკას.

თუმცა საგარეო პოლიტიკაზეც ითქვა – ლაკონურად და გარკვევით – ერთი ირანის მისამართით, მეორე – უკრაინის. ირანის მისამართით ნათქვამი იყო კატეგორიულიც და რესპუბლიკელი კონგრესმენებისა და სენატორების გამაფრთხილებელიც – არ გაბედოთ, არ განიხილოთ ირანის მიმართ ახალი სანქციების შემოღების საკითხი, თორემ ვეტოს დავადებო.

პრეზიდენტის აზრით, დადგა დიპლომატიური მოლაპარაკების გზით ირანთან არსებული მძიმე საკითხების მოგვარების ჟამი და ის არ უნდა გააუარესოს კონგრესის მიერ შემოღებულმა, ირანის საწინააღმდეგო ახალმა სანქციებმა.

ობამა და მისი ადმინისტრაცია მართალია. თუ დაიწყე მოლაპარაკება, ბარემ ბოლომდე მიიყვანე, მითუმეტს მაშინ, როდესაც მოლაპარაკების პარტნიორი, მოგყვება.

ირანის ხელისუფლება – პრაგმატულად განმსჭვალული, აშკარად ავლენს დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ კონსტრუქციული დიალოგის წარმოების სურვილს და არა მარტო სურვილს, არამედ საქმითაც მზად არის გააკეთოს ის, რაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ითქვა.

ირანის მხრიდან, რომ მოლაპარაკების ჩაშლას ადგილი არ ექნება, ცხადია, მაგრამ რას მოიმოქმედებს აშშ-ი ან მისი მოკავშირე ევროპა, ვინ იცის. თუმცა კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს ნათქვამი ძალაში დარჩება. ბოლოსდაბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა და არა რომელიმე სენატორმა, ვთქვათ მაკკეინმა.

რაც შეეხება უკრაინას – პრეზიდენტის სიტყვაში ელვასავით რომ გაიელვა. პრეზიდენტის მიხედვით, თვით უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი თავისა და ქვეყნის ბედი. პრეზიდენტს არც უკრაინის მთავრობა და არც პრეზიდენტი იანუკოვიჩი გაუმათრახებია, ისე, როგორც ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს, და არც აუგი უთქვამს რუსეთზე – შენი ბრალია, რაც უკრაინაში ხდება, შენ ასეთო და ისეთოო.

ერთი სიტყვით, ობამას რუსეთი არ დაუდანაშაულებია უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, ისე, როგორც ამას ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებან, თან აკეთებან უაღრესად არაპროფესიონალურად, ღვარძლიანად, „ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით.

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის ცალმხრივი დადანაშაულება მეტი არაფერია, თუ არა საკუთარი უსუსურობისა და არადიპლომატიური ქმედების სხვისთვის აკიდება, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის. მხოლოდ ბრმა და ყრუ უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ევროპელი პოლიტიკოსების ნაჯახისებური დიპლომატია – განხორციელებული უკრაინის მიმართ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დასავლელთა პოლიტიკას უსაზღვროდ შეუწყო ხელი უკრაინის პრეზიდენტისა და ხელისუფლების პროდასავლურმა პოლიტიკამ, მოსკოვთან გამუდმებულმა კამათმა, სისტემატურმა ორჭოფობამ, საით? – დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ? პოლიტიკური სვლა – გეზის გამოუმუშავებლობამ, ვითარების ანალიზის უუნარობამ, მოჭარბებულმა მადამ ქვეყნის ბიუჯეტისა და სიმდიდრეების ჭამისა. ყოველივე ამან მიიყვანა უკრაინა დღევანდელ გაუსაძლის მდგომარეობამდე.

მღვრიე წყალში თევზის დასაჭერად ხელს აქტიურად ურევენო, რომ იტყვიან, სწორედ უკრაინაზეა ნათქვამი. ხელის მოფათურეები კი უხვად არიან ამერიკა-ევროკავშირიდან. ჰკითხეთ ევროკომისარ ფულეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა გამგებელ ეშტონს, მათზე დიდ (თანამდებობით) ბაროზუს, შვედეთ-პოლონეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს, სხვა მაღალჩინოსნებს, რამდენჯერ ბრძანდებოდნენ კიევში იანუკოვიჩთან სალაპარაკოდ? და ისიც დიდის სიხარულით ეჭუკჭუკებოდა მათ უკრაინის ხვალინდელ ევროკავშირულ დღეზე.

და ჰკითხეთ პუტინს, მედვედევს, ლავროვს ან სხვა რუს პოლიტიკოსებს, რამდენჯერ იმყოფებოდნენ კიევში? შეფარდება ევროკავშირის სასარგებლოა – ასით ნულზე.

ჰკითხეთ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ევროპის სხვა ქვეყნების ელჩებს უკრაინაში, რამდენჯერ ჩაუტარეს ევროკავშირული გაკვეთილი იანუკოვიჩს, აზაროვს, სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რუსეთის ელჩს ზურაბოვს, რამდენჯერ შეხვდა იანუკოვიჩს ზემოაღნიშნულ პერიოდში?

სულ ახლახანს, რუსეთის გაკაპასებული დუმა კატეგორიულად აკრიტიკებდა ზურაბოვს უმოქვედობის გამო – არსად ჩანსო, ამბობდნენ დუმელები. ამის შემდეგ, ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს, რუსეთის აქტიური ჩარევა უკრაინის საქმეებში? ვის და იმავე ამერიკა-ევროპას – „ღორმა, ღორს უთხრა – შე დრუნჩიანოო“-ს პრინციპით.

გაღმით შედავება რახანია ამერიკა-ევროკავშირის უმთავრესი ინსტრუმენტია და თუ ვინმეს ყურსა და გულს იპყრობს – საქართველოა. სტრასბურგში მყოფი „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი ბაღაშვილი ისე ტენდენციურად, ისეთი სიხარულით გვაუწყებდა – ევროსაბჭომ რუსეთს მიუთითა – ხელს ნუ უშლი უკრაინას ასოცირებულ წევრობასო, თითქოს მართლაც უშლიდეს.

ჟურნალისტს რუსეთის გაქილიკებაში არც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის „ოცნებელი“ და „ნაცი“ დეპუტატები ჩამორჩნენ, თითქოს ამით ცხინვალის ომიც მოიგეს, აფხაზეთიც დაიბრუნეს და რუსეთის საზღვრები დასავლეთიდან ციმბირში გადაიტანეს.

ევროსაბჭომ დაგმო უკრაინის ხელისუფლება, მომიტინგეთა მიმართ ძალის გამოყენების გამო და იმასაც დაპირდა – თუ კიდევ გაბედავს მსგავსს, სასტიკად დასჯის. რას ნიშნავს სასტიკად დასჯა? – სესიებზე ხმის ჩამორთმევას. და ეს ისე მოგვაწოდა ბაღაშვილმა, თითქოს ამით ქვეყანა დაიქცა.

ევროსაბჭოს ტენდენციურობა კარგადაა ცნობილი. წლების განმავლობაში ეს ორგანო ხან შევარდნაძეს უგორებდა კოჭს, ხან სააკაშვილს. განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა სააკაშვილის მიმართ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ნოყიერი „საკვებით“ უმასპინძლდებოდა ორგანიზაციის ემისრებს. ისინიც თვალს იბრმავებდნენ სააკაშვილის მიერ ჩადენილ ბოროტებაზე. საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერს პატიობდნენ, მათ შორის მომიტინგეთა არათუ უმოწყალო ცემას, მკვლელობასაც კი. უკრაინას არ აპატიეს!

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის დელეგაციაში შედიოდნენ, რომ არაფერს იტყოდნენ ევროსაბჭოს შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, ფაქტია. მაგრამ სად იყვნენ „ოცნებელი“ პარლამენტარები? ნუთუ სიტყვა არ უნდა ამოეღოთ 2011 წლის მაისს, პარლამენტის შენობასთან, მომიტინგეთა მიმართ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი არაადამიანური ქცევის გამო?! ევროსაბჭოს სიმართლეს მაშინ იწამებდა კაცი, საქართველოს ამბავიც რომ გაეხსენებინათ.

საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც, 1989 წლიდან დაწყებული, ზომაზე მეტად აღგზნებულად იქცევა და ამით უპირველესად საკუთარ თავს ვნებს. ფაქტი სახეზეა. თუ ჩემი არ გჯერათ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შეხედეთ. არც ერთი მათგანი საბჭოთა ნანგრევებში არ მოჰყოლია. საქართველო – მოჰყვა, რის შესახებაც წერს ჯუმბერ პატიაშვილი თავის წიგნში.

არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ მოუწყვია 9 აპრილი, შიდა ომები (თბილისის, აფხაზეთის, მანამდე ოსეთის); არც ერთს არ უთხოვია რუსეთისა და დსთ-სთვის საკუთარ ტერიტორიაზე ეკონომიკური სანქციების დაწესება; არც ერთს არ ულანძღია და ლანძღავს რუსეთს ისე, როგორც ჩვენ; არც ერთს არ გაუჩაღებია ომი თავის ტერიტორიაზე და ამით პირდაპირ არ შებმია მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოს, როგორც ჩვენ; არც ერთს არ უღიარებია ჩერქეზთა გენოციდი, ისე, როგორც ჩვენ და არც ერთს პროტესტი არ გამოუთქვია სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე, როგორც ჩვენ.

სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე საათებია დარჩენილი და ჩვენ მაინც ჯიქურ გავყვირით – ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონო! ბენდუქიძის ტელევიზიაში გამოსულმა ქართული პოლიტიკის „კორიფეებმა“, მათ შორის „ღრმადგანსწავლულმა“ რურუამ დაგმო ქართველთა სოჭში მონაწილეობა და ისიც თქვა – მაინც რა გვინდა იქ, მედლებს ხომ ვერ ავიღებთო!

ამ ლოგიკით არც ზიმბაბვე უნდა იღებდეს მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიადაში. ამ ქვეყნის სპორტსმენებს თოვლი ტელევიზორით თუ აქვთ ნანახი. საქართველო, ზიმბაბვესთან შედარებით, ზამთრის სპორტის სამშობლოა. . .

მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ანტირუსული ბოღმის, ბოროტების გადმოფრქვევა და ამ საქმეში ქართული საზოგადოების აყოლიება. აიყოლიეს კიდევაც და არა მარტო ეს ხელისუფლება, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგი რუსს ლანძღავს, ზოგიც რუსეთს, ზოგიც პუტინს და მის ხელისუფლებას, თითქოს ამ ლანძღვით რაღაცას აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ.

რაღაცას მაინც აკეთებენ – ენის აყროლება და ქვეყნის გაწირვა რომ ჰქვია. ანუ მათი ენით ამყრალებული სიტუაცია რომ ბუმერანგივით უბრუნდება ქვეყანას, ამას ანალიზს ვერ უკეთებენ.

კონგრესში გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ობამამ რუსეთი არ ახსენა, მაგრამ წარმატება უსურვა ამერიკელ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რასაც ფეხზე ამდგარი კონგრესი ოვაციებით შეეგება. იმ გამოსვლაზე მსგავსი ოვაცია ავღანეთში დაჭრილმა მეომარმა გაიზიარა. სხვა დანარჩენი ტაში და ფეხზე ადგომა რიტუალური იყო, რაც საბჭოთა კავშირის ყრილობების მომსწრეებს არ გაუკვირდებათ. გასაკვირი ისაა, რომ თურმე ამერიკის პირველი პირის გამოსვლისადმი ხოტბა-ტაშის შესხმა ისეთივეა, როგორც საბჭოთა კავშირში გენერალური მდივნისთვის. რას ვერჩოდით იმ გუგულივით წყობას?

ზემოთ აღვნიშნე, რომ ობამამ თავის გამოსვლაში იანუკოვიჩი და პუტინი არ გალანძღა.  არათუ გალანძღა, არცკი ახსენა. მაგრამ როდესაც ამდენი მლანძღველი გყავს ქვეყნის შიგნით და ევროკავშირში, პირს რატომ აიმყრალებ?

პუტინის მაგინებელ კატეგორიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს პატივცემულ პეტრე მამრაძის „ღრმადსაფუძვლიანი“ ნათქვამი, გამოქვეყნებული „საერთო გაზეთში“. უკრაინის თემაზე მიძღვნილ ინტერვიუში, რესპონდენტი გვაუწყებს: „იანუკოვიჩი უნდა წავიდეს. პუტინი მას უკვე ვეღარ დაეხმარება, რადგანაც  ის თავად გახლავთ ყველაზე კორუმპირებული მმართველი რუსეთის ისტორიაში. ეს აღიარებულია ექსპერტების მიერ. ბოლო წლებში, ცნობილი რუსი მოღვაწეები არაფერს მალავენ უკვე და ღიად წერენ არსებულ სიტუაციაზე. . . ამ უმდიდრესი ქვეყნის მატერიალური შესაძლებლობები ხელში ჩაიგდეს ოლიგარქებმა და ბანდიტური რეჟიმი დაამყარეს“.

ბარაქალა ბატონ პეტრეს! თვალი არ აგვიხილა პუტინსა და მის რუსეთზე?! მაგრამ ეს „საიდუმლო“ მასალა, რომ სისტემატურად ტრიალებს „RTVI“-სა და „Эхо Москвы“-ს ეთერში. და ის ექსპერტები, რომლებსაც პეტრე იმოწმებს, რომ ნოვოდვორსკაიების, ალბაცების, ბუნტმანების, ნემცოვების, რაძიხოვსკების, სხვა „ჭეშმარიტი“ „რუსების“ სახით, დღეში ასჯერ რომ ტვინს უბურღავენ მსმენელებს – ყოველგვარი ცენზურის გარეშე? და არათუ ამბობენ – წერენ კიდევაც, სისტემატურად, ფაქტებისა და დამადასტურებელი საბუთების დამოწმების გარეშე? და ეს ხდება „არადემოკრატიულ“, „ცენზურიან“ რუსეთში?!

დასავლეთის, მითუმეტეს აშშ-ს მეხოტბე მამრაძისგან გასაკვირი არ არის რუსეთის ლანძღვა, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის პეტრეს დასავლური „ფანობის“ ამბავი? თუმცა საქმეში ჩაუხედავიც წაკითხვისთანავე მიხვდება, სად მარხია ძაღლის თავი ანუ რუსეთის ლანძღვის პეტრესეული ფილოსოფია, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება პრეზიდენტ რეიგანის მრჩევლის დუგლას ბანდოუს მოსაზრებიდან: „ობამას ადმინისტრაციამ თავი უნდა შეიკავოს კიევში განვითარებულ პროცესებში ჩარევისგან. . .

უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება საფრთხეს არ უქმნის აშშ-ს. ამერიკის მოქმედებაზე კი ამას ვერ იტყვი – ნატოს ექსპანსია რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან შეუძლებელია რუსეთისთვის შემაშფოთებელ პროცესად არ განიხილებოდეს. ეს ისეთივე მოვლენაა, „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნები, მექსიკამდე რომ გაფართოვდნენ.

არათუ დღე, საათიც კი ისე არ გავა, რომ ვაშინგტონი სხვა ქვეყნის ხელისუფლების მოსყიდვას ან შეშინებას არ შეეცადოს. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ამერიკა იქცა სახელმწიფოდ, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად რეგულარულად იყენებდა სამხედრო ძალას. ვაშინგტონს ვერ წარმოუდგენია ერთი პრობლემაც კი, რომელიც ამერიკის ჩაურევლად შეიძლება გადაწყდეს. უკრაინის სტატუსი სწორედ ასეთ საკითხებს განეკუთვნება“.

ბანდოუს აზრით, ამერიკა გვერდს არ აუვლის უკრაინას, ისე, როგორც ობამა თავის გამოსვლაში. ის (აშშ-ი) ყოველთვის მზად იქნება – ჰეგემონობის მწვერვალზე მდგომი, უკრაინასაც „მიხედოს“, მოლდოვას და საქართველოსაც – მოსარჯულებლად. თუმცა აშშ-ს მორჯულება რად უნდათ – თვით რჯულდებიან, თანაც რახანია – ფულისა და დივიდენდების მოლოდინში.

შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, დღემდე საქართველოს პოლიტიკოსები, ჟირაფივით კისერდაგრძელებული, შორს, ოკეაინის გადაღმით იყურებიან და ამ ყურებაში ხელისუფლებასაც ინარჩუნებენ და ხელისუფლებაში ყოფნით გამოწვეულ სიკეთეებსაც.

რომ არა ვაშინგტონის მხარდაჭერა, შევარდნაძე და მისი ახლობლები შეაწერდნენ მოსახლეობას ანაბრებს?

რომ არა ვაშინგტონი, შევარდნაძის ახლო ნათესავები მილიონებს იშოვნიდნენ?

კარგად მახსოვს ამერიკის მრჩევლის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, რომელსაც ელჩი მაილსი არ ესწრებოდა, მრჩეველ-მაილსის გამუდმებული სატელეფონო საუბრები, რომლებიც შევარდნაძის სიძის, სააკაშვილის კლანჭებიდან დახსნას ემსახურებოდა.

რომ არა აშშ-ი, სააკაშვილი ასე თავისუფლად „იბაირამებდა“ ან კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობით და სხვა თვალშისაცემი მაქინაციებით მილიარდებს იშოვნიდა?!

რომ არა აშშ-ი, საქართველო ასეთი „გაფარჩაკებული“ იქნებოდა?!

საქართველოს ეროვნული აკადემიის კრებაზე გამოსულმა თეიმურაზ ნანეიშვილმა განაცხადა: „კატასტროფულად შემცირდა ქვეყანაში მეცნიერთა რიცხვი. 80%-ით შემცირდა სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა. ახალგაზრდობამ დაკარგა მეცნიერებისადმი ინტერესი. . . 10 წლის განმავლობაში სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან“. . . და ა.შ.

არათუ მეცნიერება, მთელი ქვეყანაა სტრესულ მდგომარეობაში. სადაც გაიხედავთ, ყველგან სტრესია. ავიღოთ თუნდაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა. სულ ახლახანს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ – სოფლის მეურნეობის თვალსაჩინო სპეციალისტი და პოლიტიკოსი ჯუმბერ პატიაშვილი წერდა: „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო სოფლის მეურნეობის კუთხით ერთ-ერთი განვითარებული იყო და ბოლო 25 წლის განმავლობაში ის გადაიქცა უცხოური პროდუქტების ყველაზე დიდ მომხმარებლად. საქართველოს სოფლის მეურნეობა განადგურების ზღვარზეა“.

რისი და ვისი ბრალია საქართველოს დაცემა? ყველა წინამორბედი ხელისუფლების. არც ეს ხელისუფლება აკლებს ხელს, მაგრამ არანაკლები დანაშაული სწორედ იმ დასავლეთზე მოდის, რომელსაც საქართველო მხოლოდ მომსახურე პერსონალის ქვეყნად გაუმწესებია. აშშ-ი და ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას აღიქვამს მძღოლებად, ოფიციანტებად, დალაქებად, ტურისტების ფეხის მბანლებად, მექისეებად, ბოზებად, მაგრამ არა მეცნიერებად, ინჟინრებად, სოფლის მეურნეობის მუშაკებად, სხვა დარგის სპეციალისტებად.

რაში სჭირდება დასავლეთს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სოფლის მეურნეობა ან მრეწველობა? არც არაფერში! თავისისთვის ვერაფერი მოუხერხებია, თავისი დაუსაქმებელი ვერ დაუსაქმებია. ხელისუფლება კი ევროკავშირში შევდივართო (ან შეგვიშვებენ ან არა) გაჰყვირის. თან იმასაც ამატებს – ვუბრუნდებით ევროპას, სადაც ვიყავით და გზა გადაგვიკეტესო.

რაღაც არ მახსენდება საქართველოს ევროპაში ყოფნა. თქვენ ხომ ვერ შემახსენებთ, პატივცემულო მკითხველო, როდის იყო ეს სანუკვარი ჟამი?

სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობა ხომ არ აქვთ მხედველობაში „ბრძენ“ ხელისუფლებას? თუ ეს აქვთ, კარგად წაიკითხონ სულხან-საბას წიგნი, რომ დაინახონ ევროპის საქართველოსადმი დამოკიდებულება.

სამწუხაროდ, ეს ვიზიტი ვერ გამოდგა ევროპის, საქართველოთი დაინტერესებით. ვერც ევროპელმა მისიონერებმა და მოგზაურებმა დააინტერესეს  ევროპის სამეფო კარი საქართველოთი. და თუ ევროპამ დაგვინახა, ჩვენის მხრიდან გალანძღული და მოკვეთილი რუსეთის იმპერიის დამსახურება იყო, რის შესახებაც კარგად წერს ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.

აქაური მოდის მიმდევარი მაღალი წრის ქალებისა და მამაკაცების ჩაცმულობასთან დაკავშირებით მწერალი აღნიშნავს, რომ პარიზში მოდაში შემოსული ტანსაცმელი, ერთ კვირაში თბილისშიც ჩნდებაო. მაგრამ რით იყო ეს განპირობებული? უპირველესად იმით ხომ არა, რომ მეფის რუსეთი იძლეოდა ამის საშუალებას? საქართველოს ევროპისთვის გაცნობა, ხომ რუსეთის მეშვეობით ხდებოდა? მაშ, ვინ გადაგვიღობა გზა? ევროპელთა დაუინტერესებლობამ, ხომ არა?

დღეს სხვა დროა, სხვა ვითარება. ევროპას, რუსეთთან საკინკლაოდ სჭირდება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და არა ამ რესპუბლიკების (ქვეყნების) წარმატებული ცხოვრებისთვის. ევროპას და აშშ-ს რუსეთთან დიდი ჭიდაობის სერია აქვთ წამოწყებული და ამ სერიაში საქართველოს როლი რუსეთის გამაღიზიანებლობაა. გაღიზიანებული დათვის მოქნეული ტორი თუ ვის დააზიანებს, ცნობილია. უპირველესად საქართველოს.

სხვებს, სხვისი გაკვეთილებიდან გამოაქვთ დასკვნები. ჩვენ, ჩვენი მწარე გაკვეთილებიდანაც ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს ქცევას.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.