პრობლემებიანი ქალაქი
სულ ახლახანს თბილისის მერის ინტერვიუში ითქვა ტაქსებად მომუშავე ავტომანქანების თეთრად გადაღებვის თაობაზე. კალაძის განცხადებით, თითქოს ეს პროცედურა დაძალების გარეშე ანუ ნებაყოფლობით მოხდება (იქნებ ვერ გავიგე?), ამასთანავე მანქანების გადაღებვის ორი კატეგორია გაჟღერდა. როგორ და რანაირად განხორციელდება მერის მიერ გამოგონებული ახალი ხუშტური?
პატივცემული მერი „კეთილ“ სურვილებს ევროპას უკავშირებს – იქ ტაქსები თეთრი ფერის არისო.
თეთრიც არის და ყვითელიც, გარდა ამისა სხვა ფერებსაც იხილავთ, მაგრამ თბილისს, მარტო ტაქსების ფერის გარდა სხვა პრობლემები არ აქვს?
აქვს და მერე რამდენი?!
მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და თბილისელების ისედაც დამძიმებულ ყოფას, ქალაქის უმძიმეს პრობლემებს გაახსენებს. თუმცა რა დიდი გახსენება უნდა, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას იმ პრობლემებთან ერთად ვიწყებთ, რომლებსაც პრობლემებადაც აღარ აღვიქვამთ, მათი (პრობლემების) პერმანენტულობის გამო. ისინი, სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების ღვიძლ საქმედ აქცია გაუსაძლისმა ვითარებამ. მარტო ის რად ღირს – დილით წყალი რომ შეწყვეტილი დაგხვდება ან შუქი გამორთული?
ტრადიციადაა ქცეული „ჯორჯენ ვოთერ ენდ პაუერიდან“ შუაღამეს გამოგზავნილი მესიჯები – ამადაამ ქუჩაზე წყლის მილია დაზიანებული და წყლის მიწოდება ამადაამ საათამდე შეგიწყდებათო. არ ავიწყდებათ ბოდიშის მოხდაც, რომელსაც ყურადღებას აღარ აქცევთ, ვინაიდან მსგავსი მესიჯები კვირაში სამჯერ მოგდით.
უკვე ანერვიულებული, დაუბანელ-მოუწესრიგებელი გარბიხარ სამსახურში. სახლში ანერვებულს, საქალაქო ტრანსპორტის ლოდინი და გაუმართავ-გადატვირთულობა ემატება, რაც სამუშაო დღის პირველი ნახევრის ნაკლბპროდუქტულობის გარანტიაა.
თბილისის მერიამ ვერადავერ მოაგვარა პატარა ყვითელი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება. ამ ავტობუსებით მგზავრობა უდავოდ შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც სხვა არ ჩანს?
მწყობრიდან გამოსული, ამორტიზებული, სავარძლებდაგლეჯილი, მორალურად დაძველებული ავტობუსები კიდევ დიდხანს „გაახარებენ“ მგზავრებს, ვინაიდან ახლის შესაძენი თანხა არ ჩანს, მაშინ, როდესაც მილიონობით ლარი ჩნდება ისეთი პროექტების განხორციელებისთვის, როგორებიცაა პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე ველოტრეკის მოწყობა.
ნეტავ, ვისთვის დავიწროვდა აღნიშნული ქუჩები, თუ ველომოყვარულები სანთლით საძებარია?
ანდა როგორ უნდა ინავარდოს ველოსიპედით ადამიანმა – ავტომანქანების გამონაბოლქვით გაჯერებულ ქუჩებზე?
აღნიშნული ქუჩების დავიწროებამ (ველოტრეკის სასარგებლოდ) მძიმე პრობლემები შეუქმნა როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ტრანსპორტს. საბურთალოდან პეკინის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი, ბუდაპეშტზე, ყაზბეგის პროსპექტსა და სხვა ქუჩებზე წარმოქმნილ მუდმივ საცობში ხვდებიან, რაც ავტომანქანების გამონაბოლქვის ინტენსიურობას ერთი-ორად ზრდის, წვავს საწვავს, ანერვიულებს საჭესთან მყოფს და ა.შ.
მერიამ შეუფერხებელი მგზავრობის საბაბით პეკინის ქუჩა გადაკეტა და ტრანსპორტი, ვაჟა-ფშაველას გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის პროსპექტების დამაკავშირებელ ვიწრო ქუჩებისკენ გადაისროლა, რითაც ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, ასევე ყაზბეგის პროსპექტზე შექმნა მუდმივი საცობი.
ჩაიკეტა კანდელაკის ქუჩა, საბურთალოდან მომავალი ტრანსპორტისთვის. მათ, ვისაც მერიასთან სურთ მისვლა პეკინის ქუჩის გავლით, სპორტის სასახლესთან უნდა მოუხვიონ და კოსტავას ქუჩაზე განაგრძონ მოძრაობა ანუ ისევ უკან უნდა გაბრუნდნენ. რა ჰქვია ამას, თუ არა მძღოლებისა და მგზავრების წამება?
იხარჯება საწვავი, ატმოსფერო ბინძურდება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი გამონაბოლქვით, იკარგება დრო და ყოველივე აღნიშნული ქალაქის მერიის უნიათო მუშაობის შედეგად.
ქალაქის მერის განკარგულებით დაიწყო ვახუშტის, მშრალი და საარბრიუკენის ხიდების სარემონტო სამუშაოები. მუშაობა შენელებული ტემპით მიმდინარეობს და უეჭველად შემოდგომამდე გაიჭიმება. არადა, აღნიშნული სამუშაოები, კარგი ორგანიზაციის პირობებში, 2 თვეზე მეტს არ გაგრძელდებოდა.
მშრალი და საარბრიუკენის ხიდების რემონტთან ერთად დედა-ენის ბაღი, ქუჩის მეორე მხარეს არსებულ „მხატვართა“ ბაღს გვირაბით დაუკავშირდება. არის თუ არა ქალაქისთვის ამ გვირაბის გაჭრა აუცილებელი?
არაფრის მომტან პროექტში ფულის ყრა, მაშინ, როდესაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები თავზესაყრელია. მარტივად რომ ვთქვათ, დანაშაულია, ისევე, როგორც ზემომოყვანილი ველოტრეკების მოწყობაში ასეულ-ათასობით გადახდილი ლარი.
მილიონობით ფული იხარჯება ბაღების კეთილმოწყობაზე. შედეგი – ხეებისგან ბაღების გათავისუფლება, მათ ნაცვლად ველობილიკების დაგება, სავალ ბილიკებზე ქვაფენილის დაგება და სათამაშო მოედნების მოწყობა.
ბაღი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს დასვენების ადგილად, თუკი იქ ხეები, ბუჩქები, ყვავილები იქნება და არა მცენარეებისგან გამოხშირული, ფილაქნით „დამშვენებული“ სივრცე. ასეთია ყაზბეგის პროსპექტზე არსებული ბაღის დღევანდელი სახე. როგორც ჩანს ბაღის „გარემონტებაში“, რომელიც ლამის ნახევარი წელი მიმდინარეობდა, საგრძნობი თანხები დაიხარჯა და ეს მაშინ, როდესაც ას მეტრს ვერ გაივლი მანქანით, რომ ორმოში არ ჩავარდე.
სახლების დაზიანებულ ფასადებზე საუბარი ხომ ზედმეტია, ისევე, როგორც შუაში გაწყვეტილ საწვიმარ მილებზე, საიდანაც ჩამოღვრილი წყალი აზიანებს ფასადებს, საძირკველს. ცალკე მსჯელობის თემაა გაპარტახებული სადარბაზოები, ამორტიზებული ლიფტები, მაცხოვრებლების მიერ თვითნებურად მიშენებული აივნები და ლოჯიები – სხვადასხვა ზომის და სამშენებლო მასალით.
მერიამ წლების განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა ცხვირწინ არსებულ ჩონჩხს – დაუმთავრებელ შენობას, უფულობის მომიზეზებით და დოლბანდი გადააფარა, ზედ რეკლამა გადაჭიმა. არასაჭირო გვირაბში, რომელიც გახსნისთანავე ტუალეტად იქცევა, ფულის ხარჯვის ნაცვლად, საკუთარი შენობის წინ არსებული ჩონჩხის დემონტაჟი გაცილებით უმჯობესი იქნებოდა.
მერიამ ვერც ის მოახერხა ვარაზის ხევში დაგებული ოღრო-ჩოღრო ქვაფენილი ასფალტით შეეცვალა, რაც ირგვლივ მცხოვრებთ ხმაურისგან გაათავისუფლებდა, ხოლო ავტომანქანების მძღოლებს გზის საფარის უსწორმასწორობით გამოწვეული დისკომფორტისგან.
მერიამ ვერც ის მოახერხა ძველი ქალაქი გაეთავისუფლებინა სააკაშვილის „შედევრებისგან“. ორი „ტრუბა“ მაქვს მხედველობაში, რომლებიც, როგორც ურჩხულები, ისე აწვება ძველ ქალაქს. მაგრამ ამ „გრანდიოზულ“ საქმეს როგორ შეეჭიდება, როდესაც მარტივი ვერ გაუკეთებია?
მაგალითად – საქალაქო ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე ნომრების დაწერა. მათ ნომრები მხოლოდ წინ აქვთ, არადა აუცილებელია ოთხივე მხარეს ჰქონდეს. გაჩერებაზე მდგომს ხშირად მსმენია სირბილით აქლოშინებული მავანისგან – რა ნომერი ავტობუსი იყოო.
აქვე აღვნიშნავ – ავტობუსების გაჩერებაზე დაგებულ ოღროჩოღრო ქვაფენილის შესახებ, რომელიც წვიმის დროს წყლით ივსება და ავტობუსის გაჩერება-დაძვრისას მომლოდინე მგზავრებს ტალახიანი შხაპით უმასპინძლება.
მერის განცხადებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ „მარშრუტკების“ რაოდენობა თანდათანობით შემცირდება და მათ საქალაქო ავტობუსები ჩაანაცვლებენ, რაც ტრანსპორტის მუშაობაში ჩაუხედავი ადამიანის უდავოდ ცუდი სურვილია. „მარშრუტკებმა“ გააიოლეს მგზავრთა გადაყვანა, თან ისინი ისეთ ქუჩებზე მოძრაობენ, საქალაქო ტრანსპორტს მანევრირება რომ გაუჭირდება.
თბილისელებს კარგად ახსოვთ „მარშრუტკების“ მძღოლების გაფიცვა. მაშინ საქალაქო ტრანსპორტს ძალიან გაუჭირდა მგზავრთა მომსახურეობა. ნუთუ, ესოდენ აუცილებელია აწყობილი სამარშრუტო მოძრაობის დაშლა ისეთი ექსპერიმენტისთვის, საწყისშივე სერიოზულ ეჭვებს რომ იწვევს?
უმჯობესი იქნებოდა ქალაქის ხელმძღვანელობას აეძულებინა სამარშრუტო ტაქსების მფლობელები ძველი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება და ამ ავტობუსებზე ოთხივე მხარეს ნომრების დაწერა.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თბილისი, მძღოლთა დასჯის ნაკრძალია. ხილული თუ უხილავი პოლიცია ავტომანქანების ცენტრალურ ქუჩებზე ოდნავი შეჩერებისთვის საგრძნობი ჯარიმით სჯის მძღოლებს. ჯარიმა მობილურ ტელეფონზე მოგდით და გაპროტესტებას აზრი არ აქვს — ასეა მოძრაობის წესების უმნიშვნელო დარღვევის დროსაც. ტაქსის გასაჩერებელ ადგილას გაჩერება ნიშნავს 50-ლარიან ჯარიმას.
ხელისუფლება მკაცრია მძღოლების მიმართ, მაგრამ ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ. ის არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებს ავტომანქანების სავალ ნაწილზე გაჩენილი ორმოების ამოვსებისთვის, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისთვის — ყველა იმ საქმის კეთებისთვის, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.
ის, რომ დღევანდელი მერი ვერ უმკლავდება ქალაქში არსებულ პრობლემებს, ფაქტია. მაგრამ რას ვიზამთ — „არჩეულია“ და ვიდრე ვადა არ ამოეწურება, მის ხუშტურებს უნდა ვუყუროთ. არადა, ნორმალური მთავრობის პირობებში და დანიშნული მერის შემთხვევაში, მას არვინ გააჩერებდა.
მერია სწორედ ხელისუფლების ის შტოა, სადაც განუკითხავად, უმიზნოდ იხარჯება მილიონობით ლარი გამოგონილ პროექტებში, ისეთებში, როგორებიცაა ტაქსების თეთრად გადაღებვა; ველობილიკის მოწყობა; ბაღებს შორის გვირაბის გაჭრა; ერთიდაიგივე ქუჩის რამდენჯერმე გარემონტება;უცხოელი სპეციალისტებისთვის ფულის გადახდა ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის პროექტის შემუშავებისთვის; სადაც არის თუ არ არის საჭირო შუქნიშნების დაყენებაში.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ღამის საათებში მათი მოციმციმე რეჟიმში გადაყვანა აუცილებელია, ვინაიდან ავტოტრანსპორტისგან დაცარიელებულ ქუჩებზე მწვანე შუქის მოლოდინში დგომა ავტომანქანის გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს. ცნობილი ფაქტია, რომ ავტომანქანის დაძვრისას ხდება მავნე გაზების უხვი გამოყოფა.
მერიამ ვერაფერი მოუხერხა მიტოვებულ მშენებლობებს, მათ შორის ვაკეში „ლიბერთი ბანკის“ გვერდით მდგომ დაუმთავრებელ შენობას, ყოფილი „ზაკვოს“ გამოშიგნულ და მიტოვებულ შენობას, პლეხანოვზე სასტუმრო „რუსთავისა“ და კინოთეატრ „ოქტომბრის“ უნიკალურ შენობებს, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობას. ისე, როგორც სოლოლაკისა და პლეხანოვის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ისტორიულ შენობებს.
თბილისს უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათ დროულად, თანმიმდევრულად, საქმის ცოდნით ესაჭიროება გადაჭრა და არა ზედაპირულად, უგულოდ, გაუაზრებლად, რასაც დღეს აქვს ადგილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი